თეონა მეტრეველი − «... მაინც დავრჩები ქართველი...»


(იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით)


garekani
       მრავალ მრისხანე შემოსევათა შორის, რომელიც საქართველოს საუკუნეთა მანძილზე განუცდია, ერთ-ერთ ყველაზე შემზარავ და მოუშუშარ ჭრილობად დარჩენილი შაჰ-აბას I-ის შემოსევები იყო. შაჰ-აბასი დიდძალი ჯარით ოთხგზის შემოიჭრა საქართველოში. მიუხედავად ქართველი ხალხის ქედუხრელი შერკინებისა, მოწინააღმდეგის რიცხობრივმა უპირატესობამ თავის გაიტანა. ყიზილბაშთა ურდოებმა მოითარეშეს ქვემო ქართლი, ბარის კახეთი და ჰერეთი. ათასობით ოჯახი, რომლებმაც მთებში გახიზვნა ვერ მოასწრეს, დაატყვევეს და ირანს წაასხეს.
       ,,შაჰ-აბასი მოვიდა, კახეთი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა...“ ეს არის და ეს.
       მას შემდეგ საუკუნეები ჩამოთავდა და ქართველი მემატიანენი ერთხელაც არ მიბრუნებიან ამ უზარმაზარი ტრაგედიის ამბებს, თითქოს არც არაფერი მომხდარა და ის 400 000 გაუბედურებული ქართველი – კახელნი, ინგილონი, ქართლელნი და კიდევ სხვანი, და სხვანი, თითქოს არც არსებულან. იცვლებოდნენ თაობები და მათი არავინ არაფერი იცოდა.
       ,,აჰყარა და გადაასახლა... “ მაგრამ სად? რატომ?...
       მიზეზები საქართველოს ამოგდების და მოსპობის იყო ქრისტეს სჯული, რომელიც მუსულმანებს დიდად სძულდათ და ქართველების რუსებთან დაახლოვება XVII საუკუნეში, კახელ მეფეთა მიწერ-მოწერა მათთან და რომთან, რაც სპარსელებს აშინებდა.
       მათ იცოდნენ ქართველების განუსაზღვრელი გმირობა, მამულისათვის ბრძოლა, ერთი მტკაველი მიწის არავისთვის დათმობა. ქართველებს არც სხვებისაგნ წართმევა მოსწონდათ და არც თვით ეცილებოდნენ სხვებს წასართმევად. ამიტომაც თათრები ვერ ახერხებდნენ ქართველების სრულიად დამხობას, რადგანაც საქართველოში დედები თავიანთ პატარა შვილებს აკვანზე დაამღერდენ ქვეყნის შვილობას და ერთგულებას. სისხლის წვიმების დროსაო ქუდზე კაცის ძახილზე, დედაკაცნი, თვით მღვდელნი და ბერნიც იბრძვიან, ბრძოლას არც მღვდელ-მთავარნი ერიდებიანო.
       სწორედ მიტომაც წამოვიდა საქართველოში შაჰ-აბასი და თან წამოიყვანა აუარებელი აღმოსავლეთის ტომთა ჯარი, რომელთა საშუალებით გადალახა მთელი საქართველო, რათა აღეგავა საქართველოს პირზედ ქართველის ხსენება. უნდა მოესპო ქართველობა და ეს ძვირფასი კუთხე, ქართველების სისხლით მორწყული და გაპოხიერებული, საქართველო მუსულმანთა ტომის საბინადროდ უნდა გადაექცია.
       ასეთი მაგალითი იშვიათი იყო, რომ ყაენი თვით წასულიყო საომრად საქართველოზედ. ეს ბარბაროსიც თავის მამის მსგავსად თამამად მოვიდა, დაამხო ყველაფერი, მოსპო, გააუქმა, დაანგრია ტაძრები და შებღალა ყოველივე. მოიტაცა ძვირფასი ნივთეულობა, დაწვა ბევრი ქართული ძველი წიგნი. ერთი სიტყვით მთელ ერს მძლავრი მეხი დასცა და დააუძლურა. ბევრმა ქართველმა დაანთხია სისხლის ცრემლები, ერთზე ათი, ოცი მოდიოდა.
       ამას მეთაურობდა ბარბაროსულად გაზრდილი, მაგრამ ქართველი ქალის ნაშობი შაჰ-აბასი. დედამისი, შალიკაშვილის ქალი გახლდათ. მან დასწყევლა ეს ბარბაროსი, როცა საქართველოს ასაკლებად წამოვიდა.

       მაინც არ დაეცნენ სულით ქართველები. ისინიც მძლავრად უხვდებოდნენ წინ და ბარბაროსთა ბრბოს გმირულად ეომებოდნენ. ზედ აკვდებოდნენ და უკან კი არ იხევდნენ. მათაც კარგად გადაუხადეს სამაგიერო, ისე რომ შაჰ-აბასმა ქართლის ამოწყვეტის გეგმა ვეღარ განახორციელა, ქართლიდან ძლეული და თითქმის გაბრაზებული ტფილისს დაბრუნდა, ტფილისიდან კახეთზედ გაინადირა და ისრულა მისმა სვავმა გულმა თავის წადილი. დაჭერილებს აპატიმრებდა და ამგზავრებდა სპარსეთისაკენ. ერთ წყებას რომ გაისტუმრებდა, რამდენიმე დღის შემდეგ მეორე წყებას, მერე მესამეს და ა.შ.
       გეგმა ისეთი ჰქონდა, რომ გადასახლებულნი გზაში ერთმანეთს ვერსად შეხვდებოდნენ, რომ ერთმანეთის ნახვით არ შეერთებულიყვნენ და უკან არ დაბრუნებულიყვნენ. ეს საქმე ბარბაროსს ისე ჰქონდა მოწყობილი, რომ ქართველთ არ სცოდნოდათ თუ ვის და სად ასახლებდნენ. ყოველ გადასახლებულს მხოლოდ სპარსეთში ეძლეოდა საშუალება, რომ შეეტყო ქართველთა საქმე, ამასაც ზოგი შეიტყობდა, ზოგი ვერა, რადგანაც მათ მარჯვნივ და მარცხნივ ანაწილებდნენ.
       გადასახლებულთ ყოველთვის თან ახლდნენ სპარსთა ჯარისკაცნი. მათ ბარგი-ბარხანა საქონლით და ურმებით მიჰქონდათ. ზოგს ჯორი და სხვა საქონელიც ახლდა, მაგრამ ყოველივე ეს მათ გზაში ესპობოდათ და ეხოცებოდათ.
       თვითონ ხალხი კი ფეხით მიდიოდა. მათაც ეკიდათ ზურგზე ბარგი-ბარხანა. მათშიც ერივნენ ყველა წრის კაცნი, ქალნი, ახალგაზდები, პატარები, შუა-ხანს შესულნი, ასევე მოხუცნიც. გზაში ისინი დიდს გაჭირვებას, შიმშილს, ავადმყოფობას და სიკვდილს განიცდიდნენ. ამას ემატებოდა გოდება საქართველოზე. ყოველ მათგანს გული უტიროდა მტრის მახვილისა და ჯავრისაგან, ყოველს მათგანს სული უშფოთდა იმაზე, რომ დაუძინებელი მტერი მათ ასალმებდა თავიანთ სამშობლო ქვეყანას, მამა-პაპათა სახლ-კარს, ბაღს, ბოსტანს, ყანას, მთას, ბაღს, ნაშთებს, ცივ წყაროებს, სუფთა ჰაერს, მამა-პაპათა საფლავებს, თანამემამულეთ, ქართულ ენას, ქართველ ერს და საქართველოს მიწა-მამულს, რასაც ისინი თვალით ვეღარ ნახავდნენ. რამდენი ტიროდა ამისთვის, რამდენი გლოვობდა, რამდენი ღვრიდა ჩუმად მწარე ცრემლებს ისე, რომ ეს სპარსთა ჯარისკაცებს არ შეემჩნიათ, რამდენი სწყევლიდა მტრის გაჩენის დღეს და იმ წუთს, როცა იგი ჩაისახა მის დედას გვამში, ...
       მგზავრობის დროს ხშირად შიმშილისა და სიცივისაგან ავად ხდებოდნენ, ამიტომ ხშირად უპატრონოდ დაუტოვებიათ ავადმყოფნი, მოხუცნი, გზაში რომ ვეღარ უტარებიათ. ყრილან ავადმყოფნი, უღვრიათ მწარე ცრემლები, უწყევლიათ თავისი აღმგველი და ასე დაულევიათ უცხო ცის ქვეშ ტანჯული სული. ავადმყოფი ბავშვების ტარება მშობლებისთვის ისე ძნელი იყო, რომ თვითვე უღებდენ ბოლოს და ათავისუფლებდნენ მათ ტანჯვისაგან.
       ქართველების დიდ გადასახლებას მოჰყვა დიდი უძლურება ქართველთა. მთელი სპარსეთი გაივსო საბრალო ქართველებით. მათ სპარსთა მთავრობა არაფერს არ აძლევდა, თუ მისცემდა რამეს მაშინათვე სჯულის გამოცვლას სთხოვდა. სპარსეთის ქალაქები სავსე იყო ქართველი მათხოვრებით.
       ყაენმა ყველა ამ უბედურებს ის მოწყალება უყო, რომ ორ-ორი ქართველი თითო შეძლებულ სპარსთა ოჯახებს მონებად მისცა. სრულიად დაიქსაქსა ქართველობა, მაგრამ შემბრალე და პატრონი არავინ იყო. მთელს სპარსეთში ყველა ხედავდა ქართველების ცრემლს და ტანჯვას. შაჰ-აბასის მრისხანებამ მთელი კავკასია შესძრა, თუმცა იგი არც პირველი და არც უკანასკნელი ყოფილა მათ შორის, ვინც ქართველებს შორეულ ირანში ასახლებდა:
       ჯალალ-ად დინი – მან სპარსეთში 25 ათასი ქართველი გაიყვანა; თემურ ლენგი – მისი ბრძანებით 180 ათასი მოსწყვიტეს სამშობლოს; შაჰ-ისმაილი – გადასახლებულთა რიცხვი 25 ათასზე მეტია; შაჰ-თამაზი – 50 ათასი ადამიანი; შაჰ-აბასი – 400 ათასი ქართველი; სელიმ ხანი – 20 ათასი; ფეიქარ ხანი – 130 ათასი; ნადირ შაჰი – 5 ათასი; უზუნ ჰასანი – 3 ათასი; აღა მაჰმად ხანი – 20 ათასი.
       სპარსეთში პყრობილ ქართველთ ტანჯვა-ვაებამ აამღელვარა ქეთევან დედოფალი. ის შაჰ-აბასს ქართველთა განთავისუფლებას ვედრებდა, სთხოვდა საბრალო ტანჯულთა შინ, საქართველოში დაბრუნებას. ამ გარემოებამ შაჰ-აბასის გული ისე გააბოროტა, რომ ქეთევან დედოფალი პატიმარ ჰყო, უბრძანა ხმის გაკმენდა და სჯულის გამოცვლა, რათა მისი მაგალითით სხვა ქართველთაც მალე დაეთმოთ სჯული. ქეთევან დედოფალმა ეს არა ქნა, იგი მაინც მაგრად იდგა და ქართველების საქართველოში დაბრუნებას ითხოვდა. ეს შაჰ-აბასმა ვეღარ აიტანა და ქეთევან დედოფალი ქ. შირაზში, 1622 წ. აწამა. ჯერ შანთით დადაღა, ძუძუები დააჭრა და მერე სულ დაკუწეს ნაჭერ-ნაჭერ. წამების დროს ქეთევან დედოფალს ციხის მცველისთვის უთხოვია, რომ ტანზე ერთი სუდარა შემარჩინეთ და ისე დამდაღეთო. სასჯელის წინ დედოფალმა ანბანთ ქება სთქვა ლექსად ,,გაფი“.
       ამ სისასტიკის მიუხედავად მაინც არ დაეცნენ სულით ქართველები. მხოლოდ ნაწილი გადარჩა მათგან, ნაწილი კი შეერია ირანის თვალუწვდენ უდაბნოთა მტვერს. პიეტრო დელა ვალე ისპაჰანიდან შირაზის გზაზე მოგზაურობისას სხვა საინტერესო ამბებთან ერთად, რომელიც მას ქართველებთან შეხვედრისას უნახავს, აღნიშნავს ერთ საინტერესო მომენტს: ,,მე შევხვდი შირაზის გზაზე ქართველ პატარა ბიჭს, რომელიც დამკვრელების თანხლებით ქართულს ცეკვავდა. ჩვენ რომ დაგვინახა და მიხვდა ვინც ვიყავით, მოირბინა ჩემთან, უბეში გადამალული ღვთისმშობლის ხატი ამოიღო, გადმომცა და მითხრა: მე ვერ გავუძელი შიმშილს და სიცივეს, რის გამოც მივიღე მაჰმადიანობა. ამ ხატის ტარების ღირსი მე აღარ ვარ. გთხოვთ, რომ აიღოთ და სათანადოდ მოუაროთ მას. მე ჩამოვართვი შემოთავაზებული და მხლებლებს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული ადგილი მიეჩინათ ხატისთვის“.
       ქართველების ძალით გამუსულმანებას ადასტურებს აგრეთვე დენ-გარსია. იგი მოგვითხრობს ისპაჰანში მოგზაურობის ამბავს: ,,მე შევხვდი ისპაჰანში შაჰის მოედანზე ასეთ სურათს, რამოდენიმე ქართველ გოგონას წამებით აიძულებდნენ, რომ მაჰმადიანობა მიეღოთ, მაგრამ ისინი სიკვდილამდე ქრისტიანებად დარჩნენ. ეს იყო ერთი შემთხვევა, რომელსაც შეესწრო ეს მოგზაური, მაგრამ ვინ იცის რამდენი ახალგაზრდა ქართველი ქალის თუ ვაჟის სიცოცხლე ჩაიფერფლა ამ მოედანზე. რამეთუ მათ, ხორცი სულისთვის შეეწირათ. სული კი ქრისტიანობისთვის ეჩუქებინათ“.
       1654 წელს დედასამშობლოსაკენ თავგანწირვით მოილტვოდა 165 ამხედრებული ქართველი, მაგრამ საქართველოსაკენ მომსწრაფ ქართველებს რიცხვმრავალი სპარსელნი წამოეწივნენ ,,ყუმის“ უდაბნოსთან. გაჩაღდა შეუპოვარი, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. უთანასწორო ბრძოლაში ყველა ქართველი მტერს შეაკვდა. უცხო მიწამ მიიბარა სამშობლოს ნახვით მოწყურებული ქართველთა სიცოცხლე, მაგრამ ფერეიდნელ ქართველებს ყველაზე მეტად გული ატკინა 12 წლის ბავშვის სიკვდილმა, რომელიც მამას საქართველოში მიყვებოდა, ისიც უფროსებთან ერთად აკუწეს.
       სპარსეთის ისტორიიდან ცნობილია, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილური იყო. ნადირ-შაჰის (1736-47) მოკვლის შემდეგ ხელისუფლებაში გაჩენილმა განხეთქილებამ სპარსეთი სახანოებად დაანაწილა. ძალაუფლებისათვის ბრძოლაში საბოლოოდ ქერიმ-ხანმა გაიმარჯვა. უმთავრესი მეტოქეების, ყაჯართა მთავარსარდლის, მოჰამედ ჰასან-ხანისა და ბახტიართა ტომის მთავარსარდალ ალიმარდუნ-ხანის დამარცხების შემდეგ, მან ფერეიდნელი ქართველობის დამორჩილებაც სცადა. ბრძოლაში მიღებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად მშრომელი და ხელმადლიანი ქართველების მოხარკედ ქცევა მისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო. მანამდე ნადირ-შაჰის ლაშქარში სიმამაცითა და გმირობით გამორჩეულ ქართველებს ხარკის გადახდას არავინ სთხოვდა. ამიტომაც ქართველებით დასახლებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ ცენტრში, სოფელ მარტყოფში, ხარკის ასაკრეფად მისულ ქერიმ-ხანის ქვეშევრდომებს ქართველებმა განუცხადეს – ჩვენი შრომის ნაყოფს არც ერთ მბრძანებელზე არ გავცემთო. ასეთმა პასუხმა ხანი განარისხა. ათიათასკაციანი ლაშქარი დარაზმა და ქართველთა დასასჯელად წამოვიდა. ქართველები ციხე-მთაში გამაგრებულან. სწორედ მაშინ ამოუქოლიათ მაღალი კლდეების შესასვლელები უზარმაზარი ლოდებით. მტრის მიახლოებისას ქართველებს ერთმანეთისთვის შეუფიცავთ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთო. ქერიმ-ხანს ბრძოლის დაწყებამდე შეუთვლია, თუ დამნებდებით და ხარკსაც გადამიხდით, არაფერს გავნებთო. ციხე-მთას შეფარებულებს დამამცირებელი წინადადების მიმტანი დესპანი კინწისკვრით გაუგდიათ და ქერიმ-ხანისთვის შეუთვლიათ, არასოდეს მოვიხრით ქედს მტრის წინაშე, გავიმარჯვებთ თუ დავმარცხდებით, მაინც გამარჯვებულები ვიქნებითო.
       ქერიმ-ხანმა სარდლებთან მოითათბირა, თურმე თან ბჭობდა და თან ამაყად ეწეოდა ყალიონს. მოულოდნელად ყალიონის წვერს უფეთქია. როგორც შეიტყვეს, სიბილუა (ულვაშიანი) თავაზაშვილს ხანისთვის ციხე-მთიდან უსვრია თოფი. გასროლა საბედისწერო გამოდგა ქართველებისათვის. მოგვიანებით თანამოძმეებს რომ უკითხავთ, – რატომ არ მოკალი ქერიმ-ხანი, მისი მოკვლით ხომ ომიც დამთავრდებოდაო, სიბილუას უპასუხია, – ქართველის წესია ორთაბრძოლაში მოკლას მტერი და არა ჩუმად და მიპარვითო.
       ქერიმ-ხანმა სხვანაირად უპასუხა თავაზაშვილის ვაჟკაცურ გამოწვევას – მან ქართველების განადგურება გადაწყვიტა. პირველი იერიში მტრის მარცხით დამთავრდა. ქართველების სანგრებიდან გადმოყრილმა ლოდებმა ხანის ლაშქრიდან ბევრი იმსხვერპლა და დაასახიჩრა. ამიტომ სპარსელები იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ და ცოტა ხანში ახალი ძალით განმეორებითი იერიში მიეტანათ ქართველებზე. მეორე დღეს მტერმა გადალახა ქართველთა სიმაგრეები და მათი უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა დაიწყო. ერთ ქართველზე რამდენიმე სპარსი მოდიოდა. ბრძოლა საღამომდე გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, გამარჯვება ვერც ერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. გაბოროტებულმა ქერიმ-ხანმა შეტევის განახლება შემდეგი დღისთვის გადადო. ბრძოლის მესამე დღეს ქართველებს სურსათი შემოელიათ და დაუძლურებულებმა მტრის ახალ შემოტევას ვეღარ გაუძლეს. ციხე დაეცა. მტერს ხელში რომ არ ჩავარდნოდნენ, თურმე ქართველები კლდიდან ხტებოდნენ.
       სიკვდილს გადარჩენილები ციხე-მთის ძირში მოუგროვებიათ (ამ ადგილს ქარიზი, ქართულად წყარო, ჰქვია). ქერიმ-ხანს უბრძანებია, – დახოცილ ქართველებს თავები დააჭერით და ერთად შეაგროვეთ, გადარჩენილი წინამძღოლები კი დახოცეთო. სიკვდილმისჯილთათვის თვალების ახვევა დაუპირებიათ. ხელ-ფეხშეკრული და ნაწამები ქართველები შეშფოთებულან, ჩვენს ჯიშს სიკვდილთან შეყრა არასდროს შეშინებიაო და მტრისთვის ერთადერთი და უკანასკნელი თხოვნით მიუმართავთ – თვალები არ აგვიხვიოთ, ისე გვესროლეთო.
       ქართველთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ურუჯუყულ-ბეგი განსაკუთრებული სისასტიკით დაუსჯიათ, – ზარბაზნის ლულაზე მიუკრავთ, რომ მისი სხეული ნაფლეთებად ექციათ. სიკვდილის წინ ჯალათებისთვის ღიმილით უთხოვია, – სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიმართეთო. ვერ შეუბედიათ უარი ვაჟკაცისათვის...
       ქერიმ-ხანის ჯარის ერთ-ერთი სარდალი წარმოშობით ქართველი იყო. ბრძოლის დროს ის შირაზში იმყოფებოდა. ფერეიდანში დატრიალებული ტრაგედიის ამბავი რომ შეუტყვია, ქართველთა დასახმარებლად გაქცეულა, მაგრამ დაუგვიანია. ომი დასრულებული დახვდა. მხოლოდ ისღა მოუხერხებია, რომ ცოცხლად გადარჩენილი ქართველების სიცოცხლე გამოუთხოვია სასტიკი ხანისაგან. ქერიმს უარი ვერ უთქვამს უმამაცესი სარდლისათვის.
       ომის შემდეგ ქართველებმა ვეღარ შეძლეს ქართული ადათ-წესების ბოლომდე შენარჩუნება. ამ ომში მრავალი გვარი ამოწყდა. თურმე ბრძოლისას, როდესაც დედა შვილთან ერთად კლდიდან ვარდებოდა, შვილის გადასარჩენად ცდილობდა, ზურგზე დაცემულიყო, ბავშვი კი გულში ჰყავდა ჩაკრული. სწორედ ასე გადარჩენილა ჰაყვერდი ხუციშვილი, რომლის შთამომავლობა დღესაც ცხოვრობს ფერეიდანში...
       ,,ეს ბრძოლა ხარკის ასაცილებლად არ მომხდარა. ის ქართული ხასიათის გამოვლინება იყო და მტერს ასწავლიდა, რომ ქართველებს ძალით ვერავინ დაიმორჩილებდა. საქართველოს ისტორია ხომ ამის უტყუარი მაგალითია. ასეთი ტკივილით სავსე ამბები თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჩვენში. ასე ვიზრდებოდით, მათი მოსმენით ვძლიერდებოდით და გვიათმაგდებოდა ჩვენი შორეული სამშობლოს, მისი ენის, კულტურის სიყვარული. ასე შევინარჩუნეთ ქართველობა და გვინდა ჩვენმა მომავალმა თაობებმაც იცოდნენ, რომ მათი დასაცავია სამშობლო, ენა, ქართველობა და წინაპრის კულტი“. ამ ამბის მთხრობელი გიორგი ხუციშვილი სწორედ იმ ჰაყვერდის შთამომავალია.
       ასეთ ამბავს ინახავენ ფერეიდნელები: ერთ თურქ ხანს ცხენით ჩამოუვლია მარტყოფის ტერიტორიაზე და მომრწყავს შეხვედრია. მომრწყავი მას ზრდილობიანად მისალმებია, ხოლო როცა თურქი ოდნავ გაცდენია, შეუგინებია. ხანი მოტრიალებულა და უთქვამს მომრწყავისათვის, ან ეგ ზრდილობიანი სალამი რა იყო, ან გინება რატომ მოაყოლეო. ქართველს უპასუხია, მოგესალმე იმიტომ, რომ არ გეგონოს უზრდელი ვარ და შეგაგინე იმიტომ, რომ, არ გამითამამდე და არ იფიქრო, ქართველების ტერიტორიაზე ქართველებს ეშინიათ და იმიტომ მესალმებიანო. იცოდე, რომ ქართველებს არავისი გვეშინიაო.
       მამაკაცები უმალ ირანის მეომართა ჯარში გაამწესეს. უსამშობლოდ დარჩენილი ქართველი ბიჭები საკუთარი მტრის უსასრულო ომებს შეეწირნენ. ბევრს თანდათან ენაც მოუჩლუნგდა და დაავიწყდა. დაავიწყდათ არა მხოლოდ ენა, თავად სამშობლოც, რომლისკენაც აღარ ეღირსათ შემობრუნება. ისინი სპარსელებად, სომხებად და კათოლიკებად იქცნენ... ძალზე ბევრნი არიან დღესაც ასეთები. მათ აღარაფერი ახსოვთ ქართული, მშობლიური.
       სპარსული სკოლები დაუხსნიათ იმ დღიდან, როცა ისინი ისლამს მტკიცედ დაკავშირებიან. მანამდე თურმე შინაურულად სწავლობდნენ ქართულ ანბანს, რომელიც შენარჩუნებიათ თითქმის 1700 წლამდე. ასწავლიდენ ხელნაწერებით და ხშირად ჩუმათაც კი. თუმცა ქართველებს სპარსეთში მისვლა-მოსვლა ხშირად ქონდათ და მთელი სპარსეთის ქალაქები ქართველ ტყვეებით და პატიმრებით სავსე იყო, მაგრამ მაინც მათ შორის სპარსთა მახვილის წყალობით მალე დაირღვა ქართული ანბანის მფარველობის ძალა.
       ქართველ სპარსელებს შორის, როგორც მამაკაცებში, ისევე დედაკაცებში, ზოგი ქართული სახელები დღემდეა შემორჩენილი, მაგ.: თამარი, ჯეირანა (დარეჯანი), მარიამი, ასო, ისო, სესე, ბოლგრა და სხვა. მამაკაცთ შორის: როსტომა, კოლა, ბეჟან, თეიმურაზ, ფერიდან (ფრიდონ), გივი, მუსა, მერაბ, ხოსროვა, ასკანდარ და სხვანი.
       ხვნა, თესვა, მკა, ლეწვა ისეთსავე წესებით იციან როგორც საქართველოში. დღემდე ყოველ სამუშაო იარაღს და საქმიანობას ძველებური ქართული ნიშან-წყალი სცხია. მთელი სამეურნეო და საოჯახო საქმენი სპარსელ ქართველთ ქართულად ჰქონიათ. სამეურნეო იარაღის სახელებიც სულ ქართული სახელებით არის დღემდე დარჩენილი.
       ქართველებს დიდი ადგილი უჭირავთ ირანის ისტორიის განვითარებაში. ამის თვალსაჩინო მაგალითია ალავერდი-ხან უნდილაძის მოღვაწეობა საფავიანთა დინასტიის პერიოდში. უნდილაძის მიერ აშენებული ხიდის 33 თაღი შეესაბამება ქართული ანბანის 33 ასოს. ისპაჰანი ყველაზე ლამაზი ქალაქია მთელს ირანში, განსაკუთრებით მდინარე «ზაიანდე რუდის» სანაპიროები, სადაც გაშენებულია ძალიან ლამაზი ბაღები თავისი გაზონებით, რომლებსაც შადრევნები ამშვენებს.
       ალავერდი-ხან უნდილაძის სახელთან ქალაქ შირაზში გრანდიოზული სკოლისა და ქარვასლის მშენებლობაა დაკავშირებული. მისი სამხედრო ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია ბაჰრეინისა და ბაღდადის დაპყრობა, ასევე მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ირანის არტილერიის შექმნას.
       აღსანიშნავია, აგრეთვე, ალავერდი-ხან უნდილაძის შვილის, იმამყული-ხან უნდილაძის დამსახურება, რომელიც ძირითადად სამხედრო სფეროში გამოიხატებოდა. მისი თაოსნობით სპარსეთმა შეძლო სპარსეთის ყურიდან მთლიანად განდევნა პორტუგალიელები. ირანის მთავრობამ არ დაივიწყა მისი ამაგი და ქალაქ ჰორმოსში მას ძეგლი დაუდგა.
       ქართველები ოდითგანვე მოგზაურობდნენ და ვაჭრობდნენ შორეულ ქვეყნებში. უცხოური წყაროები მათ პატივისცემით მოიხსენიებენ. ბევრ ქართველს ხმალიც მოუქნევია სხვათა ქვეყნის სასარგებლოდ, გონებაც, ხელოვნებაც და ნიჭიც შეუწირავს მისთვის.
       შაჰ-აბასის დროს ძალიან გამოუჩენია თავი ერთ ქართველ ვაჭარს, რომელსაც ვენეციიდან ისპაჰანში რამდენიმე ინდაური ჩაუყვანია და მთელი ქალაქი შეუწრიალებია – ინდაურს ხომ პირველად ხედავდნენ ირანში, მაგრამ ინდაური რა მოსატანია, როცა ირანში ცხენშებმული ოთხთვალა ფორანიც ქართველებს შეუტანიათ.
       ჩვენს სინამდვილეში ფერეიდნელმა ქართველებმა, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ღირსეულმა წარმომადგენლებმა, გასული საუკუნის 80-იან წლებშიც ღირსეულად მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი ირან-ერაყის ომში და დაიცვეს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.



* * *

       პირველი, ვინც მათზე ცნობები გამოაქვეყნა, იყო ინგლისელი მოგზაური ჰენრი ლაიარდი, რომელმაც 1840 წელს მოვლო ირანის ცენტრალური რაიონები და აღწერა ქართველებით დასახლებული ბახთიიარის მთების სოფლები. თითქმის ორსაუკუნენახევრის შემდეგ მოხდა ფერეიდნელი ქართველების აღმოჩენა.
       მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში ამ ცნობას არ მოუღწევია.
       ძირითადად, შეიძლება ითქვას, მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყო ფიქრი და წუხილი ირანში გადასახლებულ ქართველებზე.
       პირველი ცნობა მათ შესახებ საქართველოში 1877 წელს ჩამოიტანა ფერეიდნელმა ათამ ონიკაშვილმა. პირველი, ვინც საქართველოდან ფერეიდანში ჩავიდა, იყო ლადო აღნიაშვილი. 1927-1928 წლებში ფერიდანში მეუღლესთან ერთად ჩავიდა ამბაკო ჭელიძე. მალე მან წიგნიც დაბეჭდა სათაურით: ,,ფერეიდნელი ქართველები“.
       1970-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირისა და ირანის მთავრობების შეთანხმებით ფერეიდნელთა რამდენიმე ათეული ოჯახი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში, საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების გამო, ზოგმა მათგანმა კვლავ ირანს შეაფარა თავი.
       400 წლის წინანდელი ქართულით გვესაუბრებიან ისინი. ბევრი რამ არც გვესმის მათი საუბრიდან, რომელსაც სპარსული სიტყვები (და არა მხოლოდ სპარსული) შერევია, მაგრამ გვესმის ტკივილი, საქართველოსკენ რომ ეძახის და იზიდავს მათ. ეს ფერეიდნული ოროველაა:
                     ფერეიდანის მიწას ვხნავ,
                     აგერ ოთხასი წელია,
                     აგერ ოთხასი წელია.
                     გამხმარი ფიქრი ჩავთესე,
                     ხმელი ხორბალი ერია.
                     სამშობლოს მონატრული ვარ
                     აგერ ოთხასი წელია,
                     აგერ ოთხასი წელია...
       მიუხედავად იმისა, რომ სახნავ-სათესი მიწებიც აქვთ, საქონელიც აბადიათ და სხვა სარჩო-საბადებელიც, მაინც ნოსტალგიის ჭია უღრღნით გულს, რომელიც შორეულ წინაპართაგან მემკვიდრეობით აქვთ მიღებული. დღეისთვის, როგორც ამას ამ სოფლების მნახველები გადმოგვცემენ, ყველა სხვა სოფლებისაგან განსხვავებით, თავიანთი სახნავ-სათესი მიწებითა და ბაღჩა-ბაღებით მშვენიერი სანახავია. ამას მაშინვე ამჩნევს უცხო თვალი. ერთი ინგლისელი მოგზაურის ცნობით, ,,მათი (ქართველების) სოფლების გარშემო გაშენებულ ბაღებსა და სახნავ-სათესებს მშრომელი კაცის მზრუნველი ხელი აშკარად ატყვია. ეს სოფლები თვალის ერთი გადავლებითაც აშკარად გამოირჩევა სხვა აქაური დასახლებისაგან“.
       მოჰყავთ ხორბალი, ქერი, პარკოსანი მცენარეები, ბაღჩეული... ხარობს სხვადასხვა სახის ხილი, მოჰყავთ ყურძენი (არა საღვინედ), მისდევენ მეცხოველეობას, ქსოვენ ხალიჩებს, რომელთაც ქართული მოტივებით ამშვენიერებენ.
       დღეს ფერეიდნელ ახალგაზრდებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ მათ ისტორიულ სამშობლოში რომ ისწავლონ... არსებობს განათლების ცენტრიც, სკოლებიც.... მაგრამ, რა თქმა უნდა, სწავლება ძირითადად სპარსულ ენაზეა... ძალზე ცოტას ასწავლიან ქართულს... საამისოდ, უპირველეს ყოვლისა, მათ სათანადო კადრები აკლიათ, რაზედაც, ალბათ, უსათუოდ უნდა იზრუნონ ,,დიდ საქართველოში“. ფერეიდნელებს საოცარი ძალით უყვართ თავიანთი ისტორიული სამშობლო. საქართველო ყოველი ფერეიდნელის დიდი ნატვრა და ოცნებაა. ფერეიდანში ქრისტესთვის ლოცვა რომ აუკრძალავთ, იმ დღიდან სამშობლოსა და სჯულისათვის წამებული წინაპრები გამხდარან სალოცავ-საფიცარნი. ბავშვობაში სჯეროდათ, ცისარტყელაში თუ გაივლიდნენ, საქართველოში მოვიდოდნენ.
       ბრუნდება და იღვიძებს მათში ქართული სული. კაცს რომ უცხოეთში სამშობლო ენატრებოდეს, სადაც სიყრმე და სიჭაბუკე გაუტარებია, რა გასაკვირია?! მაგრამ გენატრებოდეს ქვეყანა, რომელიც არც შენ გინახავს და არც შენს მამასა და პაპას, ეს კი მართლაც უჩვეულოა და ძნელად ასახსნელი. მით უმეტეს, როცა შენს ისტორიულ სამშობლოსგან ოთხი საუკუნე გაშორებს. ეს არის ალბათ გენეტიკური ნოსტალგია, მემკვიდრეობითი სევდა, თაობიდან თაობაში გადასული და ვერდავიწყებული, დროსა და სივრცესთან ჯიუტი ჭიდილი ასწლეულების მანძილზე.
       მათ საქართველოს ისტორიაც კი დაუწერიათ (ავტორი ფერეიდნელი ისტორიკოსი საიდ მულიანი – მულიაშვილი). მისი სიტყვებია: ,,ყველა რაღაცაზე ფიქრობს, ყველა რაღაცაზე ოცნებობს, ზოგი ბევრ ფულზე, ზოგი მანქანებზე და სახლებზე. მე სულ იმაზე ვფიქრობ და ვლოცულობ, ჩემი საქართველო იყოს კარგად.“
       საქართველოში არის ჩიტი, რომლის გალობაც სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად აღიქმება, ანუ ,,ბიჭო-გოგია“ (ქართლ-კახეთში), ,,ხაჩქეს-ბარგეს“ (სამეგრელოში), ,,თუთა-ბალია“ (ჰერეთში), ,,ნუ გათათრდები!“ კი სულხან-საბას მიხედვით, ეგვიპტის მტრედია, რომელიც მგზავრს თუ დაინახავს ქართული ენით იწყებს ძახილს – ,,ნუ გათათრდები!“ და ამ მიზეზით თათარნი მას ,,გიარყუშს“ უწოდებენ. ,,ნუ გათათრდები!“ – ხშირად ჩაესმის ფერეიდნელ ქართველს... ალბათ ამიტომ გადაურჩა გადაგვარებას ქართული ენა, ქართული სული და ტრადიციები...
       სადღეისოდ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ირანში მხოლოდ ფერეიდანში (ისპაჰანის დასავლეთით, 175 კილომეტრზე) დარჩნენ. ირანის სხვა რეგიონებში კი ქართველთა ბინადრობაზე მხოლოდ გეოგრაფიული სახელები მიუთითებს, როგორიცაა სოფლები: ,,გორჯი-სარა“, (ქართველთა სასახლე), ,,გორჯი-მაჰალე“ (ქართველთა უბანი), ,,გორჯი-ყალა“ (ქართველთა ციხე) მაზანდარანში, ,,გორჯი“ (ქართული სოფელი) ირანის აზერბაიჯანში, ,,გორჯაი“ ქურთისტანში და ა.შ.
       ფერეიდნელ ქართველთა მიერ უცხოენოვან გარემოში 400 წლის მანძილზე მშობლიური ენის შენარჩუნებას ალბათ მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. ქართული ენის ასეთი სიმტკიცე ქართული სულის ძლიერების ერთ-ერთი გამოვლინებათაგანია. ფერეიდნულმა კილომ მრავალი ძველი სიტყვა და გამოთქმა შეინარჩუნა, რომელიც დღევანდელ ქართულში აღარ მოიძებნება.
       ფერეიდანი – ირანის ქართველთა აღთქმული მხარე, აქ ყველაფერი განსხვავებულია, ძალიან ლამაზია და დახატული. თანამედროვე ფერეიდანი ისპაჰანის საგუბერნატოროს ერთ-ერთ შაჰრესთანს ანუ პროვინციას წარმოადგენს და იგი ირანის ცენტრალურ მთიანეთში მდებარეობს. ფერეიდუნ შაჰრის შაჰრესთანი 6 სასოფლო თემისა და 262 დასახლებული პუნქტისაგან შედგება. მოსახლეობა 114 ათას კაცს აღემატება. რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია. ფერეიდნელი ქართველები თოთხმეტ სოფელში ცხოვრობენ.
       სადღეისოდ ფერეიდანში კომპაქტურად მოსახლე ქართველთა რაოდენობა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 30 ათასის ფარგლებში უნდა იყოს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო ,,ირნა“ წერს (09 07 2004), რომ ,,ქართული წარმოშობის დაახლოებით 20 ათასი ადამიანი 400 წელზე მეტი ხნის წინ გადმოსახლდა ამ რეგიონში, ისპაჰანის სამხრეთ-დასავლეთით 180 კმ-ზე. ზოგიერთი სტატისტიკური გაანგარიშებით, ამჟამად ისპაჰანის პროვინციაში ცხოვრობს დაახლოებით 60 ათასი ქართველი“.
       ისინი აქ ემეზობლებიან სპარსელებს, სომხებს, ლურებს, ბახტიარებს, ქურთებს და თურქულენოვან ტომებს. მიგრაციული პროცესების შედეგად XX ს. II ნახევარში ფერეიდნელების საგრძნობი ნაწილი დიდ ქალაქებში (თეირანი, ისპაჰანი...) აღმოჩნდა, რის გამოც მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელია. ფერეიდნელი ქართველები ისლამური ირანის შიიტური თემის ნაწილს შეადგენენ და გამოირჩევიან რელიგიური წესების ზედმიწევნითი აღსრულებით. წინაპრების განვლილი ცხოვრება ფერეიდნელებს ბევრ რამეს ავალდებულებს, ამიტომ საუკუნეებს გამოვლილ ტრადიციებს ახალგაზრდები აქ თვალის ჩინივით უფრთხილდებიან, ყველა ცდილობს მშობლიური ენა ზედმიწევნით ისწავლოს და ისტორიულ სამშობლოზე რაც შეიძლება მეტი შეიტყოს.
       ფერეიდანში ყველა ადგილს ქართული სახელი ჰქვია, ზემო მარტყოფი, ჩუღურეთი, ვაშლოვანი, რუვის პირი, ნაქერალი, მირმახევი, ციხემთა, თათაშვილის გორა, ქალების ქობი... ყველას თავისი ისტორია აქვს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საერთოდ, ფერეიდანი ოთხ ნაწილად, უბნად ანუ ნაჰიედ იყოფა. ტერიტორიის იმ ნაწილს სადაც ქართული სოფლები და მოსახლეობაა ,,გურჯი ნაჰიე“-,,ქართველთა უბანი“ ანუ ,,პატარა საქართველო“ ეწოდება.
       ისტორიულ რეალობებზე გაამახვილა ყურადღება ფერეიდნელთა წინაშე გამოსვლაში წლევანდელ ზაფხულს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. ,,ირნა“ 2004 წლის 9 ივლისს წერდა: ,,საქართველოს პრეზიდენტმა ფერეიდანშაჰრში ემოციურ შეკრებაზე განაცხადა: ირანში მცხოვრებმა ქართველებმა უცხოთა ხელყოფისაგან ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას დიდი გმირობა გამოიჩინეს... ირანელი ქართველები წარმოადგენთ ხიდს, რომელიც განამტკიცებს ირანისა და საქართველოს ურთიერთობას... თქვენი – ქართველების ვაჟკაცობა იმ დროის მანძილზე გამოვლინდა, როდესაც ამ ქვეყანაში გადმოსახლებიდან 450 წლის შემდეგაც შეინარჩუნეთ თქვენი თვითმყოფადობა და ენა... მე მსურს, ყველანი დაგპატიჟოთ საქართველოში, რადგან ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები წარსულზე უფრო მეტად არის განმტკიცებული და თქვენ ჩვენ სიხარულს გვანიჭებთ“.
       დღევანდელი ტექნიკური მიღწევების წყალობით, ინფორმაციის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს და ტელევიზიისა თუ ინტერნეტის მეშვეობით ფერეიდნელები უახლოეს ინფორმაციას იღებენ საქართველოს შესახებ. ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო და ტურისტული ურთიერთობის წყალობით უკვე ბევრი ქართველი ხვდება ფერეიდანში და ბევრი ფერეიდნელი ახერხებს საქართველოს მონახულებას. კახელების ნაშიერნი არიან დღევანდელი ფერეიდნელები, რომელნიც თუმცა მძიმედ, მაგრამ მაინც ფლობენ მამა-პაპათა ენას... ენაა ის უპირველესი სასწაული, რომელიც შერჩათ მათ წარსულიდან... ამ ენით გვესაუბრებიან დღეს... ამ ენით შეჰნატრიან და ლოცვას უგზავნიან ,,დიდ საქართველოს“. თვალს არ შორდება მათი სახეები, სულ ახლახან საქართველოს პრეზიდენტს რომ შესთხოვდნენ... წაგვიყვანეთ ჩვენც... ჩვენც ვიბრძოლებთ საქართველოსთვისო... ბრძოლა შეგვიძლია და ჩვენც დავიცავთ საქართველოსო.
       დიდი sიყვარულით მოიხsენიებს მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II: ,,უნდა გითხრათ, რომ ამჯერად ფერეიდნელ ქართველებს აქვთ შესაძლებლობა, უყურონ ჩვენს სატელევიზიო გადაცემებს. ამ არხებით სულ ურთიერთ დამაპირისპირებელი ინფორმაციები გადაიცემა. ფერეიდნელებმა დაინახეს, რომ ჩვენს ერს შერიგება ესაჭიროება და მათ შემოგვითვალეს: შერიგდითო და დაუმატეს – ,,მამა ილიამ“ შეგარიგოთო.
       განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დღეს ჩვენს ახალგაზრდობას ეკისრება; სწორედ ახალგაზრდობამ უნდა გაარჩიოს, სად არის თეთრი და სად – შავი და სწორი არჩევანი გააკეთოს.
       ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
       ჩვენთან არს ღმერთი!“



დასკვნა


       მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უდიდესი ტანჯვა და ვაება გამოიარა, ქვეყნისათვის უამრავი თავდადებული ვაჟკაცი დაკარგა, მისი შვილები მაინც ქართველებად დარჩნენ. ამის ნათელი მაგალითი ხომ ფერეიდანი და ფერეიდნელები არიან. ამბობენ, სადაც ტკივილი და სატანჯველია, უფალი იქ არისო. სწორედ უფლის ხელი ურევია მათ გადარჩენაში.
       ცისარტყელაში გავლა ისევ მიუღწეველ და აუხდენელ ოცნებად რჩება, მაგრამ ამას თავისი მხარეებიც აქვს: ჩვენ, ბევრი ერისაგან განსხვავებით, საკუთარი წარსული ცოცხალი გვაქვს, არცერთ ერს არ შეუძლია გელაპარაკოს თავისი 400 წლის წინანდელი ენით, იყოს ისეთი თავდადებული და გულწრფელი, როგორიც ფერეიდნელი ქართველები არიან.
       პატრიოტი ყველგან პატრიოტია. სად მოისმენთ ან ნახავთ კარებზე გაკრულ აბრას ”დედა ენის დამვიწყებელს, დამტირებელი არა ჰყავდეს”, თუ არა ფერეიდანში? ამით ყველაფერია ნათქვამი. ისინი აქ არიან თუ არა, მაინც ქართველები არიან.
       ცისარტყელაში გავლა კი დარჩეს ლამაზ ოცნებად, ჩვენს გულებში გავატაროთ ფერეიდნელების უზომო სიყვარული საქართველოსა და ქართველების მიმართ. სიყვარულს სიყვარული დავახვედროთ ქართველნო! ღმერთს ებარებოდეთ ჩვენო სისხლნო და ხორცნო! ფერეიდნელებო!
       საქართველო გადარჩება!


თეონა მეტრეველი
ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე


       გამოყენებულია www.fereidani.ge ვებ-გვერდზე არსებული სტატიები და ფოტოები, მისი ავტორის გიორგი ალავერდაშვილის ოფიციალური თანხმობით.


თეონა მეტრეველის I ხარისხის დიპლომი, ნაშრომისათვის "...მაინც დავრჩები ქართველი...",
მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციაში "ჩემი საქართველო" წარმატებით მონაწილეობისათვის.
საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია, ბორჯომის ბავშვთა ფედერაცია "იუვენკო"
* * *

       თეონა მეტრეველი, დაბადებული 1993 წლის 16 ივლისს, ბორჯომის 1-ლი საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე; დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა; ცეკვის სხვადასხვა ფესტივალებზე მიღებული აქვს I ხარისხის დიპლომები და ოქროს მედლები; ბორჯომის სახალხო ანსამბლ ”ფერხისის” მოცეკვავე; ბორჯომის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის მგალობელი.



ბორჯომი


       ბატონო გიორგი! გიგზავნით რამდენიმე ფოტოს ბორჯომის შემოგარენიდან, რომლებიც სამოყვარულო კამერითაა გადაღებული. პირველ ფოტოზე თქვენთვის კარგად ”ნაცნობი” პეტრეს ციხეა, რომელიც როგორც ვიცი თქვენი წერილებიდან, ბევრ სასიამოვნო ბავშვურ მოგონებებთან გაკავშირებთ; მეორე ფოტოზე დაბის წმინდა გიორგის სახელობის უკარო ეკლესიაა (საოცარია, მაგრამ ფაქტია რომ რამდენჯერაც ეკლესიას კარი გაუკეთეს, იმდენჯერ მოხსნილი დახვდათ!!!); უთუოდ გემახსოვრებათ მინერალური წყლების პარკის გზაზე მდებარე მე-19 საუკუნეში აშენებული ირანელი ვაჭრის, ფირუზას დასასვენებელი სახლი, რომელიც ყოველ ზაფხულს აქ ატარებდა! ახლო ხედზე ჩანს კიდეც სარკეებიან მოზაიკაში ჩაყოლილი ფოტოები...
       და რაც ყველაზე მთავარია, გიგზავნით ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ფოტოს, რომელიც რამდენიმე წლის უკან გამოისახა ჩვენთან ახლოს მდებარე პატარა სამლოცველოში და ყველა გაოცდა ამ ფაქტით! საგულისხმოა ის რომ, კედლის უკან სადაც ხატია გამოსახული, აბსოლუტური სიმშრალეა! არავითარი სინესტე! ღვთისმშობელი კი ნესტის ლაქის კვალია...


პეტრეს ციხე
 
დაბის წმინდა გიორგის სახელობის უკარო ეკლესია.
 
მწვანე მონასტერი
 
ლიკანის ხედი პეტრეს ციხედან
 
რომანოვების ყოფილი სასახლე
 
ირანელი ვაჭრის, ფირუზას დასასვენებელი სახლი
ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი
ამ მასალის მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი თეონა მეტრეველის დედას, ქალბატონ მერი რაზმაძეს.

ჩემს მეგობარ მერი რაზმაძეს

ჩემო ძვირფასო მერი, გალაქტიონის მუზავ,
შენ ჩემო მოიმედევ, ჩემო გულო და ღუზავ,
შენი თვალების ბინდით ალბათ ჩაქვრება ალი
და მოგადგება კარზე, ნატვრის, ცხოვრების ვალი,
გადაიფრინა ისე როგორც მერცხალის ბარტყმა,
სიცოცხლის ნახევარმა, იმედის, გულის ზარმა,
რა შემომრჩაო იტყვი, იის სურნელის ხოში
ვიცი არ გაცვლი კარგო, ყალბ სიტყვას იადონში
რა შემომრჩაო იტყვი, გრძნობის უწყვეტი ტალღა
აგორებული ვნება აზრის, სურვილის, ლანდად.
  რაღა მინდაო იტყვი, იაგუნდების კაბა,
რაშთა ჯირითი მინდვრად, ლურჯი მანდილის ქარგვა,
რაღა მელისო იტყვი, ...რა? ... დიდი სიყვარული
აუხდენელის სრული, ახდენის სიხარული
ზაფხულის სიცხე, ხვატი, გულის დგაფუნი მწველი
და საბოლოოდ მერი, გალაქტიონის მუზავ,
სიცოცხლის სიყვარულით დაუნგრეველი თუ ხარ
თეთრი ტაიჭით მოვა შენი ხატების სული
მაშინ მიხვდები ალბათ, ო რა ძნელია თურმე
მუზებთან სიარული.

მაია დარჩია. www.maikodarchia.com
პრაღის უნივერსიტეტის პროფესორი



* * *
ტიმოთესუბანი, ბორჯომი

 
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის XIII საუკუნის ტაძარი
   
სამოთხის კომპოზიცია
 
საკურთხეველი
 
გუმბათი
ფოტოების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი ქალბატონ ირინა დუდაურს.