დიდი სახელმწიფოს დიდი გზა




       1978-1979 წ.წ. ანტიმონარქიული, ანტიდასავლური ისლამური რევოლუცია თავისი დინამიურობით, მასშტაბურობით, ხალხის ფართო მასების (11 მილიონი) თავგანწირული ბრძოლით (დაიღუპა 65 ათასი, დასახიჩრდა 100 ათასი კაცი) შეიძლება შეფასდეს როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა.
       რევოლუციის სულისჩამდგმელი იყო განსწავლული თეოლოგი, მტკიცე ნებისყოფის პიროვნება აიათოლა რუჰოლა ხომეინი (1902-1989), რომლის „შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელიც თითქმის ოთხ ათეულ ტომს მოიცავს, მეტად ფართო და მრავალმხრივია. მუსლიმური ღვთისმეტყველების და საზოგადოდ რელიგიის, სამართლის, ფილოსოფიის, ეთიკის, ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის და საერთაშორისო ურთიერთობის პრობლემებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული თხზულებების, ტრაქტატების, სტატიებისა თუ სიტყვების გარდა, მის კალამს ეკუთვნის კულტუროლოგიური ნაშრომები და ფილოლოგიური გამოკვლევები სპარსული და არაბული ლიტერატურის საკითხებზე. ფართოდაა ცნობილი, აგრეთვე, იმამი ხომეინის პოეტური შემოქმედება, მისი ფილოსოფიურ–მისტიკური ლექსები, რომელთა ნაწილი ქართულ ენაზეც არის თარგმნილი და გამოცემული (იხ. იმამი ხომეინი. „ფილოსოფიური ლირიკა“. სპარსულიდან თარგმნილი მაგალი თოდუას მიერ. ქუთაისი, 1995 წ; იმამი ხომეინი, „სიყვარულის ღვინო“, სპარსულიდან თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა, თბილისი, 1995 წ.). იმამი ხომეინის უკანასკნელი ნაშრომი – „პოლიტიკურ-რელიგიური ანდერძი“ თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულზეც“ (პროფ. გრიგოლ ბერაძე).



       1979 წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვენსის მრჩეველი, პროფესორი უილიამ ბრაუნი ასე ახასიათებს აიათოლა ხომეინის: „ძლიერი რელიგიური ამ ფიზიკურად სუსტმა დროულმა კაცმა, რომლის იდეებს დასავლეთი ყავლგასულსა და შუასაუკუნეობრივს უწოდებდა, ის შეძლო, რამაც ჭეშმარიტად შეაზანზარა მთელი მსოფლიო... ხომეინიმ გააქარწყლა დასავლეთის მტკიცება იმის შესახებ, რომ რადგან მსოფლიოში სიტუაციებს მხოლოდ პოლიტიკა და სამხედრო ძალა განსაზღვრავს, რელიგიას არ ძალუძს მართოს თანამედროვე საზოგადოება. დიდ სახელმწიფოებთან თავის ბრძოლაში ხომეინი ვაშინგტონსა და მოსკოვს დაუპირისპირდა, მათ არ მისცა ირანის საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა და გაიმარჯვა. წუთისოფელი მან მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა საკადრისი მარცხი აგემა თავის მტრებს“.



       ბატონი ედუარდ შევარდნაძის ნაშრომში „ფიქრი წარსულსა და მომავალზე – მემუარები“ ვკითხულობთ: „მახსენდება ჩემი ვიზიტი ირანში აიათოლა ხომეინისთან, 1989 წელს... (ირანი) შვიდი წელიწადი ეომებოდა საბჭოთა კავშირის მეგობარს, ერაყს. ამ დროს ჩვენი ჯარი გვყავდა შეყვანილი ავღანეთში და ისე გამოვიდა, რომ ირანში რეზა ფეჰლევის გადაყენების შემდეგ საბჭოთა კავშირიდან დიდი ხნის განმავლობაში, ოფიციალურ ვიზიტად, არც ერთი მაღალი პირი არ ჩასულა... ხომეინის რაიმე სახელმწიფო პოსტი არ ეკავა, მაგრამ ირანის სულიერი ლიდერი და, ფაქტობრივად, პირველი პირი გახლდათ... ირანისთვის ჩემი იქ ჩასვლა ძალიან ბევრს ნიშნავდა... განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იმამი ხომეინისთან ჩემს მომავალ შეხვედრას და მიხეილ გორბაჩოვის საპასუხო წერილს“.
       „დიდი კაცი იყო ხომეინი. მან თავისი წერილით გაარღვია ის იზოლაცია, რომელშიც ირანი თვითონვე მოაქცია. პარადოქსია, მაგრამ სწორედ მაშინ, თუნდაც პიროვნულ ასპექტში, იქ საფუძველი ჩაეყარა საქართველო-ირანის ახალ ურთიერთობასაც – სხვაგვარ, თანაბარ ურთიერთობას... თითქოს ხომეინის უსიტყვო თანხმობით საქართველოსა და ირანს შორის საოცრად პოზიტიური, განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა...“



       მონოგრაფიულ ნაშრომში „ირანი – ცვლილებები დარგობრივი ეკონომიკის სტრუქტურაში 60-70-იან წლიბში“ პროფ. არტემ არაბაჯიანი აღნიშნავს: 1973-74 – 1977-78 წლებში „ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა 1978-1979 წ.წ. რევოლუციის გამარჯვების წინამძღვრების შექმნის საქმეში, პირველ ყოვლისა იყო შედეგი ვოლუნტარიზმისა, რომელიც მონარქიამ აირჩია ნავთობის შემოსავლების მკვეთრად გაზრდის შემდეგ. ისეთი სუბიქტური ფაქტორები, როგორიცაა სახელმწიფოს მეთაურის ამბიციურობა, განდიდების მანია, რეალობის გრძნობის დაკარგვა და აქედან გამომდინარე, სახელმიფო აპარატის სრული დამორჩილება უმოკლეს ისტორიულ ვადებში ირანის საზოგადოების მიერ ე.წ. დიდი ცივილიზაციის დონის მიღწევის ქიმერულ იდეას, გამოიწვიეს ღრმა ეკონომიკური და სოციალური დისპროპორცია, რამაც პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთობლიობაში განაპირობა მონარქიის დამხობა...“
       პროფ. ერვანდ აბრაჰამიანი წიგნში „ირანი ორ რევოლუციას შორის“ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ „შიიტური სამღვდელოება ერთადერთი არასამთავრობო სტრუქტურა იყო, რომელსაც სოლიდური ბაზა ჰქონდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და რომელიც ყველასათვის გასაგებ ენაზე ლაპარაკობდა“.



       რაც შეეხება საკითხს ირანის ისლამური რევოლუციის სპეციფიკურობისა და თვისებრივი განსხვავების სხვა რევოლუციებისაგან, ამის შესახებ მკაფიო პასუხს მივიღებთ პროფ. გიორგი სანიკიძის მონოგრაფიაში „შიიზმი და სახელმწიფო ირანში“: „დასავლეთელებისათვის, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ გასულ რევოლუციებში (1789, 1830, 1848) დაენახათ ბურჟუაზიის გამარჯვება ტახტისა და ეკლესიის ალიანსზე, ის, რაც ირანში მოხდა, შიიტური სამღვდელოების ალიანსი ბაზარის ბურჟუაზიისა და ილნტელექტუალებთან „მოდერნიზატორი“ შაჰის წინააღმდეგ, გაუგებარი იყო... შიიზმის პარადოქსს წარმოადგენს ის, რომ მისი რევოლუციური პოტენციალის კონცენტრაცია მოხდა სამღვდელოების გარშემო. ისლამურ სამყაროში რეალურად მხოლოდ ირანელმა შიიტებმა მიანიჭეს წარმმართველი როლი სამღვდელოებას, ყოველივე ეს კი განპირობებული იყო იმ სპეციფიკური ფუნქციებითა და ადგილით, რომელიც ისტორიული რევოლუციის მანძილზე მოიპოვა შიიტურმა სამღვდელოებამ ირანულ საზოგადოებაში...



       ... ხომეინის მიერ ჩამოყალიბებული კონცეფციიდან გამომდინარე, ისლამური რევოლუცია ირანში არ წარმოადგენდა მხოლოდ პოლიტიკური და სოციალური ხასიათის მოვლენას. ეს ასევე იყო რევოლუცია შიიზმშიც. მოხდა უზენაესი რელიგიური ავტორიტეტის შიიტური თეორიის რადიკალური ტრანსფორმაცია. ველაიათ-ე ფაყიჰის კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს იმამათის შიიტური თეორიის რევოლუციური რეინტერპრეტაცია, რომლის მიხედვით თემის ჭეშმარიტი მეთაური შეიძლება ყოფილიყვნენ მხოლოდ მოციქული და მისი შთამომავალი იმამები. ხომეინის თანახმად კი უმაღლეს სამღვდელოებას შეეძლო აერჩია თავისი რიგებიდან ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე რელიგიური პირი, რომელიც მუსლიმური თემის ხელმძღვანელი იქნებოდა როგორც რელიგიის, ისე პოლიტიკის სფეროში და გააგრძელებდა იმამთა საქმეს... ამასთან დაკავშირებით ხომეინი ხაზს უსვამდა ისლამის დინამიკურ ხასიათს და სამღვდელოების მიერ ისლამური კანონების ახალი დროის მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირების მნიშვნელობას“.




საქართველო და ირანი


       ირანი (1935 წლამდე სპარსეთი) წინა აზიის უძველესი სახელმწიფოა. იგი ჩვენი ქვეყნის იმ მეზობელ პოლიტიკურ–კულტურულ წარმონაქმნთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებთან ურთიერთქმედების ფონზეც ვითარდებოდა საქართველოს სახელმწიფო. ერთ-ერთ ძველ ქართულ საისტორიო წყაროში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ „სამეფოსა სპარსთასა“. აკად. გიორგი წერეთელი ნაშრომში „აქემენიანთა სახელმწიფო და მსოფლიო ცივილიზაცია“ აღნიშნავს, რომ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის მიერ „აქემენიანთა იმპერიაში განვითარებული ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურების გაცნობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ რეგიონისათვის“. მეცნიერის აზრით, ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ისეთი სახელმწიფოების ჩამოყალიბება, როგორიცაა ზვარაზმი, სომხეთი, იბერია, ქუშანი და სხვები.
       აქემენიანთა ბატონობის ხანიდან (VI-V ს.ს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) XIX საუკუნემდე ირანი ხშირად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამხრეთ კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს ირგვლივ გეოპოლიტიკურ ძალთა განაწილებაში.



       საქართველო, როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლი, ექცეოდა ხოლმე ირანის ძლიერი იმპერიის გეოპოლიტიკური ინტერესების ეპიცენტრში, რასაც ხშირად მოჰყვებოდა სისხლისმღვრელი ომები, საქართველოს მოსახლეობის დარბევა და გადასახლება.
       ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას სხვა მხარე ჰქონდა – დიდი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: „ახალ სპარსულ პოეზიას დიდი გავლენა ჰქონდა ქართველებზე და მისი საგმირო და სააშიკო სიტყვიერება ქართველობას უყვარდა და შეჰხაროდა იმგვარადვე, როგორც თვით სპარსელები შეჰხაროდნენ. თუმცა „შაჰ ნამე“ (როსტომიანი) ფირდოუსისა, „ვისრამიანი“, „ქილილა და დამანა“, „ლეილ-მეჯნუნიანი“ სპარსელი მაჰმადიანი მგოსნების დაწერილი იყო, მაგრამ ქრისტიანი ქართველებიც გატაცებით კითხულობდნენ, მათთვისაც ეს თხზულებები ხელოვნების ძვირფასი განძი იყო. სხვათა შორის, ხომ სპარსული მწერლობის გავლენის წყალობით აღორძინდა ქართული პოეზიაც. თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველო სხვადასხვა, მაჰმადიანთა სამთავროებს და სპარსეთს ებრძოდა, პოეზია და კულტურა ქართველ-სპარსთა სულიერ ერთობას ჰქმნიდა და მტრობის მაგიერ სიყვარულს თესავდა. ქართველებისთვის სპარსულ–მაჰმადიანური კულტურა უცხო რამე არ ყოფილა და თავისი პოლიტიკური მტრების მწერლობას, მეცნიერებას და ხელოვნებას ისინი დიდ პატივს სცემდნენ“.



       აკად. ივანე ჯავახიშვილი ცალსახად აღნიშნავს, რომ „ქართველ–მაჰმადიანთა ბრძოლას არასდროს წმინდა სარქმუნოებრივი ბრძოლის ხასიათი არა ჰქონია“.
       ასეთი გახლავთ ისტორიული ჭეშმარიტება. ჩვენს დროში ირანმა ერთ-ერთმა პირველთაგანმა სცნო ახალი საქართველო.
       ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ახალ საქართველოს შორის ოფიციალური ურთიერთობის დამყარების მიზნით გადადგმული პირველი ნაბიჯი გახლდათ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის პირველი სამმართველოს ხელმძღვანელის ბ–ნ ბაჰრამ ყასემის შეხვედრა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან მისი აღმატებულება ბ–ნ ზვიად გამსახურდიასთან, რომელიც შედგა 1991 წლის 21 ნოემბერს თბილისში.



       საუბარი ეხებოდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობებში მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ტრადიციებს, საქართველოს მდგომარეობას, პრობლემებს, რაც თან სდევს საქართველოს მისწრაფებას, მოიპოვოს სრული დამოუკიდებლობა, საქართველო-ირანის მომავალ მრავალმხრივ თანამშრომლობას.
       მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა 1992 წლის თებერვალში თეირანში.
       შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი მურმან ომანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან ასათიანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ჯემშიდ გიუნაშვილი და სხვები.
       აღნიშნული მიმართულებებით გადადგმული მეორე ნაბიჯი განხორციელდა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების მეცამეტე წლისადმი მიძღვნილი ზეიმის დროს თეირანში 1992 წლის თებერვალში.



       საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი აკად. თამაზ გამყრელიძე და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილი ირანის მთავრობის მიერ მიჭვეულნი იყვნენ საიუბილეო ღონისძიებაზე დასასწრებად და პროგრამით გათვალისწინებულ სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
       საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული პოლიტიკურ საკონსულტაციო საბჭოს წევრმა და საქართველოს დროებითი მთავრობის რწმუნებით აღჭურვილმა აკად. თამაზ გამყრელიძემ აწარმოა მოლაპარაკებები ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ბ-ნ ა. ბეშარათისთან და სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის პირველი სამმართველოს დირექტორთან ბ-ნ ბ. ყასემისთან. ჩატარებული ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად 1992 წლის 6 თებერვალს ბ-ნმა თამაზ გამყრელიძემ და ბ-ნმა ყასემიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ ურთიერთობათა დამყარებისა და ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის პრინციპების თაობაზე.



       1992 წლის 14 თებერვალს გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ აღნიშნავდა: „ირანის ისლამური რესპუბლიკა სცნობს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს“.
       ირანსა და ახალ საქართველოს შორის იმთავითვე დამყარდა ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა. საქართველოს მხრიდან განხორციელდა უმაღლესი დონის სამი ვიზიტი: ბატონი ედუარდ შევარდნაძის მიერ 1993 და 1996 წ.წ., ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს, ხოლო ირანის მხრიდან ბატონი ჰაშემი რაფსანჯანის მიერ 1995 წელს.
       2010 წლის 18 იანვარს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
       საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ მაჰმუდ აჰმადინეჟადს, ისლამური საბჭოს მეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარეს, ბატონ ალი ლარიჯანის, ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ მანუჩეჰრ მოთაქის, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანს, ბატონ საიდ ჯალილის.
       შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, საქართველოში ირანული ინვესტიციების მოზიდვის საკითხები. შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და დაადასტურეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აუცილებლობა.
       მასმედიასა და ზოგი ოფიციალური პირის გამონათქვამებში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ ხშირად გაიჟღერებს ხოლმე ასეთი ინფორმაცია: ეს არის ქვეყანა, სადაც ფუნდამენტალისტ კლერიკალთა მცირე ჯგუფს მძევლად ჰყავს აყვანილი იზოლაციაში მოქცეული და რეპრესირებული მოსახლეობა... ირანის მთავრობის ბირთვული ამბიციები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თანამეგობრობას, მსოფლიომ ირანს არ უნდა მისცეს ნება დაეუფლოს ბირთვულ იარაღს.
       „საქართველო-ირანის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოება“ მკითხველს გააცნობს რამდენადმე განსხვავებულ ინფორმაციას.



       1996 წელს დოქტორ მეჰრზად ბორუჯერდის მიერ შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ წიგნში „ირანელი ინტელექტუალები და დასავლეთი“ აღნიშნულია: „ამჟამად ირანელი ინტელექტუალების წინაშე დგას საკითხი, რომელსაც მიჰყავს ისინი მაცდური „მოდერნიზმისაკენ“ და საკუთარი მშობლიური ჩიხისაკენ“ (გვ. 181).
       1997 წელს შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა უწყების ჟურნალ „ფორინაფეე“-ის ივლის-აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ: „ ანტიდასავლური ირანის ისლამური რესპუბლიკა ხშირად გაოცებას იწვევს თავისი ერთგულებით დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი, განსაკუთრებით კი პარლამენტით. ირანის მეჯლისის მოღვაწეობის დეტალური შესწავლა გვიჩვენებს, რომ ირანში არიან კომპეტენტური პოლიტიკოსები, რომ პარლამენტში იმართება ნამდვილი დებატები, რომ ამ უწყების საქმიანობის გაცნობით შეიძლება ირანის შესწავლა... დღეს ირანში არსებობს უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმი, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანაში“ (გვ. 164).
       2003 წლის ცნობილი ამერიკელი ირანისტი ნიკი კედი თავის წიგნში „თანამედროვე ირანი“ აღნიშნავს: „სეკულარული იდეები უფრო მყარია ირანში, ვიდრე ისლამური სამყაროს რომელიმე სხვა ადგილას“ (გვ. 316).
       2006 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოსცა წიგნი „დემოკრატია ირანში“. წიგნის ავტორები ალე ყეისარი და ვალი ნასრ აღნიშნავენ: „ირანში მეტი დემოკრატიაა, ვიდრე შუა აღმოსავლეთის რომელიმე სხვა ქვეყანაში, თურქეთის გარდა... როგორც ისლამურმა სახელმწიფომ ირანმა გაიარა უფრო გრძელი გზა დემოკრატიისკენ, ვიდრე შუა აღმოსავლეთის სხვა სეკულარულმა სახელმწიფომ, რაც ბადებს ბევრ კითხვას“ (გვ. V – VI).
       2006 წელს რეი თეიქეიჰმა შეერთებულ შტატებში გამოსცა წიგნი “ფარული ირანი“, რომელშიც აღნიშნა: „შეერთებული შტატები გამოიჩენენ კეთილგონიერებას თუ უარს იტყვიან რეიგანისდროინდელ რიტორიკასა და „ცივი ომის“ პოლიტიკაზე – ამერიკის ძალისხმევას შუა აღმოსავლეთში სჭირდება უფრო ხატოვანი მიდგომა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობაში“ ( გვ. 226 ).



       თეოკრატიულ ირანს ორიგინალური და თარგმნილი ლიტერატურის გამოცემის საქმეში პირველი ადგილი უკავია რეგიონში. როგორც აღვნიშნეთ, სპეციალურ ლიტერატურაში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ ღიაობის, სეკულარიზმისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვის თვალსაზრისით ირანი რეგიონში მხოლოდ თურქეთს თუ ჩამორჩება.
       ირანის თავდაცვითი ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალია რეგიონში.
       ირანს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვს 160 ქვეყანასთან. მთავარი პარტნიორები არიან: საამიროები, გერმანია, ჩინეთი, შვეიცარია, რუსეთი და სამხრეთ კორეა, რომლებთან აკავშირებს მრავალმილიარდიანი გაცვლა. ამ ქვეყნებიდან იმპორტი ირანის იმპორტის 55 პროცენტს უდრის, ხოლო ირანის არანავთობპროდუქტების ექსპორტის 46 პროცენტს უდრის.
       ირანის ისლამური რესპუბლიკა ინტენსიურად ავითარებს თავის სამეცნიერო-ინტელექტუალურ და ინდუსტრიულ პოტენციალს, შესაბამის სტრუქტურებს შემუშავებული აქვთ განვითარების გრძელვადიანი გეგმები სახალხო მეურნეობის, მეცნიერების, კულტურისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგებში.
       მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ირანი იმედის თვალით უყურებს მომავალს.


საქართველო-ირანის სამეცნიერო-კულტურული
ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოება.

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სპეციალური ჩანართი.
11 თებერვალი. 2010 წ.