|
წისქვილისკენ მიმავალი გზა მაღლობიდან მდინარისკენ, თელებს, უშველებელ გვიმრებსა და დიდგულებს შორის მიიკლაკნებოდა და ყველა წისქვილთან მიჰყავდა. ბავშვობაში ეფრატულა ამ გვიმრებმა და დიდგულებმა დაიფარეს და სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ხუთი კაცი კი ამ ადგილას დაიღუპა. წისქვილისკენ მიმავალი გზა ამავე დროს საიდუმლოებებისა და ტკივილის გზაც იყო. უზარმაზარ გვიმრებსა და დიდგულებს თავის დროზე არა მარტო ადამიანის, დათვის დამალვაც კი შეეძლოთ. გზის ბოლოს წისქვილი რომ გამოჩნდებოდა, ადამიანს ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს იქიდან საცაა დათვი გამოვარდებოდა. რადგან გარშემო ყველამ იცოდა, რომ აქ ერთ დროს დათვები ცხოვრობდნენ.
წისქვილი ხის მორებისგან იყო აშენებული. ბავშვის გარდა, თავდაუხრელად შიგ ვერავინ შევიდოდა. კარი გარედან ურდულით იკეტებოდა. ურდულის გაღება და შიგნით შესვლა არც ძაღლებს, არც ტურებს, არც მელიებს და არც მგლებს არ შეეძლოთ. მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ურდულს დათვები აღებდნენ. ოღონდ დათვებს წისქვილის მიდამოები ახლად ჩამოსახლებული ადამიანებისთვის დაეტოვებინათ და მთებისთვის შეეფარებინათ თავი. წისქვილსა და დათვებს ახლა ერთადერთი რამ აკავშირებთო, – ამბობდნენ. წყალი, რომელიც წისქვილის ქვას ატრიალებდა, იმ მთებში იღებდა სათავეს, სადაც დათვები ცხოვრობდნენ. წისქვილის შემოგარენში მუდამ ტრიალებდა დათვების სუნი, თუმცა არავინ იცოდა, ამ სუნით მიწა გაჟღენთილიყო თუ მთებიდან წყალს მოჰყვებოდა.
როცა მამა-შვილი ამ გზით წისქვილს მიადგა, ადრიანი დილა იყო. ნისლიანი ამინდი იდგა და გრილოდა. მიუხედავად იმისა, რომ სციოდა, ბიჭი გარეთ დარჩა და წისქვილის ირგვლივ ბორიალს მოჰყვა. თითქოს წისქვილს ყოველ ჯერზე ხელახლა აღმოაჩენდა ხოლმე, თუმცა მისი აღმოჩენები ყოველთვის ერთი და იგივე იყო.
– ბორბალი წყალში რატომ არ ტყდება, მამი? – ჩვეულებისამებრ იკითხა ამჯერადაც... ბიჭმა კისერი წაიგრძელა და წისქვილის ქვეშ შეიხედა. ასე იქცეოდა ყოველთვის, როცა მამასთან ერთად წისქვილში მოდიოდა. ძალიან უყვარდა, როცა წისქვილის ჩარხიდან სახეზე წყალი ეშხეფებოდა და ტანსაცმელს უსველებდა...
ქვას თუ არ ჩავთვლით, ჩარხი წისქვილის ყველაზე საინტერესო განყოფილება იყო. ისე სწრაფად ბრუნავდა, რომ ბავშვის გონება ვერაფრით წარმოიდგენდა, თუ ის რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. ბავშვისთვის ამ ჩარხზე სწრაფად მბრუნავი არაფერი არსებობდა დედამიწის ზურგზე.
მამამ წყალი მიუშვა, წისქვილი აამუშავა, ნაფქვავის ზომა დააყენა და გარეთ გავიდა. ახლა სიგარეტს აბოლებდა. ბიჭს პასუხი ისე გასცა, თითქოს ეს შეკითხვა პირველად ესმოდა, ჩარხისთვისაც არ შეუხედავს...
– კიკი ჩარხების ძალიან კარგი ოსტატი იყო, ისევე, როგორც კარგი მჭედელი... ჩარხი ბზისგან ისე მკვიდრად გაუკეთებია, რომ ვერც გიჟივით მოვარდნილი წყალი აკლებს რამეს და ვერც დათვები ამტვრევდნენ თავის დროზე...
ეს რომ თქვა, სიგარეტის ბოლს მიაშტერდა და ჩაფიქრებული თავისი ბავშვობისკენ გაუდგა გზას... მამასთან ერთად წისქვილში მისულიყო ადრე დილით. ციოდა. ახლა მამას იმას ჰკითხავდა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა. უბანში ბავშვები სულ იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ წისქვილში დათვი ცხოვრობდა.
– აქ დათვი არი?
– დათვი? – გაიმეორა, სანამ პასუხს გასცემდა, – ჩემს ბავშვობაში დათვებით სავსე იყო აქაურობა, ფუტკრებივით დაფუთფუთებდნენ, და კიდე გარეული ღორები... კაცს გაეღიმა. ის დრო გაახსენდა, როცა აქ გადმოსახლების შემდეგ პირველ ხანებში, ღამღამობით ფანჩატურებში ისხდნენ, თუნუქს ახმაურებდნენ და ისე აფრთხობდნენ გარეულ ღორებს.
– ჰაი, გიდი... გარეული ღორები... – ჩაიბუტბუტა თავისთვის.
– გარეული ღორები კი არა, დათვი თუ არის - მეთქი, მამი, წისქვილში? – შეკითხვა გაუმეორა ბავშვმა.
– მოეშვი მაგ გარეულ ღორებს... – უთხრა კაცმა, გეგონებოდა, გარეულ ღორებზე ლაპარაკი ბავშვს წამოეწყოს, – მთავარი დათვებია! პატარა რომ ვიყავი, ერთხელ მამაჩემთან ერთად მოვედი წისქვილში. დათვი შიგნით იყო, წისქვილის კარი კი - ღია. მამაჩემმა მაუზერი ჰაერში ისროლა და დათვი გარეთ გამოდევნა. დათვს დამნაშავის იერი ჰქონდა. სწორედ იქ დადგა, შენ რომ დგახარ. შემომხედა, გამიღიმა, თითქოს იმის თქმა უნდოდა: აჰა, შეგიძლია, კარგად დამათვალიეროო. მერე წისქვილის ქვეშ შეძვრა და ჩარხს სწვდა. მეგონა, მოაგლეჯდა. მაგრამ მხოლოდ კვნესა აღმოხდა, მეტი არაფერი. ჩარხი ისეთი მკვიდრი იყო, ვერაფერს გახდა. ერთხელ კიდევ შემომხედა და აღმართს შეუდგა.
ბავშვი გაფართოებული თვალებით უსმენდა მამას. მიუახლოვდა და შარვლის უკანა ჯიბეზე ჩაებღაუჭა, თან წისქვილის ჩარხს უყურებდა.
– და რომ გაეტეხა, – უთხრა მამას, – რომ გაეტეხა...
მამის ჯიბეზე ჩაბღაუჭებული ბავშვის აზრით, დათვს იმდენი ძალა შესწევდა, რომ წისქვილის ჩარხი დაეფშვნა. მაგრამ, როცა დათვი ჩარხს დაეჭიდა და მოგლეჯა მოუნდომა, ჩარხმა თვალები დახუჭა და თითქოს შეევედრა: ამას ნუ იზამო.
– ნუ მიზამ ამას, – უთხრა ჩარხმა, – ჯერ კიდევ ბევრი წყალი უნდა ვადინო, ბევრი საფქვავი დავფქვა. თუ გამტეხ, შენ რა ხეირი გექნება? ღონიერი რომ ხარ, ისედაც იცის ყველამ. ამ ბავშვმაც კი, ახლა რომ თვალს გვადევნებს...
დათვი ცდილობდა, მისი სიტყვები არავის გაეგონა, რადგან ბავშვი მიშტერებოდა. ჩარხს კი ეს არ ენაღვლებოდა, რადგან ბავშვს ვერ ხედავდა.
– ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, – მიუგო დათვმა, – მე მხოლოდ ლეგენდა მინდა შევქმნა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ხალხმა ილაპარაკოს, ზღაპრებში მოჰყვეს...
– ესე იგი, დამამტვრევ, – დასძინა ჩარხმა, – ამდენი სიკეთის მიუხედავად...
– ცდები, – უთხრა დათვმა, – ისე ვიზამ, ვითომ ვერ მოგერიე. ვითომ ვეცადე, მაგრამ ძვრაც ვერ გიქენი და წავალ.
ჩარხი გაოცებული მისჩერებოდა დათვს. ვერ გაეგო, დათვის ნათქვამი რას ნიშნავდა. თუ ვერ მოერეოდა, ლეგენდა როგორ წარმოიშობოდა? დათვს, დიდი ხანია, იცნობდა და მისთვის ზიანი არასდროს მიუყენებია. ზედმეტი ცნობისმოყვარეობისგან ისიც კი დაავიწყდა, რომ ჩარხი იყო.
– თუ ვერ დამამტვრევ, ლეგენდარული დათვი როგორღა გახდები?
– ლეგენდის დატოვება დათვზე კი არა, ჩარხზე მინდა, – აუხსნა დათვმა, – სხვა რომ არა იყოს რა, იმდენი ფქვილი მიჭამია შენი...
დათვმა დაიკვნესა – აქაო და ჩარხს ვერაფერი დავაკელიო – და იქაურობას გაეცალა. ჩარხზე კი, მართლაც, ლეგენდები დადიოდა.
ზაფხულობით, როცა არ წვიმდა და წყალიც ისეთი მარჩხი ხდებოდა, რომ წისქვილის ჩარხსა და ქვას ვეღარ ატრიალებდა, წისქვილიც ვეღარ წისქვილობდა. გაზაფხულზე, შემოდგომაზე და ზამთარში, წყალი თუ არ იყინებოდა, არემარეში მცხოვრებლებს ფქვილის გარეშე დარჩენისა არ ეშინოდათ. დილაობით მოხუცები, რომელთაც უძილობა აწუხებდათ, საღამოს კი ახალგაზრდები ზურგზე მარცვლეულით სავსე ტომრებს მოიკიდებდნენ, ან ცხენებსა თუ ვირებს აჰკიდებდნენ და წისქვილს მიაშურებდნენ. ამიტომ წისქვილის გარშემო საქონლის გამოსაბმელად სოლები იყო ჩარჭობილი. ზოგს თავისი ცხენის თუ ვირის დასაბმელად ამ სოლებს წისქვილის მორები ერჩივნა, როგორც ბიჭის მამა მოქცეულიყო ახლა...
– მამი, რატომ სოლებს არ გამოვაბით? – ჰკითხა ბავშვმა და თითი სოლებისკენ გაიშვირა...
– რატომ უნდა გამომება, ჩვენი ვირი მათარ ოსმანის ვირი კი არ არის. თუ ძალიან უნდა, მათარმა გამოაბას ამ სოლს თავისი ჩოჩორა ვირი. ასჯერ ვუთხარი, ეგ სოლები აქ არ დაარჭო - მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა... ჩვენი ვირი ყოველთვის თავაწეული უნდა იყოს, მაშინაც კი, როცა ყროყინებს. როცა გაიზრდები, შენი ვირი მიწაში ჩარჭობილ სოლებს არასოდეს გამოაბა, გახსოვდეს!
– კარგი, – მიუგო ბავშვმა მხიარული ღიმილით.
სწორედ ამ დროს, თითქოს მათი სიტყვები გაიგოო, ვირმა თავი ასწია და ისეთ ყროყინს მოჰყვა, ცა და მიწა შეძრა... თან მოისაქმა კიდეც... ბავშვმა სახეზე ხელი აიფარა და: ფუუუჰო, – თქვა.
– კარგი, მოეშვი ახლა მაგას, – უთხრა მამამ, – ხმას მიუგდე ყური, ხმას! განა ასეთი როყიო ხმა რომელიმე სხვა ვირს აქვს?
მართლაც არ ჰქონდა...
– არა აქვს, ვიცი. ჩვენი ყველაზე მაგარია... ხალიც ძალიან ლამაზი აქვს სახეზე, იმიტომაც მიყვარს.
– რა თქმა უნდა, ასეა... ეს ვირი ყარაყუშში ვიყიდე, გზაში რამდენი სოფელი გამოვატარე, ვინ იცის?
მამა ერთხანს ბავშვს შესცქეროდა. ბიჭმა იცოდა, რომ იგი კითხვაზე პასუხს არ ელოდა და ისევ საუბარს გააგრძელებდა. ასეთი ჩვევა ჰქონდა საერთოდ – შუა ლაპარაკში თითქოს შეკითხვას სვამდა და ისევ აგრძელებდა.
– ამასთან შედარებით ჯორიც კი ვირია.
– ყველა აქყუშს ეძახის და შენ რატომ ეძახი ყარაყუშს, მამი?
მამამ ეს შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. ბიჭმაც იცოდა, რომ მშობლები ყოველთვის არ პასუხობდნენ ყველა კითხვას. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვები კითხვას კითხვაზე სვამდნენ...
მიუხედავად იმისა, რომ პატარა იყო, ბიჭმა კარგად იცოდა, რომ ის ადამიანები, რომელთა შორისაც ცხოვრობდა, ერთმანეთს ფარულად ეპაექრებოდნენ. მამამისის მიერ თავისი ვირის ეს გადაჭარბებული ქებაც ამის შედეგი იყო. ვის ჰქონდა სახლში რადიო, ვის რადიოს ჰქონდა უკეთესი ხმა, ვისი ძროხა მეტს იწველიდა, ვინ რამდენ ხანს უნდებოდა ყანის მოთოხნას... ვის ჰყავდა ცხენი, ვისი ცხენი უფრო სწრაფი იყო. ყველაფერი, რაც კი ადამიანს შეიძლებოდა თავში მოსვლოდა, ქიშპობის საბაბი ან ფარული კონკურენციის თემა იყო...
რადიო ახალი ხილი იყო. ვინც მყიდველი იყო, “ფილიპსს” ან “გრუნდინგს” ყიდულობდა. მერე ყანაში თან მიჰქონდათ, ხმას ბოლომდე უწევდნენ და ერთმანეთს აჯიბრებდნენ; და ყველა იმას ამტკიცებდა, რომ მის რადიოს უკეთესი ხმა ჰქონდა, რადგან საკუთარ რადიოს ყველა ახლო მანძილიდან უსმენდა...
ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ რადიოების შეჯიბრში არ მონაწილეობდა, ეფრატულა იყო. ეფრატულა საიდუმლოებებით აღსავსე ქალი გახლდათ, თუმცა ეს მარტო ასიემ იცოდა და სხვამ არავინ. უშველებელ გვიმრებსა და დიდგულებში ჩაფლული ეფრატულა ბავშვობაში მამისა და თავისზე სამი წლით უფროსი ძმის მკვლელობის მოწმე გამხდარა. რომ წამოიზარდა, მამისა და ძმის მკვლელი სამი კაცი იმავე ადგილას მოუკლავს. ოღონდ ამას ყველა მაშინ უყვებოდა ერთმანეთს, როცა გარშემო სხვა არავინ იყო. ეფრატულას ნამდვილი თავგადასავალი კი არავინ იცოდა.
უკვე საკმაოდ ხანში შესულ ეფრატულას არაფრით შეეძლო იმის გაგება, ადამიანის ხმა ყუთიდან როგორ გამოდიოდა. მაგრამ ბოლოს მანაც გამოიტანა დასკვნა. თავი დაირწმუნა, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი სიმაღლისა არ იყო და ისეთი დაბალი ადამიანები არსებობდნენ, რომელთაც რადიოში შეტევა შეეძლოთ... ეფრატულას ახლა ერთადერთი რამ აინტერესებდა – რითი იკვებებოდნენ ეს ჯუჯა ადამიანები... რადგან არასოდეს უნახავს, რომ მის ვაჟს, რომელსაც რადიო ეყიდა, სახლში მოეტანა და მთელი დღე აყვირებდა, ამ ადამიანებისთვის საჭმელი ეჭმია.
– ჭო, რას აჭმევ შენ ამათ?
– ვის? – ჰკითხა გაოცებულმა შვილმა.
– ამ კაცებს, – უთხრა ეფრატულამ და ხელი რადიოსკენ გაიშვირა...
– სიმინდს, სიმინდს, – მიუგო შვილმა.
ეფრატულამ ეს სავსებით ლოგიკურად ჩათვალა და გადაწყვიტა, რომ ბიჭი სიმინდის მარცვლებს რადიოს პაწაწინა ნასვრეტებში ყრიდა.
– ჰოო, მეტი გამიხარდა, – დასძინა მოხუცმა ქალმა. თუმცა ამ დიდი სიხარულის მიზეზი ის კი არ იყო, რომ შვილი ჯუჯა ადამიანებს კვებავდა, არამედ ის, რომ მათ არსებობაში დარწმუნებულიყო.
მამამ მეორე პაპიროსი მოახვია, ჩარხი და წისქვილის ქვა ისევ ბრუნავდა. ბავშვი კი წისქვილის ირგვლივ ისრებს ისროდა. გონებაში ახალი შეკითხვა დაებადა და ვერ გადაეწყვიტა, ეკითხა თუ არა მამისთვის... სწორედ ამ დროს წისქვილის სახურავზე თაგვი შენიშნა, რომელიც მას მიშტერებოდა.
– თაგვიიი... – წამოიძახა შეშინებულმა და აღელვებულმა. ბიჭმა, რომელიც ახალი შეკითხვის დასმას აპირებდა, სული მამის სიახლოვეს მოითქვა.
– ხომ არ შემოგვახტება?
– არა, – უთხრა მამამ.
– და ბაბუას რომ შეახტა...
– შენ რა იცი? – ჰკითხა მამამ სერიოზულად. ამ დროს, თვითონ ჰქონდა ნაამბობი. ბიჭმაც იცოდა, რომ ამ სერიოზული გამომეტყველების უკან ხუმრობა იმალებოდა.
ახალგაზრდა კაცს ნეფისე უყვარდა. გოგოსთვის რომ თავი მოეწონებინა, გადაწყვიტა, ის ერთადერთი დათვი მოეკლა, წისქვილს რომ სტუმრობდა ხოლმე. მართლაც, ერთ დღეს წისქვილში რომ მივიდა, დათვი შიგნით დაუხვდა. წისქვილს ფრთხილად მიუახლოვდა. კარი გამოღებული იყო. მას ამოეფარა და ღრიჭიდან მიზანში ამოიღო. როცა დათვი გარეთ გამოსვლას დააპირებდა, ტვინს გაასხმევინებდა. დათვმა ფქვილის გარდა სხვა სუნიც რომ იყნოსა, აფორიაქდა. შიგნით ბორიალს მოჰყვა და კარს ვეღარ მიაგნო. ამასობაში წისქვილის ქვაზე პატარა წრუწუნა გამოჩნდა.
– მთელი სიცოცხლე შენი მეშინოდა, ბიძია დათვო, – უთხრა თაგვმა, – მაგრამ ახლა საფრთხის წინაშე ხარ... ღმერთო, რა კარგია, რა კარგი... სახურავზე ავძვრები და იქიდან ვუყურებ შენს აღსასრულს. ცოტა ხნის წინაც სახურავზე ვიყავი. კარის უკან კაცი გელოდება ხელში თოფით, რომელსაც შენი მოკვლა უნდა. თავისთვის ამბობდა: შენი აღსასრულის დრო მოვიდაო, დათვო, თანაც ჩემი ხელიდანო. გმირი გავხდები, ჯერ ნეფისეს, მერე კი ყველას თვალშიო...
ერთი ზღაპრის მიხედვით, თაგვები ადამიანების აზრებს კითხულობდნენ, ოღონდ ეს ადამიანებმა არ იცოდნენ. მარტო კატებმა იცოდნენ. თუმცა იმის გამო, რომ ადამიანების ენაზე ლაპარაკი არ შეეძლოთ, ადამიანებს ვერ ეუბნებოდნენ ამის შესახებ. კატების მიერ გამოცემული ყველა ხმა ადამიანებისთვის კნავილი იყო. კატები დაჟინებით ცდილობდნენ ადამიანებისთვის ამის შეტყობინებას, თაგვები კი ამის გამო კატებს დასცინოდნენ. ახლა კი თაგვმა იცოდა, რომ კატა არსად ჭაჭანებდა.
– მაგრამ, – განაგრძო თაგვმა, – ეს საბრალო ადამიანი ამას რომ ამბობდა, თან შიშისგან ცახცახებდა.
თაგვის სიტყვების გაგონებაზე დათვი გაშეშდა. თათი წისქვილის ქვას ერთი კი მოუსვა, მაგრამ თაგვი მაშინვე სახურავისკენ აძვრა. როცა დარწმუნდა, დათვი ვეღარ მისწვდებოდა, ხითხითს მოჰყვა.
– რას მერჩი, ბიძაჩემო? მე მხოლოდ მაყურებელი ვარ, კართან ნახავ, რაც დაგემართება...
როცა მამა ბაბუის ამბავს უყვებოდა, ბიჭი პირდაღებული უსმენდა. გაოგნებული იყო.
– ეს ის თაგვია, მამი? – ჰკითხა ბოლოს და წისქვილის სახურავს მიაშტერდა. მაგრამ თაგვი აღარსად ჩანდა. წასულაო, – აღმოხდა გულდაწყვეტილს.
დათვი ერთხელაც დატრიალდა, მაგრამ ვერ გადაწყვიტა, რა ექნა... უცებ ღრიალით კარისკენ გაექანა და თავი სწორედ იქით გასწია, სადაც ახალგაზრდა ელოდებოდა. მასაც ის-ის იყო, ჩახმახი უნდა გამოეკრა, რომ თაგვი სახეში შეახტა. ისედაც შეშინებულ ახალგაზრდას მაუზერი გაუვარდა, მაგრამ ტყვია დათვს ასცდა და ჰაერში გაუჩინარდა. ახალგაზრდა კაცს მაუზერი ეფრატულასგან უთხოვია, თუმცა არ უთქვამს, რისთვის სჭირდებოდა. ამასობაში, დათვი მიწაზე გაგორებულ ახალგაზრდა კაცს დაადგა თავზე და, ის-ის იყო, მისკენ გადახტომას აპირებდა, რომ თაგვი განზრახვას მიუხვდა.
– მომისმინე, ბიძაჩემო, – უთხრა თაგვმა, – მაგან ჭკუა უკვე ისწავლა. ეს გაკვეთილი სიცოცხლეში არ დაავიწყდება. ხომ ხედავ, შარვლის ტოტებიც კი დასველებია. ეს ამბავი ხალხში გავრცელდება და დათვის ხსენებაზე თმა ყველას ყალყზე დაუდგება. მაგრამ თუ მოკლავ, ეს ამბავი ყველას დაავიწყდება... თან ისიც გახსოვდეს, რომ რასაც დასთეს, იმას მოიმკი!
მდინარე, რომელიც წისქვილისკენ მიედინება, იალაღების გავლით ტანმაღალ ნაძვებს, თელებს, უშველებელ გვიმრებსა და დიდგულებს შორის დაბლა მიიკლაკნება და ყველაფერი წისქვილთან მიაქვს. ახალგაზრდა დათვი, რომელსაც ზედმეტ სახელად ყველა ბორბალს ეძახდა, ამ მდინარეს იმ წისქვილისკენ გაუყვა, რომლის ჩარხიც, როგორც ამბობდნენ, პაპამისს ვერ გაეტეხა. მთელი ღამე შეუსვენებლად იარა წყალში. გვარიანად განათებულიყო, როცა შენიშნა, რომ წყალი მდინარის მარცხენა ნაპირიდან არხით სხვა მხარეს მიეშვათ. ეს ის წყალი უნდა ყოფილიყო, რომელიც წისქვილის ჩარხს აბრუნებდა. არხის ბოლოს რომ მიადგა, დაინახა, როგორ ეცემოდა მაღლიდან წყალი ღარის დახმარებით წისქვილის ჩარხს. წყალი ღარში მიდგაფუნებდა, მთელი ძალით ჩარხს ეცემოდა და მას ძალიან სწრაფად აბრუნებდა. ჩარხის მიერ დატრიალებული წისქვილის ქვა გამაყრუებლად ხმაურობდა. დათვი მაღლობზე შეჩერდა. ათიოდე მეტრით დაბლა, წისქვილთან, მისკენ ზურგით ორი ადამიანი ჩამომჯდარიყო. მათ სიტყვებს ღარიდან გადმოვარდნილი წყლისა და წისქვილის ქვის ხმაური ახშობდა.
ახალგაზრდა დათვმა ხის პატარა ნაფოტი აიღო, ღარში გაარჭო და წყალს მიმართულება შეუცვალა. ჩარხმა და წისქვილის ქვამ მოძრაობა შეანელეს, ღარიდან გადმოვარდნილი წყლის ხმაურიც შეწყდა, ბოლოს კი ჩარხიცა და წისქვილის ქვაც გაჩერდა. მარტო ღარის მარჯვენა კიდიდან მდინარისკენ გადადენილი წყლის ხმაღა ისმოდა. გაოცებულიM მამა-შვილი ადგილიდან წამოვარდა. უკან რომ მოიხედეს, ღართან წამოჭიმული დათვი დაინახეს. ორივეს ერთნაირი ჩურჩული აღმოხდა:
– დათვიიი...
|