მარიკა ხიხაძე – სკოლა «ივერიონი»



      2012 წლის 20 ივნისს, ახმეტელის სახელობის თეატრის სცენაზე, სკოლა „ივერიონის“ მეხუთეკლასელებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-შემეცნებითი სპექტაკლი „საქართველში იბადებოდნენ...“
      პატარა მსახიობებმა შესაშური ოსტატობითა და ემოციით სიტყვაში გააცოცხლეს სამშობლოსათვის მტერსშეწირულ მამულიშვილთა გმირობის, თავდადებისა და სიყვარულის საარაკო ამბები...
      სპექტაკლის დასაწყისშივე გაჟღერდა სამადლობელი უფლისა:
      “რა მაჩუქე, ეს რა მაჩუქე, ღმერთო, რას შემყარე! მადლობელი ვარ უფალო. მომეც ძალა, არ დავუთმო არავის, რაკი მაჩუქე, ძალაც მომეც დავიცვა. არსებობს ნეტავ უფრო დიდი სამშობლო? შემაზილე ამ მიწას, შემამსხვრიე ამ კლდეებს, ამაყვანინე ხელში ეს ზღაპრული დედოფალი და ჩამაკვრევინე მკერდში“.
      პატარა „ერისკაცებმა“ დასაწყისშივე მონუსხეს მაყურებელი... არცერთი ყალბი, არცერთი ლიტონი სიტყვა... სცენასა და დარბაზში ქართული, უდრეკი სული სუფევდა, რომელსაც არ შეიძლებოდა არ აეღელვებინე...
      მონღოლთა პირველი სასჯელიდან 2008 წლის აგვისტომდე მხატვრულად წარმოდგენილი საქართველოს ისტორია, შეუდრეკელ ქართველთა „საქმენი საგმირონი...“
      ქრისტეს სახელით ქრისტეს სჯულს შემორეული სასჯელი. „წითელი ტერორი“, ტაბახმელასა და კოჯორთან დაღვრილი სისხლი, რუსეთის არმიასთან მებრძოლი 300 პირტიტველა იუნკერი, კათალიკოს ამბროსი ხელაიასა და გენერალ კოტე აფხაზის ამაღელვებელი ისტორიები.
      სცენიდან გაცხადებული ქართველის გოდება: ქვეყანა ურჩხულის კლანჭებში მოექცა. საქართველომ დაკარგა ყველაზე ძვირფასი რამ, რისთვისაც იბრძოდა საუკუნეების მანძილზე, საქართველომ თავისუფლება დაკარგა! ზეციურ საქართველოში ატეხილი მეხთატეხა, დრტვინვა სულეთში, საფრთხე ეროვნული თვითმყოფადობისა და ეროვნული სულის გადასარჩენად, ერის გამოსაფხიზლებლად ღვთითმოვლენილი მართალი სიტყვა – ილია.
      1937; 1956; 1989 წლების გაცოცხლეული ქრონიკა. ერთ მუშტად შეკრულ ქართველთა გაერთიანება თავისუფლების დასაბრუნებლად. შოთას გამზირზე რომ იწვნენ და იდგნენ, თავისას ცეკვავდნენ, თავისას მღეროდნენ, თავისას მოითხოვდნენ, სხვისი არა უნდოდათ რა.
      უშიშარი ჭაბუკები და ქალიშვილები, მათი დედები და მამები, ბებიები და ბაბუები. უშიშრად მდგარი სრულიად საქართველო და სიმღერით, ცეკვით, ქვეყანაზე ლოცვით, საქართველოს სიყვარულით ერთ მუშტად შეკრული მტერს ამაყად მომლოდინე ერი.
      სამშობლოსათვის დანთხეული სისხლი, მალამოდ მოდებული საქართველოს დაჭრილ გულს. სამშობლოს ზღაპრად და ლეგენდად დაბრუნებული ქართველი გმირები.
      უყურებდი გულანთებულ პატარა ქართველებს სცენაზე და გჯეროდა: „სიცოცხლე ჩვენი არც დედისაა, არც მამისა, ქვეყნისა არის“... პატარები გარწმუნებდნენ, რომ არ იქნება ერი თავისუფალი, თუ მას არ ეყოლება ზნესრული, პირველხატს მიმსგავსებული ადამიანები. არ იქნებიან ზნესრული ადამიანები, თუ ერი არ იქნება თავისუფალი. ისინი უერთმანეთოდ არ არსებობენ...
      ერთი შეხედვით მძიმე, რთული დავალება იკისრეს პატარებმა, მაგრამ არჩევანი მათი იყო! ტექსტის უმეტესი ნაწილი ხომ მათი მოძიებული და შერჩეული იყო, ქალბატონ ლია ნამორაძის „გაშალაშინებული“, ქრონოლოგიით დაწყობილი და სცენას მორგებული. სიტყვას უფრო ემოციურს ხდიდა თემატურად, დიდი ოსტატობით შერჩეული გია ყანჩელის, სულხან ცინცაძის, გოგი ცაბაძის, რევაზ ლაღიძის მუსიკა, სკოლა „ივერიონის“ ქორეოგრაფის გიორგი ბედოიძისა და მუსიკის პედაგოგის ნანა ბრეგაძის ქართული ხალხური ცეკვებისა და სიმღერების სინთეზი.
      სპექტაკლში მონაწილეობდნენ სკოლა „ივერიონის“ მეხუთეკლასელები: ლიკა ბოლქვაძე, სალომე კვაჭანტირაძე, ანასტასია ჯახუა, ანდრია ერაძე, ანდრია ზარდიაშვილი, გიორგი გუჯეჯიანი, ლუკა ვაშაკიძე, ლევან გელაშვილი, გაიოზ ტოროშელიძე, გიორგი კაპანაძე, მამუკა წივილაძე, კახა მეტრეველი, ზურაბ ლაშხია.
      „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი...“










სკოლა „ივერიონის“დირექტორის მოადგილე
სასწავლო-აღმზრდელობით დარგში მარიკა ხიხაძე