სანდრო შანიძე – ალექსანდრე შანიძე


      2007 წლის 15 სექტემბერს, ჩვენმა რთველის დედოფალმა – ეკა ბასილაშვილმა (ქვეთავი 30, რთველი კახეთში, ბასილაშვილებთან) კვლავ შეგკვრიბა ძველი სართვლო შემადგენლობა და ახალ მეგობრებთან ერთად ძველი ანაგისკენ მიმავალ გზას გაგვიყენა. სასწავლო წლის დაწყების გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენი შარშანდელი ფერეიდნელი სტუმრები ირანში იმყოფებოდნენ და ამიტომ სამწუხაროდ ვერ მოახერხეს კახეთში გამომგზავრება.

      ტრადიციისამებრ ჯერ სიღნაღში, წმინდა ნინოს მონასტერში შევიარეთ, სადაც ქართველებთან ერთად უამრავი უცხოელი სტუმარიც დაგვხვდა... წმინდა ნინოს საფლავის მონახულების და სანთლების ანთების შემდეგ ეზოში გამოვედით, რამდენიმე წუთის შემდეგ ეკამ თავისთან მიმიხმო და მასთან მდგომი სიმპატიური ახალგაზრდა კაცი, სამი შვილის მამა – სანდრო შანიძე გამაცნო. როცა ეკამ სანდროს ჩემი თავი წარუდგინა, აღნიშნა ჩემი ფერეიდანთან და ფერეიდნელებთან ურთიერთობის შესახებ. სანდროს ფერეიდანის ხსენებაზე ისეთი გამოცოცხლება დაეტყო, რომ შემდგომ საუბარში შევეცადე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა ირანში მცხოვრები ქართველების შესახებ. რა თქმა უნდა საუბარი ჩემს ”შინაურულ” საიტსაც შეეხო. ვუყვებოდი, თუ როგორ ვაგროვებდი ინფორმაციებს საიტში ასატვირთად. აქ კი სანდრომ შემომთავაზა, რომ პაპამისის, პოეტ ალექსანდრე შანიძის პირად არქივში ინახებოდა დაახლოებით ერთი საუკუნის წინ თბილისში ჩამოსული ფერეიდნელების ფოტო, რომელიც ჯერ არსად არ იყო გამოქვეყნებული და შეეძლო ეს უნიკალური ფოტო ჩემთვის ეჩვენებინა!
      ეს იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ჯერ კი დავიბენი, შემდეგ კი კატასტროფული სიჩქარით გავცვალეთ მისამართები და მობილურის ნომრები, სანამ ერთმანეთს დავცილდებოდით... შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სანდრო შანიძე ბასილაშვილების სტუმარი ყოფილა და ისიც რთველში მოდიოდა, უბრალოდ წმინდა ნინოს მონასტერში წამოგვეწია... ესეც მეორე სასიამოვნო მოულოდნელობა! რადგან უკვე არსად არ გვეჩქარებოდა, უკვე დაწყნარებით გავაგრძელეთ საუბარი. აღმოჩნდა, რომ სანდრო ფშავ-ხევსურეთის ხშირი სტუმარი ყოფილა და ბევრი სასიკეთო საქმეც გაუკეთებია. სანდრო ხალხური ფოლკლორის დიდი მოტრფიალეც აღმოჩნდა, ბევრი ხალხური მარგალიტი ზეპირად თქვა... ბოლოს კი მიხა ხელაშვილის ლექსების კრებული ”ლექსო, ამოგთქომ ოხერო” მაჩუქა, საიდანაც გავიგე, რომ ეს წიგნი თვით სანდრო შანიძის მხარდაჭერით გამოსულა, ამ წიგნიდან გავიგე ისიც, რომ მისი ქველმოქმედებით გახსნილა ბარისახოს ეთნოგრაფიული მუზეუმი 2005 წლის 6 აგვისტოს, სანდრო შანიძის დაფინანსებული ყოფილა გიგი ხორნაულის 600 გვერდიანი წიგნი ”მზიანი რწმენის საუფლო” და ბევრი სხვა.
      საუბარში და წიგნის თვალიერების დროს სანდრო შანიძე მაშინვე ”ჩავრიცხე” ჩემს გამოუცხადებელ ”მწვანე ბალახის საზოგადოებაში” (ბალახის ღერო არ ცდილობს ბაობაბის ხედ გადაიქცეს, ამიტომ დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება. რაბინდრანათ თაგორი), ვერ კი გავუმხილე... მომერიდა... ჯიქურ კი ვკითხე, ვინ და რა კაცი ხარ-თქო? გაკვირვებულმა შემომხედა – ჩვეულებრივი ქართველი ვარო, მიპასუხა...

      ”სურათზე შუა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ მეორე სხედან: სეიფოლა იოსელიანი. მესამე ამბაკო ჭელიძე. სურათი გადმომცა ჩემმა მეგობარმა ქართველმა პედაგოგმა გიორგი აბულაშვილმა. იგი მოგზაურობდა სპარსეთში. 1927 წელს სეიფოლას გიორგისათვის უსახსოვრებია ქ. ისპაჰანში გადაღებული სურათი. ეს სურათი რომ არ დაკარგულიყო, ჩემივე თხოვნით გ. აბულაშვილმა მე გადმომცა. სურათი მეტად საინტერესოა, რადგან სეიფოლა იოსელიანი ფერეიდნელ ქართველებში იბრძოდა სწავლა-განათლების შეტანისათვის. ამბაკო ჭელიძე კი მსახურობდა თეირანში 1923 წლიდან. იგი მსახურობდა თეირანში დაარსებული საბჭოთა კავშირის ბანკის თანამშრომლად. მან კარგად იცოდა სპარსული. რამდენჯერმე უმოგზაურია ფერეიდანში. ქართველ სპარსელებში აქტიურად ავრცელებდა ქართულ კულტურას და ხელს უწყობდა ხალხში სწავლა-განათლების შეტანას”. ალექსანდრე შანიძე.
      P.S. ეს ქვეთავი უკვე ატვირთული იყო საიტში, როცა სანდრო შანიძისგან დამატებით მივიღე ზემოთ მოყვანილი სურათის ორიგინალი წარწერით, რომელსაც აქვე გთავაზობთ:



 


      19 9/III 27 წელი ქ. ისფაგანი სპარსეთი
      სახსოვრად მარიკელა და თამრიკოს. ქართველები სპარსეთში
      მარცხნიდან მარჯვნივ
                  უკანა რიგი
      1. შემოსწრებული რუსი ამხანაგი;
      2. ქართველი-სპარსელი ნაურუზ-ალი, სპარსელი ჯარისკაცი, რომელიც კახელ გაგრიას ჰგავს;
      3. გიორგი ბიბილაშვილი.
                  შუალა რიგი
      1. ქართველი-სპარსელი რახმან საჩინაშვილი;
      2. სეიფოლა-ხან იოსელიანი, ქართველ-სპარსელი;
      3. ისფაგანში რუსეთის ბანკის თანამშრომელი ამბაკო ჭელიძე, რომელიც დიდ შრომას აწარმოებს რომ ქართველ სპარსელების სოფლებში ცოტა სინათლე შეიტანოს, სკოლის გახსნით და სხვა.
                  პირველი რიგი
      1. ფატულა, სეიფოლა-ხანის ვაჟიშვილი;
      2. იოსებ გოგოლაძე;
      3. ფატულა 10 წლისა, ფატულას ბიძაშვილი.
      ამ ქართველ-სპარსელებს ცოლათ სულ ქართველი ქალები ჰყავთ. თავიანთ ქალებს ფარსებს არ აძლევენ. გოგა.


გალაკტიონი და ალექსანდრე შანიძე. 08.11.1957
ალექსანდრე შანიძის ლექსები

      გთავაზობთ სეიფოლა იოსელიანის შესახებ ამონარიდებს ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან ”ფერეიდნელი ”გურჯები”:
      1922 წელს ფერეიდნელი ქართველი სეიფოლა იოსელიანი ეწვია საქართველოს. იგი აქ დარჩა 1923 წლის ზაფხულამდე. სანამ სეიფოლა იოსელიანს მიუჩენდნენ მისთვის განკუთვნილ ბინას, იგი თითქმის თვენახევარის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში თავისი ძველი მეგობრის პავლე ლორთქიფანიძის ბინაზე.
      სეიფოლა იოსელიანი იყო ზემო მარტოფელი, სპარსული განათლების მქონე, მაგრამ ამავე დროს ქართული ენის მშვენიერი მცოდნე და ფერეიდნელი ქართველების ადათ-წესებში და ყოფა-ცხოვრებაში კარგად გარკვეული.
      ქართველი ენათმეცნიერები დაინტერესდნენ სეიფოლა იოსელიანის ქართული მეტყველებით და ჩაიწერეს იგი. საინტერესო გამოკვლევები გამოაქვეყნა არნ. ჩიქობავამ ფერეიდნული ქართული დიალექტის შესახებ.
      მეტად მნიშვნელოვანი იყო ამბაკოსათვის საქართველოდან ახლად დაბრუნებულ სეიფოლა იოსელიანის სტუმრობა. ”ბოხოხი ეხურა, ხაკისფერი ქურთუკი, გალიფეს შარვალი, პალტო ეცვა. ერთი სიტყვით, – შენიშნავს ამბაკო ჭელიძე, – ის სრულებით არ ჰგავდა იმდროინდელ ირანელ მოქალაქეს. სულიერი განწყობილება – კმაყოფილი, მხიარული. ყველაფერს საქართველოს ქებით იწყებდა და ამითვე ათავებდა. მოწონდა განსაკუთრებით თბილისი, კმაყოფილებით იგონებდა სხვადასხვა ქალაქებში გატარებულ დროს. დიდი მადლობით იხსენიებდა ყველას.
      სეიფოლამ უამბო ამბაკოს, რომ მან უკვე ინახულა ’’პირველი ვეზირი’’; რეზა-ხანი (შემდეგში ირანის შაჰი). მას ვეზირისათვის იარაღის შეძენის ნებართვა უთხოვია, რათა ფერეიდნელ ქართველებს შეძლებოდათ ქურთებისა და ბახთიარების თავდასხმებისაგან თავის დაცვა, მაგრამ ვეზირის ზრდილობიანი უარი მიუღია. სეიფოლა იყო ხანი და მას ურთიერთობა ჰქონდა ირანის მმართველ წრეებთან, მიუხედავად ამისა, ირანის მაღალი წოდების წარმომადგენლები მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ სეიფოლა იოსელიანის საქართველოში მოგზაურობას და მის კავშირ-ურთიერთობას ქართველებთან.
      სეიფოლამ მალე დატოვა თეირანი და ფერეიდანს გაემგზავრა. ახლა უკვე ფერეიდანის ბევრმა ქართველმა იცოდა ამბაკოს ირანში ყოფნის ამბავი. მეტად თბილ და გულისხმიერ წერილებს ღებულობდა სეიფოლასაგან ამბაკო, მთელის გულით ეპატიჟებოდა თავისთან. სხვა მისთვის უცნობი ფერეიდნელი ქართველებისაგან ღებულობდა წერილებს ა. ჭელიძე და სურვილი ფერეიდანში გამგზავრებისა თანდათან უცხოველდებოდა.
      ისპაჰანში ხშირად ჩადიოდა სეიფოლა იოსელიანიც, რომელიც, ამბაკოს თქმით, ”ნებას აძლევდა თავის ნოქრებსაც” მათთან ერთად ეჭამათ პური. ჩვეულებრივ, ირანში ხანი გლეხთან ერთად სუფრასთან არ ჯდებოდა.
      სეიფოლა იოსელიანი საკმაოდ მოწყენილი შეხვდა სტუმრებს. ამან დააფიქრა ამბაკო და მისი მეუღლე. ვერაფრით ვერ აეხსნათ მასპინძლის ასეთი უგუნებობა. სეიფოლა რამდენიმეჯერ ჰყავდათ ნანახი, წერილებიც მისდიოდათ, რომლებშიც თავგამოდებით ეპატიჟებოდა ფერეიდანში. ახლა კი... ახლა კი რა მოხდა? – ფიქრობდა ამბაკო. მეორე დღეს ყველაფერი გამოირკვა.
      დილით ადრე სეიფოლას სახლში მოვიდა ორი ბახთიარი. ცხენები ეზოში დააბეს, ხოლო თვითონ სახლის ერთ ოთახში შევიდნენ. სეიფოლამ გააფრთხილა ამბაკო, რომ ესენი მთავრობის კაცებიაო. სხვა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა ისე ეჭირა თავი, თითქოს ამბაკო და მისი მეუღლე მისთვის სრულიად უცხონი ყოფილიყვნენ. თურმე რამდენიმე სპარსელ ავკაცს და სეიფოლას მტრებს ხმები დაუყრიათ, თითქოს ამბაკო ჭელიძე ფერეიდანში იქ მცხოვრები ქართველების საქართველოში გადასასახლებლად მიდიოდა. ეს ამბავი მთავრობის ყურამდე მისულიყო. მთავრობის წარმომადგენლებს კი ამ საქმის გამორკვევა ფერეიდანში ყაჩაღობის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყოფილი ასეულის მეთაურისათვის დაუვალებიათ. მაგრამ როდესაც სპარსელ ოფიცერს ვერაფერი ამის მსგავსი ვერ შეუტყვია და საეჭვოც ვერაფერი დაუნახავს, თავი მიუნებებია თვალთვალისათვის და აღარ გაჰკარებია არც ამბაკოს და არც მის მასპინძლებს.

* * *

მიხა ხელაშვილი

      ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე სიტყვას თვითნაბადი ნიჭით მბრწყინავ და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის თავდადებულ მიხა (ხელაიშვილზე) ხელაშვილზე, რომელიც 1925 წლის 25 იანვარს (რა დღესაც მას 25 წელი შეუსრულდა) ახალ მთავრობასთან პირშეკრულმა მისმა ძმადნაფიცმა, ღალატით სიცოცხლეს გამოასალმა...
      ”1925 წლის 24 იანვარს ყინვისაგან შეწუხებული მიხა, ჩანს ვეღარ დაელოდა დაღამებას, დღისითვე შეიპარა ძმობილის სახლში. ლუკას და მიხას ფიცვერცხლი ჰქონიათ ნაჭამი, ამიტომ ლუკას მეტისმეტად ”გახარებია” მიხას მისვლა. მაშინვე ხინკლის თადარიგს შესდგომია. ლუკამ ჩვეულებრივ წვერ-პირის გაპარსვაც შესთავაზა მიხას. ყბა ჩამოპარსა და ყელთან რომ მივიდა სამართებელი, მიხამ უთხრა თურმე:
      – ლუკავ, გატყობ ჩემი მოკვლა გაქვს დავალებული, ბარემ გამომისვი ეგ სამართებელი, შენც მოისვენებ და მეცაო!
      ლუკას ძალიან შეუცხადებია. დამჯდარა, ტირილი დაუწყია:
      – მაგას როგორ მეუბნები, მე გამოვიჭრი ყელს, თუ ჩემი არა გჯერაო.
      ხელაშვილს დაუმშვიდებია და მერე, ხინკლის ჭამის დროს, ეტყობა, მაინც რაღაცას ამჩნევდა, თავისი პატრონტაჟიდან ამოღებული სახეთქიანი ვაზნა მიუწოდებია, როცა ჩემ მოკვლას დააპირებ, ეს ტყვია დამკარ, უცებ გამათავებსო.
      ”შემთხვევით” მოვიდა ლევან გარსევანიშვილი და იმანაც ”ძალიან გაიხარა” მიხას ნახვით. პურის არაყს აძალებდნენ მიხას – შემცივნებული იქნებიო და ისიც ალალად ცლიდა მიწოდებულ ყანწს. იქნებ განგებაც, რომ ღალატისა და სიკვდილისა ვერაფერი გაეგო.
      გვიან იცის გაჭრა პურის არაყმა, მაგრამ როცა გაჭრის, დაბანგულივით დააგდებს კაცს. დამთვრალი მიხა, ვითომდა მეტი სიფრთხილისათვის, მჭედელათ საბძელში გადაიყვანეს დასაძინებლად. შინ შებრუნებულ ლუკას და ლევანს დახვდნენ ის აქტივისტი კომკავშირლები, რომლებსაც ხელაშვილის დედის ცოდვა ედოთ და ახლა თვით ხელაშვილის დროზე მოშორებითაც იყვნენ დაინტერესებულნი, რადგან მიხა მათ დახოცვით ემუქრებოდა.
      ლუკა წინ გაუძღვა ლამპით, უკან ლევანი მიჰყვა ფეხზე შემდგარი თოფით. ლუკამ მიუნათა, ლევანმა თავში დაჰკრა, ზოგის თქმით. ლევანს ხელი აუკანკალდაო ბოლო მომენტში და იქვე მყოფმა, კაცისკვლაში უკვე გამოცდილმა კომკავშირელმა დაჰკრაო. მიხას მოკვლის ამბავი იმ დღეს დამალეს. ვახტანგი გაიქცა მაღაროსკარში მილიციისათვის შესატყობინებლად. მეორე ღამეს ჩუმად მოვიდნენ, ყასიდად ატეხეს თურმე სროლა, ვითომდა, მიხა ჩვენ მოვკალითო. გამთენიისას ჩამოიტანეს მისი ცხედარი და საფიხვნოში დააგდეს ხალხის საჩვენებლად და დასაშინებლად, თან იძახოდნენ: – მოკვლა არ გვინდოდა, მაგრამ გაქცეულს შემთხვევით მოგვიხვდა ტყვია შუბლშიო. მერე ცხენგამობმულ ყალზე დააკრეს, დუშეთში ჩაიტანეს და იქ დააგდეს მილიციის ეზოში. იქ იმდენ ხანს ეგდო, ვიდრე მისმა ტანსაცმელმა ფერი არ დაკარგა და ცხედარი არ გაიხრწნა და ნახევრად შეჭმულს მილიციამ სხვაგან გადაგდება არ დაუპირა. ძმაზე მლოცველმა აფხუშოელმა დამ სალომემ, გასაოცარი სიმტკიცით ცნობილმა ქალმა, საბძელში გაბნეული ტვინი და სისხლი მოკრიფა და დედის საფლავთან დაფლო. საიდუმლოდ ჩავიდა დუშეთში, ღამე მიხას ბარისახოელი მეგობრის, მილიციაში ჩამდგარი ხევსურის დახმარებით მოიპარა ძმის ცხედარი, ხურჯინით აჰკიდა ცხენს და დღე მალვითა და ღამე მოგზაურობით აიტანა ჩარგალში. აიტანა მიხას ცხედარი და დედის საფლავის გვერდით, თავის ტვინ-სისხლთან ერთად დამარხა”.
      მიხა ხელაშვილზე ახლა ბევრი რამის დაწერა შეიძლება. მაგრამ შემოვიფარგლები მხოლოდ მისი ლექსების კრებულის შესავალიდან ერთი ამონარიდის მოყვანით:
      ”ბევრს მოუსმენია, ბევრმა ზეპირადაც იცის ქართული ხალხური სიტყვიერების მარგალიტი – ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო”, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მისი ავტორი იყო ფშაველი მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი. საბჭოთა პერიოდში მისი სახელის ხსენება, ისევე, როგორც თვით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა, სასტიკად იყო აკრძალული. ხალხში გავრცელებული მისი რამდენიმე ლექსი, მთქმელის დაუსახელებლად და დიდი ხიფათის ფასად შეჰქონდათ ფოლკლორისტებს ხალხური პოეზიის კრებულებში”.

      ლექსო, ამოგთქომ, ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
      და შენ კი ჩემს სამახსოვროდ სააქაოზე რჩებოდე.
      გიმღერდენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმასა ჰყვებოდე,
      ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.
      ჩემო სახელო, ამქვეყნად დიდხანსამც იხსენებოდე,
      ჩემო ნათქომნო სიტყვანო, ნეტავი, გახქვეყნდებოდე,
      და ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე,
      გულო დარდითა, წყეულო, ნეტავ, არ დაშავდებოდე,
      სახლო, არ დაიშლებოდე, ცოლო, არ გასხთოვდებოდე!
      ნეტავინ, გულო კაცისავ, ძრიელ არ დაღონდებოდე,
      ფიქრო, შენ არა მტანჯავდე, როდისაც ჩავგონდებოდე.
      სუყველას გაუხარდება, რომ უდროვოდა ვკვდებოდე?
      იქნება, იყოს მისთანა, რომ მას არ ვავიწყდებოდე,
      ჩემზედ იტიროს მწარედა, ყოველთვის ვაგონდებოდე,
      ბევრჯერ მიტიროს გულითა, მანამდის დავმიწდებოდე?!
      ერთ ეგეც უნდა ვიფიქრო, ჩემს სიკვდილს ვინ იტირებსა,
      ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა, საქმეს ვინ გაიჭირებსა?
      მე ამას ვამბობ და ფიქრიც უთუოდ მინანდვილებსა,
      დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა.
      თუმც ნათესავნი, და-ძმანი, აღარ აისხმენ ღილებსა,
      ბოლოს კი დავავიწყდები, ყველას სხვა დაათირებსა.
      თუმც ცოლიც კარგა მიტირებს, ქვეყანას გააკვირებსა,
      ცოტა ხნის შემდეგ ისიც კი სხვას ვისმე გაუცინებსა.
      მეზობელებიც მიტირებს, ძალად დაჰკრეჭენ კბილებსა,
      კიდევაც ვიტყვი, დედის გულს მე ვერვინ გამაცილებსა,
      სუ იმის გულში ვიქნები, ძილსაც ვერ დაიძინებსა.
      და სხვას მე ვის რა მოვკითხო? სუყველა მოილხინებსა,
      მალე დაუსმენ თითებსა თავის ფანდურის სიმებსა.
      ვენაცვლე ძუძუთ გამზდელსა, გულით ის დამიტირებსა!
      დედას ვუყვარვართ და დედა არ გვაგონდება შვილებსა,
      იმათა გვტანჯავს უფალი, ყოველთვის გვაცოდვილებსა.

1919 წელი. ბარისახო.

      საუბედუროდ ვშობილვარ, უბედურს მასკვლავზედაო,
      შენ ნუ მიტირებ, რო მოვკვდე, ძუძუთ გამზდელო დედაო.
      ვიცი მე შენიც და სხვისიც, მე სუყველასა ვხედაო,
      გულში ბევრი რამ მიწყვია, მაგრამ თქმას ვერა ვბედაო,
      გულს, დაჩაგრულსა დარდითა, ლოდ დამედების ზედაო,
      სხვას კი არავის რა უშავ, შენ მებრალები, ბეჩაო,
      არ ვიცი, რასა მოველი, რამ-რა-რა ამაყბედაო?

1918 წლის 19 თებერვალი, ბარისახო.

      არც წვერს მოვიპარსავ, არ გავიკრეჭ თმასა,
      სანამდისინ არა ვნახავ მე ჩემს მიწა-წყალსა
      თავისუფლად მოკაზმულსა, როგორც პატარძალსა,
      ხელში ეროვნული დროშით ლაღად მომღიმარსა.
      მაშინ ხელში თუ ავიღებ სავსე ფიალასა,
      ვადღეგრძელებ ჩემს სამშობლოს კეთილ მომავალსა
      და წარსულსაც მოვიგონებ, შოთას ენას მტკბარსა
      და ვადიდებ დავითსა და თამარ დედოფალსა.

1918 წელი. ბარისახო.

      როდისღა უნდა გათენდეს, რა ძნელად არი ბნელია?
      გზა არ იგება არსაით, დრო არი საშინელია.
      იმალვის ტყეში სუყველა, ჩერდება ტურა, მგელია.
      წვიმაა გასაკვირველი, ალბათ გაჯავრდა ელია.

1922 წელი, 30-31 დეკემბერი, საყორნე.

      გაცოცხლოსთ ქართვლისა ქალნო და ანუ ქართველთ დედანო,
      შვილებისათვის მომთხრობნო წარსულთა სიტურფეთანო,
      სამშობლოსათვის საშველად სუსტი ძალ-ღონით მჩქეფავნო,
      შეგასწროთ თავისუფლებას სულით და ხორცით ნეტარნო,
      ამათ იცოცხლონ და თქვენაც – მათგან ნაშობნო მხედარნო!
      ამინ!

1923 წელი.

მიწისგანა ვარ შობილი

      ერთხელ მეც დავიკარგები, სახლში არ დავბრუნდებია,
      ბნელსა და ოხერ საფლავში ნელ-ნელა დავეშვებია,
      წახდება ხორციელობა, დარჩება ტიტველ ძვლებია,
      გულო, მაგ შენის ფიქრებით შენაც თან ჩამომყვებია.
      მიწისგანა ვარ შობილი, მიწას ვერ ავცილდებია,
      მიწა მზრდის, მიწა მახარებს, ბოლოს მეც დავმიწდებია.

მოვა სიკვდილი უჩინო

      წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,
      ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,
      რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,
      ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება.
      იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა.

      შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს − ჭია, კაცის გულს − ჯავრის იარა,
      მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;
      ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა.

      შენიშვნა: აქამდე ხალხურად ცნობილი ლექსი, რომლის წინა სტიქონები ეკუთვნის ქართული პოეზიის ”ფიროსმანს” ნიკო სამადაშვილს, ხოლო ბოლო სტრიქონები კი მიხა ხელაშვილს.



"ბინდისფერია სოფელი" − ლექსი, რომელიც
ხალხური ჰგონიათ, ნიკო სამადაშვილმა დაწერა

ჟურნალი ”სარკე” N13; 26.III-01.IV 2008




* * *

      2007 წლის 21 ოქტომბერს გავემგზავრე დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ქვემო ქედში, მიხა ხელაშვილის ერთადერთი ქალიშვილის, 86 წლის ქალბატონ თამარის მოსანახულებლად. თვით სოფელი საკმაოდ ღონივრად გამოიყურებოდა, რომელიც გზის გასწვრივ, 7 კილომეტრზეა გადაჭიმული. ქალბატონ თამარის საცხოვრებლის ნახვის შემდეგ კი სულ წამიხდა შთაბეჭდილება... ეს არა მარტო ქვემო ქედის, არამედ მთლიანი საქართველოს სირცხვილია! საცხოვრებელი სახლის კედლები ჩამოშლილია, დანგრევის პირზეა მისული... ქალბატონი თამარი კი უკვე რამდენიმე წელია, ღამეს ეზოში რაღაც სასწაულით მიტანილ თუ ატანილ გადატიხრულ ვაგონში ათევს, ფაქტიურად ვაგონში ცხოვრობს...
      − ბეჩავადა ვდგევარ, ბეჩავად... ფშავური კილოთი მომიბოდიშა ქალბატონმა თამარმა და ერთადერთი სკამი შემომთავაზა, თვითონ კი საწოლზე ჩამოჯდა. პირველ რიგში მთხოვა, მისთვის ”ქალბატონოთი” არ მიმემართა, ბებო დამიძახე, ასე უფრო მირჩევიაო, მე კი ჩემი ასაკი − 51 წელი გავუმხილე და ბოლოს შევთანხმდით, რომ ასე მივმართავდი − ”დეიდა თამარ!” − ეს მიმართვა უფრო თბილია, რადგან დედასთან ახლოა.
      დეიდა თამარმა მოკლედ მომიყვა თავისი წარსული... პირველი, რაც ახსოვს, ეს არის 2 წლის ბავშვის კოშმარი, თუ როგორ შეუცვივდნენ წითელი მილიციონერები, როგორ სცემდნენ დედამისს და ბებიას წიხლებით, თვით თამარი კი ფეხის კვრით მოუცილებიათ... თოფის კონდახებით დაუმტვრევიათ კიდობანი, სადაც იარაღს ეძებდნენ, ან იარაღზე უფრო ძლიერ იარაღს − მიხა ხელაშვილის ლექსებს...



”რაც რომ ქაღალდი ჩაუვარდებოდა ხელში, იმაზედა სწერდა...”

      ”პატარა რომ ვიყავი, 6-7 წლისა, ლექსობა დავიწყე. ერთ ვიღაც მეზობლის კაცს უთქვამს: ”აე, ბალღი ლექსობს, მამის ფერი გამოვაო!” გაჰკვირვებია პატარა თამარს და მაშინღა გაუგია, თუ ვისი შვილი ყოფილა...
      ქალბატონმა თამარმა მაჩვენა მთელი თავისი საგანძური − მიხა ხელაშვილის ხელნაწერები, რომლებიც დრო-ჟამს ისე გაეყვითლებინა და დაეცრიცა, რომ შეხებაც კი საშიში იყო. განსაკუთრებით დაზიანებული იყო ის ფურცლები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გამოქვაბულებში ინახებოდა:

შენიშვნა: ბოლო ხელნაწერები არ ეკუთვნის მიხა ხელაშვილს. როგორც ჩანს გადამწერმა სიტყვა ”ოხერო”
ჩაანაცვლა ისევ სიტყვით − ”ამოგთქომ”, რამაც თავისი ”მარილი” დაუკარგა ლექსს.
მეც გაგიმხელთ, ქალბატონმა თამარმა პირველად ასე მომმართა − ”ბეჩავადა ვგდივარ, ბეჩავად...”

      ”თურმე, მიხა რა დღესაც მოკლეს, იმ დღეს ახმეტის მხარეს აპირებდა გადასვლას. იანვარში ძნელია დათოვლილი მთის გადავლა, მითუმეტეს ზედმეტი ბარგით. თავისი ტყავის ჩანთა წინა დღეს თავისი დისთვის, სალომესათვის დაუტოვებია აფხუშოში: − თუ მომკლეს, ვანო ხორნაულს ჩააბარეთ, ის მიმიხედავსო. რა ნდობა ჰქონდა ეგეთი ცხრამეტი წლის ბიჭისა? მამას წაუღია ის ნაწერები, თავისთან რაცა ჰქონდა, ისიც დაუმატებია, საიმედოდ შეუფუთია და ჩვენი სახლის გაღმა, ღრმა ეხში შეუმალავს. ბალღებს, იმის შიშით თურმე, რომ იქ ძრომიალი არ დაგვეწყო, გვეტყოდა: ეშმაკიანია ის ეხი, არ შეძვრეთ, თორემ დაიხელთებითო. შეძრომა კი არა, იქ სიახლოვეს გავლისაც გვეშინოდა”.
      ქალბატონმა თამარმა აგრეთვე მაჩვენა დედამისის, ულამაზესი ფშაველი ქალის − დედუნა ბაჩიაშვილის ფოტოსურათი (ჰქონია მამის ორი ფოტოსურათიც, ერთი ნაბადით, მეორე კი უკვე გარდაცვლილი, რომლებიც ერთ-ერთ ცნობილ პიროვნებას უნათხოვრებია და ჯერ კი არ დაუბრუნებია):

      ”ნათხოვი ვყავდი მიხასა, ჯვარი უნდა დაგვეწერა, რომ მამა დამეღუპა. მანამ მამის წლისთავი გავიდოდა, მიხაი გავარდა. დასდევდა მილიცია, ჩვენსა რომ მოვიდოდა, დედაჩემი ჯავრობდა და ეხვეწებოდა: − ნუ მოხვალ ჩვენსა, მთავრობა დაგვაღონებს, ქალს დამიწიოკებენ. ტყეში გასულს ქალს ვეღარ მივცემ, თავი დაგვანებეო. მე წუხდი. მიხასაც ძალიან ვუყვარდი. ის მე რას თავს დამანებებდა. ხშირად მეუბნებოდა: − ავადს წაგიყვან, დედაშენი იყოს, სხვა ქალებმა უგდონ ყურიო (ფოცხვერას ვაჟი არა ჰყავდა). მე ვერა ვბედავდი ჯალაფთ უკითხავად ისიც დედის უპატრონოდ დატოვებას. თან მიხაი გასული იყო, შინ ვერ იქნებოდა. მე ვეუბნებოდი: − თუ საცა შენა ხარ, იქ წამიყვან, წამოვალ თუ არა და ახადს რა გავაკეთოო. ასე გავიდა დრო. აბა 15-16 წლის ქალს რა ძალა და გონი მქონდა. ახლა ძალიან მიყვარდა მიხაი. ასე შინ დავრჩი და ყაჩაღის ცოლი კი გავხდი. დედაჩემი ჩხუბობდა, მაგას ვინ იცის, სად მოჰკლავენ, რა გეშველება, რაზე ჩაიგდე თავი ცეცხლშიო. მე სულ არ მეყურებოდა არაფერი, მარტო ის მეამაყებოდა, რომ მიხას ცოლი ვიყავ და ის ჩემი იყო. რა დარდი მქონდა ან ჯვრისწერისა ან ქორწილისა, ქალი გაიჩნდა. ჩემისთანა აღარავინ მეგულებოდა.
      ბევრჯერ გამიყენეს სამაღაროსკარო გზასა ბალღაკიდებული. ბევრი ტანჯვა-წვალება შემხვდა, ბევრი დაკითხვა და დამუქრება. კიდევ იმითა ვნუგეშობდი, მესარჩლებოდნენ, თუ კი ფშაველი ვინ იქნებოდა. ვახტანგი ძალიან კარგად მექცეოდა. თითქმის პატრონობას მიწევდა, როგორც ახლობელი მეზობელი. მიხა ჩვენსა აღარ დადიოდა. თუ მთაში სადმე მნახავდა და სულ იმას მარიგებდა: − ნუ გეშინია, მე ესენი ვერ მომკლავენ. აქით მალე სულ წავალთ ისეთ ადგილსა, რო ჩვენი მცნობი არც მთავრობა და არც მილიცია იყოსო. გაიძლე ცოტა ხანსაცაო. მთავრობაში ისა თქვი, მიხა ჩემი არაფერია, არც ბალღი მყავ მაგისა, არც ვიცი სად არიო.
      ბალღი არ ენახა. ერთხელ შემომითვალა სახლს იქით მამულში გაიარე. იქ დაჯექი ბალღი დურბინდით უნდა ვნახოო. მე ძალიან მეწყინა: − რად არ შინ მოიდაო, განა არ ვიცოდი ჩვენს სახლს ტყიდან მილიცია ჰყარაულობდა. იქ იმის მოსვლა სიკვდილს უქადდა. ბალღი გავიყვანე. ნახა ალბათ, შემომითვალა, აბა შენ იცი, არ დაღონდეო. ჩემმა მულებმა თქვეს კახეთს წავა ისევაო.
      შემოდგომაზე მოვიდა. ჩვენსა ვერ მოდიოდა. მთავრობამ რომ გაიგო, ისევ დევნა დაუწყეს.
      ერთ დღეს, ზამთრის პირი იყო თოვლი იყო ჩვენს ეზოში მოვიდა გარეთ გამოვედი და მივეგებე. შინ ვერ შემოვალ ჩქარა უნდა წავიდე აქ არავინა მნახოსო. თქვა, ამ ზამთარს კახეთში მივდივარ, შენ აქ იყავ გაზაფხულზე შენაც წაგიყვან, თუ არ მომკლეს და ცოცხალი დავრჩი, თუ მომკლეს შენ იცი შენი თავისა, ნუ გასთხოვდები, ახადს წაგიყვანენ ჩვენები თუ ჯალაფთ არ დაგაყენეს და ჩხუბი დაგიწყეს. იქ თავის საკუთნო ოჯახში იქნები. ქვეყნის მოჯამაგირეობას ის გირჩევნია ე შვილი კარგად თავის კერაზე გაზარდო და თავადაც უსაყვედუროდ იყო. ახლა შენ იცი, მე ვერ შეგისრულებ დანაპირებს მაშინ თუ ცოცხალი არ ვიქნები და შენც დასთმეო. გამომეთხოვა და წავიდა რა ვიცოდი თუ ცოცხალს ვეღარა ვნახავდი. იმის შემდეგ ბევრი წვალება ვნახე ბევრი ტანჯვა გამოვიარე. მიხაი კი არამ დამავიწყა”.
      მონუსხულით ვუსმენდი გარდასულ დღეთა მოგონებებს. ბოლოს ვთხოვე ქალბატონ თამარს, ხელნაწერები ჩემთვის ეთხოვებინა, რომ დამესკანირებინა და ისე შემენახა (დედის სურათზე კი ვეღარ შევბედე...).
      გამომშვიდობებისას ქალბატონმა თამარმა მაჩუქა მამამისის, მიხა ხელაშვილის წიგნი ”ლექსო, ამოგთქომ, ოხერო” წარწერით: ”გიორგი ალავერდაშვილს, სახსოვრად მამაჩემის წიგნი, როგორც საქართველოსთვის თავდადებულ კარგ ქართველს. თითოეული ნამდვილი ქართველი მილიონი უღირს ჩვენს უფსკრულის კიდეზე მისულ ტანჯულ საქართველოს.
      სიცოცხლე და სიკეთე ყველა ნამდვილ ქართველს თქვენის ჩათვლით.
      21 ოქტომბერი. ქვემო ქედი. თამარ მიხას ასული ხელაშვილი”.

      ქალბატონ თამარს ჰყავს ერთადერთი მარჩენალი ძროხა, ორი ინდაური, სამი ციცირი და ერთი ძაღლი. ყოველთვის წელში ამაყად გამართული იმედით გაჰყურებს ჭიშკარს, იქნებ ვინმეს გაახსენდეს და მოიკითხოს, როგორც წარსული.

ქალბატონი თამარ ხელაშვილი და გიორგი ალავერდაშვილი ხელნაწერებით
* * *

      დეიდა თამარ! მოგვიანებით გიგზავნით თქვენს ფოტოსურათებს, ჟურნალ „გზის“ იმ ნომერს, სადაც ჩემი ინტერვიუ დაიბეჭდა და ტექსტს, რაც ჩადებულია ჩემს საიტში. ამ საიტის საშუალებით მთელ მსოფლიოში გაფანტულმა ქართველობამ გაიგო თუ ვინ იყო მიხა ხელაშვილი. ძალიან ბევრი გამოხმაურებაც მომივიდა. მინდოდა პირადად მენახეთ და თვითონ გადმომეცა ეს მასალები, მაგრამ ეტყობა სანდრო ისე გამოემგზავრა, რომ ვეღარ შემატყობინა. ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ ფოსტით გამოგიგზავნით.
      სანდრო შანიძეს გუშინ საღამოთი შევხვდი, დამპირდა რომ მამათქვენის ხელნაწერების ელექტრონულ ვერსიებს გამომიგზავნის და რა თქმა უნდა საიტში დავამატებ. სანდრომ გადმომცა თქვენს მიერ მოქსოვილი წინდები, რამაც უდიდესი სიხარული მომგვარა. ცოდვა გამხელილი ჯობია და ამ უნიკალურ წინდებს ვერ ჩავიცმევ... განა შეიძლება ძვირფას რელიკვიებს არ გავუფრთხილდე? შევინახავ და მისი შეხედვა უფრო გამათბობს, ვიდრე ჩაცმული!
      დეიდა თამარ! როცა სოფელში ჩავდივარ, დედა თქვენზე მეკითხება ხოლმე, კიდევ ხომ არ გინახავს ან ხომ არ იცი როგორ არისო? მასაც ძალიან გაუხარდება, როცა გაიგებს რომ მის შვილზე სხვა ქალბატონიც ზრუნავს.
      ძალიან პატივს გცემთ!
      კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი. 06.03.2009
ღმერთს ებარებოდეთ!



„პურზე გადაჰხაროდით არყის ჭიქასა, აგრე იტყოდით, დიდება
ნუ ჩამაჰყაროსო ღმერთმა ჩვენს
მიხა ხელაშვილს“.



“ჩემო ნათქომო სიტყვაო
შენამც კი გაჰქვეყნდებოდე...”



ხათუნა ბახტურიძე - ”მისანდობელი” ძმაკაცებისგან მოკლული ველის პოეტი.



2010 წლის 25 იანვარი


      2010 წლის 25 იანვარს, თოვლსა და ქარბუქში, საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი (ხელმძღვანელი ერეკლე უგრელიძე) წავედით მიხა ხელაშვილის საფლავზე მისი დაბადებისა და მკვლელობის დღის აღსანიშნავად. დავანთეთ სანთლები, წავუქციეთ ზედაშე, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდმა შეასრულა საგალობლები, წარმოვთქვით სიტყვები, წავიკითხეთ მიხასი და მისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები. საფლავზე ამოვიდნენ ქართველ ჩოხოსნები (ხელმძღვანელი გოგი დოლიძე), დუშეთის ხალხური სიმღერების ქალთა ტრიო, რომლებმაც იმღერეს მიხას ლექსებზე შექმნილი სიმღერები. საფლავი აკურთხა და მიხა ხელაშვილის სულის სახსენებელი პარაკლისი გადაიხადა ჩარგლის ღვთისმშობლის ეკლესიაში ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წინამძღვარმა მამა იორამმა.


მიხა ხელაშვილის საფლავი ს. ჩარგალის სასაფლაოზე, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის გვერდით.

მიხეილ ღანიშაშვილი და გოგი დოლიძე
მიხეილ ღანიშაშვილი და ერეკლე უგრელიძე
დუშეთის ქალთა ფოლკლორული ტრიო "დები ნაყეურები"
მგალობელთა ერთი გუნდი
პატარა ლუკა რაზიკაშვილი

2011 წლის 25 იანვარი



                                          ბალადა მიხა ხელაშვილზე

      დამშეულ ნადირივით დადიოდა,
      დამგდები დიაკვნის ანაფორის,
      თვალთაგან ცრემლები დასდიოდა
      დასტურად ტკივილის ანაფონის.
      ნაბდავდნენ ღრუბლები ახადის მთებს,
      ჩარგალსაც ნისლებში შეეცურა
      და საქმეთ, ქაქუცას ნახაზირებთ,
      არსება იმის შეეწურა...
      ვერ მიხვდა, მტერს როგორ აპატიოს
      მამულის ხიშტებით დაჩოქება,
      სასწრაფოდ თოფი და ნაბადიო! –
      იქუხებს და მგლებთან დაჯოგდება!
      აოცებს ალიონს შეფიცულთა
      წითლებთან ბრძოლა და გამკლავება,
      არაგვის ლოდები გარდაცვლილთა
      დათლილან საძვალე აკლდამებად.
      და გმირის გმირული ისტორია, –
      მტრები რომ სახავდნენ საფრთხობელად, –
      დარჩებათ, ვითარცა მისტერია,
      მოხუცებს შვილებში სათხრობელად.

მიხეილ ღანიშაშვილი (ილტოსპირელი).




                                          მიხა ხელაშვილს

      ლექსო, კლდის ნაპრალში შენახულო,
      მრავალ ქარ-წვიმისგან შელახულო,
      ქვებში ამომსკდარო მუხის ყლორტო –
      ოღონდ არასოდეს დამიღონდე...
      დედის გულო, ხანჯლით ნაჩხვლეტარო,
      მწუხრზე დახვრეტილო კელაპტარო...
      კაცო ერთგულო და საყდრის მცველო,
      დრომ შენ ვერასოდეს გამოგცელოს,
      ლექსო, ბუხრის ძირში ჩანაცრულო,
      მერე თვით იესოს განათლულო,
      ფშავში დის ხურჯინში ჩაწყობილო,
      ჩემო დაჩეხილო საქართველო.
      მერე ლუკმა-ლუკმა დამარხულო,
      მაგრამ არასოდეს განაღმულო...
      ჩემო ბარისახოს დიაკვანო,
      მიწა აკვანია, გიაკვანოს...
      ქვეყნის კაცობავ და... ხელაშვილო...
      მიწადარბეულო, მზეაშლილო...

ქეთევან დოლიძე.





მიხა ხელაშვილის საქველმოქმედო საღამო
ერთად დავეხმაროთ მიხას ქალიშვილს
ქალბატონ თამარ ხელაშვილს

2010 წლის 12 აპრილი
სამების საკათედრო ტაძარი
საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი








* * *




„სიტყვა ლექსებად ნაქარგი“ – პრეზენტაცია

2013 წელი, 11 მაისი, შაბათი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ფოტო-გალერეა




* * *


      წმინდა გიორგის ხატის გვერდით, სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოტანილი, რელიკვიებად ქცეული ქვები: 1. ფერეიდანი − ”ციხემთიდან”; 2. მუქი რუხი ფერის ქვა ვარძიის სამონასტრო კომპლექსიდან (აღებულია სამფეროვანი კლდის ზედა ფენიდან); 3. ფერეიდანი − მთის წყაროების სათავიდან; 4. სიღნაღი − წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ეზოდან; 5. ირანი, ისპაჰანი − ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ აშენებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან.