”რა ვრცელია ეს ქვეყანა და რა ხანმოკლეა არა?
ადამიანი რამდენს შრომობს, რამდენს აშენებს...
მოდის წვიმა... მოდის სეტყვა...”


შაჰ-აბას I – საქართველოს ყველაზე დიდი მტერი

      ”დიდი სახელმწიფო მოღვაწის უტყუარ ნიჭთან ერთად მას (შაჰ-აბას I სეფიანი (1587-1629 წ.წ.) თანდაყოლილი ჰქონდა პირადი ხასიათის ისეთი თვისებები, რომლებიც მას ხშირად ადამიანურ სახეს უკარგავდნენ და კაცურ ქცევას ავიწყებდნენ, შაჰ-აბასი მცირე რამის გამოც ისეთ თავშეუკავებელს მრისხანებას იჩენდა ხოლმე, ისეთი სრულებით უაზრო სისხლისღვრა, შემაძრწუნებელი ვერაგობა და შემზარავი შურისძიება იცოდა თავის მახლობელთა წრეშიაც, რომ უნებლიეთ მისი გონებრივი ნორმალურობის შესახებ ეჭვი იბადება.
      ...მისი მთელი პოლიტიკა ვერაგობითა და სისხლის გაუმაძღრობით იყო აღსავსე, ჭორებისა და ჯაშუშობის ქსელის მოტრფიალე ის თავის გარშემო ისეთ ჯოჯოხეთურ მუხანათობისა, ინტრიგებისა და იჭვიანობის ბუდეს ქმნიდა, რომ მას ხშირად თითონაც საშუალება აღარ ჰქონდა სიმართლე შეეტყო და გაბმული მახიდან თავი დაეღწია”.

ივანე ჯავახიშვილი


      ახლა კი გთავაზობთ სპარსელი შაჰების სურათების სერიას, რომლებიდანაც ორ ფოტოს გამოვყობ:
      პირველი – საქართველოს ყველაზე დიდი მტრის და ამაოხრებლის – შაჰ-აბას I საფლავის ფოტო, რომელთან დაკავშირებით მინდა გაგახსენოთ ამონარიდი ინტერვიუდან ჟურნალისტ მაია ასათიანთან, რომელიც დაიბეჭდა შემეცნებით-გასართობ სამედიცინო ჟურნალში «ავერსი», 3 (21), 2006.
      ”– მოგეხსენებათ, იქ დიქტატურაა და ჟურნალისტებს ასე იოლად მოძრაობა არ შეუძლიათ. ამის თაობაზე წინასწარ უნდა შეუთანხმდე სპეციალურ სამსახურს. მეც შევატყობინე, რომ შაჰ-აბასის საფლავის გადაღება მინდოდა. გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ არავინ იცოდა, სად იყო დაკრძალული მათთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ისტორიული პირი. დაუკავშირდნენ მეცნიერებს, ისტორიკოსებს, მოკლედ, უამრავი ხალხი შეაწუხეს, რომ ეს ადგილი როგორმე ეპოვათ. არადა, ჩვენთან ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ შაჰ-აბასი დასაფლავებულია ქალაქ ქაშანში, ერთ-ერთ მეჩეთში.
      ვიზიტის ბოლო დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, ნებას გაძლევთ, დაათვალიეროთ, მაგრამ არ გადაიღოთო. დავკიდე ყურმილი და უცებ ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი – გამახსენდა ხალხი, რომელსაც ამ დღეებში შევხვდი, მათი დარდითა და მონატრებით სავსე სიტყვები... ახლა კი მივდიოდი იმ კაცის საფლავის სანახავად, რომელმაც ერთი ხელის მოსმით თაობების ბედი გადაწყვიტა.
      ძალიან უბრალო სამარე აღმოაჩნდა შაჰ-აბასს: პატარა მეჩეთში იდო შავი ლოდი, რომელზეც ზემოდან სამშენებლო მასალები ეყარა. ძლივს მივხვდით, რომ სწორედ ეს იყო დიდი სპარსი მეფის განსასვენებელი.
      უკვე წამოსვლის დრო იყო. უკანასკნელად შევავლე თვალი შაჰ-აბასის საფლავს, კაცისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ამდენი ტკივილი მიაყენა და უცებ საოცარი სიამაყე დამეუფლა: მისი სამარე სპარსეთში თითქმის აღარავის ახსოვს, ჩვენ კი ვცოცხლობთ და მის მიერ გადმოსახლებული ხალხი 400 წლის შემდეგაც ქართულად ლაპარაკობს, ნანატრ გურჯისტანზე ლეგენდებს ჰყვება და უმღერის!..”
      აქვე მინდა აუცილებლად აღვნიშნო რომ შაჰ-აბასის საფლავი ნამდვილად ჭეშმარიტ და კრისტალურ ქართველს, ბატონ დოდო აბაშიძესაც მოუნახულებია...


      მეორე – საქვეყნოდ ცნობილია, რომ შაჰ-აბას I ასეთი მზაკვრული ჩვეულება ჰქონია: არასასურველ სტუმარს ”პატივისცემის ნიშნად” ბუნების წიაღში, ბაღში ალოდინებდა... მერე კი მშიერ ლომებს უშვებდა... გადმოცემის თანახმად გიორგი სააკაძემ (Gurji Khan) ასეთ ვითარებაში ორ ლომს სძლია... საინტერესოა, მეორე ფოტოზე გიორგი სააკაძე ხომ არ არის გამოსახული?



შაჰ-აბას I სეფიანი





ნადირ-შაჰი




* * *

დაუდ-ხან უნდილაძე
შაჰ-აბას II
მოჰამად-ხან ქაჯარი

სულეიმან საფავიდი. 1666-1694
შაჰ-ისმაილი
თემურ-ლენგი



* * *



ემამყოლი-ხან უნდილაძის სასახლე – ირანი – ყეშმი



ამონარიდი როდამ ჩაჩანიძის წიგნიდან
”წითელი წვიმა ნილოსზე”


      ”– მსმენია, სპარსეთის შაჰებს თვალი ყოველთვის ქართველ სარდლებზე ეჭირათო.
      – მართალია. მარტო შაჰ აბასის დროს, ჯერ იყო, და გიორგი სააკაძე უძღოდა სპარსეთის მხედრობას. ინდოეთი და ავღანისტანი აიღო, ერაყშიაც შეიჭრა, ოსმალოც იფრინა და გასწია ირანის საზღვრები.
      – სააკაძის მზე ჩაესვენა და ალავერდი-ხან უნდილაძე გამოჩნდა. მერე ის გახდა შაჰის მარჯვენა ხელი და პირველი კაცი. რისი გაკეთებაც სააკაძემ ვერ მოასწრო, უნდილაძემ დაამთავრა.
      – ალავერდი-ხანის ბიჭებიც მარჯვე სარდლები იყვნენ. დაუდ-ხან უნდილაძე განჯა-ყარაბაღის ბეგლარ-ბეგი გახდა. დაუდ-ხანის სარდლობით სეფიანთა ჯარმა პორტუგალიელები დაამარცხა და სპარსეთის ყურეში ახალი მიწები შეიერთა. ოთხი წლის შემდეგ არდებილთან ოსმალოს აყარა შავი დღე.
      უფროსი ძმა, იმამყული-ხან უნდილაძე ფარსის ბეგლარბეგი გახდა. ფაქტიურად იგი მეორე კაცი იყო სახელმწიფოში შაჰის შემდეგ. პორტუგალიელები კუნძულ ჰორმუზიდან რომ გადადენა, მისი სახელი მთელს ირანში ამზიანდა.
      შაჰ აბასის კარზე აგრეთვე როსტომ სააკაძე აღზევდა. შაჰ სეფის დროს იგი სპარსეთის სპასალარი და აზერბაიჯანის ბეგლარ-ბეგიც გახდა. შაჰ სეფი მისი გავლენის ქვეშ იყო. შაჰ აბას მეორეს ვეზირი მირზა თაყი ვერ შეურიგდა მის განდიდებას, შაჰს შეუჩნდა და მალე როსტომ ხანს თავი მოკვეთეს.
      – თავისი სიკვდილით თუ აღესრულა სპარსეთში ან ოსმალეთში რომელიმე ქართველი ხანი?
      – ბედნიერ ვარსკვლავზე ალავერდი-ხან უნდილაძე იყო დაბადებული. შაჰ აბასმა ის დიდის ამბით დაიტირა და მეშხედში მიაბარა მიწას მუსლიმთა წმიდა სასაფლაოზე მერვე იმამის გვერდით (არსებობს ვერსია, რომ იგი მოკლეს შაჰის მითითებით შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობის წინ. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, პირველი ტომი).
      მისი უმცროსი ვაჟი შაჰ სეფიმ გადააყენა და მოკვლაც უნდოდა, მაგრამ დაუდ-ხანმა ჭკუა იხმარა და გაიქცა. უფროსმა ძმამ – ჰორმუზის გმირმა, იმამყული-ხანმა ეჭვიან შაჰს სეფის ვეღარ გაასწრო და თავი მის ვაჟებსაც სეფი ყული-ხანს, ფათალი-ბეგს და ალიყული-ბეგს.
      გორგი-ხანს მირვეისმა აუგო წესი და თანაც სხვა ბევრი ქართველიც მიაყოლა. არც ბავშვები დაუზოგავს, ყველანი გაჟუჟა. ერეკლემ დროზე გაასწრო, თორემ მასაც სადმე დაკლავდნენ. სხვა ხალხის სამსახური ბეწვის ხიდზე ცეკვას ჰგავს. მცირე რამ შეგეშლება და მორჩა... პატიება საკუთარმა დედამ იცის, მხოლოდ საკუთარმა დედამ. დედინაცვლის ხელში ოქროც ჟანგიან რკინად იქცევა.
      – ბერძნებს, სპარსელებსა და ოსმალოს გულნათლად არასოდეს დაუფასებიათ ქართველი კაცის სამსახური. ის კი არა და ზოგი დამარხულ-გამოტირებული ერთგული კაციც კი ამოუღიათ საფლავიდან, დაუწყევლიათ, შეუჩვენებიათ და მერე ძაღლებისათვის მიუგდიათ.”



        უკუღმა სონეტი შაჰ-აბასს

აავსე ჯამი, მალე ქვეყნად აღარ იქნება
აღარც ეგ ღვინო, აღარც მსმელი, ჰეი, მერიქიფევ...
შაჰ-აბასი

შენ ბოროტებას სტრიქონები როგორ გადაშლის...
წინაპართ ღვარძლი ჩემს ძარღვებში ისევ მოღელავს.
სწვავდი ქვეყანას, გამოგქონდა დიბა-ატლასი

ჰარამხანებში ხათუნების შესამკობელად.
გრძნობდი, შაჰობაც განგებისგან რომ ვერ გიხსნიდა.
მაშ, რატომ გედგა ღვინის ჯამთან ჯამი სისხლისა?!

როცა დაეცი მეფე მგოსანს მახვილთა ელვით,
რად არ იგრძენი პოეზიის წმინდა ნათელი...
რად არ იგრძენი... ხალხის სისხლით ისე დათვერი,
თვით ფერეიდანს დააფრქვიე ქართველთა ცრემლი.

მილიონების ბედ-იღბალს რომ ხმლით იმონებდი,
ბნელ სამარეში საგანძურად რა ჩაგყოლია?!
სისხლიან პოეტს უკუღმართი გული გქონია,
მიტომ უკუღმა დაგიწერე მეც ეს სონეტი!

                                        1940. იოსებ ნონეშვილი.



        ნუთუ?

ნუთუ ყოფილა მართლა ქართველი,
ასე ეფიქროს, ეს დაეწეროს?
ნუთუ ყოფილა სამშობლოსათვის
ასეთი წამი საბედისწერო.
რომ სიცოცხლეც კი სათუო ჰქონდა,
ეჭვის ქვეშ იყო? - არა მჯეროდა...
შუბლი მიხურდა. გავხსენ სარკმელი -
ჩემი თბილისის დილა მღეროდა!
"რომ საქართველო მართლა შეიქმნას!"
მე ეს სიტყვები დასავიწყარი
მახსენდებოდა დილის ხმაურში,
ვით შფოთიანი ღამის სიზმარი!
რომ საქართველო მართლა შეიქმნა,
გჯეროდეთ ყველას! - გული მღეროდა...
სტალინის სურათს შევხედე უცბად,
ლენინთან ერთად რომ მიცქეროდა! ნუთუ?
"და თუ მართლად საქართველო შეიქმნას"

ამონაწერი 1615 წლის დარჩენილი ანდერძიდან
შაჰ-აბასის შემოსევის დროს.

                                        გიორგი ლეონიძე.