კავშირი – პოეტური ორდენი "მარადახალი ქნარი"
ეგზოტიკური ჩაიხანა "გულანშარო”
პოეზიის საღამო
"ლექსები ფერეიდანზე"


პ რ ო გ რ ა მ ა

2010 წლის 19 ნოემბერი; 19.00 საათი
თბილისი, აბანოთ-უბანი; ი. გრიშაშვილის ქ. 14



 

 

 

 

 


პირველი ნაწილი

სიტყვები, მოგონებები

      1. შესავალი სიტყვა – მიხეილ ღანიშაშვილი, "კავშირ პოეტურ ორდენ "მარადახალი ქნარის" თავმჯდომარე, პოეტი.
      2. გიორგი ალავერდაშვილი, მწერალი – ფერეიდანში ორგზის ნამოგზაურევის "ირანული დღიურის" ფრაგმენტები.
      3. ნოდარ კოჭლაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე – ორიოდე სიტყვა ირანის, ფერეიდნელებისა და სპარსულად თარგმნილი ქართული მწერლობის ნიმუშების შესახებ.
      4. ივანე ჯაფარიძე, პროფესორი, ჟურნალისტი, ქუჰნავარდი (მთამსვლელი) – ირანული მწვერვალებისაკენ.
      5. ალი ასლანიშვილი, მხატვარი – "იმ საქართველოდან ამ საქართველომდე".



მეორე ნაწილი

პოეზია

1. ლექსები სპარსულ ენაზე

      1. ნასერ გუგუნანი   http://www.youtube.com/watch?v=1gwX9Vajysw      http://www.youtube.com/watch?v=Izw7jZfmzic
      2. მარი სადღობელაშვილი;
      3. ალი ასლანიშვილი   http://www.youtube.com/watch?v=r11qhEah5CM.



ნასერ გუგუნანი

"ცრემლი და აყიყი" - ავტორი ფარვინა ეთესამი

 

      ერთ დილას ობოლის თვალიდან ცრემლი ჩამოვარდა. ბევრი იწვალა – ხან სწრაფად, ხან ნელა მოგორავდა, ხან გაბრწყინდა, ხან ჩაქრა, ხან დაიმალა, ხან გამოჩნდა. ბოლოს მიწის კალთაზე დავარდა, გზად აყიყი შემოხვდა. ჰკითხა: – ჰეი, ვინ ხარ და რას წარმოადგენ? მან უპასუხა: – სად მე და სად შენ?
      – მე ძვირფასი ქვა ვარ და შენ ერთი უბრალო წყლის წვეთი. ქვეყნის შექმნის დღიდან წმიდა ვარ და შენ ცოდვილი. არ დამეგობრდებიან ღარიბი და მდიდარი. ვერ იამხანაგებენ ბედნიერი და უბედური. ცრემლს გაეცინა და უთხრა: – ზურგს ნუ შემაქცევ, უმიზეზოდ არ უნდა იბრუნო პირი ხალხისგან. უფალმა თითოეულ ქმნილებას რაღაც ხელოვნება და სარგებელი მისცა.
      ცრემლმა თქვა: – მე გულის საგანძურის ბრჭყვიალა ქვა ვარ. თავისუფალი ვარ კლიტისა და გასაღებისაგან. ადრე უჩინარი გულის ფარდის უკან ვიყავი. ბედის ბორბალის ტრიალმა ფარდა გადასწია და გამოვჩნდი. ქარმა ბედი გამტაცა და შენ ბედნიერება მოგანიჭა. მე გულიდან თვალამდე მიმგზავრია და ასეთი ძნელი მგზავრობა ყველას არ შეუძლია. ამოოხვრის ცეცხლა გამადნო, გაგიგია ასეთი რამ ცეცხლისაგან წყალი ჩნდებოდეს?
      ჩემი ბრჭყვიალი შენაზე მეტია, თუმცა გარეგნობით შენ წითელი ხარ, მე თეთრი.
      ჩემი ფერი გულის გამოა ასეთი და ჩემი ბრჭყვიალიც გულისგანაა.
საიდუმლო იმაშია, რომ დუნიამ ჩვენ გაგვყიდა და თქვენ შეგისყიდათ.
      ნეტა ბედს ჩემი თავიც შენსავით დაეფასებინა. ნეტა ჩემი თავი აერჩია შენსავით...




2. ირანელ პოეტთა ქართული თარგმანები

      1. გიორგი ალავერდაშვილი;
      2. მიხეილ ღანიშაშვილი;
      3. კახა ჭლიკაძე.



3. ქართველი ავტორების ლექსები
სპარსეთსა და ფერეიდანზე

      1. გიორგი ალავერდაშვილი – „სი–ო–სე–ფოლი“
      2. ეკა ტალახაძე – „თუ დღესაც მღერის ქართველი, ფერეიდანში ფანდურით“
      3. სევარიონ ნადირაძე – „ფერეიდნელის მესმის ქართული“
      4. მარი სადღობელაშვილი – „ფერეიდნელ ქართველს“ (აჰმად მულიანს)
      5. რობერტ მესხი – „ფერეიდანი“; „აიშე”; „სპარსული ექო“
      6. ია მშვიდობაძე – „ფერეიდნელი“
      7. ოთარ რურუა – „ურაკპარაკელებს“; „ფერეიდანი“
      8. თამარ ბუკია – „ფერეიდანი“
      9. კახა ჭლიკაძე – „ფერეიდანს – საქართველოს შვილს“
      10. ნინი მესხიძე – „ოთხასი წელი“
      11. გიზო ვაშაკიძე – „ფერეიდანელებს“
      12. ლელა ლაჩაშვილი – „ფერზანე...“
      13. მიხეილ ღანიშაშვილი – „მეტანია ფერეიდანისთვის“
      14. ოთარ ცისკაძე – “მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა”... (ფერეიდანი)
      15. თეა თაბაგარი – ფერეიდნელი მგზავრის სიმღერა



გიორგი ალავერდაშვილი

„სი–ო–სე–ფოლი“

 

ისპაჰანის დედა მდინარეო, ზაიანდერუდ
ბევრი სამკაული გილამაზებს ლაპლაპა სხეულს!
შუა წელზე კი ოთხასწლიანი ვერცხლის ქამარი –
ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდი გამშვენებს!
ტყვედ გაყიდული ბავშვობაში
საქართველოდან სპარსეთში რომ ჩამოიყვანეს...
აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედიო“
ესალმება ოცდაცამეტივე თაღს ინა ინარიძე.
ყველა გურჯი ხომ მაგ ხიდთან მოდის, ხელით ეხება
და მოწიწებით თაყვანს სცემს ქართულ აგურებს
ორ სართულიანს, ას მეტრზე გადაჭიმულს...
დედა მდინარეო, რატომ ხარ ჩუმად
რატომ არ გვიმხელ მაგ საიდუმლოს?
შენ მაინც გეტყოდა, ან მიხვდებოდი...
ქრისტეს ასაკი თუ ასოები ქართველთ ანბანის?
ცაში შვიდფერი ცისარტყელაა, მიწაზე კი –
ალავერდი-ხან უნდილაძის „სი-ო-სე-ფოლი!“



ეკა ტალახაძე

თუ დღესაც მღერის ქართველი, ფერეიდანში ფანდურით

 

ფერეიდანში ძმის სისხლით არავინ დამწყურვებულა,
ფერეიდანში ქართულით არავინ დამწუხრებულა,
ფერეიდანში ჩიქილა დღემდე არ გახუნებულა,
ფერეიდანში სირცხვილით არავინ დადუმებულა.
მანავის კოშკზე სოფიოს მანდილი აღელვებულა,
ნიკო, ლექსო და ლევანი არხოტზე ამღერებულა,
ბებიების და პაპების ზღაპრები გაცოცხლებულა,
შვილთაშვილები ქართული ანბანით გამზითვებულა.
წინაპრის სისხლი ნანგრევთან ტბორად რომ დაგუბებულა,
საუკუნეთა გზაწვრილზე ყვავილად აღერებულა,
დღეს ცისფერ ძარღვებს მიაპობს, გამთბარა, აღელვებულა,
ქართულად გლოცავთ, ეს სიტყვაც
ქართულად გახელებულა.



სევარიონ ნადირაძე

ფერეიდნელის მესმის ქართული

 

ფერეიდნელის
მესმის ქართული,
თითქოს წარსული
ურმით მოგორავს,
სახე გაქვს სახე
სუფთა, ნათელი!
გურჯი ხარ, გურჯი,
თანაც როგორი!

მინდა ქართული
გული განახო,
ყორნის ნაჯიჯგნი,
ჩექმით ნათელი,
მაგრამ მითხარი
გურჯო ამაყო,
ფეთქავს კი ჩემში
გული ქართველის?!



მარი სადღობელაშვილი

ფერეიდნელ ქართველს
(აჰმად მულიანს)

 

თანაფესვო და ხორცის ნაწილო,
შენი დაკარგვა ვერ ავიტანე.
ნეტავ რა ძალამ გამოგაცილა
ჩემამდე, შორო ფერეიდანო?
გამოგყოლია სპარსული სიტკბო,
ქართული ცრემლით გადანამული.
გულისგულეთში ღიმილით მიხმობ:
რა სათუთია, იცი, მამული?
შენ ქეთევანი გიყუჩებს ტკივილს,
მე შენგნით ვეტრფი დოქტორ შარიათს.
და რომ უწოდებ შენ "სისხლის კივილს",
იავნანური ბაიათია...



რობერტ მესხი

 

      ფერეიდანი
დღეს ჩვენთან ასეა, – ქარს სუნთქვა არ ჰყოფნის,
რუხ ფერებს მიდენის...
ვაწერ: „მოკითხვამდე. სოფელი მარტყოფი
ან ფერეიდანი!..“
ირწევა ნაპირი, ოცნებით ვეხლები...
(და ისევ ვართულებ...)
უკვე მოფრენილან ნაცნობი მერცხლები,
ვსაუბრობთ ქართულად.
„აი, ია“,
„აი, თასი“
„აი, წიგნი...“
......
ვღიღინებთ „ჩაკრულოს“, ხანდახან შევყურებთ
მზის დისკოს – ჩამავალს...
ერთხელაც – შევისხამ მხრებზე ჩემს ბეღურებს
და ფეხით ჩამოვალ.

      აიშე
გულმა ვერ იპოვა სადგური,
ფრთებით დააფეთა ნისლები,
თითქოს შავ სურაში ჩადგმული
თეთრი ვარდი ხარ და იშლები.
მიდის შემოდგომა მაჭუკით,
ტოვებს ფარდაგებს და ბალიშებს,
ქარვის კრიალოსანს გაჩუქებ,
ჩადრი წამოსწიე, აიშე!..

      სპარსული ექო
თქვი რომელია უფრო რთული,
ალავერდი-ხან, −
იქ როცა გტკივა საქართველო, თუ აქ, სპარსეთში?..
(თანაბრად ნამავს წინანდლის და შირაზის ვარდებს
ცრემლი და ცვარი...)
უფრო რთულია
ოცდაცამეტთაღიან ხიდზე
გადაატარო შეჰირი და
ნამგალა მთვარე!..



ია მშვიდობაძე

ფერეიდნელი

 

წყლიან თვალებით შესცქეროდა
ფერეიდნელი "მთა მზიანი"-დან
ირანის ზეცას ...
რომ გადამფრენი ჩიტუნები
საქართველოდან
დაენახა და...
შეესუნთქა...
მათი ფრთების ქვეშ დაგროვილი
სამშობლოს სითბო...
მიწის სურნელი...



ოთარ რურუა

 

      „ურაკპარაკელებს“
... და გადავლახავთ მთებს ჯიშიან ბედაურებით,
დავაგუგუნებთ ძველებურად ლილეს, ვარადას.
თუ დავეცემით სულიერად, კვლავ ავმაღლდებით
და დავწერთ ისევ ვეფხისა და მოყმის ბალადას.
ისევ ჩამესმის გულში სიტყვა: ''ფერეიდანი'',
ლეგა ღრუბლებიც გაიფანტა... სულშიც დაღამდა.
ჩვენში ვერასდროს ვერ ჩაკლავენ სულისკვეთებას,
შევეწირებით ჩვენც ოდესმე მსხვერპლად მარაბდას.

      ფერეიდანი
ფერეიდანი, ფერეიდანი,
ოთხასი წელი ეს სიტყვა ისმის.
ხალხით სავსეა დღეს მეიდანი,
შორიდან გვესმის ყივილი სისხლის.
არ დავივიწყებთ ქართულს ირანში,
ქრისტეს არ გავცემთ იუდასავით.
მაინც ვიმღერებთ ფერეიდანში,
თუნდაც რომ გაგვცენ იასესავით.



თამარ ბუკია

ფ ე რ ე ი დ ა ნ ი

 

      "ჩემი ნენეი ჩადრში მალავს თვალებს..."
                  როინ აბუსელიძე

ფერეიდანი!... ფერეიდანი,
დიდი ირანის მცირე უბანი,
დასახლებული ქართველ-გურჯებით,
გულით – მებრძოლით, სულით – ურჩებით...
ქართულ ადათებს უფრთხილდებიან,
სტუმარს ყოველთვის გულით ხვდებიან...
სუფრას უმშვენებთ შარბათით სურა,
კაცებს ნამუსის ქუდები ჰხურავთ.
ქალები თვალებს ჩადრქვეშ მალავენ,
მზერას ქურდულად მოიპარავენ,
შემდეგ ამ მზერით დიდხანს თბებიან
და კვლავაც იმ დღეს ელოდებიან,
რომ გაიშლიან წელზე დალალებს,
არ დამალავენ ჩადრის ქვეშ თვალებს,
ტკბილი ქართულით შვილს უმღერებენ,
წარსულ "გურჯობას" გაიხსენებენ...
მოუყვებიან შვილებს ზღაპრებად
მათ ოთხასწლიან გადასახლებას...
სამშობლოს ქვეყნად აბა რა სჯობსო? -
ჩვენს დაბრუნებას გაუმარჯოსო!



კახა ჭლიკაძე

ფერეიდანს – საქართველოს შვილს

 

ქარში ტანმორჩილი იდგა ბერიკაცი.
გულს იმაგრებდა, თუმც ცრემლი არ დანებდა
და სპარსულ სამოსში გამოწყობილ ჭაბუკს,
მისი საუბარი წარსულს აგონებდა.
– ვაჟო, არწივული რომ გაქვს გამოხედვა,
ობლად გაიზარდე, ვიცი!
მსმენია, რამდენჯერ გაგემეს შანთი და
მაინც არ გატეხე ფიცი!

ვეფხისტყაოსანი ზეპირად იცისო,
მითხრეს, ყველაფერი მითხრეს.
ვაჟო, ეგ იარა, მზერას რომ იტაცებს,
ყოველწამს გახსენებს იმ დღეს...

იცოდე, მას შემდეგ არც მე მილხენია,
როცა შვილწართმევის მერგო განაჩენი!
აპატიე მოხუცს,
ჩამეხუტე, შვილო!
მე ვარ მამაშენი!
საქართველო ვარ!



ნინი მესხიძე

ოთხასი წელი

 

ფერეიდანს კვლავ ღრუბლიანი
დაჰყურებს ზეცა...
ქარიც ვერ ფანტავს
ამ ღრუბლებით გაჟღენთილ
სევდას, ქართველთა გენის –
სამშობლოზე გამიჯნული
და ტკივილზე ნაგროვები
ო თ ხ ა ს ი    წ ე ლ ი.
სევდისფერი გაქვთ სიხარულიც
უცხო მიწაზე –
მეტად ქართველებს, ვიდრე
ჩვენ ვართ, ჩვენს
სამშობლოში.
ოთხასი წელი დედაენის
არ დავიწყებულთ
შვილებსაც ზრდიდით იავნანათი.
ო თ ხ ა ს ი    წ ე ლ ი
არ დაღვრილა ქართველთა სისხლი
ქართველისგან ფერეიდანში.
ქართულ ზეცა და მიწა ჩამოჭრილთ
უცხო მხარეში, ტკივილად რჩებით
ყველა ქართველში – ფერეიდანი,
საინგილო, ტაო-კლარჯეთი.



გიზო ვაშაკიძე

 

      ფერეიდანელებს
ფერეიდანელებს... ფერეიდანელებს...
ჩადრიან თვალებს...
იისფერს...
ცისფერს...
სოფლებს პატარებს და სოფლებს დიდებს,
ფიქრის ნიაღვარს, სევდიან ტიტებს
წვიმა ასველებს...
მზე აშრობს ხიდებს...
გისალმებთ მარად და გლოცავთ ისევ
ფერეიდანელებს... ფერეიდანელებს...
თვალებს ჩადრიანს...
იისფერს...
ცისფერს...
ჩვენ გულთა სწორთა მერიდიანელებს
სევდის მდინარეს დავადგავთ ხიდებს,
და ზედ, სამშობლო დაგიფენთ იებს...
ფერეიდანელებს... ფერეიდანელებს...

      სიოსეფოლის ხიდი
ქართველს, ალავერდი-ხანს უნდილაძეს
მიშენებია როსმე ირანი.
აქეთ და იქით სანაპიროებს
ბილიკი გავდე მაღალ ქვისანი
და ზენდერუდზე ავაგე ხიდი...
სი-ო-სე-ფოლი,
ლამაზი...
მშვიდი...
და ყოველ ღამით, ვით ხსოვნის სანთლებს
ხიდის ჩირაღდნებს მინთებს ირანი
ნახეთ...
და მიქეთ გაბრწყინებული
ქართული ნიჭი, გული ირანის.…
მაქეთ...
და მიქეთ დიდი ირანი
სი-ო-სე-ფოლი...
ფერეიდანი...
თუმცა სამშობლო სხვა არის ჩემი,
და სხვას ვუშენე გზები ქვისანი
ნუ დამიტირებთ როგორც იუდას
არ მაქვს ღალატი ქართლის მთისანი
არ დამილაშქრავს მე ქართლ-კახეთი
არა! არ მისვამს სისხლი ძმისანი.
ქისით მაძლიეს ოქრო და ვერცხლი
და მხედრიონი მრავალ ყმისანი
არ დამითმიხართ... მაღალ ღმერთს ვფიცავ
არ გავახარე გული მტრისანი.
ქართველს, ალავერდი-ხანს უნდილაძეს
მიშენებია გზები ქვისანი
და ყოველ ღამით, ვით ხსოვნის სანთლებს
ხიდის ჩირაღდნებს მინთებს ირანი...



ლელა ლაჩაშვილი

ფერზანე...

 

დრო იყო სისხლით აზელილი მიწა კახეთის,
უფრო მეტ ჭირს და უბედობას აღარ ელოდა...
სულ არ დაინდო უცხო ტომმა თქვენგან არცერთი
თქვენ პირუტყვივით გადაგრეკეს საინგილოდან.

სუსტი თითებით ხელისგულზე, რომ დაიხატე
შენი სამშობლო მოეფერე, როგორ ფერზანე?-
“ქართლის ცხოვრებამ” მაინც ასე მოკლედ დატია,
ეს ისტორია, ქართველებზე, ფერეიდანზე;

რომ შაჰ აბაზმა კახეთიდან სადღაც ირანში,
გადაასახლა და არაფერს არ ამბობს მერე,
რომ ჩანაცრული კერიები დაგრჩათ იქ მაშინ...
და ქართველების ცრემლით რწყავდნენ ირანის ველებს.

მე, ისპაჰანის ვიწრო ქუჩა დამიდგა თვალწინ,
სისხლის ყივილი ჩვენი ჯიშის ვიგრძენ მაშინაც.
პატარა მართვე კლდის ბუდიდან მოსხლიტეს არწივს,
მან კი სამშობლო ხელისგულზე გადაარჩინა.



მიხეილ ღანიშაშვილი

მეტანია ფერეიდანისთვის

 

თავს ჩამოიმხო
მინარეთმა მთვარე ნამგალა,
თითქოს სივრცესაც
ზეცის მკერდზე მიუძინია,
დილის ნამაზი
მოლამ რიჟრაჟს მი-მოარკალა,
გაჰკივის სურებს,
ის მონაა, მუეძინია...
ეფოფინება ფერეიდანს
ფიქრი ფარული,
შორიდან, სადაც
ძველისძველი გურჯისტანია,
დაღლილი მზერით,
მონატრებით და სიყვარულით
ტაძრის გუმბათებს
გამომსხლტარი ღრმა მეტანია...
აქაც პატარა კახეთია,
ოღონდ ჩადრებით,
ქართული ენის უკვდავებით
შემოგარსული,
და იავნანა, შემკობილი
ია-ვარდებით
და მოალერსე,
მგალობელი, ნაზი სპარსულით...
მოხუც მეგუთნეს
კი მოფიფქულ თავ-თმა-წვერიანს,
მიაქვს ორნატი
და ამგავარად დაუმღერია:
"ფერეიდანის მიწას ვხნავ,
აგერ ოთხასი წელია,
აგერ ოთხასი წელია.
გამხმარი ფიქრი ჩავთესე,
ხმელი ხორბალი ერია.
სამშობლოს მონატრული ვარ
აგერ ოთხასი წელია,
აგერ ოთხასი წელია..."
რად იწევს გული
მღელვარებით და რად დაგეძებს,
თუ ამ ძარღვებში
სისხლი მართლაც გაყინულია?!
მოვდივარ შენსკენ,
ნაბიჯს ვდგამ და ხელებს ვაცეცებ,
ფერეიდნელო,
შენს ძმას შენი ნახვა მწყურია!..



ოთარ ცისკაძე

“მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა”... (ფერეიდანი)

 

ისპაჰანისკენ ქარავანი მონების მიდის,
ვაცების ნაცვლად ახლა კაცებს განუტევებენ...
და ერის ცოდვებს ქარავანი გამოისყიდის,
ტყვეთა გოდებით საქართველოს მიუტევებენ.
თითქოსდა ფეხი აუდგია “გოდების კედელს”,
ისრაელიდან უდაბნოში გამოქცეულა,
ისმის ტყების ხმა, როს კედელი კახი ტყვეების,
ქანცისწყვეტისგან ალაგ-ალაგ გადაქცეულა.
ისპაჰანისკენ ქარავანი მონების მიდის,
გახარებული ეგებება მათ აზაზელი
და უდაბნოში მსხვერპლშეწირვა იწყება დიდი,
კაცთა სისხლის სმის – უჩვეულო და ამაზრზენი...
მაგრამ დემონსაც არ ჭირდება სუყველას სისხლი,
მხოლოდ იმდენი, აივსება სანამ ნარგილე,
მერე მოქაჩავს, საუკუნო ძილს მიეცემა –
მანამდე, სანამ ეს ნარგილე მის სულს აგრილებს...
ისპაჰანისკენ ქარავანი მონების მიდის...
ეჩვენებათ თუ, ალაზანმა პირი იბრუნა,
აი, გამოჩნდა მდინარებაც ზიანდერუდის
და “ბაბილონის მდინარესთან” საწუთრო ზრუნავს.
ვაჰმე, საწუთროვ, სად წაიყვან კაცს ბოროტებით,
თუმცა იმედი არ მოკვდება ღვთის ბოლოტობით.



თეა თაბაგარი

ფერეიდნელი მგზავრის სიმღერა

 

ცა ჰგავს დიდებულ სპარსულ ხალიჩას,
ან მოზაიკას ძვირფასი ქვებით,
იქვე წითური მთვარის თვალი ჩანს,
დედამიწას რომ დაჰყურებს ქვევით.
ამქვეყნად ყველა საავდრო ღრუბელს,
ხომ უსათუოდ გაუდის ფერი,
თუკი უეცრად არ დავიღუპე,
მე უნდა მოვკვდე ქართულ სიმღერით.
გემშვიდობები, გამზრდელო მიწავ,
რამდენჯერ მოგრწყე ცრემლით, ვინ იცის,
არ იფიქრო, რომ უმადური ვარ,
ფერეიდანო, შენი თბილი ცის.
ოცნებებისკენ მიხმობენ გზები,
მივეახლები იმედს კარღიას,
სხვა არაფერი ამგვარი გზნებით,
არ მინატრია, არც მიდარდია.
დრო სისხლშიგამჯდარს დასაბამიდან,
სამშობლოსადმი სწრაფვას ვერ მოშლის,
"მე ცისარტყელას მხრებზე დავისვამ,
რომ ჩავიტანო საქართველოში"



მესამე ნაწილი

გამოხმაურებები პოეზიის საღამოსთან დაკავშირებით

     1. მაია სახოკია – თსუ პროფესორი, ირანისტი, მთარგმნელი
     2. ეჰსან ხაზაი – ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის ატაშე  http://www.youtube.com/watch?v=wXPewFoHwZ0
     3. მაჯიდ სამადზადე საბერი – ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში




* * *



რადიო – ინტერვიუ

მიხეილ ღანიშაშვილთან და გიორგი ალავერდაშვილთან
FM 102,4 საქართველოს რადიო – "პიკის საათი" (დილა)
ეკა ტალახაძე - პროდუსერი

ნაწილი 1
http://www.youtube.com/watch?v=rZG6bJQ4_Vs

ნაწილი 2
http://www.youtube.com/watch?v=Gdo5fnqG9X4


* * *

რადიო – ინტერვიუ

მიხეილ ღანიშაშვილთან, გიორგი ალავერდაშვილთან და ნოდარ კოჭლაშვილთან
FM 102,4 საქართველოს რადიო – „ჩვენი საგანძური“

http://www.radio1.ge/web/FullShow.aspx?ShowID=52

      საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს (102,4) პროგრამა „ჩვენი საგანძურის“ ავტორი და წამყვანი, მთამსვლელთა ეროვნული ფერედაციის პრეზიდიუმის წევრი და პრეს-სპიკერი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი – ივანე ჯაფარიძე 20.11.2010 – ჩვენი საგანძური – ქართულ-სპარსული პოეზია „გულანშაროში“ – ლექსები ფერეიდანზე.


 


      მარჯვენა მხარეს – ბატონ ივანე ჯაფარიძის კუთვნილი საქართველოს დროშა, რომელიც 2007 წლის 16 მაისს ირანის ისლამური რესპუბლიკის მწვერვალ "ქარქასზე" (3850 მ.) აფრიალდა ზურაბ კაპანაძის, ივანე ჯაფარიძის, აფი გიგანის და იდრის ხერგიანის მიერ.


* * *

ობიექტივი პირდაპირ რადიოეთერში FM 101,4-ზე
ობიექტივის პირდაპირი ტელეეთერი ინტერნეტში


http://www.obieqtivi.net/video.php?cid=1312

      2010 წლის 25 ნოემბერი, 13:00 – 14:00
      წამყვანი: წიკლაური ირინა
      სტუმარი: პოეტურ ორდენ "მარად ახალი ქნარის" თავმჯდომარე ღანიშაშვილი მიხეილ
      სტუმარი: მწერალი ალავერდაშვილი გიორგი
      – ჩვენ გვაქვს სურვილი, ჩავიდეთ ფერეიდანში და იქაური ქართველებისთვის გავმართოთ პოეზიის საღამო
      – ფერეიდნელებს სამშობლოს მიმართ აქვთ დიდი ნოსტალგია. ისინი გვსაყვედურობენ, რომ ჩვენგან ვერ გრძნობენ ყურადღებას.


   


* * *



* * *


ფოტო–გალერეა 1
თეა თაბაგარი



ფოტო–გალერეა 2
თამარ ბუკია



ფოტო–გალერეა 3
თამარ ბუკია



ფოტო–გალერეა 4


ფოტო–გალერეა 5
რობერტ მესხი



ფოტო–გალერეა 6
რობერტ მესხი



ფოტო–გალერეა 7
ია მშვიდობაძე



ფოტო–გალერეა 8
ია მშვიდობაძე



ფოტო–გალერეა 9
სოფიკო ჯაფარიძე



ფოტო–გალერეა 10
სოფიკო ჯაფარიძე



ფოტო–გალერეა 11
სოფიკო ჯაფარიძე



ფოტო–გალერეა 12