2010 წლის 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს, მე და ჩემი სტუმრები – რობერტ მესხი და მისი მეუღლე, ქალბატონი ფიქრია ჩხარტიშვილი კახეთს გავემგზავრეთ. 2-3 კვირის წინ კი მათ რესპუბლიკის მოედანზე შევხვდი, სადაც ფერეიდნელ სტუმრებთან ერთად სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების უკვდავსაყოფად გამართულ აქციას ვესწრებოდით. საუბარში აქბარ მოყადასმა (ფერეიდნელმა სტუმარმა) კიდევ ერთხელ გადამიხადა მადლობა კახეთში საინტერესო ექსკურსიის მოწყობისათვის. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ფიქრიას დიდი ხნის ოცნება ყოფილა სიღნაღის და წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის ნახვა. მეც დავპირდი მათ, რომ უახლოეს მომავალში ამ თხოვნას გავითვალისწინებდი და, აი, 28 აგვისტოს – მარიამობას ჩვენ უკვე სიღნაღისკენ მივემგზავრებოდით.
სიღნაღში ჩასვლისას პირველ რიგში, ადმინისტრაციული შენობა და ცენტრალური მოედანი მოვინახულეთ. სამწუხაროდ „წვიმის ფესტივალი“ აღარ ტარდებოდა და კახურ სიცხესთან გასამკლავებლად რობერტი ხშირ-ხშირად ნაყინით გვიმასპინძლდებოდა.
|