|
ისე მოხდა, რომ იმ დღესვე მომიწია იქაური ქართველის დ. დავითაშვილის ქორწილში წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწილში ქართული წესები აღარ იყო, მაინც კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იყო დიდი სიხარული, ყიჟინა, მხიარულება. ოჯახის ზოგიერთი წევრის თვალებზე სიხარულის ცრემლებიც ჩანდა. იყო ირანული თანამედროვე სიმღერები, ცეკვავდნენ, უკრავდნენ დაირას, გული დამწყდა დროსა და სარწმუნოების შეცვლას დაევიწყებინა მათთვის ქართული წესები, თუმცა ის ქართული შეძახილ-გამოძახილები დაირის დაკვრის დროს რომ ააყოლებდნენ ხოლმე მიხაროდა, რომ თითქმის 4 საუკუნიან სიშორეს სამშობლოდან, მაინც ბოლომდე არ წაეშალა ქართული ყოფის დამახასიათებელი რეალიები.
რა დამავიწყებს მათ სახეებს, მათ სიტყვებს ,,ბატონო თქვენ საქართველოსყე მოსულხართ?” ერთხელ, ქუჩაში გასულს ,,მოტორით’’ ახალგაზრდა ყმაწვილებმა ჩამიქროლეს, რომ გამისწორდნენ ხმამაღლა შეჰყვირეს ,,გუუმარჯოს საქართველოს!’’ გამეღიმა, მე ერთ უბრალო ქართველს, რომ მხედავდნენ და ასე უხაროდათ. დრო და დრო რაც უფრო ვეცნობოდი მათ ყოფას, ვხვდებოდი, რომ დროებას არც ისე ბევრი დაევიწყებინა მათთვის, რამდენადაც პირველად ეს მე წარმოვიდგინე. ნელ-ნელა ყურიც ეჩვეოდა მათ ქართულ კილოს...
ბევრი დამიმეგობრდა, თითქმის ყველა მთხოვდა, რომ მე მათი სტუმარი ვყოფილიყავი. საოცრად კარგი და დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს იქაურმა ახალგაზრდებმა ჩემზე. კითხვას კითხვაზე მისვამდნენ ,,ჩონზე იციან საქართველოჩი? რა იციან ჩონზე?’’ ძალიან აინტერესებდათ საქართველოს ბუნება, ასევე ვსაუბრობდით პოლიტიკაზეც... კარგს ინტერესით ისმენდნენ, ცუდს გულით იზიარებდნენ და თვალები უნაღვლიანდებოდათ. არ ვიცი რას შევადარო, ალბად ეს უფრო იმას გავს, ბავშვობაში რომელიღაც გმირ პერსონაჟზე რომ ხარ შეყვარებული და ყველანაირად კარგი წარმოგიდგენია, რომელსაც მხოლოდ დადებითი და კარგი მხარეები აქვს და უარყოფით მხარეს ვერც კი იფიქრებ მასზე. აი ასე ფიქრობენ ისინი საქართველოზე.
რა მოხდება, რომ იქაურ ახალგაზრდობას და ჩვენს შუა გაიდოს მეგობრული ურთიერთობების ხიდი. მაშინ როცა მოძმე უკრაინიდან ასობით ახალგაზრდას ვეპატიჟებით საქართველოში დასასვენებლად. ეს კარგია, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენ ნამდვილ და-ძმებს ჩავჭიდოთ ხელები და მოვიპატიჟოთ სამშობლოში? კი, დღევანდელ თანამედროვეობაში, ადრინდელთან შედარებით ჩამოდიან ფერეიდნიდან, აქედანაც მიდიან სტუმრად იქაურ გურჯებთან, მაგრამ ეს არ კმარა. კარგი იქნება, რომ ჩვენმა მთავრობამ ამ მართლაც პატრიოტულ საქმეს ჩაუდგას საძირკველი, ეს შეუდარებელი საქმე იქნება ჩვენი დიასპორისათვის სამშობლოსთან დასაკავშირებლად, რაც აქამდე არ გაკეთებულა.
ისფაჰანი. ,,მეიდუნ იმამ’’. აქ, ამ მოედანზე დონ გარსია შესწრებია ქართველი გოგონების სიკვდილით დასჯას... ,,მე შევხვდი ისფაჰანში შაჰის მოედანზე ასეთ სურათს: რამოდენიმე ქართველ გოგონას წამებით აიძულებდნენ, რომ მაჰმადიანობა მიეღოთ, მაგრამ ისინი სიკვდილამდე ქრისტიანებად დარჩნენ’’. რამხელა ტრაგედიაა ამ ორიოდე წინადადებაში. როგორია, შენ, 21-ე საუკუნის საქართველოს შვილი დადიხარ ზუსტად იმ ადგილებში, სადაც 380-400 წლის წინ შენს თანატოლებს ქრისტიანობისთვის, ქართველობისთვის სიკვდილით სჯიდნენ... ამ მართლაც დიდ მოედანზე სადაც ძველისძველი ბაზარია გამართული, თვალს გჭრის ათასნაირი სიჭრელე ირანის კულტურულ-ეთნოგრაფიული ყოფისა, ზოგიც ძველი და მაღალ ხარისხოვანი, ზოგიც გათანამედროვებული დაბალი ღირებულების ათასნაირი ნივთი, რომ გადმოუკიდებიათ დახლებიდან და უცხოთა თვალის საჭვრეტად უჭვრეტენ ასობით გამვლელ-გამომვლელს.
|