«თუ არ გინახავს სიღნაღი»


                       

ლერი ბეგიაშვილი – სიღნაღი

      თბილის-კახეთის გზატკეცილის 98-ე კილომეტრზე, მთავარი გზიდან მარჯვნივ გადაუხვევთ და რამდენიმე წუთის შემდეგ სიღნაღის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩნდებით. მნახველი უმალვე რწმუნდება რაიონის ბუნების სიმშვენიერეში. გომბორის მთებიდან თვალწინ იშლება დიდებული ხედი, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.
      სიღნაღის რაიონი მარტო ბუნების სილამაზით როდი გამოირჩევა. რაიონი, რომლის ფართობი 1251,6 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკაში. იგი განთქმულია თავისი მიწის ნაყოფიერებითა და გამრჯე ადამიანებით.
      გომბორის მთები რაიონს ყოფს ორ ნაწილად (წინა მხარე და უკანა მხარე).
      რაიონში, სადაც დაახლოებით 50 ათასი კაცი ცხოვრობს, შედის 2 საქალაქო და 12 სასოფლო საბჭო (ქალაქები: სიღნაღი და წნორი, სოფლები: ანაგა, ვაქირი, საქობო, ბოდბისხევი, ჯუგაანი, ქვემო მაჩხაანი, ტიბაანი, ძველი ანაგა, ნუკრიანი, ბოდბე, მაღარო, ულიანოვკა).
      სიღნაღის რაიონს აქვს მძლავრი სოფლის მეურნეობა, განვითარებული მრეწველობა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგები. რაიონს ღირსეული წვლილი შეაქვს ქართული კულტურის განვითარებაში. იგი მდიდარია კულტურის უძველესი და თანამედროვე ძეგლებით.

* * *

      მეცნიერთა გამოკვლევით, თანამედროვე სიღნაღის რაიონის ტერიტორია, დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ, ზღვით ყოფილა დაფარული, რომელშიც კუნძულის სახით გამოიყოფოდა ცივგომბორის ქედის ზოლი.
      რაიონის თანამედროვე რელიეფის ჩამოყალიბება მომხდარა დაახლოებით ერთი მილიონი წლის წინათ.
      ამ მიწა-წყალზე მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობს. საერთოდ კახეთი და, მაშასადამე, მასში შემავალი სიღნაღის რაიონიც მიჩნეულია ერთ-ერთ იმ ტერიტორიად, სადაც ადამიანი ფიზიკურად და სულიერად ყალიბდებოდა.
      რაიონის ტერიტორიაზე ხშირად პოულობენ პალეოლითურ, ნეოლითურსა და ბრინჯაოს ხანის იარაღებს.
      ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია შედიოდა იბერიის სამეფოში და იწოდებოდა კამბეჩოვნად.
      კამბეჩოვნად (ქიზიყად) იგულისხმება დღევანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონების ტერიტორია (ძირითადად). ქიზიყი მთლიან ერთეულს წარმოადგენდა არა მარტო ტერიტორიულად, არამედ სხვა მხრივაც. იგი ქართლ-კახეთის სხვა კუთხეებისაგან განსხვავდებოდა სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, ზნე-ჩვეულებებით, კილოკავით.
      ქიზიყის შესახებ გამოჩენილი ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე წერს: «ქიზიყი ერთი უძლიერესი ნაწილია კახეთისა. ეს ქვეყანა ბევრით არის შესანიშნავი. სხვათა შორის, იმითაც, რომ იქ არ იციან, რას ჰქვიან ბატონობა. თუ კახელი, საზოგადოდ, მაგარი ხასიათისა არის და უტეხია, ქიზიყელი ამ შემთხვევაში სრული დასრულებაა ამ ტიპისა... ამ მხარეში ხალხი ახოვანი იზრდება და ძლიერი ბუნება არაფერს არ აკლებს ქიზიყელს, რომ იყოს ხელგაშლილი და ზვიადი.
      ეს არის მხარე ღვინისა და პურის ბარაქის, თითქოს აქ მთებსაც კარაქი სცხიათ, ისეთი ნოყიერი ბუნებაა და უხვი მოსავალი».
      ქიზიყი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ისტორიამ მას დააკისრა, რომ პირველი შეგებებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოსეულ მტერს.
      ვინ მოთვლის რამდენი მტარვალი მოსდგომია საქართველოს საზღვრებს ამ მხრიდან! რომაელები და სპარსელები, არაბები და მონღოლები, ლეკები და თურქები ერთი წუთით არ ასვენებდნენ ბნელი ეპოქებით ისედაც გაწამებულ საქართველოს.
      ქიზიყელები ერთ-ერთი პირველნი იყვნენ იმათ შორის, ვინც მტერთან ბრძოლაში საუკეთესო სამხედრო მომზადებას, ფიზიკურ გამძლეობას, ქედუხრელობას, თავისუფლების სიყვარულსა და სიმამაცეს ამჟღავნებდა, ვინც სამშობლოს მტრებს ყველაზე მეტ ზიანს აყენებდა და, დამარცხების შემთხვევაში, ვისაც ყველაზე მეტი და მძიმე ჭრილობები რჩებოდა.
      ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდანვე კამბეჩოვანის (ქიზიყის) მთავარ ქალაქად ხორნაბუჯი ითვლებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აქ იჯდა არა მარტო საერო ხელისუფალი, არამედ სასულიერო წოდების წარმომადგენელიც ეპისკოპოსის სახით.
      მიუხედავად არაბების ამაოხრებელი შემოსევებისა, ისევე როგორც კახეთში, კამბეჩოვანიც საკმაოდ გაძლიერდა VIII-IX საუკუნეებში.
      ამ ხანებში ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო, სადაც შედიოდა კამბეჩოვანიც. ჰერეთის მთავარი ექიშპებოდა და არ ემორჩილებოდა კახეთის ძლიერ მთავარს, რომელიც მუდამ ცდილობდა მდიდარი ჰერეთის დაპყრობას.
      მეფე ბაგრატ მესამემ ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასაწყისში ჰერეთ-კახეთი გაერთიანებულ საქართველოს სამეფოს შეუერთა. 1104 წელს ეს საქმე დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც ლაშქრობა მოაწყო ჰერეთ-კახეთში. ხორნაბუჯის ერისთავებს - საზღვრისპირა სამთავროს მმართველებს დიდი პატივით ღებულობდნენ თამარ მეფის კარზე, რადგან ისინი მამაცურად იბრძოდნენ საქართველოს მტრების წინააღმდეგ და დიდ ერთგულებას იჩენდნენ მეფის მიმართ.



მიშა კვატაშიძე ქართველთა საფიცარ და წმინდა ადგილზე,
დავით აღმაშენებლის საფლავთან, გელათში

      XII-XIII საუკუნეებში ციხე-ქალაქმა ხორნაბუჯმა დიდების ზენიტს მიაღწია.
      XIII საუკუნეში საქართველოს მონღოლები შემოესივნენ. ამ საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში არაერთხელ ილაშქრა ხვარაზმის შაჰმა ჯალალედინმა. ამ ლაშქრობის დროს მან საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად კამბეჩოვანიც მოაოხრა.
      საქართველოში დამკვიდრების შემდეგ მონღოლებმა იგი დუმნებად დაყვეს. ქიზიყი შედიოდა პირველ - ჰერეთ-კახეთის დუმანში.
      მონღოლთა შემოსევებმა საქართველო წელში გატეხა და დიდი ხნით დააუძლურა, დააქვეითა მისი ეკონომიკა და კულტურა.
      XIII საუკუნის 80-იანი წლების დამლევს, როცა აბაღა ყაენმა თავისი სამფლობელოები აღწერა, გამოირკვა, რომ ყველაზე მეტად საქართველოში გაპარტახებული იყო კახეთი, ჰერეთი და კამბეჩოვანი.
      განსაკუთრებით გამანადგურებელი იყო ყაენ ბერქას ლაშქრობები. მისმა სამასათასიანმა ჯარმა გაჟლიტა დიდძალი მოსახლეობა, აყვავებული ქალაქებისა და სოფლების ადგილზე ნაქალაქარები და ნასოფლარებიღა დარჩა. ბერქას ლაშქრობების შედეგად ხორნაბუჯის დიდების მზე ჩაესვენა, თუმცა თავისი გარკვეული სტრატეგიული მნიშვნელობა მას შემდგომ საუკუნეებშიც არ დაუკარგავს.
      მონღოლთა მფლობელობის ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი იყო საქართველოს დაქუცმაცება.
      XV საუკუნის 60-იან წლებში კახეთი ცალკე სამეფოდ გამოცხადდა. ამავე საუკუნის მიწურულში აქ გაუქმდა საერისთაოები და სამეფო უფრო მცირე სამოხელეო ერთეულებად - სამოურავოებად დაიყო, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ქიზიყის სამოურავო. კახეთი დაიყო აგრეთვე სამხედრო ერთეულებად - სადროშოებად. ქიზიყი შედიოდა პირველ, მეწინავე სადროშოში, რომელსაც სარდლობდა ბოდბის ეპისკოპოსი.
      საერთოდ, ამ რეფორმამ გააძლიერა კახეთის სამეფო ხელისუფლება და შეასუსტა ძლიერი ფეოდალები.
      XVI-XVII საუკუნეებში კახეთი განიცდიდა თურქეთისა და სპარსეთის განუწყვეტელ თავდასხმებს.
      კახეთის უდიდესი მტარვალის სახელი მოიპოვა შაჰმა აბას I-მა. მისი შემოსევების შედეგად კახეთმა თავისი მოსახლეობის ორი მესამედი დაკარგა. ასი ათასამდე კახელი ტყვე შაჰ-აბასმა შიდა ირანის სხვადასხვა კუთხეში გადაასახლა. კახეთის განვითარებული მეურნეობა მიწასთან გასწორდა: განადგურდა ქალაქები, დაცარიელდა სოფლები, გაიკაფა ბაღ-ვენახები, მოისპო თუთისა და კაკლის ხეები.
      გავერანებულ კახეთ-ქიზიყში სპარსელები დათარეშობდნენ. მათ კახეთის დედაქალაქად გამოაცხადეს ყარაღაჯი, რომელიც ხორნაბუჯის მახლობლად მდებარეობდა. XVII საუკუნის 70-იან წლებში კახეთის გამგებელმა ბეჟან-ხანმა აქ ააგო სპარსული ტიპის სასახლე და გადაწყვიტა, ყარაღაჯი სპარსეთის ერთ-ერთ საიმედო დასაყრდენ პუნქტად გადაექცია.
      მაგრამ ძლიერმა სახალხო აჯანყებებმა შეარყია კახეთში სპარსთა ძალაუფლება. ამასთან, ქიზიყში გახშირდა ”ლეკიანობა”, რის გამოც იმამყული-ხანმა (ერეკლე პირველის ძემ) კახეთის სატახტო ქალაქად კვლავ თელავი აქცია.
      ქიზიყი საკმაოდ გაძლიერდა და წელში გაიმართა XVIII საუკუნეში, ერეკლი II-ის მეფობის პერიოდში. მეფე ერეკლეს ქიზიყი და ქიზიყელები განსაკუთრებით ჰყვარებია. შემორჩენილია უამრავი გადმოცემა, რაც პატარა კახისა და ქიზიყელების გულთბილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს. ამ ფაქტს თავისი გამართლება და მტკიცე საფუძველი აქვს. მეფე ერეკლე ქიზიყთან დაკავშირებული იყო ბავშვობით, ჭაბუკობით, მთელი თავისი ცხოვრებით. მის მიერ ჩატარებულ ბრძოლებში ქიზიყელები პირველ რიგებში იბრძოდნენ და მეფისადმი არაჩვეულებრივ ერთგულებას იჩენდნენ.
      საკმარისია გავიხსენოთ, რომ პატარა კახმა პირველი საბრძოლო ნათლობა ქიზიყში მიიღო, როცა 15 წლისა მამაცურად წარუძღვა ქიზიყელთა ლაშქარს, სასტიკად დაამარცხა ლეკთა ჯარი და გამარჯვებული დაბრუნდა მაღაროს.
      ერეკლე მეფეს მიეწერება სიღნაღის გადაქცევა ქალაქად, თუმცა აქ მოსახლეობა დიდი ხნის წინათაც ცხოვრობდა და ძველი ციხე-გალავანიც არსებობდა. ”დიდი ლეკიანობის” პირობებში სიღნაღის ციხე-გალავანი კაპიტალურად შეურემონტებიათ და საიმედო თავშესაფრად გადაუქცევიათ. სიღნაღი კეთილმოწყობილი საკულტო, ადმონისტრაციული და საცხოვრებელი ნაგებობებით დამშვენებულა.
      ქიზიყელთა მხოლოდ პატარა რაზმმა მიიღო მონაწილეობა აღა-მაჰმად ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც 1795 წლის სექტემბერში გაიმართა. ისინი იბრძოდნენ არაგველებთან და თუშ-ფშავ-ხევსურთა რაზმებთან ერთად და ისეთი სიმედგრით ეკვეთნენ მტერს, ისე დასცეს თავზარი, რომ აღა-მაჰმად ხანს უთქვამს: ”არასდოდეს არ მახსოვს, რომ ჩემს მტერს ოდესმე ასეთი ვაჟკაცობით ებრძოლოს”-ო.
      მაგრამ მტერი მრავალრიცხოვანი იყო და კრწანისი საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერა. ამის შემდეგ მოხუცი მეფე ერეკლე მალე გარდაიცვალა. მწარედ დაიტირეს ქიზიყელებმა საყვარელი მეფე...

* * *

      სიღნაღის რაიონის ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს ქალაქი სიღნაღი, რომელიც 750 მეტრ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან. სიღნაღის წარმოშობა მჭიდროდ უკავშირდება ციხე-გალავანს, რომელიც მეტყველებს ქიზიყელთა თავდადებულ ბრძოლებზე - შემოსეული მტრების წინააღმდეგ.
      მოსახლეობას დღევანდელ სიღნაღსა და მის გარეუბნებში უძველესი დროიდან უცხოვრია. ეს ადგილები მჭიდროდ ყოფილა დასახლებული ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში, ხოლო ხორნაბუჯის დაცემის შემდეგ სიღნაღი სულ უფრო წამყვან როლს ასრულებს ქიზიყის ცხოვრებაში.
      სახელწოდება ”სიღნაღი” წარმოდგება თურქული სიტყვისაგან და ნიშნავს თავშესაფარს. აქ ძველთაგანვე ყოფილა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იყენებდენ როგორც მოსახლეობის, ასევე პირუტყვის თავშესაფარებლად.
      ქალაქ სიღნაღისა და სიღნაღის ციხე-სიმაგრის ისტორია განუყრელად არის დაკავშირებული მეფე ერეკლე II-ის სახელთან, რომელმაც სხვებთან ერთად ”განაახლა... გალავანი სიღნაღისა” და მას მთავარი როლი დააკისრა ლეკების, ოსმალ-ყიზილბაშებისა და სხვა მტრებისაგან ქიზიყის თავდასაცავად.
      ერეკლე II-მ მოახდინა სიღნაღის გალავნის გენერალური რეკონსტრუქცია, გაამაგრა კედლები, გაახშირა ბურჯები და შეუხამა თავისი დროის მოთხოვნებს (სათოფურების დატანება და სხვა).
      სიღნაღის ციხე-გალავანი ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია არა მარტო კახეთში, არამედ მთელს საქართველოში. მას თითქმის 40 ჰექტარი ფართობი უჭირავს. გალავნის სიგრძე 4 კილომეტრამდეა. მთელ პერიმეტრზე განლაგებული ყოფილა 23 კოშკი და იმდენივე კონტრფოსტი. კველა კოშკი ატარებდა სახელს, ეტყობა, იმის მიხედვით, თუ რომელი სოფელი მონაწილეობდა მის მშენებლობაში.
      ციხეს ჰქონია 6 შესასვლელი, რომლებიც ასევე სოფლების სახელებს ატარებდნენ (მაგ., მაღაროს, ბოდბის, ვაქირის და სხვა).

 

      მტრის შემოსევების დროს ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მთელი მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს და კოშკებისა და გალავნის დაცვაც მათვე ევალებოდათ. ციხის კედლები ორსართულიანია. ქვედა, ყრუ იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრს, ხოლო ზედა იარუსისა 70-80 სანტიმეტრს შეადგენს. ამ კედლების სისქეთა განსხვავება შიგნიდან ქმნის საბრძოლო ბილიკს, რომლის სიგანე საკმარისი იყო მებრძოლთა სამოძრაოდ. ბილიკზე ასასვლელად კოშკების გვერდებსა და ციხის რამდენიმე სხვა ადგილზე მოწყობილი იყო ქვის კიბეები.
      ფრაგმენტების მიხედვით ეტყობა, რომ ციხე-გალავნის კოშკები ქონგურებით მთავრდებოდა. კოშკების უმრავლესობას ჰქონია ორსართულიანი საბრძოლო ბანი. ციხე-გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.

      სიღნაღის ციხე-გალავანი ნაგებია რიყის ქვით, ხოლო უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული აგური.
      სიღნაღის ციხე-გალავანს არაერთხელ დაუცავს ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთებული მტრის ლაშქრისაგან. მას, როგორც სიმაგრეს, არც XIX საუკუნის პირველ ხანებში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. შემდეგში კი - ახალმა ქალაქმა დაიკავა ძველი ქალაქისა და ნაწილობრივ ციხის ტერიტორიაც.
      ციხე-გალავანი დღესაც ამაყად გადაჰყურებს ალაზნის ველს და მტკიცედ დგას წინაპართა გმირული ბრძოლების მოსაგონრად.
      ქ. სიღნაღის მახლობლად, სოფელ ქედელში, მდებარეობს ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი. ძეგლის დაარსება დაკავშირებულია აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პერიოდთან (IV საუკუნესთან). გადმოცემით 338 წელს ამ ადგილზე გარდაიცვალა და აქვე მარხია საქართველოს გამაქრისტიანებელი ნინო.
      ლეგენდარულ წმინდა ნინოს სამარესთან პირველი ტაძარი აუგიათ IV საუკუნეში, ამავე პერიოდში დაარსებულა დედათა მონასტერიც.
      ბოდბის ეკლესია-მონასტერი წარმოადგენდა ქართველ მეფეთა დიდი ყურადღების საგანს. მის გამშვენიერება-განახლებაში სათანადო წვლილი შეუტანიათ ვახტანგ გორგასალს, გიორგი პირველსა და სხვებს. იგი მრავალჯერ არის გადაკეთებულ-აღდგენილი.
      XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებია და მოუხატვინებია სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტ იოანე მაყაშვილს, რის შესახებაც იუწყება ტაძარზე არსებული წარწერა.
      მნიშვნელოვანი აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულა XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში, ამ დროს აუგიათ სამსართულიანი შენობა სამღვდელოებისა და მონაზვნებისათვის.
      1889 წელს მონასტერთან დაარსდა ქალთა სამასწავლებლო სკოლა, რომელიც ამზადებდა სოფლის სამრევლო სკოლების მასწავლებლებს. აქვე იყო სახელოსნო, სადაც აკეთებდნენ ხატებს, კერავდნენ სასულიერო პირთა სამოსელს.
      ბოდბის ეკლესია-მონასტერი სხვა საეკლესიო ცენტრებს შორის გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდა. ბოდბის მიტროპოლიტს უფლება ჰქონდა ეკურთხებინა კახეთის მეფეები. ბოდბეში დაიდგეს სამეფო გვირგვინი კახეთის მეფეებმა დავით დემეტრეს ძემ, ლევან II-მ, ალექსანდრე II-მ, თეიმურაზ პირველმა და სხვებმა. სამეფო დარბაზობის დროს ბოდბის მიტროპოლიტს მეფის უახლოესი ადგილი ეკავა, იგი იყო კახეთის მეწინავე სადროშოს მეთაური და წინ უძღოდა ქიზიყელთა ლაშქარს საქართველოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამავე დროს იყო პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
      1897 წელს ბოდბის ეკლესია-მონასტერი ინახულა დიდმა ქართველმა პოეტმა აკაკი წერეთელმა, რომელიც კახეთში მოგზაურობდა. ბოდბის ეკლესია ამჟამადაც მოქმედია.

 
 
 



        თუ არ გინახავს...

თუ არ გინახავს სიღნაღი – ძველი ქალაქი მთაზე,
ნუ იტყვი – იცნობ კახეთის დიდებულ სილამაზეს.

თუ გალავანთან არასდროს არ ჩაგიმუხლავს დაღლილს,
სიოდ არ შემოგხვევია ალაზნის სუნთქვა ლაღი,
თუ არ გინახავს გომბორზე ღრუბლების ბაირაღი,
ნუ იტყვი – ჩვენი მთა-ბარი არის ოცნების ბაღი.

სიღნაღის ახლოს, წისქვილში არ დაგათენდა თუკი,
არ გაიღვიძე გომბორზე მზის ცეცხლისფერი ბუკით,
არ შეგჭახჭახა ხოხობმა, არ შეგეფეთა შურთხი,
ნუ იტყვი – სულ სხვა შუქია ჩემი სამშობლოს შუქი.

თუ არ გინახავს ბურჯები დათოფილ-დაისრული,
თუ არ გიგრძვნია წინაპრის გაუტეხელი სული,
აივნებჩაწნულ ქუჩებში ღვინის და თრიმლის სუნი,
ნუ იტყვი, რომ შენ კახეთის ნახე მშვენება სრული.

თუ არ გინახავს ნახმლევი მთებზე პატარა კახის,
სიღნაღის ირგვლივ ველებზე ზვრებს შესეული ხალხი,
სარაჯიშვილის აკვანი და ფიროსმანის სახლი, –
სად მოისმენდი გარდასულ დღეთა შორეულ ძახილს.

შემოდგომაზე ჰაერი ბადაგნარევი, ტკბილი...
კავკასიონი ზაფხულშიც თოვლის ქათქათა ფთილით
და მის გადმოსწვრივ ტაძრები შეთეთრებული კირით,
თუ არ გინახავს, რა ნახე კახეთში გასაკვირი.

ყველგან უხვი და კარგია ქართული მზე და მიწა,
მაგრამ თუ დღემდე ვერ ნახე პირიმზე ალაზნისა,
არ მოგწვდა შუქი სიღნაღის, – კახეთის დედოფლისა,
მაშ ერთი სხივი დაგაკლდა დიდი ქართული მზისა.

თუ არ გინახავს სიღნაღი – ძველი ქალაქი მთაზე,
ნუ იტყვი – იცნობ კახეთის დიდებულ სილამაზეს.

        იოსებ ნონეშვილი. 1967.







* * *

სიღნაღი – მკვდრეთით აღმდგარი ქალაქი

ბელა ჩეკურიშვილი


      თუ გინდა სტუმარს კახეთი აჩვენო, სიღნაღიდან უნდა გადმოახედო – ამას სიღნაღის რეკონსტრუქციამდე ამბობდნენ. მართლაც, ეს უმშვენიერესი ქალაქი მაღალბორცვიან ადგილზეა გაშენებული, საიდანაც ალაზნის ველის უკიდეგანო სივრცე და კავკასიონების დათოვლილი ქედები იშლება. დღესდღეობით, როცა უძველესი ქალაქის რეკონსტრუქციის მთავარი ეტაპი დასრულებულია, შეიძლება სხვაგვარადაც ვთქვათ – თუ გვინდა სტუმარს საქართველო ვაჩვენოთ, მან აუცილებლად უნდა ნახოს სიღნაღი.



      მკვდრეთით აღმდგარი სიღნაღის საზეიმო გახსნაზე უცხოელი ტურისტები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ თუკი აქამდე შვეიცარიის ალპებში ისვენებდნენ, ამიერიდან მათი არჩევანი სიღნაღზე შეჩერდება. სიღნაღელებს კი თავი ჯერ კიდევ სიზმარში ჰგონიათ. რეკონსტრუქციამდე აქაური უძრავი ქონების ფასი იმდენად დაბალი იყო, მის გაყიდვას აზრიც არ ჰქონდა და მყიდველიც არსად ჩანდა. დღეისათვის ქალაქში უკვე არსებობს ისეთი შენობები, რომელზეც ფასები ათასჯერაც გაიზარდა. მაგალითად, თუკი უწინ საცხოვრებელი ბინა 3 000 დოლარადაც ვერ იყიდებოდა, დღეს მისი ფასი 300 000 დოლარია და მყიდველიც არსებობს.
      სიღნაღის რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც პრეზიდენტის უშუალო ინიციატივით ხორციელდება. პროგრამის კოორდინაციასა და საპროექტო სამუშაოებს ხელმძღვანელობს საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ფონდი, რომელმაც სიღნაღის რეაბილიტაციაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 1997 წელს დაიწყო და იქ არაერთი პროექტი განახორციელა.
      მასშტაბური პროექტის შექმნა განაპირობა სიღნაღის ძველი უბნების არქიტექტურული ანსამბლის მაღალმა მხატვრულ-ურბანულმა ღირებულებამ და ქალაქის განვითარების უნიკალურმა შესაძლებლობებმა. პროექტის მიზანია, როგორც ქალაქის ისტორიულ-არქიტექტურული სახის გადარჩენა-შენარჩუნება, ასევე მისი კულტურულ ცენტრად გადაქცევა და საქართველოს ტურისტულ რუკაზე დაბრუნება.


 

ისტორიულ-არქიტექტურული ექსკურსი

      სიღნაღი, როგორც ქალაქი, მე-18 საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა მეფე ერეკლე II-ის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. მაღალ ბორცვზე განლაგებით ქალაქმა ციხე-სიმაგრის ფუნქციაც შეიძინა და არქიტექტურის თავისებური ხასიათიც გამოიკვეთა: ვიწრო ქუჩები აღმა-დაღმა მიიკლაკნება ფერდობებზე. სახლები ტერასებად ლაგდება. ქალაქის ლანდშაფტში დომინირებს წმინდა გიორგის ეკლესია და მისი მაღალი სამრეკლო. სიღნაღის მხატვრული იერის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ე.წ. მეხუთე ფასადი, ანუ სახურავები. აქ სახლები ძველთაგანვე კრამიტით იყო გადახურული, რაც მეტ მომხიბვლელობას ანიჭებდა ქალაქს. სიღნაღში მრავლადაა შემორჩენილი XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები თავისებური, "სიღნაღური" იერით. ნაგებობათა უმრავლესობა XIX საუკუნის დასაწყისსა და მეოცე საუკუნის დამდეგს შორის არის აშენებული. თავისი მასშტაბით, ქუჩათა ქსელის სტრუქტურით, ნაგებობათა განლაგების პრინციპით სიღნაღი ერთიან მხატვრულ-ურბანულ ქსოვილს წარმოადგენს.


 


      სიღნაღის განსაკუთრებულობას განაპირობებს აგრეთვე 4,5 კილომეტრის სიგრძის გალავანი 23 კოშკითა და 7 თაღოვანი კარიბჭით. გალავანმა დროის მსვლელობას გაუძლო და ქალაქის ზრდასთან ერთად, მისი სტრუქტურის ნაწილი გახდა.
      საბჭოთა პერიოდში სიღნაღში ბევრი რამ განადგურდა. მაგალითად, 1926 წელს დაანგრიეს მთავარანგელოზის ეკლესია, შემდეგ – ძველებურ დუქანთა სავაჭრო რიგები ახლანდელ კოსტავას ქუჩაზე, ტრადიციული „სიღნაღური“ სახლები აღმაშენებლის მოედანზე და სხვა. მათ ნაცვლად ყოვლად უსახური ნაგებობები აშენდა.
      ამჟამად ისტორიული შენობები ძირითადად შემორჩენილია ბარათაშვილის, დადიანის, ევდოშვილის, დავით აღმაშენებლის, 9 აპრილის, ლოლაშვილის, ჭავჭავაძის, ქეთევან წამებულის, რუსთაველისა და ერეკლე II-ის ქუჩებზე.
      1975 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, სიღნაღი კულტურულ ძეგლთა დაცვის სახელმწიფო ზონად გამოცხადდა.


ჯადოქრები

      სიღნაღის რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2007 წლის გაზაფხულზე დაიწყო, რეკორდულად მოკლე დროში რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. რეალურად საქმე გვაქვს არა მხოლოდ არქიტექტურულ-ურბანული რეაბილიტაციის პროგრამასთან, არამედ დიდი სოციალური მნიშვნელობის პროექტთან, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. პროგრამის პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს დასრულდა. სამუშაოები გრძელდება. საბოლოო ჯამში მივიღებთ მთლიანად განახლებულ ძველ სიღნაღს.
      არქიტექტურული სამუშაოების გარდა, ქალაქში განხორციელდა მიწიქვეშა და მიწისზედა ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტები, რაც სიღნაღს პირველ რიგში სჭირდებოდა.
      არქიტექტორი ვაჟა ორბელაძე ხუმრობს: როგორც მოხუც ადამიანს განუახლონ სისხლი და მოუწესრიგონ სისხლძარღვთა თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა, ასე შეიცვალა სიღნაღში ყველაფერი. კერძოდ, განახლდა წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა, სანიაღვრე კოლექტორები, გაზგაყვანილობა, ელექტროობა. ელსადენის ბოძებითა და მავთულებით, გაზისა და საკანალიზაციო მილებით დაქსელილმა ქალაქმა სუფთა, თანამედროვე იერი მიიღო. გამოიცვალა ქუჩის საფარი, ცენტრალური ქუჩები რიყის ქვით მოიკირწყლა, სამანქანო გზებზე გრანიტის კვადრები დაეგო, ხოლო ტროტუარებზე – ბაზალტის ქვა.


 


      განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქის კეთილმოწყობის ელემენტებს: განათების არმატურას, კარ-ფანჯრების ფურნიტურას, შადრევნებისა და სკვერების გაშენებას.
      საქართველოს პრეზიდენტმა სიღნაღში სიტყვით გამოსვლისას რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის ავტორებს ჯადოქრები უწოდა. არქიტექტურულ პროექტებზე რამდენიმე ჯგუფი მუშაობს არქიტექტორების – ვაჟა ორბელაძის, გიული გეგელიას, დათო გივიშვილის და ნინო ბაგრატიონის ხელმძღვანელობით. მათ კოორდინაციას ვაჟა ორბელაძე უწევს.
      "ბრავაკაზასთან" საუბრისას ვაჟა ორბელაძე აღნიშნავს, რომ რეკონსტრუქციამდე ქალაქში ერეკლესდროინდელი შენობები აღარ არსებობდა. საუკუნის წინანდელმა სახლებმა ჩვენამდე ასე თუ ისე მოაღწია, თუმცა მათი უმრავლესობა ძალიან მოუვლელი იყო. რაც შეეხება შენობათა არქიტექტურულ სტილს, აქ შედარებით მძლავრად იყო შენარჩუნებული წმინდა ქართული საერო, უფრო კი კახური არქიტექტურის ნიმუშები.
      მარიკა დიდებულიძე, ხელოვნებათმცოდნე: "სიღნაღის არქიტექტურაში არის ისეთი ელემენტები, რაც მხოლოდ სიღნაღისთვის არის დამახასიათებლი: პირველი სართულის "დარაბებიანი" სათავსები, რომლებშიც სახელოსნოები, მაღაზიები და დუქნები იყო განთავსებული; თხელი, "ქართული აგურით" ამოყვანილი კედლები აგურის "ხალიჩისებური" წყობით; მშვილდის ფორმის ღიადები; ვიწრო, მრგვალი, აგურისავე ბოძები, რომლებსაც ეყრდნობა მეორე სართულის ხის გადახურული ჭვირული აივნები; სახლების კრამიტის გადახურვა; ასევე სადარბაზო კარები და რკინის ნაკეთობები.
      თბილისისაგან განსხვავებით, სიღნაღში თითქმის არ არის აივანშემოვლებული შიდა ეზოები. სახლები ქუჩების გაყოლებით ლაგდება ერთიან არქიტექტურულ მოცულობებად.
      ეს ყველაფერი რეკონსტურქციის პროცესში უფრო გამოვლინდა და რასაკვირველია, მთლიანად შენარჩუნდა. სახლების ხუროთმოძღვრული სახე მათი ფუნქციითაც იყო განპირობებული, ვინაიდან არა მხოლოდ საცხოვრებელი, სავაჭრო-სახელოსნო დანიშნულებაც ჰქონდა. სიღნაღი ხომ პირველ რიგში ხელოსანთა ქალაქს წარმოადგენდა".
      რეკონსტრუქციის დაწყებას წინ უძღოდა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა და აზომვა. საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ფონდში გადაწყდა, როგორი უნდა ყოფილიყო ქალაქის მომავალი არქიტექტურული იერ-სახე. ფონდის დირექტორის, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, დავით ნინიძის დამსახურებით, ეს უდიდესი პროექტი ფაქტობრივად რამდენიმე თვეში განხორციელდა. ფონდმა შეიმუშავა პროგრამის კონცეფცია და სარეაბილიტაციო არეალების გამოყოფა, ითავა სამუშაოთა კოორდინაციაც და ზედამხედველობაც.
      ვაჟა ორბელაძე, არქიტექტორი: "ჩვენი მოსაზრებები დავაფიქსირეთ თითოეულ სახლზე. ყველა პროექტი სპეციალისტებმა შეარჩიეს. გვქონდა რამდენიმე თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი პროექტი, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვამჯობინეთ, უფრო კონსერვატორული, "სიღნაღური" სტილისთვის მიგვენიჭებინა უპირატესობა. ვფიქრობ, მართებული გადაწყვეტილება მივიღეთ.
      განახლებული ქალაქის "რატუშაც" კი, რომელიც აშკარად ევროპული ელემენტია, გარკვეულ კონტექსტში ზის. ამით გამოვხატეთ სწრაფვა ევროპისკენ. თუ გვინდა ევროპული თვითმმართველობა, ეს შენობის სტილშიც უნდა ასახულიყო. გამგეობის ძველი, უსახური საბჭოთა შენობა ისე გადავაკეთეთ, რომ ახალი "რატუშა", თავისი კოშკით, თვითმმართველობის პრიმატის განსახიერებაა. თავის დროზე ეს ევროპაშიც ამ ნიუანსებით აისახა არქიტექტურაში. პარალელურად, არსებობდა ბრძანება, რომ ქალაქებში სახლები არ უნდა აშენებულიყო რატუშასა და საკათედრო ტაძარზე მაღალი. ვისაც სიღნაღის რატუშის სტილი გაუკვირდება, მას შეიძლება ეს განმარტება მივცეთ და ჩვენი ინოვაცია ამით ავხსნათ".


 

განახლებული ღირსშესანიშნაობები

      უცხოელი მოგზაურების მიერ შესრულებული ძველი ევროპული გრავიურების მიხედვით, ეკლესია ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე იდგა. საპატრიარქოს არქიტექტორთა ჯგუფმა შეიმუშავა პროექტი, რომლის თანახმადაც ამ ადგილს ეკლესია უნდა დაბრუნებოდა. თუმცა, იქ, სადაც მე-20 საუკუნის დასაწყისში ეკლესია იდგა, ჯერ კიდევ შემორჩენილ საძირკველზე ახალი ტაძრის აშენება ვერ მოხერხდა. გეოლოგებმა ნიადაგის შესწავლის საფუძველზე დაადგინეს, რომ ეს ადგილი მეწყრიანია. გადაწყდა, ახალი ეკლესია უფრო საიმედო ადგილას – გვერდით ფერდობზე აეშენებინათ. ეს არის სიღნაღის მასშტაბების შესაფერისი ორნავიანი პატარა ეკლესია საკმაოდ მაღალი სამრეკლოთი. მისი არქიტექტორია დათო სვანიძე.
      სიღნაღში, სარეაბილიტაციო არეალში უმეტეს შენობებზე საძირკვლიან კარ-ფანჯრიანად ყველაფერი განახლდა. მართალია, მთელი ქალაქის განახლება ერთბაშად ვერ მოხერხდა, მაგრამ ის, რაც ფასეული იყო და შველას ითხოვდა, გაკეთდა. სიღნაღის ცენტრალური ნაწილის სახლების უმეტესობა ნატურალური, თიხის კრამიტით გადაიხურა. საბჭოთა პერიოდში კრამიტის სახურავები თანდათან თუნუქით იცვლებოდა. კრამიტი თუნუქზე მძიმეა. ამიტომ ჯერ შენობების გამაგრება იყო საჭირო. ბევრ სიღნაღელს საბჭოთა პერიოდის უხარისხო კრამიტით გამოწვეული დისკომფორტისა და შიშის გრძნობა გაუჩნდა. მათ ჯერ კიდევ ახსოვდათ, რომ ყოველი წვიმის მოსვლა ოთახებში წვიმასაც ნიშნავდა. ამჯერად, სახლები უმაღლესი ხარისხის ევროპული და თურქული კრამიტით გადაიხურა, ქვეშ კი წვიმისგან დამატებით დასაცავად იზოლაციის სპეციალური ფენაც გაკეთდა.
      ძველი, დანგრეული ბაზრის ადგილას სავაჭრო ცენტრი აშენდა. გაამაგრეს და ახალი ზღუდე გაუკეთეს ბოდბის მონასტრისკენ გადასახედს. სიღნაღში ცნობილი იყო ე. წ. ბებრების ბაღი – ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერი. ძველი ფოტოების მიხედვით, ამ ადგილას ღვინის სარდაფების რიგი ყოფილა, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს და მის ნაცვლად სკვერი გააკეთეს. როდესაც სკვერის რეკონსტრუქცია დაიწყო და ის ადგილი გაითხარა, გამოჩნდა ძველი სარდაფები აგურის კამარებით, თახჩებითა და აგურის იატაკით. ძველ სიღნაღელებს ეს დუქნები ჯერ კიდევ ახსოვდათ. არქიტექტორებმა ახალი სკვერის დაგეგმვისას ეს ნაწილი სკვერის კომპოზიციაში ჩასვეს. შადრევანი კი, რომელიც ერეკლე II-ის მოედანზე გაკეთდა, ისე დაიგეგმა, რომ მხოლოდ სატრანსპორტო კვანძის განმტვირთავი არ ყოფილიყო და ადამიანებს მასთან მიახლოება და გაგრილება შეძლებოდათ. შადრევნის გასაფორმებლად გამოიყენეს არქეოლოგიური მასალის ფორმები და სახეები, რომელიც სიღნაღის მუზეუმშია დაცული. ეს არის სიღნაღის მიდამოებში აღმოჩენილი ლითონის მასალა, რომელზეც გამოსახულია ანთროპომორფული ფიგურები, ნადირობისა და სხვა სცენები. შადრევნის გაფორმებისას, ქვისგან გამოჭრილ ქვევრს სწორედ ამ ფიგურებით შემკული სარტყელი გაუკეთდა.


 


      სიღნაღის ქუჩებში მცირე ზომის ქანდაკებებიც დაიდგა, რომელთაგან ზოგი ფიროსმანის სიუჟეტებიდან არის აღებული, მაგალითად: "აქიმი ვირზე" და "ქალი ქოლგით", რომელსაც ფეხებთან ფიროსმანის ძაღლი უზის. საინტერესოა მოქანდაკე გია ჯაფარიძის "გოგონა", რომელიც ქორწინების სახლთან სკამზე შემდგარი, დიდი ზომის ფეხსაცმლით, მუხლებამდე მძივითა და ყვავილებით ხელში ეგებება მექორწილეებს.
      სახედარშებმული ურემი მეურმესთან ერთად ბაზართან დაიდგა, სადაც სადღესასწაულო დღეებში კასრებს დააწყობენ და ღვინო პირდაპირ ურმიდან გაიყიდება.
      არქიტექტორებმა სპეციალურად დაამუშავეს ქუჩების განათების დიზაინი და ლამპიონები. ასევე სააფიშე ტუმბოების, ტელეფონების ჯიხურების, ქუჩის მაჩვენებლებისა თუ ნომრების ყველა დეტალი ერთიან – "სიღნაღურ" სტილში დამუშავდა.


მაგალითი სხვა ისტორიული ქალაქებისთვის

      ზოგიერთ ადამიანს ისეთი შეგრძნებაც გაუჩნდა, რომ რეკონსტურქციის შედეგად ქალაქმა სიძველის იერი დაკარგა, ხელოვნური გახდა და რომანტიკული ელფერი აღარ აქვს. ასე, ალბათ, მხოლოდ ისინი ფიქრობენ, ვისთვისაც სიძველე ნანგრევებსა და მტვერთან ასოცირდება. ხელოვნებათმცოდნეთა შეფასებით, სიღნაღში სიძველე შენარჩუნებულია – ის, რაც ავთენტური იყო, რეკონსტუქციის შემდეგ იგივე დარჩა. ბუტაფორული ქალაქში არაფერი არ არის. მართალია, სახლები ახალი კრამიტით გადაიხურა, მაგრამ ამ ქალაქისთვის კრამიტი დამახასიათებელი იყო და იგი სხვა მასალით არ ჩაუნაცვლებიათ.
      მარიკა დიდებულიძე, ხელოვნებათმცოდნე: "ძეგლის რეკონსტრუქციისას, იქ ყველაფერი სწორდება ისე, როგორც ღირებული ნივთი მტვრისგან გადაწმინდოთ. ისტორიული ნაგებობები არა, მაგრამ საბჭოთა პერიოდის უსახური შენობები მართლა გადაკეთდა. მათ საერთო ხუროთმოძღვრებასთან მისადაგებით სიღნაღური იერი მიეცა, რათა სტილიდან არ ამოვარდნილიყო".
      ძირითადი არქიტექტურული პროექტების გარდა, რომელიც სახელმწიფო დაკვეთით გაკეთდა, სიღნაღში ბევრი კერძო ინვესტიციაც ჩაიდო. ამ პერსპექტიულ ქალაქში თითქმის ყველა ქართულმა ბანკმა მოისურვა საკუთარი ფილიალი, სასტუმრო თუ რესტორანი გაეხსნა. სასტუმროს გახსნა გადაწყვიტა სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტმა" და "მეიდან ჯგუფმაც". ხოლო "კოკა-კოლა" თავის პროდუქციას აქაც შესთავაზებს ტურისტებს. ყველა ეს შენობა ძველი საბჭოთა ნაგებობების რეკონსტრუქციის შედეგად გაკეთდა, გარდა სუპერმარკეტ "პოპულისა", რომლისთვისაც ახალი ნაგებობა აშენდა. ამ ოფისების არქიტექტურაც "სიღნაღურ" სტილში დამუშავდა.
      სიღნაღისათვის სიახლე იქნება თანამედროვე კინო-თეატრი. სტალინის პერიოდის არქიტექტურული ნაგებობა განახლდა და უფრო მეტად დამშვენდა ნაძერწი ორნამენტებით. რაც შეეხება სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მისთვის სპეციალურად ახალი შენობა აიგო, სადაც სხვა ექსპონატებთან ერთად ფიროსმანის 12 ნამუშევარიც დაიდებს ბინას.
      ვაჟა ორბელაძე, არქიტექტორი: "სიღნაღის რეკონსტრუქციით მივიღებთ პრეცედენტს, როგორ შეიძლება გაკეთდეს ჩვენი ისტორიული ქალაქები, რომელთაც ასევე სჭირდებათ შველა. პარალელურად სამუშაოებს ვაწარმოებთ ყვარელში, შემდეგ რიგში დგას თელავი, იწყება ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქცია ქუთაისში. ბათუმის ხელმძღვანელობის ინიციატივით დაწყებულია ბათუმის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია".


   

განახლებული სიღნაღის ფოტოების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი
ჩემს პატარა მეგობარს – გიორგი მხატრიშვილს.

* * *



გფარავდეთ წმინდა გიორგის მადლი!

წმიდა გიორგის უძველესი ხატი, სადაც ბოროტების სიმბოლოსთან გაიგივებული
ღვთისმებრძოლი იმპერატორი დიოკლეტიანეა გამოსახული