|
ამერიკის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს. მაშინ მიშამ თავისი ახლადგამოცემული ლექსების კრებული "ბედისწერის ქიმზე" მაჩუქა, სადაც "ფორტ-პოლკური ზმანებანი" აღმოვაჩინე, შემდეგ კი ისევ გაუჩინარდა...
როს ატლანტიკას გადასერავს ფრთები ბოინგის
და სხვა სიმებად ათრთოლდება გული ქართული,
ლუიზიანას ცას შევხედავ წელგამართული
და იმედებით ილესება ოცნების ლინგი!
ვიტყვი: ამ სივრცეს, ამ ცხელ მიწას თავის დროზედა
თავს აფარებდა არაერთი მამულიშვილი,
ვით სან-ფრანცისკოს ალექსანდრე სულხანიშვილი,
ვინც სამშობლოდან წუხილები უხვად მოზიდა.
დღეს კი ჩვენ ვდგავართ კარიბჭესთან ახალი სივრცის,
ფართოდ, გულღიად გადახსნილან ბჭენი მძიმენი,
ვით მარსის ველზე ქანდაკება სხივთა მიმფენი,
ეფინებიან ხმანიც ჩვენნი დღეს აქ და ვიცი...
სულ სხვა იქნება მომავალი მამულის ჩვენის
ხვალე თუ არა, ზეგ თუ არა, იმის ზეგ – სწორად...
ჩამოინგრევა ბოროტების წყეული გორა
და საქართველო გაიხარებს მზის აღმომჩენი!..
რამდენიმე ხნის შემდეგ კი ხელში ჩამივარდა უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელის“ სპეციალური ნომერი „საქართველო“ №2(5) 2008, სადაც ეწერა რომ „ნომერზე მუშაობდნენ: თენგიზ ლობჟანიძე, მიხეილ ღანიშაშვილი, ივანე კოვალი, დავით კურტანიძე“. რადგან ჟურნალი ეხებოდა რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომს, საიტში გაჩნდა ქვეთავი 128 – მიხეილ ღანიშაშვილი – ქართველთა საპროტესტო აქციები კიევში. აგვისტო 2008 წ. – Міхеіл Ганішашвілі – АКЦІЇ ПРОТЕСТУ ГРУЗИН У КИЄВІ. ჟურნალის რედაქციაში კი გავაგზავნე წერილი, სადაც ვთხოვდი, როგორმე მიხეილ ღანიშაშვილი ჩემთვის დაეკავშირებინათ, მაგრამ უშედეგოდ...
ახლა კი თვით მიშა ღანიშაშვილი იდგა ჩემს წინ – მოციმციმე თვალებით და მომღიმარი სახით. აღმოჩნდა, რომ მამის გარდაცვალების გამო ჩამოსულა საქართველოში. ცოტა ხანს კიდევ ვიქნები, მერე კი ალბათ ისევ კიევში დავბრუნდებიო! შემდგომ საუბარში ერთი მეტად უცნაური სახელი ახსენა – „ურაკპარაკი“. მაშინვე მივხვდი, რომ ეს უცნაური სიტყვა ადრეც მსმენოდა და მიშასაც მოვუყევი:
2-3 თვის წინ რუსთაველზე შემთხვევით შემხვდა ჩემი უფროსი მეგობარი თეიმურაზ მიქაუტიძე. თემურის ჯერ კიდევ სამხედრო აკადემიაში მუშაობის დროს დავუმეგობრდი. თემური ყოველთვის „სიმპატიურ კახელად“ მომიხსენიებდა, მე კი მის პროზაულ ნაწერებს კორექტირებას ვუკეთებდი. ხშირად გვიხეტიალნია აღმა-დაღმა პოეზიით მთვრალებს. და ისევ – ამერიკა... და ისევ „ნატო“... ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ მიქაუტიძე ქართული სამშვიდობო ოცეულის უფროსი იყო! მართალია ამერიკელებმა ჩასვლისთანავე ერთმანეთს დაგვაცილეს: ჩვენ ლუიზიანას გველებით სავსე ტყეებში გვიკრეს თავი, ვიცე-პოლკოვნიკი თეიმურაზ მიქაუტიძე კი შტაბში წაიყვანეს, საიდანაც ხელოვნური თანამგზავრის საშუალებით „ეცნობოდა“ 22 ქვეყნის სამშვიდობო ოცეულების თავგანწირული ბრძოლის ეპიზოდებს. ბევრი ვისაუბრეთ, გავიხსენეთ ძველი ამბებიც. დამშვიდობებისას სასხვათაშორისოდ მითხრა: www.urakparaki.com-ში შედი, პროზაში ნიკო აშკარელი მოძებნე და იუმორისტული „ჩემი ამერიკა“ წაიკითხე, იქ შენზეც მიწერია რაღაცეებიო...
ძლივს მივიტანე სახლამდე ორი უცნაური სიტყვა: „ურაკპარაკი“ და „აშკარელი“. მაშინვე ჩავრთე კომპიუტერი და... ნეტავ არ ჩამერთო... აი, რას წერდა ჩემი „მეგობარი“ ჩემზე:
„ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც გენერალი თავის იმპროვიზაციულ ნიჭს მთელ სიგრძე-სიგანეზე ავლენს და სამწყობრო მომზადებაში აქამდე გამოუგონებელს ილეთებს იგონებს, სად იყო – სად არა, სამწყობრო მოედანზე მხრებჩამოყრილი და ვარაუდით მობლადუნე გოგი ალავერდაშვილი გამოჩნდა. გოგის თვალებიც აცა-ბაცა გაურბოდა და ღიმილიც, რომელიც ჩვენ ისე შემოგვაფინა, თითქოს ბრძოლის წინა ხაზიდან განსაკუთრებული დავალების შესასრულებლად მტრის ზურგში გვყავდა გაგზავნილი. ისე, რომ მის ცოცხლად გადარჩენას აღარავინ ელოდებოდა და ის კი უკან, სანგარში დაბრუნებულიყოს.
კაპიტნის ასე აღმატებული განწყობის მიზეზი ვერ გაიგო და ვერ გაიზიარა ამ ჩვენმა გენერალმა. ჩვენ შეგვეშინდა, ისე მრისხანედ შეიჭმუხნა წარბები. რა გასაკვირია, ის ხომ მოცემულ მომენტში მთელი მონდომებით ემსახურებოდა სამშობლოს და ამ დროს, ვიღაც უდიერი ასე უაზროდ აპირებდა ხელის შეშლას. მაგრამ არ ეშინოდა გოგის. კაპიტანი უკვე მოედანზე მოაბიჯებდა და მას ვეღარაფერი შეაკავებდა.
ჯიმიმ თვალები ისე მოჭუტა და დაიჯღანა, რომ აშკარად მძიმე ამბავი უნდა დატრიალებულიყო. გოგიმ, გენერლამდე ხუთი ნაბიჯი რომ იყო დარჩენილი, ერთი უცნაურად შეათამაშა მხრები, ვითომ წელში გასწორდა, ერთმანეთში არეულად მოჰყვა ხელების ქნევას წინ და უკან, ორიოდე ნაბიჯი მონდომებით გადაატყაპუნა, მერე ამ აბლანდული ფეხებს როგორც იქნა ერთმანეთთან თავი მოუყარა და ხელი ქუდთან მიიტანა“.
სწორედ ეს ფრაგმენტი მომხვდა თვალში... ამან გამაცოფა... შემდეგ კრიჭა-შეკრულმა თავიდან გადავიკითხე და მთლიანობაში საშინელებად აღარ მომეჩვენა... მესამედ კი უკვე ვხალისობდი! შემდეგ შევეხმიანე ჩემს „მეგობარს“ და ვკითხე, ისეთი რა დაგიშავე, ჩემზე ეს ტყუილები რატომ დაწერე, ხომ იცი რომ ასეთი არ ვარ და რაში გჭირდებოდა-თქო? უტიფრად მიპასუხა: ასეთი პერსონაჟი მჭირდებოდა, უცხოზე ხომ ვერ დავწერდი, აბა რისი მეგობარი ხარო? გამეცინა – ჯანდაბას „შენი ამერიკა“, ვინც მიცნობს – არ დაგიჯერებს, ვინც არ მიცნობს – მისთვის სულ ერთი არაა-თქო? შენგან ზუსტად ასეთ პასუხს ველოდი, დარწმუნებული ვიყავი, გამიგებდიო!
რამდენიმე ხნის შემდეგ წყენამ რომ გადამიარა, ისევ „ურაკპარაკს“ მივუბრუნდი... დაკვირვებით წავიკითხე დანარჩენი ავტორებიც... ყველა ასეთი „გადარეული“ ხომ არ იქნებოდა? იმდენად მომეწონა, რომ მაშინვე ბანერი ჩემს საიტში დავამატე!
ამ საუბარში ვართ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებელი საქველმოქმედო საღამოც დაიწყო. როგორც საღამოს წამყვანმა, უმშვენიერესმა ქალბატონმა თეა თაბაგარმა აღნიშნა საღამოზე შემოსული თანხა და სხვა სახის შემოწირულობები მოხმარდება ქ. რუსთავის "ბავშვზე ზრუნვის ცენტრს".
|