ფერეიდნელები და ლადო აღნიაშვილი



      ”ჩვენი ქალები წიწილასაც რომ დაკარგავენ, მთელი ღამე არ სძინავთ, საქართველომ სამასი ათასი ადამიანი დაკარგა და ნუთუ ჩვენზე აღარ ფიქრობსო. ქართველებს ჩვენ გადაშენებულები ხომ არ ვგონივართო”.
      ფერეიდნელი ქართველების მონაჩივლი პავლე ლორთქიფანიძისადმი.

* * *

      2006 წლის 4 აგვისტოს შემეხმიანა კიდევ ორი ფერეიდნელი ქართველი - დავით გუგუნაშვილი და გიორგი ხუციშვილი, რომელთაც თქვენც იცნობთ! დავითი ”ლურჯჩოხიანი” ვაჟკაცია ციხემთის მისადგომებიდან, გიორგი კი ციხემთის ისტორიის ავტორის ვაჟიშვილი. ორივენი დედა-სამშობლოს და დედა-ქალაქის მოსანახულებლად არიან ჩამოსულნი. მართლაცდა, სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა. მათმა საუბარმა დამარწმუნა, რომ (გადაჭარბებად და თავის ქებაში თუ არ ჩამომართმევთ) მე მათთვის რაღაც მიახლოებით მორალურ ”ნავთსაყუდელს” წარმოვადგენ... რაც ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის... ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია... ეს უნდა განიცადო კაცმა...
      შეხვედრამ კარგა ხანს გასტანა. როდესაც დავითს და გიორგის ვკითხე, თუ როგორ მოსწონთ საქართველო, სწორედ ამ დროს ჩვენს მაგიდას მოუახლოვდა ოფიციანტი გოგონა და თეფშების გამოცვლა იქამდე გააჭიანურა, სანამ მათი პასუხი არ მოისმინა: ”განა შეიძლება ჰკითხო ქართველს, როგორი დედა გყავსო?”
      გამომშვიდობებისას დავითმა და გიორგიმ მთხოვეს, რომ მათთვის ლადო აღნიაშვილის საფლავი მეჩვენებინა. საიტიდან კი იცოდნენ, თუ სად არის დაკრძალული მათი პირველი მოჭირნახულე, მაგრამ უნდოდათ პირადად ხლებოდნენ და თავი მოეხარათ ფერეიდანში პირველი მოგზაურის საფლავის წინაშე (ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ქ. თბილისის მერიაში შეტანილი მაქვს განცხადება, სადაც თხოვნით მივმართავ მერს, ბატონ გიგი უგულავას, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიაკუთვნონ ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის სახელი).
      და აი, 2006 წლის 10 სექტემბერს მე და ჩემი მეგობარი, ირაკლი თავაძე (გაზეთ ”მთავარი სპორტის” ჟურნალისტი) შევხვდით დავით გუგუნაშვილს და გავემგზავრეთ ლადო აღნიაშვილის საფლავის მოსანახულებლად. სამწუხაროდ, გიორგი ხუციშვილმა ვერ შეძლო ჩვენთან ერთად წამოსვლა, რადგან ქართულ-სპარსული ლექსიკონის თანაავტორებთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.

      კუკიის სასაფლაო ჩვეული სიმშვიდით შეგვხვდა. მდუმარებას ზოგჯერ ნიავს აყოლილი ფოთლების შრიალი არღვევდა. მალე ბატონი ბეჟან ჭაბუაც შემოგვიერთდა, ალბათ გახსოვთ, ბატონი ბეჟანი ის კაცია, ვინც ლადო აღნიაშვილის საფლავის მოძებნაში დამეხმარა. როდესაც გაიგო, რომ დავითი ფერეიდანიდან იყო, თვალები აუციმციმდა, ქუდი მოიხადა და ისე მიესალმა...

 


      ბატონი ბეჟანის მონათხრობიდან გავიგეთ, რომ პანთეონი, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, XX საუკუნის 90-იან წლებში 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული თამარ ჭოველიძის მამას, ბატონ არკადი ჭოველიძეს დაუარსებია. მისი თაოსნობით გადმოუსვენებიათ ჩვენი სასიქადულო მამულიშვილები: ნინო ცინუკი დადიანი, შიო ჩიტაძე, კოტე მესხი, ნატო გაბუნია, ავქსენტი ცაგარელი და ლადო აღნიაშვილი (იხ. ქვეთავი ”უფლის ხელით დახატული სასაფლაო”).
      პანთეონში აგრეთვე დაკრძალულნი არიან:
      1. თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, პროფესორი - ადოლფ როლოფი, 1870 - 1952.
      2. დაგნი იუელ ფშიგიშევსკაია, 1867 -1901.
      3. მხატვარი - გიგო ზაზიაშვილი, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მომხატველი, 1868 – 1952.
      4. სიცილის ოსტატი - ელენე ჩოხელი, 1914 – 1991.
      5. სახალხო არტისტი - თამარ თეთრაძე, 1917 – 1996.
      6. მედეა ფანიაშვილი.
      7. ლია ჭოველიძე, 1947 – 1994.

 

      წამოსვლამდე თამარ ჭოველიძის საფლავიც მოვინახულეთ, რომელიც წმინდა ნინოს ტაძრის კარებში, მარჯვენა მხარეს არის დაკრძალული.
      † ჻ მოციქულთა სწორო დედაო ნინო მეოხ ეყავნ წინაშე მაცხოვრისა ჟამსა დიდისა განკითხვისასა ქართველსა ერსა თამუნასა და მისთანა ყოველთა ცხრა აპრილს წამებულთა ჻ 1972 წლის 14 დეკემბერი - 1989 წლის 9 აპრილი.
      ტაძარში არქიმანდრიტ გაბრიელის მეტად საინტერესო ქადაგებაც მოვისმინეთ, საუბარი შეეხებოდა მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების ასაშენებლად ადგილის შერჩევას. აღმოჩნდა, რომ ეკლესია ან ტაძარი უნდა აშენდეს ისეთ ადგილზე, სადაც მდინარე მიედინება, თუნდაც ეს მიწისქვეშა გამდინარე წყლები იყოს, იოანე ზედაზნელის მონასტრის შიგნით კი არის ჭა (აღსანიშნავია, რომ ეს ჭა ფიზიკის კანონებს არ ექვემდებარება, კერძოდ, რამდენი წყალიც არ უნდა ამოიღოთ, წყლის დონე ჭაში მაინც უცვლელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მონასტრის გვერდით ბევრი წყარო მოჩუხჩუხებს), თურმე ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეკლესია ჭაობზეც აუშენებიათ... თუ ეს პირობა არ არის დაცული, მაშინ ეკლესია დახურული ან ჩაკეტილი აურის მქონე ეკლესიად ყალიბდება, სადაც აღსარების დროს ნათქვამი ცოდვები მრევლიდან ღვთის მსახურზე გადადის, ღვთის მსახური კი ვერ ახერხებს ”წყალს გაატანოს” დაგროვილი უარყოფითი მუხტი, რითაც ეკლესია და მისი მი-და-მო ”იჟღინთება”... ამიტომაც ყოფილა, რომ ძველად ადგილის შერჩევისას პირველ რიგში წყლის ძარღვს ეძებდნენ ვაზის ლერწით (გავიხსენოთ მხატვრული ფილმი ”რაიკომის მდივანი”), ახლად აშენებული ეკლესიები კი ზოგიერთი კერძო პირების, ბიზნესმენების მიერ შენდება, რომლებიც ზოგი თავისი სახელის უკვდავსაყოფად აშენებს ან რაღაც სხვა მიზანი აქვს.
      ქადაგების არსის უკეთ გასათავისებლად გავიხსენოთ ჩვენი ძველების რჩევა: ”თუ ცუდი სიზმარი ნახე, გამდინარე წყალს მოუყევი და წყალს გაატანეო!” და ერთი მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული ამბავიც გავიხსენოთ, წმინდა ნინო კაბადოკიელი საქართველოში ვაზის რტოებით შემოვიდა... შემთხვევითი ალბათ არც ისაა, რომ ქიზიყში, კერძოდ კი სიღნაღში, როცა საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში, წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი საავადმყოფოდ გადაკეთდა, მონასტრის ეზოში მოჩუხჩუხე წმინდა ნინოს სასწაულმოქმედი წყარო დაშრა.



ძველი მინიატურა, სადაც წყარო ჯერ კიდევ
წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის ეზოშია


      როგორც კი საავადმყოფო ახლად აშენებულ ცალკე შენობაში გადავიდა და წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერმა კვლავ ფუნქციონირება დაიწყო, წყარომ ისევ ამოხეთქა, ოღონდ, უკვე ხევში, მართალია ცოტა მიუდგომელ ადგილას, მაგრამ წყაროს წყალს უფრო მეტად სამკურნალო და სასწაულმოქმედი თვისებები აღმოაჩნდა, ვიდრე იქამდე ჰქონდა.
      ბუნებაში ყველაფერი კანონზომიერია!

* * *

      დამატებით მინდა მოგიყვეთ ორი ამბავი, რომლებიც უშუალო კავშირში არიან იმასთან, რაც ზემოთ შემოგთავაზეთ:
      ამბავი პირველი - როგორც თქვენთვის ცნობილია, 1997 წელს მიწვეული ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორტ-პოლკის სამხედრო ბაზაზე (ლუიზიანას შტატი) პროგრამაში ”პარტნიორობა მშვიდობისათვის - გაერთიანება ”NAGET-97” მონაწილეობის მისაღებად, როგორც დამკვირვებელთა ჯგუფის უფროსი. ამ სწავლებაზე მიწვეული იყო 22 ქვეყნის სამშვიდობო ოცეულები: საქართველო, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, მოლდავეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, ხორვატეთი, მაკედონია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ავსტრია, ბელგია, ალბანეთი, თურქეთი, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები.
      საწვრთნელი ბაზის ტყის უზარმაზარი მასივი დაყოფილი იყო სექტორებად, თვითოეული სექტორი განკუთვნილი იყო კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად. ყოველ დღე ვასრულებდით ოთხ ამოცანას, 24 ივნისიდან 29 ივნისამდე კი ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობა ტყეში გასვლით: ვერტმფრენში შესვლა და გამოსვლა, სათვალთვალო საგუშაგოს დაკავება, საკონტროლო გამშვები პუნქტი, პატრულირება ქალაქში, თავდასხმა ღამით და კონვოი. ერთი კვირის განმავლობაში 1200 კაცი ვცხოვრობდით ტყეში ერთ უშველებელ კარავში, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის იყო აგებული. სადაც მე ვიწექი, იქვე ახლოს ერთ ჩიტს ბუდე ჰქონდა პირდაპირ მიწაზე, თვითონ ჩიტი კი კვერცხებზე იჯდა. პირველად რომ დავინახე, ბუტაფორია მეგონა, ისე გაუნძრევლად იჯდა. საკმაოდ გასაოცარი ამბავია, ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი დავდიოდით მის სიახლოვეს, ბევრჯერ ლამაზ-ლამაზი ქვეწარმავლებიც დასრიალებდნენ, მაგრამ ჩიტი ყურადღებას არავის არ აქცევდა. მის გარშემო წითელი ლენტი შემოვავლეთ, უნებურად ვინმეს ფეხი რომ არ დაებიჯა, მასთან სურათიც კი გადავიღე...


      ვითომდა ხომ უბრალო ამბავია? მაგრამ ყურადსაღები აქ ის არის, რომ ამ ჩიტს არ უნდოდა თავისი ბარტყების დაკარგვა და არც დაკარგა... მართლაც რომ შესაშური დედა-შვილობაა...
      ამბავი მეორე - ფერეიდანიდან უკან დაბრუნებისას ზუსტად იგივე გზა გამოვიარე, რაც აქედან წასვლისას. ე.ი. სასაზღვრო ქალაქ ასტარიდან ისევ ტაქსით წამოვედი ბაქომდე, თბილისამდე კი მატარებლით ვიმგზავრე. ბაქოში ვაგზალზე ორი საათის ლოდინი დამჭირდა. იქვე შევიძინე ახლობლებისათვის სუვენირები (რადგან ირანში ამის საშუალება არ მქონდა), ჩემს ქალიშვილს ვუყიდე ეგრეთ წოდებული ”ბაჰრეინი” და ავედი ვაგონში. მთელი შემადგენლობა თითქმის ცარიელი იყო. კუპეშიც მარტო ვიყავი. მატარებლის გასვლამდე ხუთი წუთით ადრე შემოვიდა საკმაოდ სიმპატიური თათარი, უბრად ჩამოჯდა ჩემს წინ და დემონსტრატიულად ფანჯარაში ყურება დაიწყო. მისი გარეგნობით და სახის გამომეტყველებით ვერ ვიფიქრებდი, უზრდელია-თქო და დავასკვენი, რომ ყრუ-მუნჯი იქნებოდა. სადღაც წაკითხული მქონდა, რომ სამუდამო პატიმრობა მისჯილები დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ იწყებენ კედელზე კაკუნს და გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებას ცდილობენ. მეც ნახევარი საათი მოვიცადე და შემდეგ ”დავაკაკუნე”, ჯიქურ ვკითხე, როცა შემოხვედი კუპეში, რატომ გამარჯობა არ მითხარი-თქო? ჩემდა გასაკვირად მიპასუხა, შენზე ნაწყენი ვარ და იმიტომო!!! თან დაამატა, რა ხართ ეს ქართველები, გამცილებელს 10 ლარი რომ მიეცი დაგინახე, ეგ არ გაპატიე და იმიტომაც არ მოგესალმე, ღირსი არ ხარო!... მე გამეცინა და თან ავუხსენი, რომ ეს გამოძალვა იყო, რადგან ვაგონში ასვლისას გამცილებელმა კატეგორიულად მომთხოვა ჩანთის საბარგო ვაგონში ჩაბარება, არადა შიგ მხოლოდ პირადი ნივთები მქონდა, რომელიც ღამით დამჭირდებოდა. შემდეგ გამცილებელმა მომთხოვა 10 ლარი ”ზნაკ უვაჟენია” და აღმითქვა, რომ არავინ არ შემაწუხებდა, მეც გამახსენდა წინანდელი უსიამოვნებები გვართან დაკავშირებით და იძულებული გავხდი, გადამეხადა, ოღონდ მისი ”საზოგადოებიდან” განვთავისუფლებულიყავი აქოთებული სუნის გამო. იაშკამ (ასე ერქვა ჩემს თანამგზავრს) მაინც არ მაპატია, შემდეგ კი თავისი ისტორიები მომიყვა, თუ რა გადახდენია ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობების დროს, კერძოდ, ბაქოში საკუთარი ბინის გაფორმების და თავისი ვაჟის საზღვარგარეთ სპორტულ შეჯიბრზე გაგზავნასთან დაკავშირებით. თვითონაც სპორტსმენი აღმოჩნდა და როგორც ჩანს საკუთარი სახსრებით მნიშვნელოვნად გამოუცოცხლებია სპორტული ცხოვრება თავის რაიონში, თუმცაღა ყოფილა ბევრი მცდელობა, რომ მისი გაკეთებული სიკეთე სხვებს მიეთვისებინათ...
      საკმაოდ მალე დავმეგობრდით, მეც ჩემი ამბები მოვუყევი... თითქმის მთელი ღამე ვსაუბრობდით და დილით ისევ გავაგრძელეთ. საქართველოს საზღვარი რომ გამოვიარეთ, პირველსავე გაჩერებაზე უცებ წამოხტა... აქ ჩავდივარო... სასწრაფოდ ხელი დავავლეთ მის ჩანთებს... სანამ კარებამდე მივაღწევდით, ვუთხარი, შენც ჩემსავით ბალახი ყოფილხარ-თქო... იმდენად მოულოდნელი და გაუგებარი იყო მისთვის ეს სიტყვები რომ მაშინვე შეჩერდა, მე კი სასწრაფოდ განვუმარტე რაბინდრანათ თაგორის უკვდავი სიტყვები ”ბალახი არ ცდილობს ბაობაბის ხედ გადაიქცეს, ამიტომ დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება!” ამის შემდეგ კი გამიცინა, შემდეგ მაგრად გადამკოცნა და ისე დავშორდით ერთმანეთს, რომ მისამართების გაცვლაც კი ვერ მოვასწარით...

* * *

      მინდა ერთი ჩემეული შედარებაც შემოგთავაზოთ: წარმოიდგინეთ შავი ბარხატი საქართველოს რუკის სახით, გვერდით თვალ-მარგალიტით და ალმასებით სავსე ზარდახშა... ნება-ნება ვიღებ აელვარებულ ძვირფას ქვებს და შავ ბარხატზე ვაწყობ... პირველი და საუკეთესო, რა თქმა უნდა, მახათას მთას ერგო, სადაც კუკიის სასაფლაოზე განისვენებს ლადო აღნიაშვილი; შემდეგ მეტრო გურამიშვილის მიმდებარე ტერიტორია - ფერეიდნელების სახლი; ლესელიძის ქუჩა - საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრი, სადაც მუშაობს აღმოსავლეთმცოდნე ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი; ავლაბარი, ფერისცვალების ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია; აკადემქალაქი, პირველი კვარტალი; ვარკეთილი, ზემო პლატო... შემდეგ ყვარლის რაიონი, სოფელი შილდა, სადაც აღნიაშვილების საგვარეულო სახლ-კარია; სიღნაღი და სიღნაღის რაიონი; რუსთავი, მე-4 საშუალო სკოლა, სადაც მუშაობს ქალბატონი ციური ბერიძე...
      საბედნიეროდ, ზარდახშა ისევ სავსეა და ყოველი ძვირფასი ქვა თავის რიგს და ადგილს ელოდება...