გიორგი ამუზაშვილი − სოფელი აკურა



        აკურა კახეთის ძველი სოფელია, რომელიც დაშორებულია 16 კილომეტრით ქალაქ თელავს. სოფელი გაშენებულია თელავიდან თბილისისაკენ მიმავალი ავტომაგისტრალის ორივე მხარეს ვანთისხევსა და აკურის ხევს შორის.
        დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე აკურელები ცხოვრობდნენ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლა ისინი ნამოსახლარებს ეძახიან. დღეს რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. დღევანდელ ნამოსახლარში ცხოვრების დროს სოფელს ვანთის ხევის მხარეს ძველი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და სასაფლაო ჰქონდა. იმ ადგილს შუასოფელი ეწოდებოდა.




        აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად აკურა კიდევ უფრო ზემოთ აკურის ხევის სათავის ახლო ნახიზნარში მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი: ნაკალოები, რომელსაც ახლაც ნაკალოვრებს ეძახიან, იქვეა ნამარნები, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ. ნამარნების ახლო-მახლო შემორჩენილია საწნახელები და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა, ერთი ვარიანტით იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან, ბატონებისგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულებში იმალებოდნენ. გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და იმალებოდა ქონება. გადმოცემის არც ერთისა და არც მეორე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობიდან გამორიცხული, გარდა ამისა ზოგიერთი ცნობის უყურადღებოდ დატოვება მაინც არ შეიძლება. მთხრობელთა გადმოცემით ნახიზნარში ერთ ადგილს „ჭიჭიას ნაბოსტნები“ ეწოდება.
        სოფელი აკურა მოიხსენება IX საუკუნეში, როგორც საეკლესიო სოფლად, დღემდე შემორჩენილია სამნავიანი ბაზილიკური სტილის ეკლესია, რომელიც აუშენებია წმინდა საკვირველმოქმედ მამას ილარიონ ქართველს, თავისი დედისა და დისთვის, დაუარსებია მონასტერი და შეუწირავს მრავალი სოფელი და დიდძალი ქონება.
        ეს მონასტერი იყო აშენებული 855 წელს წმ. მამის დავით გარეჯელის სახელზე, აკურის მონასტერი დავით გარეჯისათვის თანატოლი ადგილობრივი ეკონომიკურ-სამეურნეო ბაზა იყო საბატონო მეურნეობიდან თუ ყმათა ბეგარებიდან შემოსავლების დასაბინავებლად და სხვა.
        უამრავი შემოსევების მოწმეა სოფელი აკურა, განსაკუთრებით შაჰ-აბასის შემოსევა, რომლის დროსაც აჰყარეს ძირძველი მოსახლეობა და სპარსეთში გადაასახლეს. თუ მოვიშველიებთ ისტორიულ წყაროებს, ზურაბ ჭიჭინაძის წიგნს „ქართველები სპარსეთში“ სადაც წერია: „ისპაანის ჩრდილოეთ დასავლეთისაკენ, ქალაქ შირაზის მახლობლად, ხუთი დღის სავალზე, ყულევის წყლის ხეობაზე მდებარეობს ქართველებით დასახლებული სოფლები, სადაც შემორჩენილი აქვთ ქართული ენა. ამ სოფლების რიცხვს მიეკუთვნება: ზემო აკურა – 30 კომლი, ქვემო აკურა – 20 კომლი“. ვფიქრობ, ეს ჩემი ნაშრომი მათთან მიაღწევს, დაინტერესდებიან და გამოთქვამენ სურვილს, თუ როგორ მოხდეს ორმხრივი დამეგობრება და ურთიერთდახმარება, რადგანაც ჩვენ ხომ ერთი საერთო უძველესი წინაპრების ნაკვალევი გვაკავშირებს.





        ახლა შევეცდები, მოკლედ გაგაცნოთ სოფელი აკურა გასაბჭოებამდე და მის შემდგომ, დღევანდელობამდე.
        1886 წლის სტატისტიკური აღწერის მასალებიდან ჩანს, რომ აკურა იმ დროის პირობაზე დიდი სოფელი ყოფილა, ეთნოგრაფიული მასალები გვიჩვენებს, რომ აკურის მოსახლეობის ზრდა განპირობებული იყო ძირითადად სხვა მხარეებიდან ჩამოსახლებულთა ხარჯზე, რაც ნათლად ჩანს დღევანდელ პირობებში შემორჩენილი გვარებით: მახათაძე, მოდებაძე, ქარსელაძე, კუპატაძე, სირაძე, ჩალაძე, კირვალიძე, ხმიადაშვილი, ამუზაშვილი და სხვა.
        აკურაში მოსახლე გვარებიდან გამოყოფენ ძირეულ გვარებს: ქევხიშვილებს, ჭოტორლიშვილებს, ჭურღულაშვილებს, ბაღათრიშვილებს, ელიზბარაშვილებს, თაყაიშვილებს, ხატიაშვილებს, შოშიაშვილებს, ბლუიშვილებს და სხვა. მასალების შესწავლის შედეგად საყურადღებოა, რომ აკურის თითქმის ყველა ძირეული გვარი, რომელთა გადმოსახლების შესახებაც კი არის შემონახული გადმოცემა, ქართლიდან კერძოდ „მცხეთიდან“ არის გადმოსული, „მცხეთაში“ იგულისხმება არა საკუთრივ მცხეთა, არამედ მისი მახლობელი სოფლები.
        გასაბჭოებამდე 1886 წლის სტატისტიკური მონაცემებით აკურაში ცხოვრობდა 278 კომლი 1612 მცხოვრებით. აქედან 12 კაცი და 10 ქალი მართლმადიდებლური სასულიერო წოდების. სოფელზე ირიცხებოდა 1591 დესეტინა ნაწყალობელი მიწა, რომლის იურიდიულ მფლობელად წარმოადგენდა მონასტერი, მას არ შეეძლო საეკლესიო ქონების გაყიდვა-გასხვისება. მაგრამ მოხდა ისტორიაში უპრეცენდენტო მოვლენა და უღმერთო კომუნისტებმა მოახდინეს ეკლესია-მონასტრების გაძარცვა-გაპარტახება, ყოველგვარი სიმდიდრის ჩამორთმევა, მიუხედავად მრავალი პოლიტიკური ძვრებისა, პრივატიზაციის სახით მოხდა საეკლესიო მამულების გაყოფა-გასხვისება. საფრთხე ექმნება უძვირფასესი ტყის განადგურებას, სადაც მოხუცების გადმოცემით ერთი ხის მოჭრასაც კი დანაშაულად მიიჩნევდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ღმერთისგან დაისჯებოდნენ.
        ამჟამად გაჩანაგებულია ეკლესიის გარშემო ე.წ.“ნამოსახლარში“ ტყის მასივი, გაყიდულია მიწები, უსახსრობის გამო ვერ მუშავდება მიწის ნაკვეთები, დაღუპვის გზაზეა სოფლის მეურნეობა, რაც ნამდვილად არ შეეფერება უძველესი ტრადიციების მქონე სოფელს, სადაც თითოეული გოჯი მიზნობრივად მუშავდებოდა. განვითარებული იყო უძველესი დარგები: მეაბრეშუმეობა, მეღვინეობა, მეხილეობა, მებოსტნეობა, მემინდვრეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა.
        სურსათ-სანოვაგით მარაგდებოდა: დავით გარეჯის მამათა მონასტერი, სვეტიცხოველი და სიონი. ჭარბი პროდუქცია გადიოდა საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე დროა დავფიქრდეთ, სანამ კიდევ რაღაცის გადარჩენის ნაპერწკალია. აუცილებელია გავითვალისწინოთ და გავისისხლხორცოთ ჩვენი წინაპრების გამოცდილება, თუ ისინი ხმლით და ხის კავით ხელში ახერხებდნენ სოფლის მეურნეობის ეკონომიკის გაძლიერებას, მაშინ ჩვენ რაღა დაგვემართა? პასუხი ერთია – ურწმუნოება! დიახ, ყველას ვალია შემოვბრუნდეთ სარწმუნოებისაკენ, აღვადგინოთ ეკლესია-მონასტრები, საეკლესიო მეურნეობა, მხურვალე ლოცვით, უფლის შეწევნით და მუყაითი შრომით შევძლებთ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა.

მკვლევარი გიორგი ამუზაშვილი



აკურის ეკლესიის მოხატულობა


წიგნიდან ტ.ს. შევიაკოვა. „საქართველოს ადრეული შუასაუკუნეების
მონუმენტური მხატვრობა“, თბილისი, გამომც. „ხელოვნება“, 1983 წ.


        ამ ადრეული პერიოდის (VIII – IX საუკუნეები) ფერწერის მესამე ძეგლია წმიდა დავით გარეჯელის პატივად აგებული სამნავიანი ბაზილიკის აღმოსავლეთის ფასადის გარე მოხატულობა კახეთის სოფელ აკურაში (წარსულში – დავით გარეჯის ლავრის მეტოქიონი). ეს ტაძარი 855 წელს აუშენებია თავისი დედისა და დისათვის IX საუკუნის გამოჩენილ მოღვაწეს ილარიონ ქართველს (იხ. გ. ნ. ჩუბინაშვილი. კახეთის არქიტექტურა, გვ. 121). აღმოსავლეთის ფასადზე, კედლის კურტნის (ვიმპერგის) ქვეშ, ცენტრში დიდი ქვებისაგან ლილვაკებისებურადაა გამოყვანილი დიდი წრე, რომელიც კედლის დეკორის შემადგენლობაში შედის. წრის ცენტრში არის ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი, უნიმბოდ – ისევე, როგორც სოფელ თელოვანში; გარშემო, დისკოს მინდვრებზე, დიაგონალურად, გამოსახულია ოთხი ანგელოზი, მომთავრულნი (ერთი მოსმით მოხატულნი) და ამიტომ დახატულნი უფრთებოდ. მათ შორის და საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორიშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. ეს, თავისი სტილით სრულიად უნიკალური, კომპოზიცია, ეჭვსგარეშეა, განეკუთვნება IX საუკუნის შუა წლებს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს წრე სოლარული (მზისეული) ნიშანია, დაკავშირებული ასტრალურ კულტთან. (მზე, პირველ ყოვლისა, არის ქრისტეს ეპითეტი, როგორც წინასწარმეტყველი მალაქია ამბობს („და აღმოგვიბრწყინდეს ჩვენ მზე სიმართლისა“-ო – მალაქ. 4, 2: – გ. ამუზაშვილი). ღირსშესანიშნავია, რომ გამოსახულება მიმართულია აღმოსავლეთისაკენ. ყოველ შემთხვევაში ფავნისის (ქართლი) X საუკუნის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლების მხარეს, მოცემულია ორი სოლარული (მზისებრი) ნიშნის სხვადასხვა გამოსახულება, ხოლო ზემოთ, კედლის კურტნის ქვეშ – გველისებრი ურჩხული შთანთქმას უპირებს მრგვალ სხეულს. წირჴოლის (ქსნის ხეობა) IX საუკუნის კარიბჭეში, დასავლეთის შესასვლელი კარის თავზე ინტერიერში გამოსახულია ბორბალი ადამიანის სახით ცენტრში, – ალბათ, ასევე სოლარული ნიშანი (ფერწერა განეკუთვნება X საუკუნეს).



        სტილისტურად აკურას (ეკლესიის მოხატულობის) სახეებს თავისი ინდივიდუალური ხასიათი აქვთ, ისინი ვარდის ფერისანი იყვნენ. ეს ფერი მხოლოდ ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია) შეღრმავებული. პირისახეთა ფრონტალურობა ისე მკაფიოდ არ არის გამოხატული, როგორც არმაზში, და ნახატიც ნაკლებად მტკიცე და მყარია, იგი რამდენადმე დანაწევრებულია და გარკვეულწილად ჩამოჰგავს 940 წლის ქართული ჯრუჭის სახარების მინიატურებში მოცემულ ნახატს. მარჯვენა მხარეს გამოსახული ანგელოზის ყელის ფორმასა და თმების გამოხატვის ხასიათში ელინიზმის ზოგიერთი ნიშნები იგრძნობა. აკურის ტაძრის ინტერიერი ადრეულ ხანებში, ეტყობა, არ იყო მოხატული.



ფოტო-გალერეა
მკვლევარი გიორგი ამუზაშვილი




აკროსტიკი

-კურა – ძველო სოფელო,
-ურთხეულ კახეთისაო,
-ფლისგან გერგო მთა-ბარი
-წმენა გაქვს სამებისაო,
-ხარე ბაღ-ვენახები,
-აუფლო სიწმინდისაო!

მარიამ-ცინარი ხმიადაშვილი
2009 წლის ქრისტეშობისთვე