ზურაბ კაპანაძე წარმოგვიდგენს...

       გაზსერვისის დირექტორი, ბატონი ზურაბ კაპანაძე წარმოგვიდგენს ფერეიდანში გადაღებულ სურათებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი მოგზაურობა ფერეიდანში მისი ინტერვიუთი დაიწყო, რომელიც დაიბეჭდა 2005 წლის 7-13 ოქტომბრის გაზეთ "ახალი აზრის" N39-ში – "კავკასიონზე ახალი მწვერვალია "ფერეიდნელი ქართველი" (რა აწუხებთ ირანში მცხოვრებ გურჯებს?!)"

 
ზურაბ კაპანაძე
 
ჩვენი ჯგუფის ჩასვლა მარტყოფში
 
შეხვედრა ფერეიდნის გუბერნატორ ზუბიტაშვილთან
 
ერთობლივი ასვლა მყინვარწვერზე
 
ფერეიდანი-მარტყოფი
 
“ციხემთა”
 
ფერეიდნელი მთამსვლელები
 
მწვერვალი "აშტადი"
 
150-200 წლის წინ აშენებული თავდაცვითი სიმაგრე
 
დამშვიდობება
 

   
კონდრათ თავაძის ნაკვეთი
რევაზ დავითაშვილი
რევაზ დავითაშვილის ქალიშვილები

* * *

      ახლა კი მინდა მოგითხროთ ორი ამბავი, რომლებიც რა თქმა უნდა ფერეიდანთან და ფერეიდნელებთან არის დაკავშირებული.
      2007 წლის 1 აპრილს, ბზობას, სამარშრუტო ტაქსით მივემგზავრებოდით რუსთავში: მე, თორნიკე ფანიაშვილი, ნიკოლოზ იოსელიანი და ნაჯაფაბადიდან ახლად ჩამოსული გიორგი ზუბიტაშვილი (იგივე მოჯთაბა მოყადასი). გზაში თორნიკეს ახლობელმა დაურეკა მობილური ტელეფონით, საუბარში თორნიკემ რამდენჯერმე ახსენა ჩემი გვარი – ”ალავერდაშვილი”, რაზედაც ღიმილი ვერ შევიკავე. რატომ? გამახსენდა ქალბატონ დარეჯან ჩხუბიანიშვილის მოსაზრება იგივე საკითხზე: ”დავითაშვილმა იცის”, ”დავითაშვილო, მაჲტანე”... ასე ასახელებდა თავის მეუღლეს თურანა. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ მიმართავდა თავის ქმარს გვარით, თურანამ განმიმარტა: სახელი რომ დავუძახო, ალი-რეზა უნდა ვთქვაო, ეს ”ექაური” სახელია, დავითაშვილი კი ”ჩონებურია”, ქართულიაო”. სწორედ ამიტომ, თორნიკეც და სხვა ფერეიდნელებიც, ქვეცნობიერად, ერთმანეთს ქართულად, ესე იგი გვარებით მიმართავენ...

 
გიორგი ზუბიტაშვილი, კახა ოქრომჭედლიშვილი,
თორნიკე ფანიაშვილი და ნიკოლოზ იოსელიანი
 
გიორგი ზუბიტაშვილი, გიორგი ალავერდაშვილი,
ნიკოლოზ იოსელიანი და თორნიკე ფანიაშვილი

      რუსთავიდან დაბრუნებისას შემეხმიანა ხვიჩა სეფიაშვილი, რომელიც ბათუმში ყოფილა ჩამოსული და ახლა ჩვენსკენ მოიჩქაროდა. ირანში დაბრუნებამდე თბილისის ქუჩებში გასეირნება უნდოდა, ქართული სულით რომ დამუხტულიყო...
      ერთმანეთს ”რუსთაველის” მეტროსთან შევხვდით. ცოტა ბანალურად კი ჟღერს, მაგრამ მალე სახინკლეში გადავინაცვლეთ. ალბათ ასეთი შეხვედრებისთვის ჰქონდა მუხრან მაჭავარიანს ეს ლექსი დაწერილი...
                        – არაყი?
                        – ლუდი!
                        – ერთი?
                        – ერთი!
                        – ინებეთ!
                        – გმადლობთ!
                        კუთხეში ვზივარ...
                        გარეთ წვიმს...
                        გნატრობ!
      მართალია, ჩვენ უკვე ერთად ვიყავით, არც გარეთ არ წვიმდა, მაგრამ რატომღაც გვეგონა, რომ ეს ლექსი ჩვენზეც იყო დაწერილი. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ... ხვიჩამ ძალიან საინტერესო აზრები გამოთქვა. ყველაფრის აქ მოტანა შეუძლებელია, მაგრამ მნიშვნელოვანს მაინც გეტყვით: ხვიჩამ ქართველებს და საქართველოს მუდმივი ბავშვობა უსურვა, უფრო სწორად – ბავშვობის ულევი ენერგია! ეს ხომ მართლაც ასეა, განა არა? შემდეგ კი დაამატა, რომ ქართველებმა მხოლოდ ვახტანგურად დალევა კი არა, ვახტანგურად მუშაობაც უნდა ვისწავლოთო!
      შემდეგ კი რუსთაველზე გვიანობამდე ვსეირნობდით. როდესაც ოპერის შენობას მივუახლოვდით, ხვიჩას ვაჩვენე, თუ სად იკითხებოდა ოპერის აშენების თარიღი – 1889 წელი. ბავშვივით გაიხარა... მეგონა, ბევრი რამ ვიცოდი დედა-პროსპექტის შესახებ, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილაო... მე კი დავამშვიდე, ეს ბევრმა თბილისში მცხოვრებმაც არ იცის, ასე რომ გეპატიება-თქო...
      შემდეგ ვნახეთ მთავრობის სახლის წინ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი, თან ავუხსენი მიწიდან ამომავალი სინათლის სხივების დანიშნულება, რადგან ახსნის გარეშე ვერავინ ვერ მიხვდება, თუ რა იყო ჩაფიქრებული პროექტით და რა უბადრუკი რამ შემოგვაჩეჩეს... მოვინახულეთ იუნკრების საძმო საფლავის სავარაუდო ადგილიც...
      ბოლოს კი თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის ქანდაკება ვნახეთ და შემდეგ გულისტკივილით დავცილდით ერთმანეთს...
                        ”მივდივარ!
                        რადგან,
                        კვლავაც მინდა,
                        რომ ვიყოთ ერთად...
                        გშორდები!
                        რადგან,
                        მენატრება შენთან შეხვედრა!...”

* * *

      ახლა კი გთავაზობთ მარო მაყაშვილის დღიურების ფრაგმენტებს, რომელიც დაიბეჭდა 2008 წლის გაზეთში ”კვირის პალიტრა” 18-24 თებერვალი (მოამზადა ეთერ ერაძემ).

 

      ...დღეს დაგვიდგა უბედური დღე. დღეს შემოვიდა გერმანელის ჯარი და ქართველების ჯარი სიმღერით დაუხვდა. ჩვენ წავედით სანახავად... ჩასუქებული მხარბეჭიანი გერმანელები ხიშტებით ხელში შუა ქუჩაში იდგნენ და ხალხი მათ გარს შემოხვეოდა... მე ისეთი გრძნობა მქონდა, ვითომ ვიღაცა მახლობელს ასაფლავებდნენ. მღეროდნენ ქართველები, მაგრამ გულში რა ჰქონდათ? სევდა და დაღონება. მოვიშორეთ ერთი ბატონი, მონობისაგან გავთავისუფლდით, ახლა კი ახალი უღელი დავიდგით. ღმერთო, მამაზეციერო, რა დააშავა ამ პატარა ერმა, რომ მთელ თავის ჯავრს ჩვენზედ იყრი... ჩემზე ამან ისე იმოქმედა, რომ ტირილიც კი მინდოდა. აი, რისთვის ვიბრძოდით. 1918 წლის 12 ივნისი.

      …ჩვენ წინ გაიარა პაოლო იაშვილმა. მასთან ჩემი შორეული ნათესავი იყო. მე დავუკარი მას თავი. პაოლომ შეამჩნია... ისე მიყურებდა, რომ ძალიან გამიკვირდა... ბოლოს, ერთ კუთხეში დავდექით. ჩვენ პირდაპირ დადგნენ პაოლო, ტიტე ტაბიძე და ორი პოეტი, არ ვიცი მათი გვარები. მე ვდგევარ და ვწითლდები. ყველანი მე მიყურებენ... ელიჩკამ ხომ გამიწყალა გული - ”იჰ, მარო, ნუ ღელავ, ნუ წითლდები...” პაოლოს უკითხავს ჩემზედ, ვინ არის ესო. ნინა მაყაშვილი ეუბნება: ”ეს კოტე მაყაშვილის ქალიაო, ”კოტესი!” გაუკვირდათ, ყველანი მობრუნდნენ, დამიწყეს ყურება. პაოლომაც. მე გავწითლდი, მოვავლე ხელი ქეთოს და გავიქეცით... 1918 წელი, 28 ივნისი.

      ...ამას წინათ მეხუთედ შემხვდა ”ის”. არ ვიცი არც მისი სახელი და არც გვარი. ძალიან მომწონს. კარგი სახე აქვს. ძალიანაც მინდა გავიცნო. როგორც შევხვდები ხოლმე, ისიც მიყურებს, არ ვიცი, რისთვის, იმიტომ, რომ ვწითლდები, თუ... ღმერთო, გამაგებინე, ვინ არის... ამას წინათ თეთრ ჩოხაში ვნახე, შესანიშნავი იყო...
      რაღაც მემართება. ახლა ძალიან შემემჩნა მარტოობა. მინდა დედა მალე ჩამოვიდეს, მოწყენით ვარ... 20 მარიამობისთვე.

      ...მინდა საზღვარგარეთ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი... ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს? 17 ენკენისთვე.

      ...თუ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ. 10 ოქტომბერი, 1918 წელი.

      ...ეჰ, რა დროს პირად გრძნობაზეა ლაპარაკი. ამ დღეებში წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო ომი. ვიფიქრეთ, პატარა და დიდი მტრები ეხლა მოისვენებენო. არა! ახლა პატარებმა, უმნიშვნელო, უსინდისო და კიდევ სხვა ერმა - სომხებმა გამოუცხადეს ომი! მერე ვის? ქართველებს. ლაჩრები. რამდენი სიკეთე ვუყავით, ათასობით ლტოლვილი, გლეხები, შიმშილს და სიკვდილს გადავარჩინეთ, მეზობლებათ და მეგობრებათ ვთვლიდით... გუშინ ულტიმატუმი წამოუყენა სომხის მთავრობამ ერევანისა - ქართველებს. ახალქალაქი, ახალციხე, ჯავახეთი დაგვიცალეთო, თბილისი ნეიტრალურ ქალაქად გახადეთო. შორიდან გულადები, უნამუსოები... ეხლა ისე დავეცემით და გავლაჩრდებით, რომ ესენი ავასრულოთ? სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ. ქართველი ძალიან მომთმენია, მაგრამ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. მსხვერპლი დიდი იქნება. აი, რა არის საშიში, ღმერთო! ნუთუ მაგისთანა უსინდისო ხალხზე შენი კურთხევა წამოვა! არა მგონია, არა! მაშ დაიცადეთ, მგონი, დაგავიწყდათ ქართველების მუშტის გემო? ძალა რომ მქონდეს მე...
      რა არის უმაღლესი და ულამაზესი სამშობლოსადმი სიყვარულის გრძნობისა. 17 დეკემბერი (ახ. სტილით).

      ...თბილისი თანდათან ივსება ინგლისელების ჯარით... ხან ფრანგები გვეწვევიან, ხან გერმანელები, ხან სომხები, ახლა ინგლისელები. რას გააკეთებენ აქ, არ ვიცი...
      თანდათან რაღაც მეპარება მე გულში, რაღაც ახალი გრძნობა, ტკბილი, სასიამოვნო. ერთ ვინმეს რომ დავინახავ ხოლმე, გული ძგერას დამიწყებს და სისხლი თავში ამივარდება. მე არ ვიცნობ მას. არ ვიცი მისი სახელი, ამგვარი ნეტავ ვინ არის? მაგრამ მგონია, გავიგებ მალე. 4 იანვარი, 1919 წ.

      ...მდგომარეობა უცვლელია. დენიკინი ჯარით არც ახლოვდება, არც მიდის. კრებები გაუთავებელია. ამ დღეებში მობილიზაცია მოხდებაო. ოჰ! როდის უნდა ამოვისუნთქოთ თავისუფლად. როდის აყვავდება წალკოტივით ჩვენი ქვეყანა. რათ ვუნდივართ ჩვენ სხვებს... დაგვანებონ თავი...
      ...აბა, რას ვერჩით დენიკინს, რა უნდა ჩვენგან? არა. ქართველი ერი მხნე და გულადი არის, არავის დაანებებს თავის სამშობლოს. სამშობლოსადმი სიყვარული უდიდესია, სხვა ყველა გრძნობაზე მაღლა სდგას, შეებრძოლება მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდის. შეებრძოლება და ან სიკვდილი, ან გამარჯვება. 1919 წ.

      ...მთვარის შუქზე ვწერ ჩემს დღიურს, სასიამოვნოა...
      გუშინ, არ ვიცი რათ, მგალობლიშვილებთან ამივარდა საშინელი ქვითინი, ისეთი, რომ თითქმის 1 საათი ვტიროდი. ამომიჯდა გული. ვეკითხები ჩემ თავს, რა არის, მაგრამ იგი სდუმს და პასუხს არ მაძლევს. რა მიზეზია, არ ვიცი... 30 ივლისი

      ...საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ... თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო.


                                          სიკვდილი მარო მაყაშვილისა

      იუნკრების საყვარელო მოსანგრევ და მოხალისევ,
      აი, ახლა კვდები, მაგრამ ქვეყნად მაინც მოხვალ ისევ!
      ჯერ სინორჩე თუმცა შენი ცოდვაა, რომ ბნელმა ცვალოს,
      მაგრამ უფრო განათდები მალე, დედა გენაცვალოს!
      ...როგორ ცივა, როგორ ყინავს, თეთრობს თოვლის მთებზე რვალი,
      ბზარავს კოჯორს ოცდაერთის სუსხიანი თებერვალი...
      შენ კი, ურჩო ქალბატონო, რომ დატოვე კერა თბილი,
      ღვთისმშობელის დაია ხარ, თუ ბულბული ენატკბილი?
      ან მაგდენი ვაჟკაცობა მაგ სუსტ სხეულს სიდან, როგორ?
      ასე როგორ გამოგცვალა ფრონტმა სიფრიფანა გოგო?
      ფრთხილად, მტერო, გევედრები აურიე ტყვიას გეზი,
      შუბოსანი ნუ გგონია, არ მომიკლა ანგელოზი!...
      ნეტავ, ღმერთო და განგებავ, შეაჩერა ბრძოლის ალი,
      მაგრამ ვაი... რა მკაცრია სინამდვილე საზიზღარი!...
      მაშ... იძინე, განგმირულო, გეხურება უფლის კალთა,
      საქართველოს სასახელოდ და იმედად მომავალთა.
      ...მორჩა თოვლი და სიმკაცრე ზამთრის შემაზრზენი ჟამის,
      ჰა, ცივ მკერდზე დაიბნიე სტრიქონები გულმკვდარ მამის!
      გიგლოვს სრულად საქართველო, საუკუნეთ გაენთები,
      ისტორია ლაჩრებს ხოცავს, არ კვდებიან რაინდები!....

მიხეილ ღანიშაშვილი.


                                          25 თებერვალი

      თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
      დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
      ძილ-ღვიძლად იყო ქალაქი ჩვენი,
      საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –
      ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
      მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
      ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
      არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
      თოვდა და თბილისს ებურა თალხი.
      დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
      დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
      მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
      ეფინებოდა გმირების გვამებს –
      განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
      და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
      თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
      დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
      იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
      სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
      სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი
      მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
      სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
      თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
      წითელი დროშით, მოღერილ ყელით,
      თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
      შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
      თოვდა... და თბილისს ებურა თალხი,
      დუმდა სიონი და დუმდა ხალხი!

კოლაუ ნადირაძე. 1969.