იაკობ გოგებაშვილი – პატარა საქართველო სპარსეთში

(ისტორიული მოთხრობა)


      მოგესალმებით ბატონო გიორგი! უკვე დიდი ხანია დიდი გულისყურით ვეცნობი თქვენს საიტს და ყველა სტატიას რუდუნებით ვკითხულობ. ყველა ფერეიდნელი უკვე ისეთი ახლობელი გახდა ჩემთვის, რომ შემიძლია თამამად ვთქვა, კიდევ ერთი საქართველო აღმოვაჩინე, ნამდვილი ქართველებით დასახლებული და ქართული სულით გაჟღენთილი.
      დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე საოცარი და ჩემთვის ფრიად სასიამოვნო ფაქტი, რაზედაც ახლა მოგახსენებთ, საქართველოს სათაყვანებელ და ჩემთვის წმინდა ადამიანს, ჩვენი დედა ენის ავტორს და ჩვენი სულის მესაჭეს იაკობ გოგებაშვილს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში მიუძღვნია საკმაოდ საინტერესო და ამაღელვებელი ნაშრომი ფერეიდნელი ქართველებისთვის სათაურით "პატარა საქართველო სპარსეთში", მასში კარგადაა გადმოცემული ფერეიდნელი ქართველების ცხოვრების ნიუანსები და მათი დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისადმი.



      მე მოხარული ვიქნები თუ თქვენს საიტზე იაკობ გოგებაშვილის ეს სტატია დაიკავებს ადგილს და ფერეიდნელი ქართველებიც გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის ნაშრომს მათ შესახებ, და იმას რომ "წერა კითხვის საზოგადოებას" თურმე მარტყოფში ქართული სკოლის გახსნა სურდა, რომელიც თურმე საოსტატო სემინარიად უნდა გადაქცეულიყო. კიდევ ამ და სხვა უამრავ საინტერესოს და ამაღელვებელს ვგებულობთ ამ ისტორიული მოთხრობიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს ცნობილი ახალი თაობისთვის. პატივისცემით, ხატია ალფაიძე.


1. გადასახლება

      თბილისიდან რომ ცხენით წახვიდე სპარსეთში, რომელიც სძევს სამხრეთით ჩვენი ქვეყნისა, ერთი თვის მოგზაურობის შემდეგ მიხვალ სპარსეთის სატახტო ქალაქ თეირანში. თეირანიდან რომ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გასწიო ცხენითვე და მთელი ორი კვირა იარო, მიაღწევ ერთს ქვეყანაში რომელსაც ფერეიდანი ქვია. აქ, ამ მეტად შორეულს ქვეყანაში, აღმოაჩენ პატარა საქართველოს, სადაც ორმოცი ათასი ქართველი სცხოვრობს. შენ გაკვირვებას საზღვარი არა აქვს და კითხულობ: როგორ, რა მიზეზით და რა გზით გადმოხვეწილა სამშობლოდან ცხრა მთას იქით ამოდენა ქართველობაო?..
      ისტორია გვიპასუხებს: მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგში დიდი ბრძოლა იყო სპარსელებს და კახელებს შორის. სპარსელი ხელმწიფე, ანუ შაჰი, მოწადინებული იყო დაემონავებინა კახეთი, გაეთათრებინა, ქართველობა დაევიწყებინა და სპარსეთთან შეესისხლხორცებინა. კახელები თავგანწირულად იბრძოდნენ, მათ ძმურად ეხმარებოდნენ ქართლელები და საქმეს უჭირვებდნენ შაჰსა. მაშინ სპარსეთის მბრძანებელმა გადასწყვიტა: მთელი თავისი აუარებელი ჯარით შემოსეოდა კახეთსა, დაეტყვევებინა მრავალი, გაეგზავნა სპარსეთში, იქ დაებინავებინა სამუდამოდ და მათ ადგილას გადმოესახლებინა თათრები. ასეც მოიქცა. დაუსრულებელი ბრძოლით დაქანცულმა პატარა კახეთმა ვეღარ შესძლო დიდი სპარსეთის წინააღმდეგ წინანდებურად ეომა, მით უმეტეს, რომ ქართლელები კახელებს ძმურ დახმარებას ვეღარ უწევდნენ, რადგანაც თვითონ ქართლს ოსმალეთის ჯარი მოადგა. შაჰმა თითქმის ნახევარი კახეთი დაატყვევა და გაგზავნა სამხრეთის სპარსეთში, სულ შორეულს მის კუთხეში, რომ მათ სახელიც აღარ გაეგონათ სამშობლოსი და ქართველებისა, დაევიწყებინათ სრულიად საქართველო და გათათრებულიყვნენ სავსებით.
      აი, ამ უდიერად გადასახლებული ქართველების ჩამომავალნი არიან ისინი, რომელნიც ახლა ბინადრობენ უშორეს ფერეიდანში.
      შაჰი, ერთი მხრით, აყენებდა დიდ ტანჯვა-წამებას ახლად გადასახლებულ ქართველებსა, მეორე მხრით, აღუთქვამდა გათავისუფლებას ყოველგვარი ხარჯისაგან, თუ გადასახლებულნი გათათრდებოდნენ და თავის ქართველობასაც უარჰყოფდნენ, დაივიწყებდნენ. მაგრამ ეწია კი შაჰი თავის გულის წადილსა? მხოლოდ ნახევრობით. სარწმუნოება, მართალია გამოაცვლევინა, მაგრამ ქართველობაზე კი ხელი ვერ ააღებინა.


2. გამარჯვებული ბრძოლა გადაგვარების წინააღმდეგ

      სამას წელიწადზე მეტია, რაც ფერეიდანელი ქართველები გარშემორტყმულნი არიან თათარ–სპარსელებით. სამას წელიწადზე მეტია, რაც ესენი სცხოვრობენ იმისთანა ქვეყანაში, რომელიც ჰავითა და ბუნებით დიდად განსხვავდება მათი სამშობლოდან. სამასი წლის განმავლობაში არც გადახვეწილებმა იცოდნენ ჩვენი ამბავი და არც ჩვენ ვიცოდით რაიმე იმათ შესახებ, რომ ძმურად ხელი გაგვეწვდინა. მიუხედავად ამისა, ფერეიდანელებს სავსებით შეუნარჩუნებიათ ქართველობა, წმინდა ქართული ენა და ბევრი წინანდელი ჩვენებური ზნე-ჩვეულებანი. მათი დედები, ცოლები, დები მხოლოდ ქართულ ენაზე ლაპარაკობენ; კაცებმა თუმცა იციან სპარსული, მაგრამ წმინდა ქართულს ხმარობენ ყველგან – შინ და გარეთ. სახელები თუმცა სპარსული დაურქმევიათ მოლებს ჩვენი მოძმეებისათვის, მაგრამ გვარები ამათ ქართული დაუცავთ შეუცვლელად. ეს მით უფრო შესანიშნავია, რომ გამაჰმადიანებულმა ოსმალეთის ქართველებმა ქართული გვარები ვერ შეინარჩუნეს და ყველამ თათრული კუდი – “ოღლი” მოიბა. მოგვყავს აქ უდიდესი სოფლის, მარტყოფის, მცხოვრებთა გვარები: ხუციშვილი, ონიკაშვილი, ხატიაშვილი, დავითაშვილი, დარჩიაშვილი, თავაზიშვილი, მასიტაშვილი, გოგიჩაშვილი, მაყაშვილი, მელაშვილი, ტარიელაშვილი, სულიკაშვილი, ველიშვილი, ჯორჯიაშვილი, ივანიშვილი, სიტოშვილი, ისოშვილი და სხვანი, ფერეიდანში თოთხმეტი დიდი სოფელია, დაჭერილი ქართველებითა და თითქმის ყველა სოფელს წმინდა ქართული სახელი ჰქვია. ეტყობა, გადასახლებულებს ის სახელები დაურქმევიათ თავისი ახალი სოფლებისათვის, რომლებიც ერქვათ წინანდელს მათ სოფლებს კახეთში. მართალია, სპარსელებს სპარსული სახელები უწოდებიათ ამ სოფლებისათვის, მაგრამ ქართველებს არ მიუღიათ ესა და თავისი ეროვნული სახელები შეუნარჩუნებიათ. მოგვყავს აქ სოფლების სახელები და რიცხვი მცხოვრებლებისა კომლობრივ. ზემო მარტყოფი იპყრობს 1200 კომლსა, ქვემო მარტყოფი – 800 კომლსა, ნორიო – 240 კომლსა, ჩუგრუთი – 600 კომლსა, ჯაყჯაყი – 300 კომ., თონეთი – 400 კომ., აფუსი – 300 კომ., ტაშკეშინა – 700 კომ., ნინოწმინდა – 600 კომ., აჩხა – 600 კომ., ყარაბაღი – 400 კომ., კუთხე – 300 კომ., გაღმა სოფელი – 500 კომ., ხევის პირი – 600 კომ., სულ თოთხმეტ სოფელში ირიცხება დაახლოებით 7000 კომლამდე. თუ თვითო ოჯახზე ჩავაგდებთ ექვს სულსა, რაც მეტი არ უნდა იყოს, რადგან აქ დიდ-დიდ ოჯახებად სცხოვრობენ, გამოვა რომ ფერეიდანის საქართველო იპყრობს 40.000 ქართველსა.
      ამ ჩვენს მოძმეებს ფერეიდანის ბუნებაც კი გაუქართველებიათ. მთებისათვის დაურქმევიათ შემდეგი სახელები: მელას გორა, შავგორა, მთათაშვილი, ქოთან-ღელე, ბაღების გორა, დიდ-წვერა. მდინარეებიც ქართულად მოუნათლავთ: წითელ-რუი, ბაღების რუი, დიდრუი, გაღმარუი, გაღმა ხევი, გამოღმა ხევი, პირიქითა რუ და სხვა.


3. ყოფა-ცხოვრება ფერეიდნელ ქართველებისა

      როცა აქაურ სოფელში შეხვალ, გეგონება ქართლ-კახეთის კარგ სოფელში მოვექეციო, ისეთი დიდი მსგავსებაა. სახლები ჩვენებურად არის აშენებული. კედლები ქვა-ტალახისა აქვს, ბანზე მიწა აქვს დაყრილი; სახლებში ნახავთ დიდ ოთახებს, რომელნიც ძლიერ გვანან ჩვენს ძველებურს დარბაზებსა. აქაურები ერთგულად მისდევენ ქართველი მთიულებივით ცხვრის ყოლასა, რასაც ხელს უწყობს იქაური ფართო იალაღი. თუმცა ღვინოს არა სმენ, მაგრამ ვენახების გაშენებას და ყურძნის მოყვანას მუყაითად მისდევენ თავისი ჩრდილოეთის მოძმეებივითა. ახალ წელიწადს ჩვენსავით დღესასწაულობენ და, სხვათა შორის, მეკვლე იქაც იციან. აღდგომასაც უქმობენ, გადიან მინდვრად და ლხინში ატარებენ დროსა, მაგრამ მნიშვნელობა აღდგომისა კი აღარ ახსოვთ. ხვნა-თესვაც ჩვენებური აქვთ: სთესენ პურსა, ქერსა, შვრიასა. სიმინდის მოყვანას არ მისდევენ სრულიად და მხოლოდ ხილად ბოსტანში სთესენ.
      მეტადრე ქალებს მტკიცედ დაუცავთ ქართველობა. ესენი პირახდილნი დადიან, მაშინ როდესაც თათრის ქალები პირს არავის აჩვენებენ, პირბადე აქვთ მუდამ ჩამოფარებული. თვით მეჩეთში ქართველი ქალები კაცებთან ერთად დგანან, სხვაგან კი ყველგან თათრის ქალებს ცალკე განყოფილება უჭირავთ მეჩეთში. თანსაცმელიც აქაურს ქალებს ქართული აქვთ; იცმენ ჩვენებურს კაბებს, ქათიბებს, თავზე იკეთებენ თავსაკრავს, ჩიხტიკოპსა, იხურავენ ბარღადსა და ლეჩაქსა. ერთი სიტყვით ძველებური ქართველი ქალებისაგან მხოლოდ სარწმუნოებით განირჩევიან. მეტად შესანიშნავია ისიც, რომ ოჯახში ერთცოლიანობა მტკიცედ დაუცავთ აქაურ ქართველებსა, თუმცა მრავალცოლოანობის უფლებას მაჰმადის სარწმუნოება ყველას აძლევს. ამ უფლების წყალობით, ყოველი მდიდარი სპარსელი რამდენსამე ცოლს ირთავს. თვით სპარსეთის ხელმწიფეს შაჰსა ასობითა ჰყავს ცოლი თავის ჰარამხანაში. ფერეიდანელს ქართველებს კი სრულიად აუცილებიათ თავიდან ეს სისაძაგლე. რაც უნდა შეძლებული იყოს ფერეიდანელი ქართველი, იგი ერთი ცოლის მეტს არ შეირთავს.
      საყურადღებოა შემდეგი მოვლენაც: აქაურს დიდს სოფლებში ყველგან არის დუქნები, სადაც ყველაფერი იშოვება, რაც კი ესაჭიროებათ აქაურ ქართველებსა და ეს დუქნები ყველა ეკუთვნის ქართველებსა და მარტო ქართველები ვაჭრობენ აქა. ვერც სპარსელს, ვერც ურიას, ვერც სომეხს და ვერც სხვას აქ ვერა ნახავთ. მთელს ქართულ ფერეიდანში, ყველა აქაურს თოთხმეტ სოფელში, მხოლოდ ქართველები ბინადრობენ, სხვა ტომის მცხოვრების ჭაჭანებაც არ არის აქა. თავის წმინდა ქართველობას ჩვენი ფერეიდანელი მოძმეები სასტიკად იცავენ უმთავრესად იმით, რომ არც თვითონ თხოულობენ სხვა ტომის ხალხების ქალებსა და არც არავის მიათხოვებენ ხოლმე. თუმცა სარწმუნოების ერთობა სრულს ნებას აძლევს ამისას. ჩვენში კი სხვასა ვხედავთ: ქართველები არეულნი არიან ბევრგან სომხებში, ოსებში, რუსებში. ვაჭრობასაც მათ უთმობენ და მოყვარეობასაც არ ერიდებიან მათთან. ასე რომ, ჩვენს ფერეიდანელს მოძმეებს შეუძლიათ ჩვენს წინაშე სამართლიანად დაიქადონ წმინდა ქართველობა.
      სპარსეთის შაჰმა დიდ უბედურებასთან ორი დიდი სიკეთე მიანიჭა ფერეიდანელს ქართველებსა. პირველად, იქ დაასახლა მხოლოდ გლეხკაცობა და არც ერთი თავადი ან აზნაური არ გაურია, მიწა საკუთრებად მისცა და გაათავისუფლა ღალის მიცემისაგან. ამითი მან ძირფესვიანად ამოფხვრა ბატონყმობა იქაურს ქართველებში სამასი წლის წინათ; ჩვენებურს გლეხობას კი, საუბედუროდ, დღესაც აწევს კისერზე მძიმე უღელი ღალისა, ბატონ-ყმობისა. მეორედ, სარწმუნოების გამოცვლისათვის ახლად გათათრებული ქართველები გაათავისუფლა ყოველი ხარჯისაგან და სალდათის მოკრებისაგან.
      ფერეიდანელს ქართველებს შეუთვისებიათ ერთი ახალი ჩვეულება, რომელიც ჩვენებური სოფლებისათვის სწორედ მისაბაძია. ყოველს სოფელს აქვს აშენებული სასოფლო აბანო და საზოგადო ხარჯით დაქირავებული ჰყავს მეაბანოე. დიდ სოფლებში რამდენიმე აბანოა. ყოველი ფერეიდანელი ქართველი აბანოში კვირაში ერთხელ მაინც გაიბანს ტანსა. ამასთან ქალებისათვის ცალკე დღეებია დანიშნული, კაცებისათვის – ცალკე. რა კარგი იქნება, რომ ჩვენებურმა სოფლებმაც შემოიღონ ეს ჩინებული ჩვეულება, მეტად სასარგებლო ჯანმრთელობისათვის.
      საიდან ვიცით ყველა ესა? აი საიდან. ოცდაათის წლის წინათ საქართველოში მოვიდა ფერეიდანიდან ერთი იქაური ქართველი – ათამა ონიკაშვილი. მან მოკლე ხნის განმავლობაში ისე კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, რომ გაზეთ “დროებაში” ვრცლად აღწერა ყოფაცხოვრება ფერეიდანელის ქართველებისა. საუბედუროდ ათამა მალე გახდა მსხვერპლი უბედური შემთხვევისა და მეტი ვერაფერი გააკეთა. მის შემდეგ ფერეიდანში აქედან შევიდა ლადო აღნიაშვილი (1860–1904 წ.წ. – ცნობილი პედაგოგი და კულტურის მოღვაწე (ლოტბარი). მისი ნაშრომი ფერეიდნელ ქართველთა შესახებ “სპარსეთი და იქაური ქართველები” ჯერ ჟურნალ “მოამბეში” დაიბეჭდა, 1896 წ. კი ცალკე წიგნად გამოიცა), რომელმაც დაბრუნების მერე ვრცელი წერილი უძღვნა ჟურნალ “მოამბეში” თავის მოგზაურობას და ფერეიდანის წინანდელს და აწინდელს მდგომარეობას. შარშან ფერეიდანიდან თბილისში მოვიდა ორი ქართველი: ყოლამ-უსეინ ონიკაშვილი და ყოლამ-რეზა ხუციშვილი. წერა-კითხვის საზოგადოებამ მხურვალე მონაწილეობა მიიღო ამ ძვირფასი სტუმრების ბედში. გადასდო საკმარისი ფული მათ შესანახად, დაუნიშნა მასწავლებლად საუკეთესო ქართველი პედაგოგი, რომელმაც სამიოდე თვის განმავლობაში საფუძვლიანად შეასწავლა ქართული წერა-კითხვა, გააცნო ზედმიწევნით ქართული ლიტერატურა, დაატარა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები და ჩინებულად მოამზადა სამოციქულოდ ჩვენსა და ფერეიდანელ ქართველებს შორის. ერთმა მათგანმა – ონიკაშვილმა – რამდენიმე წერილი დაბეჭდა ქართულ გაზეთში ფერეიდანის შესახებ და გაგვაცნო იქაური ქართველების ცხოვრების გარემოებანი და ვითარებანი. საფუძვლიანი მომზადების შემდეგ წერა-კითხვის საზოგადოებამ ჩვენი სტუმრები გაისტუმრა უკან სპარსეთში და თან გაატანა ქართული სახელმძღვანელოები, ბევრი ქართული წიგნი და ფულიც ქართული სკოლის დაარსებისათვის ფერეიდანში. სამწუხაროდ, ერთი მათგანი – ხუციშვილი – გულის ფრიალით გარდაიცვალა თეირანში, და მხოლოდ ონიკაშვილი დაბრუნდა თავის შორეულ სამშობლოში, სადაც იგი მხნედ შეუდგა მოღვაწეობასა. რამდენიმე თვის წინათ თეირანიდან მოვიდა ოცი წლის ყმაწვილი ნასროლა ხატიაშვილი, სოფელ მარტყოფის მცხოვრები, რომელიც საფუძვლიანად ემზადება სამოქმედოდ თავის სამშობლოში. ამ ნასროლას დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი ფერეიდანელი ქართველების შესახებ და ყველა საგულისხმიერო შევიტანე ამ წერილში.
      სკოლა, რომლის დაარსება გადაწყვეტილი აქვს “წერა-კითხვის საზოგადოების” გამგეობას სოფელს მარტყოფში, იქნება წმინდა პედაგოგიური. სწავლა საგნებისა იწარმოებს იმ ენაზე, რომელზედაც ლაპარაკობენ შინ და გარეთ იქაური ბავშვები, ესე იგი ქართულზე. მაჰმადის სჯულის სწავლებას ეჭირება საპატიო ადგილი და მის მასწავლებლად მოწვეული იქნება საუკეთესო მოლა. სპარსულს ენასაც, როგორც სახელმწიფო ენას, ადგილი ექნება სხვათა საგნებთა შორის. მარტყოფის სკოლაში მიიღებიან ყველა იქაური ქართული სოფლიდან რამდენიმე მოსწავლე, რომელნიც, კურსის დასრულების შემდეგ, თავის სოფელში გამართავენ წერა-კითხვის სკოლებსა. შემდეგში მარტყოფის ცენტრალური სკოლა გადაიქცევა საოსტატო სემინარიად.
      სამართალი მოითხოვს ბოლოს ისიც დავუმატოთ იმას, რომ ფერეიდანიდან მოსული ქართველები ძლიერ ემადლიერებიან ახლანდელს სპარსელებსა, რომელნიც თურმე ძმურად ეპყრობიან ფერეიდანელს ქართველებსა და მათთან ერთად მეგობრულად ცდილობენ მოიპოვონ საყოველთაო თავისუფლება და კეთილდღეობა.