5. ეს კი ცოტა ადრინდელი ამბავია: ახალი დაოჯახებული ვიყავი ცალკე ბინა რომ ვიყიდეთ. ეს ის პერიოდია, საქართველოში ცხოვრება ძალიან რომ ჭირდა. ბინის შესაძენად გარკვეული თანხის სესხება დაგვჭირდა. სესხები სულ ნათესავებიდან ავიღეთ. სწორედ იმ პერიოდში გამოაცხადეს, რომ ბანკში შეტანილი თანხების გაორმაგება უნდა მომხდარიყო, ამიტომ ყველამ ერთბაშად მოგვთხოვეს თანხების დაბრუნება. ვადა მაქსიმუმ 5 დღე იყო. მეტი რა გზა იყო, გავიკეთე რადიკულიტის ქამარი, ჩავიკერე მეუღლის და დედაჩემის პირადი ნივთები და წავედი თურქეთში.
საზღვარზე გვიან ღამით გადავედი. უახლოეს ქალაქში შევეცადე სასტუმროში მოწყობას, მაგრამ ადგილი არსად არ აღმოჩნდა. ბოლოს ერთ-ერთი სასტუმროს წინ გავჩერდი, ვეღარ გავრისკე გვიან ღამით ქუჩაში სიარული. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩემს წინ მანქანა გაჩერდა, საიდანაც ერთი ახალგაზრდა გოგონა ჩამოსვეს, კი არ ჩამოსვეს, ჩამოაგდეს... გოგონამ დამნაშავის სახით შემომხედა და სასტუმროს შესასვლელისკენ წავიდა... ცოტა ხანში მობრუნდა, ჩემთან მოვიდა და პირდაპირ მითხრა: „ვიცი ქართველი ხარ, ისიც ვიცი, რასაც ჩემზე ფიქრობ, თუ გინდა შემაგინე ან სულაც გამარტყი... არ მეწყინება, პირიქით გამიხარდებაო...“
გული ამიდუღდა... ვუპასუხე: „ჩემო დაო, მე შენი განკიცხვის უფლება არ მაქვს, გეტყობა, სულით წმინდა ადამიანი ხარ და რადგან ასე აკეთებ, ალბათ ასეა საჭირო-თქო...“ ამ სიტყვებზე კი თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და მიპასუხა: „რადგან და მიწოდე, ამაღამ აქ არ დაგტოვებ, ჩემთან წაგიყვან, ოღონდ ერთი პირობით, რამდენ ხანსაც აქ იქნები, მართლა ძმობა უნდა გამიწიოო...“
ნათია (პირობითად ასე მოვიხსენიოთ) შევიდა სასტუმროში. ადმინისტრატორს უსაყვედურა, ხომ იცოდი, ჩემი ძმა უნდა ჩამოსულიყო და ამდენ ხანს ქუჩაში რატომ აცდევინებო? მერე მაღლა ავიდა (როგორც შემდეგ მითხრა, გოგონები გააფრთხილა რომ ჩაეცვათ ან ნომრის კარებები დაეხურათ მაინც...), შემდეგ მეც მიმიპატიჟა თავისთან. ბევრი ვისაუბრეთ. აღმოჩნდა რომ ნათია ბათუმიდან იყო. მოხუცი მშობლები და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა სარჩენი. სხვა ვერაფერი მოენახა და იძულებით ამ გზას დადგომოდა. ბოლო ხანებში გრძნობდა რომ გარემომცველი ხალხი უდიერად ეპყრობოდა, განსაკუთრებით კი პოლიციელები. მერე მოუგონებია, რომ ვითომ ძმას ელოდებოდა... მეც ჩემი ამბები მოვუყევი, არ დამიმალავს რისთვისაც ვიყავი ჩასული... საუბარში ნათიას მეზობლები (ვინც თავისუფალი იყო) შემოგვემატნენ, ყველას აინტერესებდა ნათიას ძმის გაცნობა. მეკითხებოდნენ საქართველოს ამბებს, თვითონ მიყვებოდნენ, ვინ სად და რომელ ოჯახში მუშაობდა დამხმარედ... მეც ვიჯერებდი მათ ნაამბობს... ბოლოს ყველამ ერთად ვივახშმეთ. ნათიამ ჩემს რადიკულიტის ქამართან ერთად თავის ნომერში გარედან ჩამკეტა, თვითონ კი ერთ-ერთ მეგობარ გოგონასთან გაათია ღამე.
მეორე დღეს ნათიამ ნაცნობი მაღაზიები შემომატარა. ქამარი რომ მოვიხსენი, მერე ქუჩებში ხელი-ხელ ჩაკიდებულნი ვსეირნობდით. ნათია ყველას ეუბნებოდა, რომ მის სანახავად ვიყავი ჩასული და თუ ჩემთვისაც სამუშაო გამოჩნდებოდა, მეც დარჩენას ვაპირებდი, თუ არა და სხვა ქალაქში გადავიდოდი. გვხვდებოდნენ პოლიციელებიც, რომელთაც სიგარეტით და წვენებით ვუმასპინძლდებოდი, თან ყველას ვთხოვდი, რომ სხვა ქალაქში გადასვლის შემთხვევაში ჩემი დისთვის ყურადღება მიექციათ.
თბილისში დაბრუნებისთანავე ყველა ვალი გავისტუმრეთ. მე და ჩემმა მეუღლემ ნათიას ბათუმის მისამართზე წერილი გავუგზავნეთ, სადაც ვთხოვდით, რომ ჩვენთვის ეცნობებინა თუ როდის დაბრუნდებოდა ბათუმში, მის სანახავად და კიდევ ერთხელ მადლობის სათქმელად რომ ჩავსულიყავით. სამწუხაროდ, ნათიას საპასუხო წერილი არ მიგვიღია...
6. ეს სიკეთე კი წინა ამბის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს. ვალები დავუბრუნეთ ყველას, მათ კი ბანკში მოასწრეს თანხის შეტანა, გაუორმაგდათ კიდეც, მაგრამ შემდეგ ვეღარ გამოიტანეს – საერთოდ დაკარგეს... მხოლოდ ერთს არ გამოურთმევია 5000 რუსული მანეთი, ახალგაზრდა ოჯახი ხართ და ჩემს სახსოვრად რამე შეიძინეთო! მეუღლემ მისი სახელიც მითხრა და გვარიც. ისიც მითხრა, ძველ ანაგაში ცხოვრობსო, მაგრამ მაშინ სათანადო ყურადღება არ მიმიქცევია, სიკეთე კი ყოველთვის მახსოვდა.
გავიდა წლები. საბურთალოზე სამსახურში რომ დავდიოდი, ხშირად მიხდებოდა მეუღლის ერთ-ერთი ნათესავის სახლის წინ გავლა. აივანზე მჯდომი, 81 წლის ვასილა ძია რამდენჯერაც შემამჩნევდა, იმდენჯერ სახლში მეპატიჟებოდა, ამოდი, 1-2 ჭიქა „თეთრი“ გადავკრათ, მაგის გარეშე საჭმელი ყელში არ გადამდისო (ყოფილი მეღვინე იყო).
ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს ვასილა ძიას შევთავაზე კეთილი ადამიანების სადღეგრძელო იმ კაცის თამადობით, რომელმაც იმ გაჭირვების დროს ფული არ გამოგვართვა. ვასილა ძიამ ჯერ მიყურა, მიყურა, თან ულვაშებში ეცინებოდა და ბოლოს მითხრა: „ის კაცი მე ვარო!“
ალბათ მიხვდებით, რა ხასიათზე დავდგებოდი. ძალიან მიხაროდა რომ იმ კეთილ კაცს ასე ბუნებრივად მივაგენი. რა თქმა უნდა მხურვალე მადლობა გადავუხადე. მის მერე დაძახებასაც აღარ ველოდი. როგორც კი აივანზე მჯდომს დავინახავდი, ჩემდაუნებურად მისკენ გავრბოდი.
სამწუხაროდ, ვასილა ძია ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა... ის ღვთისნიერი პიროვნება ვასილ ბასილაშვილი გახლდათ. ღმერთმა გაანათლოს მისი სპეტაკი სული!
7. ქართველ ფერეიდნელებს ფერეიდნელი ქართველებისგან!
|