ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებანი
ამონარიდები ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან
ფერეიდნელი "გურჯები"
1979 წელი


      იმისათვის, რომ ნათლად წარმოვიდგინოთ ფერეიდნელ ქართველთა მეტყველების თავისებურებები, მოვიტანოთ რამდენიმე ფერეიდნელის საუბარი, რომელიც ჩაწერილია ფირზე 1968 წელს:
      "მე ვარ მუხტარა... სოფელჩი (სოფელში) დაბადული, სამი წელია ოთხი წელია თეირანჩი ვცოცხლოფ (ვცხოვრობ). თეირანჩი რა რომ ვცოცხლოფ მივდივარ მუშოობ. მუშოობა ჩონთვის ძალიან ვიღონებით (ვიღლებით), ვიღონებით რო არ ითქმის ადვილათ, არც წერა არც კითხუა, პარსული (სპარსული) წერა-კითხუა ცოტათ ვიცით, ქართული არცრა ვიცით... შარშა (შარშან) და შარშაწინ, რო ჩონ (ჩვენი) ბიჭები გამოიდე (ჩამოვიდნენ, გამოვიდნენ) საქართველოსაყე (საქართველოდან), გამოიტანეს და ჩონ ერთრამე ეხლა ვწავლობთ და ვკითხობთ (ეხლა ვსწავლობთ ქართულს)... მე ცოტა ლექსებსა ვწერ და პარსულადაცა უწერ ეგრე რო... შაიად (შესაძლებელია) რო ქენ (თქვენ) გენახოსყე და გეკითხოსყე (წაგეკითხოთ) ჩემ ლექსები და ღმერთსაყე მინდა რო თქენ გამოგინდესყე იგრე მიშელეთ რო გამამინდეს ეს ლექსები ჩემ დედას ენაზედა ვწერო და ღმერთმა გააწეროს (ინებოს) რო გაკეთდეს და მაღლა (უმაღლესად, კარგად) დავწავლო (ვისწავლო) ქართული, რო ქართულად ვწერო და ვიკითხო, და თქენყე ეს ჩემ მოთხოვა არი, როგთხო (გთხოვთ) მე ჩემ ბიძებსა და ბიძაშვილებსა, მშვიდათ (ნახვამდის)".
      "ხუალ იქნება პარასკევ, შვიდ საათზე მივდივართ სადგურში თითფრინავისა და უნდა ჩონი ბიძიები, მოსულიან ირანში გავაცილოთ და მოიდენ თბილიჩი... ჩონ გუნდა რო მოიდეთ თბილიჩი... დავჩეთ ჩონი ძმები, დები, პაპები ვნახოთ... ძალიან გუნდა, გუყვარს საქართველოს ქუეყანა და საქართველოს სამშობლო... გუნდა... მოსვლა თბილიჩი და დაჰწაულა (ქართულის სწავლა გვსურსო), მერე დაბრუნება ირანში... ძალიან მინდა ქენ ნახუა, საქართველოს ნახუა, საქართველოს რო გავიგეფყე ჩემ ბადანში (ტანი, სხეული), ჩემი ბადანში... დამაბრუებსყე, სიხარულით მინდა ჰამე (ყველას) გუნდა ქენ გამარჯობა, ღონიერება, ქენ ვაშკაცობა, საქართველო უნდა წაიდეს წინ, ქენ კი წინა ხართ, მერე ჩონაც წაგუყანოთ ქენთანა..."
      ზეპირი გადმოცემებიდან ფერეიდნელებს დღევანდლამდე შემორჩათ ქართული ანდაზები, თქმანი, თუ იგავ-არაკები, თუმცა ზოგიერთ მათგანს საკმაოდ შეუცვლიათ თავიანთი სახე, ანდა კიდევ ისეთი თქმები აქვთ, რომელთა მსგავსიც ქართულში უკვე ძნელად მოიძებნება. ფერეიდნელი იტყვის: ხელი ხელს დაიბანს, ხელი დაბრუნდების პირს დაიბანსო; ჩვენ კი ვამბობთ: ხელი ხელს ჰბანს ორივე პირსაო. ხარი რო ვერა ხნავს, გინდა ერთ ქილა დაოთესე, გინდა ასი ქილა; ე.ი. როცა ხარს ხვნა არ შეუძლია, გინდა ცოტა მოახვნევინე, გინდა ბევრი, სულერთია კარგ შედეგს არ მოგცემსო. მიწა რო მაგარი შაჰხდა, ხარი ხარის თვალით დაინახავს; ე.ი. რადგან ხარი მუშაობს, მას თავის თვალით შეუძლია გაარჩიოს რთული და იოლი სამუშაო ადგილიო. ქალს ევბნებ, როზალმა გაიგოსო; დღეს ვხმარობთ: მულო შენ გეუბნები, რძალო შენ გაიგონეო. ვარიას თავის კერცხი უკირსო; ჩვენ გვაქვს მისი შესაბამისი: ყვავსაც თავისი ბახალა მოსწონსო. ქაჩის შეშინებული დოს უბერავსო; ე.ი. შეშინებული ძაღლი მთვარეს უყეფსო. ძალი რო დამეტდა პირაღმა მაჰხნავს; ჩვენ ვამბობთ: ძალა აღმართს ხნავსო. შიში მაჩვენა და გაქცევა გაჩენო; ეს კი თითქმის ემთხვევა ჩვენს ანდაზას: გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო. წინათ კაწი მეორეს ხიდითო; წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო. მუტრუკი რო დედასაყე დაწინავდა, მგელი გაჰიხევს; დედის წინ მორბენალ კვიცს მგელი შეჭამსო. ვირი რო წიხლს გესრით ფეხი არ უნდა მაჭრაო; ე.ი. ვირის წიხლი არ უნდა გეწყინოსო. თიქა (ლუკმა) ერბოში აქო (საქმე კარგად მოდისო). პირაღმათმა თქო, რო: - მე კაციო არ მინახაო, ძრიალ ცოტა მინახაო. თავქემ უთხრა, რო: - მეო ნამარდი არ მინახაო (რო არკაცი იყოს). ყადიმი ნათქომია: ხარჯი რო ყონაღის ჯიბესაყე იყოსო, ჰათემობის ქნა ასანდიაო.
      თოვლმა უთხრა ბალახსა, რო: - სადა ხარო, რო ზაფხულის იგრე ბიბინებდიო?! ბალახებმა და პიტნამ, ფამფარამ და ყინწორამ ოუკივლეს, რო: - მართლა ამბოფო? დღეს ხო შენ დღენიაო. თუ ჩონ დღეც მოიდაო, ახირ გეტყითო. ნაურუზის პირათ მზე რო დაადგა თოვლებს, თოვლებმა რო დაიწყეს გაწყალება, პიტნამ ომოუკივლა, რო: - აი, თოვლოვო, რას აკეთეფო და რა დღეჩიგა ხარო? თოვლმა ჩომოუკივლა წრილად: - რა გითხრაო, ამხანაგოვო, ცეცხლი ჩამვარდნია გულ-მუცელჩიგაო, რო აღარა მესმის რაო. პიტნამ უთხრა, რო: - ნამაი დღეჩიგა კი გნახეო. თქო: - მართლა ამბოფო!
      საინტერესოა აგრეთვე ფერეიდნელებში დღევანდლამდე შემორჩენილი რამდენიმე გამოცანა. ზოგიერთი მათგანი ჩვენს ფოლკლორშიც არის შემორჩენილი:


      1. დავაბამ დარბის ავსხნი დადგების (მისი შესაბამისი ქართულში: დავაბამ დადის, აუშვებ დგას) - ქალამანი.
      2. ხუთნი ძმანია მუდამ ერთმანეთს თავჩი ჰცემენ (მისი შესაბამისი ქართულში: ჩვენ ხუთნი დანი ვიყავით არც ერთს არ გვქონდა ზრდილობა, იმ თავიდანვე თან დაგვყვა ერთიმეორის ცილობა) - წინდის ჩხირები.
      3. ძროხა მყავ კუდი თუ არ ვმგლიჯო საძროხეში არ გავა (მისი შესაბამისი ქართულში: ძროხა მყავს, კუდი თუ არ მოვაგლიჯე საძროხეში არ შევა) - ჩამიჩი.
      4. ერთი ოთახია სავსე ძითელ თავა ღორებია (მისი შესაბამისი ქართულში: ერთი ოთახია სავსე წითელ თავა ღორებით) - ასანთი.
      5. ორი ქაჩაჩი აქვს, ექვსი ფეხი, შვა ზურგში კუდი (მისი შესაბამისი ქართულში: ორი თავი აქვს, ექვსი ფეხი აქვს, წელზე კუდი აბია) - სასწორი.

ხალხური ლექსები

კალათა მეცო ხელზეგა (ხელზედა)
მიხვიდოდი კალოზეგა
მამალი ჩახტა ფილშიგა
არ ინა (ინანა) წავიდა ძილშიგა.
აკვანი გაქონდა (გქონდა) სიარული
შიგ იწევ დახატული.
მე შენ ყურბანი (მსხვერპლი), ყურბანი,
კაბები გაქონდა ბურმა-ბურმა,
თოლები გაქონდა (გქონდა) სავსე სურმა.

გადი-გამოდიან ჩიტები
მე შენ როგორ შეგეჭიდები.
გადი-გამოდიან კაკბები,
მე შენ გულში ჩაგეკოკბები.
შენ იჯექი რუის პირსა
ხალი გიჩნდა გულის პირსა.

(პირველი ლექსი გამოქვეყნებულია ლ. აღნიაშვილის მიერ, ხოლო მეორე ი. მარის მიერ).

ფერეიდანის მიწას ვხნავ,
აგერ ოთხასი წელია,
აგერ ოთხასი წელია.
გამხმარი ფიქრი ჩავთესე,
ხმელი ხორბალი ერია.
სიზმარშიც ამას ვდუდუნებ,
ღმერთო, მიცოცხლე ერია.

ციხემთა მარტყოფი
ჰასან ალი რაჰიმი


მთაო ციხეო, პაპის საფლავო,
გზა გამინათე, ჩემო ვარსკვლავო.
დიდი ხარ დიდი მაგარი გულით,
იცოცხლე მუდამ ქართული სულით.
შენ გაგონდება სისხლიანი ხმლის ხმა,
თვალწინ მოგიკლეს შენ ქართველი ძმა.
მხოლოდ მითხარი ცრემლიან თვალებით,
ვარდები როგორ დაჭრეს ხმალებით.
გმირების მთაო, ჩვენო სიმბოლო.
დამიფიცია მხოლოდ ვიბრძოლო.
ჩვენი ხარ მხოლოდ ჩვენთვის მღერიხარ,
ვიცი რომ ჩვენი მტრისა მტერი ხარ.



ფერეიდნელ ქართველთა ანდაზები
დამწერელი ჰოსეინ ყაფლანაშვილი (ყალანი)


1. ხარი რო ვერა ხნავს გინდა ერთ ქილა დაოთესე გინდა ასი ქილა;
2. მიწა რო მაგარი შაჰხდა ხარი ხარის თვალით დაინახავს;
3. ძალით გამოტევილ თაზია (ლეკვი) ნადირს არ დაიჭერს;
4. ქალს ევბნებ რო ზალმა გაიგოსო;
5. ვარიას თავის კერცხი უკირსო;
6. ცხვარი მუდამ ერთ მაყტლში არა რჩება;
7. ქაჩის შაშინებული დოს უბერავსო;
8. სომეხმა გადაგდო უღელი მოკლა კურდღელი;
9. არც მე ძროხა არც მეზობელს თხა;
10. ძალი რო დამეტდა პირაღმა მაჰხნავს;
11. დასმჩუს ნუ დაჩოფ დაჩოვლსაც ნუ მოკლოფ;
12. მოშუღარი ბიჭი მამას არ დუყურებს;
13. შიში მაჩევენა და გაქცევა გაჩენო;
14. წინათ კაწი მეორეს ხიდითო;
15. თუ დიდი არა გყავ დიდი ქუვას შეფარე;
16. დობურს (ჯიუტი თხა) დაყერვა არ უკმარა მუჯლუგუნიც უნდა ჭამოს;
17. ერთხელ მე ჩუბ დაბრუნებს რო კოჭლი თხა დაწინავრდეს მეცხვარე ცხვარებს;
18. მუტრუკი რო დედასაყე დაწინავდა გველი (მგელი) გაჰიხევს;
19. თუ კაკალი არა გუდათი;
20. ჯერ ხო არც ქილა რი და არც გუდა;
21. თარქა რო გორაც დაკავო დაკავდების;
22. წყარწყენამ თქვა რო მე რა მემერევისო ქერის პურმა დაკივლა მა მე სადა ვარო;
23. ვირი რო წიხლს გესრისო ფეხი არ უნდა მაჰჭრაო;
24. სომეხმა რო სოფელი უძაღლო ნახოს უჯოხო ივლისო;
25. მელას რო ჩონ საბძელში ბატყები დაუყრია ამ ჩონ ძაღლის გლახობით არიო;
26. ციცამ სადა და ყავრღი ჭამოსო;
27. ტალახსაყე მტერი ვის უნახავო;
28. ქორთოლსა ყე ცრემლი ვის უნახავსო;
29. თხას მიჰხედვენ და რძეს მაჰთხოვენ;
30. მოკდა ფური გარდაჰწყდა ხარმულობა;
31. ქურთი რო დაბერდა ნახირს გარეკინებენ;
32. გედაიას თელ პური არ ეჯერებისო;
33. ავდუჟავ თავზე დემეცემის დავდუჟავ ფეხზე დემეცემის;
34. კალთას მაჰხევს რო ხარშუვა გამაკეროს;
35. მეწისქვილე შიმშილით მოკდა ხალხი ამბობს ფაფის გახეთქილიაო;
36. მეხმარე რო მეგეხმარნენ;
37. ვერიავ ადამიანი სამ ხელ მაჰფსომს;
38. მორწყავის ჩიტი დამღონებელი არ არიო მას წუნწრუკელსა ჰკითხეთო;
39. მისაც ხარი არ დოკლავ ვერ დაჰკლავს;
40. აზიმანი სახტომსაყე არ ჩამოილენ და ხარებიც სახტომში ვერ ავლენ;
41. მე ძის ქილიდგან მოვდივარ და შენ მევბნები რო ფასტა არარიო.

თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ანდაზები



«ირანელ გურჯებს ახალი წელი დაუდგათ»

(ამ მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებ ჟურნალ «გზის» რედაქტორს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს)


      ბრძენ კაცს უთქვამს – სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. ფერეიდანში გადასახლებული ქართველებიც, ოთხი საუკუნის წინ, იძულებული გახდნენ, იქაური «ქუდი» დაეხურათ...
      მოგეხსენებათ, ისინი შაჰ-აბასის ურდოებმა ნახირივით წაასხეს და ე.წ. ბახტიარიის მთებში ჩაასახლეს. საოცარი კი ის არის, რომ უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ ოთხსაუკუნოვანი ცხოვრების შემდეგაც, იქაურმა ქართველებმა «დედის ენა» და ქართული სული შეინარჩუნეს ანუ, როგორც თავად ამბობენ – «ჩონ, ჩონი ენა და სისხლხორც სუფთად შავინახეთყე».
merabi

      «დედის ენის» არდავიწყებისათვის ერთ-ერთ მაგალითად, ფერეიდანში დასტამბული ის კალენდარიც გამოდგება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა.
      ახალ წელს – ნავრუზს – ირანში მარტის დამლევს ზეიმობენ. ეს დღესასწაული ჰიჯრით აღინიშნება. «ჰიჯრი» არაბულად «გაქცევას» ნიშნავს. ეს გაქცევა კი დაკავშირებულია ისლამის დამაარსებელ მოციქულ მუჰამედთან, რომელიც 621 წლის 21 მარტს მექიდან მედინაში გაიქცა. სწორედ ამ დღიდან იწყება მუსლიმანთა წელთაღრიცხვა.
      მოგეხსენებათ, ფერეიდნელი ქართველები, ისლამის აღმსარებლები არიან. ამდენად, ისინი ამ დღესასწაულს – «ახალ დღესაც» ზეიმობენ («ნავრუზი» – სიტყვასიტყვით: «ნავ» – ახალი, «რუზ» – დღე). ჩვენთვის კი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ფერეიდნელმა ქართველებმა წინასაახალწლო ზეიმისათვის წესად შემოიღეს ქართულ-ირანული კალენდრის გამოშვება.
      ეს კალენდარი ისეა შედგენილი, რომ თავად იქაურ ქართველობას უადვილებს წლების, თვეებისა და დღეების შედარება-შეჯერებას ქრისტიანულ კალენდართან. მაგალითად, «ქართული» ახალი წლის პირველი დღე – პირველი იანვარი, ჰიჯრის კალენდრის მიხედვით, ბეჰამინის თვის 21-ია.
      ახალი წელი კი იქ, 21 მარტს დაიწყო. ამასთან, ირანში 1385 წელი დადგა. კალენდარი, რომელსაც წარმოგიდგენთ, სწორედ წლევანდელი დღესასწაულისთვის გამოუშვეს.
      ეს კალენდარი იმითაცაა საინტერესო და აღსანიშნავი, რომ მის კიდეებზე დაბეჭდილია ქართული ანბანი, რომლის თითოეულ ასო-ბგერას სპარსული ასო-ბგერა აქვს თან დართული, ხოლო იმ ასო-ბგერების შემთხვევაში, რომლებსაც არ გააჩნია შესატყვისი (ც, ჭ, კ, წ, ტ, პ) მითითებულია, თუ როგორ უნდა გადმოიცეს სპარსულად.
      მკითხველი უთუოდ მიაქცევს ყურადღებას ორ ქართულენოვან წარწერას: «მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ვართ» და «ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა».


ნოდარ კოჭლაშვილი


ოთარ კიკნაძე – ირანის კალენდარი


      ამჟამად ირანში მოქმედებს მუსლიმანური მზის კალენდარი. ის დამყარებულია მზის ციკლზე და, როგორც სხვა მაჰმადიანურ ქვეყნებში, წელთაღრიცხვა იწყება ჰიჯრიდან, ანუ 622 წლიდან. ახალი წელი ირანში იწყება ბუნიობის დღიდან (21 ან 22 მარტი). აღნიშნული კალენდარი შემოღებულ იქნა მეჯლისის დადგენილებით 1925 წლიდან, რომელმაც შეცვალა არაბული მთვარის კალენდარი.
      პირველ ექვს თვეში 31 დღეა თითოეულში, მომდევნო ხუთ თვეში კი 30 დღე, ბოლო მეთორმეტე თვეში – 29, ხოლო ნაკიან წელიწადში – 30 დღე.

თვეების დასახელება თანამიმდევრობით:
ფარვარდინი (21 მარტი – 20 აპრილი)
ორდიბეჰეშთი (21 აპრილი – 20 მაისი)
ხორდადი (21 მაისი – 20 ივნისი)
თირი (22 ივნისი – 22 ივლისი)
მორდადი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
შაჰრივარი (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
მეჰრი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
აბანი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
აზარი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
დეი (22 დეკემბერი – 20 იანვარი)
ბაჰმანი (21 იანვარი – 19 თებერვალი)
ეშფანდი (20 თებერვალი – 20 მარტი)

დასვენების დღეა პარასკევი, კვირის დღეებია:

შაბათი – შამბე
კვირა – იექ-შამბე
ორშაბათი – დო-შამბე
სამშაბათი – სე-შამბე
ოთხშაბათი – ჩაჰარ-შამბე
ხუთშაბათი – ფანჯ-შამბე
პარასკევი – ჯომე.