ნატა ლობჟანიძე – მარტყოფიდან მარტყოფამდე


       მარტყოფიდან 2009 წლის 20 ოქტომბერს გავედით ავტობუსით. სულ 30 ადამიანი ვიყავით. მართალია, საზღვარზე პატარა პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად გადავლახეთ და ღამის 4 საათზე უკვე თეირანში ვიყავით. იქაურები უკვე გველოდებოდნენ. ძალიან თბილად მიგვიღეს.
       მეორე დღეს ისპაჰანში წავედით. ისპაჰანი ძალიან ლამაზი ქალაქი აღმოჩნდა. დავათვალიერეთ შაჰის სასახლე და ალავერდი–ხან უნდილაძის ხიდი. მასპინძლები სულ გვერდით მოგვყვებოდნენ, გვესაუბრებოდნენ და ჩვენც იქაურ ამბებს ვეკითხებოდით.
       შემდეგ იაზდონშახრში წავედით. იქაც ძალიან ბევრი ქართველი დაგვხვდა. იაზდონშახრში რამდენიმე დღე დავრჩით. შემდეგ კი თორში წავედით. ყველა ცდილობდა თავის სახლში მივეპატიჟებინეთ. ჩვენც ვცდილობდით ყველა ოჯახში ქართული სიმღერები გვემღერა. ერთ ბიჭს ყოველთვის ცრემლები მოსდიოდა, როცა ჩვენს სიმღერას ისმენდა. ერთხელ ვკითხე რატომ განიცდიდა ასე, მიპასუხა – გრანდიოზული ნოსტალგია მაქვსო! კი მაგრამ, რამდენჯერ ხარ ნამყოფი საქართველოში-მეთქი? და არც ერთხელო... დაბადებიდან ისე ძალიან მიყვარს საქართველო, ბავშვობიდან გულში ვატარებ ამ სიყვარულს და მაშინ შემიყვარდა, როცა სურათებიც კი არ მქონდა ნანახი საქართველოსიო...
       ბოლოს წავედით ქალაქ მარტყოფში. ქალაქის მერმა დაგვათვალიერებინა ქალაქი და იქაური სკოლები. სკოლაში ბავშვები შემოგვეხვივნენ და გვთხოვდნენ, მათთვის ქართულად რამე წარწერა გაგვეკეთებინა. შემდეგ მარტყოფის სოფლებსაც ვესტუმრეთ. ძალიან ტკბილად მიგვიღო ყველამ! ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდით.
       საღამოს ოჯახებში უნდა გადავენაწილებინეთ. ჩვენ ცოტანი ვიყავით, მასპინძლები კი ბევრნი. ერთი ფერეიდნელი ბიჭი მოვიდა და გვითხრა: „ვინმე რომ არ გამატანოთ, დღეს სახლში არ შემიშვებენო“.
       10 დღის შემდეგ ჩვენი წამოსვლის დროც დადგა. ძალიან ბევრი ადამიანი გვაცილებდა და ყველას ცრემლები მოსდიოდა. ჩვენც ავტირდით და ძალიან დამწუხრებულები წამოვედით. მართლაც გაოცებულები დავრჩით ამ ხალხის სითბოთი და სტუმარ–მასპინძლობით. ვერც კი წარმოვიდგენდით, ასე ძალიან თუ უყვარდათ ჯერ უნახავი, მაგრამ თავიანთი ისტორიული სამშობლო – საქართველო!