აკაკი გელაშვილი – ერეკლე II


   

პორტრეტისათვის

      პორტრეტიდან ვაჟკაცური მზერით საშუალო ასაკის ჩაფიქრებული მამაკაცი შემოგვცქერის. რაც უფრო დიდხანს აკვირდები, მით უფრო გიჭირს მისი ხასიათის ამოცნობა. ისედაც ცოტა უცნაურად მოსჩანს: თავზე ირანელი დიდგვაროვანის ჩალმა ახურავს, გულზე კი რუსეთის იმპერიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენი აქვს დაბნეული. თვითონაც დაბნეულად გამოიყურება – საოცრად მეტყველი, ერთდროულად ამაყი და სევდიანი თვალები აქვს. თითქოს რაღაცის შენდობას, პატიებას გთხოვს.
      ეს კაცი ბაგრატიონთა სამეფო დინასტიიდან ყველაზე ხანგრძლივი დროის მონარქი, საქართველოს ერთ-ერთი ბოლო მეფე ერეკლე II-ა, რომელსაც უცნაური და ურთულესი ცხოვრების გადატანა მოუხდა.
      მას შესცქეროდნენ თანამედროვენი იმედის თვალით, მისგან ელოდნენ ქვეყნისა და ხალხის გადარჩენას, ამიტომაც სიცოცხლეშივე ღვთიური ძალა შესძინეს, ასეულობით ლექსი, ლეგენდა, მოთხრობა, რომანი, ოპერა შეუქმნეს. და მარტო საკუთარმა ხალხმა კი არა, დიდმა და შორეულმა ლუდვიგ ბეთჰოვენმაც კი მიუძღვნა ლეგენდარული სიმფონია...
      თვითონ მას კი არაფერი დაუწერია. არც საკუთარი თავის სადიდებლად და არც სინანულის გალობად. ჩუმად, უსიტყვოდ წავიდა ამ ქვეყნიდან. წავიდა ნაომარი და დარდიანი, ერთდროულად გამარჟვებული და დამარცხებული. თუმცა, ერმა ბოლომდე არ გაუშვა მარადიულ სასუფეველში და თითქოს ისევ საკუთარი ღირსებისა თუ ნაკლოვანებათა განზომილებისთვის მარად გაწირა შთამომავლობისა და ისტორიის სამსჯავროს წინაშე სადგომად.
      – და არა მარტო პორტრეტისათვის
      თანამედროვეობისათვის ერეკლეს ორი სურათია ცნობილი, რომელთა შემონახვაშიც უდიდესი როლი მიუძღვის პირველ ქართველ ფოტოგრაფს ალექსანდრე როინიშვილს, კაცს, რომელსაც როგორც ილია ამბობდა "გულში ეჯდა პატიოსანი გრძნობა, რომელიც მშობელი გარჯისა და მხნეობისა და იქა ჰსადგურობს, საცა უბრალო, უანგარო და პატიოსანი გულია". სწორედ ამაგდარ კაცს 1881 წელს დაღესტანში მოუძევებია, გადმოუხატია და გადაუღია ერეკლეს ორი სურათი. ერთი, რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი, მეფის თანამედროვე უცნობი იტალიელი მხატვრის მიერაა შესრულებული. ეს ფოტო როინიშვილს გაუმრავლებია და 1895 წელს კრწანისის ტრაგედიის ასი წლისთავზე თბილისში ჩამოსული თუშ-ფშავ-ხევსურებისათვის დაურიგებია. მეორე ფოტო კი პატარა კახის მცირეწლოვანებას ასახავს. თან როგორ ასახავს! გასაოცარი სილამაზის, ვაჟკაცური გარეგნობის პატარა ბიჭის ანთებულ თვალებსა და აზიდულ წარბებში უკვე იგრძნობა მომავალი მეფის ძალა და სიდიადე...
      ერთი და იგივე პიროვნების ამ ორი ფოტოს შორის პერიოდზე გვექნება ამ წიგნში საუბარი.
      ეს წიგნი არ გახლავთ ერეკლე II ღვაწლისა და ცხოვრების სრული მეცნიერული აღწერა. შესაძლოა, რომელიმე თქვენგანმა მომავალში მოინდომოს კიდეც ამ დიდი საქმის შეჭიდება, რაც აუცილებლად წაადგება ლეგენდარული მეფის საქმეთა სრულად აღწერასა და წარმოჩენას. თუმცა, საამისოდ ბევრი შრომა მოგიწევთ, თანაც ზედაპირული კი არა საფუძვლიანი, სისხლხორცეული, მიუკერძოვებელი და ჭეშმარიტებასთან მაქსიმალურად მიახლოვებული. ჩვენის მხრივ კი მეფის შვილიშვილის, ალ. ორბელიანის რჩევას გაგიმეორებთ:
      “თუ ვინმემ მოინდომოს ირაკლი მეორის ისტორიის დაწერა, ღვთის გულისთვის ისე ადვილად ნუ შეუდგები იმის დაწერასა, მინამ კარგად არ გამოიკითხო, მინამ სრული ფაქტები ხელში არ ჩაიგდო ნუ დასწერ... მაგრამ მართალი კაცი კი უნდა იყო, ვინც მეფის ისტორიას დასწერ, თორემ თუ არ თუალმიხედვით დაიწყე წერა, სხვების სასიამოვნოდ, აღარ ევარგები და შენს ისტორიას ქარი მიიტაცებს მტვერსავით”.…
      – მშობლები, და-ძმა
      ერეკლე II მამა კახთა მეფის დავით II (იმამყული-ხანი) მემკვიდრის თეიმურაზ II-სა და ქართლის დიდი მეფის ვახტანგ VI ასულის თამარის ვაჟი იყო, ამით ის აკავშირებდა ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს, რაც მომავალ მეფეს ორ ტახტზე პრეტენზიის გაცხადების უფლებას აძლევდა.
      ერეკლე მშობლებისათვის პირველი ვაჟიშვილი იყო. მათ აგრეთვე ჰყავდათ სამი ქალიშვილი. მათგან უფროსი, ელისაბედი თავდაპირველად დიმიტრი ამილახვარს ჰყავდა ცოლად. მერე კი როცა მეფის ოჯახმა შეიტყო ამილახვრის საჭურისობა, ელისაბედი დიდი მზითევით კაცია დადიანს გაატანეს. მეორე ქალიშვილი, ქეთევანი ცოლად ჰყავდა ირანის შაჰის ტახტის მაძიებელ ალიყული-ხან ყაენს, იგივე ალი შადეს. ერეკლეს მესამე და ანა ბატონიშვილი კი დავით ორბელიანის მეუღლე იყო.
      – პატარა უფლისწული
      ქართლ-კახეთის მომავალი მეფე ერეკლე II დაიბადა თელავის სასახლეში 1720 წლის 7 ნოემბერს.


 

      დალხენილ ქვეყანაში მეფის მემკვიდრის დაბადება მის მომავალ კეთილდღეობასა და დიდებას უკავშირდება. მაგრამ საქართველო არ იყო დალხენილი ქვეყანა და ურთულეს საგარეო თუ საშინაო წინააღმდეგობაში მოქცეულ, დიდი და მცირე ომებით გატანჯულ, შემცირებულ და შეთხელებულ ქვეყანაში მეფობაც მძიმე ხვედრად გადაქცეულიყო.
      არავინ იცის, რას ფიქრობდა მაშინ კახეთის მეფე თეიმურაზი. ან კი რაზე უნდა ეფიქრა? ალბათ, ახლადშობილი უფლისწულის ბედზე ფიქრობდა... რა ელოდა, რა ბრძოლები... წინააღმდეგობები, მძევლობა, გამარჯვება თუ დამარცხება. ან მის ხელსა და მეფობაში რა მოელოდა თავად ქვეყანას, რომელიც, ისტორიის ურთულეს გადასასვლელზე უნდა გაეტარებინა მის უფროს ვაჟიშვილს...
      ერთი ღმერთმა და განგებამ უწყოდა, რომ გავიდოდა დრო და პატარა უფლისწული უკიდურესად გაჭირვებული და შემცირებული, მორალურად დათრგუნული და კიდევ უარესის მოლოდინში ჩავარდნილი ერის სასოდ და იმედად იქცეოდა, უდიდესი საბრძოლო ნიჭისა და გაბედულების წყალობით მისი სახელი საქართველოს საზღვრებს გასცდებოდა, გმირობის, უკვდავების, გაუტეხელობის სიმბოლოდ ჩამოიქნებოდა. თუმცა, საამისოდ ურთულესი ცხოვრების გადატანა მოუხდებოდა; მუდამ გამარჯვებისაკენ მიზანსწრაფულსა და მოწოდებულს სხვისთვის დაფარული ცრემლი და ვარამიც არ მოაკლდებოდა, თავისი ცხოვრებით თავისავე ქვეყანას დამსგავსებული, მასთან ერთად იღვაწებდა, იბრძოლებდა, ეწამებოდა და ბოლოს მასთან ერთად ჩაიწვებოდა, ჩაიფერფლებოდა... სიკვდილის შემდეგაც ვერ მოისვენებდა და მისი სახელი და საქმენი მისსავე სათაყვანო ერში საკამათო გახდებოდა...
      იქამდე კი პატარა უფლისწულს გზა ჰქონდა გასავლელი, წინ ურთულესი XVIII საუკუნე იდო...
      – XVIII საუკუნე
      XVIII საუკუნე კიდევ ერთი უმძიმესი პერიოდი იყო საქართველოს ისტორიაში. მუდმივი ომებით დასუსტებული, დაქუცმაცებული, გამეჩხერებული, მორალურად და ფიზიკურად უკიდურესად დასუსტებული, მსოფლიო ფუნქციური რუკიდან ამოვარდნილი ქვეყანა, კარგა ხანი იყო, ფეხს ვეღარ უწყობდა მოვლენებს და ყველასაგან მიტოვებული და განწირული ირანისა და თურქეთის უცილობელ ლუკმად გადადებულიყო.
      უმძიმესი დრო იყო... სპარს-ოსმალთა მიერ ნაიავარყოფ სულისმძაფრავ ქვეყანას ყველა რჯულისა და მოდგმის მოძალადე მოსდებოდა, „აოხრებდნენ ქართლ-კახეთს და უფროსად სომხით-საბარათიანოს და ესრეთ ააოხრეს, რომელ არრა იპოვებოდა შენობა ქართლსა შინა თვინიერ ციხეთა და სიმაგრეთა კიდე“...
      არადა, განადგურების პირას მისულ საქართველოში უცნაური, ძნელად დასაჯერებელი და გასაოცარი ამბები მოდიოდა. მოგზაურები, მისიონერები, ვაჭრები, ხელოსნები საოცრებებს აღწერდნენ: ევროპაში ბატონყმობა თითქმის აღარ იყო, ჩხოვრების წესიც რადიკალურად შეცვლილიყო. ერთმანეთს მისდევდა გადატრიალებები პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, კულტურაში... ესეც აღარ აკმაყოფილებდათ, უცნაურ იარაღებს, ინსტრუმენტებსა და მანქანებს ქმნიდნენ, ცას ეპოტინებოდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ, მოგზაურობდნენ, ახალ-ახალ გასართობებს იგონებდნენ და სულაც არ ფიქრობდნენ იმაზე, რომ სადღაც ათასეული ვერსის იქით, კავკასიის ფერხთქვეშ მდებარე გასაოცარი სილამაზის მქონე, პატარა ქვეყანაში ხალხს გართობა კი არა, არსებობა გახდენოდა სანატრელი.
      მტერს დრო ეხელთა. გატანჯული ქვეყანა „ილეკებოდა“, „ოსდებოდა“, იშლებოდა და ნადგურდებოდა...
      – მამაცთა შორის საკვირველება, პატარა კახი, მეფე ერეკლე
      ქართლ-კახეთში სიცილი არ ისმოდა, რადგან აღარავის ეცინებოდა. ბავშვები ადრე კაცდებოდნენ, დინჯები, ჩაფიქრებულები გამხდარიყვნენ, ოჯახური პრობლემებით, შიმშილით, სიცივით, ავადმყოფობით გადაღლილებისთვის ცხოვრების მთავარ მიზნად გადარჩენა გადაქცეულიყო.
      ყველაზე შავ დღეში სამეფო კარი იყო, რადგან მას გაცილებით დიდი მიზანი და როლი ეკისრებოდა, რადგან საკუთარი თავის გარდა ერი ჰყავდათ გადასარჩენი.
      ურთულესი დრო იდგა. არავინ იყო დაცული და თეიმურაზიც კი იძულებული გახდა, ოჯახი ფშავში გაეხიზნა და ამით დაეცვა თავისი შვილების სიცოცხლე და უსაფრთხოება.
      სწორედ აქ იგრძნო ერეკლემ თავი პირველად თავისი ხალხის შვილად და განუყოფელ ნაწილად. აქ შეითვისა მშრომელი და გონიერი ხალხის ზნე და ხასიათი, მათი პრობლემები, გაითავისა მათი გასაჭირი და ოცნებები.
      ხალხმაც შეითვისა და შეიყვარა მომავალი მეფე, რომელსაც სიყვარულით „პატარა კახი უწოდა“. ამ შემთხვევაში „პატარა“ სულაც არ აღნიშნავდა მეფის თანმომცრობას, იგი უფრო სიყვარულითა და ალერსით იყო გამოხატული და მის მშობელ ხალხთან სიახლოვეს უსვამდა ხაზს.
      „ავი დრო იყო, ყოველდღე სრულად დამხობას ველოდით, ლეკთაგან აკლებასა. საქართველოს სრულად დაჭერასა. კარგი არაფერი ჩანდა რა მეფის ჭკუისა და ღვთის მიწოლის გარეშე.“
      მალე ამ იმედის გამართლებად მთელ ქვეყანას მოედო ერეკლეს სიმამაცის, ვაჟკაცობის, გონიერებისა და სიკეთის გასაოცარი ამბები. ნანახს გაგონილი მიამატეს, გაგონილს – მოგონილი და თავისავე ნუგეშად და იმედად შექმნეს მეფე, როგორიც მათ სურდათ, მეფე მეომარი, მეფე დიპლომატი, მეფე ქველმოქმედი და ამშენებელი, ზუსტად ისეთი, როგორიც ხალხსა და ერს, მათ გადარჩენასა და გაძლიერებას სჭირდებოდა. ეს მითები პირველებმა სწორედ ფშავლებმა შექმნეს. შექმნეს და მთელს ქვეყანას იმედიანი სიხარულით აუწყეს:
                  „ბატონიშვილს ერეკლესა,
                  ირმის ძუძუ უწოვნია,
                  წყალი უსვამს ალგეთისა,
                  თრიალეთში უძოვნია“.
      ესეც არ იკმარეს. ერთხელ ჩასახული იმედის გასამძაფრებლად მითიურ სამოსელში გახვიეს. ღმერთის ხელდასმულად დასახეს, მასთან თავიანთ შუამავლად აქციეს. ადიდებდნენ, მართალ, შეუმცდარ და უძლეველ ქომაგად წარმოაჩენდნენ, რადგან იცოდნენ, რომ სწორედ მასსა და მის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული მათი პატარა და სვეგამწარებული ქვეყნის ბედი. „ერეკლემ ხმალი წინ დაიდვის და ისიც თავისთავად შემოერტყმისო... როცა ლოცვაზე დადგება, ხმალს მზის შუქზე დაჰკიდებს და ლოცვას რომ გაათავებს, იმ სხივისგან ისევ აიღებს ხმალსაო“.
      ხალხმა განსაკუთრებული ძალა მიანიჭა მეფის იარაღს. დაუმარცხებლობისა და იმედის სიმბოლოდ აღიქვა იგი, რომელიც მის ხელში ერთდროულად ჯვარიც იყო და მახვილიც. „მე ვარ ავი მუსაიფი კახთ ბატონის ერეკლისაო“ – გარეშე თუ შინაურ მტერს ამცნობდა მისი წარწერა... და ისიც ნელ-ნელა იწყებდა მუქარის ასრულებას.
      განსაკუთრებულ აღტაცებასა და იმედს ხალხში მეფის ხმალი იწვევდა, რომელიც მათივე გადმოცემებით ან ფრანგულია, ან ხევსურეთშია ნაჭედი, მაგრამ ყველა შემთხვევაში მეფის გამზრდელ თუშეთშია „ნაფერი“ და ერეკლეს მიერაა ნაკურთხი და ჯვარდაწერილი:
                  „ხრმალო ხევსურეთს ნადებო,
                  ალვანში თუშმა დაგფერა,
                  გაკურთხა მეფე ერეკლემ
                  საომრად ჯვარი დაგწერა“.
      ერეკლეც ადამიანივით ექცეოდა თავის ხმალს, რომლის არსსაც მისივე წარწერა გამოხატავდა: „მე ხმალი ვარ მონად და ანგელოზი უმაღლესი მთავარსარდლის ერეკლეს თანამგზავრი“. ხალხის თვალში იგი ჯადოსნურია. მას პატრონი როგორც კაცს ისე ესაუბრება და ხმალიც, თუ ხასიათზეა, პასუხებს იძლევა კიდეც:
                  „ერეკლემ შემოუტია
                  ამ თავის გორდა ხმალსაო
                  რას შვრები ჩემო ფრანგულო,
                  რატომ არ მაძლევ ხმასაო?“
      ასევე „ჰყვარებია“ ერეკლეს ცხენთან საუბარი, რაც ხმალთან შედარებით, მართლაც უახლოვდება რეალობას. თავისი რამდენიმე ცხენიდან მეფეს განსაკუთრებულად ჰყვარებია თურქმენეთის ქვეყნიდან მოყვანილი შაისევანი, რომელიც მისთვის ორი წლის კვიცი ქიზიყის მოურავს თამაზ ანდრონიკაშვილს მიურთმევია. თავიდან ერეკლეს ცხენი არ მოსწონებია და არც მიუღია, მაგრამ მერე ბრძოლის ველზე აღტაცებაში მოსულა მისით და ერთგულ მოურავსაც ხელახლა გამოსთხოვა მერანი, რომელიც ბოლომდე აღარ მოუშორებია.
      ერეკლეზე ხალხს 140-ზე მეტი ლექსი აქვს გამოთქმული. მათგან თემატურად გამოყოფენ სამ ძირითად მომენტს: დაბადებას და გოლიათურ ზრდას, ბრძოლების ციკლს და გარდაცვალებას. ხალხური ლექსებიდან პატარა კახის სახემ მალევე გადაინაცვლა ოფიციალურ ლიტერატურაში. მისი თანამედროვეებიდან მოყოლებული ჩვენს დღეებამდე იშვიათია პოეტი, რომელსაც ნახსენები მაინც არ ჰყავდეს მეფე ერეკლე. ამ მხრივ მას თვით დიდი დედოფალი თამარიც ვერ შეედრება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ მის თუნდაც მცირე ნაწილის გადმოცემას, ამიტომ საერთო ინფორმაციისთვის ერთ საკმაოდ გახმაურებულ ლექსღა შემოგთავაზებთ, რომელიც საოცარი სიზუსტით გამოხატავს მშობელი ხალხის სურვილებსა და მის დამოკიდებულებას ერეკლესა და მისი ეპოქისადმი:
                  „მეფე ერეკლეს დროშია
                  შორს მოვაძოვე ძროხანი
                  დავჯექ და ბევრი ვიძინე
                  ზედ დავიფარე ჩოხანი“.
      მეფე შეიძლება თვითონაც არ ელოდა ასეთ აღიარებას. ალბათ, ამან უფრო ჩაუნერგა მას სიმტკიცე და სიმამაცე, არნახული პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. იგიც ხომ ამ იმედად ცხოვრობდა, შრომობდა, ომობდა, ეწამებოდა. მას შეეზლო ეთქვა „ცხოვრება ესე არა არს ცხოვრებად წოდებად, არამედ გაგრძელებული ტანჯვა მამულის ჩემისათვის“.
      – სისხლის წვიმათა დრო
      ასე უწოდა ხალხმა ეპოქას, რომელშიც ერეკლეს მოუხდა მოღვაწეობა. ხოლო თავად ხელმწიფე ასი ომის მომგებ გმირად გამოაცხადეს.
      პირველი სახელი პირველმა ბრძოლამ ნეიშნის ველზე მოუტანა 15 წლის ბაგრატიონს. ამის შემდეგ აღარასოდეს დაუსვენიათ არც მასა და არც მის ხმალს... სიცხადისა და გამარტივებისთვის მემატიანეს სიტყვებს მოვიშველიებთ: „ხოლო ესევითარნი გამარჯვებანი ირაკლი მეფისაგან უანგარიშონი არიან და ამად ყოველნივე ვერ მოვიხსენიეთ...… და სხვანი მრავალნი წვრილნი გამარჯვებანი დავიდუმეთ“.
      ვიტყვით მხოლოდ, რომ საქართველომ კვლავ იგრძნო გამარჯვების სიამაყე. ხალხში გაიღვიძა მამულის სიყვარულის, ერთგულების, „უნჯ ყმობის“ დიდებულმა გრძნობამ. სახელი უდიდეს რანგში იქნა აყვანილი. იგი კი მეფისა და ქვეყნისთვის ბრძოლაში მოდიოდა მხოლოდ.
      გამარჯვებებს იმედსა და სიხარულთან ერთად წუხილიც მოჰქონდა; ომებში „საქართველოს საუკეთესო ძალა სწყდებოდა, მეფე ყოველი ომის გადახდის შემდეგ ყველა გმირებს შვილებივით მოიკითხავდა. ყველას სახელი იცოდა. თუ რომელიმეს მოუკლავდნენ, თვალთაგან ცრემლი წამოუიდოდა... მეფე ხშირად იმარჯვებდა მტერზე, მაგრამ გმირების რიცხვი თანდათან უმცირდებოდა“, სავალი გზა კი სულ უფრო რთულდებოდა და გრძელდებოდა.
      – გზა
      ძნელი და გრძელი იყო ის გზაც, რომელიც ირანის მრისხანე შაჰის ნადირის ბრძანებით ერეკლე 1735 წლის სუსხიანი თებერვალის ერთ დილას დაადგა. როგორ ჰგავდა იგი მისი შემდგომი ცხოვრების მთელ გზას; აქაც მცირე, მაგრამ უმამაცესი მხლებლები ახლდნენ, ყველა ფეხის ნაბიჯზე განსაცდელი იყო ჩასაფრებული, აქაც არ გინდოდა სვლა, მაგრამ უნდა გევლო, რადგან შენს ქვეყანასა და მამულს სჭირდებოდა იგი.
      ნადირ შაჰთან მძევლობა, აქ გადატანილი ომები, წინააღმდეგობები, ურთიერთობები უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ და პოლიტიკურ სკოლად იქცა ერეკლესათვის, რომელმაც აქ შეიძინა მეომრის, სტრატეგისა თუ დიპლომატის უნარ-ჩვევები.
      სწორედ ამ თვისებებით მოხიბლა ერეკლემ მრისხანე ნადირ შაჰი, რაც მისდამი დაუფარავ პატივისცემაში გამოიხატა...
      – ალმასის მეფე
      1925 წლის შემოდგომაზე მოსკოვში უცხოელი სტუმრებისათვის მოეწყო ალმასის ფონდის გამოფენა. უძვირფასეს ალმასთა შორისაც კი გამოირჩეოდა „გამოფენის დარბაზის ცენტრში მუქწითელ ხავერდზე დასვენებული მოელვარე ზღაპრული კრისტალი, რომელიც შემოდგომის მზის ოქროსფერ სხივებზე თვალისმომჭრელად ბრწყინავდა. მნახველთა აღტაცებას იწვევდა წარწერაც „შაჰი“, რომელიც ნადირ შაჰის საპატივსაცემოდ ამოეტვიფრა მასზე ოსტატს. ოდნავ ქვემოთ კი ქართული „რ“ იყო გამოსახული, რომელიც პატარა საქართველოს მეფის ერეკლეს სახელის გამოხატულებად იყო მასზე დატანილი.
      – დაბრუნება და შინ მოსვლა
      ქართველებთან ურთიერთობით გურჯი მეფის იძულებით ერთგულებაში დარწმუნებულმა ნადირ-შაჰმა ოთხი წლის შემდეგ ტახტის მემკვიდრე უკან გამოაბრუნა.
      ბატონიშვილი ქართველთა ამალასთან ერთად 1739 წლის 28 მაისს გამოვიდა ანდაარიდან, გზა აღარ იყო ისეთი მძიმე და დამქანცველი, რადგან იგი უკვე სამშობლოსაკენ მოდიოდა. 13 სექტემბერს ღამის 4 საათზე 4 წლით დაშორებული, მაგრამ ათწლეულით გაზრდილი ერეკლე ალავერდს მამის წინაშე წარსდგა...
      სამშობლოში უმძიმესი მდგომარეობა დახვდა. ქართლ-კახეთში მოსახლეობა 200 ათას ადამიანს ძლივსღა ითვლიდა. აქედან სულ მცირენიღა დარჩენილიყვნენ ბრძოლისა და შრომის უნარიანნი. ესენიც ხვალ თუ არ ზეგ ომში დაცემის, ავადმყოფობა-ეპედემიების, ტყვეობა-აყრისა თუ თავად გაქცევა-გაღწევისათვის იყვნენ განწირულები.
      ვინაც ქვეყანას უნდა ეპატრონოს, თვითონ არ უნდა გახდეს საპატრონებელი – ასე ფიქრობდა მეფე, რომელსაც ყველაზე უკეთ ესმოდა თავისი ქვეყნისა და ხალხის გასაჭირი, ისიც იცოდა, რომ ამ გასაჭირიდან გამოსასვლელად რიცხვმცირე ქართველობას მუდმივი ომების წარმოება არათუ არ წაადგებოდა, საბოლოდ დაღუპავდა და დაასამარებდა მის იმედსა და არსებობას. არადა, ამ ომებსაც რომ ვერ აუვლიდა გვერდს? სხვათა ასიგნებებითა და შეიარაღებით გულმოცემულები სხვადასხვა ორიენტაციაზე დამდგარი სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების კავკასიელები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდებოდნენ, რათა სხვისი დაღუპვით გადაერჩინათ ან გაეხანგრძლივებინათ საკუთარი არსებობა. სურდა თუ არ სურდა, აღმოსავლეთ საქართველოც უნდა ჩაბმულიყო ამ ბრძოლებში, მაგრამ გარეშე დიდი ომებიც რომ იყო მოსალოდნელი? ორი დიდი მაჰმადიანური ვეშაპის სოლიდური შემოტევისათვის შეიძლება ვეღარ გაეძლო ქვეყანას, რომელსაც ამის თავიდან ასაცილებლად კარგად აპრობირებული დიპლომატიური მანევრები უნდა გამოეყენებინა, ახალი მოკავშირეები, თვითგადარჩენისა და დამკვიდრების ახალი ფორმები გამოეძებნა... მამა-შვილმა თეიმურაზ II და ერეკლე II-მ სწორად შეაფასეს ვითარება და სახელმწიფო მართვის ფუნქციებიც გონივრულად გადაინაწილეს: თეიმურაზმა საგარეო-დიპლომატიური მდგომარეობის წარმართვა აიღო თავზე, ერეკლეს კი რეგიონში ომების წარმოება და ქვეყნის შიდა პრობლემების გადაწყვეტა დააკისრა.
      – ქართული სული
      აი, რა იყო ყველაზე მთავარი, რაც მაშინ ქვეყნის თანადროულობასა და მომავალს ესაჭიროებოდა! 1744 წელს ერეკლე ივლისში ქართული სულის უტეხობის უეჭველი გამარჯვების მაგალითად ქრისტიანული წესით ეკურთხა მეფედ და ამით ერსაც გადასდო გადარჩენისა და გამარჯვების უდიდესი რწმენა და იმედი.
      „200 წელს გაევლო, მემკვიდრე-მეპატრონედ აღარავინ მჯდარიყო ქართლსა... იყო სამი დღე განუწყვეტლად მეჯლისი და ლხინი უზომი, სიხარული ფრიადი... ამისთვის უფრო სიხარული ჰქონდათ, მემკვიდრე ქრისტეს მოყვარე მეფე დაუჯდათ და ამით ყოველი შეჭირვება დაავიწყდათ ქართველთა“.
      მაგრამ საქართველოს მაინც ირანის ვალი ერქვა. ირანელთა საკუთრება იყო თბილისის ციხეც, რომელსაც ისინი ქართლ-კახეთის დასამორჩილებელ პლაცდარმად იყენებდნენ. მეფეს სპარსული ჩალმა და რეგალიები „ამშვენებდა“. თბილისის დედო ციხეში მუსლიმანი მეციხოვნეები იდგნენ, მოლას კივილი ისმოდა გორგასლის, აღმაშენებლისა და თამარის ნაშენ-ნაფერებ ქალაქში.
      – თბილისისათვის
      ერეკლემ, რომელსაც ყველაზე კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ თბილისი არა მხოლოდ ციხეს, არამედ ეკონომიკური და სოციალური სტრუქტურითა და ყოფით უმნიშვნელოვანეს ქალაქს წარმოადგენდა, რომლის დაპატრონება მთელი ამიერკავკასიის ბატონობის გარანტია იყო, მთელი თავისი ძალისხმევა ამ ქალაქის დაუფლებისაკენ გადაიტანა.
      ადრეც გომბორის მთიდან ხშირად გადაუხედია ქალაქისათვის. ამ დროს ჭაბუკი მეფე ცოტა ხნით რეალობას სწყდებოდა და მომავალში გადადიოდა: თითქოს თვალნათლად ხედავდა ციხის გარღვეულ კედელს, ბაღებით, ბაზრებით, ქარვასლებით, ქარხნებით სავსე პატარძალივით მორთულ ულამაზეს ქართულ ქალაქს მოფუსფუსე და მოსეირნე ქალაქელებით...
      მეფეს სჯეროდა, რომ მისი ეს აკვიატებული ოცნება ადრე თუ გვიან აუცილებლად ახდებოდა. ეს რწმენა იყო მუდამ რომ აღწევინებდა მიზანს; ახლაც ასე მოხდა. 1747 წ. 22 ივლისს ერეკლე თავისი რაზმებით ყიზილბაშთათვის საეჭვოდ მიუახლოვდა ციხეს. მალე მისმა ერთგულმა თუშ-ფშავ-ხევსურთა, ქიზიყელთა, მთიულთა და არაგველთა რჩეულმა ლაშქარმა ქალაქს ალყა შემოარტყეს, ამირინდო ამილახვარმა გორიდან ნაალაფარი ლეგენდარული გიგანტური ზარბაზანი „ბოჭორმა“ ჩამოიტანა და ოთხჯერ ჰკრა თბილისის ციხეს, მოქალაქეებმა კახთ ბატონს აბსოლუტური მხარდაჭერა გამოუცხადეს. გაჩაღდა დაუნდობელი ომი, მეტეხისა და თაბორის ციხეებში გამაგრებული მტერი სეტყვასავით უშენდა ქვასა და ყუმბარას მეფის სასახლესა და სიონის ტაძარს. „მეფის საჯდომი სასახლე ყუმბარებით აავსეს და ზარბაზნითა დაამტვრიეს, ყუნბარით ერთი ქვის სროლა შემოიღეს, რომ ქალაქი სულ ქვით აავსეს“.
      მეტეხის აღების შემდეგ, 10 აგვისტოს დიდი მსხვერპლის ფასად ერეკლემ ნარიყალაც აიღო და საბოლოოდ გაწმინდა ქალაქი დამპყრობელთაგან. თბილისისათვის ბრძოლაში ირანელთა მხრიდან მოკლულთა რაოდენობა 1700-ს აღწევდა. არც ერთი გადარჩენილი არ დაუსჯია მეფეს. პირიქით, მათ დედაქალაქში დასახლების, ცხოვრებისა და მუშაობის ნება მისცათ.
      ამ დროიდან „თბილისი უცხო სახელმწიფოს საკუთრებას აღარ წარმოადგენდა. ახლა აქ ქართული სულის აღდგენა იყო საჭირო. 1749 წელს მეფის ინიციატივით თბილისში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელმაც ამ მხრივ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს დაუდო სათავე. დაიწყო გამაჰმადიანებული ქართული არისტოკრატიის შემობრუნებაც; მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ანჩისხატთან მღვდლები მასიურად ნათლავდნენ თბილისელებს“.
      – „ესე ყოველი ქმნილი ირაკლის მიერ“
      XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მამა-შვილ მეფეთა მიერ ფაქტიურად გაერთიანებული ქართლ-კახეთის სახელმწიფო უმოკლეს დროში უდიდეს წარმატებებს აღწევს. 1748 წელს საქართველომ უკანასკნელად გადაუხადა ირანს ხარკი. 1752 წელს აბდულა ბეგის განადგურების შემდეგ ერეკლემ მის მოკავშირეებს შეუტია. დალაშქრა ყაზახი, ბორჩალო, ბაიდარი, დაარბია სამშვილდე. აიღო ქვემო ქართლის ციხეები. დაშინდნენ მეზობლები „შეეშინდა ადაბეგანის ქვეყანას“ ყველამ დაუწყო ხვეწნა ერეკლეს შერიგებისა“.
      1761 წლიდან გაერთიანებული ქართლ-კახეთი სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა მახლობელ აღმოსავლეთში. იგი უკვე კარგა ხანი იყო, პირველობდა ამიერკავკასიაში და კიდევ უფრო დიდი პერსპექტივებით აფიქრებდა და აშინებდა გარეშე და შინაურ მტრებს. თითქმის შეჩერდა მასშტაბური, სისხლისაგან დამცლელი ომები. სულ უფრო მცირდებოდა ლეკთა თარეში, გაძლიერებული ერეკლე იქეთ გადავიდა მასშტაბურ შეტევებზე, რის შედეგადაც „ჰყვა სიცოცხლესა მისსა მოხარკეობასა შინა განჯა, ყარაბაღი, ერევანი და ჰმსახურობდენ შესაბიმითა ვალდებულებითა ვიდრე მოსვლამდე ყაჯარისა აღა მამად ხანისა“ და გამწარებული ალსიხისაც სულეიმანი ქერიმ ხანის ფაშასთან მერამდენედ ჩიოდა: „აღგიშვია ერთი ლომი, რომელ არს საქართველოს ვალი, რომელი აოხრებს მარადის სამფლობელოსა ჩემსა და ამის გამო იხარჯვის ჩემგან არა მცირედნი ხაზინანი“.
      ომებისგან დასვენებულ ქართლ-კახეთში ჩქარა გაშალა ფრთა ქართველთა აღმშენებლობითმა გენიამ: „მრავალნი ქალაქნი, დაბანი და სოფელნი მტერთა მიერ მოოხრებული და სახელოვანნი ციხენი აშენდნენ ქართლ-კახეთისანი, ვიდრე ასსამოცამდე გალავანნი და ბურჯნი მტერთათვის. ხოლო თვით მეფე ირაკლიმან განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა, ბოჭორმისა, ჭოეთისა, გალავანი ხევისელისა, საბუისა, გრემისა, ფედისა, პატარძლეულისა და ნორიოსი“.
      „დამშვიდდა ფრიად საქართველო, ქართლი, კახეთი. იწყეს მოოხრებულთა დაბებითა შენებად და სოფელთა და ციხეთა და მრავალნი დაბანი და სოფელნი აღაშენნეს ქართლსა, კახეთსა და სომხით-საბარათისშვილოთა“. მოსახლეობას გამრავლებისა და თავისუფალი საქმიანობის მეტი საშუალება მიეცა.
      სიხარული ეუფლებოდა სიხარულ დავიწყებულ ქართულ სულს. დაუღალავად შრომობდა თვითონ მეფეც, რომლისთვისაც თითეულ დღეს, თითეულ საათს უდიდესი აზრი მისცემოდა. მას დრო სჭირდებოდა, დრო ქვეყნის განვითარებისა და აღმასვლისათვის...
      – აღმოსავლეთელ ქრისტიანთა იმედად
      და არა მარტო ქართველთა, ამ დროისათვის გაერთიანებული ქართლ-კახეთი უკვე ქცეულიყო ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანთა ხსნის ძალად და სასოდ. ქართველთა მეფეზე განსაკუთრებით დიდ იმედებს ამყარებენ სომხები, რომელთათვისაც თბილისი სომხური ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ცენტრად გადაიქცა. 1763 წელს თბილისში ჩამოვიდა ინდოეთში სომხური ბურჟუაზიის წარმომადგენელი იოსებ ემინი, რომელმაც ერეკლეს ქართლ-კახეთთან სომხეთის შეერთების პროექტი წარუდგინა. თბილისელმა სომხებმა შექმნეს ჯარი, რომლის გამოყენებით სურვილი ჰქონდათ შეიარაღებული გამოსვლის მოწყობა თურქეთის სომხეთში.
      ასე რომ, ერეკლეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაჰკისრებოდა და ის გრძნობდა ძალას ამ იმედის გამართლებისას...
      1765 წელს თბილისში შეთქმულებს ასამართლებდნენ. საბრალდებო სკამზე ათობით ბრალდებული იჯდა. მათში მეფის ნათესავები და ახლობლებიც ერივნენ. მაღალი არისტოკრატიის ამაყ შვილებს დაბალი ფენებიც აეყოლიებინათ და ახლა პაატა ბატონიშვილისა და ამილახვრების გვერდით საიათნოვა და მასთან ერთად კიდევ ოციოდე რიგითი ქართველი იჯდა. მთავარი ბრალმდებელი თავად მეფე იყო... უნებლიედ 1745 წელი ახსენდებოდა, როცა გატეხილი სურამის ციხიდან აჯანყებული გივი ამილახვარი გამოჰყავდათ. როცა ის შეპყრობილ ჯიუტ ერისთავს უცქერდა, ერთდროულად მოეცვა რისხვასა და თანაგრძნობას. განა თვითონ კი ნაკლებად სძულდა სპარსელები, ვისაც ამაყი და დაუმორჩილებელი ერისთავი ერკინებოდათ, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ეს უაზრო ომი ისედაც სისხლისგან დაცლილ ქვეყანას საბოლოოდ გაასწორებდა მიწასთან. ახლა კი არავითარი სიბრალული, მხოლოდ ზიზღსა და რისხვას აეტანა მეფე, რადგან მოღალატენი ამ შემთხვევაში მეფეს კი არა, საქართველოს, მის მომავალს ებრძოდნენ თავად. ამითომაც, მან „შეთქმულთა გასამართლება ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობის მოვლენად აქცია“ დარბაზის საჯარო სხდომაზე ქვეყნის მწარმოებელი მოსახლეობის წარმომადგენლებიც დაასწრო, თავად „მომჩივნის როლში გამოვიდა და ბოროტ განმზრახველთა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა ამხილა“...
      სასტიკი იყო მოღალათეთა მიმართ გამოტანილი განაჩენიც. პაატა ბატონიშვილს, რომელიც იყო „კაცი ესე ფრიად მეცნიერ და განსწავლულ ანგლიასა და როსიასა შინა“, გიორგი ყულურაღასმა მოჰკვეთა თავი. „აბდულა ბეგის შვილი დავითი ნიზარმან ბარამ კახთ მორდალის შვილმან და თაქთაქიშვილმან ელიზბარმან დაწვეს“, დიმიტრი ამილახვარი უკუღმა შესვეს ვირზე, მის ვაჟს, ასევე განათლებულ და მოაზროვნე ალექსანდრეს ცხვირი მოაჭრეს, ციციშვილს – ენა, დიასამიძეს – თვალი ამოთხარეს და მარჯვენა ცერი მოჰკვეთეს...
      მკაცრი იყო მეფე, რადგან არ იყო მოღალატეთა დანდობისა და წახალისების დრო.
      „ჩვენ კიდევ უფრო ძლიერსა და მტკიცე საქართველოს შეწევნას ვცდილობთ“ – აცხადებდა ერეკლე და ყველამ იცოდა, რომ ეს არ იყო უბრალო ქადილი; ძლიერი მეფე ძლიერი და ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნისაკენ მიისწრაფოდა, რომელსაც ასეთივე ძლიერი და ცენტრალიზებული მმართველობა ესაჭიროებოდა. დღის წესრიგში ერთმანეთის მიყოლებით დგებოდა ფართო მასშტაბის გლობალური საკითხები: დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, საქართველოს გაერთიანება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფა და ამის პარალელურად მეურნეობის განვითარება-განახლება.
      – ქვეყნის მართვა-გამგეობა
      – ცენტრალური მმართველობა

      განვითარება-განახლება კი პირველ რიგში ცენტრალური მმართველობითი სისტემებით უნდა დაწყებულიყო, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოსთვის გვარიანად მოძველებული იყო.
      ამ სისტემის მიხედვით პირველ რიგში იყვნენ დარბაზის რიგი მაღალი მოხელენი – სახლთუხუცესი, მდივანბეგი, ეშიკრასბაში, ვეზირი, მეითარი, ყულაღარასი, ყორჩიბაში. მერე მოდიოდნენ დანარჩენი მოხელენი – კარით წარგზავნილნი მოხელენი და საქვეყნოდ გამრიგენი.
      ქართლის სამეფოს მოსახლეობა მოქმედების ასპარეზის მიხედვით ორ ჯგუფად იყოფოდა: დარბაზის რიგის მოხელეებად და საქვეყნო გამრიგეებად. იმ მოხელეებს, რომელთაც სამეფო კარზე უხდებოდათ მოღვაწეობა და სამსახური, “დარბაზის რიგის მოხელენი” და “კარის გამრიგენი” ერქვათ. ისინი სამეფო კარის დაწესებულებებში ისხდნენ და მეფის თანაგამგებლებად ითვლებოდნენ, ანუ მეფეს სახელმწიფო მართვა-გამგებლობაში შველოდნენ.
      სახელმწიფო ან სამეფო თანამდებობის აღმასრულებელი პირის აღმნიშვნელი საზოგადო სახელი იყო „ხელისუფალი”, „ხელის მაძიებელი”, „მოხელე”, „მოსაქმე”, „მოსამსახურე”, „საქმის მოქმედი”, „სამსახურის მოქმედი”, „გამგე” და „გამრიგე”.
      წვრილ თანამდებობათა ამსახველ მოხელეთა აღსანიშნავად ხმარებაში რჩებოდა აღმოსავლური წარმოშობის ტერმინები „ყული“, „ყულუხჩი“ და „ყორჩი“.
      დარბაზის რიგის ხელისუფლების გამომხატველი ტერმინი იყო „დარბაზ ბატონი“.
      მოხელეს, რომელსაც განკარგულებებისა და ბრძანებების გაცემა შეეძლო „ხელისუფალი“ და „გამგებელი“ ერქვა, ბრძანების ამსრულებელს კი „საქმის მოქმედი“.
      როგორც ხელისუფალნი, ისე საქმის მოქმედნი, უფროს-უმცროსობით ნაწილდებოდნენ. იყვნენ „უზედაესნი“ და „უქუადესნი“ („დიდნი“ და „მცირედნი“).
      უზენაესი მოხელენი განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობდნენ და აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ სახელმწიფო მართვა-გამგეობაში. მეფე მათ მხოლოდ მოახსენებდათ, ბრძანებით კი მხოლოდ „უქუდაეს“ მოხელეებს უბრძანებდათ ხოლმე.
      ხშირად ერთი ხელისუფლის ხელში იყო გაერთიანებული რამდენიმე სახელო. მაგალითად, სახლთუხუცესი ერთდროულად ასრულებდა სარდლის („სარდალთუხუცესის“) ან ქართლის მოურავის მოვალეობას. მაგალითად, იგივე გივი ამილახორს ეშიკარასბაშობასთან ერთად ქალაქის მოურავის სახელოც ეჭირა. ერთხანს ქალაქის მოურავის თანამდებობა ჰქონდა მეითარ მანუჩარსაც, სარდალ ლუარსაბ ორბელიანს კი ყულუღარასის სახელოც ჰქონდა „შეთავსებული“. ზოგიერთი სოფლის მოურავად ვეზირი, მდივანბეგი, მდივნები და სარდლები ისხდნენ.
      ქართლის სამეფოს სამოხელეო წყობა ფეოდალურ პრინციპზე იყო აგებული. უმაღლესი სახელოს წყალობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა წოდებრივ მდგომარეობას, გვარს, ქონებას. ამიტომ სახელოების ირგვლივაც იყო ატეხილი ფეოდალური ქიშპი.
      უარყოფითად მოქმედებდა ფეოდალურ ურთიერთობებზე სამემკვიდრეო სახელოების არსებობაც.
      მეფე სახელოს წყალობის სიგელებით უახლებდა და უმტკიცებდა სხვადასხვა სახელოებს თავის ერთგულ და ნამსახურ ქვეშევრდომებს. „ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ...“ – ხშირად შევხვდებით მის ხელმოწერელ სიგელებში მსგავს სიტყვებს.
      იცვლებოდა დრო და ძველი თანამდებობების ერისთავების, გამგებელების, ციხისთავების ნაცვლად შემოდიოდა სამეფო ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო მისაღები და გარკვეულწილად უფრო „დემოკრატიული“ მოურავი, მამასახლისი, ნაცვალი, გზირი, მელიქი, ქევხა, ტარუღა, რომელთა დიდი ნაწილი სპარსულიდან იყო შემოსული.
      მათ გვერდით არსებობას განაგრძობდა ქართული მმართველობითი ინსტიტუტებიც. მაგალითად შენარჩუნდა სასახლის გამგე და სასახლის დაწესებულებათა მთავარი გამგებელი – სახლთუხუცესი, რომლის აღზევება მეფის პოლიტიკის წარმატებაზე იყო დამოკიდებული. იგი აკონტროლებდა „სამეფოს შემოსავალსა და გასავალს. „უწყოდა წესნი და რიგნი სახლისა მეფისა და სახასონი მეფისანი და თათბირობა სამეფოსი და ამას ქვეითნი ხელისუფალნი ამისი დასახედნი იყვნენ“.
      იგი აკონტროლებდა საფინანსო დაწესებულებებს, სახელმწიფო ფინანსებს, მეფის კერძო მეურნეობას, სამეფო მამულების შემოსავალ-გასავალსა და სახელმწიფო გადასახადებს (კოდის პური).
      სახლთხუცესის ხელქვეითი იყო ქართლის მოლარეთუხუცესი, რომელმაც „უწყოდა წესნი და რიგნი სახლისა მეფისა“. რამდენადაც იგი ერთდროულად მეფესაც ექვემდებარებოდა და სახელმწიფოსაც, „ქართლის მოლარეთუხუცესი“ ეწოდებოდა. აკონტროლებდა ბატონის სალაროს, (თეთრს), ფარჩას, იარაღს, სამკაულს, ჭურჭელს. მის მორჩილებაში იყვნენ: სალაროს თავალდარი, სალაროს მუშრიბი, სალაროს გერაქ-იარაღი, მუსტოფი და მოლარეები.
      მოლარეთუხუცესი სამეფო სახლის გამგე, სასახლის მოხელეთა (ხელჯოხიანთა გარდა) უფროსი და სასახლის ყველა დაწესებულებათა მთავარი გამგებელი იყო. პარალელურად, ქარხნის ნაზირთან ერთად აკონტროლებდა პურობას, სასახლის მეურნეობას, საწყობებს.
      ქარხნის ნაზირს ექვემდებარებოდა მეფის კერძო დაწესებულებები, „სამეფო ქარხნები“, რომელთა მოხელეებად იყვნენ: ქარხნის მოლარე, ქარხნის მუშრიფი, ქარხნის გერაქ იარაღი, ქარხნის თავლიდარი, ქარხნის იასაული, ხასადარი, მემარნე, მეზურე, მეხრე, მელალე, ამბარდანი, მუჯირი, ხაბაზი, მზარეული, მეშარბათე.
      ნაზირი სახლთხუცესთან ერთად აკონტროლებდა მკას, ხვნას, საიდანაც გამოჰყავდა მეფეზე მისაცემი ხარჯები. ახდენდა ინსპექტირებას. უმთავრესად კი კარის დაწესებულებებში იმყოფებოდა, სადაც განაგებდა სამეფო კანცელარიას, სამდივნო მწიგნობრულ საქმეს. მონაწილეობდა სახელმწიფო საბუთების ბეჭდვაში. ბეჭედი ჯერ მას უნდა დაესვა, მერე კი მეფეს.
      სიგელის დაბეჭდვის საქმეში მას ეხმარებოდნენ: მდივანი (შემდგენელი) და მორდარი (ბეჭდის მცველი).
      მდივანთ ებარათ სამწერლო საქმე „ესენი სწერდნენ უსტარს, იარლიყსა, ბრძანებათა, განაჩენთა და სხვათა“.
      რამდენადაც, მდივანები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ განათლებული, ენების მცოდნე, მწერლობაში დახელოვნებული, „ტურფა მწერალნი“, გაცნობიერებულნი სიგელთ-მცოდნეობის წესებში, ძირითადად ცნობილი ლიტერატორები და გადამწერები იყვნენ. მიღებული ჰქონდათ შესაფერისი განათლება. შესაძლოა, ჰქონდათ სახელმძღვანელოც.
      მდივნები ატარებდნენ აღწერას. მონაწილეობდნენ სიგელების მომზადებასა და დაბეჭდვაში. ერეკლე 1770 წელს დავით გარეჯის მონასტრის ყმების გააზატების წიგნში წერს: „ჩუენის კარის მოხელეთ და საგარეჯოს მოხელეთ მონასტრის ყმათ თუნდაც კიდეც შეაწერონ რამე, თუ მდივნის ხელი და ჩვენი ბეჭედი არ იყოს, იმათგან შეწერილს ნუ შეიწყნარებთ“.
      მდივნები, რომელთა სამოხელეო ნიშანი საწერელი იყო, ადგენდნენ სასამართლო ოქმებსა და განაჩენებს. მეჯლისში დავთრებს კითხულობდნენ.
      ბეჭდის შენახვა და დაცვა ევალებოდა მურდერს. ეს თანამდებობაც სპარსულიდან მოდის და ბეჭდის მცველს ნიშნავს. იგი შედიოდა სახლთხუცესის სახელისუფლოში. სიგელის დაბეჭდვაში სულ სამი მოხელე იღებდა მონაწილეობას: სალთხუცესი – როგორც ბეჭდის დამსმელი, მდივანი – როგორც სიგელის შემდგენელი და მეფის „გულის მისანდო და ხუაშიადის შემნახავ ყმა“ მორდარი – როგორც ბეჭდის შემნახველი და მომტანი.
      – სასამართლო მმართველობა
      უმაღლეს სახელმწიფო სამართალს დივანი განახორციელებდა, რაც არაბულად სამსჯულოს ნიშნავს. ორშაბათობით და პარასკევობით „სამდივნო სახლში“ მოსამართლედ საბჭოს უზენაესი მსაჯულად მეფე იჯდა. დანარჩენ დღეებში – უმაღლესი მდივანბეგი. როცა უზენაეს მსაჯულის ადგილს მეფე იკავებდა, მდივანბეგი ჩვეულებრივი წევრის მოვალეობას ასრულებდა.
      მდივანბეგი, იგივე მსაჯულთუხუცესი – ქართლის უმაღლესი მსაჯული იყო. სხვანაერად მას „საქართველოს მოსამართლე“, „საქართველოს მსაჯული“, „ქართლის მდივანბეგი“ და „ქართლის მსაჯული“ ერქვა.
      მოსამართლეთა რაოდენობა არ ყოფილა მკაცრად განსაზღვრული. მაგალითად, 1782 წ. სიგელში 5 მდივანბეგია მოხსენიებული: ამილახვარი, იოანე ორბელიანი, ქაიხოსრო, მზეჭაბუკ ორბელიანი, თეიმურაზ ციციშვილი. თუმცა, XVIII ს. I ნახევრიდან ქართლის სამეფოში მხოლოდ 1 მდივანბეგი „სამართლობდა“.
      როცა „დიდი სისხლი და გასამართლებელი იყო“ მდივანბეგი ვალდებული იყო მეფისთვის შეეტყობინებინა და საქმე ისე გადაეწყვიტა. „დიდი საქმე“ იყო: „მეფეთ ორგულობა“, „მეფის სალაროს გატეხვა“, „დიდებულთა შორის დავა“, „ცოლის დატანჯვა“, „საყდრის გატეხვა“, „სიგელის წართმევა“ და სხვ. ამგვარ საქმეებში „ხელმწიფის მეტს ამის სამართალი არ შეუძლიან“.
      მდივანბეგის მიერ გამოტანილ განაჩენს მეფე ამტკიცებდა.
      მდივანბეგს, როგორც მოსამართლეს, უმთავრესად სისხლის სამართლის საქმეები ექვემდებარებოდა. სამოქალაქო და საოჯახო სამართალი კი სხვადასხვა ადგილობრივ სასამართლო დაწესებულებებს და კერძო ფეოდალურ მოხელე-მოსამართლეებს შორის იყო გადანაწილებული.
      სისხლის სამართალი მხოლოდ მდივანბეგის საკითხავი იყო. სხვა მოსამართლეები მას ვერ გაარჩევდნენ. თუმცა, მდივანბეგი სამოქალაქო საქმეებსაც არჩევდა.
      გარკვეულ საგამგებლო ერთეულებში და „თავადის“ სახასოში აღძრულ ადგილობრივ და სამოქალაქო საქმეს კი სათანადოდ გამრიგენი და დიდ ფეოდალთა საკუთარი მოხელენი ახორციელებდნენ. მოქალაქეთა საჩივრებს ქალაქის მოურავი იხილავდა. ასეთივე იურისდიქციით სარგებლობდა ამილახორი, და ზოგიერთი სოფლის მოურავიც.
      „დედოფლის სახასო კაცის საჩივრებს დედოფლის სახლთუხუცესი არიგებდა“.
      იყო შემთხვევები, როცა სისხლის სამართლის დანაშაულს კათალიკოსიც არჩევდა. ეს კი მაშინ ხდებოდა, როცა რჯულის კანონის დარღვევას ჰქონდა ადგილი: მაგალითად, შვილის მიერ მამის კვლა, ან პირიქით.
      არსებობდა საეკლესიო სასამართლოც, რომელიც მხოლოდ „საკანონო“, ანუ „სასისხლო“ საქმეებს იხილავდა და მხოლოდ საყდრის ყმებს ასამართლებდა.
      მომჩივანს უფლება ჰქონდა, გვერდი აევლო ადგილობრივი, ანუ კერძო ფეოდალის სასამართლოსათვის და უშუალოდ სახელმწიფო (მდივაბეგის) სასამართლოსათვის მიემართა.
      მდივანბეგს სასამართლოს გარეშე საქმის გამოძიება არ შეეძლო.
      მთლიანად სასამართლო შედგებოდა: მდივანბეგის ანუ მსაჯულთუხუცესისაგან, რომელსაც თვალყური უნდა ედევნებინა სასამართლო საქმიანობისთვის. იგი ერთდროულად იყო სამდივანბეგო სასამართლოს თავმჯდომარე და სასამართლოს წევრიც. შემდეგ მოდიოდნენ მსაჯულნი, მდივანნი, იასაულნი, რომლებიც განიყოფოდნენ ორად, „მართლის მთქმელ, უქრთამო იასაულებად (გამომზიებლებად) და „გაწყრომისა და დაწერის“ იასაულებად, რომელთაც ევალებოდათ შეპყრობა და განაჩენის ასრულება. იყვნენ, აგრეთვე, მემათრახენი და მოწმის მაძებარნი (უბრალო მსახურები).
      სასამართლო შედგებოდა 3 მოსამართლისაგან, რადგან ორს შეიძლებოდა მიკერძოვება გამოეჩინა, ან აზრი შუაზე გაყოფილიყო. ზოგჯერ მათი რიცხვი ოთხი და მეტიც იყო. XVIII ს. II ნახევრიდან კი „საქართველოს მსაჯულთა შეკრებულობის“ შემადგენლობა უფრო მრავალრიცხოვანი გახდა.
      – სახელმწიფო ხელისუფლება
      უმაღლეს სახელმწიფო ხელისუფლებაში კვლავ ვხედავთ ეშიკღაბაშს (სპარსულია და ზღურბლის (კარის) ბატონს ნიშნავს), რომელსაც XVII-XVIII სს. ქართულ საბუთებსა და საისტორიო მასალებში ხშირად “მანდათურთუხუცესი” ანაცვლებს. ერეკლეს ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი ორივეს ხმარობდა. სწორედ მისიდანვე ვიგებთ, რომ ქართლის სამეფოში ორი ეშიკღაბაში ყოფილა, რომელთა მოვალეობაში შედიოდა სასახლის წესრიგი.
      სამეფო დარბაზობის დროს ეშიკღაბაში ობერ-ცერემონმაისტერის მოვალეობას ასრულებდა და დარბაზის მსვლელობას აწესრიგებდა. „საუნჯე ყოვლისა კეთილისა ეგრე განაგებდა რიგთა და წესთა მეჯლისისათა“. ამ დროს მას ემორჩილებოდნენ „ბოქაულთხუცები“ და „რანიც ხელჯოხიანები, ან სოიბით იასაულები იყვნენ“ .
      ეშიკღაბაშს სისრულეში უნდა მოეყვანა მეფის ან მდივანბეგის განაჩენი. 1793 წ. ერთ განაჩენს მეფის ასეთი რეზოლუცია ადევს: „ბატონო ეშიკღაბაშო გარსევან! ეს საქმე აღასრულნე“. ან კიდევ: „ეშიკღაბაშო მამუკა! ქაიხოსრო ლეონიძემ უნდა გადაუხადოს სისხლის ფასი მომჩივანს, მოიყვანე ის მდივანბეგთან, რამდენსაც ისინი გადაუწყვეტენ, იმდენი სისხლის ფასი გადაახდევინე და მიეცი დაზარალებულს“.
      როგორც ვხედავთ, ეშიკღაბაშის თანაშემწეები იყვნენ ბოქაულთხუცესები, ანუ პოლიციის აგენტები.
      ეშიკღაბაშის სახელისუფლოში შედიან სოიბათიასაულებიც, რომლებიც მუდამ სამეფო კარზე იმყოფებიან და დარბაზის პურობის წესს იცავენ. ისინი ალაგებენ სუფრას და ნასუფრალს ასნაფს (მოსამსახურეებს) უნაწილებენ.
      ეშიკღაბაშის მოხელედ ითვლება ყორიასაული, რომელიც ეშიკღაბაშის მოადგილეა. ის მონაწილეობს ცერემონიებში, დარბაზობებსა და პურობებში. თუმცა, მათი დგომის წესსა და რიგს არა ეშიკღაბაში, არამედ ყულაღარასი და ყორჩიბაში განაგებდნენ, რომლებიც დარბაზობისას უკან ედგნენ მეფეს.
      ეშიკღაბაშის მოხელედ ითვლება მაჰმანდარი, რაც სპარსულად მესტუმრეს ნიშნავს და აერთიანებს მემანდრეებს, რომლის უფროსიც მემენდარბაში იყო. იგი ღებულობდა საპატიო სტუმრებს, დარბაისლებს, უცხო ქვეყნების ელჩებსა და მოციქულებს, თან ახლდა დიდებული სტუმრებისთვის ბოძებულ საჩუქრებსა და ნობათებს, ამოწმებდა საკლავის სიავ-კარგეს.
      ამ სახელოში შედიოდნენ ყაფიჩბაში და ყაფიჩები (ქართულად მეკარე), რომელთა მოვალეობა იყო „დინასტრად სამსახური“ ე. ი. იასაულად დგომა, საქმის გამოძიება და განაჩენის სისრულეში მოყვანა ამისათვის ყაფიშბაშს უნდა გაეგზავნა ყაფჩი. მასვე ებარა მდივანბეგის გარიგებათა და განჩინებათა წიგნები. ყაფჩები, იასაულების მსგავსად, ასრულებდნენ ეშიკაღასბაშებისა და ბოქაულთუხუცესების განკარგულებებს. მასვე ევალებოდათ მეფის პირადი დაცვა. 2 ყაფჩი სახლის კარზე იდგა. მეთოფენი თავიანთი წესით ნაწილდებოდნენ. ამგვარ მოვალეობებსვე ასრულებდნენ ჯარჩები, თალიშები და იასაულები.
      იასაულიც ყაფჩის მოვალეობას ასრულებდა ოღონდ რანგით მასზე დაბლა იდგა. ქართლის სამეფო ტახტზე იასაულის რამდენიმე კატეგორია არსებობდა (ზემოთ სოიბათიასაული, ყორიასაული). იყვნენ აგრეთვე: კარის იასაულნი და კარით წარგზავნილი, „მართლის მთქმელნი უქრთამო იასაულენი“, „გაწყრობისა და დაწერის იასაულნი“, „დავთარეხანის იასაულნი“, „ქარხნის იასაულნი“, „იასაული ალავერდი“ იასაულნი. საკუთარი იასაულები ჰყავდათ მეფესა და დედოფალსაც.
      იასაულებს ეშიკღაბაშის განკარგულება, მეფისა და მდივანბეგის განაჩენი სისრულეში უნდა მოეყვანათ.
      ეშიკღაბაშის სახელისუფლოში ყველაზე დაბალ თანამდებობად ჯარჩობა (სპარსულად მყვირალს, ამბის გამომცხადებელს, მალემსრბოლელს ნიშნავდა) ითვლებოდა. მათ მთავარ მოვალეობას სასახლის დაცვა წარმოადგენდა. „იმათი სამსახური ეს არის, დილას მოვიდოდნენ, კარზედ იდგნენ, როგორც ხელჯოხიანი, ისე გარე კაცს დაითხოვდნენ“. ჯარჩები დაყოფგილნი იყვნენ დროშების მიხედვით და თან ახლდნენ თავიანთი დროშის სარდლებს. ამხედრების წინ მეფის გვერდით იყვნენ და მის ბრძანებას ისმენდნენ, ამის შემდეგ სადროშოებში ნაწილდებოდნენ და ბრძანებას ავრცელებდნენ. „ბატონი რომ ცხენზე შეჯდებოდა, ისინიც ამხედრდებოდნენ და ჯარს ამხედრებისაკენ მოუწოდებდნენ. ცხენზე შეჯდომის შემდეგ გაიყოფოდნენ: „ნახევარი აქეთ და ნახევარი იქით დადგებოდნენ, ჯარს სწორად ატარებდნენ, თავს სწორად სიარულს დაუძახებდნენ.“
      ჯარჩები აყენებდნენ მცველებს სამეფო სასახლისა და დაწესებულებების დასაცავად. მონაწილეობდნენ ნადირობის მოწყობაში როგორც „მყვირალები“ და „მომგროვებლები“, თუმცა, მეჯლისებში მონაწილეობას ვერ ღებულობდნენ.
      ამ დროიდან თითქმის ფორმალურ თანამდებობად იქცევა ვაზირი, რომლის მოვალეობა თითქმის ზოგიერთი საბუთის დაბეჭდვითა და მოხელეებზე ჯამაგირის გაცემით შემოიფარგლებოდა.
      – მსახურები
      მეფის პირადი მსახურებიდან თანამდებობრივი მდგომარეობით ხელისუფლებაში ყველა ხელშინაურ მოხელეზე მაღლა იდგა მეითარი (სპარსულია და პატივცემულ, დარბაისელ ადამიანს ნიშნავს), რომელსაც ებარა მეფის ხელსახოცები და ტანისამოსი. თავს ედგა და ემსახურებოდა. „მეითარი ბატონს თავს დაადგებოდეს, ხელსახოცს მიართმევდეს, მერიქიფეს ამსახურებდეს, ტანისამოსი მის ხელთ არის“.
      იგი თავისი მდგომარეობით ამირეჯიბსაც წააგავდა, რომელიც მეფის პირადი მსახური იყო და მეფის ნახვა ყველგან და ყოველთვის, ჩაუცმელ მდგომარეობაშიც კი შეეძლო.
      მეითარს ჰქონდა მეფის ტანსაცმლის შესანახი ადგილი მეითარხანა, რომელსაც საკუთარი თავლიდარი ჰყავდა. მეითარხანა მოძრავი ყოფილა და სალაშქროდ ამხედრებულ ლაშქარს მუდამ თან ახლდა.
      მეითარის მოხელენი იყვნენ: მერიქიფეთუხუცესი და მეითარის თავლიდარი, რომლებიც დარბაზობასა და პურობაში არ მონაწილეობდნენ.
      – სამხედრო მმართველობა
      მეფის შემდეგ უმაღლეს სამხედრო თანამდებობას წარმოადგენდა ყულაღარასი, სპარსულად შაჰის (მონების) ჯარის სარდალი. ქართლში ყულაღარასი სასახლის გვარდიას მეთაურობდა და ხელქვეითებად უზბაშები და მეთოფენი ჰყავდა. ხელმძღვანელობდა ყულებს, მეფის პირად მცველებს. თავზე ედგა და ემსახურებოდა მეფეს. ყველა ტულს არ უშვებდნენ მეჯლისში, იყვნენ საპატიო და დაბალი წოდების ყულებიც.
      ყულუღარასს ემორჩილებოდნენ უზბაშები და მეთოფენი.
      უზბაში სამი იყო. თითო მათგანს 40 მეთოფე ებარა. საინტერესოა, რომ მეთოფენი დანაწილებულები იყვნენ წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად, უზბაშ ავალიშვილს ქაიხოსროს 40 თავადიშვილი მეთოფე ებარა, უზბაშ როსტომს 40 აზნაურიშვილი მეთოფე, უზბაშ თურქისტანიშვილს 40 აზნაურიშვილი და მსახური. ამგვარადვე იყო განაწილებული მეთოფეთა ჯამაგირი და ულუფა. ყველა მეთოფე მოვალე იყო საკუთარი ცხენითა და თოფით გამოცხადებულიყო სასახლეში. „მეთოფენი მეფის მცველებად ითვლებოდნენ და თუმცა, მათ ინსტიტუტში რეგულარული ჯარის ერთგვარი ჩანასახი სჩანდა, მეფის როქით დაქირავებულ მეთოფეებს არავითარი სამხედრო მიზნები არ ჰქონდათ დაკისრებული, გარდა ყარაულობისა. მათი იარაღი ძირითადად ურჩი ფეოდეალების თარეშის წინააღმდეგ იყო მიმართული“.
      – და ბოლოს...
      დარბაზის რიგის მაღალი ხელისუფალი ერთდროულად მსხვილი ფეოდალიც იყო. ამ ხელის მქონებელი უფრო ხშირად დიდებულები იყვნენ, რომელთა ძალა ფეოდალური „სახლისა“ და „ქვეყნის“ უფროსობაზე იყო დამყარებული.
      ისინი სარგებლობდნენ ზოგიერთი ადმინისტრაციული და სასამართლო პრივილეგიებით. ჰყავდათ საკუთარი მოხელეები: კარის გამგენი, სახლთუხუცესები, ეშიკღასბაშები, მდივან-მწიგნობარები, მოურავები, მამასახლისები. ქართლის მეფე თავდაპირველად „გურჯისტანის ვალად“ იგივე ირანის შაჰის მოხელედ ითვლებოდა და მისი ხელისუფლებაც საკმაოდ შეზღუდული იყო.
      თუმცა, ყიზილბაშური რიგის გავრცელებას არ გამოუწვევია „ქართული წესის“ მოშლა. სპარსულ-თურქული წარმოშობის სახელმწიფო სამართლის ინსტიტუტები თანდათან ქართული სოციალ-ეკონომიკური წყობილების დამახასიათებელ თვისებებს, „ანდა ახალ სამოხელეო სახელოს ქვეშ დამცრობიულ-გადაგვარებული ძველი სახელოების ნიშანდობლივ თვისებებს იძენდნენ“. ამასთან, „ქართველობის“ დამცველნი მუდამ იმის ცდაში იყვნენ, რომ „რომელნიმე შემშლელნი ქართულნი წესნი კვალსავე თვისსა მიეღოთ“.
      სასახლის ადმინისტრაცია, რომელიც ფეოდალური სახელმწიფოს ამოსავალ წყაროდ ითვლებოდა, ქართლის სამეფოში კარგად იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ ამ ადმინისტრაციის განვითარებას სიტუაციურად ბევრი დაბრკოლებაც ეღობებოდა წინ.
      XVIII ს. II ნახევარში მეფის ხელისუფლება იმდენად განმტკიცდა, რომ „თავადის ხელმწიფების ალაგმვა რამდენადმე მოხერხდა და უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ღონისძიებებიც განხორციელდა (საერისთავოების გაუქმება, მორიგე ჯარი, სასამართლო რეფორმა, დებულებები ადგილობრივი მმართველობების შესახებ, მოსახლეობის აღწერები და სხვ). აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო წყობილებაში თვალსაჩინო ცვლილებები მოხდა. მოხელეთა უფლება-მოსილებანი მკაფიოდ გამოიკვეთა. გაჩნდა ახალი სახელოები და უწყებები, რის შედეგადაც ქვეშევრდომები უშუალოდ დაუკავშირდნენ მეფეს“.
      ამ რეფორმების სულისჩამდგმელი ერეკლე II მიისწრაფოდა დარბაზის რიგის და საქვეყნო მართვა-გამგებლობის ადმინისტრაციის განმტკიცებისა და მისი მკვიდრ ნიადაგზე დამყარებისათვის. საქართველოს სახელმწიფო გონება საკანონმდებლო შემოქმედებისა და სახელმწიფო მშენებლობისათვის ახალ გზებს ეძებდა.
      სწორედ ამიტომ ქვეყნის განახლება ერეკლემ უმაღლესი მმართველობის შეცვლა-გაუმჯობესებით დაიწყო. განხორციელდა ცვლილებები სამეფო დარბაზში, რომელიც სათათბირო ორგანოდან მეფის მუდმივმოქმედ დაწესებულებად იქცა.
      – თვითონ ოჯახი
      ერეკლეს გარშემო ატეხილი კამათი ხშირად მეფის ოჯახს უკავშირდება და იგი მის თანამედროვეობაში იჩენდა თავს. თვით მეფესთან დაახლოებული პირებიც კი მიუთითებდნენ, რომ „სიმრავლე ძეთა და ასულთა მეფის ძისა გიორგისა და ესრეთვე სიმრავლე ცოლთაგან ძეთა და ასულთა ირაკლისა იყო მიზეზი სამეფოსა სახლისათვის კეთილისა და ბოროტისა“.
      ჩვენის მხრივ ვიტყვით, რომ ბაგრატიონთა და კერძოდ, ერეკლე II შვილთა სიმრავლე, როგორც სჩანს, მათსავე გენეტიკურ კოდში იყო ჩადებული, რომელიც თავის მხრივ შორსმიმავალი მიზნებისკენ იყო გათვლილი.
      სწორედ ამ ფენომენმა შეაფერხა ყველაზე მეტად რუსეთის იმპერიის დამკვიდრება საქართველოში, რამეთუ სამეფო ბაგრატიონები იყვნენ პირველნი, ვინც ერეკლეს სიკვდილის შემდეგ თავს იდო მამულის დამოუკიდებლობის დაცვა და ამ ბრძოლაში მთელი ერის გაყოლიებაც შესძლეს.
      მერეც, მამულს იძულებით მოწყვეტილი ბატონიშვილები, რომლებიც ზოგი მეცნიერებას, ზოგიც პოლიტიკასა და ხელოვნებას ახმარდნენ თავიანთ ნიჭსა და უნარს, ფიქრით და აზრით მუდამ სამშობლოსთან იყვნენ და შემთხვევას არ უშვებდნენ ხელიდან, რომ საქართველოში არ შემოჭრილიყვნენ და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი დროშის ცეცხლი არ აეგიზგიზებინათ.
      – სიყვარული და მოვალეობა
      ახალგაზრდა მეფისთვის არც ოჯახის შექმნაში მიუციათ საკუთარი სურვილითა და გრძნობებით მოქმედების უფლება. ელიზბარ ეშკაღაბაშის ძმის ვახტანგის შვილის ქალიშვილი, რომელზეც ერეკლე ყმაწვილობიდანვე იყო დანიშნული (რის გამოც ზოგიერთი მკვლევარი სწორედ მას მიიჩნევს მეფის პირველ მეუღლედ) ქაიხოსრო სარდალმა, იმ მოტივით, რომ ქალის მამა გივი ამილახვრის ცოლისძმა იყო, ჩამოაშორა დანიშნულს და ძალით აღკვეცა მონაზვნად. საბრალო ქალმა ვერ გაუძლო უსამართლო მოქცევას და „მწუხარებით მოკვდა ალავერდს“.
      ამას მოჰყვა ელიზბარის დაღუპვაც, რომელშიც ასევე ქაიხოსრო სარდლის ხელი ყოფილა გარეული.
      ერეკლე თურმე ხშირად ნანობდა თავის საქციელს და ცოლ-შვილთანაც არაერთხელ უთქვამს: „მე რომ ყაფლანიშვილის ქალი მაგონდება, იმისი სიბრალული ძალიან შემაწუხებს ხოლმეო“.
      არანაკლებ შეწუხებულა ამ ამბით ვაჟკაცობითა და შეუპოვრობით განთქმული გივი ამილახვარიც, რომელსაც მაშინვე შეუთვლია ქაიხოსრო სარდლისთვის: ირაკლისაგან იმ ქალის გაშვებასა და ელიზბარ ეშიკღაბაშის სიკვდილს სულ ცხვირიდან ამოგადენო და მართლაც ყველაფერი გააკეთა თავისი მუქარის აღსასრულებლად.
      ერეკლე პირველი მეუღლე კი იმერეთის წარჩინებული თავადის ზაალ მხეიძის ასული ქეთევანი იყო. მასთან ერეკლეს შეეძინა მომავალი ტახტის მემკვიდრე „კარგი“ ვახტანგი, რომელიც ოცი წლის ასაკში ყვავილით დაავადების შედეგად გარდაიცვალა.
      1744 წელს პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ერეკლემ ცოლად შეირთო იმერეთის წარჩინებული თავადის ზაალ აბაშიძის ასული ანა, რომლისგანაც შეეძინა შვილები საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი და ქალიშვილი თამარ...
      – დარეჯან დედოფალი
      1750 წელს მეორედ დაქვრივებული ერეკლე ქორწინდება სამეგრელოს მთავრის ოტია დადიანის ასულ დარეჯანზე, რომლის გარშემო დღემდე როგორც პროფესიონალურ, ისე დილეტანტურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა და დიდი მითქმა-მოთქმაა ატეხილი.
      დარეჯანი დაიბადა 1738 წლის 30 ივლისს. ერეკლეს შეახვედრეს 1749 წელს სურამში, სადაც გადაწყდა კიდეც მათი მომავალი ჯვრისწერა.
      თანამედროვეთა (უფრო სწორად, შინაურ თანამედროვეთა) გადმოცემით დარეჯანი ყოფილა „ღვთის მოშიში და მოყვარე ქრისტიანობისა, მლოცავი, გლახაკთა, ობოლთა, ქვრივთა, დაცემულთა და სნეულთა მოწყალე“. განსაკუთრებული სიყვარულით უყვარდა მეუღლე, რომელიც ასევე მაღალი გრძნობით პასუხობდა ამ სიყვარულს. ქვეყნის იმედად ქცეული ერეკლე საოცრად რბილი და ნაზი იყო მეუღლისადმი დამოკიდებულებაში, რასაც, არცთუ იშვიათად, უჩვეულო ამჩატებაშიც ამჟღავნებდა. მეფეს, რომელსაც „სამი საათის მეტი ძალი არ ჰქონია ოცდაოთხ საათში, დანარჩენ დროს სულ საქმობდა, სადილ-ვახშამზედაც საქმეზე ლაპარაკობდა“, შეეძლო გვიანობამდე დარჩენილიყო დედოფლის ლოგინში, ხშირად გამოეჩინა მისი ასაკისა და რეგელიისათვის არცთუ შესაფერი საქციელი.
      ერეკლეს ასეთი დამოკიდებულება, როგორც სჩანს, აღიზიანებდა მის გარემოცვას, რასაც ემატებოდა თბილისური ჭორებიც. ერთი მათგანი განსაკუთრებული სითამამითა და გაბედულებით გამოირჩეოდა; დედოფალს თავისავე ნათლულ „პირმყრალ“ ამილახვართან ოსეფა ყორღანაშვილთან საიდუმლო სიყვარულს აბრალებდნენ. შესაძლოა, სწორედ ეს ჭორიც გახდა გარკვეული მიზეზი ბატონის მოედანზე მომხდარი ამბისა, რომელიც ოსეფას გვარიანი ტყეპვით დამთავრებულა.
      – აი, ეს ამბავიც:
      ერთხელ ერეკლეს მიერ ავლაბრისაკენ გაგზავნილი ყორღანაშვილი ბატონის მოედნის ბოლოს სარდალ დავით ორბელიანს გადაეყარა, რომელიც აზნაურებთან საუბრით სასახლის მხარეს მოემართებოდა. ცხენზე ამხედრებულმა ოსეფამ მძიმედ და ღირსეულად დაუკრა მათ თავი და გზა გააგრძელა. გააფთრებული სარდალი ამაზე უკეთეს მიზეზს როდის იპოვიდა, როგორ თუ ეგ „მამაძაღლი ცხენიდან არ ჩამომიხტაო“, მხლებლებს ამილახვარი ცხენიდან ჩამოაღებინა და კეტების ცემით ძვალ-რბილი გაუერთიანა.
      ერეკლე დიდად შეუწუხებია ამ ამბავს, მაგრამ დავითის პატივისცემას და საჭიროკაცობას გადაუძალავს და უპატიებია.
      ამ ჭორის უსაფუძვლობის დასადასტურებლად ახლობელი თანამედროვე უნებლიედ ახალი ჭორის ამგორებელი ხდება: დედოფალი პირმყრალ ოსეფას თავს როგორ გაუყადრიდა, როცა თვით მოარშიყე რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს არ გაუყადრა თავიო და ამასთან დაკავშირებულ დეტალებსაც გადმოგცემს:
      – გინდ დაიჯერე, გინდ არა...
      პეტერბურგში იძულებით გადასახლებული ქვრივი დარეჯანისათვის, რომელიც თურმე თავისი ასაკის მიუხედავად, საკმაოდ ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურებოდა, ალექსანდრე იმპერატორს დაუდგამს თვალი და სასიყვარულო წინადადებითაც მიუმართავს მისთვის, რაზეც დედოფალყოფილს სასტიკი უარი გამოუცხადებია, მუდამ ქმრის ერთგული ვიყავი და ამ სიბერეში როგორ ვუღალატებ ერეკლეს სულსო.
      ეს ამბავი თავისთავად საგულისხმო და მრავლისმეტყველია. როგორც სჩანს, სამოც წელს გადაცილებული დარეჯანის მიმართ იმპერატორს გრძნობაზე მეტად პატივმოყვარეობა ამოძრავებდა და დედოფლის შეურაცხოფით იგი სიმბოლურად საქართველოს მიწასთან საბოლოო გასწორების ჟესტის განხორციელებას ისახავდა მიზნად.
      ჩვენ არ ვიცით, სად გადის ზღვარი სინამდვილესა და ილუზიას შორის, არც ის ვიცით, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს დარეჯანის მხრიდან წამოსული არცთუ საქვეყნო ინტერესებით განპირობებული ინიციატივები, მაგრამ უდავოა, რომ ერეკლეს გახმაურებულ კანონებს მემკვიდრეობისა და საუფლისწულოების შესახებ, რომელიც განაპირობებდა მუდმივ დავას და დაძაბულობას მეფის მრავალრიცხოვან შთამომავლებს შორის, აშკარად ატყვია მისი გავლენის კვალი.
      – შვილები
      დარეჯანთან ერეკლეს შეეძინა 17 შვილი:
      1. ელენე, გარსევან ჩოლოყაშვილის მეუღლე;
      2. ლევანი, ერეკლეს განსაკუთრებით საყვარელი და საიმედო ვაჟიშვილი, რომელიც იყო ერთ-ერთი ავტორი და შემოქმედი უმნიშვნელოვანესი ღონისძიების, მორიგი ჯარის შექმნისა. გარდაიცვალა ლეკებთან საბრძოლველად მყოფი კახეთში მეტად უცნაურ და საკამათო ვითარებაში. თანამედროვენი მას ეჭვიანობის ნიადაგზე ველისციხელი (რა გახდა ეს ველისციხე საქართველოს ისტორიაში) თავადის მეუღლის მიერ მოკლულად აცხადებდნენ, თუმცა, გავრცელებული და თითქმის დაზუსტებული ვერსიით იგი მოღალატეთა მიერ მოწამლულად ითვლება;
      3. იულონი – 1804 წლის მთიულეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური;
      4. ვახტანგი (ალმასხან ბატონიშვილი), „ისტორიებრი აღწერის“ ავტორი, დაუღალავი ქართველი მოღვაწე, და დაუმორჩილებელი მებრძოლი, რომელმაც მთავარმართებელს განუცხადა „რუსეთში ფუფუნებას საქართველოში მიწის თხრა მირჩევნიაო“;
      5. თეიმურაზი, მომავალში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II;
      6. მირიანი – რუსეთის საიმპერატორო კარზე წარგზავნილი ქართლ-კახეთის ელჩი;
      7. ალექსანდე ბატონიშვილი, რუსების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი, 1812 წლის კახეთის აჯანყების გმირი;
      8. ლუარსაბი;
      9. ფარნაოზი, მთიულეთის აჯანყების გმირი;
      10. არჩილი;
      11. ელენე, რომელიც ახალგაზრდობაში უყვარდა ზაქარია თამაზის ძე ანდრონიკაშვილს, მაგრამ არ გააყოლეს, რის ნიადაგზეც იგი ჭკუაზე შესცდა და „გიჟობასა სინამყოფელი“ მიათხოვეს იმერეთის მეფის სოლომონის ძმას არჩილს, თუმცა, ქმრის სიკვდილის შემდეგ შეირთო ზაქარიამ;
      12. მარიამ ბატონიშვილი – ქალაქის მოურავის დავით ციციშვილის მეუღლე, პოეტი;
      13. ეკატირინე, კახეთის მოურავის, გარსევან ჩოლოყაშვილის ცოლი;
      14. ქეთევანი, იოანე მუხრანბატონის ცოლი, დააპატიმრეს 1804 წლის აჯანყებაში მონაწილეობისათვის;
      15. ხორეშანი;
      16. ანასტასია – ქსნის ერისთავის, გიორგის რძალი;
      17. თეკლა ბატონიშვილი, ვახტანგ ორბელიანის ცოლი, ალექსანდრე ორბელიანის (პაპულიას) დედა. „ოჯახობის მატიანე და წმინდა სვინდისი“.
      – ცოტა რამ თეკლა ბატონიშვილზე
      თეკლა ერეკლესა და დარეჯანის უმცროსი შვილი იყო, რომლისთვისაც 4 წლის ასაკში მამას ხუმრობით თეკლა-ბიჭის სახელი შეურქმევია და ანტონ I და იულონ ბატონიშვილთან ერთად თავისი სურვილი ხუმრობით საგანგებო სიგელითაც დაუდასტურებია.
      ერეკლეს განსაკუთრებული სიყვარულით ჰყვარებია ნაბოლარა შვილი, რომელიც გასაოცარ სიმარდეს, სიხალისეს, იარაღისა და ჯირითის ფანტასტიკური ნიჭით იყო დაჯილდოვებული. იგი მერეც ახლდა ხოლმე ლაშრქობასა და ნადირობაში მამას, რომელიც უმკაცრესად ზრდიდა სათაყვანო ქალიშვილს.
      ერთხელ ლაშქრობიდან დაბრუნებულ ერეკლეს თავისი ლაშქრისთვის ნადიმი გაუმართავს და თეკლა-ბიჭისთვის უბრძანებია, ფშაველი მეომრებისათვის მერიქიფეობა გაეწია. ბატონიშვილი ნადიმის ბოლომდე უსიტყვო ხალისით ასრულებდა მამის ბრძანებას და მუხლჩაუხრელად ემსახურებოდა მეომრებს.
      ამ თვისებებით გაკეთილშობილებულმა თეკლამ ბოლომდე შეძლო სათაყვანო მამის ანდერძის შესრულება – სამშობლოს კარგი შვილები აღუზარდა, თვითონ კი მისი დიდების სამსახურში ამოხდა სპეტაკი სული.
      საერთოდაც, ბატონიშვილები სამაგალითოდ იყვნენ აღზრდილები. გონიერება, განათლება, კონტაქტები მათ განსაკუთრებულობას განაპირობებდა. თითქმის ყველა მათგანი, ვინც კი სრულწლოვანებას მიაღწია, საუკეთესო მეომარი, მეცნიერი თუ საზოგადო მოღვაწე დადგა. მათ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, ჰქონდა ადგილი გარკვეულ უთანხმოებებსა და უკმაყოფილებას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს უთანხმოება არასოდეს გადაზრდილა განსაკუთრებულ შურსა და სიბოროტეში, რასაც შეეძლო ქვეყნის ბედზე ემოქმედა, და რასაც ასე დაჟინეული ქადაგებდა რუსული დამპყრობლური იდეოლოგია.
      – სოციალური ყოფა
      – კანონმდებლობა

      ერეკლეს ნებისმიერი წამოწყება, რეფორმა თუ მისი შედეგი სახელმწიფო პოლიტიკასა და საერთაშორისო ორიენტირებზე იყო გათვლილი. საერთო ჯამში ქართლ-კახეთის სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკა სავსებით შეესაბამებოდა ეპოქის მოთხოვნებს და ქვეყნის მესვეურებსაც კარგად ესმოდათ, რომ ჩამორჩენილობის გადალახვის გარეშე მათი პატარა ქვეყნის არსებობას, ძლიერ სახელმწიფოთა დამპყრობლური შემოსევების პირობებში გაქრობა არ ასცდებოდა.
      ერეკლე II-ს უკიდურესად გადატვირთული სამუშაო რეგლამენტი ჰქონდა. არეული ყოფა არაფრით აძლევდა ქვეყნის წყნარად გამგებლობის საშუალებას. „სულ 4-5 საათს ეძინა. ხშირად საუზმესაც წყვეტდა და ლეკებს დაედევნებოდა. დილით რომ მარტყოფსა და ავჭალიდან გარეკავდა მოთარეშე რაზმებს, სადილობის დროს დიღომში ჩნდებოდა, ვახშმად – ტაბახმელაში“. სამეფო მართვისათვის ომებსა და ბრძოლებს შორის იცლიდა. დროს ძლივს პოულობდა, რათა „მართვა-გამგეობის ყოველი დარგისათვის თვალყური ედევნებინა, ხშირად სიცხიან და ავდრიან დღეებში თავისი ესა თუ ის პროვინცია შემოევლო. მრავალი საჩივარი მოესმინა და გაერჩია და ამავე დროს ფართო სააღმშენებლო მუშაობისათვის ხელმძღვანელობა გაეწია“.
      ქვეყნის განვითარების უპირველეს პირობად მეფეს წესრიგის დამყარება მიაჩნდა. 1748 წელს ერეკლემ ათარგმნინა და კარგად გაეცნო გერმანული საპოლიციო სამსახურის წესდებას. ამავე წელს მან მამასთან ერთად მოახდინა უმაღლესი სასამართლოს რეორგანიზაცია, რომლის სათავეშიც უახლოესი თანამოღვაწე მზეჭაბუკ ორბელიანი ჩააყენა..
      – რეფორმები ეკლესიაში
      ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებლი პირობა იყო რეფორმების გატარება ეკლესიაში, რომელიც მუსლიმან დამპყრობელთა ბატონობის გამო უმძიმეს მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ქართლ-კახეთში 41 ეპარქიიდან ათიღა იყო შემორჩენილი. იგრძნობოდა სხვა ეკლესიათა ძლიერი გავლენაც. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მონოფიზიტები და კათოლიკები, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად მოქმედებდა საკუთრივ ქართულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე. სიტუაციის სერიოზულობას უფრო ნათლად წარმოვიდგენთ იმის გათვალისწინებით, რომ ამ გავლენას თვით კათალიკოსი ანტონ I კი ვერ ასცდა, რომელიც თავისავე სიტყვებით „სული წმინდის საქმეზე და პაპის უფროსობაზე შეცდა“.
      ერეკლეს მამიდაშვილი კათალიკოსის შეცდომაზე, ისე როგორც ზოგადად მის ხასიათებზე, შეხედულებებსა და საქმიანობაზე საუბარი ჩვენ შორს წაგვიყვანდა. ვიტყვით მხოლოდ, რომ ანტონი მეფის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და მყარ დასაყრდენად ითვლებოდა და უდავოდ დიდია მისი დამსახურება თავად ქართული ეკლესიის გაწმენდისა და წესრიგის დამყარების საქმეში.
      1767-1768 წლებში მეფემ და კათალიკოსმა ერთობლივად შეიმუშავეს განჩინება, რომელიც ემსახურებოდა შელახული სარწმუნოებისა და ეკლესიის მოშლილი საქმეების მოწესრიგებას. განჩინება შეეხებოდა სასულიერო პირთა სწავლებას, მოღვაწეობას, ეკლესია-მონასტრების მოვლა-პატრონობას, გამოყენებისა და ქონების განკარგვას. მკაცრად განსაზღვრავდა ქრისტიანული ნორმების, ვადების და შესრულების წესებს და სხვა.
      ამას მოჰყვა პრაქტიკული ღონისძიებები, რის შედეგადაც ეკლესია გაიწმინდა მანკიერ მსახურთაგან. აღდგა მართლმადიდებლური ჰეგემონია, უამრავი გამაჰმადიანებული დიდგვაროვანი დაუბრუნდა მამა-პაპეულ სარწმუნოებას.
      – ტოლერანტობა
      ერეკლე დიდ სიფრთხილეს იჩენდა სხვათა სარწმუნოების მიმართ. თბილისში ამ მხრივ არ ყოფილა არავითარი შეზრუდვა. აქ ჩამოსულ ოფიციალურ სტუმრებსა თუ მექარავნე-ვაჭრებს ყოველთვის ჰქონდათ თავიანთ სალოცავებში ლოცვის საშუალება.
      ერეკლეს ტოლერანტული დამოკიდებულება სხვათა სარწმუნოებისადი უცხო უნდა ყოფილიყო იმ დროის, თუნდაც, დასავლეთ საქართველოს ცხოვრებისთვის. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ერთი კურიოზული მაგალითი, როცა თბილისში მყოფმა არჩილ ბატონიშვილმა, როემელსაც ოსმალთა გამოისობით აუტანელი შეხედულებები ჰქონდა მათ სარწმუნოებაზე, თვალებს და ყურებს არ დაუჯერა, როცა ერთ დილას მოლას ქადაგებამ გამოაღვიძა. აღშფოთებულმა თოფი გადმოიღო და ყველას თვალწინ ჩამოიღო იგი მინარეთიდან...
      მეორე მაგალითსაც მოვიყვანთ: ერთხელ სასახლეში მეფემ შემთხვევით გაიგო, როგორ მიმართა მსახურმა ქურდაშვილმა არაქართველ მსახურს – „შე, რჯულ ძაღლო თათაროო!“. ერეკლეს ბრძანებით ამის მთქმელს ენა დაუჩხვლიტეს ნემსით, რის მერეც მან ქურდაშვილი ასე დაარიგა: „იცოდე, როგორც შენ გიყვარს შენი რჯული, ისე უყვარს მაგასაც თავისიო“.
      უჭირდა მეფეს, რადგან ხშირად ვერ უგებდნენ. ან როგორ უნდა გაეგო მისი იმ ქართველ თავადს, რომელმაც ქრისტეს სისხლის დათხევის შურის საძიებლად ძლივს დამაგრებული ებრაელები აყარა თავისი მიწიდან.
      – „ახალი ქართველები“
      მაგრამ პირადი გაჭირვებისათვის მეფეს ნამდვილად არ ეცალა. იგი უმოკლეს დროში უდიდეს საქმეთა კეთებაზე იყო გადასული. დრო მართლაც ცოტა იყო. ქვეყანას მაქსიმალურად უნდა ესარგებლა დროებით ჩამოვარდნილი მშვიდობით, რაც მალე აისახა საგლეხო მეურნეობის ზრდა-განვითარებაზე. ამას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის გაფართოებაც უნდა მოჰყოლოდა. გლეხებმა დაიწყეს ბაზარზე პროდუქტების გატანა, შესაბამიმისად გავრცელებას იწყებს ფულადი გადასახადები.
      ჩნდებიან „ახალი ქართველები“, მემამულეები, რომლებიც რაციონალურად აწყობენ მეურნეობას. მათთვის დამახასიათებელია აღრიცხვა-ანგარიშგება, მიწების იჯარით გაცემა, კავშირი ბაზართან და სხვა.
      ვითარდება ვაჭრობა, მრეწველობა, საქალაქო ცხოვრება. თბილისში მეურნეობის ყველა დარგია წარმოდგენილი. ბაზარში შეხვდებით ოქრომჭედლებს, მექოშეებს, სირაჯებს, ყაბაზებს, ყაჯარდუზებს, მედუქნეებს, ბაზაზებს, მკერვალებს, მეთევზეებს, ბაყლებს, ყასბებს, საკრავების მკეთებლებს, ჩილინდრებს, ხაბაზებს, მეჭურჭლეებს, ნალბანდებს, მექვაბეებს, ჩილინდრებს, ხარაზებს, ქურქჩებს.
      იმასაც კარგად გრძნობდა მეფე, რომ ფეოდალური ურთიერთობები უკვე კარგა ხანი იყო, აფერხებდა მეურნეობის განვითარებას. განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებდა ქვეყნის ცხოვრებაზე სათავადოების თვითნებობა და მათი დაჟინებული მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ.
      ამიტომაც მან ენერგიული ღონისძიებებით მოკლე დროში გააუქმა არაგვისა და ქსნის საერისთავოები. ყაზახი, ბორჩალო, ბაიდარი სამოურავოებად აქცია. გაანადგურა ფეოდალური ოპოზიცია. მკვეთრად ჩაერია ბატონისა და ყმის სამამულო თუ პირად ურთიერთობაში. აღადგინა „ბატონყმური რიგი“. სასტიკად აკრძალა გლეხის უმიწოდ გაყიდვა. ტყვეობიდან დაბრუნებულთ უფლება მისცა თვითონ აერჩიათ ბატონი. ხალხის მომყვანი ფეოდალები წაახალისა. „უცხო ქვეყნიდან ვინც კაცს მოიყვანს, მომყვანისა იქნება, ვისიც ყმა არ უნდა იყოსო“. თვითონ ათი ათასამდე ტყვე დაიხსნა, რაც 400 ათასი მანეთი დაუჯდა.
      – მორიგი ჯარი
      ისიც კარგად იცოდა მეფემ, რომ მეურნეობის განვითარების პირველი ხელშემწყობი პირობა მშვიდობა იყო, რასაც ფეოდალური ლაშქარი ვერ უზრუნველყოფდა, დაქირავებული ჯარის შენახვა კი ძვირი ჯდებოდა. დაცარიელდა სამეფო ხაზინა. საქმე იქამდე მივიდა, რომ შაქი-შარვანის მფლობელის თავდასხმის მოსაგერიელებლად „გამოიტანეს მეფეთა ჩვენთა თვისსა სალაროთი ოქროსა და ვერცხლის იარაღი, მისცეს ზარაფხანაში, მოაჭრევინეს ფლური და თეთრი და აძლევდნენ ჯარს“.
      ამ სიტუაციაში უდიდესი მიღწევა იყო 1773 წელს მორიგი ჯარის შექმნა, რაც რეგულარულ ჯარზე გადასვლის გარდამავალი საფეხურს წარმოადგენდა.
      ამ ღონისძიების ერთ-ერთი მოთავე და გამტარებელი ერეკლესთან ერთად მისი მეორე ვაჟი ლევანი იყო.
      რეფორმით წესდებოდა საყოველთაო სამხედრო ბეგარა, რომლის მიხედვით ყოველი მამაკაცი, განურჩევლად ეროვნებისა, წოდებისა და სარწმუნოებისა, ვალდებული იყო საკუთარი იარაღით, ტყვია-წამლითა და საკვებით წასულიყო ერთი თვით ჯარში. თუ გლეხი ღარიბი იყო, მისთვის საჭირო ხარჯები მის მებატონეს უნდა გაეღო. ვაჭრებს, მწყემსებს, მებაღეებს, ხაბაზებს, მზარეულებს, მეწისქვილეებს, გუთნისდედებს შეეძლოთ თავის მაგიერი კაცი გაეგზავნათ, რადგან, ჯერ ერთი ამით ისინი წყდებოდნენ ესეოდენ საჭირო წარმოებას და მეორეც, ისინი დიდი მეომრული ნიჭითა და უნარით ვერ გამოირჩეოდნენ.
      სამაგიეროდ ყოველგვარი მონაცვლის გარეშე იხდიდნენ სამხედრო ბეგარას მეფე და მისი ოჯახის წევრები. თვითონ მორიგე ჯარის შემოქმედი ლევან ბატონიშვილი თვეობით იდგა რომელიმე მივარდნილი საზღვრის სადარაჯოზე.
      სამხედრო ბეგარისაგან თავის არიდებისათვის მკაცრად სასჯელები იყო დაწესებული: თავადი 20 თუმანს იხდიდა, აზნაური 10 თუმანს, მოხელე 6 თუმანს, გლეხი – იწკპლებოდა.
      ამ წესით ერეკლეს უკვე 24 ათას კაციანი ლაშქრის გამოყვანა შეეძლო. მორიგი ჯარის შედეგები მალე დაეტყო ქვეყანას. „ესრეთ იქნენ შეშინებულნი ლეკნი, რომ ვერღარა სადა იკადრეს გამოსვლა და ესრეთ დამშვიდდა ქვეყანა, რომელ ღართის კარსა შინა და სხვათა სამტროთა ადგილთა დედაკაცნი ვიდოდეს თვინიერ კაცისა და ასედაცა მრავალნი გაოხრებული სოფელნი, ვითარცა კახეთსა შინა, ეგრეცა ქართლსა, სომხითსა და ლორესაცა“.
      მშვიდობის დაცვისა და ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველსაყოფადვე „მეფობასა ამასსა აშენდნენ სიმაგრენი ქართლ-კახეთისანი ვიდრე ას სამოცამდე, გალავანნი ბურჯნი მტერთათვის“.
      – ქართველები და არაქართველები
      ხალხის წიაღში აღზრდილმა ახალგაზრდა მეფემ კარგად იცოდა, რომ სახელმწიფო საფუძველს უპირატესად ხალხი წარმოადგენდა, რომ მეურნეობის გასავითარებლად მშვიდობის გარდა მწარმოებელი ძალები იყო საჭირო, რაც მუდმივი ომების, გაქცევა-ხიზნობისა და ეპიდემიების მიზეზით ქართლ-კახეთში უკიდურესად შემცირებულიყო. მეფემ მოსახლეობის ინტენსიურ დასახლება-მოშენებას მიჰყო ხელი, რასაც ხან სახელმწიფო გადასახადებიდან და ვალდებულებებიდან გათავისუფლებით, ხანაც ძალდატანებითი ღონისძიებებით ახორციელებდა.
      შედეგად მალე აღინიშნა გარკვეული სიახლეები და ცვლილებები სოფლის მეურნეობის სისტემაში: გაიზარდა თავისუფალ მწარმოებელთა რიცხვი, ზოგიერთ მეურნეობაში დაქირავებული შრომის გამოყენება და სხვა. ყოველივე ეს კი იმის მაჩვენებელია, რომ აღნიშნულ პერიოდში ქართლ-კახეთის ეკონომიკური ცხოვრება აღმავლობის გზით მიდიოდა. მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰქონდა ადგილი საზოგადოებრივ ურთიერთობაშიც.
      ახლად წარმოქმნილ თავისუფალ მიწისმფლობელ-მოლაშქრეებს მეფე წარმატებით იყენებდა სეპარატისტულ ფეოდალებისა და საგარეო მტრების წინააღმდეგ.
      ამასთან, ერეკლე კარგად იყენებდა თავისუფლებისკენ გლეხთა ლტოლვას და სამშობლოსათვის თავდადებულ მეომრებს ყმობისაგან ათავისუფლებდა, რის შედეგადაც საგრძნობლად მოიმატა გააზატებულ გლეხთა რაოდენობამ.
      მწარმოებელი ძალების გამრავლების მიზნით ერეკლე არ ერიდებოდა არაქართველი მოსახლეობის იძულებით მოზიდვასაც. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ოსების ჩამოსახლებას, რასაც ერთდროულად სამეურნეო და სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. ჩამოსახლებული ოსები მასიურად ქრისტიანდებოდნენ.
      ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარების მიზნით განსაკუთრებულად ინტერესდებოდა სომეხთა ჩამოსახლებით, რისთვისაც იძულებით ღონისძიებებსაც მიმართავდა. მაგალითად, 1779 წელს ურჩ ერევნის ხანის დასჯასთან დაკავშირებით მან „აჰყარნა სომეხნი ზოგნი ერევნით და გარდმოასახლა საქართველოსა ადგილთა, რომელნცა კიდე აქ ამ ჟამამდე დაშთეს საქართველოსა შინა“. ასე გაჩნდა ასობით სომხური ოჯახი სიღნაღში, თბილისსა და გორში.
      ამავე საუკუნის შუა წლებში მან მუღანის ველიდან გადმოასახლა სპარსთაგან შევიწროვებული თურქმენების 250 ოჯახი, რომელთაც შეუქმნა სოფლები მუღანლო, ყაფანახჩი და ყიზილ-ჰანჯოლი.
      ყველა გადმოსახლებულ ოჯახს თავისი ფუნქცია წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული; ვის სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის უნდა წაეშველებინა ხელი, ვის ვაჭრობა ან ხელოსნობა განევითარებინა, ზოგსაც მეომრის მოვალეობის შესრულება ჰქონდა დაკისრებული.
      ყველა შემთხვევაში ისინი საქართველოს ცხოვრებას, იმ სამეურნეო-ეკონომიკური ცხოვრების წესს უნდა მორგებოდნენ, რომლის შენარჩუნება ქართლ-კახეთმა უმძიმეს საგარეო ყოფაში, მუდმივ ომებსა და ძალადობის პირობებშიც მოახერხა.
      ქართული მეურნეობის წესის შენარჩუნება ქვეყნის ფაქტიურ გამარჯვებას ნიშნავდა, მაგრამ ახლა უკვე შენარჩუნებაზე კი არა, მის გაუმჯობესება-გადახალასებაზე იყო საქმე დამდგარი.
      – მეომრები და მწარმოებლები
      ერეკლემ კარგად იცოდა, რომ ამისათვის ქვეყნის მწარმოებელი მოსახლეობის ხელშეწყობა, მათი შრომისათვის ნორმალური პირობების შექმნა იყო საჭირო. ამიტომ მუდამ მკაცრად რეაგირებდა მებატონეთა მიმართ გლეხთა მიერ გამოთქმულ საჩივრებზე, რომლებიც გლეხთა შევიწროებასა და შეურაცხოფას, მათზე ძალმომრეობას ეხებოდა.
      „შეღავათით მოექეც და რიგიანათ, რომ აღარ იჩივლოს, შენც გამოგადგეს და შენს შვილსაც“... „თუ რომ თქვენი მამულიდან მკვიდრი კაცი აიყარა... იცოდეთ ავად მოგეპყრებით და გარდაგახდევინებთ“ – აფრთხილებდა მკაცრ მებატონეებს.
      გლეხობამ იცოდა, რომ მეფე მეტის მეტი სიმკაცრისათვის ფეოდალს დასჯიდა და ზოგჯერ კუთვნილზე მეტის მიღებასაც მოითხოვდა. ერეკლეც მაქსიმალურად ცდილობდა მათი გულის მოგებას; გამოდიოდა ახალი საგლეხო კანონები, წესდებოდა შეღავათები, იკრძალებოდა ყმათა უმამულოდ გაყიდვა და სხვა, რადგან ურჩ სათავადოთა წინააღმდეგ ბრძოლაში იგი სწორედ გლეხებს ეყრდნობოდა.
      სწორედ მწარმოებელთა პოტენციის გამოყენებით ცდილობს მეფე სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებას. მათით და მათთვის შენდება ციხე-სიმაგრეები, სარწყავი არხები, მუშავდება აუთვისებელი მიწები, ფაბრიკა-ქარხნები, იზრდება ნათესები, ტარდება პურის გასაიაფებელი ღონისძიებები.
      – ფეოდალური ზედაფენა
      ცვლილებები აღინიშნა თვითონ სოციალურ სტრუქტურაშიც. დიდი სათავადოები ჯიუტად არ თმობდნენ პოზიციებს და კვლავ ინარჩუნებდნენ გაბატონებულ ადგილს ფეოდალურ იეარარქიაში. კერძოდ, სარგებლობდნენ ადმინისტრაციული და სასამართლო იმუნიტეტით. დიდი იყო მათი გავლენა სამეფო დარბაზშიც. მეფე „დარბაზ ბატონებს მხოლოდ მოახსენებდათ, მდაბიოთ კი უბრძანებდათ“. მეფის პოლიტიკას განსაზღვრავდნენ დარბაისლები (მსხვილი საერო და სასულიერო ფეოდალები), დარბაზის რიგის ხელისუფლები და „ქვეყნის გამრიგენი“. თუმცა, მეფე „ძმობის წიგნით“, „შეუყრელობის წიგნით“, „ძმობისა და სახლიკაცობის პირობითა“ და სხვა მარეგულირებელი კანონებით მოხერხებულად ერეოდა მათ ურთიერთობაში. თავადობა კვლავაც სამ კატეგორიად იყო დაყოფილი: „დიდებული თავადები“, „შუა თავადები“ და „დაბალი თავადები“.
      მნიშვნელოვანი ცვლილებები აღინიშნება აზნაურთა ყოფაში. განუხრელად იზრდება მეფის ერთგულებისათვის აზნაურობამიღებულ პირთა რიცხვი. ბევრი მათგანი კი უკვე ახალ თავადთა სახითაც გვევლინებიან. იზრდება სამეფო აზნაურთა რაოდენობაც. ყველა ისინი დაინტერესებული არიან სამეფო ხელისუფლების გაძლიერებით. ამიტომ მეფე ცდილობს მეტი და მეტი პირები დააწინაუროს გლეხთა ფენებიდან აზნაურთა წოდებამდე. ისინიც სამ კატეგორიად იყოფიან „დიდი აზნაურები“, „შუა აზნაურები“ და „ცალმოგვი აზნაურები“.
      მეფის ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა მსხვილი ფეოდალების ხელისუფლების ცენტრალიზაციის პროცესს. ცდილობდა შეეზღუდა მათი თანამდებობებზე მემკვიდრეობის უფლება.
      პირადად მეფის სასახლეს და მეურნეობას (ქარხნებს) მოხელეები, მოქალაქეები განაგებდნენ. მსახურებად კი უბრალო წრიდან გამოსული ადამიანები არიან.
      ძირითადი გადასახადების აკრეფა „კარით წარვლენილ მოხელეებს“ ევალებოდათ. სამეფო პოლიტიკის ადგილებზე გატარებას კი „საქვეყნოდ გამრიგე“ მოხელენი ადევნებდნენ თვალს, რომლებიც თავის მხრივ მხოლოდ მეფეს ემორჩილებოდნენ.
      გლეხობის ძირითადი კატეგორიები იყო: „მკვიდრი“, „ნაწყალობევი“, „ნასყიდი“, „ნებიერი“, „თარხანი“, „ხიზანი“ და ბოგანო. ადგილი ჰქონდა მათ ქონებრივი ნიშნით დაყოფასაც, რის შემდეგაც წარმოიშობოდნენ „საშუალო“, „შეძლებული“ და „საუკეთესო“ გლეხები.
      – ახალი საქართველოსთვის
      ერეკლეს დიდი ცდების მიუხედავად, ქართველი გლეხი ძალზე ნელა ელეოდა მამა-პაპეულ მეურნეობას და სიახლეთა მიმართაც დაბალ დაინტერესებას იჩენდა. ქვეყანაში უკიდურესად სუსტად იყო განვითარებული ვაჭრობა და ხელოსნობა, რასაც ზემოთხსენებული ფაქტორის გარდა, გამუდმებული ომიანობა ან მისი მოლოდინის შიში აპირობებდა.
      ამ მიზეზთა გამო მოსახლეობა მასიურად გაურბის საქალაქო ცხოვრების წესს და პროვინციებს ეფარება. გაპარტახებული მამულიდან ვაჭრები მასიურად იყრებიან და მოზდოკსა ან ასტრახანს მიდიან.
      „შეიკრა გზები მტრისგან (ლეკთაგან), რომ მგზავრი აღარ გაატარეს, აღარც ზემო ქართლიდამ ჩამოუშვეს და აღარც ახალციხის ქვეყნიდამ ქარავანი: ამით ქალაქს თბილისს ძვირობა შეიქმნა და ხალხი დიდათ შეაწუხეს“. ლეკთა მარბიელი რაზმები თვითონ თბილისშიც კი ჩნდებიან.
      – კავშირთა ძიებაში
      ქართველ მეფეთა პოლიტიკის კვალად ქართველ ვაჭართა და ხელოსანთა ყურადღების ცენტრმა ნელ-ნელა ჩრდილოეთით იწყო გადანაცვლება. ჯერ კიდევ ვახტანგ VI დროიდან მოყოლებული, ამ პოლიტიკით უკმაყოფილო და გაღიზიანებულმა ირანის მმართველობამ თბილისელ ვაჭრებს შეუწყვიტათ საბაჟო შეღავათები. მათვე სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერების მიზნით რუს ვაჭრებს უდიდესი პრივილეგიები მიანიჭეს. ამის გამო, ქართველი ვაჭრები ცდილობდნენ მიეღოთ რუსეთის მოქალაქეობა და ამით დაუფლებოდნენ ესეოდენ მომგებიან და ხელსაყრელ პრივილეგიებს ირანის ბაზრებზე.
      ასე რომ, ერეკლეს ჩრდილოურმა პოლიტიკამ საქართველოს დააკარგინა კარგად აპრობირებული, მომგებიანი აღმოსავლური ბაზარი, რომლისკენაც ასე დაჟინებით მიისწრაფოდნენ თავად რუსი ვაჭრები.
      თუმცა, მძიმე მემკვიდრეობის გარდა არსებობდა ძლიერი ხელშემწყობი პოტენციალიც, რომელშიც უმთავრესად ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარეობდა.
      თბილისში გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები, რომელიც მას აკავშირებდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიასთან, ირანთან, სტამბოლთან, დასავლეთ სამყაროსთან. ერეკლე უზომოდ იყო დაინტერესებული ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის აღდგენითაც, რაშიც მიუღწევია კიდეც გარკვეული წარმატებისათვის. ამის დასტურად მეტყველებს ის ფაქტიც რომ, 1775 წელს დერბენდთან ჩაძირულ გემზე, რომელიც ენეზელიდან ასტრახანს მიემართებოდა, ნახევარი მილიონი მანეთის საქონელი ქართველი ვაჭრების საკუთრება იყო.
      და მაინც უდიდესი მონდომების მიუხედავად, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანზიტო გზის ფუნქციის სრულად აღდგენა არაფრით არ მოხერხდა.
      ამის გასანეიტრალებლად 1750 წელს ამოქმედდა დარიალის (ოსეთის, რუსეთის) გზა. ადგილობრივი ვაჭრები თავდაპირველად ეჭვით შეხვდნენ მას და უპირატესობას კვლავ კასპიისპირა მაგისტრალს ანიჭებდნენ. „ერეკლემ მათ შიშს მათივე სიხარბე დაუპირისპირა“ და ახალ გზაზე შეღავათიანი ბაჟი დააწესა, რამაც გამოიღო შედეგი და მერეც კი, როცა ეს შეღავათები მოიხსნა, ვაჭრები კვლავაც დარიალის გზას ანიჭებდნენ უპირატესობას.
      ბაჟი ყველა წოდებისა და ეროვნებისათვის სავალდებულო იყო. გასაგები მიზეზის გამო სამეფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით რუსეთიდან შემოტანილ საქონელზე იგი ბევრად დაბალი იყო, ვიდრე საქართველოდან გატანილზე. თუმცა, თანაფარდობა ექსპორტ-იმპორტს შორის იმდენად იყო დაცული და დარეგულირებული რომ, არ იწვევდა კონკურენციას.
      ადგილობრივი ნაწარმი თავისი სიიაფის გამო ადგილობრივი ბაზრის გარდა კარგად ვრცელდებოდა კავკასიის მთიანეთში. მათთან ვაჭრობა ქვეყნისთვისაც მომგებიანი იყო, რადგან აქედან ფული არ გაედინებოდა. მთიელები აქ თავიანთი პროდუქციით გაყიდვით აღებული თანხებით ისევ აქაურ პროდუქციას ყიდულობდნენ.
      დიდი რაოდენობით ქსოვილი გადიოდა მოზდოკში. გაჰქონდათ თუთუნი ასტრახანში, მოზდოკში. ზოგიერთი ვაჭარი მოსკოვამდეც კი აღწევდა.
      – ხელისუფლება და ვაჭრობა
      ხელისუფლება ცდილობდა ჩარეულიყო ექსპორტ-იმპორტის წარმოებაში და თავის სასარგებლოდ დაერეგულირებინა იგი. ამ პოლიტიკის შედეგი იყო, რომ ვაჭრები უცხოეთიდან უფრო ოქროს ჩამოტანას ცდილობდნენ, ვიდრე საქონლის. ამ შემთხვევაში იგი ორივეს, ვაჭრისა და სამეფო ხელისუფლების ინტერესში ჯდებოდა.
      ქართველ ვაჭართა სიმდიდრესა და მათი საქმიანობის მასშტაბებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ 1792 წ. ხუთი ქართველი ვაჭრისთვის 20 ათასი მანეთის ოქრო ჩამოურთმევიათ, რომელიც უკან მხოლოდ ერეკლეს უშუალო ჩარევით დაუბრუნებიათ. ასევე, 1797 წელს ასტრახანში დავით კანკილამოვს და რევაზ გიორგიევს ჩამოართვეს 700 ნახევარიმპერიალი და 700 მანეთი, 4200 მანეთი ოქროს მონეტა და სხვა საქონელი.
      სამეფო ხელისულება ახალისებდა ვაჭრობას. მისი რაზმები იცავდნენ გზებს. მეფის კარი აწესებდა და აკონტროლებდა ბაჟს. 1700 წ. თბილისის საბაჟო შემოსავალი 3200 მან. 1769 წ. – 10 ათ. ბაჟი საბაზრო საქონლის ღირებულების 25 % შეადგენდა. ბაჟები იზრდებოდა სხვა ქალაქებშიც.
      მოიმატა მოთხოვნილებამ ფულზე. გაიზარდა სავაჭრო და სავახშო კაპიტალის როლი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში. გამოიყვნენ შეძლებული ვაჭრები და მევახშეები. გახშირდა ვაჭრების აზნაურის ან თავადის ხარისხში აყვანის შემთხვევები.
      ერეკლეს პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი ვაჭრობის მიმდინარეობა და ნებისმიერი ფორმით ცდილობდა მათ ხელშეწყობას. მან პოტიომკინთანაც კი უჩივლა ფათალი ხანს, რომლის გზაზე ქართველმა ვაჭრებმა 60 ათასი მანეთი იზარალეს.
      რუსულს გარდა საქართველოში ნელა, მაგრამ მაინც შემოდის ფრანგული, ესპანური საქონელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ზედაფენა მოიხმარდა.
      მცირედ, მაგრამ მაინც შემორჩა ვაჭრობა ირანთან, ერაყთან, ბაღდადთან, ბასრასთან, ინდოეთთან, სირიასთან (ერევნის გავლით).
      სამაგიეროდ გაცხოველებული ვაჭრობა აღინიშნება სამხრეთ აზერბაიჯანთან, ბაქოსთან, შემახასთან, ოსებთან, ლეკებთან, კასპიისპირეთთან. მარტო თბილისიდან ყოველთვიურად გადიოდა 150-200 ურემი ერევანს, თავრიზსა და არზრუმში.
      ერევნიდან შემოდიოდა 70 ათასი ფუთი ბამბა, ირანიდან – 21 მილიონი არშინი ქსოვილი და სხვა.
      ყოველივე ეს ქვეყნის განვითარებისთვის კიდევ უფრო უკეთეს პირობებს ქმნიდა. საგარეო ვაჭრობა გამოხატავდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს, რომელშიც კარგად ჩანდა ბურჟუაზიული ელემენტები.
      – კეთილი თუ ჭკვიანი მეგობრები
      ევროპასთან დამყარებული კავშირები ერეკლეს სულ უფრო ხშირად აფიქრებდა ეკონომიკური ცხოვრების წესების გადახალასებასა და განახლებაზე, თუმცა, როგორც მას არცთუ იშვიათად ჩვეოდა, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავდა.
      ამ მხრივ მნიშვნელოვანია ერეკლეს კონტაქტები და ხშირი მიწერ-მოწერა ინდოელ სომეხ დიდვაჭარ შაჰამირ აღასთან (შაამირ შაამირანი) თბილისში შაქრის წარმოების შესახებ. ცოტა მოგვიანებით შაჰამირთან ურთიერთობა კომერციის საზღვრებს სცილდება და პოლიტიკურში გადადის. კერძოდ, იგი ერეკლეს ქართლ-კახეთში ბატონყმობის გაუქმებას ურჩევს, რის სანაცვლოდაც თავის თავზე იღებს მეფის, ეკლესიისა და ფეოდალური არისტოკრატიის ფინანსურ კომპენსაციას. თბილისში კისრულობდა რამდენიმე ბურჟუაზიულ წესზე მომუშავე (შაქრის, ბამბის და სხვა გადამამუშავებელი მრეწველობის) საწარმოს გახსნას, რისთვისაც მზად იყო გაეღო 10 მილიონი რუპია.
      მანვე გამოუგზავნა ერეკლეს ოქროს გვირგვინი და სამეფო ხელისუფლების სხვა ნიშნები, ასევე საგანგებოდ შექმნილი წარჩინებულობის ნიშანი – ბრილიანტებით მოოჭვილი, ოქროს ჯვრით შემკობილი ჯილდო-ემლემა, რომელზეც გაერთიანებული საქართველოსა და სომხეთის გერბებს შორის უწყინარი კრავი იყო გამოსახული.
      საპასუხოდ, ერეკლემ შაამირანს ქართველი თავადის წოდება და ლორე უბოძა.
      ამ დროიდან საერთოდაც, უდავოდ იწევს წინა პლანზე ერეკლეს სომხებთან დამოკიდებულების საკითხიც. სომხების მხრიდან ერეკლეს პოლიტიკით დაინტერესების მიზეზები მკვლევარებს მათი მდგომარეობიდანვე გამოჰყავთ. ერეკლესაც აძლევდა ხელს მსხვილი კაპიტალის მქონე სომხებთან ურთიერთობა, რომლებიც გარდა იმისა, რომ ხაზინას საგრძნობ შემოსავალს აძლევდნენ, მეფის ხელისუფლების საიმედო პოლიტიკურ დასაყრდენსაც წარმოადგენდნენ.
      თუმცა, თავიანთი სამეურნეო-ყოფითი სპეციფიკიდან გამომდინარე, სომხები სხვადასხვა სიტუაციებში არაორდინალურ, ზოგჯერ საეჭვო, ზოგჯერ კი აშკარად ქართულ ეროვნული ნიშნების საწინააღმდეგო განწყობას გამოხატავენ. შესაძლოა, ამის გამოც ვერ ვხედავთ ჩვენ ისტორიულ საბუთებში მეფის პასუხებს შაამირანის წინადადებებზე.
      თუმცა, ერეკლეს ახალი ეკონიმიკური პოლიტიკის განხორციელებას მათივე სამეურნეო ყოფიდან და ხასიათიდან გამომდინარე სომხური ფენომენი საკმაოდ მიედასაგებოდა.
      – ხელოსნობა
      ვაჭრობის დაწინაურება, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო ხელოსნობის განვითარების გარეშე. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოში ხელოსნობის 60-მდე დარგი ყოფილა. ჩქარი ყოფილა მისი ზრდის ტემპებიც. თუ საუკუნის დასაწყისში 200 სახელოსნო და საამქრო იყო, 80-იან წლებისთვის მათი რიცხვი 500-ს აღემატებოდა.
      თბილისის გარდა ხელოსნობის მრავალ დარგს მისდევდნენ გორში, სურამში, ცხინვალში, ალში, ახალდაბაში, ანანურში, დუშეთში, თელავში, სიღნაღში.
      ერთი ფაქტია, რომ ქვეყნის განვითარებას მრეწველობის ხელისშეწყობა ესაჭიროებოდა, რომლის გამოცდილებაც საქართველოში ძალზე სუსტი იყო. ევროპიდან ზურგშექჩეული ქვეყანა საკუთარი ძალებით ვერ შესძლებდა ქვეყნის განვითარებისთვის ესოდენ საჭირო მრეწველობის დაწინაურებას. ამიტომ მეფემ როცა დაინახა, რომ „არა აქვნდა პირდაპირი ძალი არცა ჯარითა, არცა ხაზინითა და თვინიერ სიმხნისა კიდე არა რა აქვნდა პირისპირი თანასწორობა, მაშინ ფრიადისა ღონისძიებითა და შრომითა ეძება მამულსა თვისსა მიწა ოქროსა და ვერცხლისა, რომელმანცა იპოვა სომხითის მამულსა შორის ახტალას, რომელ არს მამულობით თავადთა სომხითისა მელიქისა და მოიყუანნა საბერძნეთით ბერძენნი მცირედ მცნობელნი ჯავარისანი გამომდნობელნი ოქროსა და ვერცხლისა მიწისანი, ვითარცა დაიწყო მადნისა მის მუშაკობა, ისარგებლა მით ფრიად“.
      უფრო ადრე მეფემ ამ საქმეში რუსთა გამოყენება სცადა, რისთვისაც სთხოვა იმპერატორს გაეგზავნა საქართველოში ყიზლარში უქმად მდგომი რუს მაღაროელთა რაზმი, რაზეც მას პასუხიც კი არ აღირსეს.
      მაშინ 1763 წელს მოიწვია მან პერანი „მადანჩები“ ოჯახებით 2000 სული ახტალის მონასტრის მიდამოებში. აქვე აშენდა ვერცხლის საბადოები ახტალაში, სპილენძის – დაბლურში, 7 წლის შემდეგ მათ შეემატათ კიდევ 2 ქარხანა ალავერდსა და სამბლურში.
      ამ შემთხვევაში მეფეს ნამდვილად გაუმართლა. ახტალის საბადოებიდან საშუალოდ 200 ლიტრი ვერცხლი და სოლიდური რაოდენობის ოქრო შემოდიოდა.
      ამ წარმატების შემდეგ 1774 წელს ერეკლემ გააძლიერა სამთამადნო მრეწველობის საქმე. მან დიდი გარჯით მოახერხა ოსმალეთიდან დამატებით ბერძენი მადნის ოსტატების ჩამოყვანა და წარმოების გაზრდა.
      ეს წარმოება მეფეს ეკუთვნოდა. მისი იყო აგრეთვე შემოსავლის ნახევარზე ოდნავ მეტი, დანარჩენს კი – ბერძენი ოსტატები იღებდნენ. ვერცხლიდან მეფის შემოსავალი შეადგენდა 48 281 მანეთს, სპილენძიდან – 12-18 ათ. მანეთს, ერთად – 60 ათას მანეთზე მეტს.
      იძებნებოდა ახალი მადნები ძაღინაში, ჰაცუტში, ქიზიყში, ოსეთსა და სხვაგან.
      საბადოები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აქ უკვე ჩნდება ბურჟუაზიული წარმოებისათვის დამახასიათებელი ელემენტები: მეპატრონე, დაქირავებული მუშები, და სხვა.
      იყო კერძო საწარმოებიც, რომელიც საკმაოდ სოლიდურ მოგებას აძლევდნენ მეპატრონეებს. მათი მფლობელები ძირითადად სამეფო ოჯახის წევრები ან მსხვილი თავადები იყვნენ. მაგალითად სამღებროთა ძირითადი მესაკუთრე დედოფალი იყო. მინის, მარილის, მარილსაწმენდის, თიხის ჭურჭლის, საპნის, თოფისწამლის ქარხნის, კერამიკული საწარმოების უმეტესობა კი მეფეს ეკუთვნოდა. ამ საწარმოებშიც გამოიყენებოდა დაქირავებული შრომა. ხელოსნები აქ ანაზღაურებას ფულით ღებულობდნენ. მეპატრონეებს წარმოებები იჯარით ჰქონდათ გაცემული, რომელიც სერიოზულ შემოსავალს აძლევდათ მათ. მაგალითად, მარტო თბილისის სამღებროებიდან დარეჯან დედოფალი წელიწადში 7 ათას მანეთს ღებულობდა.
      ამ დროიდანვე იხსნება თბილისში ლითონის ჩამოსასხმელი ქარხანა, რომლის ბაზაზეც აშენდა ზარბაზნებისა და მორტირების ჩამოსასხმელი ქარხანა.
      თბილისშივე მზადდებოდა სპილენძის ჭურჭელი, რომელიც კარგად გადის უცხოურ ბაზარზე. წარმოებიდან შემოსული მოგება ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ხმარდებოდა.
      საკმაოდ მომგებიანი წარმოება უნდა ყოფილიყო სტამბაც, რომელმაც 1749 წლიდან განაახლა მუშაობა და, რომელიც აგრეთვე იჯარით იყო გაცემული.
      სამრეწველო წარმოება, როგორც სტრატეგიული დანიშნულების უმნიშვნელოვანესი დარგი, სამეფო მეთვალყურეობის ქვეშ იყო. მეფეს შეეძლო ეს წარმოებები ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გაესაკუთრებინა და მიესაკუთრებინა კიდეც, როგორც ეს მოხდა თოფისწამლის ქარხნის მაგალითზე, რომელიც 1770 წელს მისი ხელშეწყობით ააშენა ისაია თაყუაშვილმა, მაგრამ შემდეგ მეფის საკუთრებაში გადავიდა.
      კერძო წარმოებები იყო ზეთსახდელები, თიხის ჭურჭლისა და აგურის ქარხნები, რომლებიც ახალ აზნაურებს იოსებ ყორღანაშვილს, იოანე პენტელაშვილსა და გლახა გაბაშვილს ეკუთვნოდათ.
      ყველაზე გავრცელებულ დარგს საფეიქრო მრეწველობა წარმოადგენდა.
      ასევე ინტენსიურად იყო გავრცელებული წვრილი ხელოსნობა. თბილისსა და სხვა ქალაქებში მრავლად შეხვდებოდით ხარაზებს, სირაჯებს, ბაზაზებს, მექოშეებს, ყაზაზებს, დაბაღებს, ჩილინდრებს, ოქრომჭედლებს, მესაათებს, კალატოზებს, ხუროებს, დურგლებს, მეჩახმახენს, მეთოფეებს, მეხანჯლეებს, ფეიქრებს, ძაფის მრთველებს, ალაფებს (მეპურენი), დალაქებს, რომლებიც მსუბუქ, საქმიან კოლორიტს სძენდნენ მთელ ქალაქს.
      – „ერეკლეს ფული“
      მნიშვნელოვან და მომგებიან წარმოებად ითვლებოდა აგრეთვე ზარაფხანა, რომელსაც ასევე მეიჯარეები ამუშავებდნენ. ცნობილია მაგალითად, ვინმე გასპარა შაქარაშვილი, რომელის ამხანაგობას წლიურად 30 ათასი მანეთი შემოსავალი შემოჰქონდა.
      XVIII ს. II ნახევრიდან თბილისის ზარაფხანამ თავი დააღწია ირანის სამონეტო ჰეგემონიას. ამ დროიდან იგი აღარ წარმოადგენდა ირანის ზარაფხანის ფილიალს. მას ჯერ შემოკლებით დაეწერა ქართველ მეფეთა სახელები, შემდეგ – გაშლილად, 1757 წლიდან კი შაჰის სახელი საერთოდ ქრება მონეტებიდან.
      თბილისის ზარაფხანაში იჭრებოდა ვერცხლის ექვსშაურიანი, აბაზიანი, უზალთუნი, შაურიანი, სპილენძის შაური, ბისტი, ნახევარ ბისტი, ფული, ნახევარ ფული.
      ქალაქში ტრიალებდა უცხოური მონეტებიც: ასლანი, ფლური, ვენეტიკური სევინი, დუკატი. ყველა მათგანს ფლურს უწოდებდნენ. 1 ფლური ერთ ქართულ აბაზს უდრიდა, ოქრო ვერცხლთან 1:14, 1:15-ზე იყო, ანუ ისევე, როგორც მსოფლიო ბაზარზე.
      – ამქრები და უსტაბაშები
      XVIII ს. 80-იან წლებში თბილისში 500-მდე დუქანი იყო, რომლებიც მთლიანად აკმაყოფილებდნენ ადგილობრივ მოთხოვნილებას, მათი პროდუქცია გადის საზღვარგარეთაც.
      ხდებოდა დასპეციალებაც, როცა ხელოსნობის რომელიმე დარგი საოჯახო თუ საგვარეულო მემკვიდრეობად იქცეოდა.
      დარგების მიხედვით ხელოსნები გაერთიანებული იყვნენ ამქრებში. ამქარი ჰქონდა ყველა საწარმოთა თუ დარგთა გაერთიანებას. თვით მათხოვრებსაც კი. ეს გაერთიანება საკმაოდ ტოლერანტულია; აქ მთავარია საქმე იცოდე და მას ემსახურებოდე, დანარჩენი არც ეროვნება, არც სარწმუნოება და ასაკი არ არის შეზღუდული.
      ამქარს ხელმძღვანელობს ამქრის თავი – უსტაბაში, რომელიც ანაწილებს სამუშაოებს, ამოწმებს საქმიანობას, პროდუქციის ხარისხს, ღებულობს ახალ წევრებს, თვალყურს ადევნებს წესრიგს, სიმშვიდეს, ეხმარება ავადმყოფ წევრებს და სხვა. თავდაპირველად უსტაბაშს თავად ამქარი ირჩევდა, მოგვიანებით კი XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მათ მხოლოდ მისი კანდიდატურის წამოყენება შეეძლოთ, დამტკიცება კი მეფის პრეროგატივა იყო, რითიც „შეილახა ამქრული ორგანიზაციის დემოკრატიზმი“.
      როგორც ჩანს, ეს ქმედებაც მეფის მხრიდან გარკვეული მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი. უდაოა, რომ თავისი სტრუქტურით, წესითა და საქმიანობით ამქრული წესწყობილება აფერხებდა ვაჭრობას.
      – მევახშეები და კრედიტორები
      ახალი ტენდენციების მოძალების კვალად სულ უფრო ძლიერდება სავახშო კაპიტალი, რაშიც ჩაბმულები არიან ვაჭრები, ეკლესიის მდიდარი ზედაფენის წარმომადგენლები, მოხელეები, მდიდარი და უმოქმედო ქვრივები, მარტოხელები, შრომისუნარიანები. მათგან სესხულობენ ფულს გლეხები, ვაჭრები, ხელოსნები, თავადები და თვით მეფენიც კი. მაგალითად, ერეკლე II-ს გიორგი ნაზარბეგაშვილისაგან 4791 მანეთი უსესხია. 400 თუმანს აღწევდა მისი მემკვიდრის გიორგის ვალები.
      სამწუხაროდ, კრედიტი იშვიათად ხმარდებოდა წარმოების განვითარებას და იგი უფრო საკუთარი, პირადი მოხმარების ინტერესებს ემსახურებოდა, რომელიც სულ უფრო მატულობდა აღმოსავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით მის დედაქალაქში, სადაც აშკარად იგრძნობა ევროპული გავლენა. შემოდის ევროპული ტანსაცმელიც, რომელიც მაღალი არისტოკრატიისა და მდიდარი მოქალაქეების მომენტალურ ინტერესს იწვევს.
      მალე ქალაქსა და მთელ ქვეყანაში გაიცნეს „ახალი ქართველებიც“ ახალთავადები (ლეონიძე, ოსეშვილი, არღუთაშვილი), რომელნიც ჩაცმა-დახურვის გარდა დამოუკიდებელი, ორიგინალური აზრებით, სიახლეთა ცოდნითა და მათი ჩქარი დანერგვისაკენ მიისწრაფოდნენ.
      მათი უცილობელი გავლენის შედეგი უნდა იყოს საქალაქო წყობის ჩქარი გავრცელება, მოქალაქეთა საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედება და სხვა.
      „ამრიგად, XVIII ს. 40-50 იან წწ. აღ. საქართველოში ადგილი აქვს ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლებას, ხდება მისი ახალი შინაარსით გამდიდრება. მიმდინარეობს შრომის დანაწილების შემდგომი გაღრმავება, ვითარდება ხელოსნური წარმოება, ფართოვდება საშინაო და საგარეო ვაჭრობა და საქალაქო ცხოვრება. მრეწველობაში ისახება კაპიტალისტური ურთიერთობის ელემენტები“. მართალია, ახალი ურთიერთობა ქვეყნის ეკონომიკაზე თვალსაჩინო გავლენას ჯერ კიდევ ვერ ახდენდა, ვინაიდან საერთო წარმოებაში შედარებით მცირე ადგილი ეკავა, მაგრამ მისი ჩასახვა იმის საწინდარი იყო, რომ ხელსაყრელი ვითარების პირობებში იგი სულ უფრო და უფრო მეტ ადგილს დაიკავებდა ქვეყნის საწარმოო ურთიერთობაში.
      საერთო ჯამში, სახელმწიფო მოწყობის საკითხები (მმართველობის დარგობრივი დანაწილება, სამხედრო, საგარეო საქმეთა, სასამართლო, სწავლა-განათლება) სამხედრო რეფორმა, მსაჯულთა შეკრებულობის ინსტიტუტი, საქარხნო-საფაბრიკო წარმოების დანერგვის ცდები, სამთამადნო წარმოება, ზარაფხანა, სემინარია, განათლებულ მოღვაწეთა ძლიერი დასის წარმოქმნა, თარგმანები, სამეცნიერო-პოლიტიკური თუ მხატვრული ლიტერატურა – ფეოდალურ-თავადურ ქვეყანას აღარ ეგუებოდა და აშკარად ემზადებოდა პოლიტიკური წარმატებისთვის.
      – კულტურა
      – განათლება

      სამეფო ხელისუფლება ქვეყნის განვითარებაში ევროპიზაციულ კურსს დაადგა. ერეკლემ იცოდა, რომ ამ მიმართებით ეკონომიკა ვერ განვითარდებოდა, თუ იგი სათანადო კულტურულ და საგანმანათლებლო ბაზაზე არ იქნებოდა დაყრდნობილი.
      XVIII საუკუნის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდობადამდგარ ქართლ-კახეთში კულტურულ და საგანმანათლებლო მოძრაობის გაშლით აღინიშნება. ამ ღონისძიებებში უმნიშვნელოვანეს ფაქტად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო სკოლათა დაარსება, 1756 წ. ფილოსოფიის სემინარის, 1782 წელს კი – თელავის სემინარიის გახსნა, რომლებიც წმინდა ბურჟუაზიული სახის სასწავლო დაწესებულებები იყვნენ და მათი ხელმძღვანელები და ლექტორებიც ხელფასს ხაზინიდან ღებულობდნენ.
      ძალზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამავე დროიდან ყალიბდება ეროვნული, ქართული ღირებულებების გადარჩენის, წარმოჩენისა და განვითარების ტენდენციები, რომელიც უცხოელ დამპყრობელთა ხანგრძლივი ბატონობის პერიოდში ერთგვარად დაჩაგრული და მივიწყებული იყო. ქართული კულტურის მესვეურები კარგად ხედავდნენ, რომ ამის წყალობით “შეერიათ ქართველთა ყიზილბაშური, უგვანო წეს-ჩვეულებანი” და საჭირო იყო ეროვნული კულტურის შენარჩუნებისთვის ბრძოლა. ქვეყნის კულტურული განვითარების მთავარი ხელშემწყობი თავად ერეკლე II და მისი მამიდაშვილი ანტონ I იყვნენ, რომელთაც მიაჩნდათ, რომ საჭირო იყო „მამულსა შინა ჩვენსა განმრავლდნენ მეცნიერებათა ნათელნი“.
      დღეს ანტონ კათალიკოსზე ბევრს კამათობენ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ-დილეტანტურ წრეებში და მის გარშემო მართლაც უამრავი რამ არის საკამათო და გასარკვევი, მაგრამ არავინ დაობს ანტონის დამსახურებებზე ამ დროის ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებაში.
      – სტამბა, წიგნთსაცავი
      დროული და მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო 1749 წელს სტამბის განახლება, რომელიც ჯერ საპატრიარქოსთან, შემდეგ კი მეფის სასახლესთან არსებობდა. ამ დროიდან მოყოლებული 1790 წლამდე სტამბაში 60-მდე წიგნი დაიბეჭდა, რომელთაგან უმრავლესობა სასწავლო დანიშნულების, ან სასულიერო ხასიათისა იყო.
      სტამბის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ თუ ადრე მტერი აქაურ ბაღ-ვენახების ფესვებში ეძებდა ქართველთა ძლიერების საფუძველს და მისი გაკაფვით ებრძოდა ქართველთა მომავალს, ახლა სტამბას, წიგნთსაცავს, საწარმოებსა და სკოლებს ანადგურებდა. სწორედ ამიტომ არა-მაჰმად ხანის შემოსევისას მესტამბეებმა იგი მიწაში ჩაფლეს, დამპყრობელმა მხოლოდ მისი დარჩენილი ნაწილი წაიღო თან, რომელიც მოგვიანებით თბილისელმა ვაჭრებმა განჯაში გამოისიყიდეს და თბილისს დააბრუნეს..
      ქალაქში იყო მდიდარი ბიბლიოთეკები. მარტო საპატრიარქოს წიგნთსაცავში 76 ათასი წიგნი იყო თავმოყრილი.
      – მეცნიერება
      აქ პრიორიტეტს კვლავ ფილოსოფიური მეცნიერებები ინარჩუნებდა. განსწავლულობის საზომადაც მისი ცოდნა იყო მიჩნეული. თუმცა, მაინც ძველ ტრადიციას ენიჭებოდა უპირატესობა, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ არ იცნობდნენ ევროპის ფილოსოფიურ აზროვნებაში მომხდარ ცვლილებებს.
      ფილოსოფიური აზროვნების ცენტრადაც თბილისი ითვლებოდა, სადაც ყველა იცნობდა ანტონ I, იუსტინე მაღალაშვილის, მზეჭაბუკ ორბელიანის, იოანე ორბელიანის, ტიმოთე და ზაქარია გაბაშვილების, თბილისელი სომხების ფილიპე ყაითმაზაშვილისა და ზაქარია მადინაშვილის სახელებსა და მოღვაწეობას.
      ითარგმნებოდა არისტოტელეს, პორტერი ტირელისა და სხვათა შრომები.
      რაც შეეხება გამოყენებით, ტექნიკურ მეცნიერებებს, ისინი სუსტად იყო განვითარებული. მათემატიკის ქართულად თარგმნილი პირველი სახელმძღვანელო მხოლოდ XVIII ს. მიწურულს ჩამოიტანეს მოსკოვის ქართული კოლონიიდან. XVIII ს. II ნახევრიდან ვრცელდება ანტონ პირველის მიერ რუსულიდან თარგმნილი ფიზიკის სახელმძღვანელოც, რომელიც თბილისისა და თელავის სემინარიებში იხმარებოდა.
      – ქართული ენა და ლიტერატურა
      მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცა ქართულ ენასა და ლექსიკას. ანტონ I შეადგინა გრამატიკის 2 სახელმძღვანელო. ამ დროს შეიქმნა გ. რექტორის, დ. ბატონიშვილის გრამატიკებიც. ბევრ საინტერესო ფაქტს მოიცავს ამ პერიოდის ისტორიკოსებისა და მოაზროვნეების სეხნია ჩხეიძის, პაპუნა ორბელიანის, თეიმურაზ გაბაშვილის, დავით რექტორის მოღვაწეობა.
      ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარებაზე ცხოველმყოფი გავლენა იქონია ქრისტიანი მეფეების კურთხევამ. მოდად იქცა მელექსეობა. XVIII ს. II ნახევრის თბილისი პოეტთა ქალაქად ითვლებოდა. თუმცა, ამ დროის ლექსებს ნამდვილად აკლია მხატვრულობა. კვლავ ძლიერად იგრძნობოდა აღმოსავლური გავლენაც. თბილისში გახშირებული იყო „სპარსთა ხმების საკრავნი და სიმღერანი“. საიათნოვას, ბესიკის, რამდენიმე ბატონიშვილის (ლევანი, მარიამი, ქეთევანი) და სხვათა ლექსებს ჩონგურსა თუ „სხვათა საკრავთა ზედა“ სპარსულ მოტივებზე ამღერებდნენ. ამ მოტივებზე გაიფურჩქნა თბილისში აშუღური პოეზია, რომელმაც „ქართულ მწერლობაში შემოიტანა თბილისის ვაჭარ-ხელოსნური წრეების ენობრივი ჟარგონი, ბაზრების, საწვრილმანოების და მეიდნების ლექსიკა, ვაჭარ-ხელოსანთა ქალაქური პროფესიული ტერმინოლოგია“.
      არსებობდა ეროვნული, ქართული პოეზიაც, კახეთისა და ქართლის მთიანეთში იქმნებოდა უმდიდრესი და ულამაზესი ქართული ფოლკლორი. საკმაოდ მრავლად იწერებოდა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებიც.
      XVIII ს. ბოლოდან ლიტერატურაში ძლიერად იგრძნობა ევროპული მწერლობის გავლენა, რასაც ხელს უწყობს თარგმანთა სიმრავლე.
      – მხატვრობა
      ევროპული გავლენა იგრძნობა მხატვრობაშიც. ჩვენ არ ვიცით, ვისი შესრულებულია მეფის ოჯახის წევრებისა და არისტოკრატიის წარმომადგენელთა რაელისტური პორტრეტები XVIII ს. ბოლოსა და XIX ს. დასაწყისში (დარეჯან დედოფალი, თეკლა ბატონიშვილი, გარსევან ჭავჭავაძე და მისი მეუღლე), მაგრამ დამახასიათებელია, რომ ისინი უკვე განსხვავებული, ევროპული ხასიათის პორტრეტებია. არ არის გამორიცხული, მათი შემქნელები ქართველებიც იყვნენ. მითუმეტეს, რომ ცნობილია ამ დროის რამდენიმე მხატვარი, რომელთა შორის ყველაზე ნიჭიერად და გამორჩეულად უნდა ჩაითვალოს ნიკოლოზ აფხაზი.
      ამ დროსვე ცხოვრობდა თბილისში მხატვარი ოთან ოვნათანიანი. იგივე პერიოდიდან იღებს სათავეს მხატვარ გეგელიძეთა დინასტია, რომელთა ფუძემდებლები, ადრე დაობლებული ქრისტესია და დავით გეგელიძეები ერეკლესა და დარეჯანს აღუზრდიათ.
      – სახიობა
      განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს ქართული თეატრი, რომელიც აქ არსებულ „მესტვირეთა, მენღარეთა, მეშუშპარეთა, მოშაითთა, მენობათენთა, მენაღარეთა, მეჩონგურეთა და მედაფდაფეთა დაარსებულ ტრადიციებზე ვითარდებოდა.
      ამ ტრადიციების გამგრძელებლებად მოგვევლინენ XVIII ს. II ნახევრიდან მოსკოვის ქართული კოლონიიდან დაბრუნებული პირები. მოგვიანებით ერეკლეს სასახლის კართან ჩამოყალიბდა სახიობა, რომელსაც მაჩაბელი ხელმძღვანელობდა. აქ იყვნენ გაერთიანებული იარალი შანშიაშვილი, საიათნოვა და სხვები.
      ცოტა ხანში თეატრმა საერთო ხალხური ხასიათი შეიძინა, რასაც ხელი შეუწყო თბილისში ვენის თეატრის დასის ჩამოსვლამ. სწორედ ევროპული გავლენით მეფის ყოფილმა ელჩმა გაბრიელ მაიორმა სასახლესთან ახლოს ჩამოაყალიბა თეატრი, სადაც დასწრება ბილეთებით ხდებოდა. ბილეთს ეწერა: “შაორ ორი. გაბრიელ მაიორი”.
      გაჩდნენ პირველი დრამატურგებიც. მთელი თბილისი იცნობდა ერთ-ერთ ასეთ მოღვაწეს, პოეტ მანანას, რომლის საფუძველჩაყრილი ტრადიცია 90-ან წლებში უფრო პროფესიულ დონეზე ადის. ოფიციალურ დრამატურგიად კი ყალიბდება იმ დროიდან, როცა გიორგი ავალიშვილი იწყებს რუსული პიესების თარგნას. მასვე ეს ტრადიცია ორიგინალურ საწყისებზე გადმოჰყავს ქართული კომედიის “თეიმურაზ მეფე”-ს შექმნით.
      – ახალი აზროვნება
      ევროპელ მისიონერები ცდილობდნენ ამ პროცესის ხელისშეწყობას. ინტენსიური ტემპებით ხდებოდა გერმანული ენის სწავლება-გავრცელება. 1781 წ. დაიბეჭდა რაინეგსის “საპოლიციო, სავაჭრო და საფინანსო მეცნიერების საფუძვლები”, სადაც ბატონყმობის გაუქმებაზე, ფეოდალური პრივილეგიების მოსპობაზე, მიწების გლეხობისათვის დარიგებაზე, მრეწველობის განვითარებაზე, სახელმწიფო საბაჟოების დაწესებაზე, მოსახლეობის ზრდის, განათლების ხელშეწყობაზე, სასტიკი სასჯელების გაუქმებაზე და სხვა საკითხებზე იყო საუბარი.
      ინტენსიური სისწრაფით იწყებენ საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური პოტენციის შესწავლას დასავლეთ ევროპის აგენტებიც. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ მახლობელ აღმოსავლეთში გავლით ან რეზიდენტად მყოფი უკლებლივ ყველა ევროპელი, იძლევა ცნობებს ამ დროის საქართველოს შესახებ.
      საპირისპიროდ, ერეკლეს საქართველოშიც ჩამოყალიბდა კარგად ორგანიზებული საინფორმაციო მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა დაკვირვება დასავლეთსა და აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე. ამ საფუძველზე ყალიბდებოდა როგორც დიპლომატიური გათვლები, ისე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურულ-სოციალური პერსპექტივები...
      თვითონ ერეკლეც მუდამ ცხოველი ინტერისით ადევნებდა თვალს ევროპაში მიმდინარე მოვლენებს. ცდილობდა არაფერი გამოჰპარვოდა იქაური ცხოვრებიდან, რაც დააინტერესებდა და გამოადგებოდა მის ხალხსა და ქვეყანას. ამ მიზნით “სამეფო მწიგნობარნი” ევროპული გაზეთებიდან ხშირად თარგმნიდნენ საინტერესო ამბებს, რაც მეფის დაუფარავ სიხარულს იწვევდა. ასეთი ინტერესი გამოუწვევია მაგალითად, 1783 წელს საფრანგეთში ძმები მონგოლფიების მიერ აეროსტატის შექმნასა და პარიზიდან გაფრენას. თითქმის ამ მოვლენის თანადროულად საქართველოში გამოდის მასთან დაკავშირებული ბროშურის თარგმანი “მოკლედ მოთხრობაი ჰაერსა შორის მროველისა გუნდისა და მგზავრობისა მონგოლფიისა”, რომელიც უთარგმნია ტერ ოჰანიანს და ჩაუსწორებია და გაუმართია დავით რექტორს.
      საკმაოდ ჩქარა შემოდის ფრანგი განმანათლებლების იდეებიც. ჩნდებიან ქართველი ვოლტერიანელებიც, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული მეფის ოჯახის წევრი დავით ბატონიშვილი ყოფილა.
      სამეფო ოჯახის ინტერესები მთელს ქვეყანაზე ვრცელდებოდა. მსოფლიო მიღწევები მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ტექნიკასა თუ სამხედრო საქმეებში საქართველოს ცხოვრებაშიც პოულობდა ასახვას. ერეკლემ იცოდა, რომ ქვეყნის განვითარებას მხოლოდ ამ სიახლეთა ასახვა არ ყოფნიდა და ყოველნაირად შეეცადა ამ სიახლეთა ათვისებასა და გამოყენებას. ამ მიზნით იგი ხელს უწყობს ახალგაზრდების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნას. მეფე მათ სთხოვს და ავალდებულებს დაეუფლონ ქვეყნისათვის ესეოდენ საჭირო ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებს, სამთამადნო და სამხედრო საქმეს. ბევრსაც თვითონ დედაქალაქში უქმნის სწავლისა და განათლების მიღების პირობებს. ამ მიზნით საქართველოში სულ უფრო მატულობს ბუნებისმეტყველთა და სიბრძნისმეტყველთა, კათოლიკე მისიონერთა თუ განსწავლულ უცხოელთა რაოდენობა.

      * * *
      „ასე რომ XVIII ს. II ნახ. თბილისის ქართველი მოსახლეობის იდეურ-კულტურული ორიენტაცია ევროპისაკენ იყო მიმართული. თბილისის იდეურ-პოლიტიკური სიტუაცია კი გადამწყვეტ გავლენას ახდენდა მთელ საქართველოზე. ამის გამო დღითიდღე უფრო ღრმავდებოდა ის წინააღმდეგობები, რომელიც საქართველოსა და მის მეზობელ მაჰმადიანურ სამყაროს შორის არსებობდა როგორც პოლიტიკურ, ისე კულტურულ-იდეოლოგიურ სფეროში“.
      ბევრი ამ ღონისძიებებში დაუდეგარი მეფის ამოუწურავ ენთუზიაზმს ხედავს, ზოგიერთი კი ყოვლივეს ერეკლეს პოლიტიკური რომანტიზმით ხსნის, რომელიც უფრო „მისი სასოწარკვეთილი მდგომარეობით აიხსნებოდა, მისი მისწრაფებებით, ყოველივე ღონისძიება ეცადა ქართველი ერის გადასარჩენად“, რამაც საბოლოო ჯამში უნაყოფოდ ჩაიარა, ისე როგორც უშედეგოდ ჩაიარა მისმა ევროპასთან თანამშრომლობა-მოკავშირეობის იმედმა.
      – საით
      ის გასაოცარი ამბები, ევროპიდან რომ მოედინებოდა, ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მეფის სასახლის დერეფნების გავლით აღწევდა. თავად „მეფე ერეკლე ისე არაფრისაკენ მიისწრაფოდა, როგორც თავისი ხალხის ევროპულად გარდაქმნისაკენ“, რადგან შესანიშნავად ესმოდა, რომ „მხოლოდ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ევროპულად გარდაქმნას, ეკონიმიკურ პროგრესსა თუ სამხედრო ტექნიკის გაუმჯობესებას“ შეეძლო საქართველოს მომავალი წარმატების უზრუნველყოფა.
      ამ აზრს მეფეს თავისი გარემოცვაც უმყარებდა. მას მუდამ „თან ახლდნენ კათოლიკე პატრები და დაწვრილებით მოუთხრობდნენ საფრანგეთის რევოლუციის ამბებს, რესპუბლიკური მთავრობის დაარსებას და მის კანონებს“.
      1781 წ. ერეკლემ ელჩი გაგზავნა რომის იმპერატორთან წერილით „განათლებულთა მაგათ დიდსა ვენეციის ქალაქსა შორის შემძლებელთა შეკრებულთა“.
      პირველი წარუმატებელი ელჩობის შემდეგ ერეკლემ 1782 წ. პატრი მაკარო გაგზავნა ვენეციის სენატეს წინაშე, „სადაც იმ დროს ხშირად იკრიბებოდნენ იქაურნი დიდებულნი და სახელმწიფოს წარმომადგენლები“ წერილით „მათ განათლებულთა დიდსა ვენეციის შეკრებულთა“.
      ვენეციის მთავრობის არქივში შემონახულია ერეკლეს ორი წერილი, რომელთაგან მეორე, უფრო კონკრეტული წერილით ქართლ-კახეთის მეფე დიდი მოკრძალებით თხოულობს თანხას ჯარის ევროპულ რიგზე მოსაწყობად „რა რომ მტერი ამ ჯარის რიგს საბოლოოდ რომ სცნავს, ვერსა დროს ჩვენს მტრობას ვეღარ გაბედავს“.
      მეფის გარემოცვაში უფრო რადიკალურად მოაზროვნენიც იყვნენ. მათთან „მეფე მეომარი სრულებითაც არ ჰგავდა ვიწრო ფეოდალური ინტერესებით შეზღუდულ მმართველს“. სახელმწიფო მოწყობის საკითხებზე ერეკლე მუდმივად ნახულობდა სოლომონ ლეონიძესთან, დაუცალ ბარათაშვილთან, როსტომ ბეგთაბეგისშვილთან, ელიზბარ თუმანისშვილთან, პატრ ნიკოლასა და სხვებთან სასაუბრო დროს, რომელშიც „რეფორმატორები“ საქართველოს პირობებში რესპუბლიკის უპირატესობას უსვამდნენ ხაზს და დაბეჯითებით ცდილობდნენ მეფის თავიანთ პოზიციის სისწორეში დარწმუნებას.
      დღეს ბევრს საუბრობენ ერეკლეს რუსეთთან დამოკიდებულებაზე. ამ შემთხვევაში საკითხის გარშემო მართლაც ბევრია გასარკვევი და საკამათო, მაგრამ ერთი ფაქტია, რუსეთამდე ერეკლე დაჟინებით ცდილობდა თავისი პატარა ქვეყანის ევროპასთან დაკავშირებას, დასავლეთის სახელმწიფოთა ყურადღების მიქცევას და უნდა ითქვას, არცთუ უშედეგოდ.
      – ევროპაში გასული სახელი
      ერეკლეს სახელს კარგად იცნობდნენ ევროპაში, სადაც საქართველოს ახალგაზრდა პრინცის ნიჭსა და გონებამახვილობაზე ჯერ კიდევ 1738 წ. ალაპარაკდნენ.
      1754 წ. პარიზში გამოქვეყნდა ფრანგი ავტორის შარლ დე პესოლის წიგნი „მოთხრობა ახლანდელ არეულობაზე სპარსეთსა და საქართველოში“, სადაც ფრანგი ავტორი დიდ შეფასებას აძლევს როგორც მის პიროვნებას, ისე მოღვაწეობას, „ერეკლე ყველაზე უფრო სრულყოფილია იმ მეფეებს შორის, რომლებიც კი გამოჩენილან აღმოსავლეთში. იგი 27 წლისაა და ამჟღავნებს დიდ გონიერებას, მეტ წინდახედულობას, ვიდრე ეს მის ასაკს შეეფერება; გამოცდილებას, უბადლო ვაჟკაცობას, სამაგალითო ღვთისმოსაობას, სამართლიანობას, უსაზღვრო გულუხობას, ყველა ამ სათნოებით მან დაიმსახურა თავისი ხალხისა და ჯარის თაყვანისცემა, მის მეზობელთა აღფრთოვანება და მტერთა თავზარი. იგი კარგი აგებულებისაა, საკმაოდ მაღალი, ტანადი, სახე საშუალო სილამაზის, ალალ-მართალი, სადა თავის ტანსაცმელში და საქციელში. მაგრამ ამ პიროვნებას აქვს ის სიდიადე, რომელიც ცხადყობს, რომ იგი მეფეა თავის სასახლეში, ხოლო გენერალი თავის ჯარში.
      ასეთი მეფეების რეპუტაცია არასოდეს არ იქნება საორჭოფო, მათ არ ჰყავთ კარის პოეტები და ისტორიკოსები, არც პოპმეზური მეტსახელები ესაჭიროებათ და არც პირფერობა-მლიქვნელობა“.
      1767 წ. ჰამბურგში დაიდგა გერმანელი განმანათლებლის გოტჰოლდ ლესინგის პიესა „ჯარიკაცის ბედნიერება“, სადაც მისი ერთი მთავარი გმირი ასე მიმართავს მეორეს: „ნუთუ არაფერი იცი აღმოსავლეთის დიდი გმირის შესახებ?... ნუთუ არ იცნობ მეფე ერეკლეს? იმ მამაც ვაჟკაცს, რომელმაც სპარსეთი დაიპყრო და დღეს თუ ხვალ თურქეთის კარიბჭეში შეიჭრება?“
      სწორედ ამ პერიოდს მიაწერენ პრუსიის მეფის ფრიდრიხ დიდის სიტყვებს: „ევროპაში მე ვარ პირველი, ხოლო აზიაში – ერეკლეო“.
      როგორც ჩანს, ერეკლე II გეგმებს იცნობდნენ ევროპაში. სადაც აღწევდა გადაჭარბებული ცნობები მისი სამხედრო წარმატებების შესახებ. და არა მარტო საფრანგეთსა თუ პრუსიაში, თვით პატარა პორტუგალიაშიც კი, სადაც ერეკლეს გაუგონარ წარმატებებს მიეძღვნა „გოტჰოლდ ეკრაიმ ლე“-ს ორი ბროშურა.
      1750 წლიდან „სანკტპეტერბურგსკიე ვედემოსტში“ იწყება უცხოური კორესპონდენციების ბეჭდვა, რომელთა რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს. მათში კონსტანტინეპოლიდან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით საუბარია ერეკლეს სამხედრო წარმატებებზე. იგი გამოყვანილია სპარსეთის შაჰის ტახტის მაძიებელი 16 კანდიდატიდან ყველაზე ძლიერ პრეტენდენტად, რომელიც იმდენად გაძლიერდა, რომ ერთდროულად ებრძვის ავღანელებს, ლეკებს, ავარიელებს, იმჟამად ერეკლესთან კავშირში არიან ერევნისა და განჯის ხანები, რომლებიც ქართველ პრინცს იმ დროიდან ემორჩილებიან, რაც მან ამ სახანოებიდან ლეკები განდევნა, რომელთა მფლობელებიც ბრძოლაში მხოლოდ ნადავლისათვის მონაწილეობენ.
      ევროპაში ერეკლე II ასეთი პოპულარობის ფონზე დაუჯერებელი აღარ უნდა იყოს ცნობა იმის თაობაზე, რომ ლუდვიგ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ადრესატი ერეკლე ყოფილა.
      ბეთჰოვენს ერეკლეს სახელი მისმა საქართველოში მოღვაწე მისმა მეგობარმა ფრანჩისკელმა ბერმა ბონიკაციოს ებერჰირტმა გააცნო. „ძმაო ლუდვიგ – სწერდა ის 1819 წლის წერილში – რომ იცოდე რა გმირი ხალხია და როგორ ვაჟკაცურად იტანენ ტანჯვას, რომელიც უფალმა რუსთა ბატონობის სახით მოუვლინა მათ.
      ქართველების ქვეყანა ოდესღაც ღვთისმადლით ჰყვაოდა. მეფენი მისნი იყვნენ ბრძენნი და ძლევამოსილნი. უკანასკნელი მათ შორის იყო დიდი კახი – ირაკლი მეორე.
      ახლა ვნახოთ, რაც წერს ფრანჩისკელი ბერი იგივე ადრესატს 1822 წელს: „ძალიან გამახარა იმ ამბავმა, რომ ირაკლიზე, რომელსაც ჩვენმა მეგობარმა მათიამ აღმოსავლეთის ნაპოლეონი უწოდა, სიმფონიის შექმნა გქონია გადაწყვეტილი და კიდევაც შედგომიხარ მუშაობას“.
      გენიალური ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის პირველ ვარიანტს მართლაც ჰქონია წარწერა: „ეძღვნება აღმოსავლეთის ნაპოლეონს“...
      მაგრამ, სამწუხაროდ, ევროპელებს აღმოსავლეთის გმირი უნდოდათ და არა მეგობარი. ერეკლეს თვალები ამოუღამდა დასავლეთისკენ ყურებით, მაგრამ ვერაფრით შეძლო მათი მხრიდან მაგიერი სერიოზული ყურადღების მიპყრობა.
      ვინ ვინ და ერეკლემ შესანიშნავად უწყოდა, რომ „პატარა საქართველოს, რომელიც ცდილობდა თავისი საკუთარი ძალებით მატერიალური პროგრესის და ზნეობრივ-გონებრივი განახლების გზაზე შემდგარიყო, დამოუკიდებელი არსებობის შესაძლებლობა წაერთვა“. არსებულ სიტუაციაში უმოკავშირეოდ დარჩენა კი სიკვდილს უდრიდა. ამ შემთხვევაში მეფე იძულებული ხდებოდა ყურადღება გამოეჩინა იმ ინიციატივების მიმართ, რომელიც საქართველოს მიმართ რუსეთიდან მოდიოდა.
      – გზაჯვარედინზე
      „... გზაჯვარედინზე ქვა იდო. ზედ ეწერა „მარცხნივ წახვალ, მგელი შეგჭამს...“ ადგა და წავიდა ჭაბუკი მარცხნივ“...
      ... გზა 1783 წელს გეორგიევსკში დადებული ტრაქტატით გათავდა, რომლის ძალითაც ქართლ-კახეთი რუსეთის იმპერიის მფარველობაში მოექცა. ტრაქტატი რუსული დიპლომატიის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს, რადგან ამით მან „უომრად გადმოლახა კავკასიის მთაგრეხილი და უშუალოდ დაემუქრა ირან-ოსმალეთის პოლიტიკური გავლენის სფეროებს ამიერკავკასიაში“. საქართველოს მხრიდან კი იგი შეიძლება ჩაითვალოს იძულებით დოკუმენტად, რომელიც „აირეკლავდა საოცნებო მომავალს, როცა რუსეთის დახმარებით გზა გაეხსნებოდა ერეკლეს სამეფო კარზე შემუშავებულ პროგრესულ სოციალ-პოლიტიკურ გარდაქმნათა გეგმების განხორციელებას“.
      გეორგიევსკის ტრაქტატის უარყოფითი მნიშვნელობა მალევე აისახა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქტიურდება აქამდის თითქმის მიჩუმებული ოსმალეთი, რასაც თან მოჰყვა ლეკთა თავდასხმების გახშირება და გაძლიერება. ტრაქტატის შემდეგ ძნელადღა იცნობა თვითონ მეფე ერეკლეც, რომელიც ამ დროიდან სხვათა ხელის შემყურე, მოდუნებულ და ნაკლებ ინიციატივიან მეფედ გარდაიქმნება.
      თუმცა ეს ნაკლოვანება ჯერ კიდევ არ იგრძნობოდა საშინაო პოლიტიკაში. ევროპისაკენ მაცქერალმა ერეკლემ კარგად იცოდა, რომ თუკი მის ქვეყანას ოდესმე მართლა ეწერა გაევროპელება, ეს პროცესი აუცილებლად ქალაქიდან უნდა დაწყებულიყო. მაგრამ თითონ ქალაქს აღმოსავლეთ საქართველოში უკიდურესად სუსტი საფუძველი ჰქონდა. მთელს ქართლ-კახეთში ფაქტიურად ერთად-ერთ ქალაქს თბილისი წარმოადენდა, დანარჩენები კი (გორი, თელავი, ანანური, სურამი და სხვა) უფრო გამაგრებული სოფლები იყვნენ.
                  „ნეტა ქება როგორ ითქმის ამ თბილის ქალაქისაო...
                  ერეკლე ბატონი იჯდა, ბადალი ხმელეთისაო...“
      თბილისი ერეკლეს სიცოცხლესივე მიწიერ სამოთხედ აღიქვა ხალხმა. ქართულ ზეპირსიტყვიერებაში იგი დასახულია მიწიერ სამოთხედ, სადაც „ზამთარი არის ბროლისა, ზაფხული ზურმუხტისა“, „გარს ახვევია სამოთხის ბაღები“, „აქვს ხმელეთის ბადალი აბანოები ჯადოსნური წყლითა და იაგუნდით მოჭედილი აუზებით“, და რაც მთავარია აქ ზის ღმერთთან გატოლებული მათი მეფე, რომელიც ქალაქს იბარებს თავის უნჯ ყმებს...
      რეალურად XVIII საუკუნის შუა ხანების თბილისი მცირე აზიური ქალაქი იყო, სუსტად განვითარებული ვაჭრობითა და მრეწველობით, რადგან გამუდმებული ომების ან მათი მუდმივი მოლოდინის შიშით დემოგრაფიულად თითქმის არ იზრდებოდა. ხშირი ხასიათი მისცემოდა მოსახლეობის გახიზვნას, აყრა-გაქცევას. ერეკლე ყველანაერად ცდილობდა ამ ტენდენციის შეჩერებას. 1770 წელს მან აღადგინა „საკუთრების ქალაქური წესი“, ვაჭართა ზედაფენისათვის დააწესა შეღავათები, უფრო მკაფიოდ განსაზღვრა თბილისელთა უფლება-მოვალეობები. აღკვეცა მოხელეთა ძალადობა მოქალაქეებზე. და ბოლოს, 1784 წელს საგანგებო ბრძანებაც გამოსცა, რომლის მიხედვით თბილისიდან აყრილი ნებისმიერი მოქალაქე მამულებსა და საკუთრებაზე უფლებას კარგავდა და მისი ქონებაც ხაზინას გადაეცემოდა.
      როგორც სჩანს ამ ღონისძიებებს გამოუღია სასიკეთო შედეგები; 80-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება ფეოდალური არისტოკრატიის ქალაქისაკენ ლტოლვა.
      ამავე დროიდან იწყებს თბილისი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ეკონომიკური ფუნქციის შესრულებას, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. თანამედროვეთა აღნიშვნით „ამ დროის თბილისი იყო ძლიერი სავაჭრო ქალაქი, მნიშვნელოვანი სახელოსნო ცენტრი და რაც მთავარია, „ყველაზე უფრო მოსახერხებელი ადგილი შავი ზღვით სპარსეთთან ვაჭრობის წარმოებისთვის“. თბილისი იზიდავდა უცხოელ სავაჭრო კაპიტალსა და ვაჭრებს არა როგორც სატრანზიტო ან „შემნახავ-სასაწყობო“ პუნქტი, არამედ როგორც მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე ქალაქი, რომელიც აქტიურად იყო ჩაბმული აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში. (ამის დასადასტურებლად ის ფაქტიც იკმარებს, რომ აქ ადგილობრივს გარდა ტრიალებდა ათამდე სხვა ქვეყნის ფულის ერთეულიც).
      – მოსახლეობა
      1781-82 წწ. თბილისში ავლაბრით და გარეუბნით სულ 3498 კომლი მცხოვრები იყო, აქედან თვით ქალაქში ცხოვრობდა 2329 კომლი, დანარჩენი 1184 ცხოვრობდა შიგნითა და გარეთა ავლაბარში (375 კომლი), მეტეხის ციხის კიდემდის (259 კომლი) და გარეთუბანში (550 კომლი).
      მცხოვრებთა უმრავლესობას 2294 კაცს შუა ქალაქში ჰქონდა ბინა, ხოლო უბანთაგან ყველაზე მჭიდროდ გარეთუბანი იყო დასახლებული (550 კაცი). შემდეგ მოდიოდა ავლაბარი – 156 კაცი. შიგნით, ავლაბრის ციხეში 219 კაცი ცხოვრობდა. შედარებით ნაკლები ხალხი ცხოვრობდა მეტეხში – 259 კაცი.
      საუკუნის მიწურულისთვის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ხალხმრავლი მუხრანის უბანი ყოფილა, სადაც სახლობდა 1010 სახლი 4011 სულით. წავკისში 624 ოჯახს უცხოვრია 2940 სულით, მთის უბანში 837 ოჯახს 3061 სულით, ავლაბარში კი – 454 ოჯახს 1075 სულით.
      ქალაქის ზრდა სოფლის მოსახლეობის ხარჯზე ხდებოდა. თუმცა, მათში ბევრი იყო ისეთი, რომელსაც არც საქალაქო ცხოვრების წესი (ვაჭრობა-ხელოსნობა) გაეგებოდა და არც საამისო მიდრეკილება გააჩნდა. სწორედ ისინი ხდებოდნენ „ქალაქელი სოფლელები“, რომლებიც ისევ და ისევ ბაღ-ვენახებითა და სავარგულებით ამდიდრებდნენ თბილისსა და მის შემოგარენს.
      ამათში ყველაზე დიდ მფლობელებად თბილისშიც მეფე, მისი ოჯახის წევრები და დიდებულები იყვნენ. ერეკლეს თბილისში 1589 კომლი ყმა ჰყავდა, დარეჯან დედოფალს – 162, ბატონიშვილებს – 350 კომლი ყმა. ყმა ხელოსნებსა და ვაჭრებს ფლობდნენ გაბატონებული საზოგადოებრივი წრის სხვა წარმომადგენლებიც, თავადები, აზნაურები, საეკლესიო პირები. ქალაქელ ყმათა უმნიშვნელო მფლობელები იყვნენ არაქართველი წარჩინებულები და გამორჩეული მოქალაქეები.
      შესაბამისად სულ უფრო ღრმავდება ქალაქის სოციალური დიფერენციაციის პროცესი. შესაბამისად იმატებს მოქალაქის სტატუსის პრესტიჟიც, რომლის მიღებაც XVIII საუკუნის 60-70-იანი წლებიდან განსაკუთრებით გართულებული ჩანს; იგი მხოლოდ შეეძლოთ მიეღოთ სახელმწიფო (სამეფო-სადედოფლო) და საეკლესიო ყმებს, უცხოეთიდან გადმოსახლებულ და საქართველოს სახელმწიფოებრივ უწყებაში შესულ ვაჭრებს, საქართველოს სოფლებიდან მოსულ გააზატებულ გლეხებს. მოქალაქეობის მიღება მეფის ბრძანებით ხდებოდა. იგი უმთავრესად ვაჭრებს ენიჭებოდათ, აზნაურები მას არ იკადრებდნენ, ხელოსნები და ყველა დანარჩენი წოდება კი ამ პრივილეგიებს მოკლებული იყო.
      მოგვიანებით მოხდა მოქალაქეთა ქონების მიხედვით დიფერენციაციაც. გამოიყვნენ „პირველხარისხოვანი“, „პირველნი“, „ჩინებულნი“, „გამორჩეულნი“, და „საპატიო“ მოქალაქეები.
      მოქალაქეები ამაყობდნენ თავიანთი რეგალიებით. მათ თავიანთი ტანისამოსი –„მოქალაქური“ და ჭვინტიანი ფეხსაცმელები ეცვათ, რომელიც მართალია ჩამოუვარდებოდა „დიდკაცურ“, თავადურ ტანისამოსს, მაგრამ მაინც უსვამდა ხაზს მათ სიმდიდრესა და უფლებს.
      მეფეს უყვარდა მოქალაქეები, რომლებიც გარდა იმისა, რომ სერიოზულ მოგებას აძლევდნენ ხაზინას, პოლიტიკურად მის საიმედო დასაყრდენსაც წარმოადგენდნენ. ამიტომ ზრუნავდა მათი გამრავლებისა და ხელისშეწყობისათვის. ანიჭებდა უპირატესობას ქალაქის ცენტრში ადგილების, სავაჭროების, დუქნების შეძენისას, მათი წრიდან ნიშნავდა ქალაქის მოხელეებს, ბევრ მათგანს უწყალობებდა აზნაურისა და თავადის თიტულს, რის შედეგადაც შემდგომში ზოგიერთი მათგანი უძლიერეს ქართულ სათავადო სახლებად ჩამოყალიბდა, ისეთებად როგორებიც არიან მელიქიშვილები, თუმანიშვილები, ბებუთაშვილები და სხვანი.
      ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დიდი კაპიტალის მქონე თბილისელმა მოქალაქეებმა და მათმა მემკვიდრეებმა შეუქმნეს ბაზა საქართველოში მსხვილ ადგილობრივ წარმოებას. მაგალითად სწორედ ამ დროს აიდგეს ფეხი მომავლის უმსხვილესმა „ბიზნესმენებმა“ სარაჯიშვილებმა, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ღვინისა და კონიაკის მსხვილ წარმოებას საქართველოში.
      – გადასახადები და გადამხდელები
      ხაზინის გამდიდრებაში მოქალაქეთა მიერ გადახდილი გადასახადები ყველაზე სოლიდური უნდა ყოფილიყო. თუმცა, მათთან ერთად სახელმწიფო გადასახადებს ქალაქის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილიც იხდიდა, რომელიც ერეკლეს სამეფო კარმა საკმაოდ მოკლე დროში და შესაშური ოპერატიულობით მოაგვარა. ეს გადასახადები იყო მალი, თვის შაური, სამასპინძლო, სურსათი, სალეკო, სარუსო. არსებობდა ბეგარის სხვადასხვა ფორმებიც: ლაშქარ-ნადირობა, შენება-შეკეთება, „ქეშიკის გაყვანა“, „ულაყი“, „ტიკი-ტომარა“, „მდგუმურობა“ და მრავალი სხვა, რომლებიც მეტად საინტერესო ფაქტებს შეიცავენ იმ დროის ეკონომიკური და სოციალური ყოფის შესასწავლად.
      ქალაქის ბიუჯეტში მნიშვნელვანი სახსრები შეჰქონდათ თავად-აზნაურებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლეობას ქართველი დიდებულები წარმოადგენდნენ. ისინი ფლობდნენ სოლიდურ საწარმოებს, ქარვასლებს, დუქნებს, აბანოებს, საიდანაც ასევე სოლიდურ შემოსავლებს ღებულობდნენ.
      საკუთრების გარკვეულ წილს ფლობდა ეკლესიაც (მათ შორის სომხურიც), რომლებიც მათ მფლობელობაში არსებულ სარეწებს, დუქნებსა თუ ქარვასლებს ძირითადად იჯარით გადასცემდნენ ხელოსნებსა და ვაჭრებს და ამ გზით სერიოზულ შემოსავალსაც ღებულობდნენ.
      – საქალაქო წესწყობილება და ცხოვრების ვითარება
      – მოურავი

      ქალაქის უზენაესი მმართველობა მეფის მიერ დანიშნულ მოურავს ევალებოდა, რომლებიც, როგორც წესი, მაღალი ფეოდალური არისტოკრატიიდან გამოსული პირი იყო. საყურადღებოა, რომ ერეკლეს დროს თბილისში რამდენიმე მოურავი ყოფილა, რომლებიც სხვადასხვა უწყებას წარმოადგენდნენ და განაგებდნენ. ეს რასაკვირველია, შელახავდა ქალაქის მოურავის უფლებას და დახლართავდა საქმის წარმოებასაც. ამიტომ 1784 წ. მთავრობამ (ქალაქის მოურავის დავით ციციშვილის ინიციატივით) მოხუცებულ მოქალაქეთა, ქედუხთა და სამღვდელოთა გამოკითხვით, დაადგინა, რომ ყოველს დრო „ქალაქში 1 მელიქი, 1 მამასახლისი და 1 ნაცვალი ესხათ მხოლოდ“. „ამ გვარად, შემთხვევით შემოპარული მრავალ-მოურავობა მოსპობილა და ძველი წესი აღდგენილ იქნა: ერთი ქალაქის მოურავიღა დატოვეს“.
      ქალაქის მოურავს დიდი უფლებები ჰქონდა. ის ქალაქის პატრონი იყო. „ქალაქის სამოქალაქოში ყოველივე მოურავს უნდა ეკითხოს“. მის დაუკითხავად უმაღლეს მთავრობასაც კი არაფრის გაკეთება არ შეეძლო. „რაც ბატონმა ქალაქს სთხოვოს, ან შეაწეროს, ან სხვა რამე საქმე იყოს, ვიდრე საქმეს გადაწყვეტენ და აღსრულებას შეუდგებოდნენ, თავდაპირველად მოურავის აზრი უნდა გაიგოსო“.
      როცა მეფე „დიდკაცებთან“ ერთად „საქვეყნო საქმეებზე“ ბჭობდა ხოლმე, მასში ქალაქის მოურავიც იღებდა მონაწილეობას.
      მოურავი თავისი ხელქვეითების მეშვეობით მუდმივად ადევნებდა თვალს ქალაქის ეკონომიკურ ცხოვრებას. აკონტროლებდა ბაჟის აკრეფის საქმეს.
      ქალაქის მოურავის მოვალეობა იყო ქალაქსა და მცხოვრებთა კეთილდღეობაზე, მათ ქონებასა და სიცოცხლის ხელშეუვალობაზე ზრუნვა. „მოურავი ქალაქისა და მოქალაქის მოვლას დიდად უნდა სცდილობდეს ყოვლის თავის გარჯით და თავდადებითო“ ბრძანებდა დებულება. ერეკლე თავის 1784 წ. ბრძანებით ქალაქის მოურავს ავალებდა: ჭეშმარიტ სიმართლეს და ქალაქის მოვლასა და ბეჯითად გარჯას ნუ დააცადებდეთო“.
      ქალაქის მოურავის პირდაპირ მოვალეობა „ავი კაცებისა“ და უზნეო ქალების ძებნა. დებულებაში პირდაპირ იყო ნათქვამი: „მოურავი მუდამ ქურდსა და ბოზს უნდა ეძებდესო“. ამისათვის მას ასასები ჰყავდა. „ორი სამი გამოულევლად ახლდნენ“, „ქურდსა და ბოზს მოახსენებდნენ ხოლმე“. მოურავი ასეთ დამნაშავეს ჯარიმას ახდევინებდა.
      ქალაქის საზოგადო კეთილდღეობაზე ზრუნვის გარდა მოურავს უნდა დაემყარებინა სამართლიანობა და მცხოვრებთა ზნეობისთვის თვალყური ედევნებინა, საჩივარი გაერჩია, დამნაშავენი შეეპყრო და მსჯავრი დაედო.
      – ქალაქის სასამართლო
      სასამართლო საქმეები ქალაქში ორ მოხელეს მოურავსა და მდივანბეგს შორის იყო განაწილებული. მდივანბეგს ეკითხებოდა: „თუ ქალაქში კაცის სიკვდილი მოხდებოდეს ან მოქალაქისაგან, ან სხვისგან, იმის სამართალი კარზედ მდივანბეგმან უყოსო“. რაც შეეხება სამოქალაქო საქმეებს, მათ მდივანბეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში არჩევდა, „თუ მოქალაქე კაცი გარეშე კაცს უჩიოდეს, ან გარეშე კაცი გარეშე კაცს უჩიოდეს, ან ორნი მოქალაქე კაცნი თავისი ნებით მივიდნენ და მდივანბეგს შემოსჩივლონო“.
      ყველა სხვა შემთხვევაში მოქალაქეთა საქმეებს მოურავი არჩევდა.
      „გარეშე კაცსა“ და მოქალაქეს შორის ატეხილი საჩივრის დროს დებულება უპირატესობას გარეშე კაცს აძლევდა. ეს წესი არ მოქმედებდა, თუ მდივანბეგი ქალაქში არ იყო.
      ყველა სხვა შემთხვევაში მოქალაქეთა შორის საჩივრებს მოურავი განაგებდა. „ქალაქის მოურავი ქალაქში უნდა სამართლობდესო“. იგი, ამ შემთხვევაში, ან თვითონ არჩევდა საქმეს, ან თავის წარმომადგენელს მიანდობდა. როცა თვითონ არჩევდა, მაშინ კანონი ბრძანებდა: „სამი-ოთხი სარწმუნო მოქალაქე თან ახლდეს სასამართლო საბჭოშიო“. იმის ნებაზე იყო, აგრეთვე, დამოკიდებული „მოურავი, თუნდა მელიქ-მამასახლისს და ნაცვალს სამართალში დაისწრებს, თუ უნდა არ დაისწრებს, ქედუხები ახლდებიანო“.
      მოურავის მიერ მოწვეული ეს პირები „სამართლის ბჭობაში“ მოქმედ პირებად არ ითვლებოდნენ, ისინი მხოლოდ „ესწრებოდნენ“ იმ გვარადვე, როგორც ქედუხები მოურავს ისრე უნდა ახლდნენ“ ხოლმე. სასამართლოს მოქმედებაში და სამართლის „ბჭობაში“ მონაწილეობას იღებდნენ თვით მოურავი, როგორც თავმჯდომარე და „სამი-ოთხი სარწმუნო მოქალაქე“ ვითარცა მოსამართლე წევრები. „მოჩივარი“ მოურავთან უნდა მისულიყო და მოურავის საჩივარი მიერთმია.
      მოურავი „თუ თვითონ არ ინებებს სამართალს“, იგი მოჩივარს „თავის იასაულს გაატანს“. იასაული მისი წარმომადგენელია მხოლოდ. მოსამართლედ კი „სარწმუნო“ მოქალაქე უნდა ყოფილიყო“: მოურავს „ორი უნდა თუ სამი მოქალაქე, იმათ დასმენ და სამართალს მოქალაქენი ისმენენო“.
      შეიძლებოდა ქალაქის მოურავი სამართალში მარტო წევრადაც ყოფილიყო. ეს მხოლოდ მაშინ „ბატონის ბრძანებით ქალაქის მოურავი და მდივანბეგი რომ სამართალში დასხდებიანო“. ე. ი. როცა სასამართლო მეფის ბრძანებით იმართებოდა.
      1784 წლის ბრძანებით ერეკლე ქალაქის მოურავს ავალებს „საბჭოდ ჯდომის“ დროს სამართლის თანასწორობა და მიუდგომელობა დაეცვა. „თავაზსა და ხათრს წესიერსა და კანონიერს საქმეზედ ნურავის შეუნახავათო“.
      – ნიხრი
      „საბჭოდ ჯდომისა“ და მოსამართლეობისათვის მეფეს სარგო ჰქონდა. მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აღებ-მიცემობა და მისი კანონიერი წარმოებაც. საქართველოს ქალაქებში სანოვაგის, სურსათის, ხილეულობისა და მაგარი სასმელების ფასებს მთავრობა აწესებდა, რასაც ნიხრი ერქვა. ნიხრით ვაჭრობა სავალდებულო იყო აღებ-მიცემობის: ყასბების, მეთევზეების (გელანქურის), ბაყლებსა და სირაჯებისთვის. ნიხრი წესდებოდა განჯის ორაგულზე, ზუთხზე, ხრამულზე, ფიჩხულზე, ზეთისხილზე, განჯის ყურძენზე, ახალციხისა და ბორჩალოს ხილზე და სხვა.
      ნიხრი ფასების მიხედვით მერყეობდა. „საზოგადო წესით მოურავმა სამს თვეში ერთხელ უნდა ნიხრი მისცეს ქალაქსაო“, მაგრამ ხორცის ნიხრი წელიწადში რამდენჯერმე შეიძლებოდა შეცვლილიყო. ზოგ საქონელს, მაგ. ხილეულობასა და თევზეულობას, წელიწადში ერთხელ ჰქონდა შემოსავლის დრო. ამიტომ ასეთ საგნებზე ნიხრს მოურავი მაშინ აწესებდა, როცა მას ქალაქში შემოიტანდნენ.
      ნიხრის დადებისას მოურავი ვაჭრისაგან გადასახადს „ნიხრანას“ ღებულობდა. ამდენად, ქალაქის მოურავისათვის უკეთესი იყო, თუ ნიხრი ხშირად შეიცვლებოდა. დებულებაში ნათქვამი იყო, რომ ნიხრის `თითო მომატებაზე ყასბებმა საერთოდ ნიხრანა მოურავს უნდა მოთხოვონო. სასყიდლის ხშირად მისაღებად მოურავს შეეძლო ნიხრისათვის მოემატებინა ხოლმე. ამის გამო ანგარებიანობისა და მექრთამეობის ასალაგმავად სამართალი ამბობდა: „მოურავი ყოველს ნიხრზე, თუ ბატონის ნაცვალს არ დაისწრებს, ქედუხებს დაისწრებს ორს თუ სამსო“.
      მოურავი თვალყურს ადევნებდა, რომ ნიხრი არავის დაერღვია. თუ ვინმე დააშავებდა, მოურავს უნდა გადაეხდევინებინა.
      – იტყუებოდნენ თუ არა მაშინდელი ვაჭრები
      ფეოდალურ ქვეყანაში ვაჭარს ეშმაკი და მატყუარა ადამიანის სახელი ჰქონდა.
      ვაჭარს მარტო ფასში კი არ შეეძლო მოტყუება, არამედ საწყავ-საზომში. ამიტომ იგი მუდამ მეფისა და მოურავის მიერ საგანგებოდ დანიშნულ პირს უნდა გაეკონტროლებინა. დებულებით „ბატონის ნაცვალი და მოურავის ნაცვალი ყოველთვის უნდა სინჯავდეს ლიტრას, ადლს, საწყაოს და ყოველსავე საწონსა და გასაზომს და თუნგს, და რომელსაც ნაკლებობა და სიმრუდე შეემჩნეს, ჯარიმა უნდა წაერთვასო“. ეს საქმე, მოქრთამვის ალბათობის შესამცირებლად, ორ მოხელეს ჰქონდა დავალებული, რომელთაც ყოველდღე უნდა გაესინჯათ ვაჭრის „საწყაო“ და „საზომი“, რომ სიმრუდე და ნაკლებობა არ ყოფილიყო. ამაზე მოურავის ნაცვალი მუდამ ბაზარში უნდა დადიოდეს და იჯდესო“. დამრღვევებს ნაცვალი ჯარიმას ახდევინებდა.
      მოურავი თავისი მოვალეობის შესრულებისთვის მეფისაგან ჯამაგირს კი არ იღებდა, არამედ ქალაქის შემოსავლებიდან გარკვეულ ნაწილს, რაც საკმაოდ მაღალი შემოსავლის წყარო უნდა ყოფილიყო. ამიტომაც, მოურავობა აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მაღალ თანამდებობად ითვლებოდა, რომელიც, როგორც ვთქვით, მაღალი ფეოდალური არისტოკრატიის, ძირითადად კი სამეფო ოჯახის უახლოეს პირებს ეკავათ.
      – მელიქ-მამასახლისი
      საკუთრივ ქართულ ისტორიულ ტრადიციას ეფუძნებოდა ქალაქის მამასახლისის თანამდებობა, რომელსაც მოგვიანებით ქართულ-სომხური ფენომენის გაერთიანებით შეეზარდა მელიქის თანამდებობაც. თუმცა, ის დიდხანს ერთი სახელით მელიქ-მამასახლისობით მოიხსენიება.
      თბილისის მელიქ-მამასახლისი ქალაქის მოურავის შემდეგ ერთ-ერთი უპირველესი თანამდებობა იყო, რომლის „შეუტყობრად ტფილისში არა მოხვდებოდა რა“.
      მის უმთავრეს მოვალეობებს შეადგენდა „ვაჭრის მსუბუქი სამართლის“ წარმოება, შეყრილობისა და გაყრილობის წიგნთა დამტკიცება, ქალაქში დუქნის, სახლის, დარბაზის, მამულების და ყოველგვარი ქონების ნასყიდობის წიგნთა დაცვა, მეფის მიერ ქალაქის მოსახლეებზე გაცემული მამულისა თუ სათარხნე წიგნების დამოწმება, აგრეთვე: სამეფო ყმათა აღრიცხვა, მოქალაქეთა სათანადო დავთრებში აღნუსხვა, მოურავთან ერთად ქალაქში წესრიგის დაცვაზე ზრუნვა, ქალაქში სისუფთავის დაცვა, ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება, სამეფო გადასახადების აკრეფის მიმდინარეობის თვალის დევნება, მეფის, დედოფლისა თუ მაღალ მოხელეთა სიტუაციურ დავალებათა შესრულება, მაგალითად ხიზნებისა და სტუმრების დაბინავება, სხვადასხვა სამხედრო საჭიროებისთვის ქალაქიდან ურმების გაყვანა, პურისა და პროდუქტების მოგროვება, უმემკვიდრეოდ გადავარდნილი მოქალაქის ქონების წესისამებრ განკარგვა, გასაყიდი თუ დაგირავებული სახლებისა და დუქნების შეფასება და გაყიდვა. ყველაფერი ამისათვის მამასახლისს სოლიდური წილი ჰქონდა ამოღებული გადასახადებიდან და ქალაქში შემოტანილი თევზის ბაჟიდან.
      – ნაცვალი
      გარკვეული დროის მანძილზე მელიქ-მამასახლისი ნაცვალის მოვალეობასაც ასრულებდა, მაგრამ 1786 წლიდან თბილისის ნაცვალი ცალკე გამოიყო და საქალაქო მმართველობაში ერთ-ერთ უპირველეს თანამდებობად ჩამოყალიბდა. ნაცვალს მეფე ნიშნავდა. მის ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას შეადგენდა ქალაქში, განსაკუთრებით კი ბაზრის ტერიტორიაზე წესრიგის, თვალყურის დევნება. საზომ-საწყაოთა სისწორის შემოწმება, „ავკაცობისა და ჩხუბის“ ალაგმვა, ქურდობის, ავი ზნის ქალების, დებოშის ამტეხთა გამოვლენა და დასჯა, რაშიც აღებული ჯარიმიდან მას თავისი წილი მიჰქონდა. იგი მონაწილეობდა მიხდომის, დაპატიმრების, გაჩხრეკის ოპერაციებში. მასვე ევალებოდა მონაწილეობა მიეღო ქალაქში სენის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებაში, დაავადებულთა ევაკუაციაში, ქალაქის გაწმენდაში, სისუფთავის დაცვასა და დანაგვიანების აღკვეთაში. მასვე უნდა ედევნებინა თვალყური ბაღების მოვლა-პატრონობისათვის.
      ნაცვალს, როგორც საპოლიციო ხელისუფლების წარმომადგენელს, ევალებოდა თვალყური სჭეროდა ქალაქში მყოფ უცხოელებზე, ეწარმოებინა მათი რეგისტრაცია, ეზრუნა მათ დაბინავებასა და უსაფრთხოებაზე. ასევე, მათი მოქმედებების შესახებ ყოველდღიური ინფორმცია მიეწოდებინა ქალაქის მოურავისათვის.
      ნაცვალს მოურავისათვის უნდა შეეტყობინებინა უცხო ქვეყნის ელჩების ჩამოსვლის ამბავი, რომელიც ამ ინფორმაციას თავის მხრივ მეფეს გადასცემდა. მასვე ევალებოდა საეჭვო პირების კონტროლი, თვალი უნდა ედევნებინა, რათა ქალაქიდან არ გაპარულიყვნენ პოლიტიკურად საეჭვო პირები, სასამართლო პასუხისგებაში მიცემული მოვალენი და მათი თავმდებები.
      ნაცვალი ხელმძღვანელობდა, აგრეთვე, ქალაქის მოსახლეობის აღწერას, თვალს ადევნებდა სამეფო გადასახადების აკრეფის მიმდინარეობას, ქალაქის ბიუჯეტს, რის შესახებაც სათანადო ანგარიშს უდგენდა მოურავს.
      გასამრჯელოდ ქალაქის ნაცვალი ღებულობდა წილს ბაზრების მოგებიდან აღებული ჯარიმებიდან, ასევე წილს ქალაქის ბაჟიდან, ე. წ. მოურავის ჭაშნიკიდან.
      – ზემოთხსენებულ მოხელეთა გვერდით...
      ზემოთხსენებულ მოხელეთა გვერდით თბილისში იყვნენ მეფის მიერ დანიშნული სხვა ხელისუფლებიც, რომლებიც საქალაქო ცხოვრების სხვადასხვა უბნებს განაგებდნენ. მათ შორის წმინდა ქართული იყო ციხისთავობა, რომლის უპირველეს მოვალეობას ციხეში დგომა, ციხის გუშაგების დაყენება შეადგენდა, რაშიც მეფისაგან წელიწადში 600 მანეთი, ჯამაგირი და ულუფა ჰქონდა დანიშნული.
      მეფის მოხელეებად ითვლებოდნენ ქალაქის მებაჟეები და მესასწორენი, რომელთაც მკაცრად განსაზღვრული სამოქმედო ფუნქციები ჰქონდათ და უშუალოდ მოურავისა და ნაცვალის კონტროლის ქვეშ მოქმედებდნენ.
      პერიოდის მოხელეთა შორის უნდა დასახელდეს „ქალაქის მწერალი“ („მუშრიბი“), რომლის მოვალეობას ქალაქის სახლების, მამულებისა და ბაღების აღწერა შეადგენდა.
      მათზე კიდევ უფრო წვრილ თანამდებობად ითვლებოდა ჯარჩობა, რომელთა მოვალეობასაც ქალაქის ბაზრებსა და მოედნებზე მეფისა და სხვადასხვა მოხელეთა ბრძანებების გამოცხადება შეადგენდა.
      ქალაქის საპოლიციო აპარატში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ ასასებს, რომლებიც თავიანთი უფროს, ასასბაშთან ერთად მოურავის იასაულებს (სადამსჯელო ხელისუფალნი) წარმომადგენდნენ.
      მოურავის სარგოს წიგნებში ვხვდებით ქედუხების თანამდებობასაც, რომელიც მუსლიმანური სამყაროდან მამასახლსს აღნიშნავდა. ისინი თბილისის მაჰმადიანურ უბნებში წარმოადგენდნენ მოურავის მოადგილეებს. მათ სურვილისამებრ თავისი წრიდან ირჩევდა მოსახლეობა.
      – თვითონ თბილისი
      თქვენ ახლა დიდი ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის გეგმას დასცქერით, რომელიც „საოცარი სიზუსტით ემთხვევა სინამდვილეს და თანადროულ დოკუმენტებში ასახული ვითარების ზუსტ ილუსტრაციას წარმოადგენს“.
      ამ გეგმით ვხედავთ, რომ XVIII საუკუნის მდინარე მტკვრის ორსავე ნაპირზე გაშენებული თბილისი სამ ძირითად ნაწილად იყოფოდა: 1. საკუთრივ თბილისი, ანუ სეიდაბადი – დღევანდელი აბანოების და ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორია; 2. კალა – რომელიც ციხის ციტადელიდან მოყოლებული, მისდევდა სოლოლაკის ქედს, ეშვებოდა ჩრდილოეთით, გასდევდა დღევანდელი შ. დადიანისა და ალ. პუშკინის ქუჩებს და უხვევდა ბარათაშვილის ხიდისკენ, საიდანაც მიჰყვებოდა მტკვარს თათრის მოედნამდე; 3. მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარე ავლაბარი.
      ქალაქის ძირითადი ნაწილი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე იყო განთავსებული. აქ მდებარეობდა მთავარი ციხეც, რომელიც იყოფოდა „შიდა ციხედ“, ციტადელად და ციხედ. XVIII ს. 50-იან წლებში, როცა ერეკლეს ბრძანებით აღებულ იქნა „გალავანი ქალაქისა, რომელი იყო ციხესა და ქალაქს შუა და გააერთიანეს ციხე და ქალაქი“.
      მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდათ ქალაქის კარებებს, რომელიც მხოლოდ დაცვას როდი უზრუნველყოფდა. მას იმავდროულად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, რამდენადაც იგი აკავშირებდა ქალაქს გარე სამყაროსთან.
      ამ დროის წყაროებით და არსებული გეგმებით ირკვევა, რომ თბილისს 6 კარი ჰქონია. ჩრდილოეთ კედელზე „წყლის“ იგივე „ქვემო“ კარია აღნიშნული. დასავლეთით ორი კარი იყო. ერთს „დიღმის კარს“, მეორეს კი „კოჯრის“ ან „მაღლა“ კარს უწოდებდნენ.
      სამხრეთის კარს „განჯის კარი“ ეწოდებოდა, აღმოსავლეთით მდებარეს კი „აბანოს კარი“. ქალაქის მეექვსე კარი მტკვრის მარცხენა მხარეს ავლაბრის კედელთან მდებარეობდა და მას ასევე ეწოდებოდა – „ავლაბრის კარი“.
      გარეთუბანი (ციხის გარეთ მდებარე ტერიტორია) მიკროუბნებად იყო დაყოფილი. „დაბლა კარის“ ბურჯზე მუხრან-ბატონის სასახლე იყო მიშენებული. მოგვიანებით მუხრანბატონები მთლიანად დაეპატრონენ ამ ადგილებს, რის გამოც მას მუხრანთუბანი, აქვე მტკვარზე გამავალ ხიდს კი – მუხრანის ხიდი შეერქვა.
      მუხრან-ბატონის მოპირდაპირედ გივი ამილახვრის სასახლე მდგარა, რაც უბნის პრესტიჟულობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზსს.
      ამათგან ჩრდილო-დასავლეთით ვანქის უბანი მდებარეობდა. აქ (დღევანდელი სომხური საშუალო სკოლის ადგილზე) იდგა ცნობილი ვანქის ეკლესიაც, რომლის დასავლეთით სომხური სასაფლაო იყო.
      ვანქის უბნის გვერდით მტკვრის აღმა ორბელიანთ უბანი მდებარეობდა. ორბელიანები ქალაქის ცენტრშიც, ბატონის მეიდანთან ცხოვრობდნენ. ისინი ინტენსიურად იძენდნენ ადგილებს გარეთუბნებშიც. XVIII საუკუნის ბოლოს მათ ეკუთვნოდათ ყაბახის (ავლაბრის ბაღი) და მტკვარს შორის მდებარე ტერიტორია, სადაც დღესაც შეგიძლიათ მათი მამულის ზღურბლისა და კარის ეკლესიის ხილვა.
      მოგვიანებით გარეთუბანში განლაგდა ბატონიშვილთა სასახლეებიც.
      ბარათაშვილის ქუჩის პერპენდიკულარულად, გოგჩის ქუჩის შესახვევში ბოშების უბანი მდებარეობდა, რომელიც ხიხ საუკუნიდან უკვე “მებელნი პერეულოკად” მოიხსენიება.
      ქალაქის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი დღევანდელი პუშკინის ქუჩის, ხელოვნების მუზეუმისა და რუსთაველის ქუჩის შორის მოქცეული სამკუთხედი იყო, სადაც იდგა სომხის საყდარი. თვითონ მუზეუმის ადგილას არაგვის ერისთავის სასახლე იყო წამოჭიმული. რუსთაველისა და ნატო ვაჩნაძის ქუჩების კუთხეში იდგა ასევე სომხური ქამაანთ საყდარი, რომელიც 1927 წელს ბოლშევიკებმა დაანგრიეს. ამ საყდრის გვერდით მდგარა საკმაოდ მოზრდილი ღამბარაანთ ქარვასლა.
      XVIII საუკუნის შუა ხანებიდან, მას შემდეგ, რაც კერძოდ 1747 წელს ერეკლემ მეტეხის ციხე, ნარიყალა და თაბორი სპარსთაგან გაანთავისუფლა, ქალაქს მკვეთრად უცვლია სახე. მოიხსნა ციხის კედელი, რომელიც ნარიყალიდან მტკვრამდე ეშვებოდა. „ბრძანა მეფემან და აღიღეს გალავანი ქალაქისა, რომელი იყო ციხესა და ქალაქსა შუა და გაართიანეს ციხე და ქალაქი თბილისისა“.
      ამ დროიდანვე იწყება ქალაქგარეთის ინტენსიური ათვისება. თუმცა, ეს ჯერ სასოფლო სავარგულების ათვისებით ხდება და არა ქალაქური პოტენციალით. მშვიდობადამდგარ ქალაქში თბილესელები ჩეხავენ ტყეებს, ავაკებენ კლდოვან ზედაპირებს, გაჰყავთ სასმელი და სარწყავი წყალი და სხვა.
      ჩქარა ხდება ქალაქის ზრდა მტკვრის მარცხენა მხარესაც, სადაც ძირითადი უბანი ავლაბარი იყო. მას ორი გალავანი ჰქონდა შემორტყმული. პირველი მოიცავდა მთელ ავლაბარს და მას ავლაბრის გალავანს უწოდებდნენ, მეორეს კი, მეტეხის გარემომცველ გალავანს, ავლაბრის ციხედ მოიხსენიებდნენ.
      ავლაბარი ციხის (კალის) უბანს ხიდით უკავშირდებოდა. ხიდის დასრულებისთანავე უნდა შესდგომოდით აღმართს, რომელსაც სირაჯხანა, ღვინის აღმართი ერქვა. ამჟამად ეს ადგილი განაშენიანებულია.
      სირაჯხანის მარცხნივ რიყე იყო, მის ბოლოს კი „დარიას სასახლე“ ამშვენებდა, რომელიც დარიას მონასტერთან (ფერიცვალების ეკლესიასთან) ერთად დარეჯან დედოფალმა ააგო. მას ქალაქელები „საჩინოსაც“ ეძახდნენ, რადგან იგი მთელი ქალაქიდან შესანიშნავად სჩანდა. სწორედ ამ სასახლესთან მთავრდებოდა თბილისის (მეტეხის) გალავანი და ავლაბრის კარით იწყებოდა თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული უბანი –ვაკე-ავლაბრი.



      აღმოსავლეთით ავლაბარს ნავთლუღი და დარისჭალა ემიჯნებოდა. მტკვრის პირას მდებარე დარისწყალის მოპირდაპირედ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და მცირე კუნძულებზე ორთაჭალის ბაღები იყო გაშლილი. ნავთლუღიცა და დარიჭალაც ავლაბრელთა ბაღ-ვენახებს ჰქონდათ დაკავებული.
      ავლაბრის ჩრდილოეთით მახათას მთასთან მთისკენ „ნელ-ნელა სასაფლაოები და ეკლესიები იკაფავდნენ გზას“.
      ავლაბრიდან გადიოდა ქალაქთან დამაკავშირებელი გზები „ბაღების გზა ყარაისა“, „კახეთის გზა“, „შუატბის გზა“ და „ლილოს გზა“.
      სპარსთაგან შედარებით მოსვენებულ ქალაქს ოსმალები არ აძლევდნენ უფრო ჩქარი განვითარების შესაძლებლობებს. მათი შემოსევები მოსახლეობას აშინებდა და აშფოთებდა. განსაკუთრებით უშლიდა იგი ხელს ვაჭრობა-მრეწველობის გაფართოებას, რაზეც იყო ძირითადად დამოკიდებული ქალაქის მომავალი განვითარება.
      ამის მიუხედავად, დროის მოთხოვნები და მეფის დაუზოგავი ძალისხმევა თავისას აკეთებდა. ქალაქი სულ უფრო მატულობდა. XVIII საუკუნის 90-ნი წლებისათვის იგი უკვე ხოჯავამდე და ჩუღურეთამდე გაიზარდა.
      საკუთრივ „ტფილისს“ მოსახლეობა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, კალისაგან წავკისის წყლით, იგივე დაბახანით გამოყოფილ ტერიტორიას, სეიდაბადს უწოდებდა.
      სწორედ აქ უერთდებოდა წავკისის წყალს კლდიდან გამომავალი ცხელი წყაროები, რომელზეც აბანოები იყო გაშენებული, უფრო სწორედ, საცხოვრებელ სახლებთან ერთად მთის კალთებზე შეფენილი. ხოლო ქუჩებისა და მტკვრის შორის მდებარე ტერიტორია ბაღებით იყო დაფარული.
      – დედაქალაქის მშვენება
      დედაქალაქის საუცხოო სამკაულად და მშვენებად მეფის სასახლე ითვლებოდა, რომელსაც მოხდენილი დარბაზ-პალატები და მტკვარზე გადაკიდებული ლამაზი აივნები ჰქონდა. სასახლის წინ დიდი მოედანი და გრძელი საბაზრო ადგილი იყო, რომლის თავიდან სასახლისკენ მნახველს თვალწინ მშვენიერი გარდასახედი სურათი ეშლებოდა.
      ტფილისშივე იყო თავისი მოხდენილობითა და შემკულობით საყურადღებო კახთ ბატონის სასახლე. სამეფო კარი მრავალრიცხოვანი და ბრწყინვალე ყოფილა.
      დააკვირდით 27-ე ნომრით არნიშნულ ნაგებობას! ეს მეიდნის სასახლეა, რომელიც ე. წ. გარემიჯნების ტერიტორიაზე მდებარეობდა. აქვე იყო ქაშვეთი, კალოუბანი და მისი ეკლესია, რომელიც დღევანდელი კინო „რუსთაველის“ ადგილზე მდებარეობდა. ოდნავ მოშორებით, იქ სადაც დღეს ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმია განლაგებული, იდგა არაგვის ერისთავთა სასახლე. ქალაქიდან საკმაოდ დაშორებით, მერმინდელი კავშირგაბმულობის შენობის სიახლოვეს განცალკევებით იდგა ციციშვილების სასახლე. უკიდურეს განაპირად კი ითვლებოდა აწინდელი ჯორჯიაშვილის ქუჩა, სადაც ყაიბულას ბაღები იყო გაშენებული. მთლიანად ბაღებს ეკავათ მერიის შენობის ზემოთა უბანი. ამათში უკიდურეს დასავლეთით, დღევანდელი დავითაშვილის ქუჩის ბოლოს მდებარეობდა თბილელის ბაღი. მერიის ადგილას იდგა ბეჟანას ქარვასლა და აღმართი, ანუ სამეფო სასახლე.

      * * *
      იგივე გეგმით ტფილისი მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ყოფილა. იქ დიდი ვაჭრობაა გაჩაღებული. მის განსაკუთრებული ეკონომიკური მნიშვნელობისა და წესიერების დამამტკიცებელ გარემოებად უნდა იყოს მიჩნეული ისიც, რომ საქართველოს დედაქალაქში ყოველთვის ცხოვრობდნენ უცხოელები, რომლებიც აქ თავს მყუდროდ და მშვიდად გრძნობდნენ.
      ძლივს დამყარებული მშვიდობა სულ უფრო ემჩნეოდა დედაქალაქს. მოსახლეობაც ქალაქის გალავნიდან სულ უფრო შორს მიიწევდა ჩრდილოეთისაკენ. განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა შედარებით დაცული ე. წ. გარეუბნის, კალას გალავნის ჩრდილოეთით და დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე.
      თუმცა ნელი ტემპით მიმდინარეობდა თვითონ თბილისის გაქალაქელება. ძირითადი მოსახლეობა ჯერ კიდევ „სოფლურად“ ცხოვრობდა. მთელი დასავლეთი კვარტლები ბაღ-ვენახებს, ყანებს, ბოსტნეულს ეკავათ. თბილისელთა ბაღ-ვენახები, ყანები და წისქვილები ამშვენებდა მდინარე ვერეს აუზსაც.
      – უბნები
      – ვერე ანუ ვერა

      თბილისს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრებოდა და რომელიც დღევანდელი ვერის უბნის გარდა საბურთალოს, დელისსა და ვაკესაც მოიცავდა. იგი გაბაშვილების სოფელი იყო და ხელსაყრელი მდებარეობისა და სარწყავი სისტემის არსებობის გამო ერთ-ერთ მთავარ სასოფლო-სამეურნეო უბნად ითვლებოდა, რომელიც ძირითადად ამარაგებდა თბილისის ბაზარს. სახნავ-სათესის სიმრავლის გამო მდინარე ვერეს ნაპირებს მრავალი წისქვილი მოფენოდა. წისქვილი დიდად შემოსავლიანი იყო, ამიტომ მისი მფლობელები ძირითადად მეფე და დიდი თავადები თბილელები, ორბელიანები, გაბაშვილები, მელიქიშვილები, ყორღანაშვილები და სხვანი იყვნენ, რომლებიც მას იჯარით გადასცემდნენ მოქალაქეებს.
      ვერის ხუროთმოძღვრების ძეგლებიდან დღესაც გამორჩეულია ლურჯი მონასტერი, რომელიც ჯერ კიდევ თამარის დროსაა აგებული.
      აქვე გადიოდა ქალაქიდან წამოსული „დიღმის გზა“ (დღევანდელი მ. კოსტავას ქუჩა), რომელიც ოთხ მადლიანი ხიდით გადადიოდა ქალაქში. მეორე, დღევანდელი მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გამავალ გზას „წყნეთის გზა“ ერქვა.
      რაც შეეხება ვაკეს, საბურთალოსა და ვარდისუბანს, აქ დასახლებები უფრო მოგვიანებით XIX საუკუნის I ნახევრისათვის ჩნდება.
      – ვეძისი
      სამაგიეროდ, XVIII საუკუნის ბოლოს თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე უკვე სჩანს სოფ. ვეძისი, რომელიც დღევანდელი კანდელაკის ქუჩისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაშენებული. იგი სახასო, სამეფო მამულები იყო და ამ დროისთვის ციციშვილები პატრონობდნენ.
      – ორთაჭალა
      ქალაქის სამხრეთით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ვრცელდებოდა ორთაჭალისა და კრწანისის ბაღებ-ვენახები, რომელიც ძირითადად კათალიკოსს ეკუთვნოდა. დიდი იყო სამეფო წილიც, რომელსაც სამემკვიდრეო წესით მოურავები თაზიშვილები განაგებდნენ. აქაური ბაღების გარკვეული რაოდენობა ეკუთვნოდათ ბატონიშვილებსაც. კრწანისი-ორთაჭალის ბოსტნეული ბაზარზე არ გადიოდა და მათ თითქმის მთლიად სამეფო ოჯახი, საკათალიკოსო და ბატონიშვილები მოიხმარდნენ. აქვე საკმაოდ გავრცელებული ყოფილა ხელოსნობა, რომლის ნაწარმი მთლიანად თბილისში იყიდებოდა.
      – სოღანლუღი
      სამეფო მამულებად ითვლებოდა სოღანლუღიც (თურქულად „სახახვეთი“), რომელსაც ბატონიშვილები და ამილახვრებიც ინაწილებდნენ. აქ გადიოდა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და სტრატეგიული დანიშნულების „განჯის გზა“. 1765-1772 წლებში ერეკლეს სოღანლუღში ციხე აუგია. აქვე მდგარა ეკლესიაც. სოღანლუღი ქართველებთან ერთად სომხებით, თურქებით და სხვა მაჰმადიანი ხალხით ყოფილა დასახლებული. იგი თბილისს ამარაგებდა ბოსტნეულ-ბახჩეულით.
      მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იყო გაშენებული დასახლებები რომელაური, ნავთლუღი, ჩუღურეთი, ახალსოფელი (კუკია), დიდუბე.
      – ნავთლუღი
      ნავთის ადგილს, სანავთეს ნიშნავს. თუმცა, მას მეორე სახელიც ჰქონია – ერეკლეს ციხე, რადგან აქ ერეკლეს აგებული საკმაოდ დიდი ციხე მდგარა, რომელიც მოგვიანებით დანგრეულა და სახელიც ციხესთან ერთად დავიწყებას მისცემია. XVIII საუკუნის II ნახევარში მეფეს იგი სუმბათაშვილებისთვის გადაუცა. აქაური მოურავებიც სუმბათაშვილები ყოფილან. უცხოვრია 62 კომლს.
      – ჩუღურეთი, ელია, კუკია, დიდუბე
      ჩუღურეთი თურქულად ორმოს, დაცემულ ადგილს ნიშნავდა და თავის დროზე მეფეს ეკუთვნოდა, რომლსაც, არ ვიცით რა დამსახურებისთვის, იგი თავადი ამთუნისათვის გადაუცია.
      ჩუღურეთის აღმოსავლეთით მდებარეობდა ელია, რომელიც მახათას მთას ემიჯნებოდა. აქ მდგარა წმ. ილიას სახელობის ეკლესია.
      კუკია (ახალსოფელი) მეჩხერი დასახლება ყოფილა. იგი დედოფლის მამული იყო, რომელიც ხელოვნურად ზრდიდა სოფელს. ამ მიზნით მას 30 საგლეხო კომლი და 16 სომხური ოჯახი გადმოუსახლებია სომხით-საბარათიანოდან. თვითონ სახელი კუკია XVIII ს. მეორე ნახევრისაა და იგი 1772 წ. თრიალეთიდან ჩამოსულ ხალხს ჩამოჰყოლია.
      თბილისს ჩრდილოეთით ჩუღურეთისა და კუკიის შემდეგ ემიჯნებოდა დიდუბე, რომელიც მეფის სოფელს წარმოადგენდა. აქ მოურავობდნენ გურგენიძეები, რომელთაც ომის დროს 30 მოლაშქრე გამოჰყავდათ.
      – ქუჩები
      თბილისი უბნებად იყო დაყოფილი, რომლის სახელებიც მასზე განლაგებული ამა თუ იმ დარგის ხელოსნებისა თუ ვაჭრების, ეკლესიების, ან სხვა სახის ნაგებობების მიხედვით ჰქონდა შერქმეული.
      ამ დროის ქალაქისათვის დამახასიათებელი იყო არისტოკრატიულ, „ცენტრალურ“ და მდაბიოთა უბნებად დანაწილება. ყველაზე პრესტიჟულად ითვლებოდა „ანჩისხატის“ და „სიონის“ უბნები, სადაც ცხოვრობდა ქალაქის არისტოკრატია.
      აქ ყოფილა „საქართველოს პატრიარქის სასახლე“, „პატრიარქის ეკლესია“, ოდნავ მოშორებით „ანჩისხატის ეკლესია. აქედან მტკვრის დინების მიმართულებით ერთმანეთს მიყვებოდა ოთხი მნიშვნელოვანი ნაგებობა სამეფო სახლი, წმ. გიორგის ეკლესია, ერეკლეს კარის ეკლესია, ცალკე გამოყოფილი ბინა სამეფო ოჯახის ბავშვებისათვის, უფლისწულის სასახლე, სიონი, სამეფო სტამბა და მეფის აბანოები.
      ქალაქის ცენტრად შეიძლება ჩათვლილიყო სამეფო სახლის წინ არსებული მოედანი, რომელსაც მოჰყვებოდა სავაჭრო-სახელოსნო ნაგებობები, რომელნიც თავიანთი სპეციფიკით თვითონვე ქმნიდნენ ქუჩებსა და მათ დასახელებებს. ასე წარმოიშობოდა სამღებროს, ოქრომჭედლების, ფეიქართა და სხვა ქუჩები.
      სავაჭრო-სახელოსნოთა ამგვარმა რიგებმა წარმოშვა სახელწოდებები: ალაფხანა, ყასაბხანა, სირაჯხანა, წონხანა, ქულქიჩხანა, ბაზაზხანა, მეზანდუკეთა ქუჩა...
      ამ დროიდან ჩნდება მათი სახელებიც: „გომბორიანთ ქუჩა“, „ბეჰმუდას ქუჩა“, „ნაცვალაანთ ქუჩა“ ან კიდევ: „ფრანგის ქუჩა“, „სიონის ქუჩა“, „ზარაფხანის ქუჩა“ და სხვა.
      XVIII საუკუნიდან ქალაქმა ჩქარი ტემპებით დაიწყო ზრდა. შესაბამისად მოიმატა დასახლებებმა და უბნებმა. ზოგიერთი განაპირა უბანი ცენტრალურად გადაიქცა, ან კი პირიქით. მაგალითად, „ძველი ქალაქი“, იგივე „ძველი თბილისი“ XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ქალაქის გარეუბანთა შორისაა. ახლა მას „სეიდაბადს“, ან „აბანოების უბანს“ ეძახიან. „გარეთ უბნად“ მოიხსენიება თვით „კალაუბანი“ ციხის უბანი, რომელიც დროთა განმავლობაში თვითონაც დაიყო პატარ-პატარა უბნებად.
      ქუჩების დაგეგმვის გეგმაზომიერება ქალაქში გამავალი გზების და ბაზრების მდებარეობიდან გამოდიოდა. დუქნები და სახელოსნოები გზის ორივე მხარეს ლაგდებოდა.
      – ბაზრები
      ბაზარი ქალაქის ცენტრალური შესაკრებელი იყო. ამ დროის თბილისში სამი ბაზარი უნდა ყოფილიყო: მეფის სასახლის მოედანთან, „თათრის მოედანის ბაზარი“ და მეტეხის გალავანს შიგნით მდებარე ბაზარი. სახელებიც შესაბამისი ერქვათ: „ზემო ბაზარი“, „ქვემო ბაზარი“ და „მეიდნის ბაზარი“.
      ბაზარი არა მარტო სავაჭრო ადგილს, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრსაც წარმოადგენდა. აქ ცხადდებოდა მეფისა და ქალაქის სხვა ხელისუფალთა ბრძანებულებები, კეთდებოდა განცხადებები, იცვლებოდა ინფორმაციები.
      – მეიდნები
      მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქალაქის ცხოვრებაში მეიდნებიც. ვახუშტის მიხედვით ქალაქში ორი მოედანი იყო „მეფის“ და „სამხედრო“ (ყაბახი). მეფის მოედანზე სადღესასწაულო და საგანგებო დღეებში იკრიბებოდნენ მეფის მიერ გამოძახებული საზეიმოდ მორთული და იარაღასხმული თავად-აზნაურები, რომლებიც მსჯელობდნენ საგარეო თუ საშინაო ამბებზე, რის გამოც მოედანმა „სალაყბოს“ სახელიც მიიღო. მეორე მოედანი – ყაბახი გართობისათვის იყო განკუთვნილი, აქ იმართებოდა ხოლმე ყაბახი, ჩოგბურთი, ჭიდაობა კრივი და სხვა.
      – ხიდი
      ქალაქს ამშვენებდა მდინარე მტკვარი, რომელსაც სანაოსნოდაც იყენებდნენ და სარეწაოდაც. მასზე გამავალი „ავლაბრის ხიდი“ ქალაქის ორივე ნაპირს ერთმანეთთან აერთებდა. რაც შეეხება წყაროებში შემორჩენილ სხვა პატარა ხიდებს (დაბახანის, ავანაანთ ხევის, ვერეს და სხვა), ისინი აქ არსებულ მდინარეებზე იყო გადებული და ერთმანეთთან მხოლოდ მცირე უბნებს აკავშირებდა.
      ხიდის თავთან მეხიდური იჯდა, რომელიც ხიდზე გამვლელ-გამომვლელს გადასახადს ახდევინებდა. აქვე იდგა კოშკებიც, რომელიც ერთდროულად დაცვისა და საბაჟოს მოვალეობას ასრულებდა.
      – ჰიგიენური მდგომარეობა
      ქალაქი მოვლითა და სისუფთავით მაინცადამაინც არ გამოირჩეოდა, რასაც გარკვეულწილად სოფლის მეურნეობის არსებული პრიორიტეტი, საქონლის სიმრავლე, ქარავანთა ხშირი სტუმრობა აპირობებდა. ქუჩები ძალზე ვიწრო და ტალახიანი იყო. მათ დიდ უმეტესობაზე არ იყო დაგებული ქვაფენილი.
      მართალია, მეფე ქალაქის გარკვეულ მოხელეებს ავალდებულებდა ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვას, მაგრამ ამის შედეგი ქალაქს ნაკლებად ეტყობოდა, მოსახლეობის სიმჭიდროვე, სასაფლაოები, ტუალეტებისა და ნაგვისაყრელების მოუწყობელობა, ცუდი საპოლიციო და სანიტარული ზედამხედველობა ქალაქში საშინელ ანტისანიტარიას იწვევდა, რა მიზეზითაც ხშირი იყო ჭირი და ეპიდემიები.
      – განათება
      მოუგვარებელი იყო ქალაქის განათებაც. ცნობილია მხოლოდ, რომ დიდ დღესასწაულებში, მეფის ან დიდი უცხოელი სტუმრის მობრძანების შემთხვევაში ხდებოდა თბილისის „ჩირახდნით გაბრწყინება“, რაც მოსახლეობას ჰქონდა დავალებული. დანარჩენ შემთხვევაში ღამის თბილისი ჩაბნელებულ და უსიცოცხლო ქალაქად გამოიყურებოდა.
      ამ მხრივ ერეკლემ, მოგვიანებით, როგორც ჩანს, განახორციელა ღონისძიებები, კერძოდ, მოეწყო რამდენიმე ქუჩის განათება, რაზეც ახალი გადასახადების „მასრაპისა“ და „ქონის ფულის“ დაწესებაც მიუთითებს.
      – ქარვასლები
      ეს ტერმინი საქართველოში XVIII საუკუნიდან შემოვიდა და პირდაპირი მნიშვნეობით ქარავანთა სახლს აღნიშნავდა. ამ დროისთვის თბილისში უკვე რამდენიმე ქარვასლას ვხედავთ. მათი მეპატრონეები ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენლები და მსხვილი ვაჭრები არიან, რომლებიც ამ საქმით საკმაოდ მაღალ შემოსავალს ნახულობენ.
      თბილისში მრავალი ქარვასლა არსებულა, რომელთაგან გამორჩეული ყოფილა ოთხი. მათ შორის სამი („თბილისის ქარვასლა“, „მეფის ქარვასლა“, „ბეჟანას ქარვასლა“) ქალაქის კედლებს შიგნით, ხოლო ერთი კედლის გარეთ – სოლოლაკში ყოფილა განთავსებული.
      ქარვასლები ვაჭართა საქონლის საწყობებსა და სასტუმროებს წარმოადგენდნენ. ამის გარდა აქ იყო განლაგებული სავაჭროები და სახელოსნოები, რომლებიც ძირითადად უზრუნველყოფდნენ ქარვასლაში დაბინავებულთა მოთხოვნილებას.
      – ქულბაქები
      ეს სიტყვა უძველეს ქართულში სავაჭრო-სახელოსნო ნაგებობათა გამოსახატავად იხმარებოდა. XVIII საუკუნეში იგი ჯერ „ხულამ“, ოდნავ მოგვიანებით კი „დუქანმა“ შეცვალა.
      დუქანი თბილისში სხვადასხვა ხელობის რამდენიმე კაცს ჰქონდათ გამართული, რის მიხედვითაც ქალაქში არსებობდა: „მეჩუსტეების დუქანი“, „მექვაბეების დუქანი“, „ალათის დუქანი“, „დუქანი სამღებრო“, „ტოლჩას დუქანი“, „ბაზაზების დუქანი“ და სხვა. აქ ერთდროულად მზადდებოდა და იყიდებოდა საქონელი, რისთვისაც მათ ქუჩის მხარეს დაზგები ჰქონიათ გამართული.
      დუქანი გარეგნულადაც მეტყველებდა მფლობელის შეძლებულობასა და გემოვნებაზე. ზოგი მათგანი თაღიანი იყო, ზოგი ქვითკირით იყო ნაგები, ზოგიც – ხისგან.
      დუქანი საკმაოდ ძვირად ფასობდა და მისი მფლობელებიც, რა თქმა უნდა, შეძლებული ადამიანები იყვნენ.
      ქალაქის ხელისუფლება, როგორც ჩანს, ბოლომდე მათი გემოვნების იმედზე ვერ იქნებოდა, რის გამოც ხშირად ისინი უსაზღვრიდნენ მფლობელებს, საით უნდა მიემართათ დუქნის შესასვლელი კარი, როგორ მოეწყოთ გადახურვა და სხვა.
      დუქნების უმრავლესობა ერთსართულიანი იყო. არსებობდა ორსართულიანი დუქნებიც, რომლის მეორე სართული ძირითადად საცხოვრებელს წარმოადგენდა.
      – აბანოები
      ქალაქის მშვენებას და მის ერთგვარ „სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენდნენ თბილისის აბანოები, რომელსაც აღნიშნავდა ყველა მისიონერი თუ მოგზაური, რომელიც კი ამ დროის დედაქალაქში ყოფილა.
      თბილისის ბუნებრივ ცხელ წყალზე გამართულ აბანოებს მთელი უბანი სჭერიათ, რის გამოც მას „აბანოების უბანს“ ეძახდნენ. ვახუშტის მიხედვით ძირითადი აბანოები ყოფილა „ციხის აბანო“, „მეფის აბანო“, „ჩარხის აბანო“ და სხვა.
      აბანოები ქალაქის მოსახლეობის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი და, როგორც ჩანს, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მომხმარებელიც ჰყოლიათ, რაც მათ სარფიანობას განაპირობებდა. ეს შემოსავალი, რა თქმა უნდა, აბანოს მეპატრონეთა – მეფის ოჯახის, თავადების, მდიდარი მოქალაქეების შემოსავალს წარმოადგენდა, რომელთაც ისინი ძირითადად ქირით ჰქონდათ გაცემული.
      აბანოებზე მოთხოვნილებას აპირობებდა თბილისში სასმელი წყლის სიმცირე და წყალგაყვანილობის სუსტი დონე. მართალია, ზოგიერთ მდიდარ მოსახლეს ჰქონდა თიხის მილებით მომავალი წყაროები ან ჭები, მაგრამ საერთოდ ქალაქს წყლით ე. წ. თულუხჩები, წყლის მზიდველები და მათი ამქრები ამარაგებდნენ, რომლებსაც კასრებით, ტიკებით და დოქებით დაჰქონდათ წყალი. მათი მომსახურებით სარგებლობა კი მხოლოდ მდიდარ ოჯახებს შეეძლოთ.
      მეორე მომენტი, რაც აბანოების მიმართ მოსახლეობის ინტერესს აპირობებდა, მათი სამკურნალო თვისებები იყო, რასაც ეპიდემიამრავალ და ექიმმცირე თბილისში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
      – სატუსაღო
      აბანოთაგან განსხვავებით თბილისელებს გახედვა არ უნდოდათ ციხის ციტადელის იმ ნაწილისკენ, სადაც „ტუსაღხანის“, იგივე „ჯინჯილხანის“ ნაგებობა იდგა.
      აქ მოჰყავდათ უკვე გასამართლებული პატიმრები, რომელთაც მხოლოდ სატუსაღოს კედლებს ვერ ანდობდნენ და ჯაჭვითაც აბამდნენ ხოლმე.
      გასამართლებამდე კი დამნაშავეებს იასაულები საგანგებო საპოლიციო სახლებში ათავსებდნენ.
      – თბილისელთა სახლები
      თბილისელთა უმრავლესობა ერთოთახიან სახლებში ცხოვრობდა, თუმცა, რაც უფრო გადიოდა დრო, მატულობდა ორი და სამ ოთახიანი საცხოვრებლებიც. და მაინც, XVIII საუკუნის შუა ხანებისთვის ხუთზე მეტ ოთახბინიან ოჯახთა რიცხვი თბილისში 20-ს არ აღემატებოდა. ასეთ სახლთა მფლობელები იყვნენ თავად-აზნაურები, ეკლესიის წინამძღვრები, მდიდარი ვაჭრები და მოქალაქეები.
      განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სამეფო ოჯახისა და არისტოკრატიის წარმომადგენელთა სახლები, რომელთაც სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებიც ემიჯნებოდათ. ასევე ჰქონიათ მათ ე. წ. “ხალვათხანები”, დროის სატარებელი, გასართობი სახლები.
      – სასახლე
      როგორც ვთქვით, სამეფო სასახლეები ორ ადგილას იყო განთავსებული; ერთი უძველესი ისანში (მეტეხის პლატოზე), მეორე როსტომ მეფის მიერ აგებული “სასახლე მეფისა პალატნი დიდ-დიდნი და შვენიერნი” კი – თბილისში, ციხის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მოგვიანებით იგი ერეკლემ კიდევ უფრო გააფართოვა და გაამშვენიერა. მიუშენა ახალი, საკმაოდ დიდი კორპუსი.
      ამ სასახლის დიდებულება ადრევე ყოფილა ცნობილი. საუკუნის დასაწყისისთვის ტურნეფორის გადმოცემით ეს სასახლე “ციხის ქვემოთ მდებარეობს, იგი ძალიან ძველია და ასეთი პატარა ქვეყნისათვის საკმაოდ კარგა გამოიყურება. სასახლის ბაღები, საბაზიერო, სამწევრო-სამეძებრო, მოედანი და ბაზარი სასახლის წინ დათვალიერების ღირსია... ყოველ მხარეს აქვს ფანჯრები, რომელშიც ჩასმულია დიდი ზომის შუშები ლურჯი, ყვითელი, მოწითალო-მონაცრისფერო და სხვა ფერისაა. არის რამდენიმე ვენეციური სარკეც... ჭერი შემკულია მოვარაყებული ტყავით”.
      სწორედ მის ადგილას თეიმურაზმა “ააგო სახლი ახალი... მშვენიერი და შემკული ყოვლით კერძო” (ამ სასახლეში გადაიხადეს 1750 წ. ერეკლე II და დარეჯანის ქორწილი, რომელიც შვიდ დღეს გრძელდებოდა).
      მეორე სასახლე აშენებული იყო სეიდაბადის აღმოსავლეთით. ვახუშტის გეგმაზე იგი ხალანგარის სახელითაა დატანილი.
      – სხვათა სასახლეები
      ცალკე იხსენიება დედოფლის, ბატონიშვილების, კათალიკოსისა და რამდენიმე ფეოდალის სასახლეები. ყველა ისინი არისტოკრატიულ, ანჩისხატის უბანში იყო თავმოყრილი.
      1748 წ. სპარსელთა განდევნის შემდეგ შეკეთდა და ამოქმედდა მეტეხის ეკლესია. ისანში კვლავ აშენდა დარეჯან დედოფლის სახლი, რომელიც „დღესაც ჩიტის ბუდესავით ჩანს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, რიყის უბნის ზემოთ, ციცაბო კლდეზე დაკიდული“.


 

      – სახლები
      ვახუშტის გადმოცემით ამ დროის თბილისელთა „სახლნი ნაშენნი არიან ქვა-ტალახითა და გალესილი გაჯით, ზოგთა სპარსთა რიგითა (შირვანული) ზოგთა ქართულთა რიგითა (თბილისური დარბაზი)“.
      ასე რომ, ამ დროის თბილისში ძირითადად ორი ტიპის საცხოვრებელი სახლები იყო – თბილისურ-დარბაზული და შირვანული სახლი. დარბაზთაგან დღეისათვის მხოლოდ ერთი ავლაბარში, მეტეხის ქუჩაზე მდებარე ფორაქიშვილების სახლია შემორჩენილი (თუმცა, ისიც ბევრჯერაა გადაკეთებული, და შეცვლილი).
      გვხვდებოდა 2 სართულიანი სახლებიც. მაგალითად, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ახალ თავადს სოლომონ ლიონიძეს, რომელსაც მისთვის კიდევ ფიცრული აივანი მიუშენებია, რომელიც ისე მაღალი ყოფილა, რომ იქიდან კარის ეკლესიის საკურთხეველში გადახედვაც კი ყოფილა შესაძლებებელი. ამის გამო სოლომონისთვის 1792 წ. უჩივლიათ კიდეც მეზობლებს.
      (უნდა ითქვას, რომ მსგავსი საჩივრები სხვაც მრავალი ყოფილა).
      როგორც ჩანს, სამეფო ხელისუფლება ცდილობდა ამ მხრივ გარკვეული წესრიგის მიღწევას. საამისოდ არსებობდა ხუროთმოძღვრის, ანუ „საროდარის“ თანამდებობაც, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბნებში კრძალავდა თვითნებური, შეუთანხმებელი პროექტით მშენებლობას, რაც არ ხდებოდა გარეუბნებში, რომელიც ცენტრისგან განსხვავებით, სავსე იყო ღარიბთა „საქათმის მსგავსთა ქოხებით“, რომლებიც ძირითადად ერთოთახიან მიწურებს, ხის ან წნელის სახლებს წარმოადგენდნენ.
      ქალაქის უმრავლეს შენობებს ვაჭარ-ხელოსანთა საცხოვრებელი სახლები შეადგენდნენ. მოქალაქის სახლები ძალზე წააგავდა ერთმანეთს. იქ აუცილებლად იყო დარბაზი, დერეფანი, რამდენიმე პატარა ოთახი, სათონე, მარანი, ზოგჯერ სარდაფიც.
      სამწუხაროდ, ჩვენ არ მოგვეპოვება ცნობები თბილისში საქალაქო მმართველობის ადმინისტრაციისთვის არსებული შენობის შესახებ. სამაგიეროდ, გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ „საამქრო სახლების“ შესახებ, რომელიც მხოლოდ გამორჩეულ ამქრებს გააჩნდათ და მათ სათათბიროს წარმოადგენდა.
      გამოირჩეოდა საეკლესიო ნაგებობებიც, რომელთაც რელიგიურ საქმიანობასთან ერთად სამეურნეო-ეკონომიკური დანიშნულებაც გააჩნდათ. მათ ძვირფასეულობათა შენახვის, ასევე ცალკეულ სავაჭრო საქონლის შესანახადაც გამოიყენებდნენ.
      სხვადასხვა ცნობების შეჯერებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თბილისში ამ დროს 20 ქართული, 21 გრიგორიანული, 2 ბერძნული ეკლესია და 6 მეჩეთი იყო.
      ეკლესიები იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქვიტკირისაგან იყო ნაშენი. ზოგ მათგანს საკუთარი გალავანი ჰქონდა, რის გამოც ისინი იმავდროულად ციხეებადაც გამოიყენებოდა. მტკიცედ იყო შემოზღუდული მეტეხის, ანჩისხატის, სიონის, ვანქის და სხვა ტაძრები.
      ეკლესიები ქალაქის სახეს წარმოადგენდნენ, რომლებიც მის დიდებულებასა და ძლიერებას უსვამდნენ ხაზს.
      – ეს ქალაქი ვისია?
      რა თანაფარდობა იყო ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის. ქართლ-კახეთში (დიდოეთსა და ყაზახ-შამშადილის გარდა) 1770 წელს 55290 კომლი იყო. აქედან ქალაქში ცხოვრობდა 6480 კომლი, სოფლად – 48810 კომლი.
      ჯერ კიდევ 1700 წ. თბილისში 20000 მცხოვრები იყო, აქედან – 14000 სომეხი, 3000 მაჰმადიანი, 2000 ქართველი და 500 კათოლიკე.
      ქალაქი ეკუთვნის იმას, ვისაც მისი მართვის სადავეები უპყრია ხელში. 1781-82 წწ. აღწერით თბილისის 3498 კომლი მცხოვრებიდან ყმათა #1 მესაკუთრე მეფე იყო. თბილისში 248 კომლ ყმას ფლობდა დარეჯან დედოფალი, რომელსაც ქალაქის ბაღებიდან შემოსული იჯარა 12 თუმანი, ყასაბხანიდან 12 თუმანი, სამღებროებიდან 7000 მანეთი ეკუთვნოდა; სამეფო სახლობას ერთობლივად საკუთრად სახასო ყმა ქალაქში ავლაბრითა და გარეუბნით ჰყავდა 1589 კომლი, ხოლო დანარჩენ მესაკუთრეებს – 1811 კომლი. სომეხ მესაკუთრეებს და სომხურ ეკლესიას ერთად ჰყოლიათ 429 კომლი ყმა. ქართველებს (სამეფო ბაგრატიონებთან ერთად) ჰყავდათ 3069 კომლი. ანუ 7-8-ჯერ მეტი სომხებზე. აქედან ქართველი მებატონეების იყო 1480. ამრიგად, თბილისი საკუთრების თვალსაზრისით ქართველებს ეკუთვნოდათ. (ეს ტენდენცია მოგვიანებით, XIX საუკუნისთვის შეცვლილა).
      ბატონიშვილებს ეკუთვნით, აგრეთვე, სავაჭრო ნაგებობები (დუქნები, ქარვასლები, სარეწები). მაგალითად, დავით ბატონიშვილს თათრის მოედანზე 12 დუქანი ჰქონია, საიდანაც 400 მანეთს ღებულობდა, სიონის ახლოს მდებარე ქარვასლიდან კი – 650 მანეთს;
      თბილისში ბევრი იყო საეკლესიო ყმაც. კათალიკოს-პატრიარქს 198 კომლი ეკუთვნოდა, ქართულ ეკლესიას – 167, სომხურ ეკლესიას – 72 კომლი, სიონის ეკლესიას – 14 დუქანი, ქარვასლა, აბანო, დაბახანა და წისქვილი.
      საკმაო ქონებასა და შემოსავალს ფლობდნენ ფეოდალებიც. ბებუთაშვილებს თბილისში სასახლე, რამდენიმე სახლი, 13 დუქანი, დიდი ქარვასლა, დიდი და პატარა აბანოები, ავლაბრისა და სეიდაბაღის ბაღების ნაწილი ეკავათ.
      თბილისში 70-მდე თავადი ცხოვრობდა (ბაგრატიონები, ორბელიანები, ციციშვილები, აბაშიძეები, ხერხეულიძეები, მაჩაბლები, შალიკაშვილები, ჩიქოვანები, გურამიშვილები და სხვები).
      განუხრელად იზრდებოდა მუდმივ აზნაურთა რიცხვიც. მათგან ზოგიერთი საერთოდ წყვეტდა სოფელთან კავშირს და ვაჭრობას იწყებდა. თუმცა, იძულებულნი ხდებოდნენ საქალაქო ცხოვრების წამყვანთა ნებას დაჰყოლოდნენ.
      თბილისის ქართული ეკლესიაც სომხურ ეკლესიაზე უფრო ძლიერი და შეძლებული იყო. ქართულ ეკლესიას ერთობლიობაში 365 კომლი ჰყავდა. აქედან 198 კომლი საპატრიარქო საყდარს ეკუთვნოდა, დანარჩენი 167 კი 19 ეკლესიის საკუთრება იყო; სომეხთა ეკლესიას თბილისში სულ 72 კომლი ყმა ჰყავდა, საიდანაც ეჩმიადინის საკათალიკოზო ტახტს ეკუთვნოდა 49, დანარჩენი 32 კი – 7 ეკლესია-მონასტერს.
      წოდებრივად თუ გავარჩევთ, ყმათა მფლობელები 4 უმთავრეს ჯგუფად იყოფოდნენ: 1. – სამეფო სახლობა, რომელსაც 1589 კომლი ეკუთვნოდა. 2. – თავადაზნაურობა და მსახურები, ერთად – 1426 კომლი ყმით. 3. – ეკლესია, ქართული 365 კომლის მფლობელი იყო, სომხური – 72, 4. – მოქალაქენი, რომელთა ყმები 46 კომლს არ აღემატებოდა.
      ხელობათაგან ყველაზე ხშირად გვხვდება მეპურე, ყასაბი, ბაყალი, მეთევზე, სირაჯი, მეწვრილმანე, ბაზაზები, მკუპრავები, საზანდარები, მღებავები.
      1781-82 წწ. ერთ დავთარში მარტო ნაზარბეგიანის ქარვასლაში ჩამოთვლილია: 2 სირაჯი, 2 ოქროსმჭედელი, მეჩახმახე, მჭედელი, მლესავი, მეჩექმე, 2 ნალბანდი, 1 დაბაღი, 2 წონარი, 1 ხარაზი, 1 მეწულე, 7 ფეიქარი, 1 მკერავი, ქურჩი, 2 ბაზაზი, 1 მბეჭავი, 2 მეწისქვილე, 1 ხაბაზი, მეფურნე, 2 კალატოზი, ხურო, ქვის მკოდავი, 2 მესანდლე, მეზეთე, მეურმე, მეჯორე, მენახირე, დალაქი, მეაბანოე, 2 ვაჭარი, 1 ბაყალბაში, 2 ბაკალი, ჩარჩი, მუშა...
      იყო ვაჭრებსა და ხელოსნებს შორის კავშირი. რომელსაც მაშინ „ასნაფი“ (ჯგუფი, წესი), ქართულად „თაბუნი“ (დასტურლამალი), მოგვიანებით კი ამქარი ეწოდებოდა.
      საამქროს საქმეების გარჩევა ასნაფზე იყო დამოკიდებული. გადასახადსაც არა ერთი წევრი, არამედ ასნაფი იხდიდა. ასნაფის თავი და მთავრობის წინაშე წარმომადგენელი იყო უსტაბაში. იგი თაობდა დღესასწულებსაც.
      როცა დიდი ხნით წასული მოურავი ქალაქს ბრუნდებოდა, დებულებით მას ასნაფები უნდა მიჰგებებოდნენ. „სირაჯბაში სირაჯებს უნდა გაუძღვეს და მოურავს ტიკით ღვინო უნდა მიართვან, ბაყალბაშმა – ხილი უნდა მიართვანო“ – განსაზღვრავდა ამის შესახებ დებულება.
      – ვაჭარ-ხელოსნები
      თავდაპირველად ფეოდალური სამართალი ვაჭრებს გლეხობას აკუთვნებდა. დიდვაჭარი აზნაურს უტოლდებოდა. თავადის თითულებს ისინი მეფის წყალობად ღებულობდნენ. მეფის მფარველობით მალე დიდვაჭარი შუა აზნაურის სისხლს გაუთანაბრდა, II ვაჭარი – ცალმოგვ აზნაურს, III – მსახურის სისხლს, IV კი – გლეხის სისხლს.
      XVIII საუკუნის II ნახევრიდან დიდვაჭართა დაწინაურება კიდევ უფრო საგრძნობი ხდება, როცა სამეფო კარი მათ სესხების, საჩუქრებისა და ქრთამების სანაცვლოდ თავადობის ინტენსიურ მინიჭებას იწყებს. ასე ჩნდებიან თბილისში ახალი თავადები: აბიმელიქოვი, ბებუთაშვილი, თუმანიშვილი, მელიქიშვილი. აზნაურები: ივანკულოვი, არშიევი, მელიქოვი და სხვანი.
      – ხელოსნები, მოქალაქეები
      სულ უფრო იზრდებოდა თავისუფალ ხელოსანთა რიცხვიც, თუმცა ამ დროისათვის ყმა ხელოსნები ჯერ კიდევ დიდად სჭარბობდნენ მათ.
      ქალაქად ბევრი იყო გლახაკი, „უქმად მოსიარულენი“, რომლებიც მათხოვრობით ან შემთხვევითი სამუშაოებით ირჩენენ თავს.
      სულ უფრო მატულობს ქონებრივი დიფერენციაციაც, რასაც გადასახადების ზრდაც უწყობს ხელს.
      თავდაპირველად მოქალაქეობა მაღალი წოდებისთვის შეურაცმყოფელად ითვლებოდა, მოქალაქეები ვაჭრები, ხელოსნები, მცირე აზნაურები ხდებოდნენ.
      ქართველი თავადობა ბოლომდე ვერ შეეგუა „ახალ აზნაურებს“. მათი გაგებით „ვაჭარი“ „სომეხთან“ იყო გაიგივებული. განსაკუთრებით აუტანელი იყო მათთვის გაკეთილშობილებული ვაჭარი. იყო პირიქითი ზიზღის გამოხატულებაც. თბილისში, მეფის ცდის მიუხედავად, აშკარად იგრძნობოდა ნაციონალური დაპირისპირების მომენტებიც.
      – თვითონ სახლებში
      თბილისელთა საცხოვრებლები ეთნიკურ-კონფესიური ნიშნებით იყო დაყოფილი და ძირითადად თავიანთი სალოცავების (ქართული, სომხური, კათოლიკური, სუნით და სიით მუსლიმანთა მეჩეთები, ებრაელთა სინაგოგა და სხვა) გარშემო იყო განლაგებული. ასე ჩნდებოდა ქალაქში პატრების, იგივე ფრანგების, სომხების, ებრაელების, მუსლიმანთა უბნები.
      თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი იყო ეზო, სადაც საცხოვრებლების გარდა იდგა სამეურნეო ნაგებობებიც: სათონე, მარანი, საჯინიბო, საბძელი. ზოგ მათგანს აივანიც ჰქონდა, სარდაფიც, საყინულეც. ეზოთა დიდ ნაწილს ჭიშკარი ჰქონდა შებმული.
      ავეჯი ძალზე ღარიბია. მასში აშკარად იგრძნობა სპარსული გავლენა. თანამედროვენი მიუთითებდნენ, რომ XVIII ს. პირველ ოცეულამდე ფართო ხმარებაში არ იყო მაგიდა და სკამები. ნადიმობის დროს სპარსული ჩვეულების მსგავსად მონადიმენი ფეხმორთხმით ისხდნენ.
      არსებობდა თაროები, თახჩები, „თახჩიფუშები“ (ჩამოსაკიდებლები).
      – ჭურჭელი
      თბილისის მრავალრიცხოვანი სტუმრები განცვიფრებით აღიარებენ მეფისა და დიდგვაროვნების ნადიმებზე ნანახ კეთილშობილი ლითონისგან დამზადებული ჭურჭლის, ოქროს და ვერცხლის თეფშების, ჯამ-ფიალების, სასმისების, სურების სიმრავლესა და შესანიშნაობას.
      მეფის სასახლეში ძვირფასი ჭურჭლის გვერდით მოიხსენიება ყოველდღიური „უმეჯლისო“ ჭურჭელი, სპილენძის, ხის, თიხის, ასევე სააბანოე ჭურჭელი.
      მოსახლეობაში ძირითადად ხის ან თიხის ჭურჭელი იყო გავრცელებული.
      – ქართული სუფრა
      სუფრაზე ქალები და მამაკაცები ზოგ შემთხვევაში ერთად სხდებოდნენ. ეს ძირითადად ხდებოდა ქალის ოჯახში მოწყობილ ქორწილში, ძეობაზე. ვაჟის ოჯახში გადახდილ ქორწილში კი ისინი ცალ-ცალკე ისხდნენ. ერთად სადილობდნენ საახალწლო სუფრაზე, ჭირის ან აღდგომის სუფრებზე კი ისხდნენ ცალკე.
      სუფრაზე აღინიშნებოდა გასაოცარი წესრიგი. ჭამდნენ წესების დაცვით და უხმაუროდ. ჯერ კიდევ შარდენი აღნიშნავდა, რომ „ერთ მაგიდაზე მსხდომი სამი ევროპელი უფრო მეტს ხმაურობს, ვიდრე ამ მაგიდასთან მსხდომი ას ორმოცდაათი ქართველიო“.
      არსებობდა სუფრის მკაცრად განსაზღვრული ეტიკეტი.
      სამეჯლისო სუფრაზე წესად იყო მხიარულება, რომელსაც თან ახლდა მუსიკის მოსმენა. ამ დროს ძალიან კარგად სცნობათ „ევროპული“ ვიოლინო.
      ზოგჯერ დიდ პურობას მოჰყვებოდა ბურთაობა, ცხენოსნობა, ჭიდაობა, ჯამბაზობა.
      მაგრამ ეს ყველაფერი დიდებულთა და მდიდართა შორის. უბრალო მოსახლეობას დიდი ქორწილებისა და მასშტაბური სუფრების გადახდა არ შეეძლოთ. თუმცა, თავიანთი გართობა, სიმღერა-შაირობა, მუსიკა, ცეკვა-თამაში, მახვილგონიერება მათთვისაც იყო დამახასიათებელი.
      – კვების რაციონი
      მრავალფეროვანი იყო თბილისელთა კვების რაციონი. ამის დასტურია თბილისური ბაზრები, რომელიც ვერ იტევდა ხილს, ბოსტნეულს, მწვანილს, პურს, ხორცს, რძის ნაწარმს, ღვინო-არაყს, გელანქურს (სევანის ტბის კალმახი), ორაგულს, ზუთხს, ხრამულს, ფიჩხულს, ხმელ თევზს, დოშს, ხიზილალას.
      განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ღვინისა და არყის ხარისხს, რითიც პირველ რიგში თვითონ მეფის ოჯახი იყო დაინტერესებული. დარეჯან დედოფალი მარტო ზემო ხოდაშნის ზვრებიდან სამ საპალნე არაყს ღებულობდა, რომელიც თითქმის მთლიანად თბილისში იყიდებოდა.
      მეფის სუფრა შემკული იყო სამი სახის პურით, ხორცით, შაქრით, დარიჩინიანი, ბროწეულის წვენიანი ფლავებით, ღვეზელებით, მოხრაკული ხორცით, მშრალად მოხარშული და შემწვარი ხორცით, ხოხბით, კაკაბით, ფურ-ირემით, მრავალი სახის საწებელით.
      გემრიელი კვება უყვარდათ თბილისელებსაც. ამიტომ ბაზარი სავსე იყო სხვადასხვა ადგილობრივი და მოტანილი სანელებლებითაც. თუმცა, მათ ყიდვას დიდი ფასის გამო ყველა ვერ ახერხებდა.
      ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მოკლებული იყო ღარიბი მოსახლეობა, რომელთაც როგორც იოანე ბატონიშვილი აღნიშნავდა, „პური და სხუანი საგლეხო ჭამანდნი, უმეტეს საამოდ განაძღობს... და წყალი და ღვინო უფროს შეერგებისთ მათ ვიდრერა მდიდართა სხვადასხვა სასმელები და შარბათები“.
      მოსახლეობა მკაცრად იცავდა მარხვას, რის მაგალითსაც თავად მეფე და მისი ოჯახი იძლეოდა.
      – სუფთა და კოპწია თბილისელები
      როგორც ვთქვით, თბილისი ცნობილი იყო თავისი აბანოებით, რომელიც აქ გარკვეულ ტრადიციებს ქმნიდა. ისინი ძირითადად კერძო პირთა საკუთრება იყო. მეფისა და თავადთა გარდა ცნობილია მელიქ ენალას, დაუდ ხანის, ყაისა ვეზირის და სხვათა აბანოები. ასევე იყო სახასო აბანო, ციხის აბანო, დიდი აბანო, პატარა აბანო, რისი მოხმარებისთვისაც პატრონები იღებდნენ ნიხრს.
      იყო აბანო, რომელშიც მარტო ქალები დადიოდნენ, ზოგან – მარტო მამაკაცები. იყო საერთოც, რომელიც კვირის გარკვეულ დღეებში მამაკაცებს ან ქალბატონებს ემსახურებოდა.
      აბანო არ იყო მხოლოდ ჰიგიენური დაწესებულება, იგი იმავდროულად სამკურნალო, ხალხის თავშეყრის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, საჭირბოროტო და ყოფითი საკითხების გადაწყვეტისა და გართობის ადგილსაც წარმოადგენდა.
      თბილისელ ქალებს მეოჯახეობასთან ერთად კოპწიობაც უყვარდათ. მოხდენილ ტანსაცმელთან და სამკაულებთან ერთად მათთვის უცხო არ იყო პირის კანის და წარბ-წამწამი თმის შეღებვა, მოვლა და გალამაზება.
      მათი აუცილებელი ატრიბუტი იყო „აბანოს“ და „საპირფარეშო იარაღები“. აბანოში საგანგებო ბოღჩებით მიჰქონდათ პირის კანის და წარბ-წამწამი თმის მოვლისათვის განკუთვნილი საგნები: საპნები, ქისები, „ფეხის ქვეშები“, ლითონით შემკული მნქაფისაგან (პემზა) დამზადებული ფეხის სახეხები. ინის დასალბობი ჯამები, სავარცხელ-თმისსაყოფები, შესამშრალებელი თუ დასაფენი ზეწარ-სუზანები (აბანოს პერანგები) და სხვა.
      აბანოს მერე იმუშავებდნენ პირის კანს, შესაღებად ხმარობდნენ ინას, გუნდის ხის ნაყოფს, სურმას, მურს. საღებავები ოქრო-ვერცხლის, ან სხვა მასალისაგან დამზადებულ ნატიფ კოლოფებში ან საგანგებო პარკებში ჰქონდათ შენახული.
      მაზებს მოლუსკის ნიჟარებზე ამზადებდნენ, რომელსაც სადაფს უწოდებდნენ. საღებავს თბილისის ყველა ფენის ქალი ხმარობდა, განსხვავება მხოლოდ ხარისხში იყო.
      – გართობა-თამაშობანი
      გართობა-თამაშებიდან ყველაზე მიღებული იყო ყაბახი, რომელიც დღევანდელი ალექსანდროვის ბაღის ტერიტორიაზე ყველიერის დღესასწაულზე სამეფო ოჯახის წევრებისა და დიდებულების მონაწილეობით იმართებოდა.
      გავრცელებული იყო ცხენ-ბურთი, ისრის სროლა, ჯირითი.
      იყო ქალების სათამაშო სახეობებებიც: ჭადრაკი, ნარდი, განჯაფი (ბანქოს მაგვარი თამაში). ამიტომ მათ მზითევშიაც ატანდნენ. მაგალითად ანა ბატონიშვილის მზითვის წიგნში მოიხსენიება „სავზი სუხარი“, „კურდღელი და ავაზა“, „თაგვფიშიგი“ და სხვა.
      1766 წ. ძვირფასი ჭადრაკი „თევზის კბილისა“ და ფრანგული ნაკეთობის კუს „ძვლის“ დაფით გაუტანებიათ მზითევში ელისაბედ ბატონიშვილისათვის.
      ჭადრაკი პოპულარული თამაში იყო. სამაგიეროდ ნარდი, განჯაფა, ბანქო სამარცხვინო იყო, რომელსაც მაინც თამაშობდნენ ჩუმად ფულზე. „სამ დღეს ითამაშებენ „დაღალვას არ გაიგებენო“. კიდევ უფრო სააუგოდ ითვლებოდა ყომარის თამაში.
      მაგრამ, როგორც ჩანს, თბილისელები აზარტსაც ვერ ღალატობდნენ. 1782 წ. მანუჩარ თუმანიშვილს ხარჯებში აღნიშნული აქვს: „ქაღალდის თამასში მივე“. „თამასში დახარჯვა“ მეფის კარზეც მიღებული იყო.
      არსებობდა საზოგადო თამაშთა სახლები, „სადა მარადის იმღერიან“ სამორინე ეწოდება – გვიხსნის საბა. სამორინეთა ხშირი სტუმრები ადგილობრივ მდიდრებთან ერთად, ყოფილან უცხოელებიც.
      უბრალო ხალხის თამაშები იყო სალა, ჩილიკა, რიკი, ვეგი (კოჭაობა).
      თავიანთი სათამაშოები ჰქონიათ ბავშვებსაც. აღა მაჰმად ხანის შემოსევის დროს მიღებულ ზარალში თუმანიშვილი მიუთითებს „პატარა ქალის კუკებს და მათ ტანისამოსსაც“.
      არსებობდა სამოსმურო სახლებიც, რაც საბასავე განმარტებით „მემთვრალეთა შესაკრებია“. აქ სტუმრობა სერიოზულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მხოლოდ მდიდრებს ხელეწიფებოდათ.
      – ჯანმრთელობის დაცვა. სოციალური დაცვა
      თბილისს უამრავი გაჭირვებული აწყდებოდა. ქალაქში არავის უკვირდა მათხოვრობა, მეძავობა, რომელთა აღსაკვეთად მთავრობის ღონისძიებები არ კმაროდა. ეს ღონისძიებები ადმინისტრაციულის გარდა, სოციალურ საკითხებსაც მოიცავდა. მმართველობა ხშირად ახორციელებდა ღარიბთა დახმარების ღონისძიებებს, რომელშიც მეფის ოჯახი, მდიდარი თავად-აზნაურები და მოქალაქეები ღებულობდნენ მონაწილეობას.
      არსებობდა სამადლოები, სადაც ღარიბებს ურიგდებოდათ პური, ზეთი, ბრინჯი და სხვა პროდუქტები. საქველმოქმედო აქციები ტარდებოდა დღესასწაულების, ან მნიშვნელოვანი მოვლენების დროს.
      ქალაქში ექიმთა მცირე რაოდენობა იყო. შემონახულია მაჰმუდ აქიმაშვილის, ექიმი ოსეფას, ექიმი თათულის, „დოხტურის“, ალექსანდრე ექიმის, პატრი უფროსის სახელები, რომლებიც ავადმყოფებს უვლიდნენ და წამლებს უნიშნავდნენ, თუმცა, ქალაქის ჰიგიენაზე არ ზრუნავდნენ.
      მაგრამ მდგომარეობა თავისას მოითხოვდა. 1798 წლის ეპიდემიის დროს ქალაქის მოსახლეობა უკვე დოხტურის მითითებით მოქმედებდა.
      – ქალაქის განვითარების ხელშემშლელი პირობები
      ქალაქს თავს აბეზრებდა ეპიდემიები, რომელიც ამცირებდა მოსახლეობას, აფერხებდა ეკონომიკის წინსვლას. განსაკუთრებულად მძიმე იყო მისი შედეგები 1773 წელს, როცა მან თბილისში არნახული უბედურება დაატრიალა. მეფე და მისი ოჯახი თელავს გადავიდა. მათ ბევრი სხვაც გაჰყვა. ქალაქში დარჩენილი, გამწარებული ხალხი ერთმანეთს აღარ ინდობდა. ჭირიან მოსახლეობას ქალაქ გარეთ მინდვრებში ერეკებოდნენ, სადაც ისინი სიცივითა და შიმშილით იღუპებოდნენ. მათ სახლებს ცეცხლს აძლევდნენ. მარტო წელს თბილისში 4000 (ზოგიერთი ცნობით 6000 ადამიანი დაიღუპა), ეკონომიკა თითქმის მოიშალა.
      მეორე უდიდესი საფრთხე ქალაქისთვის მტერთა შემოსევები იყო, რომელიც ერეკლეს დაუღალავი და ქმედითი მოქმედებით თითქმის მოიშალა, მაგრამ ბოლომდე არ აღკვეთილა შიში, რომელიც თან ახლდა მეფიდან დაწყებული თითეული მოქალაქის ცხოვრებას.
      ამ შიშის ყველაზე დიდი ახდენა იყო 1795 წლის სექტემბრის ტრაგედია, როცა ირანის გამრისხანებულმა შაჰმა გაანადგურა და მიწასთან გაასწორა აყვავების გზაზე დამდგარი, მხიარული ქალაქი.
      ამ შემოსევამ კარგა ხნით შეაჩერა საქალაქო ცხოვრება. თბილისელები აშკარა უკმაყოფილებას არ მალავდნენ და ერეკლეს მათი ცხოვრებისა და საქმიანობის დაუცველობაში ღიად სდებდნენ ბრალს. გამწარებული მეფე, ხალხთან ერთად უკანასკნელ ძალას იკრებდა, საკუთარი მორჩენილი ქონებით დანგრეულის აღდგენას ცდილობდა.
      მაგრამ დროს, ისტორიულ განვითარებას თავისი გაჰქონდა, მოსახლეობა უკან ბრუნდებოდა, ნანგრევ-ნამწვავს ახალი რუდუნებით აღადგენდა. მათი ჯიუტი შეუპოვრობით ხელსაყრელ ბუნებრივ-გეოგრაფიულ გარემოში მდებარე ქალაქი კვლავ იკრებდა ძალას. ჭიანჭველასავით მშრომელი და მიზანსწრაფული თბილისელები ისევ აღიდგენდნენ ძალას და იმედს და რიცხობრივად თუ მორალურად კვლავ ძლიერდებოდნენ.
      – „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“
      დიდ ფასად უჯდებოდა მეფეს ეს ყველაფერი... 1772 წლის 1 იანვარს ვოლტერი რუსეთის იმპერატრიცას სწერდა „... მე დიდად ვსწუხვარ, რომ თავადი ირაკლი არ იცნობს ჩვენებურ ბულვალურ სეირნობებს, ჩვენს საოცარ კომიკურ ოპერებს, ჩვენს შესანიშნავ ვაკსალებს და არ იცის მენუეტის რიგიანათ ცეკვა“.
      ...ამ დროს ერეკლე ხერთვისის ალყაშემორტყმულ ციხეში შეკეტილ თურქთა დანებებას ელოდა და ოდნავადაც არ ეფიქრობდა კადრელსა და მენუეტზე.
      ადრეული ასაკიდან მოუხდა პატარა კახს ხმალთან და ომთან „გაშინაურება“. 15 წლისას ნეიშნის ველზე უკვე დამარცხებული ჰყავდა ლეკები და განგმირული მათი ბელადი.
      ამის შემდეგ არც ხმალსა და არც მის პატრონს აღარ შეუსვენიათ. მარბიელ ლეკებთან ბრძოლებს მეფე აღარ ითვლიდა სათვალავში. იყო სერიოზული ომებიც. მაგალითად, საგურამოსთან 1744 წელს ლეკთა პირველი გმირის მალიჩის ორი ათას კაციან ლაშქართან შეტაკება, როცა 24 წლის ერეკლე 500 ქართველით დაუხვდა მათ, „აოტნა და გააქცივნა ლეკნი“, პირადად მიუხტა ლეკთა ლეგენდარულ გმირ მალიჩს და ხმალის ერთი მოქნევით თავი გააგდებინა.
      უმძიმესი, მაგრამ მეფისა და ქვეყნისთვის დიდად წარმატებული იყო ბრძოლები აბდულ-ბეგთან, მაჰმად-ხანთან, ფანა ხანთან. მაგრამ იყო დამარცხების სიმწარე და ფარული ცრემლიც, მეფეს უმწარეს მოგონებად რომ ჰყვებოდა სიცოცხლის მანძილზე. ისე როგორც ეს მოხდა 1751 წელს აგრი ჩაიზე შაქის ხან ჰაჯი ჩალაბთან ომში; გააფთრებული ერეკლე ზედ აწყდებოდა მტერს. სწორედ მაშინ იყო, მერანი რომ მოუკლეს მეფეს და გმირი მაჩხაანელი გლეხის დათუნა ბოსტაშვილის ცხენით გამოვიდა ომიდან.
      მცირერიცხოვან დამარცხებებს მრავალრიცხოვანი გამარჯვებები ჰფარავდა. საქართველოს ისტორიის საკუთრებად იქცნენ ერეკლეს ბრწყინვალე გამარჯვებები დანღისსა და ყარი-ბულახთან, თულქითაფასა და მჭადიჯვართან, ყვარელსა და მანავთან.
      განსაკუთრებული სახელი მოუტანა მეფესა და ქვეყანას მასშტაბურმა ომებმა 1770 წელს აწყურთან და ასპინძასთან, როცა ერეკლეს ხმლისქვეშ გაერთიანებულმა ქართველობამ დაუმტკიცა რუსეთსა და მსოფლიოს, რომ მათ გარეშეც შესწევთ ძალა გაუმკლავდნენ თუნდაც ნებისმიერი ძალისა და რანგის მტერს.
      საერთოდ კი, როგორც მემატიანე მოგვითხრობს, ერეკლემ „მეფობასა თვისისა ჯამსა შინა მიიღო ოთხმოცდაათნი ძლევა-შემოსილებანი მტერთა ზედა მამულისა თვისისა“, რომელთა ჩამოთვლასა და აღწერას ამ მცირე ნაშრომში ვერ შევძლებთ და ისევ მემატიანის სიტყვებს მოვიშველიებთ „ხოლო ესევითარნი გამარჯვებანი ირაკლი მეფისაგან უანგარიშონი არიან და ამად ყოველნივე ვერ მოვიხსენიეთ, არამედ იგი აღვრიცხეთ, რომელ ღირსად სხვანისა იყო და სხვანი მრავალნი წვრილნი გამარჯვებანი დავიდუმეთ“.
      – კრწანისი
      ვსცოდეთ, ვსცოდეთ ცად მიმართ და წინაშე შენსა უფალო ღმერთო.
      მოგვიტევენ ყოველივე შეცოდებანი ჩვენნი ნებსითი თუ უნებლიენი და აწ ნებისამებრ შენისა იყოს ცხოვრება ჩვენი.
      ერეკლე II-ს ლოცვიდან.
      1795 წლის 28 აგვისტოს, მარიამობა დღეს მოწმენდილ ცაზე ხალხმა შენიშნა სპარსეთის მხრიდან წამოსული „ცეცხლის ფერი და კუდგრძელი ვარსკულავი, მფრინავი მსგავსად შუშხუნისა, (რომელმაც) გადმოიფრინა კასპიის ზღვა, ასტრახანი, მოსკოვი და პეტერბურგი“, რაც ქვეყნის დასასრულის მოახლოებად მიიჩნია...
      ცოტა ხანში რუსეთისა და საკუთარი დიპლომატიური გათვლებისაგან მოტყუებული მხცოვანი მეფე ერეკლე საქართველოსკენ 35 ათასი მეომრით მომავალი აღა მაჰმად ხან ყაჯარის დასახვედრად თავის ქვეყანაში უკანასკნელ ძალებს უყრიდა თავს.
      აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში სულ 5000 მდე მეომარი მოგროვდა – 5000 მამულისათვის განწირული ჯიშიანი ქართველი...
      მცირე წინააღმდეგობების შემდეგ ირანის მრისხანე შაჰი 10 სექტემბერს თბილისს მოადგა. თბილისელთა ნაწილმა დარეჯან დედოფლისა და სხვა არისტოკრატთა ოჯახების მსგავსად ქალაქი დატოვა. დანარჩენი ქალაქი კი ღმერთისა და მეფის იმედით ელოდა თავისი ბედის გადაწყვეტას.
      ქართველები გასაოცარი თავდადებით დაუხვდნენ მტერს. გამწარებული ერეკლეც თითქოს არნახული საბრძოლო შემართებით ცდილობდა თავისი მიუტევებელი შეცდომის გამოსწორებას და „თუმცაღა იყო ფრიად მოხუცებული, გარნა ბრძოლასა მის შინა ყოფაქცევა მისი იყო მრავალთა ჭაბუკთა სანატრელ“.
      ქართველთა გაუგონარი თავდადების მიუხედავად, მტრის რიცხოვნება თავისას აკეთებდა; სიმწრით ნაშენები ქალაქი იწვებოდა, ინგრეოდა, იძარცვებოდა, ნადგურდებოდა. „ლამაზი და კოპწია თბილისელები“ თავიანთი სახლების წინ მტრის იატაგანებით იგმირებოდნენ, მხიარულებითა და იმედით სავსე ქალაქი სისხლის გუბეებით იყო დაფარული...…
      – გმირები
      კრწანისი ქართველთა გმირობის, მოთმინებისა და მარადიულობის გამოცდად იქცა. მან საქართველოს მეფისა და სამეფოს ბევრი შუქ-ჩრდილი გამოავლინა, მაგრამ მანვე ქართველ გმირთა გალერეა ახალი, გაუხუნარი სახეებით შეავსო. მაჩაბლისა და მისი დასის, არტილერისტ გურამიშვილის, გარსევან ამილახვრის მეუღლის, სამას არაგველისა და უამრავ სხვათა გმირობა და თავდადება ქართული სულის სიძლიერისა და გაუტეხელობის ახალ სიმბოლოებად იქცა.
      ამ დრომდეც გმირობა და მისი წარმოჩენა ეპოქის დამახასიათებელ, ეროვნული იდეოლოგიის ერთ-ერთ უპირველეს ნიშნად იყო ჩამოყალიბებული, რასაც მეფე პირადი მაგალითით უწყობდა ხელს. ხალხის თვალში ერეკლე ვაჟკაცობის უმთავრეს საზომ-შემფასებლად იქნა მიჩნეული და იგიც ღრმა მოხუცებულობამდე ცდილობდა ხალხს არ ენახა დავრდომილი, ავადმყოფი მეფე.
      ქართული ეპოსი ხოტბას ასხამდა და ადიდებდა მათ სახელებს. ქვეყანა უმღეროდა და შენატროდა ძაღლიკა ხიმიკაურის, დილოისძის, გიორგი თილისძის, ტურა ქაიხოსროს, ალუდაურ გაბურის, იონეურ თეთრაულისა და სხვა გმირებს, რომლებიც მეფის დაძახილზე მისი სახელით ერკინებოდნენ მტერს და იხვეჭდნენ ყველაზე დიდ მოსახვეჭელს – სახელს.
      ამავე დროიდან იწყებს ჩამოყალიბებას მთელს აღმოსავლეთ საქართველოში ქართველ ქალთა გმირული სახეებისა და სახელების გალერეა, რომელსაც ამშვენებენ მაია წყნეთელი, კავთისხეველ აზნაურ ქვლივიძის ქვრივი ნინო, მჭადიჯვრელი გლეხი ქრისტინე ცქირიაშვილი, თინა ვაშლოვნელი, სალომე და სხვები.
      ამ ტრადიციის ხელშემწყობი უპირველესად თვითონ მეფე-დიდებულთა ოჯახები ყოფილა. ამის გამოძახილია ერეკლეს ორი რძალის ქეთევან ანდრონიკაშვილისა და მარიამ ციციშვილის, თავადი ჩოლოყაშვილების, და თუ გნებავთ, მისი უსაყვარლესი ქალიშვილის თეკლას მეომრული, ვაჟკაცური სულით აღზრდა ჩამოყალიბება.
      ერეკლე ყველა გმირს თავის შვილად მიიჩნევდა. მათაც სთხოვდა მისთვის მამა დაეძახათ და მამასავით განიცდიდა და გლოვობდა მათ სიკვდილს. ბოლოს კი თვითონაც გაუდგა მათ გზას ისე, რომ ბედისაგან გამწარებულს მისდამი ერთი სამდურავი სიტყვაც არ დასცდენია.


 

      – სიკვდილი და დატირება
      გარდაიცვალა თელავში 1798 წლის 20 იანვარს. ზღვა ხალხი 40 დღის მანძილზე ამოწმებდა მძიმე სამძიმრის რეალობას, რადგან არ სურდა მეფის სიკვდილისა და ამით საქართველოს დასასრულის დაჯერება. ამიტომაც ბევრს იქნებ ასეც „ეგონა, მიჰრუებია და ხელახლა გაიღვიძებს, რათა ერთხელ კიდევ შეებრძოლოს მტერსო“...
      უტეხმა და დაუმორჩილებელმა ერმა არ დაიჯერა ქვეყნისა და მეფის სიკვდილი, იგი უკვდებაში გადაიყვანა – სიმხნევის, გატანისა და გამარჯვების სიმბოლოდ აქცია და უფლის გვერდით მიუჩინა ადგილი. „მეფე ერეკლე და თამარ მეფე ცოცხლები არიან და როცა გაუჭირდება საქართველოს, მიეშველებიანო“ – ეს აზრი მეფის კუბოს ადევნებულ ჭირისუფლებში ალბათ მაშინ ჩაისახა, როცა მის ნატანჯ სხეულს თელავიდან მცხეთას მიასვენებდნენ.
      დაკრძალვის ცერემონიალს დავით რექტორი ხელმძღვანელობდა.
      ძვირფას კუბოს წინ „ბარაბანი და სალამური, ოფიცერნი უფროს-უმცროსობით, თოფჩიბაში მოუძღოდნენ. ამათ თავიანთი ლაშქრებით და დროშებით მოსდევდნენ მოწინავე სარდლები: ორბელიანი და ქიზიყის მოურავი“, შემდეგ მოდიოდნენ:
      – ქართლისა და კახეთის მემარჯვენე სარდლები,
      – ქართლისა და კახეთის მემარცხენე სარდლები,
      – ორი ამილახვარი (შეკაზმული ცხენით),
      – მეაბჯრენი, ხელჯოხიანები,
      – ბოქაულთ ხუცესნი,
      – ნაზირები,
      – ლაშქარნივისნი,
      – მოლარეთ უხუცესნი, მოლარენი, სალაროს მწერალნი, ფეშაქ-სინავისნი, მდივნები, მდივანბეგნი და მსაჯულნი ქართლისა და კახეთისანი, მანდატურთუხუცესნი, მეფის მგალობელნი, პატრიარქის მგალობელნი.
      მათ მოყვებოდნენ: კათალიკოს-პატრიარქი, მიტროპოლიტნი, არხიეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი, არხიმანდრიტნი, მოძღვართ-მოძღვარი, სხვა მღვდელნი, დეკანოსნი, კანდელაკნი.
      ამათ უკან მოჰქონდათ სამეფო ღერბი, რომელიც ეპყრათ მორდარებს დიასამიძე იასე და გურგენიძე იოანეს.
      ხალხის ჩურჩულსა და მოკრძალებას იწვევდა მაუდზე დასვენებული ხმალი, რომელიც აბაშისშვილ დავითს მოჰქონდა. მას მარჯვნივ იოანე გაბაშვილი ედგა, მარცხნივ – ზაქარია მაყაშვილი.
      სამეფო სკიპტრა ეპყრა ხელთ ენისელთ მოურავისშვილს ქეშიკშიბაშ ნაიბ თამაზს, რომელსაც მარცხნივ რევაზ ჯანდიერიშვილი, მარცხნივ – დავით გურამისშვილი ამოსდგომოდნენ.
      სამეფო სფერას ტარების პატივი ჩოლოყაშვილ ქაიხოსრო სალთუხუცის ძეს გრიგორისათვის მიენდოთ. მას მარჯვნივ ედგა ფალვენიშვილი ფარეშთუხუცესი ზაქარია, მარცხნივ – ბეჟან მდივანბეგის შვილი იოსები.
      – სამეფო გვირგვინს მოწიწებით მოასვენებდნენ იოანე ბუხრანბატონის ძე კონსტანტინეს, დავით გურგენიძე და დავით ყოჩიბაშიშვილი.
      – 2 სამეფო დროშა ალამდაბას ქაიხოსრო ჯომარდაძეს და მის ვაჟს მიხეილს მოჰქონდათ.
      – ამათ მოჰყვებოდნენ კრწანისის ბრძოლას გადარჩენილი პირველნი თავადნი, მეორენი თავადნი და მესამენი თავადნი (აზნაურები).
      მათ უკან მიდიოდნენ ეშიკაღასბაშნი, ბოქაულთხუცესნი, იასაულნი და მთელი დაფიქრებული და დადარდიანებული ქართველი ერი.
      – რკინის კარი საქართველოსი
                  „ვერ გაიგეთა ქართველნო,
                  შეგეხსნათ რკინის კარია?
                  აღარ გყავთ მეფე ერეკლე,
                  ბაგრატოვანთა გვარია“
      „აი, ასე ამოიკვნესა ერმა... მეფე ერეკლე რკინის კარი იყო საქართველოსი, ასე, რომ საქართველო კარღია შექმნილა და ადვილი საცილობელი გაუხდა გარს შემორტყმულ მტერს“(ილია).
      ერეკლეს სიკვდილი ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ საქართველოს მზის ჩასვენებად მიიჩნიეს. ქვეყანას დაეუფლა განწყობა, რომელიც გრ. ორბელიანმა დარდიან ლექსად გამოხატა:
                  „მამული ვეღარ იხილავს,
                  ირაკლის ხმალსა მღელვარეს,
                  დიდება ივერიისა,
                  მასთან მარხია სამარეს.“
      – მეფის დაძახილის მოლოდინში
      ქართველობამ, რომელმაც ყველა ისტორიკოსსა თუ იდეოლოგზე უკეთესად იცოდა სათაყვანო მეფის ღვაწლი თუ შეცდომები, ერეკლეს სიკვდილის შემდეგაც არავინ იბატონა და ბოლომდე მას თვლიდა თავის მეფედ და პატრონად. მუდამ ახსოვდა მეფის დანაბარებიც, სიკვდილამდე სულ ცოტა ხნით ადრე რომ მისწერა ფარნაოზ ბატონიშვილს: „ყველა სოფლებში ასე აცოდინე, ყოველთვის მომზადებულები იყვნენ ჯარში გამოსვლისათვის ცხენით, იარაღითა და ფეხსაცმლითა და საგზლით, იქნებ ათს დღეზედ დაუძახოთ, იქნებ ოცს დღეზედ დავუძახოთ, ესეც იქნება, ერთი თვის უკან დაუძახოთ, ასე გამზადებულები იყვნენ, რომ ყოველთვის მოელოდნენ დაძახებას“.
      ხალხიც ელოდა მეფის დაძახილს, რომელიც არა და არ ისმოდა. არადა, უცხოტომელები დაპატრონებოდნენ ერეკლეს ნაფერებ ქვეყანას, რომელნიც თავიანთი წამხდურობით, უწესობით, უღმერთოებითა და სითავხედით აოცებდნენ და აღიზიანებდნენ ხალხს, რომელიც ამასაც ითმენდა, რადგან ეს მოთმენებაც დიდი მეფის ანდერძად მიაჩნდა და მხოლოდ მაშინ იღებდა ხმასა და იარაღს გადამთიელთა წინააღმდეგ, როცა ბატონიშვილები მოუწოდებდნენ ამასკენ. გამწარებულ წუთისოფელში კი ყველაზე დიდ სასოდ და იმედად ის ჰქონდათ, რომ სასუფეველში მაინც შეხვდებოდნენ ლეგენდად და ნატვრად ქცეულ მეფეს.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
აკაკი გელაშვილი