საქართველოში გასაგზავნი 9 წერილი


      დიდი სამამულო ომის პერიოდში გერმანელებს ერთ-ერთი ქალაქის აღებისას ფოსტაში უნახავთ გასაგზავნი წერილები. ერთ გერმანელ ჯარისკაცს ეს წერილები გაუგზავნია თავისი მეგობრისთვის შესანახად. თვითონ ჯარისკაცი უგზო-უკვლოდ დაკარგულა, წერილები კი გადარჩენილა. შემდგომში ეს წერილები (1186 ცალი) მოხვდა "მეორე მსოფლიო ომის" მუზეუმში. როგორც იუწყებიან, ყველა წერილი გაუხსნელია. საქართველოში გასაგზავნი 9 წერილია! იქნებ ვინმემ თქვენი ახლობლის წერილი იპოვოთ?







      თქვენი ახლობლები შეგიძლიათ მოძებნოთ: 1. დიდ სამამულო ომში დაღუპულ და დაკარგულ მეომართა გაერთიანებული ბაზა: http://www.obd-memorial.ru/Memorial/Memorial.html   2. სამხედრო ტყვეთა ბაზა: http://www.dokst.ru/node/1118



      საქართველოში არ არსებობს ოჯახი, ვისაც დიდ სამამულო ომში ვინმე არ ყავდეს დაკარგული... ჩემი სამი ბიძა: ვიქტორ და გიორგი ალავერდაშვილები მამის მხრიდან და ბაგალიშვილი ვასილი დედის მხრიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან... (სამივე ბიძა მითითებულია სიღნაღში შინმოუსვლელთა სტენდის წნორის ჩამონათვალში).
      საბედნიეროდ სამხედრო ტყვეთა ბაზაში არცერთი ჩემი ბიძა არ მოიძებნა. დაღუპულ და დაკარგულ მეომართა გაერთიანებულ ბაზაში კი 36 Алавердашвили და 24 Багалишвили აღმოჩნდა. ალავერდაშვილებში ჩემი ყურადღება მიიქცია ჩანაწერმა ვლადიმერ ალავერდაშვილის შესახებ, რადგან გვარი და მამის სახელი დაემთხვა. არ იყო გამორიცხული, რომ სახელი „ვიქტორი“ შეცდომით ჩაეწერათ...
      Номер записи 509358586
      Фамилия Алавердашвили
      Имя Владимир
      Отчество Захарович
      Дата рождения __.__.1918
      Последнее место службы 251 СД 919 СП
      Воинское звание лейтенант
      Причина выбытия погиб
      Дата выбытия 26.11.1942
      Источники информации ЦАМО




      ინფორმაციის შემდგომი დაკონკრეტებით გაირკვა, რომ მამამისი ლაგოდეხის რაიონში ცხოვრობდა, ამიტომ ეს პიროვნება ბიძაჩემი ვერ იქნებოდა. სამაგიეროდ თითქმის ყველაფერი დაემთხვა დედაჩემის ძმის მონაცემებში (პატარა უზუსტობა – დედამისი თამარ ილიას ასული ბაგალიშვილი – მითითებულია, როგორც მეუღლე. არ არის გამორიცხული რომ დედის გაგზავნილი წერილი მეუღლის გაგზავნილად ჩათვალეს, რადგან წერილის ტექსტი ქართულ ენაზე იქნებოდა დაწერილი, მისამართი კი რუსულად იქნებოდა აღნიშნული).
      Номер записи 63966647
      Фамилия Багалишвили
      Имя Василий
      Отчество Стефанович
      Дата рождения __.__.1921
      Дата и место призыва 18.04.1942 Сигнахский РВК, Грузинская ССР
      Воинское звание рядовой
      Причина выбытия пропал без вести
      Дата выбытия __.06.1943
      Название источника информации ЦАМО
      Номер фонда источника информации 58
      Номер описи источника информации 977520
      Номер дела источника информации 495



ვიქტორ ალავერდაშვილი
გიორგი ალავერდაშვილი


      ვიქტორ ალავერდაშვილი სმოლენსკთან მძიმედ დაიჭრა... "გერმანელებმა ტყეს ცეცხლი რომ წაუკიდეს, ვისაც შეგვეძლო, თავს ვუშველეთ, დაჭრილები კი ვეღარ გამოვიყვანეთო..." გიორგი ალავერდაშვილი პერემეშლიანთან გმირულად დაეცა...


ვასილ ბაგალიშვილი და ბორის კოზლოვი
ჰოსპიტალში
დგანან: ფრიდონ და
ვასილ ბაგალიშვილები


      ვასილ ბაგალიშვილმა ბოლო წერილი სტალინგრადის ერთ-ერთი საშუალო სკოლის შენობაში განთავსებული იმ ჰოსპიტალიდან გამოგზავნა, სადაც ეს ფოტოა გადაღებული. "ჩვენი ჰოსპიტალი დაიბომბა, მანქანას შევახტით და ახლა ტყისკენ მივდივართო..."


პირველ რიგში, მარჯვენა მხარეს – აკაკი ალავერდაშვილი

გიორგი ალავერდაშვილი
ვიქტორ ალავერდაშვილი
გიორგი ალავერდაშვილი


გიორგი ალავერდაშვილი. 1942 წლის 27 დეკემბერი.





სტეფანე და თამარ ბაგალიშვილები მეჯვარე ნიკასთან ერთად


* * *

ოსვენციმი


      საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ერთ თვიანი საწარმოო პრაქტიკა ვარშავაში გავიარეთ. თავისუფალ დროს დიდხანს დავდიოდით ვარშავის ქუჩებში. შაბათ-კვირას კი ცოტა შორსაც მივდიოდით. ასე მოვინახულეთ პოლონური სულით გაჟღენთილი ძველი ქალაქი კრაკოვი, ზაკოპანე და ოსვენციმი...
      1977 წლის 24 აგვისტო. (სტილი დაცულია). 2-ს აკლდა 25 წუთი რომ მატარებელი „ოსვენციმი – კრაკოვი“ სადგურიდან გავიდა. ოსვენციმში რომ ჩავედით, სადგურიდან კიდევ ავტობუსით წავედით. რამდენიმე გაჩერების შემდეგ უკვე გამოჩნდა ოსვენციმის ბანაკი თავისი ცინიკური წარწერით: „შრომა მოგიტანს თავისუფლებას“, სადაც ერთი ასო სპეციალურად გადმობრუნებით იყო მიმაგრებული...



      შევედით პატარა დარბაზში, სადაც გვიჩვენეს დოკუმენტური ფილმი ბანაკის შესახებ. გვიჩვენეს მოხუცი ქალები, ბავშვები, ცდები, ექსპერიმენტები, თმები, საპარსები, ჯაგრისები, ჩემოდნები, ფეხსაცმელები, კრემატორიუმები... აგრეთვე გვიჩვენეს ხალხი, ვინც ცოცხლები გადაურჩნენ ამ ჯოჯოხეთს.
      ფილმის შემდეგ ჩვენი გიდი მოვიდა და ბანაკში შევედით. მთელი ბანაკი მავთულხლართებით იყო შემოფარგლული, შიგ დიდი ძაბვის დენი გადიოდა. საგუშაგოები. საშინელი სანახავი იყო ბანაკი. დღეც ისეთი იყო მოღრუბლული, ცივი, მხოლოდ ყვავების ჩხავილი ისმოდა.



      პირველად ვნახეთ ადამიანების ფერფლი, რომელიც სულ ბოლოს აღმოაჩინეს ბანაკში. რა თქმა უნდა უფრო ბევრი იქნებოდა, 4 მილიონი კაცის ფერფლს ნუ ეხუმრები. მერე ვნახეთ მაკეტი, სადაც წარმოდგენილი იყო როგორ შეყავდათ ხალხი ვითომ აბანოში, სად ახდევინებდნენ ტანსაცმელს, სად აძლევდნენ საპონს და პირსახოცს. მერე როგორ ახრჩობდნენ გაზით, რომელიც დგუშიდან ჩამოდიოდა. მაკეტზე წარმოდგენილი იყო როგორ აჰქონდათ გვამები კრემატორიუმებში. იქ მხოლოდ ახალგაზრდები და ჯანმრთელები მუშაობდნენ, ერთი თვის შემდეგ კი მათაც კრემატორიუმებში ყრიდნენ, კვალი რომ დაეფარათ... ვნახეთ ფოტოები, სადაც გერმანელი ოფიცერი ტყვეებს ანაწილებდა. მოხუცებს, ქალებს და ბავშვებს გზავნიდა „აბანოში“, ახალგაზრდა ბიჭებს კი სამუშაოდ შემდეგი ვადით: ებრაელების გარდა ყველა ეროვნების ტყვეს უნდა ეცოცხლნა და ემუშავა 2 კვირა, სასულიერო პირს კი ერთი თვე, მერე ისინიც პირდაპირ „აბანოში“. ხოლო ყველა ებრაელი პირდაპირ „აბანოში“.
      ვნახეთ თმები, რომელიც გვამებს მოპარსეს. ამ თმას სულ ერთნაირი ნაფრისფერი ჰქონდა, თმა ფერს იცვლიდა გაზის შემდეგ. თმების გროვაში აქა-იქ ბაფთიანი ნაწნავებიც ეყარა. გვერდით იდო ტილო, რომელიც თმებით იყო მოქსოვილი. მერე ვნახეთ სათვალეების გროვა... ამხსნელმა თქვა, ყოველ მეათეს რომ სათვალე ეტარებინა, მათი რიცხვი ძალიან დიდი იქნებოდაო, ეს კი მხოლოდ ნაწილი იყო, რომლის გაგზავნაც გერმანიაში ვერ მოასწრეს. იქვე იყო ფერხსაცმელები, ჩემოდნები, კბილის ჯაგრისები, ქვაბები, ღამის ქოთნები ბავშვებისათვის. ერთ ოთახში ბავშვის ტანსაცმელი და სოსკები იყო, ოქროს ნივთებს, დაგლეჯილ კბილებს, საყურეებს და სხვა ნაკეთობებს ადნობდნენ და გერმანიაში გზავნიდნენ. კასტილებსაც...
      ეზოში ვნახეთ კედელი, სადაც ხვრეტდნენ ტყვეებს. ყოველი კვირის ბოლოს თურმე იმ ადგილზე მიწას ცვლიდნენ, რადგან მიწა აღარ იშრობდა. მერე ვნახეთ კორპუსი, რომელსაც სიკვდილის ბლოკი ჰქვია. ამ კორპუსის წინ ჰკიდია დაფა, რომელზედაც ჩამოხრჩობილი კაცია გამოხატული წარწერით: „ადამიანი ადამიანისთვის“. თურმე ერთი ტყვე უნდა ჩამოეხრჩოთ. იმ კაცს უთქვამს, დიდი ოჯახი მაქვს და ნუ მომკლავთო. მერე ერთი სასულიერო პირი გამოსულა, მაგის მაგივრად მე ჩამომახრჩეთო. ის კაცი ცოცხალი გადარჩენილა, ამის შემდეგ ყოველი წლის 14 აგვისტოს თავისი ოჯახით მოდის იმ მხსნელის მოსახსენიებლად.




      შიგ რომ შევედით, ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ნახეს ადამიანებმა ომის დამთავრების დროს. სურათები კედლებზე იყო გაკრული. ყველაფერი: ადიელები, სისხლიანი ზეწრები, ჭურჭელი, ტანსაცმელი ისევე იყო. როგორც ჩანს მხოლოდ ჩონჩხებად ქცეული ადამიანები გაუტანიათ. დანარჩენი ისევე იყო დატოვებული.
      დაბლა ვნახეთ შიმშილის კამერები, კარცერები, ფეხზე რომ იდგნენ შიგ დღე და ღამე, შიგ ატაპლენიები იყო გაყვანილი, რომელშიც ცხელ წყალს უშვებდნენ სიცხის დროს, ზამთარში კი არ ათბობდნენ. მერე ვნახეთ სახრჩობელა, რომელზეც ამ ბანაკის კომენდანტი ჩამოახრჩვეს. სპეციალურად მისთვის იყო აშენებული. ბოლოს ვნახეთ კრემატორიუმები, როგორც ჩანს გერმანელებს კრემატორიუმების მოსპობა უნდოდათ, მაგრამ ვერ მოუსწვრიათ, სამი ისევ იყო, წინ გვამის დასადები, შეცურდებოდა შიგნით, ქვეშ კი ნახშირით ან კოქსით ხურდებოდა და იწვოდა. ვნახეთ ჯოჯოხეთი...



* * *


      მთელი პოლონეთის ტერიტორია ფაშიზმთან ბრძოლის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალებით და საფლავებით არის მოფენილი, რომელსაც ბაღებში, სკვერებში და ქუჩებშიც კი შეხვდებით...



      ვარშავაში, მდინარე ვისლის ამ ადგილზე ომის დროს ძალიან ბევრი პოლონელი დაღუპულა. ერთ ნაპირზე გერმანელები ყოფილად გამაგრებულნი, მეორე მხარეს კი პოლონელები. მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები ძალიან კარგად იცავდნენ ნაპირს, პოლონელებს მაინც მოუხერხებიათ ამ ადგილზე გადმოსვლა და თურმე ეს პატარა მიწის ნაჭერი დიდხანს შეუნარჩუნებიათ. იმ ადგილზე, სადაც ბევრი პოლონელი დაიღუპა, სამი მეომრის ძეგლი დგას წყლიდან ამოზიდული. ნაპირზე კი ჯარისკაცის ძეგლია, ნაღმს რომ ეძებს... გარშემო სვეტები ისე აქვს შემოვლებული, თითქოს ნაღმი აუფეთქდა და საცაა თვითონ ჯარისკაციც ჰაერში ავარდებაო...




      ზაკოპანეში არის მთა – „გევონტ“, სადაც ლეგენდის თანახმად მთიელ გიგანტს ღრმა ძილით სძინავს. თუ ზაკოპანეში ყველა ეკლესიის ზარს ერთდროულად დაარისხებენ, მთიელი გიგანტი გაიღვიძებს და მტერს ერთიანად ამოჟლეტავს. ამ მთის სიმაღლე 1909 მეტრია, გიგანტის ცხვირზე კი XIX საუკუნეში ერთ სასულიერო პირს ჯვარი აღუმართავს, რომელიც ყველა ადგილიდან თავისუფლად მოჩანს.



      განსჯისათვის გთავაზობთ ორ ფოტოს, რომელთაგან პირველი 1977 წელს არის გადაღებული საქართველოში, მეორე კი 2009 წელს. ორივეგან ჩემი პოლონელი მეგობრები არიან გამოსახულნი. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ პირველი სურათის გადაღების დროს ხელი გულთან ვერაფრით ვერ მიმატანინეს. მეორე ფოტო კი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფოტოა.




      პოლონეთში ყოფნის დროს ურთიერთობა ძირითადად ვარშავის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებთან მქონდა, მაგრამ საღამოობით ქუჩებში რომ დავდიოდი, აშკარად ვგრძნობდი უფროსი ასაკის პოლონელებიდან ზიზღს! მე არც კი გამკვირვებია, რადგან მათ რუსი ვეგონე... რუსების სინდისზე ხომ კატინი იყო! სადაც ფაქტიურად მთელი პოლონეთის ინტელიგენცია გაანადგურეს... შეძლებისდაგვარად მეც ვუხსნიდი ჩვენს 1937 წელს...


უპირველესი კატინელი.  Первейший Катынец.  Najważniejsza z ofiar.

კატინია ეს ცხოვრება,
ულმობელი კატინია,
კვლავ იქნება სატირალი,
თუმცა ბევრიც ნატირია!

კატინში ვართ ჩაბმულები,
ყოველი დღე კატინია,
ბოროტი აქვს მტერს განზრახვა
და ეს არა-მარტივია!

კატინია ის, რაც იყო,
რაც დღეს არის, კატინია,
ლეხ კაჩინსკიც ამ კატინის
უახლესი მარტვილია!

კატინია, როცა, როგორც
უფალს ლუთერ მარტინია,
გვერდით ედგე ქართველს ომში
გაქვს ეს ზე-ნორმატივია!

კატინია, პოლონელო,
და მეც შენთან ერთად მტლელი,
ვგლოვობ ჩვენს საერთო ტკივილს,
როგორც ერთი კატინელი!

კატინია, მაგრამ, როგორც
ყველა სიმართლეს და კატინს,
საბოლოო სინათლე და
გამარჯვება შემონატრის!..
  Катынь эта жизнь,
Катынь – безпощадна,
Многое оплаканно,
Вновь плакать надо.

В упряжке с Катынью,
Катынь каждый день,
Злорадствует враг
Падает тень.

Катынь то, что было,
Катынь наших дней_
Лех Качиньский новейший
Мученик в ней.

Катынь, быть с Грузином
На войне _ вот достойнство,
Как Лютер был с Богом,
Превыше геройства.

Поляк, Катынь это
Наша боль_душа свинцем
Я тлею с тобою ,
Как один из Катынцев.

Истину слышать
О Катынье не ждётся,
Светом победы
Правда пролётся.
  Katyń to życie,
Katyń - pamiętliwy
Wielokrotnie płakano
Znów trzeba płakać

W szponach Katynia
Katyń naszych dni
Wróg triumfuje
Pada cień

Katyń to, co było
Katyń naszych dni
Lech Kaczyński najnowszym
Męczennikiem w nim

Katyń, być z Gruzinem
Na wojnie - to godność
Jak Luter był z Bogiem
Wyżej bohaterstwa

Polak, Katyń to
Nasz ból - dusza jak z ołowiu
Palę się
Jak jedna z ofiar

Słyszeć prawdę
O Katyniu nie czekać,
Światło zwycięstwa
Przyleci wraz z prawdą

მიხეილ ღანიშაშვილი. 2010.



      შენიშვნა: ლექსი რუსულად თარგმნილია ქალბატონ ია მშვიდობაძის მიერ, ხოლო პოლონურ ენაზე – მათეუშ ბაიეკის მიერ.



* * *


      1. "ვნახეთ ჯოჯოხეთი" – საშინელებააა!!! დამიმძიმდა სული!!! – გიორგი გახოკიძე.
      2. მართლაც ჯოჯოხეთი... როგორ შეძელი ყველაფერი ამის საკუთარი თვალით ნახვაა?! – ია მშვიდობაძე.
      3. მართლა საშინელებაა... გასკდა გული და დავიზაფრე... ძალიან მაინტერესებს ეგ თემა და ჰოლოკოსტი ზოგადად... არ ვიცოდი თუ ეს ყველაფერი საკუთარი თვალით გქონდა ნანახი... – რობერტ მესხი.

      ჩემო რობერტ, ძმავ და მეგობარო! რატომ დამისვი ეს შეკითხვა? ჯერ მინდოდა ტელეფონში მეპასუხა შენთვის, მერე დავაპირე ფოსტაზე გამომეგზავნა, მაგრამ მაინც ჯობია აქ გიპასუხო, იქნებ სხვასაც აინტერესებს? მაგრამ ვისაც სუსტი გული აქვს, ჯობია არ წაიკითხოს... მაშინ სპეციალურად გამოვტოვე ებრაელების თემა, ძალიან მტკივნეულია... ზემოთ კი მიწერია რომ ყველა ებრაელს პირდაპირ „აბანოში“ უშვებდნენ-თქო, მაგრამ ასე არ ყოფილა... ფიზიკურად ძლიერ ებრაელ მამაკაცებს განსაკუთრებულ სამუშაოებზე აგზავნიდნენ... ეს ძირითადად გაზის ღუმელები იყო... ყოველი ღუმელის გვერდით ნაჯახი იყო მიყუდებული... ეს იმ შემთხვევაში, თუ გვამი არ დაეტეოდა ურიკაზე, ან თუ ვინმე სუფთა ჰაერზე მოსულიერდებოდა... ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ვინც პირველები დაეცემოდნენ, ზემოდან დაცემულნი გაზის მოქმედებას უხშობდნენ, შემდეგ კი გონზე მოდიოდნენ... ხდებოდა გვამების დახარისხებაც... ვისაც სხეულზე ტატუირება ჰქონდა, ის ცალკე გაჰყავდათ და წინასწარ მომზადებულ ვანაში უშვებდნენ, სადაც მდუღარე პარაფინი თუხთუხებდა... ასე შეიძლებოდა კანის დაუზიანებლად მოცილება, რითაც შემდეგ ხელთათმანებს და ქალის ჩანთებს კერავდნენ... ასეთ ნივთებზე გერმანიაში დიდი მოთხოვნილება ყოფილა... საპონზეც...







      ისიც გვითხრეს, რომ როცა ინჟინრები მიუყვანიათ კრემატორიუმების ასაშენებლად, ერთს უკითხავს: პროექტში გაუგებრობაა, აქედან ხალხი როგორ უნდა გავიდეს ისე, რომ შემომსვლელ ნაკადს არ შეხვდესო? მაშინვე კეფაში ტყვია მიუღია... მან ხომ არ იცოდა, რომ ხალხი საკვამლე მილებიდან უნდა გამოსულიყო გარეთ...
      და ერთი კიდევ. გუშინ საღამოს ამერიკიდან ერთი წერილი მივიღე ფოსტაზე: გუგუა, რა ლამაზი ბიჭუნა ყოფილხარ, გენაცვალე შენ! დილაადრიან რას მატირე ამ წერილებზე, ნეტავ თუ ვინმე ამოიცნობს თავისიანს. ოსვენციმზე ხომ ლაპარაკიც აღარ მინდა, საშინელებაა. 5 წელი ვიყავი ვარშავაში და სულ მესმოდა მათგან: ჰიტლერს ისეთი არაფერი გაუკეთებია ჩვენთვის, როგორც რუსებსო, სასტიკად ეზიზღებათ რუსები და აი რა მწარე სამაგიერო მიიღეს რუსებისგან კიდევ ერთხელ, 21-ე საუკუნეში. ნუთუ 96 ადამიანის სიკვდილს ასე შეარჩენენ?

გიორგი ალავერდაშვილი.


      4. სხვათა შორის, ბერლინშიც არის ასეთი მუზეუმი, სადაც ფაშიზმის ამსახველი ნივთებია გამოფენილი. არ შემშლია არაფერი, როცა ნივთები ვთქვი: 1977 წლის ზაფხულში ვნახე ჩემი თვალით! მუზეუმში ინახება ადამიანის ტატუირებული ტყავისგან შეკერილი ქალის ჩანთა. აგვიხსნეს, რომ ასეთი ჩანთები ისევე ძვირი ღირდა, როგორც გველის ან ნიანგის ტყავიდან შეკერილი ჩანთებიო. ვნახე ზრდასრული ადამიანის გამომშრალი თავი, რომლის ზომა ჩემს მუშტს არ აღემატებოდა! ვნახე ადამიანის გლუვი და "უნახატებო" ტყავისგან შეკერილი ტორშერისა და მაგიდის ლამპის აბაჟურები... სათუთუნეები, ხელთათმანები... ცალკე ეწყო ყბის ძვლები, რომლებიც ოქროს კბილებთან ერთად იყო ამოტეხილი ტყვეების გვამებიდან (ან იქნებ ცოცხალი ტყვეებიდანაც?) მოკლედ, საშინელება საშინელებათა შორის! მეც ვნახე ჯოჯოხეთი, გიორგი... და მეც 1977 წელს!
      კიდევ ერთს მოვიგონებ: როცა ჩვენი მატარებელი ბერლინში შედიოდა, ბერლინის მავთულხლართებიანი კედლის გასწვრივ გავიარეთ. ჯგუფის ხელმძღვანელს ვკითხე, – "ისე ახლოს ვართ ამ კედელთან, ვინმემ რომ მოინდომოს, შეუძლია თუ არა შეხტეს ამ კედელზე და იქით გადაბობღდეს-მეთქი?" ჯგუფის ხელმძღვანელმა ხელიდან სწრაფად გამომართვა გაზეთი, დაკუჭა და მთელი ძალით ესროლა კედელს. გაზეთი მომენტალურად ჩამოიფერფლა დაბლა, – არც კი აალებულა! "ხედავ, რა დაემართა ამ ქაღალდს? მასე მიეწებება ზედ ადამიანიც და მის ფერფლს თუღა ააგროვებენ მისასო" – თამარ ბუკია.
      5. გამარჯობათ გიორგი. სასიამოვნოა რომ ასეთ პატრიოტულ თემატიკაზე მუშაობთ. როცა „ოსვენციმი“ წავიკითხე, გადავწყვიტე შეგხმიანებოდით. საქმე იმაშია რომ შესაძლოა თქვენს ჩანაწერებში მოხსენიებული სასულიერო პირი ჩემი მოგვარე – გრიგოლ ფერაძეა, რომელმაც პოლონელი ებრაელის დიდი ოჯახის სანაცვლოდ გასწირა თავი. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ გრიგოლ ფერაძე სახრჩობელაზე კი არ ჩამოახრჩვეს, არამედ გაზის კამერაში გაგუდეს... ეს ცნობილი ფაქტია, რომ ოსვენციმში ჩამოხრჩობა თითქმის არ ხდებოდა. მხოლოდ დახვრეტა და გაზის კამერები...
      მე პოლონეთში მაქვს დამთავრებული კრაკოვის უნივერსიტეტი და გრიგოლ ფერაძის შესახებ ბევრი რამ ვიცი. თავისი ცხოვრების მანძილზე მან ბევრი ებრაელი შეიფარა და გადაარჩინა ფაშისტური ოკუპაციის დროს. სამწუხაროდ როგორც ირკვევა ისევ გამყიდველი ქართველის დასმენით მოხვდა გესტაპოში და შემდეგ ოსვენციმში, სადაც მოკლეს კიდეც...
      გრიგოლ ფერაძე – სულიერად მტკიცე, კაცთმოყვარე, უმდიდრესი კულტურისა და სულიერების ადამიანი, მაგალითი მართლმადიდებლური სარწმუნოების დიდი მექომაგობისა, დამხმარე შეჭირვებულთა, წმინდა სულიერი მოძღვარი და მასწავლებელი... სამწუხაროდ საკუთარ სამშობლოში ჯერ არასათანადოდ დაფასებული... მისი საქმე და მისი სახელი კვალად და ნათელად მიუძღვის წინ ყველა ქართველს, რომელიც კი პოლონეთის მიწაზე დაადგავს ფეხს... პირადად მაქვს გამოცდილი ეს აურა, რომელიც ყოველთვის მეხმარება და მმფარველობს. მის ხატთან ლოცვა დიდ სიმშვიდეს და სულიერ ამაღლებას მაძლევს... მეამაყება რომ ამ უდიდესი სულიერი მოძღვარის მოგვარე ვარ და ძალიან მიხარია, როცა პოლონელი ხალხი ასე მოწიწებით ისხენიებს გრიგოლ ფერაძის სახელს! ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი დიდი ქართველები!

პატივისცემით მალხაზ ფერაძე.

* * *

წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე

ისტორიკოსი, თეოლოგი. დაიღუპა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში,
როდესაც საკუთარი სურვილით შევიდა გაზის კამერაში მრავალშვილიანი მამის მაგივრად.


      გრიგოლ ფერაძე იმ წმინდანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ქართული მიწისაგან შორს, უცხოეთში გაუთქვეს სახელი საკუთარ ქვეყანას და თავისი მოღვაწეობით შეძლეს სულიერი კავშირის შენარჩუნება სამშობლოსთან. თეოლოგი, ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გრიგოლ ფერაძე, პირველ რიგში მაინც მოძღვარი იყო, რომელმაც ცხოვრების მიზნად ღვთისა და ერის სამსახური დაისახა და როგორც ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა, მოყვასისათვის გაწირა თავი, რისთვისაც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
      მამა გრიგოლი დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფ. ბაკურციხეში (სიღნაღის მაზრა), მღვდლის, რომანოზ ფერაძის ოჯახში. დედა – მარიამ სამადალაშვილი აგრეთვე მოძღვრის ქალიშვილი იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავდათ: უფროსი არჩილი, შუათანა გრიგოლი და უმცროსი – ვასილი. საერთოდ მათი გვარი სამღვდელო ყოფილა. ამის შესახებ მამა გრიგოლი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში გადმოგვცემს, რომ მისი წინაპრები მწყემსები იყვნენ, მაგრამ ერთ დილით, უდაბნო ადგილას, სადაც ორი მწყემსი დარაჯობდა თავის ფარას, გაისმა ზარების სასწაული ხმა და ამ მელოდიის ბგერებში ერთ-ერთ მწყემსს ეუწყა, რომ მისი შთამომავლები უნდა ქცეულიყვნენ ადამიანური სულის მწყემსებად. „ამ დროიდან იწყება ახალი ჟამი ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. ცხვრის მწყემსები სულთა მწყემსებად გადაიქცნენ. ჩვენ, ბავშვებს, ზამთარში საღამოობით გვიყვებოდნენ იმ ბედნიერ მწყემსებზე – ჩვენს წინაპარსა და მის მეგობარზე“.
      გრიგოლი რომ წამოიზარდა, სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. გრიგოლი საუკეთესო იყო სემინარიის კურსდამთავრებულთაგან და ამიტომაც საკათოლიკოსო საბჭომ პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით მიმართა გენერალ ფონ კრესს გრიგოლ ფერაძისთვის რომელიმე გერმანულ თეოლოგიურ ფაკულტეტზე სტიპენდიის დანიშვნის თაობაზე (მისი რუსეთში გაგზავნა ბოლშევიზმის გამო შეუძლებელი იყო). ფონ კრესი საკათოლიკოსო საბჭოს ოფიციალურ მიმართვას შეჰპირდა, მაგრამ იმჟამად გერმანიაშიც რევოლუციური ქაოსი სუფევდა და ეს გეგმა ჩაიშალა.
      გრიგოლმა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილებაზე (მაშინ ფაკულტეტები ჯერ არ იყო) გააგრძელა სწავლა, პარალელურად კი სოფელ ხანდაკის სკოლაში მასწავლებლობდა. ამასობაში გრიგოლს „სამხედრო ბეგარის“ დრომაც მოუწია და იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა სწავლა. ეს უმძიმესი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისათვის. სამივე ძმა იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ. საქართველოს ანექსიის შემდეგ, ჯარიდან დაბრუნებულს დაპატიმრება ემუქრებოდა, ამიტომ კორნელი კეკელიძემ სოფელ მანავში გააგზავნა მასწავლებლად.




      1921 წელს, გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე გრიგოლი გარე კახეთის სამღვდელოების წარმომადგენელი იყო, იქ მიტროპოლიტ ნაზარისა (ლეჟავა) და პროფესორ კეკელიძის შუამდგომლობით მისი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრების საკითხი გადაწყდა. გრიგოლის უცხოეთში გამგზავრებით კათოლიკოსიც ყოფილა დაინტერესებული. „მახსენდება უკანასკნელი აღდგომის დღესასწაული სამშობლოდან გამომგზავრებამდე, – წერს გრიგოლი. ეს იყო 1921 წლის პირველი მაისი, ლოცვას აღავლენდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, წირვის დამთავრებისას, როცა პატრიარქი ტაძრიდან გამოვიდა, შეჩერდა, მან ჩემი ორივე ხელი აიღო და მამობრივი მზრუნველობით წარმოთქვა მრავალგზის: განეშორე, იხსენი შენი სიჭაბუკე! შევიგრძენი მამა-შვილური მზრუნველობა, სიმწარე, ტკივილი და სევდაც“. საკათოლიკოსო საბჭომ, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ, კორნელი კეკელიძემ და ივანე ჯავახიშვილმა 1921 წლის ნოემბრის დამდეგს სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი არტურ ლაისტის დახმარებით ბერლინში გაგზავნეს. მას დაენიშნა „დოქტორ ლეპ სიუს დოიჩე ორიენტ-მისიონის“ სტიპენდია.
      გერმანიაში სახელგანთქმულ ბერლინის უნივერსტეტში თეოლოგიას და აღმოსავლურ ენებს სწავლობდა, შემდეგ კი ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე გადავიდა და ნაშრომისათვის, რომელიც საქართველოს მონასტრებს შეეხებოდა, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც კი მიიღო. მოკლე ხანში მან 12-ზე მეტი ენა ისწავლა, მათ შორის ძველებრაული, ძველბერძნული, სირიული, არაბული, კოპტური და ძველსომხური ენები. მოგვიანებით ლათინურსა და თანამედროვე ენებს - ინგლისურს და ფრანგულს სწავლობს. ამათ გარდა, იცოდა გერმანული, რუსული და ძველსლავური.
      ამასობაში საქართველოში კომუნისტური წეს-წყობილება დამყარდა და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსაკენ გზა შეეკრათ. მათ საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებაც კი აღარ შეეძლოთ. გრიგოლი ინგლისში გაემგზავრა და იქ სამეცნიერო მუშაობას შეუდგა. ეცნობოდა ბრიტანეთის მუზეუმსა და ოქსფორდის უნივერსტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერებსა და მასალებს. მალე იგი მიიწვიეს ბონში, რათა ლექციები წაეკითხა ქართულ და სომხურ ლიტერატურაზე, ერთი წლის შემდეგ კი ოქსფორდში შესთავაზეს ქართული ეკლესიის ისტორიის საკითხების შესახებ ლექციების წაკითხვა.
      1930 წლის შობის დღეებში მძიმედ დაავადდა. სიკვდილის პირას მისულს ხილვა ჰქონდა, რომ უფლისთვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წლის 18 აპრილს, ჯერ სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ უკვე პატივდებული მეცნიერი ლონდონის წმიდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში ბერად აღიკვეცა. 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდებენ და მის მიერვე დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში ამწესებენ წინამძღვრად. ამ დროიდან მოკიდებული მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, იგი დაუღალავად იღვწოდა პარიზის ქართული ეკლესიისთვის და ეს საქმე თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიაჩნდა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და გამოიცემოდა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. მამა გრიგოლმა შეადგინა ქართული ეკლესიის წესი, რომლის თანახმადაც ამ ტაძარში მხოლოდ ქართველ მღვდელმსახურებს უნდა ემსახურათ და აუცილებლად ქართულ ენაზე. ამ სამრევლოს ჩამოყალიბება ძალიან დიდი საქმე იყო, რადგან იგი ერთადერთ ნუგეშს წარმოადგენდა სამშობლოდან გადმოხვეწილი და სამშობლოს უიმედოდ მონატრებული ქართველობისათვის.
      რამდენიმე ხნის შემდეგ მამა გრიგოლ ფერაძე პოლონეთში, ვარშავაში მიიწვიეს მართლმადიდებლური სასულიერო სკოლის დირექტორად. იგი მოხსენებებს კითხულობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ევროპის სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრებში. მთელ თავის სახსრებს ახმარდა სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა თუ ბიბლიოთეკებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა მოძიებსა და შესწავლას და ამ მხრივ დიდი შრომაც გასწია. საქართველოში კი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არავინ არაფერი იცოდა მისი ნაშრომებისა და მოღვაწეობის შესახებ. არავინ იცოდა ისიც, რომ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საფრანგეთში გახიზნული ქართული საუნჯეც გრიგოლ ფერაძის წყალობით გადაურჩა განადგურებას. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ფაშისტებმა თითქმის მთელი ევროპა დაიპყრეს, შეიტყვეს, საფრანგეთის ერთ-ერთ ბანკში ერთი პატარა ქვეყნის დიდი ქონება ინახებაო. ამ ქონების შესაფასებლად მათ გრიგოლ ფერაძე მიიწვიეს, როგორც ცნობილი მეცნიერი და ექსპერტი. მამა გრიგოლმა იფიქრა, საქართველოს ასეთი სიმდიდრის განადგურებას ჩემი სიკვდილი სჯობსო და ფაშისტებს განუცხადა, ეს ქონება არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს, ის უბრალოდ ქართველებისთვისაა ძვირფასი, როგორც ეროვნული შემოქმედებაო. ფაშისტები ენდნენ გამოჩენილ მეცნიერს და განძზე ფიქრს თავი ანებეს.



      ომი მძვინვარებდა. ფაშისტები ხალხს სასტიკად ექცეოდნენ, აწამებდნენ, ხოცავდნენ, განსაკუთრებით კი ებრაელებს დევნიდნენ. მამა გრიგოლი ხშირად იფარებდა ასეთ ადამიანებს, თავშესაფარსა და საზრდოს უნაწილებდა, რისთვისაც შეიპყრეს და ციხეში ჩასვეს, შემდეგ კი ოსვენციმის ბანაკში გადაიყვანეს. იგი იქვე აღესრულა. როგორც მასთან ერთად მყოფი პატიმრები იგონებენ, მამა გრიგოლთან ერთად ბანაკში ერთი მრავალშვილიანი ებრაელი ყოფილა, რომელსაც ფაშისტებმა გაზის კამერაში გაგუდვა გადაუწყვიტეს. მამა გრიგოლს შებრალებია ეს კაცი, მისი სასჯელი თვითონ აუღია თავზე და მის მაგივრად შესულა გაზის კამერაში.
      რამდენიმე წლის წინ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილა მამა გრიგოლის მოღვაწეობა და ქრისტიანობისათვის, სამშობლოსათვის და მოყვასისათვის თავგანწირული არქიმანდრიტი წმინდანთა დასში შერაცხა. გრიგოლ ფერაძეს ეწოდა მღვდელმოწამე გრიგოლი.



      6.1. მოგესალმები გიორგი! რატომღაც მგონია რომ შენ უფრო მეტი იცი ებრაელების წამებაზე და ალბათ უბრალოდ თავი შეიკავე. ახლა იყო 20 აპრილს ''გამარჯვების დღე'' ანუ ''იომ აცმაუტ'' ამ დღეს მთელი ტელევიზია გამორთულია და მხოლოდ აჩვენებენ იმ საწყალ ხალხს, რომლებიც გადაურჩნენ იმ ჯოჯოხეთს. ამ დღეს დილის საათებში ირთვება 1 წუთით სირენა, ამ დროს ყველა წყვეტს საქმეს და ფეხზე დგება და ჩუმად არიან, ანუ მთელი ისრაელი კვდება 1 წუთით. მანქანები ჩერდებიან და მძღოლები გადმოდიან. მოკლედ 1 წუთით ცხოვრება ჩერდება. ერთმა ხნიერმა ქალბატონმა ასეთი რამ მოყვა, რომ გერმანელები გასათხოვარ გოგოებს დღეების განმავლობაში წყალში აყენებდნენ და აკვირდებოდნენ თუ შეეცვლებოდათ თვალის ფერი. ლამაზი გოგონები სახეზე ტალახს ისმევდნენ რომ გერმანელებს არ ენახათ, ამას ჩემი მეზობელი მიყვებოდა, რომელმაც გამოიარა ეს ჯოჯოხეთი და თავის თვალით ნახა როგორ უწამეს მშობლები და ნახევრად ცოცხლები როგორ დამარხეს, რომელსაც ხელზე აქვს ნიშანი ანუ ციფრები, იქ რომ ადებდნენ ბანაკში.
      ერთხელ აბანოდან რომ გამოვედითო დაავიწყდა ერთ საწყალ გოგონას, რომელიც ლამაზი იყო, მურის წასმა სახეზეო და იმ წუთში შეამჩნიესო და წაიყვანესო. 3 დღის მერე ჩამოხრჩობული უნახიათ შიშველი, წარწერით ''ესე მოვექცევით ყველას, ვინც არ დაგვემორჩილება'', მერე კაცებს ღამე მოუპარიათ და ჩამოუხსნიათ საწყალი გოგო, რა თქმა უნდა, დაიჭირეს გერმანელებმა და გამთენიისას იმავე კაცებს ორმო ამოათხრევინეს. ეს გვამი ჩააგდეს შიგნით და ის კაცებიც შიგნით ცოცხლად დამარხეს და ამდაგვარი კიდევ ბევრი რამ ცოცხლებად რომ მარხავდნენ, შვილებს მამების წინ რომ ახრჩობდნენ, აუპატიურებდნენ და ა.შ.
      რაც შეეხება გრიგოლ ფერაძეს, მასზე მეც მქონდა სტატია დაწერილი და მასაც გიგზავნი ჩემო კარგო:
      1995 წელს 19 სექტემბერს სვეტიცხოველში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდანად შეირაცხა არქიმანდრიტი გრიგოლ ფერაძე.
      მამა გრიგოლი დაიბადა 1899 წლის 31 აგვისტოს სოფელ ბაკურციხეში მღვდლის, რომანოზ ფერაძე ოჯახში. დედამისი მარიამ სამადაშვილი მოძღვრის ქალიშვილი გახლდათ. 1913 წელს გრიგოლმა თბილისის სასწავლებელი დაამთავრა, 5 წლის შემდეგ კი – სემინარია. გრიგოლმა თბილისის სემინარიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების განყოფილებაზე, პარალელურად სოფელ ხანდაკის სკოლაშიც მასწავლებლობდა. 1921 წელს გარე კახეთის სამღვდელოება გელათში გამართულ მესამე საეკლესიო კრებაზე გრიგოლს აგზავნის წარმომადგენლად, სადაც მისი ევროპაში სასწავლებლად გამგზავრების საკითხი წყდება მიტროპოლიტ ნაზარის და პროფ. კორნელი კეკელიძის შუამდგომლობით.
      1921 წლის ნოემბერში სრულფასოვანი თეოლოგიური განათლების მისაღებად გრიგოლი არტურ ლაისტის დახმარებით ბერლინში გააგზავნეს. იგი ჩაირიცხა ბერლინის უნივერსიტეტის თეოლოგიურ განყოფილებაზე, რომელსაც თეოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით ამთავრებს. 1925 წლის აპრილიდან გრიგოლი ბონის უნივერსიტეტის სტუდენტია. 1925-27 წლებში ახალგაზრდა დოქტორი ბრიუსელში კათოლიკე ბერთა ორდენში მუშაობს. 1927 წელს ლონდონში მიემგზავრება და ოქსფორდის ბიბლიოთეკაში ქართულ ხელნაწერებს ეცნობა. ფრანგულად თარგმნის წმიდა პეტრე მოციქულის ლიტურგიის ქართულ ვერსიას.
      1927 წელი უმნიშვნელოვანესი ხდება გრიგოლის ცხოვრებაში. იგი ბონის უნივერსიტეტში ქართულ-სომხური ენების ლექტორად მიიღეს. მისი გამოკვლევები სისტემატურად იბეჭდება სამეცნიერო პერიოდიკაში. მამა პეტრიკი წერდა: ,,ამ გამოკვლევებმა იმთავითვე მოუხვეჭეს დოქტორ გრიგოლ ფერაძეს ახლო აღმოსავლეთის ადრეული ქრისტიანობის პრობლემატიკის ერთი უთვალსაჩინოესი სპეციალისტის სახელი”. 1929 წელს იგი ბერლინში დააპატიმრეს (დაკავების მიზეზი უცნობია). გათავისუფლების შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრა. 1929 წელს გრიგოლ ფერაძის თაოსნობით ჩატარდა პარიზის ქართული სამწყსოს კრება, სადაც დაარსდა პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ეკლესია.
      1930 წელს შობის დღეებში იგი მძიმედ დაავადებულა. სიკვდილის პირას მისულს ხილვაში გამოცხადებია, რომ უფლისათვის ბოლომდე უნდა მიეძღვნა თავი და 1931 წელს სრულიად ახალგაზრდა უკვე პატივდებული მეცნიერი ბერად აღიკვეცა ლონდონის წმიდა სოფიის ბერძნულ საკათედრო ტაძარში, 19 აპრილს იქვე ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 25 მაისს პარიზის წმიდა სტეფანეს ბერძნულ საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდებენ მის მიერვე დაარსებულ წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში ამწესებენ წინამძღვრად. ვიქტორ ნოზაძე წერდა: ,,გრიგოლი იყო პიროვნულად უმწიკვლო, განუსაზღვრელად სპეტაკი და ღრმად მორწმუნე. მას ჰქონდა ძვირფასი ქართული გარდამოხსნა, რომელშიც ათასობით ოქროს აძლევდნენ, მაგრამ არ ჰყიდდა, საქართველოს მუზეუმს უნდა მივართვაო”. ომის დროს იგი პოლონელებს და ებრაელებს ეხმარებოდა, ქუჩებში მკვდრებს აპატიოსნებდა. გესტაპომ იგი დააპატიმრა. ის ჯერ პავიაკის ციხეში იმყოფებოდა, 1942 წელს კი ოსვენციმში გადაიყვანეს. 1942 წლის 6 დეკემბერს იგი დაიღუპა, ყველაზე სარწმუნო ვერსიით, გაზის კამერაში, სადაც ნებაყოფლობით შევიდა მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად. ,,მამა გრიგოლი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა სახარების, ჭეშმარიტებისადმი ერთგულებას. ომის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ეკიდა ტაძარში მისი სამოსელი. ის მოგაგონებდათ ადამიანს, რომელმაც თავის ცხოვრებაში განასახიერა სახარების იდეალი” – ამბობს ჰენრიკ პაპროცკი.
      ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 1942 წელს ის რომ არ მოეკლათ მას ეპისკოპოსად კურთხევასაც უპირებდნენ. – დიანა. ისრაელი. 2010 წლის 17 მაისი.

      P.S. მეტად უცნაური ამბავია, მე რაც ვნახე და ჩემი ყურით მოვისმინე, ის სასულიერო პირი ოსვენციმში მრავალშვილიანი ებრაელი ტყვის ნაცვლად 14 აგვისტოს ჩამოახრჩეს, გრიგოლ ფერაძე კი – "1942 წლის 6 დეკემბერს დაიღუპა, ყველაზე სარწმუნო ვერსიით, გაზის კამერაში, სადაც ნებაყოფლობით შევიდა მრავალშვილიანი პატიმრის ნაცვლად". არ არის გამორიცხული რომ ორ სხვადასხვა თავგანწირვასთან გვაქვს საქმე... თუმცა ანალოგიური ისტორიები კიდევ შეიძლება გამომზეურდეს...

      6.2. სხვადასხვა პიროვნება არა გიორგი, იმიტომ რომ სურათი ერთი და იგივე ადამიანის არის, უბრალოდ დაღუპვის თარიღია შეცდომით, მე სემინარები როცა ტარდებდა თბილისში, ებრაელების ულპანში (სოხნუტში), იქ მაქვს მოსმენილი. უნივერსიტეტის პროფესორმა ბატონმა ჯემალ აჯეიშვილმა წაგვიკითხა ლექცია გრიგოლ ფერაძეზე და იმ დროინდელ ამბებზე. ის მასალა კი, რაც ადრე გამოგიგზავნე, ინტერნეტში ვნახე. მერე როცა შევადარე ჩემს იმ დროინდელ ჩანაწერებს ყველაფერი დაემთხვა და ამიტომ დაგიწერე, დაღუპვის თარიღის გარდა ყველაფერი ემთხვევა, ყველა თარიღი და მისი მოღვაწეობა. ჰოდა მე მგონი მაინც ზუსტად არავინ იცის რომელ რიცხვში და თვეში დაიღუპა 6 დეკემბერს თუ 14 აგვისტოს, იმ დროს ალბათ ძნელი იყო მაინც ზუსტი თარიღის განსაზღვრა, სხვაობა კი სულ რაღაც 4 თვეა... – დიანა. ისრაელი.

      7. გრიგოლ ფერაძე (1899-1942) ისტორიკოსი, თეოლოგი. 1918 წელს გრიგოლ ფერაძემ თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა. შემდეგ სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, საიდანაც 1921 წელს სწავლის გასაგრძელებლად გერმანიაში გაგზავნეს. 1925 წელს დაამთავრა ბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი და იმავე წელს ნაშრომისთვის ”მონაზვნობის დასაწყისი საქართველოში” მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
      1927 წლიდან გრიგოლი აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა ინგლისში, საგრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. ბონის უნივერსიტეტში პრივატ-დოქტორის წოდებით კითხულობდა ძველი ქართული და ძველი სომხური ლიტერატურის კურსებს. 1932 წლიდან კითხულობდა ქართული ეკლესიის ისტორიას ოქსფორდში, ხელმძღვანებდა ვარშავის უნივერსიტეტის პატროლოგიის კათედრას მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე. გრიგოლ ფერაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხელნაწერებისა და სხვა ისტორიული დოკუმენტების მოძიების საქმეში. მან ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკებში გამოავლინა 162 ქართული ხელნაწერი, პოლონეთის მართლმადიდებლურ მონასტრებში – ისტორიულ-პალეოგრაფიული და არქეოლოგიური მასალები. მანვე მიაკვლია გრიგოლ ბაკურიანისძის პეტრიწონის ტიპიკონს, ათონზე შეიძინა 15 ქართული ხელნაწერი. ეხმარებოდა ექვთიმე თაყაიშვილს საფრანგეთში გატანილი ქართული განძეულობის დაცვაში. გამოსცემდა ჟურნალებს: ”ჯვარი ვაზისა” და ”პატროლოგია” (პოლონურ ენაზე). მის კალამს ეკუთვნის ასევე რამდენიმე თარგმანიც.
      გრიგოლ ფერაძე დაიღუპა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. ის მრავალშვილიანი მამის ნაცვლად შევიდა გაზის კამერაში. ქართულმა ეკლესიამ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა. – "საქართველოს დიდი ათეული".

      8. ოფიციალური გერმანული ცნობების თანახმად გრიგოლ ფერაძე აღესრულა 1942 წლის 6 დეკემბერს, 16 საათსა და 45 წუთზე. ესაა ოსვენციმის ბანაკის ადმინისტრაციის მიერ 1942 წლის 30 დეკემბერს გაცემული ცნობა, ხოლო ოსვენციმში პოლონეთის იმდროინდელი მთავრობის წარმომადგენლის ჩანაწერებში, რომელიც 1942 წლის დეკემბრის ამბებს შეეხება, აღნიშნულია: „ბანაკი ოსვენციმი. აქ გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ მოყვანილი გრიგოლ ფერაძე, პროფესორი, თეოლოგი, მართლმადიდებელი, ქართველი, გამოჩენილი მეცნიერი“. როგორც ირკვევა, არქიმანდრიტმა გრიგოლმა, მოყვასის სიყვარულით თავს იდვა სხვებისთვის განკუთვნილი სასჯელი და მათ ნაცვლად აღესრულა, იგი გაზის კამერაში მოაკვდინეს ფაშისტებმა.










"მუდმივი კავშირის სამყარო"
2(46)2010