სოსო ნადირაძე




        თბილისს

როგორ მინდოდა...
შენზე მელოცა
მაგრამ ცოდვილმა
ხმა ვერ დავძარი,
მთაზე დარჩენილ...
ნოეს კიდობანს,
მოჰგავს ყოველი
შენი ტაძარი...

თუ ხოხობს სტკივა,
თბილისსაც სტკივა
აქ არის მეფეც,
თავის ამალით,
ბებერ მტკვარს
მტკიცედ შეუკრავს
ტივად,
შენი წარსული
და მომავალი

კვლავ შეშინებულ
მუდარას ვისმენ,
ეს არ უხდება
ქალაქს სატახტეს
თბილისი ქიმზე
შემდგარა ისევ
რომ ყველას თვალწინ
მტკვარში გადახტეს.



        ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან

ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს
და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან
გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს.

მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...



        ახლა მარტია

ახლა მარტია, ისე ვფიქრობ თითქოს დავბერდი
და სარკმელიდან სიყმაწვილის სურათს შევყურებ,
მოვა აპრილიც, პეშვს გაივსებს მწვანე საკენკით
და ყოველ დილით დააპურებს ერთგულ ბეღურებს.

ახლა მარტია, დამიჯერე, ჯერ არ ნახულა,
ჩემი სარკმელი, ასე ლურჯი, ასე ციმციმა,
ნეტა ვიცოდე ასე ჩუმად ამ გაზაფხულმა,
რომელ ბუდეში, რომელ ტოტზე გამოიძინა.

ახლა მარტია და მაკლიხარ ერთი ყვავილით,
ერთი ნუგეშით, ერთი ცრემლით, ერთი ტკივილით,
შენ ყოველ დილით ჩემს სარკმელთან ისე ჩაივლი,
რომ უმალ ლექსი ამაწყდება გულზე ღილივით...



        ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს

ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს,
ალბათ ბავშვივით ხელში ავიყვან,
გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს,
ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ.

გაზაფხული კი გზადაგზა დაღვრის
ყაყაჩოებით სავსე ფიალებს,
მერე რამდენი ფოთოლიც არის,
ქარში იმდენად გაიშრიალებს.

როცა შევატყობ კვირტებს სიმწიფეს
და დაეშვება ნისლი ფარდებად,
ირგვლივ რამდენი ბარტყიც ჟივჟივებს
ტოტზე იმდენჯერ შეფრთხიალდება.

შეაცოცდება ბელტებს მინდვრებად,
ცას გადაუფრენს მტრედის ხუნდებად,
შაშვს გალობაში შეეჯიბრება,
წეროებს მწკრივში ამოუდგება.

ყველა ბუდიდან ამოფრინდება,
დაბურულ ტყეებს შეეხიზნება
და ჩვენს გულებში განაწილდება
ამურის ტკბილ და მტანჯველ სიმღერად.

გვერდზე გადავდებ ჩემს ყველა სტრიქონს,
ჩემს ყველა ტკივილს განზე გავრიყავ,
ეს გაზაფხული ერთი რომ იყოს,
თოთო ბავშვივით ხელში ავიყვან...



        ძაღლი გრანიტი

სოფელს დარაჯობს ძაღლი "გრანიტი ",
ენით ილოკავს თათებს ქონიანს
და სახურავის ყველა კრამიტი,
სახლის მშიერი ენა ჰგონია...

რა დაკვირვება სცოდნიათ ძაღლებს,
ასე მკვირცხლებს და ასე მამაცებს,
მოვა წვიმა და გაბუტულ სახლებს
კრამიტის ენით ალაპარაკებს!



        შემოდგომა

რადგან დაეტყოთ სიყვითლე ტყეებს,
რადგან გაუცვდათ ფერი ბალახებს,
დგას შემოდგომა და მწვანე დღეებს
თავის ოქროსფერ სკივრში ალაგებს...

ისე ეხება ლერწების გრეხილს,
ვერ გამიგია, ზვრებს რომ გავყურებ,
მწიფე ყურძენს წყვეტს ნეტავი გლეხი,
თუ შემოდგომას პარავს საყურეს?!



        კახეთის მონატრება

მხრებით დამქონდა რაც ვერ გითხარი,
ეს ტვირთი დღემდე უნდა მეზიდა,
ასე რომ მეგრძნო შენი ცისკარი,
ამოსროლილი ალავერდიდან.

შენი მთებით ვარ ასე მდიდარი,
ნისლებში შენი ზვრების რხევითა
და მოვარდნილი ლექსის გრიგალი
გაცრეცილ ფურცლებს მტაცებს ხელიდან...



        კახეთი

ვნახე კახეთი
დაღარული შრომით მარჯვენა,
სივრცეს გავხედე
და ვიგრძენი ქვეყნის გაჩენა...

გავდა აკიდოს
ვენახების ასომთავრული,
ლერწზე ეკიდა
სიყვარულის ცეცხლი ფარული

ზეცა შუქს ანთებს,
ალაზანი დინჯად დუდუნებს,
ვხედავ მწვერვალებს
და გუმბათებს მზით დახუნძლულებს...



        ვითვლი ნაბიჯებს

ვითვლი ნაბიჯებს
და ქარს ვატან
კალენდრის ფურცელს
და რადგან მთებიც
იზრდებიან თურმე მითიდან,
თუ გზა დავკარგე,
თუ ლაბირინთს
წავაწყდი უცებ,
მეც ქარს გავყვები,
ის გამიყვანს
ლაბირინთიდან.

მატარებელი
მწუხარე დღის
მიყვება ამბავს,
ბეჭებზე მთები
დასწოლია ვით
პირამიდა,
ერთი გვირაბიც
საბოლოო იქნება ალბათ
და სხვა ცხოვრებას
დავინახავთ
იმ გვირაბიდან...



        # # #

ნისლში რომ მოსჩანს
არც თოვლია,
არც აფრებია,
არც სიმღერაა,
არც გუგუნი გადარჩენისა,
ყოველ ფოთოლში
ქარიშხალი ჩამსაფრებია,
ყოველ ყვავილში
შეფარული
ხმაა ლექსისა.

და ვერ აღვიქვამ
ნელა-ნელა,
როგორ ვფითრდები,
საღამოს ცაზე
წეროები,
როგორ კივიან,
აცრემლებულან
ჩემს სარკმელთან
ზამთრის ჩიტები,
მინდა ვანიშნო,
რომ ოთახი
უფრო ცივია...



        დედას

დედი მე მესმის შენი ტირილი
ჩემი გზები კი ბნელში მიდიან,
დამრცა შენს თმებში ბაღი გვირილის
და შორეული ცის იდილია.

როგორც ხომალდი შერჩეს აისბერგს,
გული ყინულის რკალში ჩაეფლო,
აქ აშრიალებს ფარდა ღამისფერს
და დგას თეატრის ცივი საუფლო.

აქ სხვა მხარეა, ამ მხარეს ქვია
უსახლკაროთა თავშესაფარი,
შორს ცის ტატნობთან მთვარის რექვიემს
ღრუბელი მისდევს მარტორქასავით.

ვეღარ მიხსნიან შენი ცრემლები,
შენი წყლულებიც ვეღარ მიხსნიან,
ქარებს დანებდნენ ბედის მტევნები
და უთავბოლო გზებით მიჰქრიან.

დათუ ჩვენს ბაღში, ვარდისფერ ბაღში
მე დაგიტოვე სევდა უძირო,
გთხოვ მაპატიო რომ არ ვარ ბაში,
რომელსაც გინდა მუდამ უცქირო...