ანა გაბელაია − «ფერეიდანი − პატარა საქართველო»


ქ. თბილისის 90-ე საჯარო სკოლა

ფერეიდანი – პატარა საქართველო

ავტორი: 11-3 კლასის მოსწავლე – ანა გაბელაია
ხელმძღვანელი: მარინე პიტიურიშვილი

E-mail – ana gabelaia@gmail.com

2008 წ.

                        შინაარსი:

      1. სად წაიყვან სადაურსა;
      2. ქართული ტრადიციები სპარსული ელფერით;
      3. ჩვენი ენა ჩვენი ვინაობაა;
      4. რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ, მაინც ვიქნები ქართველი...
      5. ოცნება, რომელსაც საქართველო ჰქვია.

      საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო ყოველთვის იზიდავდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, მათ შორის ირანსაც. ამიტომაც იყო, რომ ირანი საქართველოს წინააღმდეგ დამპყრობლურ ომებს გამუდმებით აწარმოებდა. ამ ომების დროს საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას თავისი მიწებიდან დევნიდნენ და ირანში ასახლებდნენ.
      მსოფლიო ისტორიაში არაერთი ფაქტია ცნობილი, თუ როგორ აუოხრებია მტერს დაპყრობილი ქვეყანა, როგორ აუყრია მისი მოსახლეობა და გადაუსახლებია სამშობლოს გარეთ – უცხო მხარეში.
      ისტორიკოსები ასეთი ფაქტების მხოლოდ პოლიტიკურ ასპექტებს სწავლობდნენ და ნაკლებად თუ ვინმეს მიუქცევია ყურადღება ამ გადასახლების შედეგად ერთი ეთნოსის მეორე ეთნოსთან ინტეგრაციისათვის, იმ თავისებურებებისთვის, რომელიც გადასახლებულ მოსახლეობას უცხო გარემოცვაში ჩამოუყალიბდა. სწორედ ამ თვალსაზრისით არის განსაკუთრებით საინტერესო ირანში გადასახლებული ქართველების ყოფა-ცხოვრება.

სად წაიყვან სადაურსა

      ირანის ცენტრალური ზეგანის, ბახთიარის შიშველ მთებში ერთი პატარა პროვინციაა – ფერეიდანი.
      აქ უკვე ოთხი საუკუნეა ქართველები ცხოვრობენ და არ კარგავენ იმედს, რომ ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან სამშობლოში… გაოცებას იწვევს მათი ქართული მეტყველება, ტრადიციები და ყოფა. სჯობს მოვლენებს თავიდან მივყვეთ, რათა უკეთ დავინახოთ მათ მიერ გამოვლილი გზა გადასახლებიდან დღემდე.
      1616 წლის გაზაფხულზე შაჰ-აბას I დიდძალი ლაშქრით საქართველოსკენ წამოვიდა. თბილისში შემოიჭრა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი დანიშნა, თვითონ კი კახეთში დაბანაკდა. კახეთის მეფემ, თეიმურაზმა, შაჰის უზარმაზარ არმიასთან შებმა ვერ გაბედა და თავისი ამალით იმერეთში გაიქცა. ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ირანელ მოლაშქრეებს ნაბრძანები ჰქონდათ ქართველთაგან “არც ერთი ცოცხალი არ გაეშვათ, ქალები და ბავშვები ტყვედ წამოეყვანათ, ხოლო ქონება, რაც ხელში ჩაუვარდებოდათ, მუსლიმანთა დავლა იქნებოდა”.
      სპარსი ისტორიკოსი წერს: “რაც... ხოცვა და რბევა, ძარცვა, ტყვევნა და ნგრევა ქვეყნისა და გავერანება სახლებისა და საცხოვრებლებისა კახეთის ქრისტიანებს თავს დაატყდათ, არ გაგონილა ისლამის გაჩენის დროიდან აქამდე, რომ ასეთი რამ ისლამის ქვეყნების რომელიმე ხელმწიფისგან მოსვლოდათ მათ და მათი მამულები ასე აოხრებულიყო”. ისქანდერ-მუნშის ცნობებით, ამ ბრძოლაში სამოცი-სამოცდაათიათასამდე ქართველი დაიღუპა და დაახლოებით 130 ათასი ტყვედ ირანში წაიყვანეს. თუმცა ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის გამოანგარიშებით, საქართველოს ოთხგზის დალაშქვრის შედეგად შაჰს 400 ათასამდე ქართველი ტყვედ წაუყვანია.
      სამშობლოდან იძულებით წაყვანილთა ბედი სხვადასხვაგვარად წარიმართებოდა. ზოგი მათგანი გზაში დაიღუპა, ზოგი ირანელებმა პირუტყვში გაცვალეს. გადარჩენილები შაჰმა ირანის სხვადასხვა კუთხეში ჩაასახლა.
      XVII საუკუნის იტალიელი მოგზაური პიეტრო დელავალე ქართველთა ირანში გადასახლების ამბებს აგვიწერს: “რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელს გადასახლებას, რამდენი სიკვდილი საშინელი გაჭირვებისგან, რამდენი წყვეტა-ჟლეტა, რა გლეჯა, რა გახრწნა, რა ძალდატანება, რამდენი ჩვილი, ყმაწვილი დააღრჩვეს მამებმა თავისივე ხელით, ან წყალში ჩაყარეს, რათა მათი საცოდაობა და სატანჯველი არ ენახათ, რაკი ყოველს ღონეს იყვნენ მოკლებულნი მათს საპატრონოდ! რამდენსა ჟლეტდა გზა-გზა დაცვივნულებს, ან მათ რომელთაც აღარ შეეძლოთ სიარული, სპარსთა მხედრობა. რამდენი ბავშვი მოჰგლიჯეს ამათ დედის ძუძუს და დაჰყარეს გზებზედ მხეცების შესაჭმელად, ცხენებისა, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასრესად. რამდენი დააშორეს მამა შვილს, ცოლი ქმარს, და ძმას და გაჰფანტეს ერთი ერთმანეთისაგან შორი-შორს ქვეყნებში, ისე, რომ ეს საწყლები საუკუნოდ იყვნენ იმედგაწყვეტილნი, ენახათ კიდევ როდისმე ერთმანეთი! რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზედ უფრო იაფად. რამდენი სხვა ამისთანები ხდებოდა ღირსი სიბრალულისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლის.”
      შაჰ-აბასი ქართველი მოსახლეობის მშობლიური მიწიდან აყრითა და ირანში გადასახლებით მიზნად ისახავდა გამოეყენებინა ისინი ურჩი, სპარსელი მოსახლეობისადმი მტრულად განწყობილი ტომების წინააღმდეგ, ამიტომ მან ქართველები ისეთ ადგილებში ჩაასახლა, სადაც მოსალოდნელი იყო ურჩ ტომთა თავდასხმები, რითაც “ცოცხალი” საფარები შექმნა.
      ირანში ქართველი მოსახლეობის გადანაწილების შესახებ ცნობები ძალიან ცოტაა, თუმცა საკმარისია იმისთვის, რომ მიახლოებით გავარკვიოთ სად ჩაასახლეს ისინი. პატარ-პატარა ჯგუფები ჩასახლებული ყოფილა სხვადასხვა პროვინციებში. ძირითადი ნაწილი ისპაჰანისა და ირანის ჯულფის მიდამოებში ჩაუსახლებიათ. დღესდღეობით ჯულფის შემოგარენში ნაპოვნია საფლავის ქვები ქართული წარწერებით. გამოდის, რომ ქართველები ძირითადად ჩაასახლეს კასპიის ზღვისპირა რაიონებში და თავრიზიდან დაწყებული, შირაზით დამთავრებული. ნაწილი – ჩრდილო აღმოსავლეთით, ხორასანის “ოსტანის” ერთ-ერთ უკაცრიელ ადგილას, კერძოდ აბას-აბადში, რომელიც შაჰრუდსა და საბზივარს შორის მდებარეობს. ქართველთა დიდი ნაწილი კი ბახთიარიის მთებში, ფერეიდანში.
      ამ ჩამოთვლილი მხარეებიდან, დღესდღეობით ქართველები მხოლოდ ფერეიდანში ცხოვრობენ. სხვაგან ისინი ან მომთაბარე ტომებთან განუწყვეტელ ბრძოლაში დაიხოცნენ, ან ადგილობრივ მოსახლეობას შეერივნენ, დაავიწყდათ ენა და კულტურა და სპარსელები გახდნენ.
      ფერეიდნელებს საუკენეების მანძილზე უხდებოდათ თავის დაცვა ლურების, ქურთების, ბახთიარების თუ სხვა ტომებისგან. გადმოცემით იციან, რომ ადრე ფერეიდანის მიწაზე მხოლოდ ლეღვის ხეები ხარობდა და იმის მოსავალსაც ქურთები ართმევდნენ. საშოვარისთვის ქალაქში წასული მამაკაცები გზაში იღუპებოდნენ. მომთაბარეებს ტყვედ მიყავდათ ქართველები და ბევრ მათგანს კლავდნენ, სხვებს კი დიდი გამოსასყიდის საფასურად ათავისუფლებდნენ.
      ასევე გადმოცემით იციან ციხემთის ბრძოლაზე. იციან, რომ ამ ბრძოლაში ქართველთა დიდი ნაწილი დაიღუპა. დედები, იმის შიშით, რომ მტრის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ, შვილებს გულში იხუტებდნენ და ზურგით ხტებოდნენ კლდიდან. ასე გადარჩა ბევრი პატარა ქართველი.
      მიუხედავად ამ ყველაფრისა, ფერეიდნელებმა მოიტანეს დღემდე ენა და ტრადიციები. მართალია ოდნავ სახეშეცვლილი, ოდნავ სპარსულნარევი, მაგრამ მაინც ქართული.

ქართული ტრადიციები სპარსული ელფერით

      ოთხი საუკუნის განმავლობაში ქართული და სპარსული ტრადიციების ინტეგრაციის შედეგად, მივიღეთ ფერეიდნული ტრადიციები, რომელიც აერთიანებს ორივე ქვეყნის კულტურას. ასეთი მაგალითები საკმაოდაა, თუმცა მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ქორწინების ტრადიცია.
      საუკუნების მანძილზე უცხო ეთნიკურ გარემოცვაში მყოფი ფერეიდნელი ქართველებისათვის საქორწინო ინსტიტუტი მათი ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნების პირობად იქცა. ირანელ ქართველებში უმთავრესად სისხლისმიერი ნათესაობა მოქმედებდა. ამაში ისინი “ქართველობის” შენარჩუნებას ხედავდნენ. ქართველები სხვა ეროვნების ხალხზე არ ქორწინდებოდნენ, სისხლი რომ არ აღრეულიყო.
      სისხლით ნათესაობაში იგულისხმებოდა როგორც მამის ხაზით, ასევე დედის ხაზით, ნათესავების წრე.
      ფერეიდანში ჩატარებული ექსპედიციებით უასაკოთა ქორწინებისა და მოტაცების ფაქტები არ დასტურდება.
      ქალები უმეტესად 16 – 18 წლის ასაკში თხოვდებოდნენ, ვაჟი კი 20 – 25 წლისა უნდა ყოფილიყო. მცირეწლოვანთა დაწინდვა ხდებოდა, მაგრამ დაწინდვიდან ქორწინებამდე დიდი დრო გადიოდა.
      ფერეიდნელებს შორის მრავალცოლიანობამაც ვერ მოიკიდა ფეხი და წესად ვერ იქცა, თუმცა არსებობდა გამონაკლისი შემთხვევებიც.
      ტრადიციის მიხედვით, საქორწინო წყვილთა შერჩევის შემდეგ, ვაჟის ოჯახი ზრუნავდა ქალისათვის ბალგის წაღებაზე. ეს პირველი საჩუქარი და “დაწინდვის” (დანიშვნის) საფეხურია.
      როგორც მონათხრობებიდან ჩანს, ადრე ფერეიდანში აკვანში დაწინდვის წესი მოქმედებდა. ეს ჩვეულება საქართველოშიც ტრადიციული იყო.
      ქალის დაწინდვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მექორწინე ოჯახებს შორის საქორწინო ხარჯზე მოლაპარაკება ხდებოდა. ამას “შირბაჰა” ეწოდება.
      მსგავსი ფაქტი ქართულ ეთნოგრაფიულ ლიტერატურაშიც დასტურდება. “შირბაჰა” თავისი შინაარსით არ ემთხვევა ირანის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ცნობილ “საძუძურს” (რძის საფასურს), რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ირანულ გარემოცვაში, სპარსულმა ტერმინმა ქართული შინაარსი შეიძინა.
      ქორწილის ხარჯის გადაწყვეტის დროს, ქალის ქონებრივი კუთვნილების – “მეჰრიეს” დადგენა ხდებოდა. ეს ქმრის მიერ ცოლისათვის განსაზღვრული ქონებრივი გარანტიაა, რომელიც გაყრის შემთხვევაში გარკვეულ ეკონომიკურ ვალდებულებასაც ითვალისწინებს. ფერეიდნელ ქართველთა გადმოცემით “მეჰრიეში” ძველად აძლევდნენ მამულს, საქონელს, ოქროს სამკაულს, ფულს და ა.შ. სადღეისოდ კი მხოლოდ ყურანსა და ფულს, რომლის სიდიდეც ოჯახის ეკონომიკურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული.
      ეს ჩვეულება შინაარსით ემსგავსება ქართულ “პირის სანახავს”, ესეც პატარძლის საჩუქარია და მის საკუთრებას წარმოადგენს.
      ამრიგად, ირკვევა, რომ ისლამის მიღებასთან ერთად ფერეიდნელმა ქართველებმა შეითვისეს ირანული “მეჰრიე”, მაგრამ “პირის სანახავის” შინაარსი იგივე დარჩა.
      ასევე ჰგავს ერთმანეთს ფერეიდნული “მოკერძვა” და ქართული “მოსაკითხი”, “ნახველობა”, რომელიც ქალის დანიშვნიდან ქორწილამდე ოჯახებს შორის ურთიერთმონახულებას და პატივისცემას გულისხმობს.
      ფერეიდნელი ქართველები ქორწილს ტრადიციულად შემოდგომაზე ან ზამთარში იხდიან, თუმცა სამზადისი ზაფხულიდან იწყება. საქორწილო წეს-ჩვეულებათა კომპლექსში გამოიკვეთება საქორწილო ლხინისათვის მზადების დღე, რომელიც სხვადასვა რიტუალისაგან შედგება. ამათგან პირველ რიგში აღსანიშნავია რიტუალური პურის ცხობა. ამ ჩვეულებას მრავალი ანალოგია და პარალელი მოეძებნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. პურის ზედაპირზე ჯვრის გამოსახვა კი მათში ძველი ქართული წეს-ჩვეულებების ელემენტების შენარჩუნების მაჩვენებელია.
      ქორწილის დღეს ფერეიდანში ნეფე და პატარძალი აბანოში მიჰყავთ და მთელი რიტუალი სრულდება. მსგავსი წეს-ჩვეულება საქართველოს მთაშიცაა შემორჩენილი. წყალი ორივე შემთხვევაში – საქართველოშიც და ფერეიდანშიც – საკულტო, მაგიურ-რელიგიურ მნიშვნელობას ატარებს.
      ფერეიდნელ ქართველთა საქორწილო ტრადიციის თანახმად სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ, შემდეგ კი “ნიჭის” და “შესაწევარის” აკრეფა იწყებოდა.
      ფერეიდანში ამ ჩვეულებას “ნიჭის მოგლეჯას” ეძახიან. სულხან-საბას განმარტებით, “სანიჭარი” ნიშნავს საბოძვარს, შესაწევარს, ძღვენს, საჩუქარს. საქორწილო ძღვენის ტრადიცია საქართველოს ბევრ კუთხეში დღემდე შემორჩენილია.
      ასევე ჰგავს ერთმანეთს ფერეიდნელ ქართველთა მაყრიონში შემავალი “ლალას” კაცის და ჩვენებური “მახარობლის” ფუნქციები. საქორწილო რიტუალებიდან აღსანიშნავია “შაბაში”. ეს რიტუალი საქართველოსთვისაც დამახასიათებელია, მაგრამ ჩვენთან ის მხოლოდ მესხეთ-ჯავახეთშია შემორჩენილი, სხვა კუთხეებში მას უკვე დაკარგული აქვს მაგიურ-რელიგიური მნიშვნელობა და დამკვრელების ანაზღაურებად ითვლება. ფერეიდანში კი “შაბაში” ისევ საპატარძლოს საჩუქარია და შერჩენილი აქვს დადებითი ტრადიციის კვალი.
      აღსანიშნავია ისიც, რომ ქორწილის სადილზე შეკრებილი ახალგაზრდების მიერ შესრულებული ცეკვა “ჯოხური” ძალიან გავს ქართულ “ხორუმს”. დღევანდლამდე შემორჩენილია ქორწინებასთან დაკავშირებული ტერმინები: “სიდედრი”, “ხელისმომკიდე”, “დედამთილი”, “ახანძალი”, იგივე “ახალი რძალი”, “პატარძალი” და სხვ.
      ფერეიდნელ ქართველთა ქორწინების წეს-ჩვეულებებმა ხელი შეუწყო ირანში გადასახლებული ქართველების ყოფაში ძველ-ქართული ტრადიციების შენარჩუნებას. რამდენიმე მათგანი საქართველოში უკვე აღარც კი ახსოვთ.
      თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე ისლამურმა სარწმუნოებამ ვერ შეძლო ძირეული ცვლილებები მოეხდინა ფერეიდნელ ქართველთა ნათესაობით სისტემაზე. ცხადია, ირანული ყოფისა და ისლამის ზეგავლენა საქორწილო წეს-ჩვეულებებში თვალსაჩინოა, მაგრამ კულტურათა ინტეგრაციის მიუხედავად, ქართული ადათ-წესების შენარჩუნება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ფერეიდნელთა ქართველობას.
      ქართული ტრადიციები ფერეიდნელების დასახლების ფორმებშიც ჩანს. “გურჯთა” სოფლები “მაჰლებად” (უბნებად) და ქუჩებად იყოფა და გვარების მიხედვით იწოდება: ონიკაანთ ქუჩა, ასლანაანთ ქუჩა და ა.შ.
      აქ სახლები, ისევე როგორც ქართლის ზოგიერთ სოფელში, ალიზითაა აშენებული, უმეტეს შემთხვევაში ბრტყელბანიანია, მიწით მოტკეპნილი. სახლის გარეგანი მორთულობა სადაა. მას ვიწრო კარ-ფანჯრები აქვს. აივნის ფუნქციას ბოძებიანი შესასვლელები ასრულებს. საცხოვრებლები ისეა ერთი მეორეზე მიწყობილი, რომ თუ კაცი მოინდომებს, შეუძლია მთელი სოფელი სახურავებით შემოირბინოს.


      რაც შეეხება სახლის შიდა ინტერიერს, ქართულისთვის დამახასიათებელი შუა ცეცხლი, კერა და საკიდელი არ აქვთ, თუმცა დედაბოძი სახლის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფერეიდნული სახლის ჭერი თავისი აგებულებით ძალიან გავს მესხეთ-ჯავახეთისთვის დამახასიათებელ დარბაზული ოდის ჭერს.



მესხური ოდის ჭერი
ფერეიდნული სახლის ჭერი

      ეზოში დგას ბოსელი, და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების სათავსო. სამოსახლოს გალავანი არტყია, რომლის ცენტრშიც ჩაშენებულია დაბალი ჭიშკარი.
      მეურნეობის ქართული დარგები, მიუხედავად ფერეიდანის მკაცრი კლიმატისა, ასე თუ ისე მაინც შენარჩუნებულია. ფერეიდნელმა გლეხებმა ვაზის მოშენებაც კი შეძლეს, რაც ამ უდაბურ ადგილას თითქმის შეუძლებელი იყო.
      ქართულ სოფლებში ძირითადად მოდის ქერი, ხორბალი, ოსპი, ცერცველა. ბაღებში ხარობს ვაშლის, მსხლის, ბროწეულის, ჭერამის, თუთის, ბლის, ალუბლისა და ნიგვზის ხეები, როცა 400 წლის წინ აქ მხოლოდ ლეღვის ხეები ხარობდა. გლეხები მიწას ხარებით ამუშავებენ. სახნავ-სათეს იარაღებს ხისგან აკეთებენ და ბევრ მათგანს ქართულ სახელებსაც ეძახიან. მაგალითად: “კალო”, “ფიწალი”, “ნიჩაფი” და ა.შ.

      ქართული სოფლები განსხვავდება ირანული სოფლებისგან ხეხილის ბაღებით და ხელოვნური ხეივნებით. აქ ყოველი ხე დარგულია, არაა ბუნებრივი ტყეები და საჩრდილობლები. ქართველ კაცს, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლო არ უნახავს, მაინც დაუმსგავსებია არემარე საქართველოსთვის.
      ფერეიდნელებს არც ქართული სტუმართმოყვარეობა დაუკარგავთ. უყვართ სტუმრისთვის სხვადასხვა საჩუქრების “ნობათის” მირთმევა. თუ სტუმარი თავპატიჟს დაიწყებს, ეუბნებიან: – “მაშ მე შენთან ვეღარ მოვალ, ჩვენი ადათი ეს არის”.
      ფერეიდნელთა შემორჩენილ ტრადიციებზე საუბრობს ინა ინარიძე. ისტორიკოსი, რომელმაც გასულ წელს იმოგზაურა ფერეიდანში.
      – შარშან, თებერვალში, ერთი კვირით ვიყავი ფერეიდანში. ვაგროვებდი ქართულ ზღაპრებს და ჩანაწერებს. ბევრი წეს-ჩვეულებაა შემორჩენილი და ერთ-ერთი რაც ყველაზე მეტად მახსენდება, ეს არის მეკვლის ტრადიცია. მეკვლე, როგორც ჩვენთან არის, იგივე არის ფერეიდანშიც. ადრე იყო საკვამურებს ეძახდნენ ეგენი ფერეიდნული ქართულით, ჩაჰკიდებდნენ ხოლმე კალათას და იმ კალათაში ოჯახის წევრებს უნდა ჩაეწყოთ ხილეული და ა.შ. დღეს კალათებს სახლის წინ დებენ ხოლმე.
      მეკვლე, როგორც ჩვენთან არის, ისე იყო იქაც. ანუ არჩევდნენ ერთ ადამიანს, რომელიც კაი ფეხით იყო ცნობილი. ვკითხე რას ამბობს მეთქი მეკვლე, როგორ შემოდის-მეთქი? ასე ამბობს, რომ პურ-ბარაქი გქონოდეთო, კარგი ფეხი გქონოდეთო. ანუ იგივეა რაც საქართველოში. ეს ტრადიცია ყველაზე მეტად მივამსგავსე ქართულს და ამიტომ ჩამრჩა მეხსიერებაში.
      რაც შეეხება სხვა ტრადიციებს, 400 წელი არ არის პატარა იმისათვის, რომ რაღაცეები დაგვავიწყდეს, მითუმეტეს ისეთ რთულ პირობებში, როგორშიც ამ ხალხს უწევდა ცხოვრება. იქ უნდა წახვიდეთ და ნახოთ მართლა როგორ ებრძოდა ეს ხალხი ყველაფერს. როგორ ებრძოდა იმას, რომ შეენარჩუნებინათ ენა და როგორ მოუწიათ ამის გამო რელიგიის დათმობა.
      მახსოვს, ფერეიდნელებმა მკითხეს, საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა თუ იციან მშობლიური ენაო (იცოდნენ, რომ საფრანგეთთან მაქვს კავშირი). ვუპასუხე, მეორე თაობის შემდეგ აღარ მეთქი.
      დამაბარეს, ჩვენგან გადაეცი, დედის ენის დაკარგვა როგორ იქნებისო.

ჩვენი ენა ჩვენი ვინაობაა

      ფერეიდნელებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ მათი მეტყველება. “დედის ენა”, ასე ეძახიან ფერეიდნელები ქართულ ანუ მშობლიურ ენას. 400 წელი გავიდა, ქართული ენა შემოინახეს და დღესაც ამ ენაზე ლაპარაკობენ, ეთაყვანებიან და უფრთხილდებიან. ამ ხნის განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ქართული ანბანი, რომელსაც სუფრაზე, ხალიჩაზე ან ტანსაცმელზე ამოქარგავდნენ ხოლმე და ორნამენტებს ეძახდნენ, ირანელებს რომ ეჭვი არ აეღოთ.

ქართული ანბანით მოქარგული ფერეიდნული სუფრა

      არცაა გასაკვირი, რომ მხოლოდ ანბანითა და ზეპირსიტყვაობით გადმოცემული ქართული იცვლებოდა. დღევანდელ ქართულსა და ფერეიდნულს შორის რასაკვირველია სხვაობა არის. ფერეიდნულში შევხვდებით ისეთ ქართულ სიტყვებს, რომლებიც ჩვენ დავივიწყეთ, ან უცხოურით შევცვალეთ. არის ისეთი სიტყვებიც, რომლებსაც ფერეიდნელები ქართულად ამბობენ, ჩვენ კი სპარსულად. ასეთებია მაგალითად: იმას, რასაც ჩვენ “დურბინდს” ვეძახით, ფერეიდნელი ქართველები “საძებარს” ეძახიან. საძებარი ძველქართულია, დურბინდი კი სპარსული სიტყვაა და შორს მხედველს ნიშნავს. ფულიც სპარსულიდანაა შემოსული, ქართულად კი მას “სათვალავი” ჰქვია, სწორედ ასე ეძახიან ფულს ფერეიდნელები.
      ფერეიდნელ ქართველს თუ ეტყვი მიყურეო, მოსასმენად მოემზადება. მათი აზრით ყურება მხოლოდ ყურით შეიძლება, თვალით კი ცქერა და დათვალიერება.
      არც ისე ადვილია დროით და მანძილით დაშორებული მშობლიური ენის შენახვა უცხო ენის გარემოცვაში. სწორედ ამიტომაა დასაფასებელი ფერეიდნული. ის თითქმის სახეშეუცვლელი მოვიდა დღემდე და კარგად შეინახა 17-ე საუკუნის კახურ-ინგილოური დიალექტი.
      ფერეიდანში, როგორც ირანის მთელ ტერიტორიაზე, ოფიციალური ენა სპარსულია, ეს არის რელიგიის, რადიოს, ტელევიზიის, განათლების, ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობის ენა, მაგრამ ქართული ჯერ კიდევ გამოიყენება როგორც ოჯახის, ფერეიდნელ ქართველთა შინაური ურთიერთობების ენა. ფერეიდნელებს უყვართ ქართული, განიცდიან, რომ მათ ენას “ბეური ფარსი შაირევია”.
      დღესდღეობით ფერეიდანსა და საქართველოს შორის ძირითადი დამაკავშირებელი სწორედ ენაა. ენის შენახვასთან ერთად მათ შეინახეს ქართველობაც, რადგან ეროვნება მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმით, თუ რომელი ენით აგებულ სამყაროში ცხოვრობ. ენა მოიცავს ისტორიას, ეროვნებას, მენტალიტეტს. სწორედ ენის გამო დათმეს ფერეიდნელებმა რელიგია. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, დღეს აღარ ერქმეოდათ ქართველები და ალბათ აღარც მართლმადიდებლები იქნებოდნენ. ენამ შეუნახა მათ საქართველო და ერთმანეთი. რადგან ენა აერთიანებს ერს, რელიგია კი ინდივიდუალურია. აკი თვითონ ფერეიდნელებიც ამბობენ – “ჩვენი ენა ჩვენი ვინაობააო”.
      ირანელი “გურჯები” ამაყობენ ისპაჰაანში ალავერდი ხან უნდილაძის მიერ აგებული 33 თაღიანი ხიდით. ამბობენ 33 თაღი ქართული ანბანის 33 ასოს აღნიშნავსო. ეს ალბათ უბრალოდ ლეგენდაა, რადგან ხიდის აგებისას ქართულში 38 ასო იყო, მაგრამ ფერეიდანში ასე სჯერათ.

      დღესდღეობით ფერეიდნელებში, თუმცა მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც შემორჩენილია სხვადასხვა ქართული თქმები, ანდაზები, გამოცანები, იგავები და ა.შ. აი რამდენიმე მათგანიც:

      გარდა ანდაზებისა და გამოცანებისა, ფერეიდანში შემორჩენილია ქართული თქმულებები და ზღაპრები. ისტორიკოსი ინა ინარიძე, რომელმაც გასულ წელს იმოგზაურა ფერეიდანში ზღაპრების შესაგროვებლად, წერს: “თურმე რა ძველი ყოფილა ჩვენი ზღაპრები. ოთხასი წლის წინ გაიყოლეს და მაინც ისეთივეა, როგორიც მაშინ იყო. მაგალითად, ღარიბი და ქილა ერბო. მელოდიურობაც ერთი აქვს, მაგალითად, ასე: ერთი ჩიტი იყო, გადაფრინდა, გადმოფრინდა და ფეხში ეკალი შეესო... ფერეიდნული თქმულებებიც – ზუსტად ისეთია, როგორიც ჩვენ გვაქვს.
      ფერეიდნელებმა ლეგენდა იციან “ვეფხვსა და მოყმეზე”. კაი ყმას, ვინც პირველია ბრძოლაში, დედას ბიჭს ეძახიან.
      XX საუკუნის დასაწყისში ქართველ თანამოძმეთა დახმარებით ფერეიდნელებმა მიიღეს ქართული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. დღესდღეობით ფერეიდანში არსებობს ქართული ენის შემსწავლელი სკოლები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია განათლების მიღება.


      14 აპრილს, საიდ მოლიანის ხელმძღვანელობით, იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ყრილობა, სადაც ფერეიდნელები კითხულობენ ლექსებს, მღერიან, საუბრობენ საქართველოზე.

      ახლახანს საიდ და აჰმად მოლიანებმა გააკეთეს ქართული ენის თვითმასწავლებელი სპარსელთათვის, რომელიც ნებისმიერ ირანელს გაუადვილებს ქართულის სწავლას.

      ფერეიდუნშაჰრში ხშირად შეხვდებით მაღაზიებს, კაფეებს თუ სხვა დაწესებულებებს ქართული წარწერებით.
      დედა ენის შენახვა ფერეიდნელი ქართველისთვის წმინდათა წმინდა მოვალეობაა. ქართულის დამვიწყებელს მოძმეებიც დაივიწყებენ. ერთ-ერთ ფერეიდნულ საფლავზე ქართულად აწერია ფრაზა, რომელსაც იქაური ქართველები ხშირად ახსენებენ ხოლმე ერთმანეთს:
      “დედა ენის დამვიწყებელს, დამტირალი არა ჰყავდეს”.

რაც უნდა მტანჯონ, მაწამონ, მაინც ვიქნები ქართველი...

      ისქანდერ მუნშის ცნობებიდან ჩანს, რომ ქართველებს ფერეიდანში ჩასახლებისთანავე აუგიათ ეკლესიები თუ ქრისტიანული ტაძრები და მტკიცედ დაუცავთ თავიანთი სარწმუნოებისათვის დამახასიათებელი ადათ-წესები, მაგრამ სპარსელებმა ქართველებს ტაძარი “მიზგითით” შეაცვლევინეს. შაჰი ფერეიდანში დასახლებული ქართველების გამაჰმადიანების საქმეს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. ფერეიდნელებს მოუხდათ დაეთმოთ სარწმუნოება ქართველობის გადასარჩენად. დღეს ფერეიდნელებმა გადმოცემით იციან რა სისხლისღვრის ფასად დაათმობინეს სპარსელებმა მათ წინაპრებს მართლმადიდებლობა. ამას ადასტურებს მოგზაური დენ-გარსიაც: “მე შევხვდი ისპაჰანში შაჰის მოედანზე ასეთ სურათს, რამდენიმე ქართველ გოგონას წამებით აიძულებდნენ, რომ მაჰმადიანობა მიეღოთ, მაგრამ ისინი სიკვდილამდე ქრისტიანები დარჩნენ”. ეს იყო ერთი შემთხვევა, რომელსაც შეესწრო ეს მოგზაური. ვინ იცის რამდენი ქართველი აწამეს ამ მოედანზე სჯულისათვის.
      ქართველების გამაჰმადიანებაზე საუბრობს ფერეიდნელი ქართველი აჰმად მოლიანი, იგივე კახა მოლაშვილი:
      – “ფერეიდანში რომ გადასახლეს, ფერეიდნელები ძირითადად არმიაში და ჯარში მსახურობდნენ. ამის გამო იძულებულები იყვნენ, რომ მაჰმადიანობა მიეღოთ.
      ერთი მწერალი არის, იტალიელი მგზავრი.. ის ამბობს, რომ როგორ შეიძლებაო, ამ ქართველებმა ასეთი ცემა-ჟლეტით გამოიარეს წინაპრებმა ესეთი ომები ნახეს, როგორ შეიძლება გამაჰმადიანდნენო. მაგრამ იქ როგორ ხდება, იქ როცა ფერეიდნელები მიდიან ირანში, მართლმადიდებლობას ყოველდროს ებრძოდნენ, შეთავაზეს რომ კათოლიკობა მიიღეთ, ან სხვა რელიგიაზე გადადითო. მარა იყო იქ ქვაბში ჩააგდეს ჩვენი წინაპრები, დაწვეს, ხეზე ჩამოჰკიდეს, ცეცხლი აუნთეს, მარა ის ფერეიდნელი ამბობდა, აი ასეთი ლექსი არი:
      ამას ამბობდა გადახვეწილი ქართველი ბარსეთში,
      რამდენიც მტანჯონ, მაწამონ, ხეზე ჩამომკიდონ, ქვეშ ცეცხლი ამინთონ,
      მე ჩემ მტარვალ ბარსელს ვეტყვი, რომ მე ქართველი ვარ ქ ა რ თ ვ ე ლ ი.
      იქ ხდება.. აი ამ მვდელებს (მღვდელებს).. ეკლესიების დანგრევა, ხდება მვდელების მოკლა და ეს პროცესი ეხლა ოთხი საუკუნის მანძილზე იმიტომ რო ურთიერთობა არ ქონდა ნელ-ნელა გადადის მაჰმადიანურ სახეს იღებს.
      ეხლა მთავარია, რომ ჩვენთან ქართულად ვლაპარაკობთ და სულიერი ურთიერთობა თქვენათან გვაქ და ეხლა ყველა ერთ გზაზე მივდივართ და ვუბრუნდებით ჩვენ სამშობლოს”.
      ისპაჰანში, ვანქის ეკლესიაზე ქართული წარწერაა. გადასახლებულმა ქართველებმა ეს ჩვენთვის დაწერეს: “უფალო ღმერთო იესო ქრისტე, ასწავლე კეთილად მიევლინე მონასა შენსას ზაქარიასა, რათა ისწავლოს წიგნი, გადიდებდეს გმსახურებდეს ყოველთა საქმითა ცხოვრებითა მიეც გულისხმა უკუნით უკუნისამდე. ამინ”.
<      ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვობის ოცნებას ავისრულებდი – ოდესმე ფერეიდნელ ქართველებს შევხვდებოდი, ჩავიდოდი ჩემს სისხლთან და ხორცთან, მიმასპინძლებდნენ, მიმეგობრებდნენ და ერთმანეთს გულში ჩავიკრავდით... ბავშვობის ოცნებას კი იმიტომ ვამბობ, რომ მართლაც პატარა ვიყავი, მეხსიერებაში ზღაპარივით რომ ჩამრჩა გურამ პატარაიას ფილმი – ”შორია გურჯისტანამდე?”. მაშინ ვერ გავაცნობიერე, რომელ საქართველოზე ან რომელ ქართველებზე იყო საუბარი, მაგრამ ძალიან კი მინდოდა, უფრო მეტი მცოდნოდა იმაზე, რაც ვნახე და აი, ამდენი ხნის ოცნება რეალობად მექცა, რაშიც ჩემმა დღევანდელმა საქმიანობამაც შემიწყო ხელი.

      ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს “თამზანის გორაზე” წმინდა გიორგი გამოეცხადათ და მისცა მათ ძალა ბრძოლის გასაგრძელებლად. ავღანელები გაიქცნენ და აღარც დაბრუნებულად. იმ ადგილას, სადაც ქართველებს წმინდა გიორგი დაუნახავთ, დიდი ქვა ყოფილა, რომელიც რაღაც ძალამ შუაზე გახეთქა. აქ ყოველი წლის ივნისის თვეში სალოცავად ადიოდნენ და ახლაც ადიან ქართველები. ქვის ხელის ხლებას ვერავინ ბედავს. ეს ლოდი უცნაური ფორმისაა, თითქოს მაკრატლით გაჭრესო. ამ ადგილთან მიკარებას სპარსელები ვერ ბედავენ, რადგან მათაც წმინდა ადგილად მიაჩნიათ.
      გადმოცემით, თურმე, ფერეიდნელ დედებს ღვთისმშობლის ხატები ჰქონიათ დამალული. გაჭირვების ჟამს შესთხოვდნენ ხოლმე: “ნუ დაგვაგდებ აქ, დედა მერიემ... გაგვიყვანე შენი შვილები ფერეითიდან შენს მიწაზე, საქართველოჩი... საქართველოჩი....”
      ფერეიდნელებს განსაკუთრებული გამოსამშვიდობებელი მიმართვა აქვთ: – ღმერთს ებარებოდე! გეტყვიან და ამით ყველაფერ საუკეთესოს გისურვებენ.
      ნათქვამია, ფერეიდანში ქრისტესთვის ლოცვა რომ აუკრძალავთ, იმ დღიდან სამშობლოსა და სჯულისთვის წამებული წინაპრები გამხდარან სალოცავ-საფიცარნიო.

ოცნება, რომელსაც საქართველო ჰქვია...

      წლების მანძილზე, ფერეიდანში არ იცოდნენ რა ხდებოდა საქართველოში. არსებობდა თუ არა მათი სამშობლო ამდენი ომის შემდეგ. ეგონათ თუ დავავიწყდით თანამოძმეებსო. ამიტომაც გაუკვირდათ, როცა მათ გასაცნობად ჩავიდა მოგზაური “გურჯისტანიდან”. ლადო აღნიაშვილი იყო პირველი ქართველი, რომელმაც განვლო იმ დროისათვის საკმაოდ სახიფათო გზა, რათა მოენახულებინა სამშობლოდან დიდი ხნის წინ აყრილი ქართველები. მან ჩამოიტანა ცნობები ფერეიდნელების შესახებ. ამას მოჰყვა სხვა ქართველთა ჩასვლა ფერეიდანში. სხვადასხვა დროს იქ იმოგზაურეს პავლე ლორთქიფანიძემ, ამბაკო ჭელიძემ და მისმა მეუღლემ და ა.შ.

      პირველი ფერეიდნელი, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, იყო იოთამ ონიკაშვილი. მის დაბრუნებას მოჰყვა კავშირების გაღრმავება საქართველოსა და ფერეიდანს შორის. ბევრი გამოთქვამდა სამშობლოში დაბრუნების სურვილს, თუმცა ყველა ვერ უძლებდა ზეწოლას, რომელსაც ირანის უშიშროების სამსახურისგან განიცდიდნენ.
      1972 წელი... 12 ფერეიდნული ოჯახი ბრუნდება საქართველოში...
      “აი, მატარებელი ბოლო ბაქანზე გაჩერდა, ჩამოვედით ყველანი, ვხედავთ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით დგას მეორე მატარებელი და უამრავ ხალხს მოუყრია თავი. ჩვენებმა დაუძახეს, ქართველები ხართო? გვიპასუხეს, კი, თქვენიანები ვართ და გელოდებით, სად ხართ აქამდეო. ჩვენებმა უთხრეს მოვდიოდითო.
      როგორ, 300 წელი სულ მოდიოდითო?
      კი, მოვდიოდითო.
      ჯერ ოცნებით მოვდიოდითო, მერე ფიქრით მოვდიოდითო, ბოლოს საქმით მოვდიოდით, და აი, თქვენამდე მოვაღწიეთო და გადავეხვიეთ ერთმანეთს. ნახევარი საათი ერთმანეთს ვეფერებოდით და ვკოცნიდით. სიხარულისგან ყველა ტიროდა, მომსვლელიც და დამხვდურიც. ეს რაღაც საოცრება იყო, გვიყურებდნენ სპარსელები და მათაც თვალებზე ცრემლი მოადგათ”. – იგონებენ პირველი რეპატრიანტები.
      ამ დრომდე ფერეიდანში საქართველოზე მხოლოდ ზღაპრები არსებობდა. მოხუცები ბავშვებს უყვებოდნენ ზღაპარს ცისარტყელაზე – ციცისკიბეს ერთი ფეხი საქართველოში აქვს, მეორე კი ფერეიდანშიო. ვინც ცისარტყელაში გაძვრება საქართველოში აღმოჩნდებაო. ბავშვებიც მოუთმენლად ელოდნენ ცისარტყელას, რათა დადევნებოდნენ მას და ოცნებას, რომელსაც საქართველო ერქვა.
      ფერეიდნული ტრადიციებისა და ყოფის კვლევის შედეგად, გამოირკვა, რომ ფერეიდნელებმა შეძლეს ორი კულტურის შეთავსება ისე, რომ დარჩნენ სპარსეთის მოქალაქეებად და არც ისტორიული სამშობლო დაივიწყეს.
      ირანმა და საქართველომ ბევრი რამ შესძინეს ერთმანეთის კულტურასა და ხელოვნებას. ვინ იცის, რამდენი ქართული ლექსი და პოემა არ დაიწერებოდა, რომ არა ირანული შემოქმედების ზეგავლენა.
      რამდენი ბრძოლა მოუგია შაჰ-აბასს ქართველთა დახმარებით. ქართველები რომ არა, ისპაჰანის მშვენება – უნდილაძის ხიდიც არ იქნებოდა.
      ფერეიდანი კი ისაა, რაც ამ ორმა ქვეყანამ ერთად შექმნა. ფერეიდანი შუამავალია ამ ორ ქვეყანას შორის და ერთდროულადაა სპარსულიც და ქართულიც.