გერა მამულაშვილი – ფერეიდნელები ქართულ სკოლებს ითხოვენ

"ახალი თაობა" #156, პარასკევი, 12 ივნისი, 2009 წელი

http://www.opentext.org.ge/09/akhalitaoba/156/156-30.htm


       ქართული დიასპორები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება. მძიმე სოციალური ყოფის გამო სამშობლოდან გასულმა მილიონ-ნახევარმა ქართველმა უცხოეთში ნაციონალურ-კულტურული თემები ჩამოაყალიბა. სწორედ მათს გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებში ჩაყენებას ცდილობს საქართველოს დიასპორების სამინისტრო. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ირანის ფერეიდანი და იქ მცხოვრები ქართველებია.
       მსოფლიოს ახალი ქართული დიასპორებისგან განსხვავებით, ფერეიდუნ-შაჰრი ის ადგილია, სადაც ირანის დამპყრობელმა შაჰებმა ქართლ-კახელები მე-16-17 საუკუნეებში იძულებით გადაასახლეს. აბსოლუტურად უცხო გარემოში აღმოჩენილებმა, დროთა განმავლობაში იძულებით დათმეს ისტორიული სარწმუნოება. შესაბამისად, მოხდა ელემენტარული ყოფითი ადათ-წესების მნიშვნელოვანი შეცვლაც.
       მაგრამ ფერეიდნელი ქართველების მიერ ლამის 400-ზე მეტი წლის მანძილზე მშობლიური ქართული ენის შენარჩუნებასა და დღემდე მოტანას მსოფლიოში, ალბათ, ანალოგი არ მოეძებნება, თანაც მათი ქართული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მას დღევანდელი სალიტერატურო ქართული ენის ისტორიულ ძირებამდე მივყავართ.



       აღსანიშნავია, რომ ფერეიდნელი ქართველების დიალექტი მეტად ახლოს დგას საინგილოს ქართველების დღევანდელ დიალექტთან. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფერეიდნელებმა და ინგილოებმა დაახლოებით მსგავსი ისტორიულ-ტრაგიკული პროცესები გაიარეს. თუმცა საინგილო ტერიტორიულად მაინც საქართველოსთან ზედ საზღვარზე მდებარეობს, ხოლო ფერეიდანი ირანის შუაგულში ინახავდა ქართული ენის საიდუმლოებას.
       დღეს ფერეიდნელ ქართველებთან საქართველო სახელმწიფო დონეზე ცდილობს მჭიდრო კავშირურთიერთობების დამყარებას. თბილისისა და თეირანის კეთილმეზობლური დიპლომატიური ურთიერთობა ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. დიასპორების სამინისტრომ გასულ წელს უკვე გამოსცა ფერეიდნელი ქართველის, საიდ მულიანის "დედაენა სპარსულენოვანთათვის".
       ამას წინათ ფერეიდნელი ქართველები დიასპორების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სემინარსაც ესწრებოდნენ სასტუმრო "ვერე-პალასში". იქ ფერეიდნელი მხატვრის ალი ასლანიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენაც გაიმართა. მნახველები ალი ასლანიშვილის შემოქმედებითი ხედვის განსაკუთრებულ ფერადოვნებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას.


გიორგი დვალაშვილი, გერა მამულაშვილი, ალი ასლანიშვილი,
ნინო ყულოშვილი და გიორგი ალავერდაშვილი.
ქართული დიასპორა. 27.05.2009.

       ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შექმნილია სპეციალური ვებ-გვერდი – fereidani.ge, სადაც ირანის ქართველების დღევანდელი ყოფა-ცხოვრება შუქდება. ავტორი თავად დადის ფერეიდანში და უშუალოდ პირველწყაროდან აცნობს დანარჩენ სამყაროს იქაურთა სვე-ბედს. ეს განსაკუთრებით საშური საქმეა იმ ფონზე, როდესაც ფერეიდნელი ქართველები დედა-სამშობლოსგან ყველაზე უფრო მოწყვეტილნი არიან, თუნდაც გასაგები ისტორიული და დღევანდელი წმინდა პოლიტიკური რეალობების გამო.
       საყურადღებოა კიდევ ერთი მომენტი: ირანის ქართველებს ფერეიდანში ქართული სკოლები არ აქვთ, ანუ მათ დღემდე ვერ მიიღეს მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების უფლება, ეს იმ ფონზე, როცა ირანში ეთნიკური მრავალრიცხოვანი სომხები განათლებას სწორედ მშობლიურ, სომხურ ენაზე იღებენ. მათ ისტორიული რწმენაც აქვთ შენარჩუნებული, ხოლო ქართველებს და, სხვათა შორის, ირანის ჩრდილოეთში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებსაც მშობლიურ ენაზე განათლების საშუალება არ გააჩნიათ.
       ასეა თუ ისე, დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ერთ-ერთი დიდი ჯგუფი დაახლოებით ოთხი საუკუნეა, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისპაჰანის ოსთანში, ფერეიდანში (ფერეიდუნ-შაჰრი) ბინადრობს.
       ქართველთა მასობრივი იძულებითი გადასახლება ირანში სეფიანთა დინასტიის ზეობის დროს დაიწყო. შაჰ-თამაზ პირველი ოთხჯერ დაესხა თავს საქართველოს (1541-1554 წწ.) და, სპარსელი ისტორიკოსის ჰასან რუმლუს ცნობით, მარტო ერთი ლაშქრობისას ოცდაათი ათასი ქართველი ტყვედ წაიყვანეს ირანში.
       შაჰ-აბას პირველის დროს (1587-1629 წწ.) ირანელთა მიერ განხორციელებული ლაშქრობების შედეგად გაცილებით მეტი რაოდენობის ქართველს მოუწია იძულებით ირანში გადასახლება. ისკანდერ მუნში აღწერს, რომ 1616 წელს შაჰმა მხოლოდ კახეთიდან ას ოცდაათი ათასი ადამიანი აყარა, ხოლო შემდეგ ქართლიდანაც დიდძალი ტყვე გაუყენა ირანის გზას. დატყვევებული ქართველები ირანის სხვადასხვა რაიონში: ხორასანში, კასპიისზღვისპირეთში, ირანის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში ჩაასახლეს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ისტორიული ჰერეთის, დღევანდელი საინგილოს ნელ-ნელა ჩამოშორებაც ისტორიული ქართული სივრციდან.
       ქართველების მასობრივი გადასახლებით შაჰ-აბასი რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს მისდევდა: 1) ყოველმხრივ ასუსტებდა ურჩ ქართლ-კახეთს, 2) ახალი ქართული დასახლებებით იცავდა საკუთარ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებს, მათ შორის ისპაჰანს, მომთაბარე ტომების – ბახტიარების, ლურების, ქურთების გამუდმებული თავდასხმებისგან; 3) ქართველების მეშვეობით ირანში ნერგავდა ინტენსიურ მეურნეობას; 4) მამაცი ქართველი მეომრებით საკუთარ ლაშქარს აძლიერებდა.
       ქართულ და ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ მხოლოდ სეფიანთა ზეობისას საქართველოდან ირანში 200 ათასზე მეტი ქართველი გადაასახლეს, მოგვიანებით ყაჯარების დროს – კიდევ 50 ათასამდე.
       სადღეისოდ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ირანში მხოლოდ ფერეიდანში (ისპაჰანის დასავლეთით 170 კმ) დარჩნენ. იქაური ქართული სოფლებია: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი, რუისპირი, ვაშლოვანი და სხვ.
       ირანის სხვა დანარჩენ რეგიონებში ქართველების ბინადრობის შესახებ თანამედროვე ირანის ტოპონიმიკა მიუთითებს: მაგალითად, "გორჯი-სარა" (ქართველთა სასახლე), "გოჯი-მაჰალე" (ქართველთა უბანი), "გორჯი-ყალა" (ქართველთა ციხე) მაზანდარანში, "გორჯი" და "გორჯანი" ხორასანში, "დეჰ-გორჯი" (ქართული სოფელი) ირანის აზერბაიჯანში, "გორჯაი" ქურთისტანში და ა.შ.
       სადღეისოდ ფერეიდანში კომპაქტურად მოსახლე ქართველების რაოდენობა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 30-35 ათასის ფარგლებში უნდა იყოს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო "ირნა" წერს, რომ "ქართული წარმოშობის დაახლოებით 20 ათასი ადამიანი 400-ზე მეტი წლის წინ გადმოსახლდა ამ რეგიონში, ისპაჰანის სამხრეთ-დასავლეთით 180 კმ-ზე".
       ზოგიერთი სტატისტიკური გაანგარიშებით, ამჟამად ისპაჰანის პროვინციაში დაახლოებით 60 ათასი ქართველი ცხოვრობს. მიგრაციული პროცესების გამო, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ფერეიდნელ ქართველთა ნაწილი დიდ ქალაქებში – თეირანში, ისპაჰანში აღმოჩნდა, რის გამოც მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელია. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ფერეიდნელთა რიცხვი ირანში 60 ათასს აღწევს.
       ცნობილია, რომ იძულებითი გადასახლების პირველ ხანებში ქართველები რჯულსა და ზნე-ჩვეულებებს ინარჩუნებდნენ, მაგრამ შემდეგში მათ სარწმუნოება იძულებით შეუცვალეს, რამაც გარკვეულწილად მათი ეთნოგრაფიული ყოფაც შეცვალა. დღეს ფერეიდნელი ქართველები ისლამური ირანის შიიტური თემის ნაწილს წარმოადგენენ და რელიგიური წესების ზედმიწევნითი აღსრულებით გამოირჩევიან.
       გარდა იძულებით გადასახლებულებისა, ირანის კარზე საქართველოდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილი წარჩინებული ქართველებიც მოღვაწეობდნენ.
       ირანში დასახლებულმა ქართველებმა მაშინვე დაიკავეს ღირსეული ადგილი სეფიანთა კარზე. ქართული წარმოშობის არაერთმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოღვაწემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირანის ისტორიაში, მის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.



ფერეიდნელმა ქართველებმა გურჯაანი დატოვეს

გელა მთივლიშვილი, კახეთი. 3 დეკემბერი. 2008.

http://www.humanrights.ge/index.php?a=news&id=5634&lang=ge


       როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გაუსაძლისი პირობების გამო გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ფერეიდნელმა ქართველებმა საცხოვრებელი სახლები დატოვეს და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაბრუნდნენ.
       "ირანში ცხოვრების უკეთესი პირობებია, აქ ცხოვრება კი ძალიან ჭირს. სახელმწიფო საერთოდ არ გვეხმარება, ხშირად კვების პრობლემაც კი გვაქვს", – აღნიშნა ახმად ბათავანმა.
       ამჟამად, სოფელ ახაშენში ფერეიდნელთა 3 ოჯახიღა შემორჩა და მათაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება.
       ოფიციალური ინფორმაციით, ახაშენში ფერეიდნელი ქართველები 1972 წელს ჩამოსახლდნენ. იმ დროისათვის ფერეიდნელი ქართველები გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანშიც ჩამოასახლეს, მაგრამ დღეს იქ არცერთი ოჯახი აღარ ცხოვრობს.