ლევან ალავერდაშვილი



levani  

        იძებნება!

აეს კაცი გამაცანით,
ხალხნი არა ხაართ!?
ჩემი სისხლი, ხორცი და
ჩემი მიწა-წყალი ყოფილა...



      საქველმოქმედო საღამოზე პოეტ ლევან ალავერდაშვილის ლექსი სხვა პიროვნებამ წაიკითხა! ერთმა იცის მითხრა, ლევანი დედოფლისწყაროში ცხოვრობს და თბილისში იშვიათად ჩამოდისო. იძულებული გავხდი, მისი ლექსები ინტერნეტში მომეძებნა. ეს მშვენიერი პოეტური კოლაჟი კი ასეთი გამოვიდა, რომელიც ძალიან მემშობლიურება!


        ძილისფერ თოვლში

როცა ძილისფრად მღელავ მიმოზებს
მშობლიურ თოვლში მზე ეწვათ წინათ,
მათ სივრცეები გადაილოცეს
და თეთრ საბანში უსამნოდ სძინავთ...
მაშინ წამწამებს მოჰგვარა ძილმა
გადაფითრების ლანდი – მსახური;
და ჩაესვენა ასეთი ხილვა
თვალებს უდროო და უსახური.“
ეხლა კი თოვის თეთრი კვირტები
აწ გარდასულის როცაა განცდა,
თითქოს იმავე თოვლს ვაკვირდები
შენი სურნელის დაღი რომ აჩნდა...
და მონანავე დაფნათა ნებზე
მხოლოდ წამების ვრჩები უფლებით
ვინც ანგელოსთა დამტვრეულ ფრთებზე
შანდლებთან დემონს ვესაუბრები.
წელიწადებმა – ზღვად მეამბოხეს –
შეფარებულმა ცისფერ მანტიებს,
ნააღსარები „ან აქ რად მოხველ!“
სცადეს და... მაინც ვერ მაპატიეს.
როგორ იწამა სულმა ამაზე,
უწინ უძველეს ღვინის მხლებელმა
რომ ვერ დაფარა ის სილამაზე,
სხვა, დიდთოვლობის ნელსაცხებელმა.
რომ აქავეა რაც კვალში მსდევდა,
პოეზიათა ვარდისფერ თაღში,
ვით ერთი მგოსნის ძვირფასი სევდა
„დღეს გოგონები არ წავლენ ბაღში!“
ცივ უდაბნოში რომ გადაენთო
რასაც სიმშვიდე საკმელად იხვევს...
და მხოლოდ ეჭვის ეხლება ექო,
ბევრ, უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს...
და ვით ბუალო ვჭედდი ჭიანურს,
ვეტოლებოდი ჰანგით ბუნებას,
ვეძებდი იმ ზეადამიანურს
რითაც ვპოვებდი განადგურებას.
მეკარგებოდა გზად ნაბიჯები
თუმც პორფირები მესხა სამეფო,
სულს დაბინდებით ვიმახინჯებდი,
რომ ძეწმინდისა უკეთ გამეგო.
მე, სიყვარულის ჩაწყვეტილ სიმად
ვესიზმრებოდი მღელვარე ქალებს,
როცა ნამქერნი იმკობდნენ მძივად
მეტყველი მზერით დახუჭულ თვალებს
და თეთრ ხელთათმანს ისევ მესვრიან
მწვანე ნაძვები ძველი ცდუნებით
მგოსნის სიცოცხლე ერთი ლექსია
ყოველდღიური სათაურებით.
რომ დუელშია სულთან ფარულად
მგოსნის გენია ეტლებად მქროლი,
და მზემოკლეობს უსიყვარულოდ
ვით მირჰაკანით მოსული თოვლი.
მაშინ შხამისაც შვებაა მირქმა,
დაუნანებლად ცოდვილი თავის,
როცა დაცემულ ფარდების მიღმა
აპრილმისჯილი ზამთარი ბღავის.
მაშ მდუმარებას რატომ ვერ არღვევს,
ნებზე ნებივრად მწოლი ნაგანი,
თუ ეყვავილა უცხო მებაღეს,
ერთი პრინცესა იმათთაგანი;
ან დაღუპული ხომალდის აფრებს
დღეის ქროლვები საიდან ხრიან,
რად მოდის თოვლი ყოველთვის ადრე,
გაზაფხული კი ძალიან გვიან.
ან ამ მოთმენას ვისთვის მავალებს,
გველთა ეპოქა ცურებცბიერი,
რომ ვათაყვანო ჯორდანო ალებს
და გილიოტინს რობესპიერი.
მახსოვდეს თოვლი შორი და მშვიდი
იმ წუხილების თანამეთოვე,
შენს ნაფეხურებს სუნთქვით რომ ვშლიდი
რათა ჩემს მეტი ვერვის ეპოვე
და დღეს ჩვენებაც, ელამ – რიოში
მზერას სერავდეს ავლებად დაშნის,
რომ შენ მიდიხარ ძილისფერ თოვლში
და შენს ნაკვალევს არავინ არ შლის.

        2009 წ.




* * *

        მე შენა და ქარი

შენს ფეხებთან აბეზარი ქარი გაიშრიალებს,
ურცხვად მოგეპარება და კაბას აგიფრიალებს,
აუჰ! თვალებს აგარიდებ, მაინც გამთქვეს თვალებმა,
რადგან მზერა უნებურად შენსკენ გამეპარება.
უი დედა! დაიმორცხვებ, კაბას იჭერ ხელებით
მარწყვის ბაგეს დაიშაქრავ დათაფლული წყევლებით.
მიხაროდენ; წყევლით მლოცავ,
ტოკავს გულის გალია,
ეგე ქარი, ეგ დაწყევლე, ჩემი რაღა ბრალია;
მე რაც მსურდა აქამომდე, შენს თვალებშიც ვხედავდი,
ქარს კაბა არ აეწია, რა, არ შემოგხედავდი?!
ნეტავ ქარი კვლავ მოვიდეს, კვლავაც გაიშრიალოს,
ურცხვად შემოგეპაროს და კაბა აგიფრიალოს,
ნეტავ იმ წუთს, საფიცარო,
თუ სხვა კიდევ მერჩიოს,
უკვე დედა ყოფილიყავ, ხელში პირმშო გეჭიროს;
უი დედა! წამოწითლდე,
ხელს რომ ვეღარ ახმარებ,
თვალხუჭელა მოგაგნებ და კაბას ჩამოგაფარებ;
შენ კი ისევ \"დამწყევლი\" და ისევ დაიქუფრები;
კარგი, ფეხებს თუ მიმალავ,
თვალებს რაღას უშვები?!

        გაჩერდი თორღვავ

თორღვავ სად მიგყავ ქალშავა,
გული იმაზედ მწყდებოდა,
მაგას რად უნდა არხოტი -
შირაქშიც მაიტყვნებოდა.
მონახე მყუდრო ადგილი,
წამააწვინე ფერდობში,
იგრე დაურჭვე მარგილი,
როგორც ხანჯალი ერბოში.
არ დაგაკაწროს პირ - სახე,
მაგრად დაუჭი ხელები,
მარტო თუ ვერ და ვერ მასტყნავ,
მოვალ და მეგეშველები.

        ასე თუ ისე

ასე უბრალოდ და გასაგებად
თავს გაიმართლებ წყევლისგან მყისვე,
თუ მოსახდენი დღეს არ მომხდარა
ხვალე მოხდება ასე თუ ისე.
ალბათ რამდენჯერ მუზამტკივანმა,
უძილო ღამით თვალი აივსე,
მერე კი მაინც, გინდა თუ არა,
ჩაგძინებია ასე თუ ისე.
ჩაგძინებია, მაგრამ უმალვე,
სიცხადის ეტლი, ცრუ და მერყევი,
შეგატორტმანებს და ბურანიდან
ასე თუ ისე გამოერკვევი.
გამოიღვიძებ, ზეცის ანთებას
იგრძნობ და გრძნობაც იყოს დღეგრძელი,
რომ სინანული და პატიება
ასე თუ ისე მაინც შესძელი.
არ გამიჯავრდე, არა ღმერთმანი
თუ ამ სიტყვებით გაგაგულისე,
არაფერია, ჩვენ ერთმანეთის
ბევრი რამ გვესმის ასე თუ ისე.
ასე თუ ისე შენ ხომ ქალი ხარ,
ამად ვჩუმდები ისევ და ისევ,
სულის სიღრმეში შენც მართალი ხარ,
და არც მე ვტყუი ასე თუ ისე.
ღმერთმა გიშველოს! უღრუბლო სახით
სულ იზამბახე და იმაისე;
ასე თუ ისე ხომ მაინც მოველ,
ხომ მაინც შევხვდით ასე თუ ისე.

        შენა და ღამე ბეთანიისა

გეტყვი მშვიდობით, მერე დაგტოვებ,
ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა,
ოღონდ ავსებდეთ ჩემს სიმარტოვეს -
შენა და ღამე ბეთანიისა.
გეტყვი, წუთები შენით ნაფერნი,
როცა აშვებულ რაშებად ჰქრიან,
რა გვიანაა სუყველაფერი,
და არაფერი არაა გვიან.
გეტყვი საუფლოს ღრმა დარბაზებში
ხატად მოვძებნი შენს ძვირფას სახეს,
სისხლისფერ ვარდებს დავყრი ბაღებში
და ლექსებს - შენი თითებით ნახებს...
გეტყვი ნუ მოხვალ! მაგრამ რისათვის?!
უკვდავ მოლოდინს მაინც გპირდები,
და იმ ლამაზი წყენებისათვის
ხელში ბავშვივით აგიტირდები.
გეტყვი, დემონურ წარსულს მათოვებს -
ნამი - უშენოდ მორცხვი იისა...
ნუ მიმატოვებთ! ნუ მიმატოვებთ! -
შენა და მწუხრი ბეთანიისა.
გეტყვი, შვებაა შენს ხელში კვდომა,
და რომ, შენს შხამსაც ტკბილი აქვს გემო,
ღმერთმა შეგინდოს ცოდვა - შეცდომა,
მოურჩენელო ტკივილო ჩემო.
გეტყვი, დამთავრდა! ეხლა მშვიდობით,
ოღონდ სურნელი შეგრჩეთ იისა,
ოღონდ ნუ მომკლავთ უამინდობით,
შენა და ღამე ბეთანიისა.

        ქალბატონო

რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ, ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,
რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,
მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?!
ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება
თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად...
და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება
იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად...
და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,
ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;
არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.

        ვარდები

                 ვალენტინობის დღეს ვარდების გამყიდველს ვარდი ვთხოვე
               – მაჩუქე-მეთქი და უარი მითხრა, მერე ეს ლექსი დავუწერე
               და 5 ვარდი მაჩუქა...

ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით,
დაე, შემერგოს თუნდაც არამად...
ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,
პოეტი ვარ და ფული არა მაქ!
ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში,
ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია!
ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში
რომ სიყვარულიც გასაყიდია!

        თოვლი

თოვლი მოსულა, სიცივე მათოვს,
და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
სიზმრად შენც მოხველ, მაგრამ არ ვიცი,
ფიფქებთან ერთად თუ ცოტა გვიან,
თოვლი მოსულა ისე ქათქათა,
თითქოს ანთებენ ჯადოთა ლამპარს,
ჩემს სასთუმალზე ნებივრობს კატა,
და ყვება ღამის სევდიან ზღაპარს.
თოვლი მოსულა, შიშველ ხეების
შემორჩენილი კვდება ფერები......
თოვს!
და იწყება სითეთრეების ეფემერული გამოფენები.
თოვლი მოსულა, შენფერად მათოვს,
და ბეღურები ტოტებზე ხტიან,
მახსოვს შენც მოხველ,
მაგრამ არ მახსოვს,
თორმეტ საათზე, თუ ცოტა გვიან...




        არავის ეტყვი

               ერთ-ერთი პოეზიის საღამოს შემდეგ, ვიღაცამ (ალბათ სიბოროტით)
               ჩაილაპარაკა: რა პოეტი ლევანაა.. , ლოთია და სხვა არაფერი. მე ხმა
               არ ამომიღია, თუმცა გული ჩამწყდა, მაგრამ ერთმა უცნობმა გოგონამ
               ტირილი დაიწყო. არ ვიცი რატომ, თუმცა ის თვალები დღემდის
               არ დამავიწყდება, და არც ის ვიცი ვინ იყო ის მშვენიერი არსება.

შენ პოეზიის ანგელოსნი დაფნით გამკობენ,
რითმთა რტოებით სავსე მკერდი დაგეღილება,
ლოთი არისო, როცა ჩემზე ლაპარაკობენ,
ვიღაც დამცინებს, შენ კი ცრემლით გაგეღიმება...
გაგეღიმება და ჩამწყდარი გულის ნაფიქრალს
არავის ეტყვი მარადისად, ვიცი არავის...
მესაიდუმლედ მიუწვები ბალიშის დუმილს
და მას ჩაკვნესებ, რომ ლევანა ლოთი არ არის..


      გიორგი, დიდია სიამოვნება, როდესაც კითხულობ გულიდან ამოსულ, დაწურულ ლექსებს, რომელსაც ვერ დაწერ თუ გრძნობა ზერელეა. დიდი მადლობა შენ, რომ გაგვაცანი მცირედი, მაგრამ გრძნობისმერი ულამაზესი ლექსები ლევან ალავერდაშვილის. მას კი უღრმესი მადლობა, ასეთი გრძნობით რომ შეუძლია გადმოსცეს თავისი შინაგანი და მდიდარი სამყარო. ბოლო ლექსი რომ წავიკითხე თვალზე ცრემლი მომადგა და გული დამეწვა უმადური გამოხტომების გამო. მაგრამ რა არის იცი? ტალახის სროლა ხალხის გარკვეულ ნაწილს უფრო უადვილდება ვიდრე სიხარულის გამოხატვა იმის გამო, რომ მათ გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც სულიერად მათზე ამაღლებულები არიან, ალბათ სიყვარულიც და ამის გადმოცემაც მათზე მეტად შეუძლიათ. ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ და ლევან ალავერდაშვილს. გაიხარეთ და გაგაძლიეროთ მამაზეციერმა. მედეა პავლიაშვილი. აშშ.



* * *


      შენ გაიხარე, გუჯა, შენ მაინც მომაქციე ყურადღება, თორემ დამტოვეს მე ისე ამ ჩემ ქიზიყიანად... ჰოდა, აქ შემოგთავაზებთ ერთ ქიზიყურ დიალექტზე დაწერილ ესკიზს:


"ერთი ქილა სამშობლო",
ანუ "სვეტიცხოვლობა" ნინო დარბაისელთან


      ნინო დარბაისელს შემეეთვალნა, რომ რემონტი დავამთავრე როგორც იქნა და შავიკრიფოთ ჩემთანა "სვეტიცხოვლობა" დღესაო.
      და შავიკრიფეთ ჩვენცა.
      ღვინო მე მქონდა შეწერებული და მამაჩემ ანზორას გამოვართვი და ის ჩამოვუტანე ამათა ხუთლიტრიანი ბოცითა.
      და ირაკლიმა სთქო, რო მე გაციებული ვარო და აბა, რა ვიცი, ღვინოს კი დავლევო და...
      კაცოო, რა ღვინო გინდა ეხლა შენა, ღვინო კი არა, არაყი გინდა მეთქი და მაქ და, წამოგიღებ და ისა ვკრათ მე და შენა მეთქვი.
      და კარგიო.
      და არყებ კარგ აღარ არისაო და ცოდონი ვიქნებითაო.
      ვაახ, კაცოო, რა კარგებ-ღა გინდა, ეს მე ანზორას არაყ მაქვსა, - მაკამა, ჩემმა ცოლმა წაიღო სამსახურში და რო დეელივნათ იქა, მემრე ეთქოთ - რა არიო, კაცო, ე რანაირი არაყ არისაო, მიხომ პლანი ხო არ შაურია, ეგრე დაკაიფებულებ რო ვართაო და შაარქვეს "პლანიანი არაყი".
      არადა, ბოსტანშიც ამოსდის სარეველად და ვენახის გაყოლებაზედაც და, რავი, ყველგან კი მოდის ის კანაფის ბალახი, მაგრამ მამაჩემმა არც "მანაგუას" მოხარშვა იცის და არც ფოთლების გახმობა მოსაწევად, ანზორამ მარტო კაი ღვინის დაყენება იცის და არყის გამოხდაც – ძაან! და როცა მოუნდება, ცელის გამოწკეპვაც შეუძლია მშვენივრადა...
      კარგი მაშინაო, – ირაკლიმა და...
      ჯერ სანამ შავაგროვებდი ამათა – ლომოურ ირაკლისა, სადღობელაშვილ ნინოს და ორ მარიამსა, ერთი ხო წიკლაურია და მეორე კიდენა – ხუცურაული, ხო კინაღამ დამაჯარიმეს კაზარიანცის სახლთან, იმდენ ხანს მაცდევინეს და მემრე კიდენა, რო შავიდნენ "გუდვილშია" ნინოსთვი რაღაცეები საყიდლათა, ნახევარი საათი დემეკარგნენ. მეთქი, წავიდე, ერთი, ვნახო, სად რას არიან და - ვახ, კაცოო, ე რამოტოლა რამე ყოფილა ე "გუდვილი" - ახლა მე დევეკარგე იმათა.
      ახლა იქ მივედით, დარბაისელთან და – ჩაყარა თუ არა ხინკალი ქვაბშია, შენ უნდა იყვე თამადადაო!
      და რა, სახარჯო არი ბობო?!
      თუ როგორ არი თქვენი საქმე?
      მე რათა, კაცოო, ირაკლი დეენიშნათ და, – არაო, შენაო, შენ უნდა იყოვო!
      შარია რა!
      და ნინო რო ხარ, დარბაისელი, თუ ხინკალ მახვედრებ, ღვინოს რაღათ მაბარებ, რატო არაყს არ მეუბნები, როგორა ვსვა ხინკალზე ღვინო, ცოდო არა ვარ?
      აბა, რანაირი დარბაისელ გამასდიხარ მაშინ?
      კიდე კაი, ირაკლიმ წამამაღებინა ერთი ლიტრა არაყი – ხო გითხარით, როგორიც.
      და ისა ვსვით.
      და ქალებმა, – ღვინო მეგვეწონა ჩვენაო და ჩვენ ეს გვინდებისაო და ისა სვეს ცოტ-ცოტაობით.
      სულ ეგ იყო.
      მარტო ის იყო, რო სამშობლოს სადღეგრძელოზე წინდაწინ წამოღებული ქილა ამოვიღე ცელოფნის პარკიდან –
      აეს არი სამშობლო, – ბოგდანოვკა როა, ბადიაურის მემრე, იქ იყიდება. მაკამ მიყიდა ათი ქილა და ცხრა უკვე მე შავჭამე და ეს ერთი კიდევ – თქვენ გაინაწილეთ მეთქი.
      რამ შეგაჭამა ცხრა ქილა სამშობლოო?! – გაოცება ვეღარ დამალა ირაკლიმა.
      – ამასა, შეცდომით ეძახიან მაწონსა, ესა კამეჩის მაწონი კი არა, კამეჩის მანანა არი მეთქი, მანანა და ეძახეთ თქვენა კამეჩის მაწონი.
      ჰოდა, ქიზიყი – ანუ მქისე საქციელის მქონეთა მხარე, ანუ კამბეჩოვანი იმითვინ ერქვა, რო კამეჩები ჰყოლიათ ბევრი ჩემ წინაპრებს და იქნებ სხვა არც არაფერია ქიზიყი, თუ არა ის შავი კამეჩი, რომელიც თუ გაიქცა, ქვეყანაც მაშინ დაიქცევა და აეს ერთი ქილა იმისი მანანა მეთქი.
      ეგე თუ არაო, – გაიხარეს სუფრის წევრებმა, – ხო აგვილაპარაკდა თამადაო...
      ჰოოდა, აბა, რათა კითხულობდა ხოლმე შაფიქრიანებული მეფე ერეკლე ყოველი ბრძოლის წინა, რო ჩემი ქიზიყელები საითა დგანანო? – ვეღარ ვჩერდობოდი მართლა, – იმიტომ, რო წინამხრელებს თუ დაუყებდნენ წინა, ანდა გინდაც უკანამხრელებსა, გადაქელავდნენ იმათა და მაინც პირველები მიეტევებოდნენ მტერსა და არ ერჩივნათ, წინა ჰყოლოდათ?
      აი, გაქცევა და თავისიანების გადაქელვა მარტო ემაშინ იცოდნენ ქიზიყელებმა, თორე თუ წინ დააყენებდნენ, – იდგნენ კამეჩებივითა, კამეჩებივით დრინჯად შაუტევდნენ პირველები და პირველები ეგენი იხოცებოდნენ ყოველთვისა – შაწირულები იყვნენ, შაწირულები და არც არანაირ თავადს ეგენი არ მაიხდენდნენ, მეფეს უჯერებდნენ მარტო, მეფესა და ბოდბელ ეპისკოპოსსა. და არ უნდა რქმეოდათ კამბეჩოვნელები?
      მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თბილისიდან თუ მიდიხართ კახეთში და ბადიაურს რომ გასცდებით, ხელმარჯვნივ დაინახავთ, რომ მწვადსა სწვავენ და მაგიდები უდგად და ერთი პატარა სავაჭროც არის. აიქ უნდა იკითხოთ ჯერ ბოგდანოვკელი გივი ენუქიძე, მერე მეხოხბე უხსენოთ და ის თავისი თერთმეტი სული კამეჩიც მოუკითხოთ.
      და რამდენ ქილასაც ეტყვით, იმდენ ქილა "სამშობლოს" გამოგატანთ...

      ქიზიყი – ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ტერიტორია მდ. მტკვრის ჩრდილოეთით, ყარაიის ველის ქვემოთიდან მოკიდებული, მდინარეების ივრისა და ალაზნის ქვემო წელის აუზი (ახლანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორია).
      ქიზიყის ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სახელწოდებაა კამბეჩოვანი. სახელწოდება "ქიზიყი" წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. გვიანდელი შუა საუკუნეებში ქიზიყი იყო კახეთის ძირითადი ძალა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1616 ირანის შაჰმა აბას I-მა დაარბია მხარე. მოსახლეობა ხორნაბუჯის ციხეში გაიხიზნა და მტერმა ვერ მოახერხა მისი აყრა. XVII საუკუნის 60-70-იან წლებში კახეთში გაბატონებულ ყიზილბაშ ხანებს ქიზიყში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ყარაღაჯში, ჰქონდათ სამხედრო საყრდენი პუნქტი. ქიზიყშივე ჰქონდა საზამთრო (აგრეთვე ყარაღაჯში) და საზაფხულო (მაღაროში) რეზიდენციები კახეთის მეფე დავით II-ს (იმამყული ხანი 1703-1722). XVIII საუკუნის II ნახევარში, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მმართველობის დროს, ქიზიყი მთავარ როლს ასრულებდა დაღესტნიდან და ჭარ-ბელაქნიდან მოძალებული მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში. XVIII საუკუნის II ნახევარში დაწინაურდა და ქიზიყის მთავარი ქალაქი გახდა სიღნაღი.
      მეცნიერთა გამოკვლევით, თანამედროვე სიღნაღის რაიონის ტერიტორია, დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ, ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი.
      რაიონის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ.
      ამ მიწა-წყალზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს. საერთოდ კახეთი და, მაშასადამე, მასში შემავალი სიღნაღის რაიონიც მიჩნეულია ერთ-ერთ იმ ტერიტორიად, სადაც ადამიანი ფიზიკურად და სულიერად ყალიბდებოდა.
      რაიონის ტერიტორიაზე ხშირად პოულობენ პალეოლითურ, ნეოლითურსა და ბრინჯაოს ხანის იარაღებს.
      ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია შედიოდა იბერიის სამეფოში და იწოდებოდა კამბეჩოვნად.
      კამბეჩოვნად (ქიზიყად) იგულისხმება დღევანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორია (ძირითადად). ქიზიყი მთლიან ერთეულს წარმოადგენდა არა მარტო ტერიტორიულად, არამედ სხვა მხრივაც. იგი ქართლ-კახეთის სხვა კუთხეებისაგან განსხვავდებოდა სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, ზნე-ჩვეულებებით, კილოკავით.
      ქიზიყის შესახებ გამოჩენილი ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე წერს: «ქიზიყი ერთი უძლიერესი ნაწილია კახეთისა. ეს ქვეყანა ბევრით არის შესანიშნავი. სხვათა შორის, იმითაც, რომ იქ არ იციან, რას ჰქვიან ბატონობა. თუ კახელი, საზოგადოდ, მაგარი ხასიათისა არის და უტეხია, ქიზიყელი ამ შემთხვევაში სრული დასრულებაა ამ ტიპისა... ამ მხარეში ხალხი ახოვანი იზრდება და ძლიერი ბუნება არაფერს არ აკლებს ქიზიყელს, რომ იყოს ხელგაშლილი და ზვიადი.
      ეს არის მხარე ღვინისა და პურის ბარაქის, თითქოს აქ მთებსაც კარაქი სცხიათ, ისეთი ნოყიერი ბუნებაა და უხვი მოსავალი».
      ქიზიყი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ისტორიამ მას დააკისრა, რომ პირველი შეგებებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოსეულ მტერს.
      ვინ მოთვლის რამდენი მტარვალი მოსდგომია საქართველოს საზღვრებს ამ მხრიდან! რომაელები და სპარსელები, არაბები და მონღოლები, ლეკები და თურქები ერთი წუთით არ ასვენებდნენ ბნელი ეპოქებით ისედაც გაწამებულ საქართველოს.
      ქიზიყელები ერთ-ერთი პირველნი იყვნენ იმათ შორის, ვინც მტერთან ბრძოლაში საუკეთესო სამხედრო მომზადებას, ფიზიკურ გამძლეობას, ქედუხრელობას, თავისუფლების სიყვარულსა და სიმამაცეს ამჟღავნებდა, ვინც სამშობლოს მტრებს ყველაზე მეტ ზიანს აყენებდა და, დამარცხების შემთხვევაში, ვისაც ყველაზე მეტი და მძიმე ჭრილობები რჩებოდა.
      ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდანვე კამბეჩოვანის (ქიზიყის) მთავარ ქალაქად ხორნაბუჯი ითვლებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აქ იჯდა არა მარტო საერო ხელისუფალი, არამედ სასულიერო წოდების წარმომადგენელიც ეპისკოპოსის სახით.
      მიუხედავად არაბების ამაოხრებელი შემოსევებისა, ისევე როგორც კახეთში, კამბეჩოვანიც საკმაოდ გაძლიერდა VIII-IX საუკუნეებში.
      ამ ხანებში ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო, სადაც შედიოდა კამბეჩოვანიც. ჰერეთის მთავარი ექიშპებოდა და არ ემორჩილებოდა კახეთის ძლიერ მთავარს, რომელიც მუდამ ცდილობდა მდიდარი ჰერეთის დაპყრობას.
      მეფე ბაგრატ მესამემ ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასაწყისში ჰერეთ-კახეთი გაერთიანებულ საქართველოს სამეფოს შეუერთა. 1104 წელს ეს საქმე დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც ლაშქრობა მოაწყო ჰერეთ-კახეთში. ხორნაბუჯის ერისთავებს – საზღვრისპირა სამთავროს მმართველებს დიდი პატივით ღებულობდნენ თამარ მეფის კარზე, რადგან ისინი მამაცურად იბრძოდნენ საქართველოს მტრების წინააღმდეგ და დიდ ერთგულებას იჩენდნენ მეფის მიმართ.
      ქიზიყი საკმაოდ გაძლიერდა და წელში გაიმართა XVIII საუკუნეში, ერეკლი II-ის მეფობის პერიოდში. მეფე ერეკლეს ქიზიყი და ქიზიყელები განსაკუთრებით ჰყვარებია. შემორჩენილია უამრავი გადმოცემა, რაც პატარა კახისა და ქიზიყელების გულთბილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ამ ფაქტს თავისი გამართლება და მტკიცე საფუძველი აქვს. მეფე ერეკლე ქიზიყთან დაკავშირებული იყო ბავშვობით, ჭაბუკობით, მთელი თავისი ცხოვრებით. მის მიერ ჩატარებულ ბრძოლებში ქიზიყელები პირველ რიგებში იბრძოდნენ და მეფისადმი არაჩვეულებრივ ერთგულებას იჩენდნენ.
      საკმარისია გავიხსენოთ, რომ პატარა კახმა პირველი საბრძოლო ნათლობა ქიზიყში მიიღო, როცა 15 წლისა მამაცურად წარუძღვა ქიზიყელთა ლაშქარს, სასტიკად დაამარცხა ლეკთა ჯარი და გამარჯვებული დაბრუნდა მაღაროს.
      სახელწოდება ”სიღნაღი” წარმოდგება თურქული სიტყვისაგან და ნიშნავს თავშესაფარს. აქ ძველთაგანვე ყოფილა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იყენებდენ როგორც მოსახლეობის, ასევე პირუტყვის თავშესაფარებლად.
      ქალაქ სიღნაღისა და სიღნაღის ციხე-სიმაგრის ისტორია განუყრელად არის დაკავშირებული მეფე ერეკლე II-ის სახელთან, რომელმაც სხვებთან ერთად ”განაახლა... გალავანი სიღნაღისა” და მას მთავარი როლი დააკისრა ლეკების, ოსმალ-ყიზილბაშებისა და სხვა მტრებისაგან ქიზიყის თავდასაცავად.
      ერეკლე II-მ მოახდინა სიღნაღის გალავნის გენერალური რეკონსტრუქცია, გაამაგრა კედლები, გაახშირა ბურჯები და შეუხამა თავისი დროის მოთხოვნებს (სათოფურების დატანება და სხვა).
      სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელს საქართველოში. მას თითქმის 40 ჰექტარი ფართობი უჭირავს. გალავნის სიგრძე 4 კილომეტრამდეა. მთელ პერიმეტრზე განლაგებული ყოფილა 23 კოშკი და იმდენივე კონტრფოსტი.


წყარო – არმურის საფიხვნო
http://armuri.4forum.biz/-f36/-t356.htm