ნომადი ბართაია


      2006 წელს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ჩატარდა საერთაშორისო კონგრესი, მიძღვნილი ისპაჰანური სკოლისადმი, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ირანისტებმა ნომადი ბართაიამ და ინგა კალაძემ.
      ნომადი ბართაია თავის წიგნში – ”საერთაშორისო კონგრესი, მიძღვნილი ისპაჰანური სკოლისადმი” ჩანაწერების სახით მოუთხრობს მკითხველს კონგრესის საინტერესო დღეებზე.




კულტურის მოვლაც ასეთი უნდა

      2006 წლის 10-15 დეკემბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურისა და ისლამური დამოძღვრის სამინისტროს ხელოვნების აკადემიის ეგიდით თეირანსა და ისპაჰანში ჩატარდა ისპაჰანური სკოლისადმი მიძღვნილი დამაგვირგვინებელი საერთაშორისო კონგრესი.
      დამაგვირგვინებელი იმიტომ, რომ მას ორი წლის მანძილზე წინ უძღოდა ამ თემაზე გამართული საერთაშორისო კონფერენციები მსოფლიოსა და ირანის შემდეგ ქალაქებში: დუშანბე, ტაშკენტი, თბილისი, ჰერათი, თეირანი, ისპაჰანი, შირაზი, ყაზვინი, თავრიზი, ქაშანი, მაშჰადი, არდებილი, ქერმანი, (ანკარასა და დელიში შემდეგ უნდა ჩატარებულიყო).
      მთლიანად მოსმენილ იქნა 140 მოხსენება, საიდანაც 35 უცხოელისა და 15 ირანელის, ამ კონფერენციაზე იქნა გამოტანილი.
      კონგრესზე მიწვეულ სტუმართა შორის აღმოვჩნდით აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის და თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის თანამშრომელი პროფესორი ინგა კალაძე და ამ სტრიქონების ავტორი, თბილისის ივ. ჯავახიშვილისა და ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორი ნომადი ბართაია.
      აქვე აღვნიშნავთ, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურისა და ისლამური დამოძღვრის მინისტრის მოადგილემ, ხელოვნების აკადემიის მდივანმა, კონგრესის ხელმძღვანელმა ბატონმა დოქტორ ბაჰმან ნამვარ მოთლაყმა კონგრესის გახსნა-დახურვაზე თუ სხვა დროს არაერთხელ გაუსვა ხაზი თბილისში ჩატარებული ისპაჰანური სკოლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციისა თუ, საერთოდ, ქართული ირანისტიკის სკოლის მაღალ დონეს, ბოლო დღეს მან ჩვენ, ქართველ სტუმრებს, საგანგებო შეხვედრაც კი მოგვიწყო.
      ირანი დიდი კულტურული წარსულის მქონე ქვეყანაა. ამ კულტურამ თავისი განვითარების მრავალი ეტაპი განვლო. მასში ყველა ეპოქამ თავისი კვალი დატოვა. ასე მოხდა სეფიანთა ხანაშიც (1501-1722), რომელსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს ირანის კულტურული წარსულის ისტორიაში. სეფიანთა ხანის კულტურამ იმდენად თავისებური სახე მიიღო, რომ დღეს იგი სეფიანურ კულტურად და, პარალელურად, ისპაჰანური სკოლის სახელით არის ცნობილი.
      კონგრესიც ისპაჰანური სკოლის მრავალფეროვნებისა და თავისებურებათა წარმოჩენისადმი იყო მიძღვნილი, სადაც მუშაობდა რვა სექცია: ფერწერის, კალიგრაფიის, ხელნაკეთობის, მუსიკის, თეატრალური წარმოდგენის, არქიტექტურის, სიბრძნისმეტყველებისა და ლიტერატურის.
      ჩვენ ლიტერატურის სექციის მუშაობაში ვიღებდით მონაწილეობას.
      ირანი რომ თავის კულტურას უვლის, მოვლაც ასეთი უნდა. აი, რამდენს აკეთებს ეს ქვეყანა თავისი კულტურის თუნდაც ერთი მონაკვეთის შესასწავლად და წარმოსაჩენად.
      ჩანაწერების სახით გთავაზობთ ჩვენს შთაბეჭდილებებს.


 


1. სეფიანები

      მეცამეტე საუკუნეში, სეფი ედ-დინის (1252-1334) მეთაურობით, არდებილში ჩამოყალიბდა სეფიური ორდენი სეფევიე, საიდანაც წარმოდგება სახელწოდება სეფიანები. სეფიანები თავიდან სუნიტები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც სეფი ედ-დინის ვაჟმა სადრ ედ-დინმა „ზომიერი“ შიიზმი მიიღო, ისინიც შიიზმის მიმდევრები გახდნენ.
      სეფევიეს ორდენი თანდათან სასულიერო-რაინდულ ორდენად გადაიქცა და 1501 წელს შაჰ-ისმაილ პირველმა შიიზმის დროშით ირანის სეფიანთა სახელმწიფოს ჩაუყარა საფუძველი, ანუ ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით, შაჰ ისმაილმა „დაუდვა შჯული შიისა სპარსთა (რათა განეყოს ხონთქართა სუნთა) და თვით იწოდა ძედ ალიასი და ამისათვის რწამდათ სპარსთა ძენი შაჰ ისმაილისანი, ვითარცა ძენი იმამისა მათისანი, და თაყვანი-სცემდნენ მათ, ვითარცა იმამთ“.
      შიიზმმა შემდგომ დიდად განსაზღვრა ირანელთა ეროვნული ხასიათი და ბედი, რომელიც რელიგიური ნაციონალიზმის ადრეულ მიმდინარეობად იქცა. სეფიანთა ხანა სამ პერიოდად იყოფა. პირველი პერიოდი (1501-1587) ხელისუფლებაში ყიზილბაშ ამირთა ძალაუფლებით და ხალხში მომთაბარული ტრადიციების დანერგვით აღინიშნება. მეორე პერიოდი (1587-1666) შაჰ-აბას პირველის ზეობიდან იწყება და აღბეჭდილია ირანული და კავკასიური, კერძოდ, ქართული ელემენტის დაწინაურებით. შაჰ-აბას პირველის რეფორმებით აღიდგინა ირანმა არაბობიდან ათი საუკუნის მანძილზე დაკარგული სახელმწიფოებრიობა. მესამე პერიოდი (1666-1722) სეფიანთა დაცემის ხანაა. შაჰ-აბას პირველმა სეფიანთა ტახტი ყაზვინიდან ისპაჰანში გადაიტანა და ისპაჰანიც ირანის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად და კულტურის ცენტრად აქცია. სწორედ მაშინ დაიმკვიდრა ისპაჰანმა ეპითეტი – ისპაჰანი – მსოფლიოს ნახევარი (ესპაჰან – ნესფე ჯეჰან), ამ პერიოდში ჩამოყალიბებულმა კულტურამ კი – ისპაჰანური სკოლის სახელი.
      ირანში სატახტო ქალაქთა გადაადგილებას თან სდევდა კულტურის ცენტრთა ადგილმონაცვლეობაც. თუმცა ისპაჰანის შემდეგ სამეფო ტახტმა თეირანში გადაინაცვლა, კულტურის სფეროში ისპაჰანიდან ბევრ რამეს მაინც არ მოუცვლია ფეხი, მაგალითად, მინიატურის ისპაჰანურ სკოლას, ლითონის მხატვრულად დამუშავების ხელოვნებას და სხვა.


2. საბოლოოდ დაესვა წერტილი

      ჩვენი თვითმფრინავი თეირანში იმამ ხომეინის სახელობის ახალ საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. მგზავრები სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რიგში ვდგევართ. ინგა ირანელებთან ენაწყლიანობს, დაწვრილებით უყვება მათ ჩვენსა და ირანში ჩვენი ჩასვლის მიზნის შესახებ. ირანელებს ქართველები ნათესავებად, ხოლო საქართველო რუსეთის მიერ წართმეულ თავიანთი ქვეყნის ნაწილად მიაჩნიათ. როგორც წესი, ყველა ირანელი გაცნობისთანავე ქართველს ერთსა და იმავეს ეუბნება – „გორჯესთან მალე ირან ბუდე“ (საქართველო ირანისა ყოფილა). ასე მოხდა ამჯერადაც, მაგრამ ნათქვამია – სეტყვა მოვიდა. ქვა დახვდაო – რას ქვია, საქართველო ირანისა იყო, საქართველო ირანის არასოდეს ყოფილაო!... – აენთო ინგა.
      რა თქმა უნდა, ინგას სიტყვებს მწვავე რეაქცია მოჰყვა. ატყდა ერთი ამბავი. მინდოდა კოლეგისთვის მხარი დამეჭირა, მაგრამ ერთი შორისდებულის ჩართვაც ვერ მოვახერხე ვერსად. ამ შეხლა-შემოხლაში ინგას რიგმაც მოაწია. ეტყობა, ჩვენს კამათს მესაზღვრე გულდაგულ ისმენდა და რაკი ინგას სული თავის ხელში დაიგულვა, მშვიდა, ღიმილით უთხრა – თუ იტყვით, რომ საქართველო ირანისა იყო, გაგატარებთ, თუ არა და... არ დაამთავრა სათქმელი.
      – რას ჰქვია საქართველო ირანისა იყო!... – თითქმის პირველად გაიგონაო ინგამ ირანელისგან ასეთი რამ და... იქ ისეთი ამბავი ატყდა, რომ იტყვიან, დედა შვილს ხელში არ აიყვანდაო... შემდეგ, თითქოს, ცეცხლზე ნავთი გადაასხაო, ამ სიტყვებით ჩააკმენდინა ხმა ყველას: – საქართველო არასოდეს არავის არ ყოფილა და არც არასოდეს არავისი იქნებაო!...
      ირანელი რისი ირანელია, ძვალრბილში რომ არ ჰქონდეს გამჯდარი ირანული სტუმართმოყვარეობის მადლი და მანაც, მიუხედავად ყოველივესი, თავის სამშობლოში კეთილი ღიმილი გააყოლა სტუმარს.
      ამგვარად, მომენტალურად წამოჭრილ ურთულეს პრობლემას, რომელიც საუკუნეთა მანძილზე აღელვებს ირანელ და ქართველ ხალხს, დაესვა წერტილი.


3. ფარდეხანი

      ირანში მთხრობელთა ინსტიტუტი რომ არსებობდა, კი ვიცოდი, მაგრამ საგმირო, რელიგიური და სამიჯნურო ამბების მთხრობელთა გვერდით ფარდეხანებიც – ფარდის ამბის მთრობელნიც თუ იყვნენ, ეს კონგრესის გახსნის დღეს, პირველსავე სხდომაზე გავიგე, როცა სცენაზე გამოიტანეს დიდი ფერწერული ტილო და ფარდეხანმაც, მუსიკის ფონზე, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ტაშფანდურით, ერთ-ერთი უმშვენიერესი ფერწერული ნამუშევრის სიუჟეტი გაგვიცოცხლა.
      ლამის სცენაზე გადმოცვივდნენ სეფიანთა ხანის ისპაჰანური სკოლის ფერწერული ტილოს პერსონაჟები.


4. ოპერატიულობაც ასეთი უნდა

      ნამდვილად რომ გაგვაოცა კონგრესის ორგანიზატორთა ოპერატიულობამ. დილით, საუზმის წინ, მაგიდაზე გვხვდებოდა წინა დღის გაწეული შრომის ანგარიში მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ფერადი ბუკლეტის სახით.
      მე და ინგამ, მეორე დღესვე, ვიხილეთ ჩვენი თავი ასეთ ბუკლეტში.


5. საგანგებოდ მოწვეული

      ირანში ყოფნისას, ამა თუ იმ შეხვედრაზე, ჩემს ყურადღებას ყოველთვის იპყრობს წამყვანის პოეტური შესავლით აუდიტორიის გათბობა. რაც არ უნდა მშრალი, მეცნიერული შეკრება იყოს, წამყვანი მაინც პოეტურ საბურველში გაახვევს ყველაფერს და განუყოფელი ხდება ერთმანეთისაგან მეცნიერება და პოეზია, რელიგია თუ პოლიტიკა...
      წარმოვიდგენ ერთი წამით ჩემს თავს ირანელის მდგომარეობაში და ვგრძნობ, რა მშრალი, უსიცოცხლო და უაზროა ნებისმიერი შეკრება პოეტური შესავლის გარეშე.
      ირანელებთან ხანგრძლივი ურთიერთობის მანძილზე არაერთხელ მქონია ბედნიერება ასეთი შეკრებების დროს პოეტურ საბურველში გახვევისა, მაგრამ ახლა თითქოს პირველად შევიგძენიო ამის ხიბლი.
      გაირკვა, რომ ლირიკული წიაღსვლებისათვის საგანგებოდ მოუწვევიათ თეირანის რადიო-ტელემაუწყებლობის მეტად სასიამოვნო ხავერდოვანი ტემბრის მქონე ერთ-ერთი ცნობილი დიქტორი ბატონი აზიზი.


6. ილია ჭავჭავაძისა და ზაქარია ფალიაშვილის „შვილები“

      კონგრესის მონაწილეთა შორის ცნობილი ტაჯიკი მწერლის და ეროვნული მოღვაწის სადრ ედ-დინ აინის შვილი ქამალ აინი და მისი მეუღლე მარა აშრაფიც აღმოჩნდნენ. ჩვენ ერთმანეთს ინგამ გაგვაცნო.
      პროფესორი ქამალ აინი ლიტერატურის, ხოლო პროფესორი მარა აშრაფი – ფერწერის სექციის მუშაობაში იღებდნენ მონაწილეობას. ორივენი დიდი სინანულით ახსენებდნენ მათი გარდაცვლილი მეგობრის ალექსანდრე გვახარიას სახელს. ასევე ორივენი დიდი სიყვარულით გვეკითხებოდნენ მაგალი თოდუასა და მისი ოჯახის შესახებ. ჩვენც დაწვრილებით ვუამბობდით ყველაფერს. ბატონი ქამალი აღტაცებას ვერ მალავდა ქართველების მიმართ. მისი ნაამბობიდან:


* * *

      ლენინგრადში სწავლისას, ერთ დღეს, გოგონებმა ზეიმზე ჯარისკაცები მოიწვიეს. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ჩემი თანხმლები გოგონა ძალით გაიყვანა საცეკვაოდ. ეს რომ ჩემმა თანაკურსელმა ქართველმა მეგობარმა, ვასო ადამაძემ დაინახა, ის ჯარისკაცი ფანჯრიდან გადააგდო, გოგონა კი მე დამიბრუნა.
      ამის მერე ჩვენს სიახლოვეს ჯარისკაცები არ გაჭაჭანებულან.


* * *

      ერთხელ ქუთაისში სამი ტაჯიკი ჩასულა. სასტუმროში ადგილების უქონლობის გამო ისინი მორიგეს არ მიუღია. ტაჯიკების ცნობა სასტუმროს დირექტორს არ გასჭირვებია, ისინი თავისთან მოუხმია და მათთვის უკითხავს – ქამალ აინის თუ იცნობთო. – ქამალ აინი ჩვენი მეგობარიაო, – უპასუხიათ მათ.
      მაშინ სასტუმროში ადგილიც გაჩენილა. სტუმრები ლუქსში მოუთავსებიათ, რამდენიმე დღე მათთვის მასპინძლობა გაუწევიათ, ფული არ გამოურთმევიათ და გაუმგზავრებიათ სამშობლოში.
      – ის კაცი ვინ იყო-მეთქი?
      – ის კაცი ვასო ადამაძე იყოო.

* * *

      ბიჭვინთაში ვისვენებდი. აგვისტოს ბოლო რიხვები იყო. სამშობლოში უნდა დავბრუნებულიყავი. დასასვენებელი სახლის დირექტორმა მითხრა, რომ თქვენი ბილეთი ანულირებულია.
      მეგობრებს გადაეწყვიტათ თბილისში ჩემი ერთი კვირით დატოვება. მათ რომ ვუთხარი, ბავშვებს ერთი კვირა სწავლა გაუცდებათ-მეთქი, მიპასუხეს – ბავშვებს თუ სწავლა უნდათ, ისედაც ისწავლიან, თუ არა და მათ სკოლაში ერთი კვირით გვიან მიიყვან თუ ადრე, რა მნიშვნელობა აქვსო.

* * *

      ქამალ აინის ქართულ მოგონებებს მისი ერთი კანადური მოგონებით დავამთავრებ:
      ერთხელ კანადაში ვიყავი, აღმოსავლეთმცოდნეთა კონგრესზე, სადაც ერთი ირანელი ქალბატონი გავიცანი. რომ გაიგო, ტაჯიკი ვიყავი, თავის ოჯახში დამპატიჟა, გამაცნო მეუღლე და შვილები. თვითონ ისპაჰანიდა ყოფილა. სუფრა ეშხში რომ შევიდა, პიანინოს მიუჯდა და დაამღერა: დელამ მიხაჰად, დარ ესფაჰან ბარ გარდამ!... (როგორ მინდა, ისფაჰანში დავბრუნდე!...)
      ლამაზი ქალბატონი იყო, შავი თვალები ჰქონდა, მღეროდა და ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა...
      ქამალ აინიმ ეს ამბავი ისპაჰანში, მდინარე ზაიანდერუდის პირას მოიგონა.
      ინგამ მითხრა – ბატონი ქამალ აინი და ქალბატონი მარა ტაჯიკების ილია ჭავჭავაძისა და ზაქარია ფალიაშვილის შვილები არიანო.
      ბატონი ქამალ აინი, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა, ქართული ირანისტიკის სადიდებლად სიტყვებს არ იშურებდა.
      გიორგი წერეთელთან ერთად ქამალ აინი გახლავთ რედაქტორი ალექსანდრე გვახარიასა და მაგალი თოდუას მიერ, სპარსული „ვისრამიანის“ პირველი კრიტიკული გამოცემისა, რომელიც გამოქვეყნდა თეირანში 1970 წელს და დღემდე საუკეთესო მეცნიერულ გამოცემად არის მიჩნეული.


7. ახლა არ მიკვირს

      ჩემი მოხსენება „შაჰ-ნამეს“ ქართულ ვერსიებს ეხებოდა. არც ერთი სხვა ქვეყნის ხალხს „შაჰ-ნამე“ ისე არ გაუთავისებია, როგორც ქართველებს. ამ ეპოსის გმირთა სახელებია: როსტომი, ზურაბი, თამაზი, გივი, გოდერძი... ქართულ ეროვნულ სახელებად ქცეულა.
      „შაჰ-ნამეს“ პერსონაჟებს მანამ იცნობდნენ ჩვენი წინაპრები, ვიდრე მეათე საუკუნეში, ფირდოუსი შექმნიდა ამ უკვდავ ნაწარმოებს. იცნობდნენ ფირდოუსის პირველწყარო – ფალაური „ხოდაი ნამაქ“-დან (მეფეთა წიგნი).
      „შაჰ-ნამე“ ირანის მხატვრული ისტორია და ეროვნული ეპოსია. „შაჰ-ნამე“ ირანელებისათვის ყველაფერია.
      ირანში არიან შაჰნამეხანები (შაჰ-ნამეს მთხრობელები), რომლებიც ხალხის თავშეყრის ადგილებში – ჩაიხან იქნება ეს თუ სხვა, კითხულობენ ამ ეპოსიდან სხვადასხვა ეპიზოდებს, რომლებიდანაც მთავარი ადგილი მამა-შვილის – როსტომისა და ზურაბის შებრძოლების ტრაგიკულ ამბავს უჭირავს, როცა მამა კლავს მისთვის უცნობ შვილს...
      შემზარავი მოსასმენია ყოველივე ეს და ამიტომ ამ დროს ხალხი გარბის თავშეყრის ადგილიდან, ხოლო ვინც იქ რჩება, ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში იქნება.
      სასტუმრო „აბასის“ რესტორნის ეროვნულ დარბაზში პირველად მომეცა საშუალება მომესმინა შაჰნამეხანისთვის, რომელიც საგანგებოდ იყო მოწვეული ჩვენთვის.
      ახლა არ მიკვირს, თუ რატომ მიართმევენ ქრთამად შაჰნამეხანს ცხვარსა და ძროხას თუ სხვა სახის ძღვენს, რომ გამოტოვოს მამის მიერ შვილის მოკვლის შემზარავი ამბავი.
      შაჰნამეხანმა რომ დაასრულა თხრობა, აღელვებული და მთრთოლვარე ხმით, ბოდიში მოგვიხადა – მაპატიეთ, აწი სხვა რამის მოყოლას ვეღარ შევძლებ, მე შვილი ზურაბი მომიკვდაო...
      ამ სიტყვებით დაგვტოვა მან და ასე დასრულდა ჩემთვის ის საოცნებო საღამო.


8. ქართული ფენომენის ძალა

      რაც არსებობს ქართული და ირანელი ხალხი, არსებობს მათ შორის ურთიერთობა, რომელიც არც ერთ ეპოქაში ისე მჭიდრო არ ყოფილა, როგორც სეფიანთა ხანაში, განსაკუთრებით, შაჰ-აბას პირველის ზეობისას.
      ქართველთა როლს სეფიანთა ხანაში საუკეთესოდ წარმოაჩენს შაჰ-აბას პირველის ორი გამონათქვამი:


* * *

      – „მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი-ხანს ვემორჩილებიო,“ – უთქვამს მბრძანებელს პორტუგალიელ მოგზაურ ანტონიო გოვეასათვის.
      ალავერდი-ხანი, გვარად უნდილაძე, წარმოშობით ქართველი, შაჰ-აბასის მთავარსარდალი იყო, ვისი ხელითაც განახორციელა დიდმა მბრძანებელმა სამხედრო თუ, საერთოდ, ნებისმიერი სახის რეფორმა ირანში.


* * *

      – „შენ ერთი დირჰემით ნაკლები მაინც დახარჯე, რათა ხალხმა დაინახოს განსხვავება შაჰსა და ხანს შორისო“, – უთქვამს ასევე მბრძანებელს ალავერდი-ხანის შვილისთვის, ფარსის პროვინციის გამგებლის იმამ ყული-ხანისათვის.
      ბუნებრივია, შაჰ-აბასი ჰაერში არ წამოისროდა ამ სიტყვებს. მათში ნათლად ჩანს ქართული ფენომენის სიძლიერე, რომელსაც თავისი წვლილი შეჰქონდა სეფიანთა ხანის პოლიტიკურ და ეკონომიკურთან ერთად იმ კულტურულ განვითარებაში, რომელსაც ორი წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში კონფერენციები ეძღვნება.


9. აფსუს

      ლეილი და მაჯნუნზე ვისმენთ მოხსენებას. მომხსენებელი მისტიციზმს შეეხო, რამაც ინგას შემდეგი რამ მოაგონა“ – ბაქოში ვართ, კონფერენციაზე, მე და მანანა კვაჭაძე, მანანა ნიზამის „ლეილი და მაჯნუნზე“ კითხულობს მოხსენებას. გვერდით მჯდომი აზერბაიჯანელი ცნობილი პოეტი სულგანაბული უსმენს მას. ის იყო მომხსენებელმა მისტიკა ახსენა, რომ პოეტსაც ფერი დაეკარგა და სინანულით ჩამჩურჩულა – აფსუს, რა კარგად საუბრობდა და რა თქვაო!...
      ინგამ საბჭოთა პერიოდის ამბავი გაიხსენა, როცა მისტიკაზე საუბარს თავს არიდებდნენ. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელისათვის სამისტიკოდ ადვილი გასამეტებელი არ იყო მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტი „ლეილი და მაჯნუნი“.
      ამ შეყვარებული წყვილის ამბავზე, კონგრესზე გამოსული ერთ-ერთი მომხსენებლის ნაჯმ ედ-დინ ჯაბარის ბოლო მონაცემების მიხედვით, სპარსულად ორმოცდაცხრამეტი ნაწარმოებია შექმნილი, და რა თქმა უნდა... ყველა მისტიკის ქარცეცხლში გახვეული.


10. დამოუკიდებელი საქართველოს ახალი დროშა

      სასტუმრო ჰოვეიზაში, სადაც გვედო ბინა, ჰოლში, სხვადასხვა ქვეყნის დროშას შორის, საქართველოს დროშაც ვიხილე – ოღონდ ძველი – სამფეროვანი.
      ინგას დავუძახე – მოდი, ჩვენი ქვეყნის დროშა გაჩვენო, ოღონდ ძველია – სამფეროვანი და არ გეწყინოს-მეთქი.
      ამასობაში, სადღაც კუთხეში, შეუმჩნეველ ადგილას, ჩვენი ახალი – ხუთჯვრიანი დროშაც შევნიშნე.
      ინგამ სასტუმროს ადმინისტრატორი გაარკვია ყველაფერში. მანაც საქმის გამოსწორების პირობა მოგვცა, მაგრამ მეორე დილით ყველაფერი მაინც ძველებურად დაგვხვდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადმინისტრატორს, სტუმართა იმ გაუთავებელ მიღება-გასტუმრებაში, დავიწყნოდა ჩვენდამი მოცემული სიტყვის შესრულება.
      ძვირფასო მკითხველო, ალბათ კარგად გახსოვთ თუ რა ცეცხლი დაანთო ინგამ აეროპორტში სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის გაჩაღებულ ბრძოლის ველზე და ბუნებრივია, ამ შემთხვევას გულგრილად ვერ შეხვდებოდა...
      მოკლედ, სულ რაღაც წამებში, თეირანის ერთ-ერთ მრავალსართულიან სასტუმროს მდიდრულ ჰოლში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დამოუკიდებელი საქართველოს დროშა აფრიალდა.


11. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა

      არც მეტი, არც ნაკლები, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა თეირანის ალამე თაბათაბაის უნივერსიტეტის პროფესორის აჰმად თამიმდარის მოხსენება „სეფიანთა ხანის ლიტერატურა, დაცემა და განვითარება?“
      სეფიანთა ხანის ლიტერატურა დღემდე დაცემის ხანის ლიტერატურად არის ცნობილი.
      მომხსენებელმა ყველაფერი ინგლისელ აღმოსავლეთმცოდნე ედუარდ ბრაუნს (1862-1925) დააბრალა. მან მონათლა პირველად ასე სეფიანთა ხანის ლიტერატურა და მერე ყველა ამას იმეორებსო.
      იქნებ მართლა სჭირდება გადახედვა ახალი თვალით სეფიანთა ხანის მწერლობას, რათა ერთ ქვაბში არ მოიხარშოს შაჰ-აბას პირველის ზეობამდელი და შემდგომი პერიოდის, სივრცეში საკმაოდ განფენილი ეს მრავალფეროვანი ლიტერატურა.


12. ქართული წარმოშობის სპარსულენოვანი პოეტები

      როგორც ცნობილია, არა მარტო ირანში, არამედ X-XV საუკუნეთა მთელ მახლობელ აღმოსავლეთში, ჯერ თურქების, მერე მონღოლებისა და ბოლოს თემურელების ბატონობის ხანაში დომინანტი სალიტერატურო ენის სტატუსი სპარსულს ეკავა.
      მეთექვსმეტე საუკუნიდან, რაც ირანმა აღიდგინა არაბობის დროიდან დაკარგული სახელმწიფოებრიობა, სპარსული ენა, მართალია, ოფიციალურად, ქვეყნის საზღვრებში მოექცა, მაგრამ იგი კარგა ხანს, ინერციით მის ფარგლებს გარეთაც განაგრძობდა არსებობას:
      ამგვარად, მთელი ამ ხნის მანძილზე, განურჩევლად ეთნიკური და გეოგრაფიული კუთვნილებისა, ირანელებთან ერთად სპარსულ ენაზე ჰქმნიდნენ თავიანთ უკვდავ ნაწარმოებებს სხვა ქვეყნებისა და ერების წარმომადგენლები, მათ შორის – ირანში მცხოვრები ქართველებიც.
      ქართული ეროვნების სპარსულენოვანი პოეტების მიმართ ქართველ მეცნიერთაგან განსაკუთრებული ყურადღება აქვთ გამოჩენილი ვლადიმერ ფუთურიძეს და მაგალი თოდუას, ირანელთაგან კი ამ პოეტებით თეირანის შაჰიდ ბეჰეშთის უნივერსიტეტის პროფესორი აჰმად ხათამი დაინტერესებულა, რომელმაც ამასთან დაკავშირებით თბილისში გამართულ ისპაჰანური სკოლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მეტად შინაარსიანი მოხსენება წაიკითხა.
      ცოტა ადრე კი ირანელმა ქართველმა, ფერეიდნელმა, პროფესორმა საიდ მულიანიმ(მულიაშვილი) თავის ოთხასგვერდიან წიგნში „ქართველთა ადგილი ირანის კულტურისა და ცივილიზაციის ისტორიაში“, მათ ცალკე თავი მიუძღვნა. ასე რომ, თანდათან ქართული წარმოშობის სპარსულენოვან პოეტთა შემოქმედება ირანელ მკვლევართა ყურადღების არეში ექცევა.
      აქვე აღვნიშნავთ, რომ კონგრესის მსვლელობისას ბატონი ხათამი, როგორც კი ამის საშუალება მიეცემოდა, სიამოვნებით აღნიშნავდა თბილისში ჩატარებული კონფერენციისა თუ, საერთოდ, ქართული ირანისტიკის მაღალ დონეს.
      ახლა კი გთავაზობთ არასრულ სიას სეფიანთა ხანის ქართული წარმოშობის იმ პოეტებისა, რომლებიც თავიანთი ნიჭიერებით კიდევ უფრო ამდიდრებდნენ სპარსულ ლიტერატურას: სორუშ გორჯი, ზეინალბეგი, ბეჰზად ბეგი, ფაზლ ალიბეგი, იამინი გორჯი, ფალი გორჯი, ნეჟად გორჯი, ქაიხოსრო გორჯესტანი, შირმადინ გორჯი, ბაზმი ქუზ, ქოუქაბი გორჯი, ამირხან ქოუქაბ გორჯი...
      იმედია, სეფიანთა კარზე მოღვაწე ქართული წარმოშობის სპარსულენოვან პოეტთა ღვაწლი თანდათან სათანადოდ იქნება შეფასებული და ისინი სპარსული ლიტერატურის ისტორიის ფურცლებზე კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებენ.


13. სამი სტილი, სამი მშვენება სპარსული ლიტერატურისა

      სპარსულ ლიტერატურაში არსებობს სამი სტილი: ხორასნული (X-XII სს.), ერაყული (XII-XV სს.) და სეფიანური (XVI-XVIII სს.). სამივეს პარალელურად აქვს შემდეგი სახელები: ხორასნულს – თურქესტანული და სამანური, ერაყულს – აზერბაიჯანული, ხოლო სეფიანურს – ინდური და ისპაჰანური.
      ხორასანი ნიშნავს – აღმოსავლეთს, ესე იგი, ხორასნული სტილი არის სპარსული მწერლობის აღმოსავლური სტილი. თუმცა აღმოსავლეთი ფართე ცნებაა და იგი გეოგრაფიულად ლოკალიზებულია, როცა მას პარალელურად თურქესტანული სტილი ეწოდება. ხოლო სამანური სტილის სახელს იმიტომ ატარებს, რომ იგი სამანელთა ეპოქაში შეიქმნა.
      ერაყული სტილი ჩამოყალიბდა ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ერაყ-აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სახელწოდებანიც ერაყული და აზერბაიჯანული აქედან არის მიღებული.
      ჩვენთვის საინტერესო მესამე სტილის სახელწოდება – სეფიანური ასევე ნათლად მიუთითებს მის დინასტიურ წარმომავლობაზე, რომელიც იყოფა ინდურ და ისფაჰანურ მიმდინარეობებად.
      სეფიანური სტილი ყველაზე უფრო ინდური სტილის სახელით არის ცნობილი.
      ლიტერატურის სექცია ძირითადად ინდური სტილის ორი დიდი პოეტის – საიებ თაბრიზისა და ბიდელის ნატიფი ლირიკის ირგვლივ ტრიალებდა.


14. რატომ გიყვართ ასე ქართველებს „ვისრამიანი“?

      ინგას მოხსენება სეფიანთა ხანის სპარსულ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობებს ეხებოდა, თუმცა, მომხსენებელმა უფრო ადრეულ ძეგლს – „ვისრამიანსაც“ ვერ აუარა გვერდი, რასაც ასეთი შეკითხვა მოჰყვა: – რატომ არის, რომ ქართველი ირანისტები სულ „ვისრამიანზე“ წერთ და ასე გიყვართ ეს ნაწარმოებიო.
      ინგამ, პასუხად, ისაუბრა ამ ფაქტის არა მარტო ერთ მიზეზზე, რომელთა შორის მეტად მნიშვნელოვანია ამ ძეგლის ქართული თარგმანის უმაღლესი ხარისხი. არც ის გამოგვრჩენია, გვეთქვა, რომ ირანელები, სამწუხაროდ, ასე თუ ისე, მხოლოდ „ვისრამიანზე“ შექმნილ შრომებს იცნობენ, თორემ მასზე არანაკლებად არის ქართველ ირანისტთა ყურადღების ქვეშ მოქცეული სპარსული ლიტერატურის სხვა შედევრები.
      ადგილი, სადაც ტარდებოდა ჩვენი სექციის მორიგი სხდომა და ეს შეკითხვა დაისვა, ისპაჰანის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო, რომელთანაც უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებდა. აქ, 1996 წელს ქართველ ირანისტთა ერთ გჯუფთან ერთად, გავლილი მაქვს ერთთვიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სპარსულ ენასა და ლიტერატურაში. ეს იყო პირველი ამ სახის გასვლა ქართველი ირანისტებისა ირანში. იყო ლექციები როგორც აუდიტორიებში, ისე ღია ცის ქვეშ, ამა თუ იმ ისტორიულ ძეგლთან, იყო ექსკურსიები როგორც ისპაჰანში, ისე ირანის შორეულ ქალაქებში. იყო შეხვედრები, საღამოები და იყო... დაუვიწყარი ირანული სტუმართმოყვარეობა.
      მახსოვს, ერთ-ერთი ლექციის თემა იყო „შაჰ-ნამე“ მსოფლიო ლიტერატურაში“. არც გამკვირვებია, როცა ლექტორმა ისე აუარა გვერდი ქართულ ლიტერატურას, რომ „შაჰ-ნამეს“ ქართულ ვერსიებზე სიტყვაც არ დასცდენია. ენობრივი ბარიერის გამო ირანელები ხომ ნაკლებად იცნობენ ქართული ირანისტიკის მიღწევებს.
      ინგას მიმართ დასმული შეკითხვაც სწორედ ამით იყო გამოწვეული.


15. წარმომჩენი ქვეყნის იერსახისა

      თეირანში ორდღიანი მუშაობის მერე ისპაჰანში გადავინაცვლეთ. მიგვაყენეს აღმოსავლური კოლორიტით განთქმულ სასტუმრო ”აბასის” კარებს. მის ზღაპრულ ჰოლში შესვლისას ერთ-ერთი კარისკაცი გაღიმებული სახით გამოგვყვა, ქართულად მოგვესალმა – გამარჯობათო და მოაყოლა – გავიგონე ქართულად ლაპარაკობდით, ვიფიქრე ქართველები არიან და თქვენთან იმიტომ მოვედიო. – დიახ, ქართველები ვართ-მეთქი – მივუგე და გადავეხვიეთ ერთმანეთს. იგი ნაჯაფაბადელი ქართველი აღმოჩნდა, სახელად ქარიმი.
      ნაჯაფაბადი ისპაჰანიდან 20 კილომეტრზე მდებარეობს, სადაც, არაზუსტი მონაცემებით, გაფანტულად 3000-მდე ქართველი ცხოვრობს. შაჰ-აბასს პირველად იქ დაუსახლებია ქართველები, რომლებიც შემდეგ, თავიანთი სურვილით თუ ძალდატანებით, ფერეიდანში მოხვედრილან.
      ისეთ უმაღლესი კლასის სასტუმროში, როგორიც ”აბასია”, ქვეყნის იერსახის წარმოსაჩენად საგანგებო გარეგნობის კარისკაცებსა და მომსახურე პერსონალს არჩევენ.
      ქარიმი თავისი გარეგნობით მართლაც რომ წარმოაჩენდა ქვეყნის იერსახეს.


16. დაჯერება გვიჭირდა

      სასტუმრო „აბასში“ კი მოგვათავსეს, მაგრამ რად გინდა, ინგას არ სჯერა, რომ ეს მართლა სასტუმრო „აბასია“, მიუხედავად იმისა, რომ აქ ადრე ის საექსკურსიოდ მოუყვანიათ და გულდაგულ აქვს დათვალიერებული აქაურობა. მეც არაერთხელ მქონია ბედნიერება, დამეთვალიერებინა ეს ზღაპრული ნაგებობა, რომლის ყოველი კუთხე-კუნჭული თავად არის ისპაჰანური კულტურის სხვადასხვა დარგის ნიმუში.
      – ახლაც არ გჯერა, რომ მართლა სასტუმრო „აბასიში“ ხარ? – ვეკითხები მეორე დილით ინგას.
      – ახლა კი მჯერა, რომ სასტუმრო „აბასიში“ ვარ, მაგრამ ეს თუ მე ვარ, ეს არ მჯერაო.
      სასტუმროს დატოვებისას ჩვენმა ავღანელმა კოლეგამ რაჰიაბმა ჩაილაპარაკა: „შეიძლება კაცი ასეთ სასახლეში ცხოვრობდეს და უბედური იყოს, შეიძლება ქოხში ცხოვრობდეს და – ბედნიერიო...“


17. რიჩარდ ფრაი

      თეირანში ჩასვლის მეორე დილით, საუზმის მერე, სასტუმრო „ჰოვეიზას“ ჰოლში მოვიყარეთ თავი. ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდით ერთმანეთს, ნაცნობ სახეებს ვეძებთ და შიგადაშიგ ვპოულობთ კიდეც, რასაც აღტაცების გამომხატველი შეძახილები და ხვევნა-კოცნა მოჰყვება.
      მასპინძელმა დღის პროგრამა გაგვაცნო. გაირკვა, რომ კონგრესი ხელოვნების აკადემიის ცენტრის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნებოდა.
      ავედით ავტობუსში. მეგზურმა სიის ამოკითხვა დაიწყო. ინგას რიჩარდ ფრაი შემოესმა და აღტაცება ვერ დამალა – მგონი რიჩარდ ფრაი თქვა, მართლა, რიჩარდ ფრაი თუა ჩამოსულიო!... სამწუხაროდ, მალე ნათელი გახდა, რომ რიჩარდ ფრაი არ იყო ჩამოსული.
      – რიჩარდ ფრაი ახლა ასაკოვანი იქნება, ალბათ, ვერ შეძლოო ჩამოსვლა, – დაიმშვიდა თავი ინგამ, რომელიც ამ ცნობილ ამერიკელ ირანისტს ადრე შეხვედრია.
      თეირანში ორდღიანი მუშაობის მერე, კონგრესმა, ასევე ორი დღით, სეფიანთა სატახტო ქალაქ ისპაჰანში გადაინაცვლა. სხდომათა შორის შესვენებისას ქალაქში გაგვატარეს. ავუყევით მდინარე ზაიანდერუდის თვალწარმტაც სანაპიროს. აი, სიოსეფოლიც, ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ აშენებული მთელს აღმოსავლეთში ერთ-ერთი ულამაზესი ხიდი. ექსკურსიამძღოლმა ავტობუსი გააჩერა და ისპაჰანის ისტორიის მოყოლა დაიწყო. თანამედროვეობამდე რომ მოვიდა, თქვა – რიჩარდ ფრაის დაბარებული აქვს, სამუდამო განსასვენებელი აქ მიუჩინონო და ზაიანდერუდის სანაპიროსკენ გაიშვირა ხელი.
      ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი ირანისტი რიჩარდ ნელსონ ფრაი 1920 წელს არის დაბადებული. შესაძლოა, ასაკმა ან ჯანმრთელობამ არ შეუწყო ხელი, აქ ჩამოსულიყო და ერთხელ კიდევ გადაევლო თვალი აქაურობისათვის.
      აქვე, ანდერძის თანახმად, განისვენებს ასევე ცნობილი ამერიკელი ირანისტი არტურ პოპი. ეტყობა, ზაიანდერუდის სანაპიროს შუაგულ ისპაჰანში სულ სხვა ჯადო აქვს.
      თეირანში რომ ვერ ვნახეთ რიჩარდ ფრაი, კი გვეწყინა, მაგრამ ისპაჰანში რომ „ვერ ვნახეთ“, ნამდვილად გაგვიხარდა.
      ისპაჰანში ერთი წელი მაქვს გატარებული. აი, აქ, ზაიანდერუდის პირას, სიოსეფოლთან მედო ბინა. საბჭოთა კავშირი ირანს მეტალურგიულ კომბინატს უშენებდა. ისპაჰანის სამშენებლო ცენტრი კი ქარხნის მშენებელ სპეციალისტებს ამზადებდა, სადაც სპარსული ენის თარჯიმნად ვმუშაობდი.
      35 წელია გასული მას მერე, მაგრამ გუშინდელივით მახსოვს აქ გატარებული ყოველი წამი.
      არ შეიძლება ისპაჰანში მოხვდე, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნით, და იგი სიზმარში არ ჩაგყვეს...
      კონგრესის დღეებში არაერთხელ გამჟღავნდა სურვილი ისპაჰანის ისლამური კულტურის ცენტრად გამოცხადების შესახებ, რაც ჩემთვის სასიამოვნო მოსასმენი იყო. ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ანკეტის ერთ-ერთ გრაფაში კონგრესის მონაწილეებს საკუთარი აზრის გამოხატვაც კი მოგვიხდა.


18. საქართველო – ხელისგულზე დახატული

      კონფერენციის დახურვა ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა. მისი მუშაობა მანვე შეაჯამა, რომელმაც გახსნა იგი – ბატონმა მოთლაყმა. მან მაღალი შეფასება მისცა კონგრესის მუშაობას.
      საანგარიშო სიტყვებით სექციათა ხელმძღვანელების გამოსვლის მერე, ინდოელმა მუსიკოსებმა კონცერტით დაგვატკბეს.
      დასრულდა ესე დიდი თავშეყრა ... ავიშალენით, გავედით გარეთ და ის იყო გავემართეთ ავტობუსისკენ, რომ გოგონათა ერთი ჯგუფი გამოგვდევნა, რომელთაგან ერთ-ერთმა გაბრწყინებული სახით ქართულად მოგვმართა – ქართველები ხართო? – დიახ, ქართველები ვართ, – ვუპასუხეთ ერთდროულად მას.
      – მეც ქართველი ვარ, ფერზანე მქვიაო და დასტურად მარცხენა ხელისგული გაშალა, სადაც ფლომასტერით ქართული ასოებით დაეწერა თავისი სახელი. – ვიცოდი, რომ ამ კონფერენციაზე საქართველოდან ორი პროფესორი იყო ჩამოსული. თქვენ რომ დაგინახეთ, ვიფიქრე, ესენი იქნებიანო!... ამოაკანკალა გულიდან ეს სიტყვები.
      ფერზანე ფერეიდნელი გოგონა აღმოჩნდა, გვარად ასფანანი (ასფანაშვილი), ისპაჰანის ხელოვნების უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
      ფერზანეზე არანაკლებ ცნობისმოყვარე თვალებით შემოგვცქეროდნენ მისი მეგობრები, რომლებსაც ეტყობოდათ, ბევრი რამ სმენოდათ საქართველოზე ფერზანესაგან. მათ ჩემი ლექსების კრებული ვაჩუქე. გაოცებულებმა დაუწყეს თვალიერება ქართულ ანბანს.
      ”ქართლის ცხოვრებამ” ერთადერთი წინადადება გაიმეტა შაჰ-აბასის მიერ სამშობლოდან აყრილ და ირანში გადასახლებულ ქართველთათვის – ”შააბაზი მოვიდა, ქართველობა აჰყარა და ირანში გადაასახლა”. სამი საუკუნე ამის მეტი მათ შესახებ არაფერი იცოდა ქართველმა ხალხმა.
      მათი შთამომავალია ფერზანე, რომელსაც პაწია ხელისგულზე თავისი სახელი კი არ დაეწერა – საქართველო დაეხატა.


19. ისპაჰანი – გვირგვინი ისპაჰანური სკოლისა

      დაილამელთა (X ს.) და თურქ-სელჩუკთა (XII ს.) მერე ისპაჰანი სეფიანთა ხანაში შაჰ-აბას პირველის ნებით მესამედ გახდა სატახტო ქალაქი – ორჯერ ირანისა და ერთხელ თურქ-სელჩუკთა იმპერიისა. სამივეჯერ დაიმშვენა ისპაჰანმა სატახტო ქალაქის გვირგვინი, მაგრამ სეფიანთა ხანაში – განსაკუთრებით.
      სეფიანთა მმართველობის პირველ პერიოდში, შაჰ-აბას პირველის ზეობამდე, ირანში თუ მომთაბარული ტრადიციები იყო პატივდებული, შემდეგ ხანაში შაჰ-აბას პირველის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქალაქურ ცხოვრებას მიეცა ფართე გასაქანი, რამაც ხელი შეუწყო ხელოვნების დარგების სწრაფ აყვავება-განვითარებას. ამ დროს ისპაჰანში თავი მოიყარა სეფიანთა ხანის კულტურამ, რომელიც დღეს ისპაჰანური სკოლის სახელით არის ცნობილი.
      ისპაჰანი ირანის გულია. ეს არის ქალაქი, სადაც მაზდეანობიდან დღემდე მისი ისტორიის შრეში დალექილია სხვადასხვა ხანის კულტურული ფენა. ძნელია მათგან გამოარჩიო რომელიმე, მაგრამ ამ შრეში სეფიანთა ხანის კულტურის ფენა სულ სხვანაირად ციმციმებს.
      ისპაჰანს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ გვირგვინი ისპაჰანური სკოლისა.


20. იმამის მოედანი – თაიგული ისპაჰანური სკოლისა

      შაჰ-აბას პირველის მიერ გაფართოებული და დამშვენებული ეს გრანდიოზული მოედანი, რომლის სიგრძე 500, ხოლო სიგანე 150 მეტრია, ერთ-ერთი ულამაზესი მოედანია მთელს მსოფლიოში. მისი პარალელური სახელია ნაყშე ჯაჰან (სურათი ქვეყნიერებისა).
      ეს მოედანი თავის არქიტექტურულ ანსამბლში იმდენად უყრის თავს სეფიანთა ხანის მრავალფეროვანი კულტურის სიმშვენიერეს, რომ მას თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ – თაიგული ისპაჰანური სკოლისა.


21. ბოლო დღე

      ირანში ყოფნის ბოლო დღეც ისეთივე საინტერესო და შინაარსიანი აღმოჩნდა, როგორც წინა დღეები. საქართველოს ელჩს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ბატონ ლევან ასათიანს მოუსურვებია ჩვენთან შეხვედრა.
      ელჩის მრჩეველმა ბატონმა ნიკო ნახუცრიშვილმა კი დაგვდო პატივი და საელჩოში წაგვიყვანა, სადაც გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი აზრები კონგრესის მუშაობისა თუ ქართულ-ირანულ კულტურულ ურთიერთობათა შესახებ.
      ბატონმა ნიკომ საელჩოდან ხელოვნების აკადემიის მთავარ ოფისში, ბატონ მოთლაყთან წაგვიყვანა შეხვედრაზე, რომელიც წინა დღით იყო ურთიერთ-შეთანხმებული.
      გაირკვა, რომ მიღებაზე მხოლოდ ჩვენ ვიყავით მიწვეულნი.
      ირანის ისლამური რესპუბლიკის კულტურისა და ისლამური დამოძღვრის მოასდგილემ, ხელოვნების აკადემიის მდივანმა, კონგრესის ხელმძღვანელმა ბატონმა მოთლაყმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი კეთილგანწყობა ქართული ირანისტიკისადმი და ქართული კულტურის მიმართ და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
      ხელოვნების აკადემიაში ვიზიტის მერე ბატონმა ნიკომ მსოფლიოს მუსლიმ მხატვართა აბსტრაქციონისტული ნამუშევრების გამოფენის ჯადოსნურ სამყაროში ამოგვაყოფინა თავი. იქიდან კი საუკეთესო საკონდიტრო ნაწარმის მაღაზიაში შეგვიძღვა და, საახალწლოდ ირანული ტკბილეულით ხელდამშვენებულნი შინ გამოგვისტუმრა.


დასრულდა ესე ამბავი

      დასრულდა ოთხდღიანი საერთაშორისო კონგრესი, მიძღვნილი ისპაჰანური სკოლისადმი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და უპირველეს ყოვლისა, სტუმართმოყვარეობით განთქმულ ირანში მრავალი მეგობარი შეგვძინა.
      ქართველი ირანისტებისათვის მას მერე გახდა შესაძლებელი თავისუფლად მონაწილეობის მიღება ასეთ ფორუმებში, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა და ირანმა და საქართველომ შეძლეს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირების დამყარება.
      დღეს ირანის მხარე ყველანაირად ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოში ირანისტიკის განვითარებას. ირანელთა მხრივ სისტემატურად მარაგდება ქართული ირანისტიკის ცენტრები საჭირო ლიტერატურითა და სათანადო ტექნიკით. ეხვადასხვა სამეცნიერო-სასწავლო პროგრამების განხორციელების მიზნით, ქართველ ირანისტებს ირანში ჩასვლის საშუალება ეძლევათ.
      აქვე აღვნიშნავთ, თუ აქამდე ირან-საქართველოს შორის არსებული კულტურული ურთიერთობანი ცალმხრივ ხასიათს ატარებდა, მხოლოდ ქართველები ინტერესდებოდნენ ირანული კულტურით, დღეს იგი ორმხრივი გახდა, ირანელებშიც აღიძრა სურვილი ქართული ფენომენისადმი და ტერმინმაც „ურთიერთობა“ სრული სემანტიკური დატვირთვა შეიძინა.
      სიამოვნებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ურთიერთობანი დღითიდღე ღრმავდება. ბატონ მოთლაყთან ვიზიტისას მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია საქართველოში ირანის, ხოლო ირანში – საქართველოს კულტურის დღეების ჩატარება, რაც უსათუოდ ხელს შეუწყობს ქართველ და ირანელ ხალხთა ურთიერთდაახლოებას და მშვიდობიან თანაარსებობას.
      P.S. ბატონმა მოთლაყმა ახალი წელი მოგვილოცა და ამავე დროს მადლობა გადაგვიხადა კონგრესში მონაწილეობის მიღების გამო, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ქართული ირანისტიკის მიმართ.