«თანაფესვო»
ანუ წერილები «სამი საქართველოდან»
კვირის პალიტრა, 23-29 იანვარი, 2006


      უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ საუბარი სულ უფრო აქტუალური ხდება, თანამოძმეებისადმი გაღვივებული ინტერესი საზღვარს მიღმა დარჩენილ ქართველობას განსაკუთრებულ მხნეობასა და სითამამეს მატებს. ამ საკითხებზე მომავალში ალბათ უფრო ვრცლად დაიწერება და აღინუსხება, მაგრამ დღეს ნათქვამ სიტყვას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სწორედ დღეს ის პერიოდია, როცა ორივე მხარეს დარჩენილი თანამოძმეები თავიდან ვსწავლობთ ურთიერთის სიყვარულსა და გაცნობას. ამიტომ დღევანდელი ყოველი ფრაზა მომავალში უნიკალური ისტორიული ქრონიკა იქნება. სწორედ ამ მიზნით დღემდე უცნობ სამ ქართულ წერილს ვაქვეყნებთ, პირობითად ისინი «სამი საქართველოდანაა», რადგან ერთი ფერეიდანში დაიწერა, მეორე ირანიდან «გურჯისტანში» გაიგზავნა, მესამე კი ლაზეთიდან თბილისში ჩამოვიდა. მათი კომენტირება ალბათ ზედმეტია, წაკითხვისთანავე თავად მიხვდებით ავტორების განწყობას, სულისკვეთებასა და ქართველობას.


წერილი პირველი
გაგზავნილი ფერეიდნელი ქართველის მიერ თურქეთის ქართველისადმი.
დაიწერა 2004 წლის ივლისში.


      ძვირფასო ძმაო რეჯებ!
      გაუმარჯოს თურქეთის ყველა ქართველს!
      არ ვიცი როგორ გითხრა, რასა ვგრძნობდი და როგორ ვიყავი, როდესაც ვკითხულობდი შენს წერილსა. როგორც ფრინველი ზეცაში ფრინავდეს, ისე ვიყავ. ტყავში და ქერქში ვერ ვდგებოდი სიხარულით. თვალზე ცრემლი და გულში დარდი მქონდა. ნეტავ რატომ უნდა ძმები ასე შორს იყვნენ. ოცნებებმა და იმედებმა ტვინში აზიდა: შეიძლება კი ჩვენი შეხვედრა? ჰა, ღმერთო, როდის და სადა?
      ჩვენ აქ ვართ 400 წელია. 1616 წელს შაჰ-აბასმა თეიმურაზ მეფესთან და ლუარსაბთან ომში გაიმარჯვა და დაასახლა ბევრი ქართველი ირანში. ისინი მოვიდნენ ამ რაიონებში: მაზანდარანი, ფარაჰაბადი, ისფაჰანი, შირაზი, ხორასანი. მანდ რჯოლიც შეიქმნა ჩვენი მოჰამადიანი.
      ახლა კი ქართველები არიან აქნებში: ფერეიდუნ-შახრი (აქ 20000 ქართველია და არის ირანის ქართველების ცენტრი), ის არი 200 კილომეტრში ისპაჰანის დასავლეთში. აქ ყველაფერი ქართველებს უჭირავთ: გუბერნატორობა, ქალაქის საბჭო და არმია. ამ ქალაქის არემარეში პატარა სოფლებიც კი ქართულია: ჩოოგროთი (ჩემი დაბადების ადგილი), ვაშლოვანი, ჯაგჯაგი, ხოონგი, მიანდაშთი, აფოსი, დაშქასანი და ქალაქ ბოინი, ჩვენ ფერეიდუნ-შახრს ქართულად მარტყოფს ვეძახით. აქედან წასულან ქართველები ემიგრანტად: ისპაჰანში, ნაჯაფაბადში, თეირანში,. აქ ზოგს დავიწყნია ენა, მაგრამ უფრო მეტს არა. ბევრს უყვარს ქართული ენა და ერი. და ჩვენ არ გვინდა ისეთი ქართველი, რომელიც ადვილად დაივიწყებს თავისი წინაპრების ტანჯვას, ბრძოლას ენისა და ერისათვის.
      ჩვენ ახლა უკვე გვაქვს ქართული სკოლა, და ბავშვებს, ახალგაზრდებსა და დიდებს წერა-კითხვას ვასწავლით, მე კი ისტორიის მასწავლებელი ვარ.
      ჩვენ ყველანი ვართ შიიტი მოჰამადდიანი. ვიჭერთ ოოროსჯა რამაზანში, ვიკითხავთ ნამაზსა დროში, დღეში ხუთჯერ. გვაქვს ზექათი, ჰაჯი, ჯიჰადი და თქვენსავით პატივს ვცემთ მოჰამადს, მის ოჯახს და ალის შვილებს.
      ჩვენი სახელები ირანულია, მაგრამ ზოგს ჩოენებორად ქართული სახელი აქვს: კახა, არიელი, არსენა, ნიკო, ტარიელი, თედო, სოსო, ვახტანგი. ჩვენი გვარებია: მოოლინაუ, სეფიანი, ონიკაძე, იოსელიანი, მიქელანი, ბათვანი, ასლანი, გოგონანი, ფანიანი, ხოსიანი, აზიმანი, გალანი და ლაჩინანი.
      ჩვენ სახლში მუდამ ქართულად ვლაპარაკობთ, მაგრამ ბუნებრივია 400 წელი დაუკავშირებით დედა სამშობლოსთან ბევრი სიტყვები შეიცვალა. და ამ ნაირამ, რომ მე გიწერ წერილს ყველას არ შეუძლია საუბარი და ლაპარაკი.
      მაშ ჩვენი ენა არის ძველი, ქართული ხომ საინტერესო არის, თუ იცოდი, რომ ჩვენ, თქვენი და საქართველოს ენა-ანბანზე სამი ასოთი მეტი გვაქვს? ჩვენი ანბანი 36 არი. გასაოცარია? და გასაკვირველი? ჩვენ, ხელი, ხიდი, ხორცი, ხმალი ამ სიტყვების პირველ ასოს ძველებურად ვიტყვით, რომელიც მაშინ იყო საქართველოში და ახლა არ არის. იცოდი? თუ ჩვენი კავშირი გაგრძელდება და ღმერთიც მოგვეშველების, ბევრ გასაოცარ რამეს დაგიწერ ჩვენზე, თანაფესვო.
      ჩვენი ადათ წესები ირანულ-ქართულ-ისლამურია. ჩვენ ვიცით დამზრახება. აბა თქვენ თუ იცით, ის ქალთა რანაირი წესია? ჩვენ ახალ წელს ვიცით მენკლობა, თქვენ იცით, ის რომელი ქართული წესია? ჩვენ ქორწინებაზე ავიღებთ ხმალს. თქვენ?
      ჩვენ გვაქვს საკუთარი ისტორია, ჩვენს მამებს ხომ ბევრი ბრძოლა და ტანჯვა ჰქონიათ.
      ჩვენი სახელგანთქმული კაცები არიან: ალავერდი ხან უნდილაძე, შაჰ აბასის დიდი სარდალი და მისი მარჯვენა ხელი. მას თქვენ კარგად იცნობთ იმიტომ რომ ირან-ოსმალეთის ომში ბევრჯერ იყო. მან ბევრი საქმე გააკეთა. ისპაჰანში ააშენა დიდი, 33 თაღიანი ხიდი 33 ქართული ასოს სახსოვრად.
      ძმაო, ახლა არის საათი დილის სამი და არ დამიძინია, გულში ვერ გთმობ, გულში ვერ გთმობ-მეთქი და ამიტომ კიდევ გამოგიგზავნი ბევრ წერილსა და სურათს.
      შენი თანაფესვი, სამუდამო ძმა ირანის ფერეიდუნშახრის ქართველობიდან.


წერილი მეორე
ირანელი ქართველის წერილი საქართველოს პრეზიდენტს.
2004 წელი. ფერეიდანი.


      დიდება ქართველ ერს!
      ჩვენო ძვირფასო მიშა, კეთილი იყოს შენი ჩამოსვლა ჩვენთან. ჩვენ დიდი იმედები გვაქვს შენზე. ეს გზა რომელიც შენ 2 საათის მანძილზე გადმოიარე, აი ამ გზაზე ოთხასი წლის წინ შენი და ჩემი წინაპრები უამრავი თვის მანძილზე ცემით და ტყეპით, ცხელ დღეებსა და შავ ღამეებში ჩამოათრიეს. ჩამოათრიეს ჩვილი ქართველები, ყმაწვილი ქალები, ორსული დედები და ბერიკაცები. მოხუცები და ჩვილები მელიებს შეაჭმევინეს, ლამაზი მზისუნახავი გოგოები ჰარამხანებში დაირიგეს, კაცები კი ცხვარზე და თხაზე მიცვალ-მოცვალეს.
      იმ უნამუსო შახმა და მისმა თავადებმა ის ხალხი ისე აშიმშილეს, რომ რჯული დაუკარგეს, მაგრამ ენას ვერა მოუგონეს. თითქოს ქართველობა მოსპეს და ამოაგდეს, მაგრამ იმ თავდადებული ხალხის სისხლისგან ქართველობამ მაინც ინერგა და უფრო ძლიერი ქართველობა გაიზარდა...
      ჩემო ძმაო და შვილო, ბევრი რამ სატირალი ნათქვამი მაქვს, ნეტავ ახლო მენახე და შუბლი დამედო შენ გულისპირზე და ოთხასი წლის ტკივილისა და სევდის ცრემლი დამეღვარა შენ კალთაში იმიტომ, რომ შენ შეგიძლია გამიგო და იგრძნო რა მიჭირს და რამდენი თაობის ტანჯვა მქონია გარდასული. შენ იმიტომ გეძახი რომ, მომისმენია რაც გითქვამს წვიმიან ცივ ღამეებში რუსთაველზე, აჭარის სოფლებში. იმიტომ, რომ ირანში ჩამოსულა სტალინიც და შევარდნაძეც, მაგრამ მათთვის ჩვენ ქართველობას მნიშვნელობა არა ჰქონია. მე მინდოდა აქ შენმა მოსვლამ ბევრი რამ შესცვალოს. 4 საუკუნეა ირანში გადმოსახლებულ ქართველს თავის სამშობლოში დაბრუნება ენატრება, ამიტომ ძვირფასო ძმაო, მე მინდა ჩვენი ხალხის მიმოსვლა ადვილად შესაძლებელი გახდეს, ვინ იცის, კაი ძმები თუ არა, იქნებ ერთმანეთის კაი მეგობრები ან მეზობლები გავხდეთ.


წერილი მესამე
გაგზავნილი ლაზის მიერ თბილისელ მეგობართან.
2005 წელი.
(თარგმანი ლაზურიდან თ. კალანდიასი)


      გაიხარე ძმაო!
      შენი წერილი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე.
      არ ვიცი, რით გაგახარო, ვფიქრობდი, რო გასულმა წელმა მნიშვნელოვანი საქმეების გარეშე ჩაიარა, მაგრამ შენმა წერილმა მიმახვედრა, ასე რომ არ ყოფილა სინამდვილეში.
      ჩვენ ოდესღაც ერთმანეთს იძულებით დაშორებულთა შვილები ვართ. ჩვენი ისტორია სისხლიანი და მძიმეა, მაგრამ მომავალი ასეთი არ უნდა იყოს. ჩვენ ხომ, მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე მოვედით. ერთმანეთზე აქამდეც ვფიქრობდით, მაგრამ ახლა ერთმანეთის სიყვარულითა ვართ სავსე, დროა წარსულზე დარდი მოვიკლათ, მზით განათებულ დღეებში შევიკრიბოთ და ვისაუბროთ.
      მეც შენებრ ვფიქრობ, ერთმანეთისთვის, ჩვენი მეგობრობის მომავლისთვის, თუ სულიერად ერთად დავდგებით, ბევრ კარგ საქმეს შევძლებთ.
      ქართველო, სისხლო და ხორცო ჩემო! მე ძმა ვარ თქვენი, თქვენი უსაზღვრო სიყვარულით გულსავსე! ერთმანეთისაგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ და სულიერი ერთობის პირველი კედელი ავაშენოთ!
      ღმერთმა გაგაძლიეროთ!


წერილები შეაგროვეს
და გამოსაცემად მოამზადეს
გიორგი კალანდიამ და ბუბა კუდავამ