ლექსები ფერეიდანზე

1. სამშობლოს სიყვარული

დღეს, 2008 წლის 5 აპრილს, ამ წერილის ავტორის დაბადების დღეა!

daudi

      მხოლოდ სამშობლოს სიყვარული და მის გარდა არაფერი, როგორც ჩვენი ღმერთის სიყვარულსავით!
      შენ ხომ ჩემი სამოთხე ხარ, საქართველო, მე ხომ დაღლილი ვარ, ავად ვარ შენ შორობით, მხოლოდ შენ ხარ
      ჩემი წამალი და შენი გაბრწყინება ჩემი დიდი ნატვრაა.
      ღვინოც კი აღარ მისვამს, მაგრამ შენზე ფიქრი მამთვრალებს...
      გამარჯობა, ჩემო ძველო მეგობარო {საქართველო},
      ყველანი წყურვალები ვართ, სად ხარ?
      ღამეში დავრჩით მარტო, სად ხარ?
      აბა მოდი და მზე და სითბო მოგვიტანე...
      ჩემი სახლი ხარ, იმედის სახლი,
      ნეტავ ის დრო დაბრუნდეს, როცა დავით აღმაშენებლის ჩრდილი გფარავდა!
      აბა, ვინ გატკინა გული, შენ, ჩემო სისხლო?!
      ჩვენი ღმერთი ხომ აქ არის, ჩვენთან, მა რატო ჯერ ავად ხარ?
      400 წლის შემდეგ მიხაროდა სამშობლოს ნახვა!
      იცი, ქართველი ჯერ არ დაბადებულა, რომ შენთვის ცრემლი არ დაეღვაროს გულიდან, საქართველო!
      აბა მითხარი, შენს გარდა ვის უნდა შევეფარო?
      შენ ხომ ჩემთვის როგორც ღმერთი ხარ!
      მხოლოდ სიყვარულით შეიძლება შენი გაცნობა.
      უშენოდ ხომ სახლიც არ მექნების, მაშ მომითხოვე ჩემ სახლში!
      იცოდე კარგად, სანამ ცოცხალი ვიქნები, შენთვის თავს დავდებ ამ წმინდა მიწაზე, სისხლს დავღრი და გავაძღობ ჩემ სისხლით შენ მიწას და მოვკდები.
      იცოდე, ეს ჩემთვის პირველი და ყველაზე დიდი ოცნება არის.
      ეჭვიც კი არ გეპარებოდეს, მაგრამ არ ვიცი როგორ და რანაირად?
      მინდა თავი დავდვა შენ თბილ მიწაზე და სისხლით ვიტირო!
      გულის დარდს გეტყვი მაშინ, დიახ, გეტყვი 400 წლის დარდს...
      შენი შავი მიწა როგორც შავი ღამეა, მაგრამ გაბრწინებულია ვარსკვლავებით.
      მე შენთავი ჩემზე უფრო მეტად მიყვარს, იცოდი?
      ყველაზე მარტო ვარ აქ, ვაიმე, როდესამდე შორობა? ვაიმე...
      შენი სიყვარული, როგორც სიზმარია და ეს სამშობლოში მოსვლა და წასვლა მხოლოდ დარდი და ტანჯვა არის ჩვენ ქარველებისათვის.
      ღმერთო, ღმერთო, როდის მოვა ის დღე, რომ საქართველო დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის საქართველო გახდეს!..


 

      მართალია შორს ვართ ერთმანეთისგან ქართველები, მაგრამ მაინც ამბები გვაქვს ერთმანეთის და ეს მე ძალიან მაიმედებს, მაინტერესებს საიდან იცოდით ჩემი დაბადების დღე? ბატონო გიორგი, ბოდიშით რომ ვერ გწერთ ხოლმე წერილებს, აქ ძალიან დატვირთული ვარ საქმით და როგორც ადრე, აღარ მცალია უკვე, მაგრამ სულ მახსოვხართ და მენატრებით ყველანი, მომიკითხე ყველა! თან მოლოცვისათვის უღრმესი მადლობას გიხდით, ღმერთს ებარებოდეთ!

დავით გუგუნაშვილი

2. ღმერთს ებარებოდეთ!!!


−უძე აშლილნო საქართველოდან,
−ნა ქართული გულით ატარეთ,
−უ, ცრემლთა კურცხალ ნაკადულისა,
−ლვად ცას შვიდფერ ხიდს რომ ადარეთ,
−მედს მოსავდით სულში პატარებს,
−ედა სამშობლოს ხილვის სათავეს
−ნბანის ჯარით ხსნიდით ცხრა კარებს
−ანა ქართული-ფეთქვა მაჯისა,
−ფერებოდა გენს დიდ ნაწამებს,
−ოცვით მოთქვამდით ტკბილ დანაბარებს!...

 

−ალი, დედა მხნე-შვილთა მშობელი,
−მაგრებს, იცავს ენის სამანებს!
−ა მძიმე გზა დევს, ოთხას წლიანი,
−მენა და ურვა-რამდენს გვავალებს?!
−აგლახ ტყვეობის უღლით უდაბნოს
−დემ ბაღებად ქმნიდით ტრამალებს!...
−ამაზი ქვეყნის შთამომავალნო,
−ავს გიხრით, თქვენს თავს მეც ღმერთს ვაბარებ!

      მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 05.04.2008 წ.

შენ, ჩემო ენავ, ანბანო!

(აკროსტიკი)

ნთებულ ლამპარს გადარებ,
ნელი შენ ვერას გეწია,
ულის ფეთქვა ხარ, სიცოცხლე,
ედა-მშობელი მზეწვია
ნავ, შენ ჩემო, ნუგეშო,
ხედავ, თუ ქვა დამეწია,
ეცას, სავალ-გზას საძნელოს,
ავაღმართს ხიდად ბეწვია.
მედად შენ მეგულები,
ილოვ სინანულ კვესია.
ამაზად ნათქვამი ლექსი
  ოპაექრეთა წესია,
არ-ნარი რითმა საამო,
ცნების მცველი ფესვია,
ირველად სიტყვა ყოფილა...
რჟოლას აჰყვება მყესია.
ამდენი ევნე, უღირსთან
ად მკე, რაც დაგითესია?!
ირილით სად არ გდევნიდნენ,
ღვთოთ გიძირკვეს ფესვია.
ერეიდანშიც, თურქეთშიც,
ართველთ მოძულეთ წესია,
  ვარძლით გიშანთეს ფესვები,
აენ-ყივჩაღნიც გესია.
ელახვა სცადეს, ვერ შეძლეს,
ვენი გიცავდა მესია,
იდან ღვთისმშობლის კალთა და
ე ღვთისას რწმენის ფესვია.
ერილი ამას გვაუწყებს:
ირთ თმენა ჩვენი წესია.
მიადს გამიტეხ, წყალს მაკმევ,
ავრი ხმლად აგილესია!
ოი, რა მტერი გესია!

      მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 16.04.04
      125-ე საშუალო სკოლის პედაგოგი

* * *

არაგვს ის ლექსში წურავდა

(აკროსტიკი)

  −თაში საგანძურს იცავდი,
−ბრძოდი რაინდულადა,
−ელთ ”მაუზერი” ჩაგბარდა,
−ვს დახვედროდი მტრულადა;
  −ევსურთ დიაკვნობ ვაჟკაცი,
−ნდე შეფიცულთ ძმურადა,
−ოცვით განათლე გონება,
−ივსე სული სრულადა;
−ვილო ახადში შობილო,
−ინ დაგახვედრეს მგლურადა?!
−მძლავრა თურმე იუდამ,
−ქვნით და სატანურადა,
−სევ კლავს აბელს კაენი
−ისხლი გუბდება წყლულადა
  −ევებს მიაწყდა ექოს ხმა,
−ათნო გცნეს შესაძულადა,
−ხერო წუთისოფელო
−ის ჩაუსაფრდი მგლურადა?!
−იჭიერ პოეტს ვინ მოჰკლავს,
−ხსენებს რითმა ბრძნულადა.
−იყვარულს უმღერს კაი ყმა,
−რაგვს ის ლექსში წურავდა.

      მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 05.04.2008 წ.

* * *

გიორგი ალავერდაშვილს

(აკროსტიკი)

      გაუცნობლად გიძღვნით ჩემი შვილის მეგობარს,
ერის ღვაწლში მყოფ ქართველს ამ ლექსს

santlit   −ანძი ერის გვაბარია,
−მერის და ამერ მხარის
−ქროს საწმისს იცავს ნეტავ,
−ვალ-აბჯარით ჩვენი ჯარი?!
−აყიდული არე-მარის
−ჩეხება ტყე და ზვარი.
  −ლავერდი და იყალთო
−ოცვით გვიხმობს გახსნა კარი,
−ღსდექ ერო, გაიღვიძე
−აზი ტირის, რქა წამხდარი
−ლოდება გლეხკაცს გამრჯეს,
−ომ მოისხას ღვთის მარცვალი,
−იდი ისტორიის გზაზე,
−თას ურვას შევესწარით,
−ვილი მტრულად გამოზრდილი,
−ის მოყვარედ გავაცანით
−რანს, თურქეთს ჩვენო ფესვო
−იბო ძველი, დაიცავი...
−აიდუმლო, ენის პწკარით!

      მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი. 06.04.2008 წ.

* * *

      როდესაც ჩემი მეგობრის, გიორგი ამუზაშვილის დედის, ქალბატონ მარიამ-ცინარი ხმიადაშვილის სხვა ლექსებს და ჩანაწერებს გადავხედე, საჭიროდ ჩავთვალე მათი მოკრძალებული ნაწილი თქვენთვისაც გამეზიარებინა:

გახსენება

      იდგა 1986 წლის ღვინობისთვე. თბილისში შემოდგომა ძალას იკრებდა. ქალაქის მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის შენობის სააქტო დარბაზი სკოლებიდან მოწვეულ მასწავლებლებს შეევსო, გარეთ კი, 25 თებერვლის ქუჩაზე ჩამწკრივებულ ჭადრის ხეებზე შეყუჟულ ჩიტებს საამური ჟრიამული გაჰქონდათ.
mariami
      მისულმა კარებში მეთვალყურენი შევნიშნე, რომლებმაც სკოლის ნომერი მკითხეს და დარბაზისკენ მიმითითეს. მათი ფრთხილი და დაკვირვებული მზერა მეუცნაურა. დროის ვითარებას ეტყობოდა, აქ ახალი და საინტერესო უნდა თქმულიყო. იმას კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მომხსენებელნი ბატონები ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იქნებოდნენ. ორივემ ისაუბრა ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე და მისი მკვლელობის მანამდე გასაიდუმლოებულ ფაქტებსა და დეტალებზე. დაგვისახელეს მკვლელობის ინიციატორები და დასძინეს – მათი განსასვენებელი მთაწმინდაზე ერის სირცხვილია-ო! ეს ამბავი მეხის გავარდნას ჰგავდა დარბაზში. მასწავლებლებს მოგვიწოდეს – ეს უნდა იცოდეს ყველამ, სრულიად საქართველომ, მთელმა ერმა და კაცობრიობამ, და ეს ამბავი მომავალ თაობას თქვენ უნდა გადასცეთ-ო. აქვე გაგვიმხილეს საზოგადოებისათვის ჯერ უცნობი სასიამოვნო ამბავი, ილია ჭავჭავაძის წმიდანად შერაცხვის საკითხი, რომელიც წმინდა სინოდის დღის წესრიგში იდგა. ასევე გვამცნეს, რომ უკვე იწერებოდა ფრესკა დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედელზე ილიას გამოსახულებით.
      ამ შეხვედრიდან ერთი წლის შემდეგ, 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა ილია ჭავჭავაძის ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე და განაჩინა: ”ილია ჭავჭავაძე შერაცხილ იქნას წმიდანად და ეწოდოს მას ილია მართალი”.
      2007 წელი წმიდა ილია მართლის საიუბილეო წელია – დაბადებიდან 170 და გარდაცვალებიდან 100 წელი უსრულდება. ამ ბუმბერაზი ადამიანის სულს ვეფერები და სინანულით ვუძღვნი მოკრძალებულ ლექსს:

ილია მართალო, მამაო წმიდა!

ილია მართალო, მამაო წმიდა,
შენს ნათელ სულს და ნატიფ შუბლს
ყვარლის მთების სიო ზრდიდა,
ამაყ გულში ყრმობიდანვე
”ერის წყლული” ნაღველს გგვრიდა!
და ამ ტანჯვამ გამოგიწრთო
მეობის და სულის დვრიტა,
მართალ სიტყვით მოსაუბრეს,
შემწეობა გქონდა ციდან.
ჭკვიან თვალთა სხივის შუქი
ჩვენს სიავეს ძირში ჭრიდა:
საღი აზრით ხვალის ხედვა,
ქვეყნის მტარვალთ რისხვით თხრიდა!
ყველა, ვინც კი დაგიმოძღვრავს,
მოწიწებით ქედს გიხრიდა.
ეს სიმხნევე მჭერმეტყველის
მოშურნეებს ავად ხდიდა...
  წიწამურთან სისასტიკით
მოგიშორეს ჯვარცმულ გზიდან,
გულშეძრული ივერია
სინანულის ცრემლსა ღვრიდა
დამაშვრალს და გულ განგმირულს
ცა ღრუბლიდან ცვარს გაცრიდა.
მამულს, ენას, რწმენას მართალს
შენებრ ბრძნულად ვერვინ სჯიდა!
უმეცარი, მუხის მჭრელი,
”ხის ნაფოტის” დარად გთვლიდა!
არ იცოდა, რწმენით ღმერთკაცს,
გმფარველობდა სული წმინდა?!
დაითვალა საუკუნე –
ჯვარი ზიდეთ, გვმოძღვრავ ციდან.
შეწირულო, ცოდვას გვინდობ,
ანგელოზი გვლოცავ ციდან!
ანგელოზი გვლოცავ ციდან!

წმიდა ილია მართალო, შეგვინდე, ჩვენ ცოდვილთ რომ დღესაც ”ჩვენი თავი ჩვენადვე არ გვეყუდვნის!”

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი
174-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი



გოდერძი, ძმაო!

ეძღვნება გოდერძი ჩოხელის ხსოვნას.


                  გოდერძი, ძმაო, მცნობელო, მთა-ბარის ბუნებისაო
                  მესაიდუმლევ პირიმზის, განმგრძობო ვაჟას გზისაო
                  თვალზე ცრემლსა მგვრი, გული დუღს, მიიღე ლოცვა დისაო!
                  დუხჭირი წუთისოფელი შემთხზველი მრავალზნისაო,
                  მოჯარებული გებრძოდა, მბლანდველი ზიანისაო...
                  შენს სისპეტაკეს, სიწმინდეს, ანკარა წყარო მთისაო,
                  ვერაფერი ვერ დააკლო, მტვირთველი იყავ ჯვრისაო!
                  მოგბღავის შენი ბატკანი, სანთელ-საკმევლის გზისაო,
                  უფალს ვთხოვ, ცოდვა შეგინდოს, ამ წუთისოფლის დღისაო!

18.11.2007 წ.

გოდერძი ჩოხელი. ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ.



იებს და ცრემლებს დაგაფენთ

ანა კალანდაძის ნათელ სულს


                  იებს და ცრემლებს დაგაფენთ მაგ სათნო გულმკერდზედაო,
                  ღვთიური მადლით მოსილო ქართული სიტყვის დედაო,
                  მიდიხარ საუფლო გზაზე სამოთხე გაგეხსნებაო,
                  ძეწნა ალერსით აგავსებს რითმებად დაგადნებაო,
                  ქარი კი ნანას გიმღერებს ჰანგებად დაიღვრებაო.
                  გემშვიდობებით, შესძელი სიკვდილზე გამარჯვებაო,
                  ღვთისმშობლის დედის სახელს ფლობ, ენთე ამ ქვეყნად მზედაო,
                  მარადჟამს სული ლეგენდა სანთლებად აგვენთებაო,
                  მოეფერება სამშობლოს შენი ლექსების წყებაო...
                  ია და ვარდი გეფინოს, სამოთხის ბილიკზედაო.

14.03.2008 წ.



და ”ნეტარ არს ერი იგი”

ეძღვნება უწმინდეს და უნეტარეს ილია II


ilia  

ელიას მთას, კლდესა ზედა, დგას ტაძარი დიდებული,
უფლის თვალი აქ ტრიალებს, მფარველია ღვთისმშობელი!
ამბიონზე მშვიდი სიტყვით, მადლფენილი გვმოძღვრავს ბერი;
სამებითა, ერთარსებით - გვლოცავს მისი სათნო ხელი.
გულისყურით მოვუსმინოთ, საგალობლით ხარობს ჭერი!
იბერია გაბრწყინდება - გვამცნობს ბრძენი ჟამთაღმწერი.
ეპოქამ შვა, გამოჰკვეთა, დავიმკვიდრეთ მძლე სახელი,
ღვთის საყდარის ამაღლებით, ამაყია ივერთ ერი!
თმენით, გვემით, ცრემლთა დენით, სისხლის ღვრით და კერპთა მსხვრევით,
ჩვენ შევძელით გადარჩენა, გამოვტაცეთ ბნელს ნათელი!
ცად აღმართულ გუმბათს ამკობს - ჯვრად ნატიფი ოქროს ძელი,
ჭეშმარიტი რწმენის თვალით ორიათას წელს გავცქერით!
დედო ზარი სულს გვიფხიზლებს, ცხრა ცის კარს ხსნის ხმათა ბგერით
და ”ნეტარ არს ერი იგი” ვინც, უფალო, შენ გიმღერის!

04.01.2005 წ.

დადგა ხარება


                  იღვიძებს კვირტი, დადგა ხარება, ღმერთს დიდება და ჩვენ - გახარება.
                  გილოცავთ ზეიმს, ”უფალი მეფობს” ამას გვასწავლის, გვთხოვს სახარება.
                  ნეტავ, ისეთი დრო მოგვემადლოს ყველგან მშვიდობის სუფევდეს ნება,
                  და არა მხოლოდ ფუჭი სურვილით, მარტო რითმების ნაზი ზმანება.
                  ზეციერო გთხოვ, ავი გვაშორე, შიშით ძრწოლა და აკანკალება.
                  შემოუბრუნე ქართველი კერას, გვეყო გაყოფა და გაცალება!
                  სამამულე რქა გაგვიჩანაგდა, ვენახს მიგდებულს, ეკალ-ნარებში
                  მამულს უმზერენ, აღარ დასრულდა, უცხო ტომელთა სრბოლა-თარეში.
                  რა გვემართება, რად დავბეჩავდით, ცოდვა, ხომ ვერსად დაიფარება?!
                  ღმერთო გთხოვ, ძალა მოგვაკრებინე, ხარება დადგა, გვსურს გახარება.

გახსენება

ვუძღვნი ჩემ თანასოფლელს შალვა ქვასროლიაშვილის ნათელ სულს

                  შალვას ვიხსენებ, შემორჩა სახედ თავისუფლებას, როგორც მძევალი;
                  აკურამ ზარდა ნაკურთხ მიწაზე, სულით შავლეგოს გზის მიმდევარი.
                  ცხრა აპრილის დღეს და იმ განთიადს რატომ უტევდა ასე მდევარი?!
                  რატომ ინება ნეტავ განგებამ ასეთი მსხვერპლი, შესაწევარი?!
                  როცა განკითხვის ზარმა დარეკა, ლაღად, ამაყად ცეკვავდა მაშინ,
                  შენს სისპეტაკეს, სიწმინდეს, ანკარა წყარო მთისაო,
                  ისე მხნე იყო თურმე იმ წუთში ალბათ უფალი თუ ედგა მხარში.
                  დაიგრუხუნა ტანკების დელგმამ შემოიგრაგნა ღრუბელი ცაში...
                  იდგა "ბართლომეს ღამე" თბილისში თავგანწირულთა ფოლადი ხმაში...
                  მგოსნის სიტყვები ძველ ხანჯლის ელდად, სიოს ფოთლების შრიალი ქარში
                  უსინათლოთა ბნელში სიმღერამ, ჩაახშო აბჯართ ჟღარუნი ხალხში...
                  გათენდა დილა, გადათელილი და მართალ სულებს უხმობდა ცაში
                  და „ცხელი გული“ სვეტიცხოველში სისხლის წვეთს თვლიდა გმირების ძარღვში.

9 აპრილი. 2004 წელი

 

3. ოთხასი წელი

      ფერეიდნიდან ოთხასი წლის ძახილი მესმის,
      არ გვავიწყდება ერთმანეთი არც მე და არც შენ.
      ჩემს გულისტკივილს, სევდას შენსას, სევდას უმძიმესს,
      ქართული სიტყვის უებარი მალამო არჩენს.
      ფერეიდნელო, შენთანა ვარ, არა ხარ მარტო.
      ვიცი, სამშობლოს ერთხელ მაინც ნახვას რომ ნატრობ,
      დღემდე რომ იცავ მამა-პაპურ ძველ ადათ-წესებს,
      ყველგან რომ ეძებ საქართველოს კაშკაშა მნათობს.
      გასახარებლად ვერვინ მეტყვის უკეთეს სათქმელს:
      ''ოთხასი წელი არ მოუკლავს ქართველი ქართველს''
      ნეტავი აქაც მოვეფეროთ ერთმანეთს, ძმებო,
      უღრუბლო ზეცა დაებედოს არწივის მართვეს.
      მზეთუნახავი მარტყოფელი თვალზე ცრემლს მატყობს,
      მისი სიმღერა მიზიდავს და ნელ-ნელა მათრობს.
      უცხოურ ჩადრში გახვეული თავისას არ თმობს,
      ქართული კაბით კვლავ იცეკვოს გული ამას სთხოვს.
      ფერეიდნიდან ოთხასი წლის ძახილი მესმის,
      სიმღერა მესმის ოთხასი წლის ფერეიდნიდან.

რეზო ბერაძე. (2007 წ.)

 

4. ფერეიდნელი ქართველის სიმღერა

      ფერეიდნიდან ჩამოსვლას რამდენი წელი ველოდე,
      ცრემლის ფარდაგი დავფინე ჩემს ლამაზ საქართველომდე.
      რამდენი ღამე ვათენე, რა გზები გამოვიარე...
      ჩემი წინაპრის ძვლებზედა სულ ფეხით გადმოვიარე.
      მტანჯეს და ვერვინ აღმგავა ქართველი მიწის პირიდან,
      ოდესღაც ძალით განმდევნეს მშობლიურ რუისპირიდან.
      ამიწიოკეს წვრილშვილი, კარზე მომიხტნენ ანაზდად,
      სისხლი მადინეს იმდენი − გააწითლებდა ალაზანს.
      ბუდიდან ისე ამყარეს, არ დამრჩა სისხლის ამღები,
      შირაქის გზაზე მომიკლეს თვალცრემლიანი ბალღები.
      არც რა მებადა უბედურს, არც სახლში დამრჩა არავინ,
      შემომიზომეს "სამშობლოდ" − ხორასან-მაზანდარანი.
      თან გამყვა ნელსურნელება გომბორის ლურჯი ტყეების,
      სიზმრადაც ბევრი მინახავს შვიდფერი ცისარტყელები.
      ოთხასი წელი ვკითხულობ: '"შორია გურჯისტანამდე?"−
      ჯერ ქართლ-კახეთი მაჩვენე, ღმერთო, ნუ მომკლავ მანამდე.
      სპარსეთს სოფლები ვაშენე, ჟამისგან ვერ დაძლეული:
      ნინოწმინდა და ნორიო, ლილო და პატარძეული.
      ზოგს მუკუზანი დავარქვი, ზოგს − მაჩხაანი, თელავი...
      ჩუმჩუმად ღვინოს ვწურავდი, ჩუმჩუმად ნაბადს ვთელავდი.
      საქართველოზე ოცნება მტარვალმა ვერ მომაშორა,
      ხომ მომიყვანეს ლოცვებმა − გრემს, მარტყოფსა და ვაშლოვანს.
      უფალო, ძალა მომეცი, ვცოცხლობდე და ვქართველობდე:
      სპარსეთის საქართველოდან − ჩემს ნამდვილ საქართველომდე!

თინათინ მღვდლიაშვილი. (2004 წელი, გიორგობისთვე 7)


 

5. ნუ გათათრდები!

      „ნუ გათათრდები, – ეგვიპტის მტრედი, მომცრო ფრინველი, მსგავსი გვრიტისა; მისირსა (ეგვიპტე) და შირაზში (ირანი) ცხოვრობს. ესენი ოდეს მგზავრს კაცს ნახავენ, იწყებენ ძახილს ქართულის ენით: ნუ გათათრდები! და ამ მიზეზით თათარნი უწოდებენ გიაურყუში, ვითომც უსჯულო ფრინველი“. საბას ლექსიკონი.

      „ნუ გათათრდები“ – გერქვა სახელად შენ, უცნაურო, მომცრო ფრინველო,
      მიტაცებულთა, გარდახვეწილთა, მკლავგაბაწრულთა მოძმევ პირველო!
      შენ, ფრთაშესხმულო ხალხის სურვილო, ხალხის ტკივილო, ცად ატყორცნილო,
      თვით ხალხის ნებით მტრედად ქცეულო, ნეტავ ეგ ყელი დამაკოცნინო!
      მწარტყვეობაში თავს დაჰკიოდი, გიმხნევებია შენი ქართულით,
      აზიის გზებზე, უდაბნოებში, ვინც კი ყოფილა გადაკარგული!
      შენ დღესაც ისევ თავზე დაჰკვნესი ძუძუს მოსხლეტილ გარექართველებს,
      იქ თურქის ბრჭყალში, თათრის ბორკილში, სადაც მრავალი ცრემლით ათენებს.
      თვალით დახვრიტეთ ჭოროხის მხარე, არ მოგვირჩება ჩვენ ის ტკივილი,
      ვიდრე ლაზისტანს და ფერეიდანს ისევ მოესმით შენი ყივილი!
      იფრინე სულ იქ და იტრიალე, დაძებნე ჩვენი ძმები და დები,
      შენი მკაცრი ხმით ისევ დასძახე: – ძმანო ქართველნო, ნუ გათათრდებით!
      გამაგრდით, კერას ნუ დაივიწყებთ, მონობისათვის ვერ გაგიმეტებთ,
      გამაგრდით, ვიდრე მზე მოვა თქვენზე და გავინაღდებთ ნანგრევთ იმედებს!
      შენ ეს ქართული ხმა მიაწვდინე, მიტაცებულ ძმებს ასე უთხარი,
      იქაც სცემს გული საქართველოსი, შავი ზღვასავით გადამდუღარი!
      და როცა დაჰკრავს უკვდავი წამი, მწარი მონობის დამამხობელი,
      ძმათა გამოხსნის, შინდაბრუნების, შენვე იყავი მახარობელიც!
      

გიორგი ლეონიძე. 1948


6. ქართველი

      უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით.
      ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.
      ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე მე სიყვარულის პაემანს ვწერდი.
      ჩემი ხატია, გულს მახატია: იყალთო, გრემი და ალავერდი.
      ზედ გულზე შემადგა მე თემურ ლენგი, კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,
      მაშინ მამულის საკურთხეველზე ჩემი თითები ენთო სანთელად.
      მე თავი მედო გატენილ თოფზე, მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა.
      ხან თეირანში და ხან სტამბოლში, როგორც სამკაულს მყიდდნენ მე ძვირად.
      ერთხელ ვარსქენმა თმებით მათრია, განუკურნები დამრჩა იარა.
      მაწამა და ვერ გადამარჯულა, მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.
      გაზით დამგლიჯეს ათივე ფრჩხილი და წამებული მიწოდა ხალხმა,
      თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!
      ჩემს დაჩოქებას ნურცვინ მოელის, უტეხი სული ჩემი განძია.
      ასე ავაგე სვეტიცხოველი და გამოვკვეთე კლდეში ვარძია.
      ჩემს თვითოეულ ქვას სიმღერა ჰქვია, ჩემი ციხენი ძლევის ხმებია.
      გულში მრავალჯერ მომარტყეს ტყვია, ზურგში, – არც არვის უმიზნებია!
      მე ტყვე ვიყავი ძალიან ხშირად და არ ვიცოდი რა იყო მონა.
      თან წამოვიღე ფერეიდანში ჩემი ქართული სიტყვების კონა.
      ვერ ამომგლიჯეს პირიდან ენა: შანთით, წამებით, მუქარით, ძღვენით
      და...მღერის მთელი ფერეიდანი ქართულ ჩონგურზე ქართული ენით.
      ვერ დამავიწყეს ჩემი მამული, ჩემებრ ტანჯული ქართული ენა,
      მტერმა ვერასდროს გადამაგვარა, მტერმა ვერასდროს გადამაშენა.
      წიწამურს მომკლეს, ჰერეთს მაწამეს, მიჯაჭვული და მკვდრეთით აღმდგარი.
      ვუძლებდი ნგრევის წლებსა და წამებს და ერთხელ მერქვა ჯურღაის ფარი.
      ბევრჯერ მიმუხთლა ბედის სასწორმა, რამდენს გავუძელ, რა შემძლებია, –
      ჩემი სამგორის სამივე გორა ჩემი სისხლი და ჩემი ძვლებია!
      ამოვჭერ ქვაზე, ამოვჭერ ხეზე და ყოველივე გულზე სწერია!
      ამდენ ლეგენდებს და ამდენ ლექსებს საქართველოზე მისთვის მღერიან.
      თუკი სპარსეთის ტყვე მერქვა ერთხელ, ბერლინზე დროშა მე ავიტანე.
      და ვდგავარ როგორც ალაზნის მუხა, ნაგრიგალევი ძლიერი ტანით.
      მქონია დარდი, ენით უთქმელი, და არ ვქცეულვარ სევდა-წუხილად,
      მე ერთ დღეს ვშობე დიდი რუსთველი, საუკუნენი თავს რომ უხრიან.
      ამირანის და არსენას დედა, – ვინ გამაკვირვოს შვილთა დიდებით,
      ცად და მიწად რომ მისი ხმა რეკდა მე ისეთ ქართველს კიდევ გპირდებით.
      მსურს კიდევ ახალ ხმებად დამრეკონ, გპირდებით ახალ დავითს და საბას.
      დე, კაბადონზე ცათა სამრეკლო მათი დიდების ყვებოდეს ამბავს.
      საუკუნენი მათ სადიდებლად ყანწებით სვამდნენ ჩემს კახურ ღვინოს,
      მეც ვიდგე, ვიდრე ქართველს ქართველის ნამუსის ქუდი არ შემერცხვინოს.

ბერდია ბერიაშვილი.


7. მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს...

მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს,
ალაზნის პირას თეთრად ანთებულს,
კვლავ მოიხილავს,
კვლავ მოიხილავს
ქეთევანისა წმინდა ხატება...
მრავალმოწამე გურჯთა დედოფალს
კალთა სავსე აქვს თეთრი ვარდებით
და დიდებული თვისი ნაბიჯით
ცით მიწისაკენ მიემართება...
  ამობრწყინდება დიდი ნათელი
მარადიული მწუხრის წინაშე...
წითელი ვარდით გზა ეფინება:
ცოდვილიანი ნანობს შირაზი!
მას, ალავერდის დიდებულ ტაძარს,
ალაზნის პირას თეთრად ანთებულს,
კვლავ მოიხილავს,
კვლავ მოიხილავს
ქეთევანისა წმინდა ხატება.

ანა კალანდაძე. 1959.




8. სიტყვავ სულის არტოებავ


      “არცა განგცე სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
      თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში-სისხლად ჩანაწურო,
      მირჩევნია კლარჯს ახსოვდე ასო-ასო, ლებან-ლებან,
      ფერეიდნულ ჩანგზე თრთოდე არა-სალიტერატუროდ.

      გეძებო და შეგიცნო და მოციქულად მომაქციო,
      გაცივებულ საცეცხლურში დანაცრული უსაკმევლოდ,
      ხანაც უნდა მაწიოკო, დააფასებს დრო ამ წიოკს,
      ხანაც შემისისხლხორცო და ხანაც შემილექსისმრევლო.

      რაც გადიდე ყოვლიერით - ყოველივე ამინ იყოს!
      ბაირაღზე დამაგრებულ ზინზილაკის – მელოდიად,
      დარჩენილო სააქციოდ, საპროტესტოდ, სამიტინგოდ,
      ქრისტესავით ნალახვრალო საფეშხუმე ევლოგიავ.

      რწმენით რჯულში მომზირალო, დასაბამის – დასასრულით,
      სისხლძარღვებში თავანკარად მორაკრაკევ და მტკივანო,
      ეგვიპტეში მამელუქის სახესავით დაშაშრულო,
      აფხაზეთო, სამაჩაბლოვ, კლარჯეთო და გურჯისტანო.

      აქამდე რომ მოგიტანეს სიმღერად და მომატირეს,
      ემკურნალე და ოქროსფრად ჩაეხვიე ხორხში ხელტარს,
      როგორც ვაზი ჭიგოსა და ჭვარტლი ოდის დედა დირეს,
      დედაბოძს რომ ენა ჰქონდეს რამდენ ტკივილს გაგვიმხელდა.

      არ ეშვება ქარი მაინც, ამ ლერწამს და იმ კვიპაროსს,
      დევიზია არ დანდობა, - გეენური - ძველ-დენდური!
      რადგან ლერწიც არ გაუსხლავს, მტკაველიც არ დაუბარავს,
      დამჭკნარია სათნოება მასში სამოთხ-ედემური.

      მორევია პონტოსი, თუ სიტყვა - ლაზურ-ლაჟვარდული,
      მომრევია სნეულება შენეული პანდემიით,
      სადაც წავალ - შებოჭილი, შეშლილი და გაბაწრული,
      დამინდონ და არ ამოგჭრან ამ ხორხიდან გლანდებივით.

      მირჩევნია სოფლის ბოლოს ნენეს გულზე მძივად ება,
      ბაბას ყელის ძარღვზე ჭექდე არა-სალიტერატუროდ,
      “არცა განგცეთ სიქადულო”, სიტყვავ სულის არტოებავ,
      თითზე მელნად დაგრეხილო, სისხლში-სისხლად ჩანაწურო!

გიორგი გაბაიძე.


9. ფერეიდანის ამოძახილი

      გრიალებს ქარი, ბობოქრობს ქარი,
      ცა რისხვას უთვლის ხრიოკ ალაგებს
      ფერეიდანში ქართველი ქალი
      პირჯვარს იწერს და კვნესის, ღაღადებს...
      
      სადა ხარ ჩემო ქართლის ბაღებო
      ზურმუხტოვანო ალაზნის ველო
      ჩემთა წინაპართ ნაფუძვარებო
      ჩემო ლამაზო სამშობლოვ ძველო!
      
      ო, როგორ მინდა მე მისი ნახვა
      ძველი ალაგი მაჩვენა ერთი
      ტკბილი ნანინა ზედ დავამღერო
      დავატკბო ჩემი ქართლი, კახეთი.
      
      მის გვერდით ადგა პატარა ბიჭი
      კარგი მალხაზი და ცუგრუმელა
      სახე უღიმის დედის სიტყვებზე
      თუმცა სიცივით კანკალებს გელა.
      
      ამ დროს დაჰბერა ძლიერმა ქარმა
      დედას მოსტაცა თეთრი მანდილი
      შორით გასტყორცნა, გააფრიალა
      გააწყვეტინა თვისი წადილი.
      
      ახედა დედამ მანდილს წამიერ
      სიხარულისგან იწყო ძახილი.
      "ქართში მივფრინავ" მანდილს ეწერა
      ფერეიდანის ამოძახილი.

სიღნაღის რაიონი, სოფ. ნუკრიაანი
ზაურ მიხეილის ძე ნადირაშვილი.


10. მიყვარს და მტკივა ფერეიდანი

      ტანჯვა-წამებით გაიარეს გზა... არა, ამას
      გზა როდი ერქვა – თითქოს ლავა უდუღდათ ფერხთით,
      კუშტი სამყარო სთავაზობდათ ჩადრსა და ჩალმას...
      იყვნენ ქართველნი – ჩვენზე ოდენ ტკივილით მეტნი.

      იყო გოდება... იყო გმინვა... სიკვდილიც იყო...
      ქართლოსის მოდგმამ მერამდენედ ავლო გოლგოთა,
      ალაჰმა სული გაუტეხი ვერა, ვერ იყმო,
      "გურჯისტანიდან" ერს სამების მადლი მოჰქონდა.

      
      ედედინაცვლათ ჩვენებს მიწა უცხო ფერისა
      (მშობლიურს, ქისით, გულის კოვზი ისისხლხორცებდა),
      დღესაც სწამთ, თუკი ცის სარტყლის ქვეშ გავლა ეღირსათ,
      ღმერთი აუხდენთ საუკუნის ნანატრ ოცნებას.

      უყვართ ქართული რასაც ჰქვია, უყვართ უსაზღვროდ,
      მერე რა, თუკი წლებმა კვალი მათაც დაატყო...
      უსათუთესი, ნაფერები სიტყვები ათბობს
      ირანში, სოფლებს – სიბაჯს, აფუსს, ჩუღურეთს, მარტყოფს...

      ჩვენ შარშან შევხვდით, სიყვარულით მოვისაკლისეთ
      ერთურთი;"ჩემი ნენე ხარო" – ლოცვად ჩამესმა...
      სისხლს უხაროდა, ზეიმობდა, როს პარაკლისზე
      ერთად გვაკურთხა, ტკბილად გვლოცა უნეტარესმა.

      ...შორს, ქალაქ ქაშანს, უძლეველი სპარსის სამარხი
      უმწეოდ გოდებს ბნელ მეჩეთში, ამძიმებს ლოდი...
      ფერეიდანი ქართველობს და დრო-ჟამით დაღლილ
      ტკივილებს, მალულს ისალბუნებს იმედით, ლოდინს
      სასოებს ხვალე... სისხლი ჩვენი ამაყი, ლაღი
      ცრემლით შელესილ წლების ჯებირს მოარღვევს, მოდის...

ხათუნა როგავა.