ბექა ოთანაძის

წიგნის პრეზენტაცია


      2009 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსის დარბაზ "უნივერსში" ჩატარდა პოეზიის საღამო, სადაც გაიმართა ბექა ოთანაძის წიგნის პრეზენტაცია.
      მონაწილეები: მარი ბაჯელიძე, დემეტრიუსი, კოსტა მარტიაშვილი (me_kosta), ბექა ოთანაძე (kusumusu), ბექა ახალაია (მაესტრო), თეა თაბაგარი, ნინა ნეკერიშვილი (ნეკერა), ნუკრი ბერეთელი, ბექა აბუთიძე და სხვები.
      საღამოზე დამსწრე საზოგადოებას უსასყიდლოდ გადაეცათ ბექა ოთანაძის წიგნი.


 

 


ბექა ოთანაძე (kusumusu)

        ორი მწვანე სამყარო

მე ვაკვირდები ... (ახლა დღეა და ყველა გარბის),
აღარ მოვყვები, აქიდან ჩანს ქარი და ქუჩა,
და წამოწვიმა, შიგადაშიგ ფიფქებით ყალბი,
კაშნეს ზემოდან პატარა ბავშვს თვალები უჩანს.

მე ვაკვირდები... ერთი-ორი ფრინველის ფრენა,
ვარ მოკუჭული, (ჩვეულ ბაღში), მორყეულ სკამზე,
დგას ისევ ბავშვი, თითქოს ჩემთან საუბარს გეგმავს,
მოდის და თავის ჭრელ თოჯინას ღიმილით მაძლევს.

მათვალიერებს, ყურადღებას იზიდავს მძიმე
და სიცივისგან შეყუჟული თითები გულში,
ჩემი დუმილი ბავშვის თვალში სისველეს იძენს...
კაშნეს ზემოდან ორი მწვანე სამყარო უჩანს.

        3 სიკვდილის 3 სცენარი

*
თოვლში გაწოლილხარ ზურგით სისხლიანი,
ქუჩამ კივილის ხმა ზუზუნს აურია,
გიმზერს გესლიანი, ოფლში მოსრიალე,
ცხელი ზაუერი.

* *
ჟეტონი ჟეტონზე ეკვრება - ათასი,
კაზინო ეჩვევა ბოლებას სიგარის,
თამაში არ მიდის მოგებით, მთლად ისე,
/ ბლექ ჯექი / მოგდის და თითქოსდა მიქარე.

შუბლისკენ ტყვიები ძაღლივით ცოფიან,
გეცნენ და სისხლი წითელ ხალიჩას
ერევა, როგორც ვენას მორფინი...
გაიჩალიჩე.

* * *
კენჭებს ვყრით გზისკენ, თითქოს ჩვეულად,
და სახურავზე სუნია თოვლის.
დღე არცთუ ისე გამორჩეული,
დღემ აგვისრულა თევზივით თხოვნა.

ტერფები ნახევრად დაეყრდნო ჰაერს,
ბრბო მხოლოდ ახლა გვხედავს ქვემოდან,
ქარის იმპულსით მოგიჩანს მხარი,
ვხვდებოდი ... ყველა კაცი ქრებოდა.

წადი ! მოგყვები, ვხტები უთუოდ,
მე ჩემი გზა მაქვს, მაგრამ მოკლედ ვჭრი,
ვხტები...
რომ საქმე არ გავურთულო,
ჩემ გულს ათასი პირით დაღეჭილს.