მიმართვა მკითხველისადმი!


Giorgi

      გადაწყვეტილი მაქვს გავაკეთო საიტის სპარსული და ინგლისური ვარიანტები, რაც უზარმაზარ შრომასთან იქნება დაკავშირებული, ეს კი სამწუხაროდ ჩემს ძალებს აღემატება.
      მე ასე მაქვს წარმოდგენილი: საიტი იქნება თავდაპირველი სახით ქართულ ენაზე, თვითოეულ ქვეთავს დაემატება სპარსული და ინგლისური ვერსიები (ფონტი - Sylfaen).
      მოგმართავთ თხოვნით, თუ გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ ამ კეთილშობილურ საქმეში, შემეხმიანეთ ელექტრონული ფოსტით: gugua56@gmail.com, სადაც მიუთითებთ, თუ რომელი ქვეთავის თარგმნას იღებთ თქვენს თავზე და რომელ ენაზე თარგმნით (ორმაგი შრომა რომ გამოვრიცხოთ). ჩემი აზრით სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, ანოტაციებიც საკმარისი იქნება. ბოლოში მიუთითეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ (რასაც ჩათვლით საჭიროდ) ფოტოსთან ერთად, რაც აუცილებლად დაერთვება თქვენს მიერ ნათარგმნ ქვეთავს. წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის! პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი.

წმინდა გიორგის სახელობის ალავერდის ტაძარი

      ალავერდი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი; სამონასტრო კომპლექსი, ალავერდის საეპისკოპოს ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის რ-ნი), თელავიდან 20 კმ-ზე. ალავერდის მონასტერი VI ს. შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI ს. დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო დიდი საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მდე).
      შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე.წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX ს. დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით.
      ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთ ფასადის აგებულება – ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ტაძარი უმთავრესად რიყის ქვით არის ნაგები. კედლების გარე და შიგა პირი კი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი, შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.
      ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV ს. 80-იან წწ.) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX ს. ბოლოს ალავერდის ტაძარი მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI ს. მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI სს., ხოლო დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებზე XVI-XVII სს. ფრესკები. ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რასაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა; მისი ქვედა სართული – დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII სს-ში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა.
      თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII სს. კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მათ შორის ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.). მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვა.


      ალავერდის საეპისკოპოსო – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია საქართველოში (კახეთი). ალავერდის მონასტერი, რომელიც X ს. კახეთის მთავრობის ძირითადი სალოცავი იყო, XI ს-დან საეპისკოპოსო ცენტრად და კახეთის მეფეთა საძვალედ იქცა. ალავერდის საეპისკოპოსო კახეთის მეფეთა მძლავრი პოლიტიკური დასაყრდენი იყო. 1104 წელს, კახეთის შემოერთების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს სამსახურში ჩააყენა.
      ალავერდის საეპისკოპოსოს ეპარქიის საზღვრები იყო: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით – კავკასიონის ქედი და მდინარე სტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით – კახეთისა და ცივგომბორის ქედები. მთიანეთიდან ალავერდის საეპისკოპოსოს ეპარქიაში შედიოდა: ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი. საყმო მამულთა უმეტესობა ალავერდის ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფლებში იყო გაფანტული. ალავერდის საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა: ძველი შუამთის ყოვლადწმინდის საწინამძღვრო ეკლესია, ორმეოცთა საყდარი ოჟიოში, ყოვლადწმინდის საყდარი ხორხელში, მთლიანად ან ნაწილობრივ – მერე, კაკაბეთი, ვარდისუბანი, არბუხი, ღანუხი, ჩიბინიანი, ალავერდული, ახატელი, იყალთო, აწყვერი, თიანეთი, კისისხევი, უტო, კონდოლი, წინანდალი, ველისციხე და სხვა სოფლები.
      ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის მამადაც (წინამძღვრადაც) ითვლებოდნენ, ამიტომ ატარებდნენ ამბის ზედწოდებას. XVI ს-დან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს.
      XV ს. უკანასკნელ მეოთხედში კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა განაახლა მტრისაგან დარბეული ალავერდი და უხვად უბოძა ყმა-მამული. მალე ალავერდის საეპისკოპოსომ პირველობა მოიპოვა მთელ კახეთში და მცხეთისაგან გამოყოფაც სცადა, მაგრამ მცხეთის კათალიკოსმა აღვეთა ეს ცდა.
      1616 წელს ალავერდი და მისი მამულები დაარბია აბას I-მა. XVII ს. შუა წლებში თურქმანთა მომთაბარე ტომებმა მისი ადგილ-მამულები საძოვრებად გადააქციეს, შენობა კი ციხესიმაგრედ. 1659 წელს აჯანყებულმა კახელებმა თურქმანები განდევნეს, მაგრამ მტრისაგან მიყენებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ XVII ს. დასასრულამდე საეპისკოპოსო ვეღარ აღდგა. XVII-XVIII სს. მიჯნაზე ალავერდი ლეკებმა დაარბიეს. 1735 წლის 21 ოქტომბერს კი თამაზ-ხანმა ააოხრა. ალავერდისა და მცხეთის კათედრების გაერთიანებამ (XVIII ს. 80-იან წწ.) ხელი შეუწყო ალავერდის საეპისკოპოსოს სამეურნეო-ეკონომიკურ აღორძინებას. 1811 წელს ალავერდის საეპისკოპოსოს ეპარქიაში ირიცხებოდა 113 ეკლესია, ხოლო ყმა-გლეხთა რიცხვი 342 კომლს აღწევდა.

      ალავერდობა – ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება-დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული. იმართებოდა ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 28 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) უკავშირდებოდა წინაქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს, კერძოდ, მთვარის კულტს. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები და ელები. ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რამაც XIX ს. II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინამრეწველობის ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები, ალავერდობა გადმონაშთის სახით დღესაც არის შემორჩენილი.

      წყარო – ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი. 1975.

* * *
ალავერდაშვილი


      გვარის ფუძე, საკუთარი სახელი ალავერდა, ნასესხები სიტყვაა. ალაჰ-ვერდი არაბულ-თურქულია და იგივეა, რაც ქართულად „ღმერთის მოცემული“, ალახ(ჰ) – ღმერთს ნიშნავს, ვერდი – მოცემას. ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, ქალს პირმშო რომ არ რჩებოდა, მოლასთან მიდიოდა, შეულოცავდა ის და ურჩევდა, სახელად ალავერდი (ალაჰ-ვერდი) დაერქმია და ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზრდებოდა.
      „ალავერდა დმანისს მცხოვრები, მამულით წილად ხვდა იოთამ ბარათაშვილს“ (1537-1538 წლები).
      „ალავერდა მამასახლისი, მოწმე ვენახის ნასყიდობის წიგნისა“ (მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლო მეოთხედი).
      ქართულ სამართლის ძეგლებში მოიხსენიებიან ალავერდა, არაქედა, ასიტა, ბერუა, გიორგი, დავითა, დურმიშხან, თამაზა, ინდია, სტეფანა ალავერდაშვილები.
      ალავერდაშვილები იყვნენ ქვემო ქართლის აზნაურები.
      ალავერდაშვილები არიან ქვემო ქართლის მებატონე-მემამულე იაგულაშვილების შტო-გვარი. იაგულაშვილებიდან იღებს სათავეს გვარები: ალიხანაშვილები, ბეჟანისშვილები, დემურაშვილები, ბერუაშვილები, ასლამაზიშვილები.
      1783 წლიდან დაწყებული არაერთი ქართული გვარი რუსებმა რუსულ ჩანაწერებში ფორმატი – ოვი და იევით ჩაწერეს, ზოგს კი სომხურ-გრიგორიანული სარწმუნოება მიაღებინეს. ზოგიც გააფრანგეს და მიაღებინეს კათოლიკობა. ამ გზით გაჩნდნენ ალავერდოვები, ალიხანოვები, ბერუევები, ბეჟანოვები, დემუროვები, ასლამაზოვები; ასლამაზიშვილები აწარმოეს ასევე ბარათაშვილების საგვარეულომ, ბეჟანიშვილებმა თავად მოგვცეს შტო-გვარები – ბეჟანასშვილი, მესხასატურიშვილი – ბეჟანისშვილი 1670-1692 წლებში.
      ალავერდაშვილები ყოფილი ქართველი აზნაურიშვილები არიან. რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ დაამახინჯა მათი გვარი. ასე რომ, ალავერდოვი იგივე ალავერდაშვილია.
      საქართველოში 744 ალავერდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 199, მცხეთაში – 156, გორში – 113.
      27 კაცი ჩაწერილია ალავერდიშვილად.


აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით მოამზადა ნონა დათეშიძემ.




* * *

      იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც კახეთში, თელავის სიახლოვეს მდებარეობს, დააარსა V საუკუნეში ცამეტიდან ერთ-ერთმა მოძღვარმა – სირიელმა მისიონერმა ზენონმა, რომელიც საქართველოში ქრისტიანობას ქადაგებდა. მისი წმინდა ნაწილები იქვე, ტაძარში განისვენებს. მოგვიანებით მონასტერი გადაიქცა მთელი საქართველოს მსხვილ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად.
      იყალთოს არქიტექტორულ კომპლექსში შემორჩა სამი ეკლესია: დიდი – ღვთაება (ფერისცვალების სახელობის ღვთაების ეკლესია), რომელიც VIII-IX საუკუნეებით თარიღდება, XII-XIII საუკუნეების ყველაწმინდა (მცირე დარბაზული ეკლესია) და VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიიდან გადაკეთებული სამება. მონასტრის სამხრეთ ნაწილშია აკადემიის შენობის ნანგრევები – ქართული კულტურის და განათლების მნიშვნელოვანი კერა, რომელიც გელათის აკადემიასთან ერთად დავით აღმაშენებლის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის დაგვირგვინებად მიიჩნევა.
      აკადემია არსენ იყალთოელის მიერ XII საუკუნეში არის დაარსებული. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, აქ სწავლობდა და მოღვაწეობდა შოთა რუსთაველი.
      სამება თავისი თავდაპირველი სახით როდია შემორჩენილი. იგი არსებითად გადაუკეთებიათ XIX საუკუნეში აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს. ახლა ეკლესია შიგნიდან მხოლოდ უბრალო სწორკუთხედია, რომელსაც ორფერდა ჭერი და დასავლეთიდან მიშენებული გარე კიბე აქვს, რომლითაც კარიბჭის ქვეშ სენაკში შეიძლება ასვლა. მაგრამ, თუ დავაკვირდებით ეკლესიის დაგეგმარებას, დავრწმუნდებით, რომ იგი გუმბათოვანი ყოფილა. აქ სავსებით ნათლად ჩანს ჯვრისებრი გეგმის გუმბათოვანი ძველი ტაძრის ფორმა.
      იყალთოს მონასტრის მთავარი ეკლესია – ღვთაება შედარებით მცირე ბერძნული ჯვრის გეგმის ნაგებობაა, რომლის გუმბათი ოთხ საყრდენზეა დაყრდნობილი და კვეთში ჯვრის ფორმა აქვს. დიამეტრი 5 მეტრს უდრის, აქ საკურთხევლის აბსიდა ნალისებრია. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ კედელს გასდევს საერთო დასაჯდომი, შუაში კი გამოყოფილია მონასტრის წინამძღვრისათვის განკუთვნილი ადგილი. შენობის გუმბათში 12 მაღალი სარკმელია, გარდა ამისა მას ამკობს აგრეთვე ოთხი სარკმელი, თითო-თითო ჯვრით თითოეულ მკლავში.
      იყალთოს მონასტრის მესამე ეკლესია – ყველაწმინდა მიეკუთვნება განვითარებულ შუასაუკუნეებს და პატარა დარბაზული ეკლესიაა. მას აქვს ღიობების პროფილირებული მორთულობა.
      მონასტრის ტერიტორია ჯერაც ბევრ საიდუმლოს ინახავს. იყალთოს საფუძვლიანი შესწავლა და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამ საშვილიშვილო საქმეს სათავეში, ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის მხარდაჭერით, კომპანია ჯეოსელი ჩაუდგა. პირველ ყოვლისა მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდება არქეოლოგიური სამუშაოები, რასაც მოყვება ტაძრის სრული რეკონსტრუქცია.