|
დედა ენა ყველა ქართველისათვის ძალიან დიდი განძია და მე მჯერა, რომ სწორედ ამიტომაც არ გამქრალა მისი ძირი და ფესვი თურქეთის მიწა-წყალზე. გასაოცარია, რომ დღევანდელ თურქეთში შემორჩენილია სოფლები, სადაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, ქართულად ლაპარაკობს. ეს ტენდენცია თანდათან იშლება და ჩვენ თუ არ ვუშველეთ, ყველა ჩვენგანმა, შეიძლება სულაც დაიკარგოს. ამდენად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თურქეთში ქართული ენის შესწავლის საკითხს. ამ საქმეს 2005 წელს საფუძველი ჩაუყარა „საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციამ“, რომელმაც პირველმა დააფუძნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები. მაშინ, ამ თავდადებულ ხალხს შემახვედრა ბედმა და ჩემდა სასიხარულოდ, მე მერგო პატივი ვყოფილიყავი მათი პირველი ქართული ენის მასწავლებელი. ეს რთულიც იყო და სასიამოვნოც. არც ჩემი თურქულის ცოდნა იყო საკმარისი და არც მათი ქართულის ცოდნა, მაგრამ საქმის სიყვარულით, ყველაფერი გამოგვივიდა. მოგვიანებით, ანკარაში, საქართველოს საელჩოში გაიხსნა ენის შემსწავლელი კურსები. ამჯამად, სტამბულში, „ქართული კულტურის ცენტრი“ და „ქართული კულტურის სახლი“ აგრძელებენ ამ კარგ საქმეს. კურსები ფუნქციონირებს იზმირში, ბურსაში, ადაფაზარში. მჯერა, რომ მათი რიცხვი კვლავაც გაიზრდება. მოსწავლეებს უკვე მარტო წერა-კითხვის შესწავლა კი არა, ქართული ლიტერატურა და ისტორია, ქართული კულტურა და ხელოვნებაც აინტერესებთ. დღეს, კი ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემი მოსწავლე ორჰან შარდაღ-ბერიძე, რომელმაც პრაქტიკულად, არ იცოდა ქართული, მსურველებს თვითონ ასწავლის დედა ენას. ამასთანავე, მოსწავლეთა რაოდენობამაც იმატა და ასაკიც უფრო გაახალგაზრდავდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ თქვენი შვილებიც ისწავლიან მამა-პაპათა ენას, არ დაავიწყდებათ, თუ ვისი „გორისანი“ არიან და არასოდეს გაქრება თურქეთში ფესვი და გენი ქართული!“
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ორჰან ბერიძე, მან დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა. ისაუბრა ქართული ენის კილოების შესახებ. ფრიდონ ხალვაშის „მემლექეთი“ და „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წაიკითხა. ბოლოს ქალბატონ მანანა გურგენიძეს გულითადი მადლობა გადაუხადა ქართული ენის გაკვეთილებისათვის.
,,დედა ენის" დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებში მონაწილება მიიღეს „ქართული კულტურის ცენტრის“ პრეზიდენტმა ეშრეფ ილმაზმა, „ქართული კულტურის სახლის“ პრეზიდენტმა ვოლკან შექერჯი გოგიტიძემ, ფაზლი კაიამ, ადვოკატმა სეზენ(სალომე) გონენჩ ოკჭანმა, მანანა მახარაძემ, საქართველოში არსებული „თურქეთთან მეგობრობის ასოციაციის“ პრეზიდენტმა ოთარ ნადირაძემ, მურათ ძნელაძემ და სხვ.
|