ხალხური რეწვისა და ფოლკლორის ფესტივალი “არტ-გენი”
ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ
ქ. თბილისი, საქართველო


       20.07.06 - დღეს, საღამოს ჩემს მობილურზე დაფიქსირდა უცხო ზარი, შემდეგ კი ფერეიდნული აქცენტით: "გამარჯობათ, მე ალექსანდრე იოსელიანი ვარ, თქვენი ნახვა მინდა და გიწვევთ ამა და ამ მისამართზე!". სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვფრინავდი. სასწრაფოდ გავეშურე მოცემულ მისამართზე და უკვე კარის ზღურბლზე მდგომ ბატონ ალექსანდრეს ჩავეხუტე... შემდეგ მივესალმე მის მეუღლეს - ქალბატონ მართას და ქალიშვილებს - ნათიას და თამუნიას. გულდასაწყვეტია, რომ მათი ვაჟი, მიშა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამო ვერ ჩამოსულა საქართველოში, საწყენი იყო აგრეთვე ის, რომ ბატონ ალექსანდრესთან ერთად ჩამოსული ხვიჩა სეფიაშვილი თავისი მეუღლით და პატარა ვაჟით თბილისის მოსანახულებლად ყოფილან ქალაქში გასული და ისინიც ვერ გავიცანი, მაგრამ ამას უახლოეს მოკლე ხანში გამოვასწორებ...
       პირველი შეხვედრით გამოწვეულმა მცირეოდენმა უხერხულობამ და მღელვარებამ მალე გაიარა, შემდეგ კი ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე და საიტზეც რა თქმა უნდა. გავიხსენეთ საერთო ნაცნობებიც, რომლებიც ასე მრავლად აღმოგვაჩნდა.
       ბატონ ალექსანდრეს ჩემს მომავლის გეგმებზეც ვესაუბრე, რაზედაც ყოველმხრივი დახმარება აღმითქვა და დამაკვალიანა კიდეც.
       ამ საღამოს სითბო დიდხანს გამყვება ცხოვრებაში.

       22.07.06 - დღეს ინტერნეტით შემეხმიანა ჩემი პატარა ძამიკო - ბექა გონაშვილი ასეთი წერილი-მოწვევით: ”გუგუავ, ხვალ ბატონი ალექსანდრე და ფერეიდნელები წამოიყვანე ”არტ-გენზე”, მათ შემოყვანას მე ვუზრუნველყოფ!”, რაც ჩემთვის ძალიან მისაღები იყო. ეს სწორედ ის ბექაა, ვინც სიმღერა - ”უნდა გაზარდოს დედამა” მოიძია და ”ლანგრით მომართვა” ჩემს საიტზე მუსიკალურ ფონად დასადებად... მაშინვე დავუკავშირდი ბატონ ალექსანდრეს და შევუთანხმდი, რომ 23 ივლისს ფოლკლორულ ფესტივალს ვწვეოდით. შევეხმიანე აღმოსავლეთმცოდნე ბატონ ნოდარ კოჭლაშვილსაც, რადგან ბატონი ალექსანდრე და ბატონი ნოდარი ძველი მეგობრები არიან, მინდოდა მათთვის სიურპრიზი მომეწყო და ისინი ფესტივალზე შემეხვედრებინა, მაგრამ სამწუხაროდ, ბატონი ნოდარი თბილისიდან 2-3 დღით გასული აღმოჩნდა...

       23.07.06 - დღის 15.00 საათზე ვეწვიე ფერეიდნელთა სახლს, სადაც უკვე მელოდნენ: ხვიჩა სეფიაშვილი თავისი მშვენიერი ოჯახით, ნიკოლოზ იოსელიანი და ვაჟა მირიანაშვილი. სამწუხაროდ ბატონი ალექსანდრე შეხვედრაზე იყო წასული, ტელეფონით შევთანხმდით, რომ ერთმანეთს შესასვლელში შევხვდებოდით. როგორც კი ქუჩაში გამოვედით, შემოგვემატა კიდევ ერთი ფერეიდნელი ვაჟკაცი - ნიკოლოზ მამულაშვილი, რა თქმა უნდა ნიკას ძალიან გაუხარდა მიწვევა და ყველანი ერთად გავეშურეთ ეთნოგრაფიული მუზეუმისაკენ...
       სანამ ტაქსით ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში მივაღწევდეთ, რომ არ მოიწყინოთ, გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომლებიც გადაღებულია 1997 წელს. იმ დროს ვმუშაობდი თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში გამოთვლითი ცენტრის უფროსად და როგორც დამკვირვებელთა ჯგუფის უფროსი, ქართულ სამშვიდობო ოცეულთან ერთად მიწვეული ვიყავი ”ნატო”-ს ეგიდით ჩატარებულ სამხედრო წვრთვნაზე პროგრამაში ”პარტნიორობა მშვიდობისათვის - გაერთიანება ”ნაგეტ 97” მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორტ-პოლკის სამხედრო ბაზაზე. ჩვენი ოცეულის მეგზურად ჩამოსული იყო ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებთანაც საკმაოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა დავამყარე. კატასტროფულად უმოკლეს ვადაში, ერთ დღეში, დავათვალიერებინე მათ ჩვენი ღირსშესანიშნაობები, კერძოდ: ხელოვნების მუზეუმი, ნარიყალა და ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

 
 
 


       აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შემოგთავაზოთ კიდევ ერთი უნიკალური ფოტო, რომელიც გადაღებულია 1997 წლის 2 ივლისს, ფორტ-პოლკის სამხედრო ბაზაზე, კერძოდ, ღირსების ველზე, სამხედრო წვრთვნების დახურვის ცერემონიაზე, სადაც ქართული სამშვიდობო ოცეულის გასაცნობად მოვიდა გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება.


საქართველოს დროშის ქვეშ - გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი


       ...როგორც კი ტაქსიდან გადმოვედით, მაშინვე ბატონ ალექსანდრეს შევეხმიანე. აღმოჩნდა რომ ბატონი ალექსანდრე და მისი ორივე ქალიშვილი ”მოტაცებული” ჰყავდათ ორ ძმას, ბესარიონ და ვაჟა იოსელიანებს, რომლებიც რესტორან ”რაჭაში” იყვნენ ”გამაგრებულნი” და ჩვენი მისვლის გარეშე ”მძევლებს” არავითარ შემთხვევაში არ გამოუშვებდნენ... ვერც ერთმა არგუმენტმა ვერ გაჭრა, ვერც იმან, რომ ჩვენ შვიდნი ვიყავით, პატარა ნოდარიკოს ჩათვლით... ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ბატონმა თამადამ ჩვენც ”დაგვატყვევა” და სუფრის გაზრდის და განახლების ბრძანება გასცა (სვანები მიყვარან!).
       ”მოლაპარაკებამ” დიდხანს გასტანა, თან ეს ყველაფერი ხდება მშვენიერი სვანური სიმღერების ფონზე... გავიხსენეთ ბევრი რამ, ფერეიდანში პირველი ქართველი მოგზაურის, ლადო აღნიაშვილის ხსოვნის სადღეგრძელოც შევსვით... ბოლოს მაინც ჩვენ ვიყოჩაღეთ და ყველანი ერთად მივადექით ”არტ-გენს”, სადაც ჩვენი მასპინძლობა უკვე ბექა გონაშვილმა აიღო თავის თავზე.
       მშვენიერი განწყობილება, სულში ჩამწვდომი სვანური სიმღერები, ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი და შთამბეჭდავი იყო. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პატარა ნოდარიკო, რომელიც სცენას არ მოშორებია, მან ხომ პირველად ნახა ნამდვილი ჩოხიანი ბიძიები, რომლებიც ადრე მხოლოდ ტელევიზორში ჰყავდა ნანახი...
       ბექა გონაშვილმა ფერეიდნელი სტუმრები ამფითეატრიდან სცენაზე მიიპატიჟა, საიდანაც ჩვენი თანაფესვები დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ, შიგადაშიგ ისმოდა გახარებული და აღფთოვანებული ნოდარიკოს ”გაგიმარჯოს! გაგიმარჯოს!”
       ბოლოს კი ყველაფერი განშორების ცრემლებით დამთავრდა... ფერეიდნელთა ჯგუფს გარს თბილისელი ქართველობა შემოეხვია... სტუმრად ეპატიჟებოდნენ, უბის წიგნაკში ჩანაწერების გაკეთებას სთხოვდნენ, გულში იხუტებდნენ და თავიანთ ალალ სიყვარულს და სითბოს სთავაზობდნენ...

ბექა გონაშვილი
ჩვენი მასპინძელი ”არტ-გენზე”
ზუმბა და ბექა გონაშვილი
ხვიჩა სეფიაშვილი, ვაჟა მირიანაშვილი,
ბატონი ალექსანდრე და თამუნია იოსელიანები
ვაჟა მირიანაშვილი და ნიკოლოზ მამულაშვილი
ნიკოლოზ იოსელიანი და ბატონი ალექსანდრე იოსელიანი
ქალბატონი ნინო ასლანიშვილი-სეფიაშვილი,
ნათია და თამუნია იოსელიანები
ხვიჩა სეფიაშვილი პატარა ნოდარიკოთი და
ბატონი ალექსანდრე იოსელიანი
”პირველად ვხედავ ნამდვილ ჩოხიან ბიძიებს!”
ნოდარიკო სეფიაშვილი
”- შენ მიყვარხარ და საქართველო!”
ნოდარიკო სეფიაშვილი
ბესარიონ იოსელიანი - სვანეთის ღირსეული შვილი
და შესანიშნავი თამადა
ფერეიდნელი თანაფესვები პატარა საქართველოდან
”არტ-გენის” სცენაზე ესალმებიან დიდ საქართველოს

      27.07.06 - დღეს კვლავ მოვინახულე ჩემი ”თანაფესვი, თანაერი და თბილსისხლიანი ქართველები” ხვიჩასთან და მის ოჯახთან გამოსამშვიდობებლად, რადგან ისინი უკვე ტოვებენ საქართველოს. თან სურათები შევათანხმე საიტში ჩასასმელად, მიუხედავად იმისა, რომ მობილურით არის გადაღებული და ხარისხი დაბალია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
       ღმერთს ებარებოდეთ ქართველებო!

      

პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი