მიხეილ როსტომაშვილი
ფოტო-გამოფენა – «ახლოა ფერეიდნამდე»



       მას შემდეგ, რაც ირანმა და საქართველომ შეძლეს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირების დამყარება, სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ამ ქვეყნების ხალხთა ურთიერთდაახლოების თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ახალი ერა დაიწყო, რაშიც ირანის მხარეს დიდი წვლილი მიუძღვის.
       პირველი, ვინც საქართველოდან ფერეიდნის მიწაზე ფეხი დაადგა, ეს იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე ლადო აღნიაშვილი – ეს მოხდა 1894 წელს. მეორე ქართველი გახლდათ ამბაკო ჭელიძე, რომელმაც მე-20 საუკუნის ოციან წლებში საგანგებოდ მოინახულა ფერეიდანი. ორივემ თავიანთ მოგზაურობათა შესახებ შთაბეჭდილებათა შესანიშნავი წიგნები დაგვიტოვეს.
       ცოცხალი კადრებით შემოუნახეს ისტორიას ფერეიდნელთა სახეები კინოხელოვნებმა: ნიკოლოზ კანდელაკმა, გიორგი ასათიანმა, გურამ პატარაიამ და ირაკლი ონოფრიშვილმა. ურთიერთობა ფერეიდანთან ცალმხრივი არ ყოფილა. პირველი, ვინც ჩვენს შორის ურთიერთობათა ძაფი გააბა, სწორედ ფერეიდნელი ათამ ონიკაშვილი იყო, რომელიც 1878 წელს ჩამოვიდა საქართველოში. ათამ ონიკაშვილის კვალს 1896 წელს ხუციშვილი და ონიკაშვილი გამოჰყვნენ. 1900-1902 წლებში საქართველოს ესტუმრა კიდევ ორი ქართველი: მაყაშვილი და ნასრულაჰი. 1922 წელს საქართველოს ეწვია სეიფოლა იოსელიანი. სამოცდაათიან წლებში 18 ოჯახი დაუბრუნდა ისტორიულ სამშობლოს, მაგრამ მოხდა ისე, რომ გარკვეულ პირობათა გამო თითქმის ნახევარი უკან დაბრუნდა.
       ქალაქი ფერეიდანი (ფერეიდუნშაჰრი), ანუ ზემო და ქვემო მარტოფი, რომელიც 1965 წლიდან ფერეიდნის დაბა ქალაქად იქცა, ისპაჰანის მხარის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულია. იგი თავის მხრივ ორი ნაწილისა და რვა სასოფლო თემისგან შედგება. ქართველები ფერეიდნის 14 სოფელში ცხოვრობენ, რომელთაგან 10 სოფელი ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ. ირანში გადასახლებული ქართველები დროთა განმავლობაში აითქვიფა ადგილობრივ მოსახლეობასთან. ფერეიდანი კი ერთადერთია ირანში, სადაც დღემდე კომპაქტურად ცხოვრობენ და არ ათქვეფილან ადგილობრივ მოსახლეობასთან. ქართველები ცხოვრობენ აგრეთვე ისპაჰან-ფერეიდანს შორის ქალაქ ნაჯაფაბადში.
       ირანის რევოლუციის მერე საოცრად შეუცვლია გარეგნული იერი, როგორც ქალაქ ფერეიდუნშაჰრს, ისე მის სოფლებს. ალიზით ნაშენი სახლები უმრავლეს შემთხვევაში თანამედროვე სტილის ნიმუშებს შეუცვლია. ასევე იგრძნობა სახელმწიფოებრივი ზრუნვა ქვეყნის მომავალზე, ახალგაზრდა თაობაზე, რომლის დასტურად ფერეიდუნშაჰრში თეირანის ცნობილი უნივერსიტეტის „ფაიმე ნურის“ ფილიალის გახსნაც კმარა.
       ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები, რომლებიც ასახავს ოთხი საუკუნის წინ იძულებით გადასახლებულ ქართველთა ყოფა-ცხოვრებას ფერეიდანში, გადაღებულია 2000 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორ პარმენ მარგველაშვილის წამოწყებით, რექტორის – ბატონ როინ მეტრეველის გადაწყვეტილებით შექმნილ მცირე სამეცნიერო ექსპედიციის ეთნოლოგიის კათედრის დოცენტის, ცნობილი ეთნოლოგის ოთარ მიმინოშვილის, ირანული ფილოლოგიის კათედრის დოცენტ ნომადი ბართაიას და ფოტოგრაფ მიხეილ როსტომაშვილის შემადგენლობით მივლინების დროს.


 
1. უსინათლო ალი თავაზოი (თავაზაშვილი); 2. სოფელი ჩუღურეთი.

 
1. ფერეიდუნ შაჰრი; 2. სოფ. სიბაქის მამასახლისი ჰაჯი იუსუფ ქარბალი (ხადიკაშვილი)

 
1. ისპაჰანი; 2. სოფელი ჩუღურეთი.

 
1. მხატვარი ჰასან ალი რაჰიმი (არსენ ონიკაშვილი); 2. სოფელ ხუნგის თავკაცი – ჰაჯი იუსუფ ასლანი.

 
1. საქორწინო მოსაწვევი; 2. სოფელი სიბაქი (ვაშლოვანი).



სოფელი სიბაქი. ბიჭების სკოლა.








ფერეიდნის მოლა სიავუშთან სახლში

ფერეიდუნ შაჰრი (მარტყოფი)

ფერეიდუნ შაჰრი (მარტყოფი)

ფერეიდუნ შაჰრი (მარტყოფი)

ფერეიდუნ შაჰრის უნივერსიტეტის სტუდენტები

ფერეიდუნ შაჰრი (მარტყოფი)

ფერეიდუნ შაჰრის ქალთა სკოლა

ფერეიდუნ შაჰრის ახალგაზრდობა

გუთანი

ჰაჯი იუსუფ ასლანის სახლში

ისპაჰანი

მარტყოფი

მუხტარ ზამუნაშვილის სახლში

სოფელი ჩუღურეთი

სოფელი სიბაქი (ვაშლოვანი)

სოფელი სიბაქი (ვაშლოვანი)

სოფელი ხუნგა

სოფელი სიბაქი (ვაშლოვანი)

სოფელი სიბაქი (ვაშლოვანი)

თონე

ყაზანფარ ზამუნაშვილის დამხმარე სათავსოები. სოფელი სიბაქი.

ხალიჩა ქართული ორნამენტებით.


       მიხეილ როსტომაშვილი დაიბადა 1953 წლის 4 იანვარს ქ. თბილისში. ფოტოგრაფიით ბავშვობიდანვე დაინტერესდა. 1974 წლიდან დღემდე მისი მხატვრული ფოტო-სურათები პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მას ახასიათებს ჟანრობრივი მრავალფეროვნება.
       70-80-იან წლებში მიხეილ როსტომაშვილი იყო რესპუბლიკურ ფოტო-კლუბ „საქართველოს“ წევრი. მონაწილეობდა კლუბის მიერ მოწყობილ საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.
       1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს მოსკოვში გამართულ ფოტო-მოყვარულთა საკავშირო გამოფენაზე „დიდება დიდ ოქტომბერს“ დაჯილდოვდა მეორე ხარისხის დიპლომით. ასევე მიღებული აქვს საპატიო სიგელები საძიებო-გეოლოგიური სამუშაოების საქართველოს რესპუბლიკური პროფკავშირების კომიტეტის მიერ მოწყობილ გამოფენებში: „გეოლოგი მოცალეობის ჟამს“.
       მისი როგორც ფოტო-ხელოვანის დაოსტატებაში დიდი როლი ითამაშეს ცნობილმა ფოტოგრაფებმა: სიმონ კილაძემ, ზურაბ დათუაშვილმა და ჯავარ ლომაძემ.
       1988 წელს გამომცემლობა „ხელოვნებამ“ გამოსცა ბუკლეტი ცნობილ ქართველ ბალერინაზე ნინო ანანიაშვილზე, რომელშიც შესულია მის მიერ გადაღებული ფოტოები. 1989 წელს მიხეილ როსტომაშვილი მოსკოვში ფოტო-მხატვართა საკავშირო ყრილობის დელეგატია. არის ღირსების ორდენის კავალერი. 2000 წელს მოეწყო მისი პირველი პერსონალური ფოტო-გამოფენა „რომანტიკული მოტივები“. 2001-2002 წლებში ქ. ბათუმში ფოტო-გამოფენა „ახლოა ფერეიდნამდე“. 2002 წელს ალმაატაში „ქალები მშვიდობისათვის, ეკონომიკური დაცვისათვის და თანასწორობისათვის“ საერთაშორისო ფოტო-კონკურსის სერთიფიკატი. 2003 წელს ქ. თბილისში პერსონალური ფოტო-გამოფენა. 2005 წელს ქ. ბათუმში პერსონალური ფოტო-გამოფენა. 2007 წელს თბილისში და ბათუმში პერსონალური ფოტო-გამოფენა „განწყობილება“, 2010 წელს ქ. თბილისში – 2 ფოტო-გამოფენა.