”შენამც იდიდები, ღმერთო მაღალო, შენამც იდიდები, ღმერთო მართალო! შენამც იდიდები, იესო ქრისტეო, ცა და ჴმელეთის ბადალო!
შენამც იდიდები, დედაო ღვთისშობელო, ხვთის პირის მეღვინეო, ჩვენო ძუძუს მამწუებელო!
შენამც იდიდები, კვირავ ცხოველო, ხვთის კართ მიმსვლელო, პასუხის მიმტანელო-მამტანელო, ჩვენი სამართლის გამამტანელო!
შენამც იდიდები, ჴელმწიფეო ლაშარის ჯვარო, ჴმელ გორზე დაბრძანებულო, ლაშქართ მოარულო!
შენამც იდიდები, დიდებულო თამარ-ნეფეო, ღელეს აქიმ-დედოფალო, ჩიქილაზინზილიანო, მკურნათლად წამალთა გამამწერელო!
შენამც იდიდები, ლაღო იაჴსარო, ლახტიან-მათრაჴიანო, დევ-კერპთად მეომერო!
შენამც იდიდები, აჴადს დაბრძანებულო პირქუშო, ოსტატო ყაწიმიანო, თავის ყმათა მშველელო!
შენამც იდიდები, მთაწმინდის მთავარანგელოზო, ყმათა მცველო, მფარველო!
შენამც იდიდები, ქმოდის გორის წმინდაო გიორგიო, დიდო მთავარმოწამეო!
შენამც იდიდები, მუქუს ხვთისმშობელო, ადგილის მცველ-მფარველო ანგელოზო!
შენამც იდიდები, ჭიჩოს პირცეცხლის წმინდაო გიორგიო, ცეცხლით მოარულო!
შენამც იდიდები, კოტიას წმინდაო გიორგიო, წითელაურთა სალოცავო!
შენამც იდიდები, მათურის მთავარანგელოზო, თავის მეზღვნეთა მშველელო!
შენამც იდიდები, წყაროსთაველის წმინდა გიორგიო, არაგვის ხეობის დამყურებო, დევთა გამბასრაო!
თქვენამც იდიდებით ხახაბო-არდოტს შაშვენებულო ანგელოზებო!
შენამც იდიდები, დიდო ლომისაო, ღუდას ყოვლადწმინდაო, ქვის წულად მქცეველო!
შენამც იდიდები, პირიმზე-ფუძის ანგელოზო, რჯულიან ურჯულოთა სალოცავო!
შენამც იდიდები, მგზავრო ჴაჴმატის ჯვარო, ქაჯუეთის გამტეხო, ქაჯუეთის გამგლეჯო, იქით ოქროს თასის გამამტანელო!
შენამც იდიდებით, მთისა მომთენო, ბარისა მობაღდადენო!
თქვენამც იდიდები, მაღაწლის წმინდა გიორგი, გომეწრის დამცველო, დამხედავო, დამფარავო! შამამჴდარან შენს კარზედა მლოცავნი: ქუდოსანნი, მანდილოსანნი; შამაუწირავ ბუთაური, წულის წყალობას გეთხოვებიან, შენ შენს წყალობას ნუ დააკლებ, დალოცვილო! ამრავლე, ერთი ათასად გაუჴადე, ამყოფენ გამხვივნებულნი ე ტყის წვერთავითა! შენ ყუდრო-კარს შამამჴდარან, ბევრჯელამც შამააჴდენ, დიდებულო, თეთრი წვერით დაბერებულებსა! შენთვის ფურთნათავარი არ დაუკლავ, გაუმრავლე ფურებიცა, ჴარებიცა! ჯვარი დაუწერე ნაწველსა, ნადღვებსა, ჴარით ნაჴნავსა, ალალი მუშის ნამუშევარსა! მტრის ენა-პირი აირიდე, სასიკეთოდ გადმაჰხედნე, გამარჯვებულო! არიდე სასჯელი, სატანჯველი. ვინც იყვნენ ბუღაურთა, თას-განძისა, თეთრეულის ჴელუკუღმ გამტან-გამტაცებელნი, იმათზედვე გადაიტანე მორწმუნეზე დაღირებული ზიანი საქმე! მოსულთ წყალობა დაახვედრე, წასულებს წყალობა გააყოლე, გამარჯვებულო!
მლოცავნო, ქარავანნო, ქუდოსანნო, მანდილოსანნო, გწყალობდესთ მაღაწლის წმინდა გიორგი!”
გილოცავთ გიორგობას! გფარავდეთ და გწყალობდეთ წმინდა დიდმოწამე გიორგი! მისი მეოხებით გაძლიერდით. მრავალს დაგასწროთ უფალმა, იხარეთ და იდღეგრძელეთ!
|