ხათუნა ხატიაშვილი

«მხატვრობაში დანახული მზის შვილი»

www.tsu.ge newspaper@tsu.ge

პეტრე ოცხელის დაბადებიდან 100 წელი გავიდა


      ბატონ გიორგი ალავერდაშვილს! მოგესალმებით სიყვარულით და შინაურული მოკითხვით, რადგან უკვე დიდი ხანია, თავს თქვენი საქმიანობის თანამოაზრედ და თანამონაწილედ მივიჩნევ.
      ზუსტად არ მახსოვს, რა გარემოებაში აღმოვჩნდი www.fereidani.ge-ს მკითხველთა რიგში, მაგრამ ფაქტია, რომ მოცულობითი და თემატურად მრავალწახნაგოვანი საინფორმაციო ბაზის პერმანენტულად გაცნობის ინტერესი დღემდე არ დამიკარგავს. ამ საიტის „აღმოჩენის” შემდეგ, ყველა სტუმრობა საკუთარ სიყმაწვილეს მახსენებს: ოდესაღაც, როცა ფერეიდნელი ქართველების ცისარტყელაში გავლის ლეგენდა პირველად მოვისმინე, ჩემებურად გავიაზრე და მერე დიდხანს, დაუფარავად ვამტკიცებდი, რომ ქართულ ცაზე გამოსახული ცისარტყელის ქვეშ გაძრომის შემთხვევაში, მეც ისევე შემეძლო ფერეიდანში მოხვედრა, როგორც იქაურებს – საქართველოში. რადგან ოცნება დღემდე აუხდენელი მაქვს, თქვენს პიროვნულ ღვაწლთან ახლოს ყოფნით, იმ ცარიელი ადგილის შევსებას ვცდილობ, რომელსაც ცხრა მთის გაღმა-გამოღმა მყოფი ერთი გენის და ჯიშის ადამიანები დიდი ტკივილით დავატარებთ.
      თქვენმა საიტმა, ჩემი პირადი და პროფესიული ინტერესი ინტელექტუალურ-აკადემიური და პუბლიცისტური ჟანრის უამრავმა არათემატურმა მასალამ მიიპყრო. მათ შორის, რამდენიმე მათგანი განსაკუთრებულად გამოვარჩიე და ამან უფრო გადამაწყვეტინა, თქვენთვის პირადად მომემართა. ქართველ-ინგლისელი დიდგვაროვნის, სტივენ ლორდ ლოიდის (მისი ოჯახის) და ცნობილი ქართველი მეცენატის აკაკი ხოშტარიას ცხოვრებასთან დაკავშირებული უნიკალური პუბლისცისტური მასალების ასპექტებს, ამ მხრივ, ხაზგასმით აღვნიშნავდი. ორივე დიდი პიროვნების ცხოვრება და მოღვაწეობა XX საუკუნის იმ ეპოქალური სირთულეების ანარეკლს წარმოადგენს, რომელსაც დღეს ასე მარტივად: ბოლშევიკურ-კომუნისტურ დიქტატურად ვიხსენიებთ და იქნებ, ბევრს ფიქრიც გვეზარება, თუ რა სიმძიმის ტვირთია ნაზიდი იმ თაობებამდე, რომლებიც უკვე 20 წელზე მეტია, თავს იმით ვიმართლებთ, რომ „ჩვენც არანაკლებ მძიმე მემკვიდრეობა გვხვდა წილად”.
      თუ თქვენი სურვილი იქნება, შეგიძლიათ სამზეოზე გამოიტანოთ, ამავე ეპოქის რეპრესიული წნეხის მსხერპლთა შორის რიგითი, შინაარსობრივად კი, განუზომელი ნიჭიერების მქონე ქართველი თეატრალური მხატვრის, პეტრე ოცხელის ხანმოკლე ცხოვრების თითქმის უცნობი დეტალები, რომლის გაცნობის ბედნიერებაც პირადად სულ რამდენიმე წლის წინ მქონდა. უნივერსიტეტის ბეჭდვით გამოცემაში მუშაობისას, (სადაც ჩემი ძირითადი ფუნქცია საუნივერსიტეტო ცხოვრების გაშუქება იყო), დეპარტამენში ოფიციალური შეტყობინების მიღებამდე, ერთერთი აუდიტორიის კარზე მოკრძალებული განცხადება შევნიშნე, რომელიც პეტრე ოცხელის დაბადებიდან 100 და გარდაცვალებიდან 70 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას იუწყებოდა. ხანგრძლივი პროფესიული საქმიანობის „ბრალია,’’ თუ ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა, თავადაც არ ვიცი, მაგრამ თვალში ხშირად ისეთი „წვრილმანი” მხვდება, რასაც სხვები ყურდაღებას დიდად არ აქცევენ. ამჯერადაც ასე მოხდა: სწორედ ამ რიცხვებმა დამაფიქრა, რადგან იმ დროს, 2007 წელი იდგა. პეტრე ოცხელი კი, 1937 წელში დახვრიტეს. მისი საავტორო ესკიზებისა და „ურიელ აკოსტას” იქით, თუნდაც მის ასაკზე, მანამდე არ მიფიქრია. თვალში მისი ბიოგრაფიულად მრგვალი თარიღები მომხვდა და მოულოდნელობისგან დამბურძგლა: მსოფლიო თეატრალური ხელოვნების არაერთი თაობა და მისი მოყვარული საზოგადოება ასი წელია, ტაშს უკრავს ადამიანს, რომლის სიცოცხლეც ავტომატის ჯერმა 30 წლის ასაკში შეწყვიტა. წამში ჩემს თვალწინ გაიელვა სქელტანიან წიგნად შეკრულმა უნიკალური ხელწერის, მიუწვდომელად მრავალფეროვანი ნამუშევრების უსაზღვრო რაოდენობამ და კითხვას: ამდენი როდის მოასწრო? – პასუხი ვერ მოვუძებნე...
      საქართველო მცირერიცხოვან ერად ითვლება მისი არსებობის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, მაგრამ მარტო თქვენი საიტის საქმიანობის ამსახველი დაუთვლელი ფენომენალური ინდივიდების, თუ მათი ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანების სავარაუდო რაოდენობაც საკმარისი მგონია, ჩავთვალო, რომ საქართველო არც ისეთი მცირერიცხოვანი ყოფილა ოდესმე, როგორც ეს ტერიტორიული მასშტაბებით ასჯერ და მეტჯერ დიდ ქვეყნებს შეიძლება მოეჩვენოთ. ქართული გენია იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ამას ეს ქვეყანა რაოდენობრივად დაიტევდა. გენს ყველა დროში პიროვნებები ინდივიდუალურად დაატარებენ. იქნებ, ამიტომაც არის, რომ მსოფლიოში უქართველებო ადგილი არც დღეს არსებობს.
      ვიტოვებ იმედს, რომ თქვენთვის მორთმეულ პუბლიკაციას, ვირტუალურ სამყაროში იმაზე მეტი ადამიანი წაიკითხავს, ვიდრე თავის დროზე ერთმა აუდიტორიამ და შემდეგ საუნივერსიტეტო სივრცემ დაიტია.
      მადლობას გწირავთ თქვენი არსებობისა და საქმიანობის გამო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ხე ნაყოფით იცნობა. თქვენს შემთხვევაში ხეს მხოლოდ აყვავება შეიძლება ელოდეს.

სიყვარულით და პატივისცემით,
ხათუნა ხატიაშვილი. თბილისი, 2011 წელი.



      20 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების თაოსნობით და ამავე მიმართულების ასოცირებული პროფესორის თეა ურუშაძის ორგანიზებით გაიმართა თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის, ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთობლივი პირველი სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია „ტრადიცია და ნოვატორობა ქართულ სცენოგრაფიაში”, რომელიც თეატრალური მხატვრის პეტრე ოცხელის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნა. მასში ქვეყანაში მოქმედი თითქმის ყველა თეატრალური მხატვარი და ხელოვნების ამ დარგში მოღვაწე თეორეტიკოს-პრაქტიკოსების სოლიდური სპექტრი, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.
      პეტრე ოცხელის მხატვრულ შემოქმედებაზე არანაკლებ საინტერესოა მის ხანმოკლე სიცოცხლესთან დაკავშირებული ასპექტები. 22 წლის ასაკში საყოველთაოდ ცნობილი სპექტაკლის „ურიელ აკოსტა"-ს დამდგმელი მხატვრის, 1937 წელს დახვრეტილი 30 წლის პეტრე ოცხელის აღმოჩენას დიდ კოტე მარჯანიშვილს უკავშირებენ. ქართული ხელოვნების ისტორიაში მხატვარს „მზის ერთ-ერთი შვილობა” ხვდა წილად. აღნიშნულის დასამოწმებლად, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი ირინა აბესაძე ჩრდილოეთის ტყვეობიდან სამშობლოში დაბრუნებული კოტე მარჯანიშვილის მიერ 1923 წლის 18 თებერვალს ჟურნალ „რუბიკონში” გამოთქმულ მოსაზრებას იშველიებს. „პირველი, რამაც გამაკვირვა, ეს – დაბრუნებაა მზესთან. მუსიკაში, სიტყვასა და მხატვრობაში მე მზის შვილები დავინახე...”



      კოტე მარჯანიშვილმა ყველაზე უკეთ წარმოაჩინა იმ პერიოდის ქართული კულტურის არსი. სწორედ ამ სიტყვებშია ჩამარხული ის გასაღები, რომელსაც ძალუძს XX საუკუნის პირველი მეოთხედის ქართული ავანგარდის სიცოცხლისუნარიანობა ახსნას. XX საუკუნის დასაწყისში თბილისი მეგაპოლისად აღიქმებოდა, ევროპის წამყვანი ქალაქების სადარად რომ მიაჩნდათ აქ ჩამოსულ მილეთელებს, – აღნიშნა ირინა აბესაძემ.
      ქართულ პოეზიაში „ცისფერყანწელთა” სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლის დღიდან ქუთაისში ის კულტურული კერა გაჩნდა, რომელშიც ეროვნული ენერგია ღვიოდა. აქ მოქმედ სასწავლებელში 1920 წლიდან მოსკოვიდან ოჯახით სამშობლოში დაბრუნებული 13 წლის პეტრე ოცხელი აგრძელებს სწავლას. როგორც მისი თანაკლასელები და „ქუთათური” მეგობრები მოგვიანებით იხსენებდნენ, იგი არაჩვეულებრივად მკვირცხლი ბუნებით, გულღია ხასიათით და საოცრად კეთილი ზნით გამოირჩეოდა. პედაგოგები, თურმე, ხშირად ტუქსავდნენ იმის გამო, რომ გაკვეთილების მსვლელობისას გამუდმებით ხატავდა რვეულებზე, ქაღალდის ნაგლეჯებზე. „ნეტავ, ის ჩანახატები მისგან სახსოვრად მაინც შემოგვრჩენოდაო”, – დანანებით ამბობდა ყველა, ვისთან ახლოსაც კი ჩაუვლია გენიოსის ბავშვობას. 1927 წლიდან პეტრე ოცხელი თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტია. სწორედ იმ დროს მოუწია აკადემიაში სწავლა, როდესაც აკადემიის ერთერთმა დამაარსებელმა დიმიტრი შევარდნაძემ აკადემიის რექტორატთან შეთანხმებით მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა.
      XX საუკუნის პირველ მეოთხედში მთელ ქართულ მხატვრულ კულტურას მსჭვალავდა მონუმენტური მხატვრული ფორმის შექმნისაკენ დაუოკებელი სწრაფვა. დიმიტრი შევარდნაძის ხელმძღვანელობით, ქართველ ხელოვანთა საზოგადოება უძველესი ქართული ფრესკების პირების გადმოღების მიზნით, ექსპედიციებს აწყობდა. ისინი ადგილზე ეცნობოდნენ ქართული მხატვრობის მონუმენტური წყობის, ზომიერი დეკორატიულობის, სახვითი ხელოვნების დარგთა სინთეზის მიღწევის უმნიშვნელოვანეს პრინციპებს.
      ამავდროულად, ქართული კულტურის წინაშე იდგა მარადიული ალტერნატივა, რაც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ორიენტაციის გარკვევას გულისხმობდა. მაშინდელ ახალგაზრდა თაობას კარგად ესმოდა, რომ ვიწრო ეროვნული ჩარჩოთი შემოფარგვლა ქართულ კულტურას არ არგებდა, მით უფრო, რომ უფროსი თაობის კულტურის მოღვაწეთა ერთერთი მთავარი დამსახურებაც ქართულ სინამდვილეში ევროპეიზმის დანერგვა იყო.
      თამამი ოპერირება, კონტრასტების ჰარმონიზაცია, საოცრად ორიგინალური ხედვა გვარწმუნებს იმ დიდ გამარჯვებებში, რომლებსაც დიდი პატივით აღნიშნავდნენ, როგორც რუსეთში, მხატვრის სიცოცხლის საბედისწერო 1937 წელს, კ. სტანისლავსკის მიერ ჯ. ვერდის „რიგოლეტოს” დასადგმელად გამოცხადებულ კონკურსზე და 1939 წელს, მისი რეპრესირების შემდეგ, ლონდონში გამართულ თეატრის მხატვართა საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც პეტრე ოცხელის ნამუშევრები ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
      ყველა თეატრალური მხატვარი, ვისაც კი სცენოგრაფიასთან საქმე ჰქონია, დაზგური მხატვრობიდან მოდის. ეს იცის ყველამ, ვისაც პროფესია ხელოვნების ამ დარგთან აკავშირებს. სპეციალისტებმა ასევე იციან, რომ სცენოგრაფად მხატვარს თავად თეატრი იწვევს. თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის აზრით, პეტრე ოცხელის თეატრის მხატვრად დაბადება თეატრის ინიციატივაა.



1. პეტრე ოცხელი და კოტე მარჯანიშვილი თეატრის მსახიობებთან ერთად;
2. ვერიკო ანჯაფარიძე და პეტრე ოცხელი; 3. ელენე ახვლედიანი და პეტრე ოცხელი.

      „1907 წელს დაბადებულმა პეტრე ოცხელმა 1929 წელს „ურიელ აკოსტა” რომ გააფორმა, 22 წლის იყო. ამ ასაკში მას არ შეიძლება, ცხოვრებისეული, მით უფრო თეატრალური გამოცდილება ჰქონოდა. ჩვენ ხომ ანარეკლებით ვიცნობთ წარსულს და ვხვდებით, რომ იგი თეატრის მხატვრად დიდმა კოტე მარჯანიშვილმა აირჩია და მიიწვია. საკითხავია, საიდან მივიდა თეატრში 22 წლის მხატვარი და რას საქმიანობდა მანამდე? – ისმება რიტორიკული შეკითხვა და ვარაუდსაც თავად ნათელა ურუშაძე განავრცობს.
      ალბათ, სხვების მსგავსად, პეტრე ოცხელიც თეატრში, ან სახლიდან, ან სახელოსნოდან მივიდოდა, სადაც ნებისმიერი დაზგური მხატვრობის წარმომადგენელი სრულიად მარტო და თავისუფალია. ხატავს, რასაც უნდა და როგორც უნდა. ხატავს ქაღალდზე, ტილოზე ან სხვა მასალაზე და სამუდამოდ რჩება მისი დედანი. ამ ტიპის შემოქმედს კი, მიწვევისთანავე აუხსნეს, რომ თეატრს არჩეული აქვს პიესა, არსებობს მოსაზრებები, რომლითაც უნდა ითქვას სათქმელი, ჰყავს რეჟისორი და სრულიად თავისუფალი მხატვარი უცებ ხდება უამრავ რაღაცაზე, პირველყოვლისა, იმ საძირკველზე დამოკიდებული, რომელზეც ნებისმიერი ლიტერატურულსცენური ქმნილება შენდება.
      მას უნდა შეექმნა მოქმედების ადგილი, ნივთიერი გარემო ყველა წვრილმანით, რომელიც წარმოდგენის მოქმედებასთან ერთად იცვლება, სადღაც ქრება, მის ნაცვლად სხვა რამ შემოდის... მისი დახატული ესკიზები უნდა ქცეულიყო რკინად, ტილოდ... ასპარეზის სიბრტყე გარდაქმნილიყო სივრცედ, რომელიც თეატრალური ფარდის გახსნით ცოცხლდება, მისი დაშვებით ხან იცვლება და ხანაც სრულდება. წარმოდგენა სცენაზე ნაწილ-ნაწილ იბადება, მოქმედების შესაბამისად, ნაწილ-ნაწილ ქრება და თუ ის რეპერტუარიდან ამოვარდა, მერე საერთოდ აღარ არსებობს.
      გადის დრო... სიცოცხლის მსგავსად თეატრშიც იცვლება ყველა და ყველაფერი, იდგმება ახალი სპექტაკლები... როდესაც წარსულში რჩება უკვე შექმნილი სპექტაკლი, რომლის ავტორი და დირიჟორიც აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მომდევნო თაობაში იგრძნობა მისი საჭიროება, მაშინ იწყება ძველის აღდგენა.


პეტრე ოცხელის დეკორაციები


      ყველა მომდევნო თაობა წინამორბედს აძლევს ახალ სიცოცხლეს, სადაც ნაწარმოებისა და მხატვრის გარდა, ყველაფერი იცვლება. ყველა აღდგენასთან ერთად მყარდება დროთა კავშირი. მხატვარს სიცოცხლეში თუკი შეუქმნია ერთი სპექტაკლი მაინც, რომლის აღდგენაც მომავალმა თაობებმა მოინდომეს, უკვე მუზეუმში, ან ოჯახში დაცული ესკიზები არის ერთადერთი დედანი, რაც იმ დროს ნამდვილად ეკუთვნის და თვალსაჩინო ანარეკლია წარსულისა. სპექტაკლის აღდგენა, თანაც მეხუთედ, როცა პეტრე ოცხელის დაბადებიდან უკვე 100 წელია გასული, განმარტებას ნამდვილად არ საჭიროებს, რამდენად საჭიროა იგი დღეს.
      გასაოცარი ეპოქის დიდი შვილის ბედის მკვლევარები ადასტურებენ, რომ მხატვრული შემოქმედების გარდა, უცნაური აღმოჩნდა პეტრე ოცხელის გარდაცვალებასთან დაკავშირებული დეტალებიც. პროფესორ ვასილ კიკნაძის განცხადებით, ხალხმა დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდა, რომ ის დახვრეტილი იყო და ბევრს მხოლოდ გადასახლებული ეგონა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პერიოდში გახსნილი სუკ-ის საარქივო მასალების შესწავლისას დადგინდა, რომ 1937 წლის 21 სექტემბერს, „კონტრრევოლუციურ-ტროცკისტული” ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით, თავის კოლეგებთან და უახლოეს მეგობარ რეჟისორებთან: ვახტანგ აბაშიძესთან და გიორგი ჟორდანიასთან ერთად დაპატიმრებული პეტრე ოცხელი 2 დეკემბერს უკვე დახვრეტილი იყო. ამის შესახებ კი, მხატვრის ოჯახმა მხოლოდ 1940 წელს, მას შემდეგ შეიტყო, რაც პეტრე ოცხელის მამამ პროლეტარიატის ბელადის სახელზე კრემლში, ქართულ ენაზე დაწერილი წერილი გაგზავნა, მისი ვაჟის საქმის გადახედვა ითხოვა და პასუხად მიიღო, რომ განაჩენი სამართლიანია.
      „დღეს, წარსულის აუგად მოხსენიებისთვის საკმარისია ერთი სიტყვა – „კომუნისტური ქვეყანა”, მაგრამ ირკვევა, რომ სინამდვილეში საქმე ასე მარტივად არ იყო. კიდევ დიდი შრომა და დრო დასჭირდება მეცნიერებას და თაობებს, რომ გაირკვეს, რა მოხდა იმ ტოტალიტარული სისტემის 20-30-იან წლებში. ეს პერიოდია, როცა ერთი მხრივ, საშინელი კომუნისტური რეჟიმი მძვინვარებს და მეორე მხრივ, რენესანსია ქართული კულტურის ყველა დარგში. 1933 წელს გამოვიდა დადგენილება, რომელიც ყველა შემოქმედებით ორგანიზაციას დაეგზავნა. უმკაცრესი ცენზურა გამეფდა თეატრებშიც. რეპერტუარებში აიკრძალა ყველაფერი, რაც პატრიოტულ, ეროვნულ ნიშნებს შეიცავდა. სწორედ ამ პერიოდში მოასწრეს ნიჭიერმა ადამიანებმა თავიანთი შემოქმედების გაფურჩქვნა და პეტრე ოცხელიც ამ მოდერნისტული ეპოქის გენიალური მხატვარია”, – აღნიშნა ვასილ კიკნაძემ.
      პეტრე ოცხელი ახლობლობდა იმ დროისთვის მოსკოვის თეატრის ხელმძღვანელ სერგო ამაღლობელთან. მათთან მეგობრობდა, ასევე, რეჟისორი ვახტანგ აბაშიძე და იმავე პერიოდის თეატრალური მოღვაწე გიორგი ჟორდანია. 1937 წლის 21 სექტემბერს, მოსკოვის თეატრში სერგო ამაღლობელის მიერ მიწვეული სამივე მეგობარი ერთდროულად დააპატიმრეს ისე, რომ მათ მასპინძლის აყვანის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათი დაკითხვა ცალ-ცალკე მიმდინარეობდა მხოლოდ ერთი თვე, შემდეგ კი, საქმე „ტროიკას” გადაეცა.
      „როგორც სანდრო ახმეტელის შემოქმედების მკვლევარს, რამდენიმე ისტორიკოსთან ერთად მომეცა საშუალება, ამ ადამიანების პირად საქმეებს გავცნობოდი და მივხვდი, რომ თავადაც ზერელე და არასერიოზული წარმოდგენა მქონია იმ პერიოდზე. უსასტიკესი მეთოდებით დაკითხვას, დაპატიმრებულები პროცესუალურად ზოგი ორ კვირას, ზოგი კი, რამდენიმე თვეს უძლებდნენ. მაგალითად, სანდრო ახმეტელმა სამი თვე გაუძლო წამებას და ბრალდებას მუდმივად უარყოფდა. მას შემდეგ, რაც დაპატიმრებულებს წამებით ბრალდებას აღიარებინებდნენ, ასახელებინებდნენ ჩვეულებრივი ნაცნობების, ახლობლების წრესაც. ასე დგებოდა ინტელიგენციის ყველა წარმომადგენლის სია და ასე დასახელებულ გვარებს, საჭიროების მიხედვით, კონკრეტული ადამიანის დასჯას საფუძვლად უდებდნენ. კვლევისას არ შემხვედრია 20-30-იანი წლების რომელიმე მნიშვნელოვანი მწერალი, მხატვარი, ინტელიგენტი, რომლის გვარიც დასახელებული არ არის რეპრესირებულთა დაკითხვის ოქმებში” პეტრე ოცხელს პირველსავე შეხვედრაზე გამომძიებელი ეკითხება – აღიარებს თუ არა, რომ არის ტროცკისტულ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. რეპრესირებული პასუხობს, რომ არავითარი ამგვარი ორგანიზაციის წევრი არ ყოფილა. იცნობს თუ არა მოსკოვში მსახიობებს... და კონკრეტული გვარებია დასახელებული. პასუხი – ვიცნობდი. – რა მიზნით ჩამოხვედით სერგო ამაღლობელთან? პასუხი – კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად... პეტრე ოცხელის და მისი ორი მეგობრის საქმე სულ ერთი ფურცლისგან შედგება. მათი დაკითხვა „ტროიკასთან” სულ 4-5-ჯერ გაიმართა. ყველა ჩვენებაში ნათქვამი აქვს, რომ არავითარ ტროცკისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა არ მიუღია. იდენტურია ვახტანგ აბაშიძისა და გიორგი ჟორდანიას ჩვენებებიც. პარადოქსი ის არის, რომ „დანაშაულის” აღიარების და არ აღიარების შემთხვევაშიც რეპრესირებული დამნაშავეა. რაც შეეხება, დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორობაში ბრალდებული სერგო ამაღლობელის დაკითხვის ოქმს, ისიც ადასტურებს, რომ ახლოს იცნობს და ურთიერთობა აქვს ქართველ ხელოვანებთან, აპოლიტიკური ადამიანია და საერთოდ არ აინტერებს პოლიტიკა. ამის მიუხედავად, 2 დეკემბერს „ტროიკამ” ყველას გამოუტანა უმაღლესი სასჯელი – დახვრეტა ქონების კონფისკაციით. განაჩენი იმავე დღეს აღსრულდა. არსებობს ექიმის დასკვნა, რომ განაჩენი შესრულებულია.
      კიდევ კარგი, გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც უპატრონა და გაგვახსენა პეტრე ოცხელი. იმედია, მოვლენ თაობები, რომლებიც არ დაივიწყებენ არც უკვდავი გენიოსების შემოქმედებას და არც იმ მსახიობებს, რომელთა შემოქმედებაც არ შემორჩა ისტორიას და მათზე მხოლოდ მოგონებები არსებობს. რაც XX საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა, ქართველ ხალხს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ აქვს, – ეს არის ტრაგედიაც, ნუგეშიც, იმედიც, განსაკუთრებულობაც, რითაც თსუ-ში სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენციების პირველი ფურცელი გადაიშალა. კონფერენციის მეორე ნაწილი თეატრალურ მხატვრებს, ხელოვნებათმცოდნეებს, თეატრმცოდნეებს, რეჟისორებს შორის დისკუსიას მიეძღვნა, სადაც თანამედროვე სცენოგრაფია, ამ დარგში არსებული მდგომარეობა და განვითარების გზები განიხილეს. წაკითხული იქნა პროფესორ ქეთი კინწურაშვილისა და პედაგოგ-პრაქტიკოს ნინო გუნიას მოხსენებები თემაზე: „სცენოგრაფია, როგორც ავანგარდიზმის თავშესაფარი” და „ქართული სცენოგრაფიული სკოლა პრაღის XI საერთაშორისო კვადრიენალეზე.” თეატრალურმა მხატვრებმა: გიორგი ალექსი-მესხიშვილმა, მამია მალაზონიამ, ალექსანდრე სლოკინსკიმ, შმაგი სავანელმა თანამედროვე მხატვრების ცალკეული შემოქმედებითი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო, ასევე, სცენოგრაფიის ქართულ და მსოფლიო ტრადიციებს, იმ სიახლეებს, რომელიც ამ დარგში ჩვენს რეალობაში აირეკლება.


* * *