წმინდა ილია მართლის აღსრულების დღისადმი

მიძღვნილი ლოცვითი მსვლელობა.


      უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციად იქცა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) მკვლელობის თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, 12 სექტემბერს, მოეწყოს ლოცვითი მსვლელობა თბილისიდან წიწამურამდე. ამ წამოწყებას სათავეში უდგას წმ. ილია მართლის სახელობის პილიგრიმთა გაერთიანება (გოგიტა მელიქიძე).
      წელს მომლოცველობა 11 სექტემბერს სამების საპატრიარქო ტაძრიდან დაიწყო წირვის შემდეგ. ამ მსველობისათვის საგანგებოდ შექმნილი წმინდანის ხატი სამების ტაძრიდან მთაწმინდის პანთეონისკენ გადააბრძანეს, სადაც წმინდანის საფლავთან მრევლმა დაუჯდომელი ლოცვა აღავლინა. შემდეგ კი ხატი გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩაზე იმ სახლში მიაბრძანეს, რომელშიც წმინდანმა სიცოცხლის უკანასკნელი დღე გაატარა. აღსანიშნავია, რომ ეს ადგილი მომლოცველებისა და გაერთიანების წევრებისათვის ერთგვარ ცენტრს წარმოადგენს.
      12 სექტემბერს მომლოცველური ბაირაღებით და წმინდანის ხატის წინამძღოლობით წიწამურისკენ ფეხით გაემართნენ. გზად მოილოცეს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარი, წაიკითხეს დაუჯდომელი და გზა განაგრძეს წიწამურისკენ. წიწამურში წაიკითხეს დაუჯდომელი და კიდევ ერთხელ შეავედრეს საქართველოს გადარჩენა-გამთლიანება.

უხუცესი პილიგრიმი
გიორგი ამუზაშვილი