შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები

საქართველო


      1. დიდი მადლობა გიორგი და ირაკლი ალავერდაშვილებს ამ დიდი საქმის წამოწყებისათვის. კარგად წავიკითხე და დავათვალიერე აქ წარმოდგენილი მასალა, აღფრთოვანებული დავრჩი, განსაკუთრებით ანდაზები იყო ჩემთვის სიახლე, ჯიბით სატარებელმა ლექსებმა, მათმა კიდევ ერთხელ გახსენებამ ამაღლებულ ხასაიათზე დამაყენა. გისურვებთ წარმატებებს – თეა ჭყოიძე.

      2. დიახ, ფერეიდანი, სევდითა და ტკივილით სავსე ფერეიდანი... თქვენი საიტის მისამართი თორნიკე ფანიაშვილმა მომიტანა. ჯერ გამიხარდა, მერე თვალები ამიცრემლდა, მერე ისევ სიხარულმა შემიპყრო, ჩემი მონატრებული ფერეიდნელი მეგობრების სახელებსა და სახეებს რომ შევეფეთე. ჯერ დიდი მადლობა ჩემი, როგორც ერთი რიგითი ქართველის სახელით, მერე კი უდიდესი მოწიწება ამ წმინდა ხალხისადმი ერთგულებისათვის.
      გასულ წელს თავად ვიყავი ფერეიდანში ჩემს ფერეიდნელ სტუდენტებთან ერთად, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ ენას ვასწავლიდი, უფრო სწორად, ერთმანეთს ვასწავლიდით. თქვენს მიერ მოხსენიებული თითოეული სახელი, ყოველი ოჯახი საოცრად საყვარელი და ახლობელია ჩემთვის, ყოველი მათგანის ოჯახში გამითევია ღამე და მათთან ერთად მიტირია... ხან სიხარულით, ხანაც ტკივილით...
      შარშანვე, სექტემბერში ფერეიდნელთა ათკაციანი ჯგუფი სტუმრად გვეწვია... ნოემბერში კი ჩემს ქორწილში ჩამოვიდნენ ჩვენი თანაფესვები. ზაფხულში მე და ჩემი მეუღლე ფერეიდანში გამგზავრებას ვგეგმავთ, თითქმის ყოველდღე გვირეკავენ ირანიდან და გვახსენებენ...


      თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია მოგაწოდოთ უამრავი ფოტო, გადაღებული ფერეიდანში... ასევე რეზა დავითაშვილის მიერ დაწერილი საქართველოს ისტორია, რომელიც სულ რამდენიმე ხელნაწერი გვერდია, მაგრამ საოცარი სიტყვებით არის დაწერილი.
      ღმერთს ებარებოდეთ! – ხათუნა გალდავა.

      3. გამარჯობათ, ბატონო გიორგი! ვნახე თქვენი საიტი და აღვფრთოვანდი. დიდი მადლობა ამისათვის. მე ვარ ჟურნალისტი ლეილა კვირიკაშვილი. დიდი სურვილი მაქვს თქვენთან შეხვედრისა და თქვენთან ინტერვიუს ჩაწერისა. ვფიქრობ, ამაზე უარს არ მეტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა ფერეიდანზე. ველოდები თქვენს გამოხმაურებას. კარგი იქნება, თუ დროზე შემეხმიანებით. მომავალ შეხვედრამდე. გაზეთი ”ასავალ-დასავალი” – ლეილა კვირიკაშვილი.

      4. ჩვენო ძმაო და ძმაზე უფრო ახლობელო გიორგი, შენ და თამარის კარგად გიცნობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ასპროცენტიანია ქართული ანდაზა: ”ის ურჩევია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა!”. უბრალოდ დაბნეულები ვართ, ვეღარ გავიგეთ, თქვენი ირაკლი არქიტექტორია თუ მხატვარი? კარატისტია თუ მოცეკვავე? კლიპმეიკერია თუ საიტების დიზაინერი? (ირაკლი თლილ ჭიქას გავს, მისი რამდენიმე წახნაგი უკვე ვიცით, საინტერესოა, კიდევ რამდენ წახნაგში გამობრწყინდება მისი ნიჭი?). როდესაც 2-3 წლის წინ პირველად ვნახეთ გიგა მიქაბერიძის კლიპი ”სხვა პოეტი ვერ მოგიძღვნის შენ ამ ლექსს!” აღფრთოვანებულები დავრჩით, მაშინ ხომ ირაკლი მთლად ბავშვი იყო... არადა, მშვენიერი კლიპი დამოუკიდებლად გააკეთა, შემდეგ იყო საბავშვო მულტფილმის ”ბუთქუნა და მისი მეგობრების თავგადასავალის” ლიპსინგი, ახლა კი ეს ”ფერეიდანი”, თავისი სევდიანი ისტორიებით და სულის შემძვრელი მუსიკალური ფონით.
      გუშინ კიდევ ერთხელ გადავიკითხეთ თავიდან ბოლომდე საიტის საბოლოო ვერსია (საინტერესოა, მართლა საბოლოო ვერსიაა თუ?... ვიცით, არ გაჩერდები...) უბრალოდ, სიტყვები არ გვყოფნის... თვალებზე ცრემლმორეულები ერთმანეთს მორიგეობით ვუკითხავდით...
      ორივეს ზურგის ქარს გისურვებთ და კიდევ მრავალი სასიკეთო საქმეები გეკეთებინოთ! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! – დორი და ეკა ბასილაშვილები.

      5. ბატონო გიორგი, საკმაო ხანია მე მაქვს ინტერნეტ ნაცნობობა ფერეიდნელ ქართველებთან, პირველად შარშან დაახლოებით ამ დროს გავიცანი ერთი ბიჭი მესინჯერით, გიორგი თავაძე, რომელთან საუბარიც თითქმის მთელი დღე გაგრძელდა და კომპიუტერს ვეღარ მოვწყდი, მერე მან გამაცნო ჩვენი სხვა ძმები, ამავე პერიოდში უკვე ვიცნობდი ბატონ ალექსანდრეს, და არ მეჯერებოდა რომ ნამდვილად ამ ხალხს ველაპაკებოდი... ახლაც დაუჯერებელი რამ არის, როცა მახსენდება პირველად ფერეიდნელ ქართველებზე გაკვეთილების მომზადებისას რომ ვკითხე დედაჩემს და ბებიაჩემს და მათ ამიხსნეს ვინც იყვნენ ესენი, სად იყვნენ და ჩემი ოცნება მაშინ იყო ის რომ ეს ხალხი მენახა და ღმერთმა ეს ოცნება ამისრულა, თქვენი დახმარებით კი უფრო ჩავტკბი და შავთვისდი ამ ხალხთან, მცირეოდენი მეც დაგეხმარეთ მემგონი მაგრამ თქვენი შრომა უდიდესი რამ არის, უბრალოდ სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ თქვენი მონდომებაა მარტო უდიდესი მუხტი ჩემთვის!!!
      ფერეიდნელებს კიდევ მივმართავ: ძმებო, დებო, მამებო, დედებო, ჩემო თანასისხლებო, დროზე ჩამოდით და ერთად შევქმნათ ამ ქვეყნის მომავალი, თქვენი შვილები აქ გაზარდეთ არა როგორც "ირანის დაუმორჩილებელი ქართველები" არამედ "საქართველოს დაუმორჩილებელ ქართველებად".
      ღმერთს ებარებოდეთ, ქიზიყელი გლეხი, ბექა გონაშვილი. www.folk.ge

      6. სალამი ბატონო გიორგი! ნათია ვარ მე, გახსოვართ ალბათ, დარეჯანის სასახლეში ვიყავი, საიტი მართლაც კარგია და რასაც თქვენ აკეთებთ დასაფასებელია. ფერეიდნელებს რაც შეეხებათ, ასეთი ადამიანების მნახველი არ ვარ, ბექას დამსახურებით გავიცანი ისინი. იმედია მალე დაბრუნდებიან საქართველოში – ნათია ბარაბაძე.

      7. გამარჯობათ, ბატონო გიორგი! ვნახე თქვენი საიტი. აღფრთოვანებული ვარ. თქვენი პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი საიტის მონახულება არასდროს მომწყინდება. დიდი მადლობა. საუკეთესო სურვილებით, ჰენრი კუპრაშვილი. ჩემი ვებგვერდის მისამართი:   www.kupra.com.ge

      8. გამარჯობათ ბატონო გუგუა! სასიამოვნოა თქვენისთანა კაცის გაცნობა! თქვენს საიტს დიდი ინტერესით ვეცნობი, რადგან ფერეიდნელი ქართველები ჩემთვის საოცნებო და სანუკვარი ქართველები არიან. მათ გაფიქრებაზე სულ ვტირი და ვნერვიულობ...
      თქვენს მიერ მოწოდებული მასალა ჩემთვის უნიკალურია, რადგან წარმოდგენა არ მქონდა, ასეთი რუდუნებით თუ შეინარჩუნეს ფერეიდნელებმა სამშობლოს სიყვარული. მათ შესახებ ყველაფერი მაინტერესებს... ჯერ არავის ვიცნობ ფერეიდნელს და მათი გაცნობა ჩემთვის უაღრესად დიდი ბედნიერება იქნება. თქვენს საიტს ვკითხულობ ხოლმე და ვტირი... ამ საიტს თავისებური ელფერი და ხასიათი აქვს. ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ. ძალიან მინდა დახმარება გაგიწიოთ რაიმეში და ჩემი სიყვარული ჭეშმარიტი ქართველების მიმართ მეც გამოვხატო...
      მე თქვენს შესახებ არაფერი ვიცი, სამწუხაროდ არ გიცნობთ, და თუ რაიმე ორგანიზაციის მაგვარის ჩამოყალიბებას ფიქრობთ ფერეიდნელ ქართველებთან ურთიერთობის გასაღრმავებლად, აუცილებლად წევრად მიგულეთ... ფერეიდანში გამგზავრებაზეც ვოცნებობ... ამის დაწერაც ძლივს გავბედე, იმდენად მტკივნეული, სათუთი და წმინდა თემაა ჩემთვის ფერეიდანის ისტორია... – ქეთი ყიასაშვილი.  www.stitching.ge

      9. მიყვარს ეს ხალხი! ფერეიდნელი ქართველები მაგარი ხალხია! მაგათზე სიუჟეტს რომ ვუყურე დროებაში ნერვები დამაწყდა, დღემდე ოცნებათ აქვთ საქართველო, ცისარტყელას ქვეშ თუ გაივლი საქართველოში მოხვდებიო. აუ ძაან მიყვარს ეგ ხალხი რა! – საბუნია.

      10. მოგესალმებით! ძალიან კმაყოფილი დავრჩი თქვენი საიტით, მართალია არ არის პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ მაინც კარგია და მადლობელი ვარ რომ ეს გაკეთდა – იოანე კოლხი.

      11. რამხელა მადლი გიქნიათ ბატონო გუგუა – ჩიქორთულა.

      12. გამარჯობა გუგუა! კარგი და საინტერესო იყო ის, რაც ახლა წავიკითხე, დიდი მადლობა! ხანდახან კი ისეთი განცდა მიჩნდება, რომ იქ შორეულ ფერეიდანში მცხოვრები ჩვენებურები უფრო მეტს ფიქრობენ საქართველოზე, ვიდრე აქ საქართველოში მცხოვრები ქართველები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფერეიდანზე მოწოდებული საინტერესო ამბებისათვის. პატივისცემით, სულხან სალაძე. ბათუმი.

      13. გამარჯობათ ბატონო გუგუა, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ! ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვენებურების შესახებ ვკითხულობ ინფორმაციას და უფრო მეტს ვიგებ მათ შესახებ. თქვენი საიტიც ძალიან მომწონს. საიტში რომ შევდივარ, ვგრძნობ ქართულ შემართებას და სულს... მაგრამ უდიდეს ნოსტალგიას განვიცდი ფერეიდნელებთან დაკავშირებით. ჯერ რამდენიმე წერილი წავიკითხე და მათმა შინაარსმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ლადო აღნიაშვილზეც ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე. საერთოდ, ძალიან მინდა უფრო ახლოს გავიცნო ფერეიდნელი ქართველები... თქვენი საიტი ამის საშუალებას მაძლევს... დიდი მადლობა... გისურვებთ წარმატებებს! რევაზ ინანიშვილის სახელობის 159-საშუალო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე – თორნიკე თევზაძე. www.ocnebaespiore.centerblog.net

      14. მადლობა მართლა ამ დიდი საქმისთვის, მადლობას კი იმ საქმის კეთებისთვის გიხდი, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის ვალია (და რასაც უმრავლესობა ვერ ახერხებს) ბარაქალა შენს კაცობას და ადამიანობას... თეთრი შურით მშურს შენი... სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ, ეს საიტი დღეს შემთხვევით ვნახე... ღმერთი იყოს შენი მფარველი... – ნუგზარ დარბაიძე.

      15. შემძრა ციხე-მთის ამბავმა. ერთად-ერთი სიტყვა, რომელიც მისი წაკითხვის შემდეგ თავში მიტრიალებდა ესაა: "იმ ერს, რომელსაც ასეთი შვილები ყავს, გადაშენება არ უწერია" ზუსტად არ მახსოვს, მგონი "ბაში-აჩუკში" მაქვს წაკითხული, მაგრამ ამ წუთში ყველაზე მეტად მწამს ამის! მაგრამ მაოცებს ერთი რამ: რაც მეტი გასაჭირი ადგას ქართველს, მით უფრო ძლიერი ხდება, მით უფრო გამძლე და მაღალსულიერი; მაგრამ როგორც კი ცოტა მოდუნების საშუალება ეძლევა ისეთ ჭაობში ეფლობა საეჭვოც კია რამდენად შეძლებს იქიდან ამოსვლას... ნუთუ ესეც ჩვენი ხასიათის სისუსტის ბრალია?
      ამ წუთში წავიკითხე ინტერვიუ მაია ასათიანთან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვყოფილვარ ფერეიდანში, მე ზუსტად ისეთივე განცდა მაქვს, როცა მათ ვუყურებ თუ მათზე ვისმენ... ხანდახან მგონია, რომ მათ ჩვენზე მეტადაც უყვართ საქართველო... ადრე წავიკითხე ხათუნას დღიურებიც, ვიცოდი, რომ ირანში იყო, მაგრამ დღიურები ნამდვილად არ მქონდა წაკითხული, მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი როგორი ემოციებით დატვირთული ჩამოვიდა... ძალიან ლამაზი საიტია და დიდი მადლობა მის შემქმნელებს – ნინო რუხაია.

      16. ფერეიდანი პატარა საქართველოს დიდი იმედი რომაა, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა გავეცანი გიორგი ალავერდაშვილის ”მოგზაურობა დროში ანუ ფერეიდანი”.
      ბატონმა გიორგიმ (ისევე როგორც ლადო აღნიაშვილმა, ფერეიდნელთა იაკობ გოგებაშვილმა – ნოდარ კოჭლაშვილმა, გიორგი კალანდიამ და სხვა...) უდიდესი საქმის შესრულება იტვირთა (საკუთარი ინიციატივითა და ფინანსებით) – ჩვენი ”თანანერგების და თანაფესვების”, ”თბილსისხლიანი ქართველების” ისტორიულ სამშობლოსთან დამაკავშირებელ უნაზეს სიმებს ისე სათუთად და ალერსიანად შეეხო, რომ მათი კეთილხმოვანი ჟღერადობა გულგრილად ვერ დატოვებს ვერცერთ ქართველს.
      ბატონი გიორგი საოცარი სიტყვაკაზმულობით და თავანკარა ქართულით გადმოგვცემს თვალით ნანახ და გაგონილ შთაბეჭდილებებსა და განცდილ ემოციებს; უხვად იყენებს ფრთიან ეპითეტებს და ამჟღავნებს ლიტერატურის, ისტორიის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის (არა უბრალოდ დილეტანტურ) კარგად ცოდნას, კარგ ინტელექტს და რაც მთავარია, უდიდეს კაცთმოყვარეობას.
      მჯერა, ბატონი გიორგისნაირი პიროვნებები შეძლებენ ფერეიდნელ ქართველებს ათქმევინონ: ”ახლოა გურჯისტანამდე!” და ცისარტყელაში გაძრომა აღარ ანატრებინოთ.
      ჩემს ოჯახსა და სამეგობრო წრეში უკვე ტრადიციად იქცა ბატონ გიორგის მოწოდება: ”შეისვას დიდი და პატარა საქართველოების სადღეგრძელო!”.
      უდიდესი სიამოვნება განვიცადეთ მე და ჩემმა მეუღლემ ნოდარ გილაშვილმა, როცა გავეცანით ბატონი გიორგის მიერ გამოქვეყნებულ მასალას ფერეიდანში მოგზაურობის შესახებ. წარმოსახვით ვიმოგზაურეთ ფერეიდანში, მოვეფერეთ ჩვენს სისხლსა და ხორცთ, რომლებმაც ოთხი საუკუნის განმავლობაში შეურყვნელად შეინარჩუნეს ქართული ჯიშისა და გენის სიდიადე. ფერეიდნელ ქართველთ კარგად შეუსისხლხორცებიათ წინაპართაგან გადმოცემული: ”ბალახი ფესვებზე მშონდება”, მუდამ ესწრაფვიან ”ფესვებთან” დაახლოებას.
      შაჰ-აბასის სასახლის აღწერისას გამახსენდა გრ. რობაქიძის ”გველის პერანგი”-დან ამონარიდი: ”შაჰაბაზ ხმალი ყოფილა თვითონ ალესილი. ხმლის სიკეთე სპარსეთში შაჰაბაზის სახელით იზომება, ამას ყველაზე უფრო ქართველი იგრძნობს ალბათ...”. ასევე წარმოსახვაში გაირბინა შირაზული გოლგოთის მწვავე კადრებმა – წმინდა ქეთევან დედოფლის დაგლეჯილ-დაშანთული, ნაწამები სხეული და ნათლით შემოსილ-გაბრწყინებული უსპეტაკესი სული... სპარსეთში გადახვეწილი დიდი ქართველების ოხვრაც გავიგონე თითქოს...
      წაკითხული და განცდილი მაფიქრებინებს, რომ ფერეიდნელი ქართველები უფალმა შეურყვნელად იმიტომ შემოგვინახა – მსოფლიო გლობალიზაციის ბანგით გაჟღენთილნი გამოგვაფხიზლოს და შეგვახსენოს რას ნიშნავს მამულისა და საკუთარი ჯიშის სიყვარული, მუდამ გვახსოვდეს ვისი გორისანი ვართ.
      მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ალავერდაშვილს განცდილი სიამოვნებისათვის, ვუსურვებ უფლის წყალობას დაწყებული საქმის შესრულებაში – ნაირა ნარინდოშვილი, მათემატიკის მასწავლებელი-ფასილიტატორი, ქ. საგარეჯო.

      17. გამარჯობათ ბატონო გიორგი! მე გახლავართ გაზეთ ”The Georgian Times”-ის ჟურნალისტი. ძალიან დიდი ინტერესით ვეცნობი თქვენს საიტს ფერეიდანის შესახებ. დამეთანხმებით, ქართველი საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ირანელი ქართველების, ფერეიდანის შესახებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ფლობდეს და ეს ცნობები იყოს მუდმივად განახლებადი. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, თუ ამ საიტის, ასევე თქვენი საინტერესო შეხედულებების და მოსაზრებების შესახებ ქართველი საზოგადოება ჩვენი გაზეთიდანაც შეიტყობდა. დაინტერესებული ვარ, ჩავწერო თქვენთან ინტერვიუ ფერეიდანის თემაზე, თუ თქვენ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ და ძალიან არ შეგაწუხებთ. გისურვებთ წარმატებებს! პატივისცემით, ლელა კედელაშვილი.

      18. ბატონო გიორგი, ემოციებს ვერ ვმალავ, ამ საიტის ხილვის შემდეგ შესაძლებლობას არ ვუშვებ, რომ კვლავ არ ვნახო... ეს ის თემაა, რომელიც აღძრავს ცრემლებამდე მისულ ტკივილს. უნებლიედ მახსენდება სიტყვები ”არ დაგავიწყდეს ვისი გორისა ხარ!”, ქართველი ხომ სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ქართველად რჩება. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქართველი სადაც არ უნდა იყოს, ქართველს ეძებს. ასე მომძებნა თურქეთიდან ერთმა გურჯმა, რომელსაც ”დედა ენა” და კალიგრაფიული რვეულები გავუგზავნე. მას ჰაკკი ჰქვია და ამბობს, რომ აკაკი ვარო. მას თურქული ცნობიერების მიუხედავად ქართული სული აქვს. ფერეიდნელებს კი ცნობიერებაც ქართული აქვთ. მე ჩემი მხრიდან მოვძებნე ერთ-ერთი ფერეიდნელი და ჩემდა გასაოცრად და სასიხარულოდ ეს აღმოჩნდა ბატონი სოსო ონიკაშვილი, რომელზეც წაკითხული მქონდა თქვენს საიტზე. ერთსაც დავამატებ: თქვენი საიტის ყოველი ხილვის შემდეგ მიჩნდება სურვილი, რომ მქონდეს გრძეეეელი მკლავები, მოვეხვიო საქართველოს მონატრებულ ფერეიდნელებს, გულში ჩავიკრა და მოვეფერო. ფონად დადებული მელოდია კი რატომღაც ჩემში იწვევს ზუსტად ისეთ ტკივილს, როგორსაც - თქვენი საიტი. დიდი პატივისცემით, მერი რაზმაძე.

      19. მოგესალმებით! პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ასეთი საიტის შექმნისათვის! მე წავიკითხე თქვენი მიმართვა მკითხველისადმი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან თუ არ გავკადნიერდები და ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა, დაგეხმაროთ ინგლისურად თარგმნაში. მე თვითონ თარჯიმან-რეფერენტი ვარ და ვმუშაობ ს.ს. ”ბორჯომმინწყლებში” თარჯიმნად. პატივისცემით, რუსუდან ლომიძე.

      20. მართლა უზომოდ გამიხარდა ასეთი საიტის პოვნა, გამიხარდა და გამიკვირდა... დღევანდელ დღეს ყველაფრის მიუხედავად საკმაოდ არის ხალხი, რომლებიც ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე ძალიან უბრალოდ დიდ ქართულ საქმეს აკეთებენ. დიდი მადლობა!
      ბატონო გიორგი! მინდა გაცნობოთ, რომ ფერეიდანიდან თბილისამდე ფეხით ჩამოსულ ძმებთან, არია და შაჰინ ხოსროშვილებთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, მათი ჩამოსვლისას ”The Georgian Times”-ში ვწერდი და მათზე სტატიაც გავუშვით გაზეთში. თუ თქვენთვის საინტერესო იქნება, შემიძლია მოგაწოდოთ ჩემი სტატია არია და შაჰინ ხოსროშვილებთან დაკავშირებით. გმადლობთ ყურადღებისათვის! პატივისცემით, გუგა სამხარაძე.

      21. გამარჯობა სულით და გულით ქართველო! მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ თქვენნაირი ადამიანები არსებობენ საქართველოში. დიდი მადლობა ასეთი კარგი ”ვებ-გვერდისთვის”. მადლობა იმისთვის, რომ თქვენი ”ვებ-გვერდის” საშუალებით შემიძლია ფერეიდნელი ქართველების, ჩვენი თანაფესვების გულისტკივილის გაზიარება და მათი მოფერება. დედამიწის ზურგზე ყველა ქართველს ვეფერები და პატივს ვცემ. რა თქმა უნდა მე იმ ქართველებზე არ მაქვს ლაპარაკი, ვინც ქართული ხასიათი დაკარგა და ქართულ ადათებს უარყოფს. ღმერთმა გააძლიეროს ყველა, ვისაც იმედი აქვს, სწამს და უყვარს...
      მე ბედნიერი ვარ, რომ ქართველი ვარ, ბედნიერი ვარ იმით, რომ ვეკუთვნი იმ ხალხს, რომელიც საოცრად გალობს და მღერის... ქართული გალობა უფალთან საუბარია და ქართული სიმღერა ქართველი კაცის გულისტკივილია და სიხარულია... ლევან გოთუა ალაპარაკებს თავის შესანიშნავ მოთხრობაში ”უგზო ქარავანი” – ”საკვირველი ხალხია გურჯები: მუშაობენ – მღერიან, ქორწილი აქვთ – მღერიან, კვდებიან და მაინც მღერიან! ან დიდი ჭკუისაგან სჭირთ და ან დიდი უჭკუობისაგან”-ო.
      ფერეიდნელ თანაფესვებს, თურქეთში მცხოვრებ ჩვენებურებს, ინგილოებს ვეფერები და საქართველოდან ვუთვლი მოკითხვას... ქართველებო, ღმერთმა გაგაძლიეროთ... გუგუა, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს. უფალი იყოს შენი მფარველი კეთილ საქმეებში. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
      ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო! ალექსანდრე უგრეხელიძე.

      22. ბატონო გიორგი, მე ყურადღებით გავეცანი თქვენს ვებ-გვერდს ფერეიდნელი ქართველების შესახებ. ვინაიდან მაისის დასაწყისში ფერეიდანშაჰრში ვიზიტი მაქვს დაგეგმილი, სურვილი მაქვს შეგხვდეთ ჩემს იქ გამგზავრებამდე, თუ თქვენ ამისათვის დროს გამონახავთ. მეტი ინფორმაციის მოპოვება მინდა ქართველი მოსახლეობის თაობაზე ფერეიდანში და ამავე დროს იქნებ თქვენ შეძლოთ დამეხმაროთ იქაური ლიდერების, უხუცესების და სხვა აქტიური პირების საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვებაში.
      ველი თქვენს პასუხს. მე შემიძლია დაგირეკოთ, თუ გამომიგზავნით თქვენი ტელეფონის ნომერს. სამწუხაროდ მე ქართული არ ვიცი, თუმცა ვფლობ რუსულ ენას. პატივისცემით ტომ ტრიერი.
      უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრის რეგიონალური წარმომადგენელი კავკასიაში Web: www.ecmi.de; www.ecmigeorgia.org

      23. გიორგი, მე მერაბ ღოღობერიძე ვარ, ბათუმიდან. მე და ჩემს მეგობარს, ლადო მგალობლიშვილს, თქვენი საიტი ძალიან მოგვეწონა! ჩვენი დიდი სურვილია ცხოვრებაში ფერეიდნელი ქართველების ნახვა ფერეიდანში! როდესმე აგვიხდება ალბათ ეს სურვილი. ნაღდად ვაჟკაცურ, ქართულ საქმეს აკეთებთ, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია საქართველოსა და ფერეიდნელ ქართველებს შორის ურთიერთობისათვის! მათი ისტორია ამოუცნობი რამ იყო აქამდე, რაც თქვენი საიტი ვიხილეთ ცრემლები წამოგვივიდა... ჩვენც შევხვდით ფერეიდნელებს: გიორგი ონიკაშვილს და მამუკა გოგიჩაშვილს და ვუმასპინძლეთ ბათუმში. იმედი გვაქვს ისევ შევხვდებით მათ. ღმერთს ებარებოდე. პატივისცემით – მერაბ ღოღობერიძე და ლადო მგალობლიშვილი ბათუმიდან.

      24. თქვენი საიტი ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა მამა-შვილს მისი შექმნისათვის. ბევრი რამ გავიგე ახალი და ბევრსაც გავიგებ ალბათ, ყველაფერს რომ წავიკითხავ. ალექსი ასლანიშვილი კი ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის, ძალიან მომეწონა მისი ნახატები... თქვენს საიტს რომ ვათვალიერებდი, ეს ლექსი გამახსენდა:
      "ფერეიდნიდან ჩამოსვლას რამდენი წელი ველოდე, ცრემლის ფარდაგი დავფინე ჩემს ლამაზ საქართველომდე. რამდენი ღამე ვათენე, რა გზები გამოვიარე, ჩემი წინაპრის ძვლებზედა სულ ფეხით გადმოვიარე."
      სამწუხაროდ, ავტორი არ მახსოვს. პატივისცემით – ქეთევან ივანაშვილი.

      25. კარგა ხანია მე და ჩემი მეუღლე თვალს ვადევნებთ ამ საიტის მიმდინარეობას. გვინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მამა-შვილს, გიორგი და ირაკლი ალავერდაშვილებს ამ კეთილშობილური საქმიანობისათვის! დიდი მადლობა აგრეთვე ფერეიდანის ქართველობას და ირანში მცხოვრებ ყველა ქართველს, ვინც ასე სათუთად შემოინახა მშობლიური ენა და 400 წლის განმავლობაში თაობიდან თაობას გადასცემდა.
      ერთ-ერთ რადიო-ინტერვიუში მოვისმინეთ, თუ როგორ უწოდა წამყვანმა საიდ მულიანს ფერეიდანის ილია ჭავჭავაძე; თქვენი საიტიდან შევიტყვეთ ფერეიდანის იაკობ გოგებაშვილის – ნოდარ კოჭლაშვილის არსებობა; თქვენი საქმიანობა კი ფერეიდანში პირველ ქართველ მოგზაურს – ლადო აღნიაშვილს გვაგონებს! თქვენც ხომ საკუთარი სურვილით და საკუთარი ხარჯებით წასულხართ ასეთი კეთილშობილური საქმის გასაკეთებლად... ერთი საუკუნის წინ ფერეიდანში წასვლა მართლაცდა გმირობის ტოლფასი იყო, ახლა უფრო გაადვილებულია, მაგრამ მაინც საჭირო ეროვნული მისია შეგისრულებიათ, რის დაგვირგვინებასაც ეს საიტი წარმოადგენს.
      კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი ინიციატივისათვის, ასე ლამაზად რომ გამოამზეურეთ ფერეიდნელი ქართველობა და 2000 კმ-ით დაშორებულ ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს რომ შეგვახვედრეთ!
      სასიხარულოა, რომ ამ ბოლო ხანებში პრეზიდენტი და პატრიარქი ბრძანდებოდნენ ფერეიდანში, გახშირდა კულტურის მოღვაწეთა ვიზიტებიც, ბევრს ფერეიდანში წასვლის სურვილიც გაუჩნდება, ბევრიც პირიქით, ფერეიდანიდან აქეთ წამოვა. ღმერთმა ქნას, რომ თქვენმა თავგანწირულმა შრომამ და მოღვაწეობამ მალე სასურველი შედეგი გამოიღოს, ქართველმა ერმა კი სიცოცხლეშივე დაგიფასოთ ეს შრომა! ჩვენი სასიქადულო მამულიშვილი და დიდი პატრიოტი ექვთიმე თაყაიშვილი ხომ ნათხოვარი პიჯაკით დაიმარხა და მის დაკრძალვას 4-5 კაცი თუ დაესწრო, სამაგიეროდ ახლა დაუფასდა ის შრომა და თავგანწირვა, რაც მან საქართველოსთვის გააკეთა! პატივისცემით – ემილ ელბაქიძე და ნაილი ბაცანაძე.

 
ქალბატონი ნაილი ბაცანაძე მართლმადიდებლურ ხატებთან. პარიზი. ლუვრი.

      26. არაჩვეულებრივი საიტი გაქვთ ბატონო გიორგი! ფერეიდანის პატარა ნაწილი... თქვენი წერილები ძალიან ბევრჯერ მაქვს წაკითხული და მიუხედავად ამისა, ყოველ წაკითხვაზე მაინც ვტირი... უფრო მინდება ფერეიდანში წასვლა... პატივისცემით, ანა გაბელაია, თბილისის 90-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

      27. გამარჯობათ, კეთილო ადამიანო! თქვენი საიტის მისამართი დედამ მითხრა, დედას კი ტელევიზორში უნახავს. კარგი საქმისთვის მოგიკიდებიათ ხელი და მინდა მადლობა გადაგიხადოთ. თურმე არიან კიდევ ხალხი, რომელთაც სურთ ქართველების ერთობა. გაიხარე და იდღეგრძელე ამ კეთილი საქმისათვის. საუკეთესო სურვილებით გრიგოლ სანიკიძე. კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტი.

      28. მოგესალმებით დიდი სიხარულითა და სიყვარულით! დიდი მადლობა რომ არსებობთ და ამისთანა კეთილ საქმეს აკეთებთ. დამათენდა თქვენი საიტის კითხვაში, უცრემლოდ ვერც ერთ სტატიას ვერ ავუარე გვერდი. ფერეიდანის შესახებ ალბათ ყველა ქართველმა იცოდა, მაგრამ ბევრი ინფორმაცია ნამდვილად არ ქონდა ყველას. მას შემდეგ, რაც ფერეიდნელი ქართველების შესახებ გავიგე, დიდი სურვილი მქონდა გამეცნო ისინი. გამეცნო ის ხალხი, რომლებიც ოცნებობდნენ ჩვენს ქვეყანაზე, თავიანთ სამშობლოზე. იმ ხალხზე, რომლებსაც ჯეროდათ, რომ ის, ვინც ცისარტყელაში გაივლიდა, საქართველოს იხილავდა. ფერეიდნელებს ყველაზე დიდი უფლება აქვთ იმის თქმისა, რომ ქართველები არიან. ისინი ჩემის აზრით გმირი ხალხია, ყველაზე უფრო გმირი ხალხი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
      მე ვმუშაობ სამედიცინო უნივერსიტეტში, ვასწავლი ერთ-ერთ თეორიულ კათედრაზე, მონაწილეობას ვღებულობ სხვადასხვა სამედიცინო პროექტებში. ჩემი სპეციალობით ალბათ დახმარებას ვერ შევძლებ, მაგრამ იქნებ ჩემი ადამიანური რესურსი გამოიყენოთ. ძალიან მინდა გავიცნო ფერეიდნელები და თუ ამაში დამეხმარებით, ძალიან დამავალებთ!
      კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი კეთილშობილური საქმისათვის. ღმერთი აუცილებლად დაინახავს თქვენს სიკეთეს. სანამ თქვენნაირი ადამიანები იარსებებენ ამ ქვეყნად, ჩვენს ერს გადაშენება არ უწერია. ყოველთვის მიგულეთ თქვენს სამსახურში. დიდი სიყვარულით და პატივისცემით, ნატალია გარუჩავა.

      29. მოგესალმებით ბატონო გიორგი! ჩემს წერილს მადლობის გადახდით დავიწყებ, რადგან ახლახანს აღმოვაჩინე ვებ-გვერდი, რომელმაც სუნთქვა შემიკრა, თვალები ამიცრემლა და დიდი სინანულის და სიყვარულის გრძნობა მომგვარა. დიდი ტკივილია ქართველისთვის ფერეიდანი და იქ მყოფი ჩვენი სისხლი და ხორცი, თუმცა გამოგიტყდებით, დიდი სიხარულიცაა - სიხარული იმიტომ, რომ ისინი ზოგიერთ ჩვენგანზე უკეთესი ქართველები არიან დღესაც და უზომოდ ამაყი ვარ ამით!
      ბატონო გიორგი, გთხოვთ რაც შეიძლება ხშირად გადაეცით მათ რომ გვახსოვს და გვიყვარს თითოეული მათგანი! ღრმა პატივისცემით, სოფო ჩივაძე.

      30. მოგმართავთ ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლიდან. სურვილი გვაქვს ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს ფერეიდნელ თანატოლებთან. მოკრძალებულად გთხოვთ დაგვეხმაროთ მათ გაცნობაში, რათა ჩვენი მხრიდან მათაც გავაცნოთ ქართული კულტურა და ტრადიციები. პატივისცემით, ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სახელით ნანა კლდიაშვილი.

      31. ჩემო მეგობარო, ძალიან მომწონს თქვენი ეს პატრიოტული შემოქმედება საიტის სახით რომ ჩამოგიყალიბებიათ! მზად ვარ, ყველანაირად დაგეხმაროთ ამ კეთილშობილურ საქმეში. ყოველთვის მაინტერესებს საქართველოს მომავალი და წარსული. წარსული ხომ დედაა აწმყოსი და აწმყო მშობელია მომავლის. საქართველო კი უამრავი ხალხის სამშობლოა, მათ შორის ფერეიდნელი ქართველებისა, სადაც ქართული გული ძგერს და ქართული სული ნავარდობს. გიორგი ჩალაბაშვილი.

      32. ბატონო გიორგი, მოგესალმებით ბათუმიდან! ვნახეთ თქვენი ვებ-გვერდი, ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებთ! ახლო მომავალში გვსურს მოვაწყოთ ექსპედიცია ”სამი საქართველო - ფერეიდანი, ტაო-კლარჯეთი, საინგილო”, მათ შორის დიდი ყურადღება გვინდა დავუთმოთ ფერეიდანს. ექსპედიციაში იქნებიან სტუდენტები და ლექტორები, რომლებმაც გარკვეული სამუშაო უნდა შეასრულონ. გვსურს ბევრი საიტერესო მასალა მოვამზადოთ: შეძლებისდაგვარად გადავიღოთ და ჩავიწეროთ ყოველივე ის, რაც ფერეიდანს და ფერეიდნელებს ეხება. თუ არ შეწუხდებით გვინდა ფერეიდანში კონტაქტები, ვის შევეხმიანოთ, მომზადებული ჩასვლა ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა გვაინტერესებს ვინ ვნახოთ, რა დავათვალიეროთ, რაშიც თქვენი თანამშრომლობის იმედი გვაქვს. უღრმესი პატივისცემით, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ბიზნეს სკოლის დირექტორი, როსტომ ბერიძე.   www.bbs.ge

      33. ბატონო გიორგი, მე გახლავართ ეთერ თევზაძე, მენეჯერი. ამას წინათ გავიცანი ერთი ძალიან კარგი ფერეიდნელი მხატვარი ალი ასლანიშვილი, საოცარი ნამუშევრები აქვს. მასზე კიდევ მინდოდა ინფორმაციის მიღება და საძიებო სისტემაში თქვენი საიტი ამოვიდა, სადაც განთავსებული იყო ბატონ ალის შესახებ ინფორმაცია. სხვა ფერეიდნელი ქართველი მხატვრების ან მოქანდაკეების ნამუშევრებიც ხომ არ გაქვთ? საქმე იმაშია, რომ ჩემი ძმა და მამა მოქანდაკეები არიან და კარგად ვიცით ხელოვნების ფასი! ჩვენ ფერეიდნელებთან ჯერ-ჯერობით არავითარი შეხება არ გვაქვს, მაგრამ როცა აქ ჩამოვლენ, გვინდა მათი გამოფენა მოვაწყოთ თბილისში, გვერდში დავუდგეთ ყველანაირად, რისი საშუალებაც გვექნება!
      ბოლოს კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ შექმენით ასეთი კარგი საიტი. მართლა გულწრფელად მიხარია, რომ ეს საიტი არსებობს და ღმერთმა ქნას, კიდევ დიდხანს იარსებოს! ამ ყველაფერმა ისე იმოქმედა ჩემზე, რომ წერილის მოწერა გამაბედვინა, ისინი არ უნდა დავკარგოთ, რამეთუ ჭეშმარიტი ქართველები არიან და თუ დავივიწყებთ მათ, ამ ცოდვას მაღალი ღმერთი არ გვაპატიებს! პატივისცემით, ეთერ თევზაძე.   თბილისი.

      34. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის ასეთი კარგი საქმისთვის, ვებ-გვერდზე განთავსებულია სრულიად საინტერესო ინფორმაციები, რაც კიდევ უფრო მატებს ინტერესს ჩვენი ქართველი თანამემამულეების მიმართ, რომლებიც ფერეიდანში იმყოფებიან, ამ საიტის მეშვეობით ასევე მათ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო რომ ასე უფრთხილდებიან ქართულ, მშობლიურ ენას! ფრიად გასაკვირი და სასიხარულოა ისიც რომ ადამიანებს, რომლებსაც თავისი სამშობლო (საქართველო) არა აქვთ ნანახი ამის მიუხედავად მათ ამხელა სიყვარული შეუძლიათ მის მიმართ, რაც ჩემთვის სასიხარულოა და როგორც ქართველისთვის საამაყო! უფალი გფარავდეთ. ზაზა გაბაიძე (ქართველო) www.qartvelo.net ბათუმი.

      35. ბატონო გიორგი! მოგესალმებით ძირძველი ფაზისიდან. დიდი ინტერესით ვეცნობით თქვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებს. სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ ასე რუდუნებით ზრუნავთ ჩვენი ფერეიდნელი ქართველობის პრობლემების აქტუალიზაციისათვის. გამოგიტყდებით, ბევრი რამ ახალი გავიგეთ თქვენი მასალებიდან და რაც ყველაზე მთავარია – დავინახეთ თქვენი, მართლაც ზესულიერი დამოკიდებულება ჩვენი "არდასაკარგი" ქართველების წარსულისა და დღევანდელობისადმი. თქვენ მართლაც საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ. ჩვენი მოკრძალებეული წვლილის შეტანა ამ მართლაც საშურ საქმეში, ამჟამად მხოლოდ 1 სექტემბერს ფოთში ჩატარებული "ცოცხალი ჯაჭვის" ამსახველი ფოტო-სურათების მოწოდებით შევძელით. აღფრთოვანებულები ვართ თქვენი მამულისშვილობით და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ შემდგომშიც მოგაწოდებთ კოლხეთის გულში – ფოთში ჩატარებული თუ მომხდარი საინტერესო მოვლენების ამსახველ მასალებს. მადლობა თქვენი გარჯისათვის! ღმერთს ებარებოდეთ თქვენ და ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარში გიდგათ! გვსურს უფალმა შეგიწიროთ თქვენი ნაოფლარი!
      კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" თანამშრომლები: ინგა კაკულია, ნინო ბახია – ხარისხის სამსახურის სპეციალისტები; ნათია ხუნწელია – შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის ინჟინერ-მეთოდისტი; ეკატერინე ფაჩულია – სასწავლო-საკურსო კომბინატის უფროსი ინსპექტორი; გივი ღვანია – სასწავლო-საკურსო კომბინატის მეთოდისტი სასწავლო დარგში.

      36. გაოგნებული ვარ თქვენით და ფერეიდანით! შემთხვევით თქვენი საიტი რომ გავხსენი და მოცახცახე სანთელი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ მეტად ამაღელვებელი და სულის შემძვრელი რამ უნდა წამეკითხა... რა მადლიერი ვარ ღმერთის, ბატონო გიორგი და თქვენი! პატივისცემით, დავით წიქარიშვილი. 01.10.2008; 02:06.

      37. გამარჯობა გიორგი! წავიკითხე და დავათვალიერე შენი საიტი. მართლაც საინტერესოა ეგ ყველაფერი რაც გინახავს და განგიცდია, კარგი საქმე გიკეთებია და როგორც ვხედავ, დიდი რეზონანსისთვისაც მიგიღწევია. ვაფასებ შენს დამოკიდებულებას ფერეიდნელებთან და მინდოდა კომპლიმენტი მეთქვა ამ მოგზაურობებსა და დღიურებზე, მომავალ წარმატებებს გისურვებ და ღმერთს ებარებოდე! ზურაბ ციხისელი.

      38. გამარჯობათ გიორგი! ძალიან მოგვწონს თქვენი საიტი. ჩემი და რეზო ბერაძის სახელით მადლობას გიხდით მისი ლექსის – ”ოთხასი წელი” გამოქვეყნებისათვის. მე გახლავართ მარი ჩხაიძე, ვმუშაობ სათნოების სახლში, ”კათარზისში”. რამდენიმე ხნის წინ მართლმადიდებლურ ფორუმზე დავდე ბატონ რეზო ბერაძის ეს ლექსი, რომელიც შემდეგში თქვენს საიტშიც ვნახეთ ატვირთული (ქვეთავი 70, ”ლექსები ფერეიდანზე”). ბატონი რეზო ინვალიდია და ჩვენი ხშირი სტუმარია. გამოცემული აქვს ლექსების კრებული. ძალიან გაუხარდა როცა თავისი ეს გამოუქვეყნებელი ლექსი თქვენს საიტზე ნახა. ვკითხავ თუ კიდევ აქვს ფერეიდანზე რაიმე ლექსი და მოგაწვდით. პატივისცემით, მარი ჩხაიძე.

      39. ბატონო გიორგი, მოგმართავთ თქვენი საიტის ნახვის შემდეგ. თუმცა, შეიძლება დაგვიანებულიც იყოს... რადგან შეიძლება საიტი დიდი ხნის წინ გაკეთდა. დიდი სიამოვნებით ვთარგმნიდი რომელიმე ქვეთავს ინგლისურად. გარდა ამისა, დიდი სურვილი მაქვს, დავუკავშირდე რომელიმე ფერეიდნულ ოჯახს. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა მასიურად თუ დავამყარებდით ორმხრივ კონტაქტებს და ჩვენსკენ მოვიწვევდით ჩამოსვლის მსურველებს. ხომ არ იცით, როგორ შეიძლება მოვნახო რომელიმე ქართული ოჯახი ინტერნეტით? წინასწარ გიხდით მადლობას. ირინა აბულაშვილი.

      40. მოგესალმებით ბატონო გიორგი! აფერუმ თქვენს ქართველობას. დღეს აღმოვაჩინე თქვენი საიტი. დიდია თქვენი ღვაწლი. როგორ მიტირის გული ჩვენი ფერეიდნელი სისხლ-ხორცის გამო. ენა როგორ უნდა მოუბრუნდეს ვინმეს და მათ რამე უსაყვედუროს... ისინი ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვის, ბევრწილად მაგალითის მომცემნი არიან. განა ჩვენ კი არ გადავგვარდით? განა ჩვენში ყველა ღირსეულად ატარებს მძიმე ტვირთს ქართველობისას?
      გვიყვარხართ ფერეიდნელებო! ძლიერო ქართველებო! გწამდეთ, ღმერთი შეგვეწევა, ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ განთავისუფლდება, გამთლიანდება და მერე ყველა ქართველს ერთად ბევრი საქმე გვაქვს საკეთებელი. სიყვარულით და მოწიწებით სიდონია ყარმაზანაშვილი.

      41. გიორგი! შენი საიტი ჩემმა შვილმა დათომ შემთხვევით ”იპოვა”. რამდენიმე დღის წინ მორიგი მივლინებიდან დავბრუნდი, დაღლილი ვიყავი და დასვენებას ვაპირებდი. სახლში რომ მივედი დათო ინტერნეტში რაღაც საიტებს ეცნობოდა. ჩემი ყურადღება ჯერ არაჩვეულებრივად გულდასათუთქმა ქართულმა სიმღერებმა მიიპყრო, მონიტორს რომ შევხედე, მაშინვე გიცანი... ჯერ ერთად გადავხედეთ საიტს ზოგადად, მერე კი რამდენიმე ქვეთავს ჩავუღრმავდი... ბევრი ისეთი რამ ვიპოვე, გულს რომ დაგიწვავს, ბევრი ისეთიც – გულს რომ გაგიხარებს... ფერეიდნელ ქართველებზე და საერთოდ, ირანში მცხოვრებ ქართველებზე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ბევრიც ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო.
      გიორგი, სამხედრო აკადემიასთან დაკავშირებული ჩანართები ჩემთვის საინტერესო სიურპრიზი იყო, განსაკუთრებით გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილთან გადაღებული სურათი მომეწონა. მეც გამიჩნდა სურვილი პატარა წვლილი შევიტანო შენს კეთილშობილურ საიტში. ამიტომ გიგზავნი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ნამსახურებ ქართველი სარდლების და გენერლების სიას: 1. ასლანი (დარჩიაშვილი) მანუჩარი — ირანის შეიარაღებული ძალების თვალსაჩინო მხედართმთავარი. 1972-დან ირანის ავიაციის სამხედრო ვერტმფრენების ნაწილების უფროსი. თადარიგშია 1992-დან. ავიაციის გენერალი (თიმსარი) – 1980. დაბადებული 16.09.1938 ფერეიდანში (ზემო მარტყოფი), ირანი. 2. ბაგრატიონი თეიმურაზ გიორგის ძე — გამოჩენილი სარდალი და მეცნიერი. პირველი ქართველი აკადემიკოსი: 1937. არ დაემორჩილა რუსებს და 1803 გაიქცა სპარსეთში თავის ბიძასთან. 1810. ჩამოვიდა საქართველოში. შემდგომ კი ცხოვრობდა რუსეთში. მარი ბროსე მას თავის მასწავლებლად სთვლიდა. მეფე გიორგი XII-ის ვაჟი. სპარსეთის არტილერიის სარდალი (თოფშიბაში) 1803-1810. რუსეთის იმპერიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი: 1837 კოპენჰაგენის ანტიკვარული საზოგადოების და საფრანგეთის თავისუფალი ხელოვნების აკადემიკოსი. დაბადებული 1782 წელს, თელავში. გარდაიცვალა 1746 წელს, სანკტ-პეტერბურგში, რუსეთი. 3. ბაგრატიონი ქაიხოსრო ლევანის ძე — ”ვალი გურჯისტანისა” – ქართლის მეფე, მთავარსარდალი ირანისა და ბეგლარბეგი თავრიზისა და ბარდის. ევროპაში მას უწოდებდნენ ”სპარსეთის ჯარის გენერალისიმუსს”, ყანდაგარის გმირი. სპარსეთის ჯარის მთავარსარდალი. 1710. დაბადებული 1670 წელს, საქართველოში. გარდაიცვალა 27.09.1711 (დაიღუპა ომში). 4. რაჰიმი (ონიკაშვილი) ალი რუსტამის ძე — ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის უფროსი. გენერალი (თიმსარი) 1980-იან წლებში. დაბადებული 1950 წელს ფერეიდანში, ირანი. გარდაიცვალა 1990-ის შემდეგ ირანში. 5. რაჰიმი (ხარატიშვილი) მუჰამედი — ირანის შაჰის მუჰამედ რეზა ფეხლევის არმიის თიმსარი. ავიაციის გენერალი (თიმსარი) 1976 დაახლ. დაბადებული 1935 წელს ფერეიდანში ირანი. გარდაიცვალა 1980 წელს (დაპატიმრებული იყო 1978. დახვრეტილია ისლამური რევოლუციის დროს). პატივისცემით, გია თორაძე.

      42. გამარჯობა კეთილო ადამიანო! ფერეიდნელებს სიცოცხლე და გამარჯვება! ძალიან მომწონს თქვენი საიტი და ყოველთვის გულისტკივილით და ცრემლით ვკითხულობ... თითოეულ თემას ხანდახან ძალით ვერიდები... მაპატიეთ, ასე რომ ვიქცევი, გული ცუდად მიხდება... რატომ უნდა ვიყოთ ასე დაფანტულები, ნუთუ არ დადგება ისეთი დრო, რომ ქართველი საქართველოში ცხოვრობდეს? კი მესმის ნათქვამია "ქართველი იყავ და სადაც გინდა იქ ილოცეო" მაგრამ ისედაც ცოტანი ვართ... მომიკითხეთ ყველა, ვისაც მისწვდება ჩემი ხმა, მოგეფერებით გულში ჩახუტებით. ღმერთი იყოს ყველა ქართველის მფარველი. პატივისცემით ცისანა ზურგაშვილი. ვეფერები შენს შვილს – ირაკლის, ასეთი მაგარი საიტის გაკეთებისთვის! ვარ 62 წლის, მყავს 2 შვილი და 4 შვილიშვილი.

      43. გამარჯობათ ბატონო გიორგი! მე თქვენი შვილის, ირაკლის მეგობარი ვარ. ადრე ვიცოდი რომ ირაკლი აკეთებდა საიტს www.fereidani.com, მერე ერთი პერიოდი საიტი აღარ იხსნებოდა, არ ვიცოდი, თუ დომენი შეცვალეთ... ახლა შემთხვევით გავხსენი... უამრავი მასალა დაგიმატებიათ! საიტი არამარტო ფერეიდანზე და ირანში მცხოვრებ ქართველებზე, არამედ საქართველოსთვის ბევრ სხვა საჭირბოროტო საკითხებზე საკმაოდ დიდი და სასარგებლო ინფორმაციის მატარებელია, სამწუხაროდ ბოლომდე ვერ შევძელი წაკითხვა, მაგრამ უახლოეს მომავალში სრულად წაკითხვასაც მოვახერხებ. კეთილი სურვილებით, ტატო მუმლაძე.

      44. ბატონო გიორგი, 2-3 დღეა თქვენს საიტს ვეცნობი... აქამდე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი ფერეიდანზე, მუსიკალური ფონი კი უფრო მასევდიანებს... ფერეიდანის თემაზე ცოტა მოგვიანებით შეგეხმიანებით, ახლა კი აგვისტოს ომის თემაზე მინდა მოგწეროთ. მე ხაშურიდან ვარ და რამდენჯერაც თავიდან ვკითხულობ ამ ქვეთავებს, იმდენჯერ ისევ თავიდან განვიცდი, თუ რა საშინელება გადავიტანეთ. როცა 104-ე ქვეთავში ვნახე აუფეთქებელი ბომბის ფოტო, გადავწყვიტე გამოგიგზავნოთ ორი ვიდეო, რომლებსაც მობილური ტელეფონით სულ თან დავატარებ, იქნებ რამეში გამოგადგეთ. პატივისცემით გიორგი მხატრიშვილი. ხაშური.

      45. „მაინც ანთია სანთელი თეთრი. მუდამ ანთია სანთელი თეთრი, მისი ჩუმი წვა – ამაღლებაა“... თქვენ გენაცვალეთ ფერეიდნელო ქართველებო, თქვენი სიყვარული და თქვენი ცხოვრებაც ამაღლებაა... ძალიან გვაკლიხართ!
      ბატონო გიორგი, შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის იქაური (ფერეიდანს ვგულისხმობ) საქართველოა კანოდუსი – მიუღწეველი ადგილი. როგორ უყვართ და უფრთხილდებიან ერთმანეთს... განა საკვირველი არაა, რომ 400 წლის მანძილზე ფერეიდანში ქართველს ქართველი არ მოუკლავს?!.. ვფიქრობ, ასე იმიტომ ხდება, რომ მე-16 საუკუნის ქართველებივით არიან. ამდენი გაჭირვების მიუხედავად არაფერს არ შეურყვნია მათი სულები და ისეთივენი დარჩნენ, როგორებიც ჩვენი წინაპრები იყვნენ. იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩვენთან ცუდის მეტი არაფერი ხდება... სულაც არა... დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მიმიხვდებით...
      P.S. ბატონო გიორგი, თქვენი მეორე მოგზაურობის მესამე ნაწილში რევაზ ინანიშვილის ”თმაგათეთრებული ქალი რუსთაველის გამზირზე” რომ წავიკითხე, ერთი მოთხრობა გამახსენდა იმ ქალის ნათქვამზე, რომელსაც ლექსები არ უყვარდა... ეს მოთხრობაც რევაზ ინანიშვილისაა – "ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?". დამატებით მინდა გამოგიგზავნოთ გურამ დოჩანაშვილის "თავფარავნელი ჭაბუკი". პატივისცემით, ლევან გურული. საქართველო. ჭიათურა.

      46. გუგუა ბიძია! 2009 წლის 9 თებერვალი ჩემთვის უკვე ორმაგად მნიშვნელოვანი თარიღია: პირველ რიგში მამას დაბადების დღეა და მეორეც – მთელი ფერეიდანი გავიცანით! თქვენი წასვლის შემდეგ კიდევ დიდხანს ვათვალიერებდით საიტს... ერთმანეთს ენაცვლებოდა ნაღვლიანი და სასიხარულო ამბები... ჩემს თანაკლასელებსაც გავაცნობ და ისტორიის გაკვეთილზე საიტსაც განვიხილავთ. მამიკოსთვის ყველაზე სასიამოვნო თქვენი სტუდენტობის დროინდელი სურათების ნახვა იყო, ერთი სურათი კი სულაც აღმოჩენა იყო, რომელიც ჩვენს მშობლიურ სოფელში, რუფოთში სტუმრობისას გადაგიღიათ. მე და ჩემი მშობლები დიდ მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო საიტისათვის. ქეთი რომანის ასული გელიაშვილი. თბილისის 179-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე.

      47. ბატონო გიორგი! მე გიორგი აბესაძე (უმცროსი) გახლავართ. როცა მამაჩემმა თქვენგან ინტერნეტით კუთხის თაროს შეკვეთა მიიღო, წერილის ქვემოთ თქვენი საიტის მისამართი ამოვიკითხე და შემდეგ კი გულწრფელად მოვიხიბლე! ეს არაჩვეულებრივად საქვეყნო საქმეა. მეგობრებსაც ვურჩიე, საიტს გასცნობოდნენ. აქ ძალიან ბევრი შეიძლება შეიძინო (არა მარტო ფერეიდანზე) და სულიერი სიმშვიდე მიიღო... პატივისცემის ნიშნად გიგზავნით ჩემს ლექსებს – „კიდევ ერთი მიწა“

taro
            მე არ მინახავს ქედა და ხულო, ამ ზაფხულს უნდა მოვინახულო.
            ასე ყიალი დავგეგმე გუშინ, უნდა გავიცნო სვანი და თუში.
            ენკენისთვეში მივაღწევ რაჭას, ჭიშკართან დავაჭაშნიკებ მაჭარს
            და მერე ლოცვით დავყვები რიონს. ხვანჭკარის ძალამ რომ გადამრიოს? –
            ტალღებში შევუფრინდები ენგურს, ფონად გავიფენ სიმღერას მეგრულს.
            მწუხრისას, მზე რომ თავს ზღვაში ჩარგავს, ქისტივით შევიპარები ჩარგალს.
            ვაჟას ლექსივით ვიხუვლებ ხევში – ჩემი პატარა წიგნებით ხელში.
            საცალფეხო გზას ჩავყვები რაშით, ციციშვილებთან გადავალ ქართლში.
            თურმე რამხელა ვყოფილვართ მაინც, დიდი გვქონია სიგრძე და განიც.
            . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
            საზრდელად კიდევ გვაქვს ერთი მიწა – ცა აფხაზეთის და თეთრი რიწა!!!

და "ბაბუაჩემი": ბაბუაჩემი გლეხი იყო სულით ხორცამდე, წიგნი თუ ქონდა წანაკითხი ასე, ოცამდე. ნაშემოდგომევს ბნელ ხევებში ნადირს ხოცავდა, კაცი არ იყო იმ სოფელში, ვინც არ ლოცავდა. მოთხოვდნენ წყალს და წითელ ღვინოს გამოუტანდა, ყველა ალალი და მართალი გულით უყვარდა. ცხოვრების გზაზე ხელმოცარულს ხელს უმართავდა, წლები გავიდა და სიკეთის ქმნაში გათავდა. დღეს ბევრი სნობი უკადრისობს გლეხის წოდებას, აღარ ისმენენ სხვების რჩევას და მოწოდებას. ალბათ დღედაღამ კითხულობენ მოდურ პოეტებს: არჩევენ პეტეფს ბოდლერისგან, ცნობენ გოეთეს. აქვთ ნიჭი ცუდის კარგისაგან მალე გარჩევის, მაგრამ არა აქვთ ვაჟკაცობა ბაბუაჩემის!.. პატივისცემით, გიორგი აბესაძე (უმცროსი).

      48. გამარჯობათ ბატონო გიორგი! ინტერნეტში შემთხვევით გავეცანი თქვენს საიტს და აღფრთოვანებული დავრჩი. ძალიან სასიამოვნოა რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ისევ ძველებურად – სამშობლოს სიყვარულით უძგერს გული. მე თვითონ დოკუმენტურ კინოში ვმუშაობ – მეგობრებთან ერთად ვეძებთ საინტერესო თემებს და შეძლებისდაგვარად ვიღებთ. შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს საიტს: www.iberiafilms.ge თუ კიდევ გაქვთ საინტერესო მასალა ფერეიდანზე და ფერეიდნელებზე, დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით ამ ეროვნულ საქმეში. პატივისცემით, როლანდ მათიაშვილი.

      49. მოგესალმებით ბატონო გიორგი! მე გახლავართ გიორგი კაპანაძე, პროფესიით ისტორიკოსი. უკანასკნელ პერიოდში ძალიან დავინტერესდი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორით (თურქეთი, ირანი, რუსეთი და სხვა ქვეყნები) და დავიწყე ინტერნეტში მასალების მოძიება. როდესაც google-ს საძიებო სისტემაში სიტყვა „ფერეიდანი“ შევიყვანე, ამომივიდა ინტერნეტ-გვერდები, რომელთა შორის თქვენი საიტიც იყო. სწორედ ამ საიტზე წავიკითხე თქვენი ირანელი ქართველებით დაინტერესების და ირანში მოგზაურობის შესახებ. ძალიან გამიხარდა, რომ აღნიშნული თემატიკა არ არის მივიწყებული და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს მიერ გაკეთებული საქმისათვის. საიტზე თქვენი ელ.ფოსტის მისამართი იყო მითითებული, ხოლო ეს წერილი კი მიზნად ისახავს თქვენს გაცნობას ინტერნეტის საშუალებით. მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს. საუკეთესო სურვილებით, გიორგი კაპანაძე.

      50. მოგესალმებით და პირველ რიგში ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! უფლის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ახლობლებს. მე ქალაქ გურჯაანში დაბადებული–გაზრდილი ელიზბარაშვილი გახლავართ. ძალიან მაინტერესებს სხვადასხვა ქვეყნებში ისტორიულად გადახვეწილი ქართველების და განსაკუთრებით კი ჩემი მოგვარეების ბედ-იღბალი. ლეგენდის დონეზე გამიგია, რომ ირანში გადახვეწილ გიორგი სააკაძეს თავის დაახლოებით 20 კაციან ამალაში, რომელიც ფაქტობრივად პირადი დაცვის რაზმი უფრო იყო, ერთ-ერთი გვარად ელიზბარაშვილი ყოფილა. გიორგი სააკაძეზე თავდასხმა რომ მომხდარა "ოპოზიციურად განწყობილ სპარსელებს" ყველა ჩაუხოცავთ... მომავალში ამ ამბის ისტორიული კვლევა მინდა ჩავატარო... ასე „ვიპოვე“ თქვენი საიტიც, რომელიც საკმაოდ კარგ საქმეს ემსახურება. ისე, ცოტა დაფინანსებაც რომ ჰქონდეს ნორმალური და ვინმესგან (ოფიციალურ პირთაგან) შეწევნა და ხელშეწყობა, უკეთესიც და უფრო დახვეწილიც შეიძლებოდა ყოფილიყო. თუმცა, ამ პირობების უქონლობაში, ღმერთს მადლი, რომ არსებობს და ვიღაცას გული შესტკივა საერთოდ. დიდი სურვილი მაქვს ჩვენი ფერეიდნელი ძმების გაცნობისა. როცა ჩამოვლენ, მინდა მეც შევხვდე მათ და თითო–ოროლა თბილი სიტყვა ვუთხრა კახურად, გემრიელად (მაინც საჩვენოდან, ანუ ძირითადად კახეთიდან, არიან მოკვეთილები სულით პირუტყვი შაჰ–აბასის მიერ და მაგიტომ). საერთოდ, ჩემი აზრია, რომ ინგილოების (ე. წ. "იანგილოების", იგივე კახელების და ჰერების) და ფერეიდნელების საკითხი საკმაოდ მკაფიოდ დაისვას ქართული საზოგადოების წინაშე და რას ვგულისხმობ ამაში: 1) შეიქმნას მათი ინტერესებისა და გულისტკივილის გამზიარებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, საკმაოდ მკაფიო და ჩამოყალიბებული სტრუქტურით; 2) მეტი ქართული წიგნები, ქართული ლიტერატურა ჩვენს ქართველ ძმებს მიეწოდოთ, ოღონდ ისე კი არა, რომ ათასში ერთხელ ვინმემ ღვთის წყალობით ჩაიტანოს, არამედ, მიეცეს ამას რეგულარული სახე, ოფიციალური დიპლომატიის, თუ გინდ სახალხო დიპლომატიის ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანისა და ირანის ხელისუფლებებთან; 3) უფრო მეტი კულტურული ღონისძიებები და გაცვლითი პროგრამები, თუ შეხვედრები; 4) სამივე ჩამოთვლილი პუნქტი სრულიად მხარდაჭერილ უნდა იქნას საქართველოს ხელისუფლების, როგორც ზოგადად, აგრეთვე კონკრეტული და შესაბამისი სტრუქტურების მიერ, რაშიც ალბათ დაგვეხმარება ფერეიდნელი ძმების მიერ მასობრივი ხელმოწერებით მხარდაჭერილი ოფიციალური მიმართვის წერილი. უდიდესი პატივისცემით, კონსტანტინე ელიზბარაშვილი.

      51. გამარჯობათ გიორგი! პირველ რიგში მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს გილოცავთ! დღეს ხომ XVII-XVIII საუკუნეებში სპარსეთში ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან მოწყვეტილი ყოველი ქართველის ხსენების დღეცაა (28 მაისი)... სწორედ დღეს ვნახე თქვენი საიტი, ძალიან მომეწონა! კეთილ და ღვთისნიერ საქმეს ემსახურებით. დიდი მადლობა! მამუკა ქაფიანიძე.

      52. კარგი კაცი ხარ გიორგი! შორეულ ფერეიდანში ბედის უკუღმართობით გადაკარგული ჩვენი ძმებისთვის მართლა საშვილიშვილო საქმეები გიკეთებია! შენს საიტში ბევრი საინტერესო და სევდიანი ამბები წავიკითხე, ბევრ ჩემს ნაცნობსაც "შევხვდი". შენი "უცნობი მეგობარი ირანიდან" კი ჩვენი სიძეა, რომელიც უკვე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ღმერთმა ხელი მოგიმართოს! მალხაზ ადამია.

      53. გამარჯობათ გიორგი! ტელევიზიით ყოველთვის ვუყურებ გადაცემებს, რომელიც ეხება "ჩვენებურებს". მაგრამ მათ შესახებ მინდოდა უფრო მეტი გამეგო და თქვენი საიტის მიხედვით ამას ნამდვილად ვახერხებ, რისთვისაც გულწრფელ მადლობას გწირავთ! გუშინაც თქვენს საიტს ვკითხულობდი და ემოციებს ვერ ვმალავდი, მთელი ღამე ისე გავათენე ვერც კი გავიგე. ის ადამიანები ნამდვილად სიყვარულის ღირსნი არიან და არა მარტო სიყვარულის! როცა მათ ტელევიზიით ვუყურებ გული სიხარულით, სიყვარულით და ამავე დროს სინანულით მევსება. ყველა მოხუცი თუ ახალგაზრდა მინდა იმ წუთში გულში ჩავიკრა და ჩავიხუტო, მოვეფერო იმ ლამაზ სულში, რომელსაც ქართული სული ჰქვია. მათში ხომ ეს გრძნობა თითოეულ მათ გამონათქვამში იგრძნობა. უფალმა გააძლიეროთ და გაამრავლოთ ყველა ჩვენებური. გიორგი, გაიხარე შენს შვილთან და ოჯახთან ერთად ასეთი კარგი საიტისთვის. წმინდა სამების ბრწყინვალე დღესასწაულზე გისურვებდით დიდ წარმატებას დაწყებულ საქმეში. თქვენ გაიხარეთ! სიყვარულით და პატივისცემით, თამილა სარდლიშვილი.

      54. გიორგი, თქვენი საიტის შესახებ სამი წლის წინ შევიტყვე, როცა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ირანული პოეზიის საღამო და ფოტო-გამოფენა «ისპაჰანი და ფერეიდანი» (ქვეთავი 41). მის შემდეგ ხშირად ვსტუმრობ საიტს და ვეცნობი ახალ-ახალ ინფორმაციებს ჩვენი ფერეიდნელი ძმების თუ მსოფლიოში გაფანტული ქართველობის შესახებ. გულს მიხარებს აგრეთვე ბიძაჩემის, ნოდარ კოჭლაშვილის ჩანაწერებიც, რომლებიც ასე მრავლადაა საიტში. ამიტომაც ნუღარ გაგიკვირდებათ, როცა ჩვენს ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი წიგნის ძებნისას გიცანით და დახმარებაც შემოგთავაზეთ. პირობისამებრ გიგზავნით გიზო ვაშაკიძის წიგნის „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“ ელექტრონულ ვერსიას და მადლობას მოგახსენებთ თქვენს საიტში ეროვნული ბიბლიოთეკის ბანერის განთავსებისათვის! პატივისცემით, ციური კოჭლაშვილი. თბილისი.

      55. ბატონო გიორგი, მივესალმები თქვენს ინიციატივას ფერეიდნელი ქართველების და ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საიტის შექმნას სამ ენაზე. ეს მართლაც ძალიან კეთილშობილური და პატრიოტული წამოწყებაა. იქნებ აჯობებდა ფრანგული ვარიანტიც დაგვემატებინა და ოთხენოვანი საიტი შეგვექმნა. მე თავად სპეციალობით ისტორიკოსი ვარ, ვმუშაობ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ძეგლთა დაცვის მთავარ სპეციალისტად, ჩვენი რაიონის ისტორიული ძეგლების შესახებ მოპოვებული გვაქვს აუარებელი წერილობითი და ფოტო-მასალა. პარალელურად ფრანგულ ენას ვასწავლი თელავის უნივერსიტეტში. ვარ მთარგმნელი. ნათარგმნი მაქვს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, მათ შორის 20-ზე მეტი ფრანგი ავტორი. ჩემი ოცნება იყო და არის ფრანგულ ენაზე შეიქმნას ქართული კულტურის ძეგლების კატალოგი. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან, თუკი ეს თქვენი სურვილიც იქნება. პატივისცემით, ელდარ ჭიჭიაშვილი.

      56. გამარჯობათ! მე და ჩემს მეგობრებს ძალიან მოგვწონს თქვენი საიტი, რამაც ჩვენი ფერეიდნელი ქართველებით დაინტერესება გამოიწვია! რამდენიმე ხნის წინ კი ტაო-კლარჯეთში ვიყავით მნიშვნელოვანი ძეგლების მოსანახულებლად, სადაც ფერეიდნელებიც გავიცანით! მათთან საუბრის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვიკრიბებით და ერთმანეთს იდეებს ვუზიარებთ თუ როგორ დავეხმაროთ იქაურ ქართველებს, ამაში კი თქვენი მონდომების იმედი გვაქვს. პატივისცემით, მერი გოჩიაშვილი.

      57. გამარჯობათ ნამდვილო ქართველებო! შარშან ტაო-კლარჯეთში ექსკურსიაზე გავიცანი საიდი – ფერეიდნელი ქართველების ღირსეული წარმომადგენელი. მაშინ ძალიან აღვფრთოვანდი მისით და იმ შთაბეჭდილებებს დღემდე არ გაუვლია... გულწრფელად ვამბობ – მისნაირი პატრიოტები ძალიან ცოტა შემოგვრჩა ქართველებს. რაც ეს ადამიანი გავიცანი, ფერეიდნელების შესახებ ბევრი გავიგე და შეიძლება ითქვას, ძალიან ემოციური, თუმცა გულწრფელი წერილი დავწერე... ძალიან მინდა თქვენთან მეგობრობა და თუ რომელიმე თქვენგანი გამომეხმაურება, სიამოვნებით მივწერ ჩემს წერილს, რომელიც იმედია მეგობრობის დასაწყისი გახდება. თამუნა ინარიძე. საქართველო.

      58. მოგესალმებით, ბატონო გიორგი! ინტერესით წავიკითხე თქვენი საინტერესო მონათხრობი. ფერეიდანთან დაკავშირებული ამბები ბავშვობიდანვე მაინტერესებს და ეს საკითხი ყველა ქართველისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მუდმივი ყურადღების საგანი უნდა იყოს. მეც მყავს ერთი უმცროსი მეგობარი ფერეიდნელი ქართველი. მისი ძმაც აქ ირანის საელჩოში მუშაობდა. ასევე, ჩემი უფროსი მეგობარი, პოეტი და მთარგმნელი, პროფესორი ნომადი ბართაია, პირდაპირ შეყვარებულია ფერეიდანზე და მათაც ძალიან უყვართ, ბევრი მეგობარი ჰყავს იქ და ბევრ რამეს აკეთებს ამ მხრივ. (იგი ბ.-ნი მაგალი თოდუას ერთი რჩეულ მოწაფეთაგანია...) მიხარია, რომ ასე გულმოდგინედ მუშაობთ ამ სფეროში! პატივისცემით, იმედი ჯახუა.

      59. გამარჯობათ, ბატონო გიორგი! ახლაც თქვენს საიტზე ვარ და უკვე მერამდენედ ამიცრემლიანდა თვალები... მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად დიდი საქმე გაგიკეთებიათ და აკეთებთ ჩვენთვის! ჯერ კიდევ ბევრი დამრჩა სანახავი და აუცილებლად ხშირი სტუმარი ვიქნები ამ საიტის! დიდი სურვილი მაქვს პირადად მელაპარაკოთ ფერეიდნელ ქართველებზე, როცა კიდევ შეგხვდებით! თუ მათ გაცნობასაც მოვახერხებ, უბედნიერესი ვიქნები! ძალიან დიდ პატივს გცემთ! მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით და პატივისცემით. თამთა რეხვიაშვილი.

      60. ბარაქალა საიტისთვის!!! ვნახე და კიდევ ერთხელ მეც "ნახირივით გადამრეკა" წაკითხულმა ირანს... და კიდევ ერთხელ ფეხით დავბრუნდი სამშობლოში ცისარტყელას ქვეშ გამძვრალი, წინაპრის აქედან წაღებულ და ძმების მიერ საქართველოში დაბრუნებულ ლახვარითურთ! პატივისცემის ნიშნად გიგზავნით ფერეიდანიდან საქართველოში ფეხით ჩამოსული არია ხოსროშვილის ფოტოებს. ვიცი, გაგიხარდებათ! ზურაბ ბიჩინაგური.



      61. ბატონო გიორგი, დიდი ხანია ინტერესითა და გულშემატკივრობით ვადევნებ თვალს თქვენს საიტს ფერეიდანის შესახებ. ფერეიდანი და საინგილო ჩემთვის დიდი გულის ტკივილია, ისევე, ალბათ, როგორც ყველა ქართველისთვის. ყოველთვის მქონდა სურვილი, რაიმე გამეკეთებინა მათთვის. ამიტომ მიხარია, როცა ვხედავ, რომ ვინმე მაინც აკეთებს ამ ადამიანებისთვის კარგ საქმეს. ჩემს მეგობრობას შემოგთავაზებთ, რომ უფრო ხშირად შევიტყო თქვენი საქმიანობის შესახებ. გისურვებთ ბევრ სიხარულს და ყველა ღვთივსათნო საქმის კეთილად დაგვირგვინებას. ელენე ამირანაშვილი.

      62. დიდი მადლობა ბატონო გიორგი! სასიამოვნოა, რომ თქვენისთანა პატრიოტ ადამიანს პირადად გავეცანი. მოხარული ვიქნები ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის და იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა სამშობლოსათვის კეთილის მომტანი და საბედნიერო იქნება. როგორც რიგითი ქართველი მადლობას გიხდით ჩვენი თვისტომების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, რაც დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო გააღვიძებს მათში ქართული გენის და თვითმყოფადობის შენარჩუნების სურვილს. ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს! ბადრი წიქორაძე.

      63. ბატონო გიორგი, მე კოტე მანძულაშვილი გახლავართ! დღეს, 2011 წლის 8 ივლისს, დილით, ავტობუსში ისტორიაში შესული ადამიანი რომ გიწოდეთ და 100 წლის სიცოცხლე გისურვეთ იმ კარგი საქმის გამო, რასაც ირანში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა წარმოადგენს. ახლაც თქვენს საიტს ვათვალიერებ და თურმე 1956 წლის 8 ივლისს ყოფილხართ დაბადებული! გილოცავთ ბატონო გიორგი და გისურვებთ 100 დაბადების დღის შესრულებას, წინსვლასა და წარმატებას! ღმერთს ებარებოდეთ! ღრმა პატივისცემით, კოტე მანძულაშვილი.

64. დაბადების დღეს ვულოცავ,
ჩემს ძმას, მეგობარს, გუგუას!
ოჯახის, რწმენის, მამულის
მოყვარულს, ერთგულს, უტყუარს!
ემრავლოს! ებედნიეროს!
ენთოს საიტის შუქურად!
სიყვარულით არ მოღლოდეს
მართალ კაცს გული – მზე-ქურა!
მაშ, გაუმარჯოს მარადჟამს!
სულანთებულს და გულმხურვალს!
სათნო, პირმღიმარ იუბილარს,
ალავერდაშვილ გუგუას!
                              ია მშვიდობაძე.
  ia


      65. გამარჯობათ ბატონო გიორგი! თქვენს საიტს ყოველდღე ვსტუმრობ, საიდანაც ბევრი ინფორმაცია და სურათები მომაქვს და ჩემს ჩანაწერებში ვდებ. მინდა რომ ყველა ჩემმა თანატოლმა გაიგოს ჩვენებურების და ფერეიდნელების შესახებ. არ მინდა წარსული დაიკარგოს. მოგეხსენებათ, რომ დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდა თაობა მაინცდამაინც არ ფიქრობს წარსულზე და დაკარგულ ქართველებზე, რომლებიც საზღვრის იქით იტანჯებიან. მე ეს ფაქტი ძალიან მაწუხებს და მინდა რომ ცოტათი მაინც შევცვალო და სხვა გეზი მივცე. დიდი სურვილი მაქვს ახლანდელ თაობას ჩვენებურების მიმართ სითბო გავუღვივო. როგორც დიდი ახმედ მელაშვილი იტყოდა „ყველა ქართველში არის ნაპერწკალი და ჩვენ სული უნდა შევუბეროთ“.
      უკვე 5 წელია, რაც ფერეიდნელებით და ჩვენებურებით ვარ დაინტერესებული. თურქეთის ქართველებს ძალიან ახლოს ვიცნობ და ფერეიდნელებს კი ჯერ არა. მინდა წავიდე ფერეიდანში და იქაური ქართველები მოვინახულო. მე მათი ტკივილი გავიზიარე და როდესაც მათ ისტორიებს ვუსმენ – გული მტკივა, ისინი საქართველოს იფიცებენ და იმედი აქვთ, რომ ოდესმე დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში. ერთ-ერთი ლეგენდა ძალიან მომწონს – ცისარტყელის ქვეშ გავლა. ჩვენებურები ბატონ გიორგი კალანდიას გადაცემა „ჩვენებურები“-დან გავიცანი, განსაკუთრებით Kazim Koyuncu და Bayar Shahin მიყვარს, ბაიარ შაჰინი ჩემი მეგობარია. მაგდალენა არსენიძე. 16 წლის, მე-11 კლასის მოსწავლე.

      66. გამარჯობა, ბატონო გიორგი! დღეს შემთხვევით აღმოვაჩინე თქვენი საიტი და თავაუღებლად ვკითხულობ მთელი დღეა. უღრმესი მადლობა ასეთი სიკეთისთვის და ამ ფასდაუდებელი საიტისათვის! ბედნიერი ვარ, რომ დაგვიმგზავრეთ უბრალო მკითხველები და იმ საოცარი ,,პატარა საქართველოს" არსებობა შეგვახსენეთ, რომელსაც ფერეიდანი ჰქვია.
      ბავშვობიდან მოყოლებული ნებისმიერ ქართველზე არანაკლებად მტკივა ფერეიდანი და მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებს. თქვენ კი ასე ერთი ხელის მოსმით მხატვრულად დაგვიხატეთ და ჩვენი, უბრალო მკითხველების გულებამდე მოიტანეთ. ამიერიდან ხშირად შემოგივლით ხოლმე საიტზე. თქვენს ერთგულ მეგობრად და მკითხველად მიგულეთ.
      ღმერთმა დაგლოცოთ! პატივისცემით, თქვენი არმენ არუთინოვი.

otar        67. ფერეიდნელი მგზავრი
     (გიორგი ალავერდაშვილს)

"შორია გურჯისტანამდე"...
თუმცა არც ისე შორი,
ვერ ინახულოს ქართველი,
მისი ტოლი და სწორი.

მიდის... ლოცულობს ბერივით
ფერეიდნელი მგზავრი,
მინდა იმ ჭყონდიდელივით
რწმენის დავრეკო ზარი.
                              ოთარ რურუა.


      68. უმაგრესი ხარ გიო, უმაგრესი! გენაცვალოს ჩემი თავი! რამდენი რამ გინახავს და გადაგიტანია თურმე. შენ გენაცვალე !!! თამაზ ჯალაღანია.

      69. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ მთელი იმ გულით, რომელიც საქართველოს ეკუთვნის. მართალია იგი უდროოდაა დაპატარავებული მისი საზღვრების დაპატარავებისდა გამო, მაგრამ თქვენი და თქვენნაირი ადამიანების არსებობა, რომელნიც რომ აქტიურად ეწევიან ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებასა და სხვათათვის გაზიარებას, დიდ იმედს მაძლევს რომ ოდესმე ყველას ერთად გვექნება საშუალება ჩვენს პატარა მიწაწყალზე ერთად, მშვიდად, თანაცხოვრებისა და საერთო საქმის კეთებისა. კეთილი სურვილებით, ლაშარი ქურდაშვილი. თბილისი, საქართველო.

      70. გამარჯობა, ბატონო გიორგი. გწერთ ერთი ქართველი გოგო, რომელსაც სურს რაიმე წვლილი შეიტანოს ისეთ საქმეში, როგორიცაა კავშირის აღდგენა ფერეიდანსა და საქართველოს შორის. მინდა გთხოვოთ ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თუ ოდესმე დაგჭირდეთ ჩემი დახმარება ამ საქმეში, არ აქვს მნიშვნელობა ეს რთული იქნება თუ მარტივი მე ყველაფერს გავაკეთებ თქვენს გვერდით ყოფნისათვის და ძალიან ბედნიერი ვიქნები. პატივისცემით, ეთო ბეგლარაშვილი.



საქართველო


ქართული დიასპორა


ირანი, ფერეიდანი