ფერეიდნული ჩანაწერები


      ირანში სომხეთის გავლით წავედით. ვახტანგ სეფიაშვილი, თორნიკე ფანიაშვილი და არსენ ონიკაშვილი გზადაგზა სპარსულ ფრაზებს მასწავლიდნენ და ფერეიდნული მეტყველებისათვის დამახასიათებელი გამონათქვამებით მავსებდნენ.


სამშობლო

      ოთხი საუკუნის წინ ძალად წაგლეჯილ სისხლსა და ხორცთან ერთად ჩემი სურვილით მივდიოდი იქ, სადაც ჩვენი წინაპრები ცეცხლითა და მახვილით ჩაიყვანეს...


მარზი

      პირველი შთაბეჭდილება დიდ ტკივილთან და გაოცებასთან იყო დაკავშირებული. ჩადრმა თავისებური, უცნაური და დამთრგუნველი გავლენა მოახდინა ჩემზე... მარზზე, ანუ საზღვარზე ტიპიური ირანელი ქალივით ჩაცმული გადავედი და ჩემს არაირანულ წარმოშობას მხოლოდ კოლხი ქალისათვის დამახასიათებელი ცისფერი თვალები და თავსაფრიდან გამოჩრილი ქერად შეღებილი თმები ამხელდნენ. შევშინდი, როცა მესაზღვრეებმა ერთი ქალბატონი «შეუფერებელი ჩაცმულობის გამო» უკან გააბრუნეს და ირანში არ შეუშვეს. ეს შიში მანამ არ გამნელებია, სანამ კიდევ ერთხელ არ გადმოვიარე ეს ადგილი და საქართველოსაკენ მომავალ გზას არ დავადექი.
      ერთი სასიამოვნო დეტალი: საზღვარზე ირანელმა კონტროლიორმა ჩახედა ჩემს პასპორტს და ქართულად მითხრა: კარგად ხარ?


სოფელჩი როს მიხოლთ?

      ირანის დედაქალაქის ცენტრში უზარმაზარი სომხური დასახლებაა. რაოდენ უცნაური და გასაოცარიც არ უნდა იყოს, სომხები ირანში საკმაოდ დიდი პრივილეგიებით სარგებლობენ და კისერზე ჯვრებიც კი ჰკიდიათ.
       თეირანში მალხაზ გოგიჩაშვილის არაჩვეულებრივ ქართულ ოჯახში გავათენე ღამე. ამ ოჯახის დიდმა ბებიამ განმიცხადა, 35 წელია რაც ფერეიდანიდან თეირანს გადმოვსახლდით, მაგრამ «ფარსული» მაინც არ ვისწავლე, არ მინდა და იმიტომო... აქედან დაიწყო ჩემი ტკივილნარევი სიხარულით სავსე მოგზაურობა ფერეიდანში.


გოგიჩაშვილების ოჯახის მთავარი ქალბატონი

      დროთა განმავლობაში ქართველები მთელ ირანში გაიშალნენ და ახლა თითო-ოროლა ქართველს ყველგან ნახავ. ყველა მათგანი წინაპართა თავდაპირველ სამყოფელს, ფერეიდუნშაჰრს ანუ ფერეიდანს, სოფელს ეძახის... როცა გოგიჩაშვილების ოჯახში მკითხეს, სოფელჩი როს მიხოლთო, აღარაფრის დამატება საჭირო აღარ იყო, მივხვდი, ფერეიდანის შესახებ მეკითხებოდნენ.

ფერეიდუნშახრი
ფერეიდანის ჩუღურეთი
სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო...

      თეირანიდან ისპაჰანისაკენ მიმავალ გზას დავადექით. თანამედროვე, კომფორტულად აღჭურვილ ავტობუსებში მანძილს ვერ გრძნობ, ვერც სიცხეს, თუმცა აქ ალბათ საქართველოზე ათჯერ მეტად ცხელა, თანაც კომბოსტოსავით ხარ შეფუთული... გზაში ჩამთვლიმა. ვიღაცის დაჟინებულმა მზერამ გამომაღვიძა. ჩადრში გახვეული არაბი ქალბატონი მძვინვარე თვალებით მიყურებდა. გვიან მივხვდი: თურმე თავსაბურველი გადამძვრა ძილში, ეს კი იქაურთათვის, ყველაზე ცოტა, მრუშობის ტოლია. ამის შემდეგ, შეშინებულს სახლში ძალით მხდიდნენ თავსაფარს, ჩონსა ხარო. უკან დაბრუნებისას, საზღვარს აქეთ როცა ჩვეულებრივ სამოსში გამოვეწყვე, უცნაური შეგრძნება დამეუფლა, ისეთი, დანაშაულზე წასწრებულ ადამიანს რომ უჩნდება.


ბედი და ბედისწერა

      ულამაზესი ქალაქია ისპაჰანი. გადმოცემის თანახმად, შაჰმა თავდაპირველად კახეთიდან აყრილი ქართველობა ისპაჰანის ტერიტორიაზე დაასახლა, მაგრამ მათ კონფლიქტი მოუხდათ იქ ჩასახლებულ სომხებთან, რომლებიც ირანის ხელისუფლებას ვაჭრობის განვითარებისათვის სჭირდებოდა. სომხებთან და ირანის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეუთავსებლობის გამო ქართველები ისპაჰანიდან ფერეიდუნშაჰრში გადაასახლეს. ამით ირანმა ორი კურდღელი დაიჭირა: ხრიოკ მიწაწყალზე დასახლებით ერთგვარად დასაჯა ისინი და, მეორე და უმთავრესი, თავისი საზღვრები გაიმაგრა.
      ირანში მცხოვრები სომხები დღესაც ქრისტიანები არიან და თავისუფლად ატარებენ ჯვარს. ირანს მათგან არ მოუთხოვია რჯულის შეცვლა, რადგან მათთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ ჰქონდა: სომხებისაგან ისინი მხოლოდ ვაჭრობის აყვავებას მოითხოვდნენ. სულ სხვა იყო ქართველებთან დაკავშირებით. ქართველთა მეომრულ სულისკვეთებას და მოხერხებულობას ირანი ღირსეულად აფასებდა და კარგადაც იყენებდა. ქართველები მუდმივად მაღალ სამხედრო თანამდებობებზე იყვნენ. ბუნებრივია, ასეთ პოსტზე ქრისტიანს არ იგუებდნენ. ირანის არმიის მთავარი ძარღვი ქართველები იყვნენ. შაჰის პირადი ჯარი ძირითადად გამაჰმადიანებული ქართველებისაგან შედგებოდა. ისპაჰანსა და მთელ ირანში დღესაც პოპულარულობით სარგებლობს ნახატი, რომელზედაც შაჰის კარზე დიდებულთა დარბაზობაა ასახული. შაჰთან ყველაზე ახლოს ქართველი დიდებული, შაჰის ჯარის მთავარსარდალი ალავერდი-ხან უნდილაძე ზის. იგი იყო შაჰის პირადი მრჩეველი. ისპაჰანში დღესაც ფუნქციონირებს ხიდი, რომლის აგებასაც ხალხი ალავერდი-ხან უნდილაძეს მიაწერს. ამ გადმოცემას ამყარებს ის ფაქტი, რომ ეს ხიდი ოცდაცამეტი თაღისაგან შედგება და თანამედროვე ფერეიდნელები მას ქართული ანბანის 33 ასოსთან აკავშირებენ. ჩასვლისთანავე ამ ხიდის სანახავად წავედი. ირანში ყოფნისას რამდენიმეჯერ ვესტუმრე მას. ვნახე დილითაც და ღამითაც. სიამაყის ნაცვლად ტკივილის შეგრძნება დამეუფლა...


შაჰის სასახლე

      ისპაჰანში შაჰის სასახლეს ყოველდღიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს. ირანის უზარმაზარი იმპერიის მბრძანებელს სასახლეც უზარმაზარი ჰქონია. სასახლის ზედა ნაწილი მუზეუმადაა ქცეული, ქვედა ნაწილში კი სავაჭრო ცენტრებია განლაგებული და უჩვეულო მოწიწებით ეგებებიან მყიდველებს, მით უმეტეს, თუ შეგატყვეს, რომ ჩასული ხარ. გურჯობაც თუ შეგამჩნიეს, შეიძლება ერთი-ორი ქართული სიტყვაც გითხრან და ამით თავიც მოიწონონ.




შაჰის სასახლის შიდა ეზო

      შაჰის საბრძანებელი კარგად დავათვალიერე. ვნახე დარბაზი, სადაც შაჰი თავის მრჩევლებთან ერთად ქართველთა ისტორიას მისებურად ქმნიდა.




შაჰის სასახლის კიბეებზე

      სხვათა შორის, ირანის სკოლებში ბავშვებს დღესაც ასწავლიან, რომ ისტორიული ირანი ბევრად უფრო დიდი იყო და მის საზღვრებში საქართველოს ტერიტორიაც შედიოდა. რომელიმე მათგანმა ამ «ისტორიული სამართლიანობის» აღდგენა რომ მოინდომოს?!


იავნანის ნაცვლად მოყოლილი ისტორია

      ფერეიდანში ყველა ადგილს ქართული სახელიც ქვია. ყველას თავისი ისტორია აქვს; ისპაჰანში ალი-რეზა დავითაშვილის ოჯახში ვიცხოვრე ორი დღე. ამ არაჩვეულებრივმა ადამიანმა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. მან გადმომცა მისივე ხელით დაწერილი ირანის ქართველთა ისტორია, რომელსაც ფერეიდნელები თავიანთ შვილებს ახლა ძილის წინ უყვებიან. ეს გახლავთ ხელნაწერი რამდენიმე გვერდი, რომელსაც დართული აქვს ქართული გეოგრაფიული სახელების ნუსხა, შედგენილი თავად ბატონი დავითაშვილის მიერ: ზემო მარტყოფი, ჩუღურეთი, ვაშლოვანი, რუვის პირი, ნაქერალი, მირმახევი, ციხემთა, თათაშვილის გორა, ქალების ქობი...


ალი რეზა რაჰიმი, იგივე ბატონი რეზო დავითაშვილი
მარტყოფიც თბილისია

      დავითაშვილების ოჯახის ავტომანაქანით ისპაჰანიდან ფერეიდანისაკენ მიმავალ გზას დავადექით. ყორო, ჩონსა და დეგო, გულით მთხოვდა ოჯახის დიასახლისი.


PAGE 1
PAGE 2
PAGE 3
PAGE 4