ირაკლი თავაძე – «ფერეიდანი»

ღმერთს ებარებოდე, საქართველოვ!



       მათ ლამის მთელი საუკუნის განმავლობაში ერეკებოდნენ ფერეიდანისკენ... მიდიოდნენ და ტყვეობის სიმძიმე უფრო მწარედ ხვდებოდათ ამაყ გულებზე, ვიდრე ზედამხედველთა მათრახები – მოუდრეკავ მხრებზე... ხრიოკ უდაბნოში უსასრულოდ გაჭიმულმა მომქანცველმა გზამ სამშობლოზე დარდით სავსე ათასობით გული მიიბარა – შორეულ ფერეიდანში ცხოვრებას ბევრმა საქართველოს სიახლოვეს არჩია დარჩენა. უმეტესობას საფლავიც არ ეღირსა და უპატრონოდ მიტოვებული ნადირთა ლუკმა გახდა. ასეთივე ბედი ეწია იმ ათასობით დაუძლურებულსაც, რომლებსაც ზედამხედველნი გზაშივე ტოვებდნენ. ოღონდ კი ამ ტანჯვისგან ეხსნა და ბევრმა თავადვე გამოასალმა სიცოცხლეს საკუთარი ცოლ-შვილი... “ნუ გათათრდებით!” - გოლგოთის გზაზე დაწალიკებულთ მკაცრად დასძახოდათ საქართველოდან ადევნებული პატარა ჩიტი და ეს ძახილი მთელ თაობებს გადასწვდა. ბევრს “საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწაც” თან მიჰქონდა. თავად სადარდელნი მძიმე ხვედრთან ერთად სამშობლოზე ფიქრსაც მიათრევდნენ უკან დაბრუნების იმედით.
       ისინი ოთხი საუკუნე ბრუნდებოდნენ – ფიქრით, გონებით, გულით, აზრით, საქმით... დაბრუნება რეალურად პირველად ჩასვლიდან რამდენიმე წელიწადშივე სცადეს, როცა 165-კაციანი რაზმი ღამით საქართველოსკენ გამოიპარა. ვაგლახ, ვერ გადმოასწრეს – ყუმის უდაბნოსთან მოეწივნენ და ველური სისასტიკით გაუსწორდნენ ლტოლვილთ! მათ შორის, 12 წლის ბავშვსაც... 165 ქართველის ძვლები დღესაც ყუმის მიწიდან ფიქრობს საქართველოზე... “დაეცნენ, გზა სისხლით მორწყეს, ვერ ნახავთ იმათ ნაშიერს, მაგრამ დაჩოქილ სიცოცხლეს ფეხზე სიკვდილი არჩიეს... მშობელი მიწა ჰყიოდა შვილისკენ ხელებგაწვდილი, სამშობლოს გული სტკიოდა – დაჭრილი იწვა არწივი” – სამი საუკუნის შემდეგ გიგა ჯაფარიძე მათ ხსოვნას ამ სიტყვებით მოეფერა.
       გამოქცევა მერეც არაერთხელ სცადეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ... ერთხელ 20-მდე გოგო-ბიჭი შეითქვა, სულ ახალგაზრდები და დარჩეულები, ერთმანეთს პირობა მისცეს და საქართველოს გზას დაადგნენ. სამშობლოსთან შეყრის სიხარულით აძგერებული 20-ვე გულიც მდევართა მახვილმა განგმირა, მაგრამ ერთს მაინც მოუსწრია გადმოსვლა. სინამდვილეში არავინ იცის, მართლა გადმოვიდა თუ არა საქართველოში – მისი ბედით ისტორია აღარ დაინტერესებულა, მაგრამ იმ ხოცვა-ჟლეტას გამოასწრო და ფერეიდნელებსაც სჯერათ, რომ გადმოვიდა... უფრო სწორად, ასე სურდათ, მომხდარიყო, და იმიტომაც დაიჯერეს.
       თუმცა სამშობლოსკენ ლტოლვის ამ ამაო მცდელობებს ფუჭად მაინც არ ჩაუვლია და ერთ საინტერესო თამაშს დაუდო სათავე. შემაღლებულ ადგილზე პურს დადებდნენ, რაც სიმბოლურად საქართველოს გამოხატავდა, ახალგაზრდები კი მასთან მისწრებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მოგებულს ჯილდოდ საქართველოში “ჩამოსვლის” პატივი ერგებოდა წილად, მაგრამ მოვალე იყო, უკან დაბრუნებულს დანარჩენებისთვის მოეთხრო, რა ნახა იქ, როგორი იყო მათი საოცნებო სამშობლო. ცხადია, “დაბრუნებულები” ისეთ საქართველოს ხატავდნენ, როგორიც ოცნებებში წარმოედგინათ, როგორიც სურდათ ყოფილიყო აქაურობა. ამგვარი თამაშების მოგონებით ფერეიდნელთა პირველი თაობა სამშობლოში დაბრუნების ჟინს იკლავდა, დროთა განმავლობაში კი ეს ყველაფერი შთამომავლობისთვის დატოვებულ ისტორიულ მისიად, ცხოვრებისეულ მისიად იქცა – არ დავიწყებოდათ ისტორიული სამშობლო, მუდამ ეფიქრათ იქ დაბრუნებაზე.
       ამავე მიზანს ემსახურებოდა ცისარტყელაში გაძრომის ლამაზი ლეგენდაც. ცისარტყელას ქვეშ თუ გაივლით, საქართველოში მოხვდებითო, დაუბარეს წინაპრებმა და ფერეიდნელთა მთელი თაობები მიძვრებოდნენ შვიდფერი საოცრების ქვეშ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პურთან მისწრებაში... პარალელურად, ცაზე გამოჩენილ ღრუბლებს თუ იქიდან წამოსულ წვიმას სიხარულით ეგებებოდნენ, იქნებ, ეგეც საქართველოდან მოდიოდესო; თეირანში შემთხვევით მოხვედრილ საბჭოურ მანქანა “ლადას” დიდი ხნის უნახავი შვილივით ეფერებოდნენ, იქნებ ქართველის ხელშენავლები იყოსო; გასული საუკუნის 50-წლებში თეირანში ჩასულ თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდს 50-ათასიანი სტადიონის ყიჟინში “საქართველოს გაუმარჯოს” ძახილით ხვდებოდნენ...
       რატომღაც ისტორიამ ისე შემოინახა, თითქოს ისინი მხოლოდ შაჰ-აბას I გადაასახლა ირანში, მაგრამ მანამდეც და მერეც მათი ცოდვა ირანის სხვა შაჰებმაც დაიდეს. ალბათ, შაჰ-აბას I გამორჩეულად იმიტომ ვახსენებთ, რომ ყველაზე მეტი მან გადაასახლა, თუმცა მეტ-ნაკლები რაოდენობით ყველამ გააყოლა ხელს. ისინი ბახტისარაის ხრიოკ მთებში ჩაასახლეს, სადაც მათი სიმამაცე, მეომრული სული და ლომგულოვნება დიად იმპერიას სამხრეთული საზღვრების მომთაბარეთაგან დასაცავად სჭირდებოდა. პრაქტიკულად, ცოცხალ ფარად გამოიყენეს და მათაც ღირსეულადაც შეასრულეს ეს მისია.
       მაგრამ დიად იმპერიას ქართველების მონობაშიც კი ეშინოდა და ცალ-ცალკე, დაქსაქსულად ასახლებდა, ვინძლო, რაც შეიძლება შორს ყოფილიყვნენ ერთმანეთისგან და აჯანყება არ მოეწყოთ. ყოველ გადასახლებულს ჯარისკაცები ხომ მიუჩინეს მეთვალყურეებად, ამასაც არ დასჯერდნენ და წარჩინებულ ოჯახებს ტყვეებად ჩამოურიგეს. გოლგოთის გზას გადარჩენილთ მეორე გოლგოთა ირანში დახვდათ – წამება, დამცირება, უსახლკარობა, შიმშილი, მათხოვრობით თავის რჩენა ამაყ ქართველთა ხვედრი გახდა. მაგრამ შაჰის ძლევამოსილ იმპერიას ასე დაბეჩავებული ტყვეებისაც ეშინოდა და ოღონდ კი კიდევ უფრო დაეკნინებინა, სულიერად გაეტეხა ისინი და არანაირ ყურადღებას არ აქცევდა მათ. ქართველთა საცოდაობით თეირანში მყოფი ევროპელი მისიონერებიც არაერთხელ აღშფოთებულან და პიეტრო დელა ვალე, პატრი ავიტაბილე, პატრი იაკობი თუ სხვები პაპებს მოახსენებდნენ კიდეც ამას, მაგრამ ამაოდ... მათ საინტერესო ცნობებიც შემოგვინახეს ჩვენს თანამემამულეებზე. მაგალითად, პიეტრო დელა ვალე აღწერს, ისპაჰანიდან შირაზისკენ მიმავალი როგორ გადაეყარა ქართველ მათხოვართა ჯგუფს – პატარა ბიჭი დამკვრელთა თანხლებით ქართულს ცეკვავდა. როცა მისიონერში ქრისტიანი შეიცნო, პატარამ მასთან მიირბინა, უბიდან ღვთისმშობლის ხატი ამოიღო და უთხრა – “მე ვერ გავუძელი შიმშილს და სიცივეს, რის გამოც მაჰმადიანობა მივიღე. ამიტომ ამ ხატის ტარების ღირსი არა ვარ. გთხოვთ, აიღოთ იგი და საგანგებოდ მოუაროთ”. ქართველების ძალით გამუსულმანებას დენ-გარსიაც ადასტურებს. “ისპაჰანში, შაჰის მოედანზე ასეთ სურათს შევესწარი – რამდენიმე ქართველ გოგონას წამებით აიძულებდნენ მაჰმადიანობის მიღებას, მაგრამ ისინი სიკვდილამდე ქრისტიანებად დარჩნენ” – წერს მოგზაური.
       მაგრამ ქართული სული მაინც უდრეკი აღმოჩნდა. ფერეიდნელებმა ბახტისარაის ხრიოკ მთებში, სადაც ბალახიც ვერ ხარობს, ვაზი ახეირეს და პატარა საქართველოები გააშენეს. ასე გაჩნდა ირანში მარტყოფი, ჩუღურეთი, ვაშლოვანი, ნინოწმინდა, თელავი, ლილო, ნორიო, პატარძეული... საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ფერეიდანში სტუმრად ჩასულ ქართველებს ღვინით უმასპინძლდებიან და ტანსაცმლის შიგნით ჯვრებს დაატარებენ; ყველა მათგანი გარეგნულად მუსულმანია, შინაგანად კი – ქრისტიანი; სასტიკი აკრძალვის მიუხედავად, ქართულადაც საუბრობენ, შვილებსაც მშობლიურ ენაზე აწყებინებენ ლაპარაკს და ირანულთან ერთად ქართულ გვარ-სახელებსაც ატარებენ... ცხადია, ქართულად მხოლოდ ერთმანეთში თუ დაილაპარაკებენ და ქართული გვარ-სახელებიც მხოლოდ შიდა წრისთვისაა განკუთვნილი. ბუნებრივია, ეს სიკვდილთან თამაშს ნიშნავს, მაგრამ საქართველოს სიყვარულით მაინც მიდიან ამაზე. ერთხელ ფერეიდანში მოხვედრილ ქართველს თურმე საიდუმლოდ გაანდეს, სოფლიდან მოშორებით დიდ ქრისტიანულ სიწმინდეს ვინახავთო. წაუყვანიათ და მთებში დიდი ხნის სიარულის შემდეგ გამოქვაბულში შეუყვანიათ... ის სიწმინდე “ახალი აღთქმა” აღმოჩნდა. როცა რამე გვიჭირს, აქ მოვდივართ და ამას ვთხოვთ შველასო, უთქვამთ.
       ამ გაუტეხელობით, ფერეიდნელები დროთა განმავლობაში ერთგარ კასტად ჩამოყალიბდნენ, რომელსაც იქაურები მუდამ უწევდნენ ანგარიშს. ისტორიამ ერთი ასეთი ამბავი შემოგვინახა – ერთხელ მარტყოფში ცხენით ჩავლილი ხანი ქართველს გადაჰყრია, რომელიც მას ჯერ ზრდილობიანად მისალმებია, მაგრამ რომ გასცდენია, მიუგინებია. ხანი მობრუნებულა და უკითხავს, ან ის თავაზიანი სალამი რა იყო, ან – ეგ გინებაო. ქართველს უპასუხნია, მოგესალმე იმიტომ, რომ უზრდელი არ გგონებოდი, ხოლო შეგაგინე იმიტომ, რომ არ გამითამამდე და არ იფიქრო – ეშინია და იმიტომ მესალმებაო.
       ქართულ სოფლებში უცხო ვერც დღეს გაივლის თამამად. როგორც კი უცხო გამოჩნდება, მაშინვე გამოვკითხავთ, ვინაა, სად მიდის, რისთვის, უკან როდის დაბრუნდებაო, მეუბნებოდა ერთი ფერეიდნელი. იქნებ ეს უცნაურადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ როცა ეროვნული გადარჩენისთვის ბრძოლაა, ასეთი მიდგომაც გამართლებულია. ამით ყველა იგებს, ვინ შემოვიდა უცხო და რამე რომ მოხდეს, ისიც ვიცით, ვის მოვთხოვოთ პასუხიო, განმიმარტა იმავე ფერეიდნელმა. და რაც მთავარია – ამით სხვებს ანიშნებენ, არ დაგავიწყდეთ, საქმე ქართველებთან გაქვთ, არ გაგვითამამდეთო.
       რამდენიმე წლის წინ, როცა თეირანში მეტრო გაჰყავდათ, ერთი ამოსასვლელი ზედ ქართველების მეჩეთთან უწევდა ანუ იგი უნდა დაენგრიათ (იქ ქართველებს თავიანთი სალოცავი აქვთ, სადაც მხოლოდ ესენი დადიან და სპარსულად “ქართველების სალოცავი ადგილი” აწერია). ქართველებმა პირადად მისწერეს ირანის მაშინდელ პრეზიდენტ ჰაშემი რაფსანჯანის, ნახაზი შეაცვლევინეს და მეჩეთი არ დაანგრევინეს. სამწუხაროდ, ეს მათი უფლებების დაცვის მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევაა...
       პირველი ფერეიდნელი საქართველოს 1871 წელს ეწვია – მაშინ ზემო მარტყოფელი იოთამ ონიკაშვილი ჩამოვიდა და საგარეჯოში დასახლდა, თუმცა რამდენიმე წელიწადში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. 1901 წელს დიდი რისკის ფასად ისტორიული სამშობლო ყოლამ ჰოსეინ ონიკაშვილმა და ყოლამ რეზა ხუციშვილმაც მოინახულეს. მერე საქართველოს რუსულმა იმპერიამ რკინის ფარდა ჩამოაფარა და საზღვარგარეთთან მიმოსვლა დიდი ხნით შეწყდა. ცხადია, ირანთანაც, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის პოლიტიკურ-იდეოლოგიურად ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქე იყო. თუმცა ფერეიდნელთა ყველაზე დიდი ჯგუფი სწორედ მაშინ ჩამოვიდა – 70-იან წლებში. ამას ხელი გაერო-ს კანონმდებლობაში შეტანილმა იმ უმნიშვნელოვანესმა პუნქტმა შეუწყო, რომლის თანახმად ყველა ერის წარმომადგენელს საკუთარ სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა. ფერეიდნელებმაც სწორედ ამით ისარგებლეს და 1967 წელს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამშობლოში დაბრუნების თხოვნით განცხადება აახლეს. პარალელურად, ანალოგიური განცხადებით ირანში ყოფილი საბჭოთა კავშირის საელჩოსაც მიმართეს. გაერო-ს წესდების მიუხედავად, ირანში ამას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა და იმ დღიდან ამ გამბედავი ოჯახებისთვის დამცირებების მორიგი სერიალი დაიწყო, რაც ხუთი წელიწადი გაგრძელდა. ძნელია იმ გაჭირვების აღწერა, რაც მათ გამოიარეს! ეს იყო ტანჯვის, დამცირების, ცემა-ტყეპის, აბუჩად აგდების წლები, რასაც უმრავლესობამ ვერ გაუძლო და განცხადებები უკან გაიტანეს – 100 ოჯახიდან მხოლოდ 12 არ გატყდა. ოღონდ გადაწყვეტილება შეეცვლევინებინათ და ირანის ხელისუფლება უკან არაფერზე იხევდა. ერთი ფერეიდნელი მიყვებოდა, როგორ დაატარებდნენ მამამისს 1972 წლის ყიამეთ ზამთარში 14 კილომეტრს წინ და უკან. ერთხელ მისულს ეუბნებოდნენ, ერთ კვირაში გეტყვით პასუხს. მივიდოდა და მერე ათ დღეში დაიბარებდნენ და ასე დაატარებდნენ აქეთ-იქით, ოღონდ კი მორალურად გაეტეხათ. ბოლოს. როცა ქართველთა ცემის ფაქტები ირანში ყოფილი საბჭოთა კავშირის საელჩომაც დაადასტურა, იქაური ხელისუფლება იძულებული გახდა, განცხადებები დაეკმაყოფილებინა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო – უმეტესობა მაინც დააშინეს.
       და აი, დადგა 1972 წლის ივნისი, როცა ის 12 ფერეიდნული ოჯახი საქართველოსკენ გამოემგზავრა. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ დახვდებოდათ დედა-სამშობლო, მიიღებდა თუ არა შვილებს დედასავით...
       საბედნიეროდ, დრო შეიცვალა და დღეს საქართველოში ჩამოსვლა ამხელა ტანჯვად არ უჯდებათ. ფერეიდნელებიც მოდიან მასიურად – ფეხით, მატარებლით, თვითმფრინავით, მანქანით, აღთქმულ მიწასავით მოისწრაფვიან საქართველოსკენ, მაგრამ მშობლიური, დედობრივი სითბოს ნაცვლად აქ გაუცხოების კედელი ხვდებათ. სამშობლო უცხოსავით ეგებება თავის შვილებს... საქართველოში მუსულმანები ვგონივართ, ირანში კი ოთხი საუკუნეა, ქართველობის და ქრისტიანობისთვის ბრძოლას ვეწირებითო, დანანებით მითხრა ამას წინათ ერთმა ფერეიდნელმა. „როგორ, ირანელები და ფერეიდნელები სხვადასხვა ენებზე საუბრობთ?“ – ჰკითხეს ერთხელ თბილისში მცხოვრებ ფერეიდნელს და გული მომეწურა... სამწუხაროდ, საქართველომ თავიდან უნდა იპოვოს საკუთარი შვილები. აქ ბევრმა, განსაკუთრებით ახალმა თაობამ, არც იცის, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ფერეიდნელები. უმეტესობისთვის ესენი მხოლოდ ირანელები არიან და ვერ აუხსნიათ, რა ესაქმებათ საქართველოში.
       სამწუხაროდ, ასეთი გაუცხოება მხოლოდ ფერეიდნელებზე არ შეინიშნება – ეს დამახასიათებელია იგივე ჰერებთან და თურქეთის ქართველებთან მიმართებაში. არ დამავიწყდება ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუ იუსუფელელ (ტაო-კლარჯეთში, პარხალის ხეობაშია ეს ქალაქი) ქოროღლიშვილთან – საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მინდა, მაგრამ მეშინია, თათარი არ დამიძახონ, ამას ვერ ავიტანო... არადა, სამწუხაროდ, დაუძახებენ, როგორც გასული საუკუნის 70-იან წლბში დიდი რისკის ფასად ჩამოსულ ფერეიდნელებს უძახეს და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ამის გამო ირანში გაბრუნდა.
       როგორც აღვნიშნე, საბედნიეროდ, დრო იცვლება და არა მხოლოდ საქართველოში. აქაური საზოგადოებაც თანდათან ეცნობა თავის სისხლსა და ხორცს და ირანიც ნელ-ნელა არბილებს მარწუხებს. ამბობენ, ფერეიდნელთა მთავარქალაქ მარტყოფში (ირანულად– ფერეიდუნშახრი) უკვე ყველგან ქართული წარწერებია და ქუჩებშიც გაიგონებთ ქართულ ლაპარაკს, რაც 3-4 წლის წინ წარმოუდგენელი იყოო. ქართული გვარ-სახელების ტარების ნებას არ გაძლევენ და წარწერების გაკეთებისა როგორ დაგრთეს-მეთქი, ვკითხე ერთ ფერეიდნელს. კი გვიშლიდნენ, მაგრამ რომ არ დავიშალეთ, იმათაც მოსწყინდათ და შეგვეშვნენო, მიპასუხა. ქართულმა უდრეკობამ აქაც მიაღწია მიზანს და იქაურები ნელ-ნელა ეგუებიან მათ ქართველობას. სხვათა შორის, ირანელები ძალიან ტოლერანტები არიან და ამათ სწორედ ამ გაუტეხელობისთვის, ვაჟკაცურად ჭირთათმენისთვის აფასებენ. უფრო ახალი თაობა, რაც ფრიად მისასალმებელი ფაქტია, ფერეიდნელები კი საქართველოზე ფიქრით კვლავაც ისე ლოცავენ ერთმანეთს, როგორც წინაპრებმა მემკვიდრეობით დაუტოვეს – ღმერთს ებარებოდე!