გიორგი კალანდია – «შირაზული გოლგოთა»


      2007 წლის 4 მაისს, 17 საათზე ტელეკომპანია "იმედმა" და გადაცემა "ჩვენებურებმა" კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ინსტიტუტის გუმბათიან დარბაზში გამართა გიორგი კალანდიას დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმის "საქართველოს მნათობის" პრეზენტაცია.
      სამნაწილიან ფილმში პირველად აისახა ქართველი წმინდანის ქეთევან წამებულის ცხოვრება და მოღვაწეობა. უპრეცედენტო მოგზაურობამ, რომელმაც მსოფლიოს 8 სახელმწიფო მოიცვა (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, პორტუგალია, ირანი, ინდოეთი, თურქეთი, საფრანგეთი), შემოქმედებით კოლექტივს საშუალება მისცა, სრულად აესახა ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი ღვაწლი.
      ფილმში გამოყენებულია ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ბევრი ისტორიული ფაქტი თუ დოკუმენტი, ჩართულია დადგმითი სცენები. პრეზენტაციის დაწყებამდე, მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ხელნაწერთა ინსიტუტში გამოიფინა ქეთევან წამებულთან დაკავშირებული უნიკალური ქართული ხელნაწერები, მათ შორის დედოფლის მიერ შირაზში ტყვეობისას შექმნილი ანბანთქება.


   
დოკუმენტურ-პუბლიცისტური ფილმის "საქართველოს მნათობი"-ს პლაკატები

საქართველოს მნათობი

      1625 წლის 5 იანვარი, ირანი. გვიანი და უკუნი ღამე. ერთი პორტუგალიელი ბერი თანხმლებ ტყვესთან და მსახურთან ერთად მიწას გამალებული თხრის. თავდასხმა ყოველ წუთს მოსალოდნელია, რადგან ქრისტიანები სამი თვის წინ მიწაში დამარხულ უდიდეს განძს ეძებენ.
      თხრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ეკლესიის მსახურნი ზოგჯერ ისვენებდნენ, დაპატიმრების შიშით ხშირად იმალებოდნენ კიდეც, თუმცა თხრას მაინც აგრძელებდნენ. გამთენიისას თოხის ბოლო დაკვრა და განძი გამოჩნდა. სიხარული უსაზღვრო იყო. ბერი ჩუმად ქვითინებდა. ცაში თვალებაღპყრობილი ლოცვას აღავლენდა და ღმერთს მადლობას სწირავდა. მის წინაშე ხომ ქრისტიანული სამყაროს უდიდესი განძი – წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილები განისვენებდა.


შირაზული გოლგოთა

      ქეთევან დედოფალმა სპარსეთში თერთმეტი წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში სულ ერთ ქალაქში, შირაზში ცხოვრობდა. შინიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, თუ შირაზის ნაცვლად სასახლეში უხმობდნენ. ზოგჯერ ხანის ჰარამხანაში რამდენიმე დატყვევებული ქართველი ქალის გასამხნევებლად მიდიოდა. სხვა შემთხვევაში ქეთევან დედოფალი გარეთ თითქმის არ გამოდიოდა. შინ იჯდა, წყნარი და ჩაფიქრებული არავის აწუხებდა. ერთთავად ღმერთს ევედრებოდა და იმედი ჰქონდა, მის საქმეს კეთილად დააბოლოებდა.
      ამ დროს საქართველოში უმძიმესი ჟამი იდგა. ძლივსღა ფეთქავდა ქვეყნის სიცოცხლის ძარღვი. სამეფო-სამთავროებად დაშლილი სახელმწიფო უთავოდ დაგდებულიყო, საშინაო და საგარეო ვითარების ცვლასთან ერთად იცვლებოდა დამოკიდებულებაც ირანზე, ოსმალეთზე, რუსეთსა და ევროპის ქვეყნებზე.
      ”ეს იყო კონცენტრაცია ინტერესების, ევროპის რუსეთის, ოსმალეთის, შაჰ-აბასის ანუ სპარსეთის. ინტერესები ყველამ მოიცვა. ქეთევანი უკვე აღარ იყო როგორც ფიგურა საქართველოსი. ის იყო პოლიტიკური ტყვე” (მარინე ცინციბაძე, ისტორიკოსი).
      სადედოფლოდ მოკაზმული უკანასკნელად 11 წლის წინ ნახეს, როცა შვილიშვილებთან ერთად პირგამეხებულ შაჰ-აბასს საქართველოს საზღვართან შეეგება და საკუთარი ნებითვე ტყვედ ჩაბარდა. თანამედროვეთა ცნობით ”ეს ღვთისმოსავი ქალბატონი ტანდაბალი გახლდათ. დაახლოებით ორმოცი წლისა უნდა ყოფილიყო, ხელთ მლოცველის ჯოხი ეპყრა. ქვრივივით შავად მოსილს, თავ-კისერიც მოშავო საბურველით დაეფარა. მეტად პირმშვენიერი და უაღრესად დარბაისელი, არა მარტო სამეფოს, არამედ მთელი სუვერენული იმპერიის დედოფლობის ღირსი იყო. არაჩვეულებრივად წმინდა და სასიამოვნო, განსაკუთრებულ სიხარულს ჰგვრიდა ყველას, ვინც ერთხელ მაინც იხილავდა. მისი ლამაზი, დიდი შავი თვალები ირეკლავდნენ იმას, რაც მის სულში ხდებოდა.

      ხან ცბიერი, ხან კი გამგმირავი მზერით სწორედ ამ თვალებს უცქერდა შაჰ-აბასი, როცა დედოფლის გატეხვას ცდილობდა. ურიცხვ სიკეთესა და პატივს ჰპირდებოდა, არც მუქარასა და დაშინებას მორიდებია ირანის ლომი, თუმცა კლდესავით შეუდრეკელი აღმოჩნდა უმწეო საქართველოს დედოფალი.
      ”შაჰ-აბასმა წააგო ქეთევანთან, იმიტომ იყო ასეთი სისასტიკე, მის მოწამეობრივ სიკვდილში, რომ მან წააგო ყველაფერი, იმიტომ რომ მიდიოდა ყველანაირ დათმობაზე” (მარინე ცინციბაძე, ისტორიკოსი).
      გაავებულმა შაჰ-აბასმა ურჩობისათვის საქართველოს დედოფლის სასტიკად წამების ბრძანება გასცა:
                  ”სულო გაუშვი ალაგნი, თვალნო დააგენ ბუდენი
                  გულო საძირკვლით აღმოხე, მოირღვენ გარე ზღუდენი
                  ტანო ზე ნუღარ მართიხარ, გიდის ქვე ზღვანი უდენი
                  ქარო სად მისწვდე, მიიღე ანბავნი არ სამრუდენი”       თეიმურაზ I
      1624 წლის 13 სექტემბერი, შირაზის მთავარი მეიდანი, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა ხალხს მოუყრია თავი, მაინც სამარისებული სიჩუმე სუფევს, მუსლიმანურ კრებულში აქა-იქ ჩანან ქართველნი. სწორედ მათ თვალწინ უნდა აწამონ კახეთის დედოფალი ქეთევანი...
      გიზგიზებს ცეცხლი, ჯალათები შემზარავი ფუსფუსით ამზადებენ იარაღებს...
      შემაღლებულზე შაჰის რჩეული მეჰმანდარნი და ვაზირნი სხედან. ”მზეზე უმაღლესს” თავად არ უნებებია მოსვლა. შხამიანი გული თუ ურგძნობდა ქეთევანის სიმტკიცეს.
      არავინ იცის რამდენხანს გაგრძელდა წამება, დედოფლის სხეული დაუნდობლად დაასახიჩრეს, მან კი მხოლოდ ერთხელ, როცა გააშიშვლეს მაშინ დაიკვნესა...
      400 წელმა განვლო ამ შემზარავი ფაქტის შემდეგ. 4 საუკუნე აფორიაქებდა კაცობრიობის გონებას შირაზში დატრიალებული ტრაგედიის არსი. რა მოხდა, რატომ გაუძლო უმწეო ქალმა ამ განსაცდელს? ნუთუ ჩვენამდე სრულმა სურათმა მოაღწია? რა შეიმოსა ლეგენდებით და რა არის უტყუარი ჭეშმარიტება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თანამედროვე გადმოსახედიდან თითქოს ძალიან ძნელია, თუმცა მისტერიად ქცეული საიდუმლოებების ამოხსნა მეცნიერებთან ერთად მაინც ვცადეთ. ქეთევან დედოფლის წამების შესახებ არსებული ისტორიული წყაროები და დოკუმენტები ჩვენ საუკეთესო ქართველ მეცნიერებს, მათ შორის ისტორიკოსებს, ფსიქოლოგებს, ექიმებს, სასამართლო ექსპერტებს გავაცანით.
      ყველაზე სრული და სანდო წყარო ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ ლისაბონის ”ტორო დე ტომბოს” ბიბლიოთეკაშია დაცული. ხელნაწერი თანამედროვე პორტუგალიელი ბერის ამბროზიო დუშ ანჟურის მიერაა შექმნილი და მას შემოკლებით ”ნამდვილ ცნობებს” უწოდებენ.
      წყაროში სრულადაა აღწერილი დედოფლის როგორც სპარსეთში ცხოვრების პერიოდი, ისე მისი წამება: ”ჯალათები შემოვიდნენ და თან მოგიზგიზე ნაღვერდლით სავსე ორი მაყალი და ორი საზარელი მარწუხი შემოიტანეს. მათ დედოფლის წამება დაიწყეს. ჯერ გავარვარებული სპილენძის ჭურჭელი დაადგეს თავზე, შემდეგ ლამაზ სახეზე ჩამოუცურეს და გახურებული მარწუხებით სახიდან ხორცი მოგლიჯეს. დედოფალი წელს ზემოთ გააშიშვლეს, გავარვარებული მარწუხები ჩასჭიდეს და მის მკერდს წვალება დაუწყეს, დაუწვეს და მოაგლიჯეს ძუძუები. ჯალათები გახურებული მარწუხებით აწამებდნენ დედოფლის სხეულს. ასეთი წამებით ძალაგამოლეული ქეთევანი მიწაზე დაეცა. დაცემულს თოვლივით თეთრ სხეულზე ორივე მაყალი ზედ დააყარეს. ერთხანს ასე იწვა, გასაოცარი ტკივილით ითმენდა ამ წვასაც. ჯალათებს დამარცხებისა შეეშინდათ. მათ ხომ ვერც გავარვარებული მარწუხებით და ვერც ნაღვერდალით ვერ წაართვეს სიცოცხლე დედოფალს. ისინიც ეცნენ და ხელებით დაახრჩვეს (პორტუგალიელი ბერის დონ ანჟუშის აღწერილობა).
      პორტუგალიელი ბერის მიერ აღწერილი ამბავი იმდენად საზარელია, რომ 400 წლის შემდეგ მისი მოსმენა და წაკითხვაც კი ჩვეულებრივ მოკვდავს შიშსა და შფოთს გვრის, მაშ როგორ მოხდა რომ ქალმა, პატივით აღზრდილმა დედოფალმა, თითქოს სუსტმა არსებამ ამ არაადამიანურ ტკივილს ცხადში გაუძლო? განსაცდელი იმდენად ღირსეულად აიტანა რომ, მომხდურთა თანაგრძნობაც კი დაიმსახურა? მედიკოსები ამ კითხვას მეცნიერულად ხსნიან:
      ”მე მოგახსენენეთ რომ ერთ-ერთი სტრუქტურა ტვინში სწორედ მოტივაციებს განაგებს და სწორედ მისი რწმენა, მისი მოტივაცია იმისა რომ ის არის საქართველოს დედოფალი და რომ მას თავი უნდა ეჭიროს ისე, როგორც შეეფერება დედოფალს, სწორედ ამ მოტივაციამ განაპირობა ის, რომ დედოფალმა გაუძლო ასეთ დიდ სტრესს” (ნოდარ ჭიჭინაძე, ენდოკრინოლოგი).
      ”იმიტომ რომ ქერქია ჩართული თავის ტვინის და პიროვნული გადაწყვეტილება, რომ ამას გაუძლოს და არაფრით არ დათანხმდეს, არ გატყდეს, რის გამოც ეს ადამიანი ამას უძლებს აუცილებლად, ეს მოტივაციის გარეშე წარმოუდგენელია, ძალიან ძლიერი მოტივაცია უნდა გქონდეს” (მანანა თოდუა, ექიმი).
      ”ნამდვილ ცნობებში” ცხადაა მითითებული, რომ დედოფალს გონება არც ერთხელ არ დაუკარგავს, უფრო მეტიც, გამუდმებით ლოცულობდა და დაიკვნესა მხოლოდ ერთხელ, ისიც მაშინ, როცა გააშიშვლეს. ჩნდება კითხვა: რამდენად შეეძლო ეს ქალს?
      ”ამ დროს ადამიანი დიდი ტკივილის გამო, მძიმე ტრავმული შოკით კვდება და სწრაფად კარგავს გონებას, რის გამოც მას არ შეუძლია დამოუკიდებელი მიზანდასახული მოძრაობების შესრულების უნარი, რადგან ეს შემთხვევა საუკუნეებს დარჩა, განსაკუთრებით გაოცება გამოიწვია იქ დამსწრე საზოგადოების, ესე იგი, რაღაცით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი წამებისაგან, პირადული აზრია ჩემი, რომ ალბათ ღვთის დიდი სიყვარულის, ღრმა რწმენის გამო, ქეთევან დედოფალმა შეძლო დაეთრგუნა შთაგონებით ტკივილები, მოახდინა ანესთეზია, ანალგესია, ესე იგი ტკივილის დათრგუნვა, რის გამოც როგორც ცნობილია ლოცულობდა, რითაც აღაფრთოვანა წამების დროს დამსწრე საზოგადოება, სწორედ ის მისიონერები” (ბესო კილასონია, სასამართლო ექსპერტი).
      ”ტკივილი, საშინელი ტკივილი იქნებოდა, ეს იქნებოდა აუტანელი ტკივილი, უნდა გითხრათ, რომ შეიძლება მამაკაცს ვერ გაეძლო ამ ტკივილისათვის, მაგრამ ქალი უფრო უკეთესად იტანს ამ ტკივილს, ვინაიდან მისი დედობა მოითხოვს რომ მან გაუძლოს ამ ტკივილს” (ნოდარ ჭიჭინაძე, ენდოკრინოლოგი).
      ”შენ თუ მართალი ხარ და შენ სიმართლეს ტყუილით ებრძვიან, შენი სიმართლე უფრო ძლიერდება მაშინ, და აი ეს არის კიდევ უდიდესი ძალა იმისა, რაც ყველა ტკივილზე უფრო მაღლა დგება, ეს ადამიანური განცდა შთანთქავს ყოველ რეცეპტორში მიმდინარე აღძრულ ფიზიოლოგიურ პროცესს, რომელსაც ცნობიერი ტკივილად განიცდის, რაღაა ტკივილი უკვე აქ? (ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი).
      თუ ქეთევანის წამებას მკაცრი მეცნიერული ლოგიკით განვიხილავთ დავინახავთ, რომ ამავე ლოგიკით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, როგორც ჩანს 11 წლიანმა ტყვეობამ, შვილიშვილების დახოცვამ, თვალწინ მღვდლის წამებამ და სამშობლოს ბედზე ფიქრმა დედოფალი განსაცდელისათვის მოამზადა, ცხადია რომ ქეთევანი ფსიქოლოგიურად უკვე ყველაფერს აიტანდა, ამისთვის მისი სხეულიც მზად იყო. სწორედ ამიტომ ჯალათებმა მთავარს ვერ მიაღწიეს, დედოფალი მორალურად ვერ გატეხეს, დაუმარცხებელი ჩანდა თითქოსდა სუსტი სხეული, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ბოლოს ქეთევანი ჯალათებმა უბრალოდ დაახრჩვეს!
      ”ესე იგი, ის შოკში ვერ ჩააგდეს, ტკივილს გაუძლო ბოლომდე. ეს უძლიერესი ადამიანის შესაძლებლობაა, იმიტომ რომ წარმოდგენაც კი ძალიან ძნელია ჩვეულებრივი მოკვდავისათვის” (მანანა თოდუა, ექიმი).
      ”მე ვთვლი, რომ ის მაინც იყო განსაკუთრებული ადამიანი, ვინაიდან მაღალი მორალური თვისებები, რომლითაც ის იყო დაჯილდოვებული, აგრეთვე რწმენა იმისა, რომ ის ასრულებს ძალიან დიდ მისიას თავისი სახელმწიფოს, თავისი ქვეყნის წინაშე, სწორედ ეს მოტივები განაპირობებდა, რომ ის იყო განსაკუთრებული ადამიანი და სამწუხაროდ ბევრი ჩვენთაგანი ასეთ თვისებებს ვერ იჩენს სათანადო პირობებში” (ნოდარ ჭიჭინაძე, ენდოკრინოლოგი).
      ”ვინც ჭეშმარიტებას ებრძვის – ჭეშმარიტებას აძლიერებს, ვინც სიკეთეს ებრძვის – სიკეთეს აძლიერებს, ვინც სიყვარულს ებრძვის – სიყვარულს აძლიერებს, აი ეს გახლდათ ყველა ეს პროცესი, ეს არის ქრისტეს ჯვარცმის შინაარსი, მისტერია, რომელიც მარადიულია, აქ იყო ქეთევან დედოფალი (ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი).

ან – ამას ვსტირი, ბან – ბნელსა მჯდომი
გან – გულსა მდუღრად, დონ – დადაგული
ენ – ესრეთ ვება, ვინ – ვის მიება
ზენ – ზედა ზედა, ჰე – ჰეი დართული”

      ეს არის ქეთევანის ანბანთქება, რომელიც გადმოცემის მიხედვით მას წამებამდე რამდენიმე თვით ადრე შირაზში დაუწერია. XVII საუკუნის ერთ-ერთ საღვთისმეტყველო კრებულში კი მისი უნიკალური სახება შემორჩა, არცერთი ქართველი წმინდანი მსგავსი ფორმით არასოდეს გამოუსახავთ, აქ დედოფალი შროშანზე ხელებაპყრობილი ზის და სისხლიანი ცრემლებით ტირის. წამების იარაღი, გახურებული მარწუხი კი მხარმარჯვნივ ჰაერში გამოკიდებული ჩანს.
      ქეთევანისადმი განსაკუთრებული პატივისცემა და თაყვანისცემა საქართველოს ძალიან მალე გასცდა. უცხოელებმა მის მოღვაწეობას ვრცელი შრომები დაუთმეს. უკვე 1633 წელს ინგლისში ქართველი დედოფლისადმი მიძღვნილი წიგნი გამოვიდა. 1636 წელს კლოდ მალენგრმა, ხოლო 1646 წელს ანტონიო დე გრივამ ფრანგულად დაბეჭდეს ქეთევანის ცხოვრება. გერმანელმა გრივიუსმა მის სახელს პიესა მიუძღვნა, იტალიელმა პიეტრო დელა ვალემ კი ქეთევანზე მუსიკალური დრამა დაწერა.
      ”11 ენაზე იყო იმ პერიოდში შექმნილი ქეთევან წამებულზე, იმდენად დიდი, ეს იყო რაღაც ისეთი მოვლენა, რომელიც სჭირდებოდათ იმ პერიოდში, როდესაც რენესანსული იდეალი დაიმსხვრა, სჭირდებოდათ იდეალი, ანუ რაღაც გამორჩეული პიროვნება” (მარინა ცინციბაძე, ისტორიკოსი).
      ლეგენდებით შემოსილ დედოფალს სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად იხსენიებდნენ. პორტუგალიელები მას გატევანდა დედოპოლს, ესპანელები ქეთევანს, იტალიელები ქეთეოსს, გერმანელები და ფრანგები კატარინას, სომხები კი მარიამს უწოდებდნენ.

      ”ეს იყო მისი სახეშეცვლილი სახელი, მაგრამ ფუძე პრინციპში ერთია, და ის რომ მარიამად იხსენიებენ, ამას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა” (მარინა ცინციბაძე, ისტორიკოსი).
      ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დღეს ავჭალის წმინდა ქეთევანის ტაძარში განისვენებს უნიკალურია, რადგან იგი თავად დიდმოწამე დედოფალს ეკუთვნოდა. როგორც ცნობილია, გვირგვინოსანმა ისპაჰანში ”თან წარიტანა მაცხოვრის ჯვარცმა და ღვთისმშობლის ხატი”. წამების შემდეგ დედოფლის რელიკვია სამშობლოში თეიმურაზ მეფეს ჩამოუტანეს, თუმცა შაჰ-აბასის დამანგრეველი შემოსევების შემდეგ მისი კვალი საქართველოდან გაქრა. მოგვიანებით სიწმინდე რუსეთში ერთ-ერთ ლავრაში გამოჩნდა, საიდანაც ასევე იდუმალებით მოცულ ვითარებაში დაიკარგა. ბოლოს და ბოლოს ხატმა ირლანდიის სამეფო კარამდე მიაღწია. აქედან კი სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში მცხოვრებ მანუელ და ბარბარა ლუსტალიების ოჯახში გადაინაცვლა. 2003 წელს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ ხატის სამშობლოში დაბრუნება შეძლო.

      ამ ხატის მსგავსად სიწმინდეები მთელს მსოფლიოშია გაფანტული. მაგალითად, რუსეთში, ზაგორსკის ლავრაში დღემდე ინახება ქეთევან დედოფლის ყველაზე ადრინდელი ხატი, იგი ბატონიშვილ ვახტანგის მიერაა შემკობილი. რელიკვიაზე ქეთევანია გამოსახული, მას ერთ ხელში ჯვარი უჭირავს, მეორეში კი სანაწილე, რომელშიც მისივე სხეულის ნაწილებია ჩასვენებული.
      აბსოლუტურად მოულოდნელი იყო აღმოჩენა, რომელიც სულ ახლახან, ლონდონში მოხდა. ბრიტანეთის მუზეუმში, მე-6 სართულზე, იქ სადაც მართლმადიდებლური სიწმინდეებია გამოფენილი, მამა გიორგიმ ქეთევან დედოფლიოს სიწმინდეებს მიაკვლია. ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი წერდა: ”ეს სანაწილე პატარა ხატი შეუძენია ბრიტანეთის მუზეუმს ერთი ანტიქვარისაგან. სანაწილეს წინა პირი წარმოადგენს ლამაზ მედალიონს, რომელზეც გამოსახულია ბიზანტიური მინანქრით წმინდა გიორგი. უკანა პირზე მხედრული ასოებით აწერია ”წმინდა ქეთევან დედოფლის ნაწილი”.
      ბრიტანეთის მუზეუმის დირექციამ, კერძოდ მართლმადიდებლური სიძველეების განყოფილების უფროსმა კრის ვუდმა ხატის ვიტრინიდან გამოღებისა და გადაღების უფლება პირველად გასცა. ამ უნიკალურ კადრებში მედალიონზე დატანილი მხედრული განმარტებითი წარწერა კარგად მოსჩანს. აქვეა დიმიტრი თესალონიკელის მინანქრით შესრულებული გამოსახულებაც, თუმცა ყველაზე ძვირფასი მედალიონის შიგნითაა მოთავსებული. პატარა უჯრებში ჩალაგებული სიწმინდეებიდან ერთ-ერთი თავად ქეთევან დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს.

      ჩვენი ტელეექსპედიციის მიზანი ქეთევან დედოფლის სიწმინდეების მოძიება და მათი ფირზე დაფიქსირებაა. ქართულმა კვალმა თითქმის მთელ მსოფლიოს შემოუარა, ევროპა, რუსეთი, აზია და ინდოეთი, ეს ის ქვეყნებია სადაც ან დედოფლის წმინდა ნაწილები განისვენებს, ან მისი ღვაწლია უკვდავყოფილი.
      ამჯერად გეზი ლისაბონისკენ გვიჭირავს, სადაც თურმე შირაზული გოლგოთა პორტუგალიელმა ბერებმა კედელზე გააცოცხლეს.

პირველი ფილმის დასასრული

სცენარის ავტორი და რეჟისორი – გიორგი კალანდია
გენერალური პროდიუსერი – ოთარ შამათავა
დამდგმელი ოპერატორი – ლევან ლეკიაშვილი
მონტაჟის რეჟისორი – ნიკა ჭეიშვილი
რედაქტორი – თამარ ნატროშვილი
კომპიუტერული გრაფიკა – სლავა კოზლიაკოვსკი
ტელეექსპედიციის წევრები – გიორგი კალანდია, მამა გიორგი რაზმაძე, ლევან ლეკიაშვილი
გადაცემაზე მუშაობდნენ: ზურა ყიფშიძე, მაია ფაჩუაშვილი, გოგა ჩხეიძე, ზაალ წულაძე,
თეა ქართველიშვილი, ნანა დუღაძე, გია აგეკიანი, თემო ხუბულავა, დავით მენაბდე
გამოყენებულია: საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის, ზუგდიდის დადიანების სასახლეების,
”ტორო დე ტომბოს” ბიბლიოთეკის (პორტუგალია), სერგიევო პოსადის მუზეუმის (რუსეთი),
ბრიტანეთის მუზეუმის (ინგლისი) საარქივო და ფოტო-მასალა.

გამოყენებული ლიტერატურა:

      1. მ. ცინციბაძე – ”ქეთევან დედოფალი და ქრისტიანული კულტურა”;
      2. ა. ნონეშვილი – ”წმინდა ცრემლის კვალი”;
      3. რ. გულბეკიანი – ”ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ”;
      4. თეიმურაზ I – ”წამება ქეთევან დედოფლისა”;
      5. თ. ნატროშვილი – ”მაშრიყით მაღრიბამდე”;
      6. რ. გიორგაძე – ”საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები ზაგორსკის მუზეუმში”.

* * *