|
|
– როგორ დაიწყეთ ამ ხმალზე მუშაობა? თქვენ მოისურვეთ თუ ეროვნულმა მუზეუმმა შემოგთავაზათ?
– 2008 წლის იანვარში სტუმრად ვიყავი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. სრულიად მოულოდნელად მუზეუმის კურატორმა მამუკა ქაფიანიძემ მკითხა – შეგიძლია ერეკლეს ხმლის ზუსტი ასლის შესრულება? სიამოვნებით დავთანხმდი ამ იდეას – შემიძლია-მეთქი, ვუპასუხე მამუკას, მაგრამ გავიფიქრე, რომ ეს ხმალი ურთულესი შესასრულებელი იქნებოდა. კარგა ხანია ამ ნივთზე ვმუშაობ მაქსიმალურად ვცდილობ, ასლი ორიგინალს ზუსტად შეესაბამებოდეს, თუმცა ისიც ვიცი, რომ ორი ერთნაირი ნივთი არ არსებობს... უკვე დეტალების გრავირებაზე ვმუშაობ, მომდევნო ეტაპია ოქროთი ზარნიში, რასაც 35 გრამი ბაჯაღლო დასჭირდება.
|
|
– ორიგინალი როგორ მდგომარეობაშია? ძალიან არის დაზიანებული?
– დაზიანება არა აქვს ხმლის პირს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ექსპონატი დიდოსტატის შესრულებულია. ძვლის ტარის ნაბზარებში ხელის მოკიდებისაგან გაჩენილი ოფლის მწვანე ოქსიდაცია ემჩნევა, დაზიანებულია ქარქაში, გამომშრალი და აქერცლილია ტყავი. ეს სრულყოფილად შესრულებული საბრძოლო ხმალია, თუმცა ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, წონით 915 გრამია, მაგრამ ხელში რომ გიჭირავს, გაწონასწორებული ხარ, ანუ მისი სიმძიმე არ იგრძნობა. ხმალი ატარებს სამეფო საჭურვლის ღირსებას – ის საუკეთესო ფოლადისგან არის დამზადებული...
– როგორც ცნობილია, „ბულატის“, ანუ ჯავარის ფოლადის ხმლების დამზადების ხელოვნებას ოსტატები საიდუმლოდ ინახავდნენ მემკვიდრეობით... საინტერესოა, ტექნოლოგიურად რამდენად რთული პროცესია ამ სპარსული ჯავარის გამეორება?
– რა თქმა უნდა, რთული პროცესია, შრომატევადი, მაგრამ შესაძლებელი. ჯავარის ფოლადის დამზადება დიდი ხანია მაინტერესებს და მის ხარისხს სულ ვსწავლობდი. მეტს გეტყვით, აქ უბრალოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, ასეთი ფოლადის შექმნას აქვს თავისი წესი, ტრადიცია, ტექნოლოგიური სტრუქტურა და, პროფესიონალიზმთან ერთად მნიშვნელოვანია პრაქტიკული ექსპერიმენტები. ბუნებრივია, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი მე ვარ და სამუშაოს ლომის წილი ჩემი შესასრულებელია, თუმცა ჩემი თხოვნით ხმლის ფოლადი ერთმა ოსტატმა დაამზადა, შემდეგ ჩემს სახელოსნოში დამუშავდა და საბოლოო სახე მიიღო.
– რა სამუზეუმო სტატუსი, მნიშვნელობა და დანიშნულება ექნება მეფე ერეკლეს ხმლის საავტორო ასლს?
– ისტორიაში დარჩება როგორც კარგი საავტორო ნამუშევარი. მუზეუმი თუ შეისყიდის ამ ასლს და საბოლოოდ იარაღის ფონდში დარჩება, გამეხარდება...
– ეროვნული მუზეუმი ამ ძვირადღირებულ პროექტს არ აფინანსებს, საინტერესოა, რომელი საინვესტიციო ფონდებიდან მოიძიეთ თანხები?
– არანაირი ფონდები და სპონსორები, ამ პროექტს პირადად მე ვაფინანსებ...
– მარტო თქვენ?
– დიახ.
– რამდენია პროექტის ბიუჯეტი?
– მარტო მასალის ხარჯი დაახლოებით 9000 ევროა, შეიძლება მეტიც... ამ პროექტმა მე უდიდესი პასუხისმგებლობა დამაკისრა და სიამაყის გრძნობაც გამიჩინა. ერთმა ფრანგმა ოსტატმა ამას წინათ 5000 ევრო შემომთავაზა მარტო ხმლის პირში, ანუ „ბულატის“ ფოლადში. ბუნებრივია, უარი ვუთხარი, იმ წუთში მან არც კი იცოდა ამ ხმლის ისტორია, მარტო ხელობა-ნაკეთობა შეაფასა, ხომ გესმით?! საბრძოლო აღკაზმულობა – ხმლები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები კულტურული ფასეულობაა, მაგრამ არის კიდევ შენი საკუთარი ქვეყნის ისტორიის ნაწილი – მაგალითად, ხევსურული საბრძოლო აღჭურვილობა – ეს არის ჩვენი იარაღი, რომელმაც ჩვენ, ქართველები მრავალ ბრძოლაში გადაგვარჩინა. მე პირველმა აღვადგინე ხევსურული ჯაჭვის პერანგი – ე.წ. „გუდამაყრული ჩაბალახი“ ეს შემდეგ შეფასდა საქართველოს მუზეუმის მიერ, როგორც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი მოვლენა. ერეკლეს სამეფო ხმლის ასლი საქართველოში უნდა იყოს, ბუნებრივია ევროპაშიც ვაჩვენებ, იქ ქართული საბრძოლო იარაღის პრეზენტაციაზე მუდმივად ვზრუნავ და რა თქმა უნდა, ახლაც ვიზრუნებ...
|
|
– დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის, ისტორიაში შეგვიპატიჟეთ და ახლა ძნელია უკან, „მარტივად“ დაბრუნება. ბევრ რამეზე დამაფიქრეთ, ახლებურად შევხედე ქართულ საბრძოლო იარაღს... ღირსეულ საქმეს ემსახურებით, ვაჟკაცურს, შრომატევადს... გოჩა, გისურვებთ წარმატებებს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დიდი ნიჭისათვის, საქართველოს სახელის პოპულარიზაციისთვის...
– დიდი მადლობა თქვენ და თქვენს ჟურნალს, თბილისში შეხვედრამდე...
|
 |
არბალეტი |
* * *
ჟურნალი «პირველი» ესაუბრა ეროვნული მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი ლითონების ფონდის კურატორს მამუკა ქაფიანიძეს:
|
– მეფე ერეკლეს ხმლის საავტორო ასლის დასრულების შემდეგ როგორი იქნება ეროვნული მუზეუმის პოზიცია? ამ ექსპონატზე საავტორო უფლება ოფიციალურად აქვს როგორც მის შემსრულებელს, ისე ეროვნულ მუზეუმს...
– დიახ ასეა. მიხარია, რომ ქართველი დიდოსტატი ასეთი რუდუნებით ეკიდება ამ საქმეს. როცა გოჩა ლაღიძე მუზეუმში მოვიდა, თეთრი ხელთათმანებით შეეხო ხმლის ორიგინალს და მახსოვს თქვა: „ექსპონატებს შიშველი ხელით შეხება აზიანებსო“... ფოტოები გადაუღო, გაზომა, ისეთი პატივისცემით ექცეოდა ამ ნივთს, დამიჯერეთ, ყურებად ღირდა. გარდა იმისა, რომ დიდი პროფესიონალია და ევროპაში მას რესტავრაცია-კონსერვაციის საქმეში კონკურენტი არ მოეძებნება, რაღაც სხვანაირი გული უდევს – ქართულად რომ ძგერს. თქვენ მეკითხებით: – რატომ ვენდეთ? მე გპასუხობთ: გოჩა ლაღიძის სახელის უკან ავტორიტეტი დგას, მას კარგად იცნობს კოტე ჩოლოყაშვილი, სულ თავიდან ზურაბ წერეთლის შეკვეთებზე მუშაობდა, ევროპის მუზეუმები მხოლოდ მას უკვეთავენ იშვიათი ექსპონატების საავტორო ასლებს და ჩვენ რატომ არ უნდა დავაფასოთ? ეს ყველაფერი საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ გოჩას მივენდოთ.
– მამუკა, მაშინ საინტერესოა, რატომ არ აფინანსებს ეროვნული მუზეუმი ამ პროექტს?
– ფინანსებზე თავიდან არ ყოფილა ლაპარაკი. ეს საავტორო ასლი გოჩას ინიციატივით და მონდომებით კეთდება, დასრულების მერე რა ბედი ეწევა, ეს მუზეუმის ადმინისტრაციასთან და გენერალურ დირექტორთან შეთანხმდება. პრეზენტაციის შემდეგ გადაწყდება, ასლს ეროვნული მუზეუმი შეისყიდის თუ აუქციონის წესით გაიყიდება... ჩვენ ჯერ არა ვართ იმ რეჟიმში, რომ ყოველ ნივთს ბოლომდე გავყვეთ იმიტომ, რომ მუზეუმში რემონტი ჯერ არ დასრულებულა, იარაღის ფონდიც არ გვაქვს მოწესრიგებული, ყუთებშია ყველაფერი ჩალაგებული. იმასაც გეტყვით, რომ ეს პროექტი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული: „ბულატის“ ფოლადის გამოჭედვა ევროპაში ძალიან ძვირი ღირს. გარდა იმისა, რომ ეს კოლოსალური შრომაა, ამ ფოლადს თავისი სტრუქტურა აქვს, რომელსაც დღეს ოსტატები ვეღარ აკეთებენ. გოჩამ ძალიან დიდ, მნიშვნელოვან, ამასთან სარისკო საქმეს მოჰკიდა ხელი. ხმლის ასლი ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ გეუბნებით, ხარისხით ორიგინალს არ ჩამოუვარდება.
|
"ჰეფესტოს სამჭედლოში"
|
უღრმეს მადლობას მოვახსენებ ჟურნალის პირველი/PIRVELI (მისამართი: ზოვრეთის 1 (გაგარინის მოედანთან); ტელ.; (99532) 38 74 73; მობ.: (899) 41 16 10, (899) 25 08 24; www.pirveli.biz; pirveli-journal@yahoo.com) მთავარ რედაქტორს ქალბატონ ესმა კუნჭულიას ტექსტური მასალის და რამდენიმე ფოტო-სურათის გამოყენების ნებართვისთვის და ამავე ჟურნალის კულტურის განყოფილების რედაქტორს ქალბატონ თამარ მახარაძეს თანადგომისთვის.
|
|
პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი
|
|
P.S. ქვეთავის საიტზე განთავსების შემდეგ „რკინის კაცისგან“ დამატებით მივიღე ერეკლე მეორის ხმლის ასლის დამზადებისას გამოყენებული მასალის ფოტოები: ქარქაშის ტყავის ნიმუშები ინგლისიდან; სპეციალური ფოლადი ვადის და ქარქაშის ნაწილებისთვის; ზღვის ლომის ეშვი ტარისთვის ნორვეგიიდან; სპეციალური ხის მასალა (მაგნოლია, იაპონიაშიც ეს მასალა გამოიყენება ხმლის ქარქაშისთვის).
|
|
|