«უცნობი მეგობარი» − სოსო ონიკაშვილი თბილისში


      2006 წლის 16 ოქტომბერს ტელეფონით შემეხმიანა ჩემი «უცნობი მეგობარი»‚ რომელიც ირანიდან უნიკალურ ფოტოებს მიგზავნიდა. ამჟამად ზარი თბილისიდან იყო... აღმოჩნდა‚ რომ ბატონი სოსო 2−3 საათის ჩამოსული ყოფილა საქართველოში. მეტად ამაღელვებელი საუბარი გვქონდა. ალბათ წარმოდგენილი გაქვთ‚ რა განცდები გვექნებოდა... ვესაუბრებოდი პიროვნებას‚ რომელთანაც ინტერნეტით ერთი წლის განმავლობაში «ერთი ფუთი მარილი უკვე ნაჭამი მქონდა»‚ ხოლო ფიზიკურად გაცნობის საშუალება ახლა მეძლეოდა. შევთანხმდით‚ და აი‚ 18 ოქტომბერს საღამოს 17.30 საათზე‚ თავისუფლების მოედანზე შევხვდით... დანახვისთანავე მივხვდი‚ რომ ის − ის იყო და ისიც მიხვდა‚ რომ მე − მე ვიყავი... რამდენიმე ხნის შემდეგ მივაბიჯებდით ქუჩაზე‚ რომელსაც ორივენი უკვე ლადო აღნიაშვილის სახელობის ქუჩად მოვიაზრებდით... ზარი კარებზე და მეუღლის‚ ქალბატონ თამარის მომღიმარე სახე... ჩემი შვილები − ირაკლი და სოფიკოც სახლში დაგვხვდნენ... მალევე გავუშინაურდით ერთმანეთს.



      საუბარი‚ რა თქმა უნდა ჩემი საიტიდან დავიწყეთ‚ შემდეგ ბატონმა სოსომ გვაჩვენა ირანის ქართულენოვანი რადიოს საიტი − www.irib.ir‚ შეგახსენებთ რომ ბატონი სოსო ონიკაშვილი ირანში დაბადებული და საქართველოში გაზრდილი ფერეიდნელია და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ‚ უკვე მეცხრე წელია‚ რაც ირანის ქართულენოვან რადიოში მუშაობს‚ რომლის მოსმენა შეგიძლიათ ყოველდღე MW−702 ტალღაზე თბილისის დროით 21.00-22.00.
      ირანის ისლამური რესპუბლიკის ქართული რადიო გაიხსნა 1998 წლის 19 ოქტომბერს. ქართული რადიოს ყოველდღიური პროგრამები გადმოიცემა ჩრდილოეთ ირანის ქალაქ რაშთიდან (გილანის მხარე)‚ საშუალო სიშორის 702 კილოჰერც სიხშირის ტალღაზე. თავდაპირველად პროგრამის ხანგრძლივობა 30 წუთი იყო. 2001 წლიდან ის ერთ საათამდე გაიზარდა. ქართული რადიოს უმთავრესი მიზანია, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს ქართველ მსმენელს ირანის შესახებ და ხელი შეუწყოს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას.



ქართული რადიოს შენობა ქალაქ რაშთში

      ირანის ისლამური რესპუბლიკის ქართული რადიოს საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ შემდეგი გადაცემები:
      1. ამერიკა და ერაყი კიდევ ერთი კრიზისი − გადაცემა ეთერში გადის ყოველ ორშაბათს და მასში განიხილება ერაყში მიმდინარე პროცესები, ამერიკის თავდასხმის შემდეგ.
      2. მუჰამედი‚ უკანასკნელი მოციქული − გადაცემა ეთერში გადის სამშაბათობით. ის ეხება ისლამის მოციქულის ცხოვრებას და სამოციქულო მოღვაწეობას.
      3. გარედან დანახული ამერიკა − გადაცემა გადის ყოველ ოთხშაბათს და მასში განიხილება ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები.
      4. გზა სინათლისკენ − გადაცემა ეთერში გადის ყოველ ხუთშაბათს. მასში განიხილება მუსლიმთა ზეციური წიგნის «ყურანის» სწავლებები და ისლამური გადმოცემები.
      5. დასავლეთის რელიგიური იდეოლოგია − გადაცემა ეთერშია ყოველ პარასკევს და მასში განიხილება სხვადასხვა რელიგიების მდგომარეობა დასავლეთის ქვეყნებში.
      6. ირანი და ისლამური კულტურა − ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ყოველ შაბათს. მასში განიხილება ირანელთა როლი ისლამური კულტურისა და ცივილიზაციის გავრცელებაში.
      7. ირანის რევოლუციური პოეზია − ამ გადაცემის მოსმენა შეგიძლიათ ყოველ კვირა დღეს. მასში გაეცნობით თანამედროვე და რევოლუციონერ პოეტებს და მათ შემოქმედებას.
      ამ გადაცემების გარდა, ირანის ქართული რადიოს საშუალებით თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ მოისმინოთ ახალი ამბები, დღის ისტორიული ამბების ქრონიკა და აქტუალურ თემაზე შექმნილი ანალიტიკური ხასიათის გადაცემა (რჩევები, შენიშვნები და წინადადებები შეგიძლიათ მიაწოდოთ irangeoradio@yahoo.com).
      მინდა გითხრათ‚ რომ 19 ოქტომბერს‚ ირანის ქართული რადიოს თანამშრომლებს ინტერნეტით მივულოცე «დაბადების დღე»:
      От: Giorgi Alaverdashvili <gugua56@gmail.com>
      Кому: irangeoradio@yahoo.com
      Дата: 19.10.2006 9:00, Тема: Giorgi Alaverdashvili Tbilisidan
      მეგობრებო‚ გილოცავთ «დაბადების დღეს»‚ ირანის ქართულენოვანი რადიოს 8 წლისთავს! გისურვებთ ბედნიერებას‚ ჯანმრთელობას და უამრავ სიხარულს! თქვენ მეტად საშვილიშვილო საქმეს აკეთებთ! თქვენს შესახებ გუშინ გავიგე‚ როცა სოსო ონიკაშვილი ჩემთან სტუმრად იყო. დღეს სოსოსაც მივულოცე ეს სასიხარულო თარიღი. სულ კარგი გადაცემები და საქმეები გეკეთებინოთ! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი (www.Fereidani.com)
      პასუხებმაც არ დააყოვნა:
      1. გაგიმარჯოს ბატონო გიორგი! იმედია‚ რომ კარგად იქნებით! დიდი მადლობა მოლოცვისთვის‚ თქვენი საიტიც ძალიან მოგვეწონა. წარმატებებს გისურვებთ! კარგად იყავით!
      2. გამარჯობა ძმაო გიორგი! დიდი მადლობა წერილისათვის‚ ძალიან მიხარია რომ გაგიცანი და მადლობას გიხდით ჩვენ‚ ფერეიდნელები მილოცვისათვის. იმედია რომ კარგად იქნებით. მსურს ის დრო როდის დადგება რომ საქართველოში ერთმანეთს პირადად შევხვდეთ. წარმატებას და ჯანმრთელობას გისურვებთ შენ და შენს ოჯახს! დავითი გუგუნაშვილი‚ სოსოს თანამშრომელი.


* * *

      «ფერეიდანი მდებარეობს ირანის ცენტრალური ზეგანის ბახთიარის შიშველ მთებში. იგი ადმინისტრაციულად ისპაჰანის ოლქს ექვემდებარება. 1966 წელს ფერეიდანის ქართველებით დასახლებულმა სოფელმა ახორე ბალამ (ზემო მარტყოფი) ქალაქის სტატუსი მიიღო და ფერეიდუნშაჰრად ანუ ფერეიდან ქალაქად იწოდა. ეთნიკური ქართველები ფერეიდანის 14 სოფელში ცხოვრობენ აქედან 10 სოფელში ისინი უმრავლესობას წარმოადგენენ. მათი საერთო რიცხვი 15-30 ათასს აღწევს.


 
ისპაჰანი
ლორესტანი

      ეს სოფლებია: სიბაქი (ვაშლოვანი), ახჩა, აფუსი (რუისპირი), შაჰიურდი, ხუნგი, ტაშკესანი, ბუინი-მიანდაშტი და ჩუღრუთი. ქართველებით არის დასახლებული ლორისტანის ოლქის ქალაქ აზნასთან მდებარე პატარა სოფელი, სადაც მაინც შემორჩა ქართული ენა. ფერეიდანის ქართულ სოფლებში გავრცელებულია შემდეგი ქართული გვარები: გუგუნაშვილი, გოგოჩაშვილი, ასპანიშვილი, იოსელიანი, ხუციშვილი, მოლაშვილი, ზუბიტაშვილი, ონიკაშვილი, ასლანიშვილი, მიქელაშვილი, ბათიაშვილი და სხვა. დღეისათვის ფერეიდნელი ქართველები, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა სპარსულ გვარებს ატარებენ.


 


      რამდენადაც ფერეიდანი მთიანი მხარეა, სავარგულები და სახნავ-სათესი მიწები ძირითადად მთისწინებსა და ხეობებში არის გადაჭიმული. საინტერესოა, რომ დღემდე შემორჩენილია ამ სავარგულების ქართული სახელები: ნაქერალი, პაპას ბაღი, მაზრა, პიტნიანი, ნასერალი, კუს წყარო და სხვა. სასოფლო სამეურნეო კულტურებიდან იქ მოჰყავთ ხორბალი, ქერი, შვრია, იონჯა, პარკოსანი მცენარეები, ბაღჩეული, სხვადასხვა სახის ხილი. მიწათმოქმედებასთან ერთად ფერეიდნელები მესაქონლეობასაც მისდევენ. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შინამრეწველობას, კერძოდ კი ხალიჩების ქსოვას».


* * *

      ახლა კი ზოგიერთი რამ «უცნობი მეგობრის» შესახებ: სოსო ონიკაშვილი, დაბადებული 1971 წელს ფერეიდანში‚ ყავს მშობლები‚ ერთი ძმა და სამი და. 1972 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს საქართველოში. სწორედ საქართველოს სიყვარულმა განაპირობა ის‚ რომ მისმა ოჯახმა ირანში საკმაოდ უზრუნველყოფილი ცხოვრება მიატოვა და ისტორიული სამშობლოსაკენ გამოემართა. დამთავრებული აქვს თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი. არის აღმოსავლეთმცოდნე‚ ირანისტი. საქართველოში უმუშევრობის გამო იძულებული გახდა‚ დაბრუნებულიყო ირანში‚ სადაც მუშაობს ირანის ქართულენოვან რადიოში‚ რომელიც დროებით ხასიათს ატარებს. ძალიან მალე აპირებს საქართველოში დაბრუნებას‚ თუნდაც ისევ უმუშევრობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს.



სოსო ონიკაშვილი











      შეხვედრის ბოლოს სოსომ გადმომცა ფერეიდანის ფოტოები‚ რომლებიც წარმოადგენს მის კუთვნილებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავტორთან შეთანხმების გარეშე ფოტოების გამოყენება, რედაქტირება და რეპროდუქცია აკრძალულია!



ფერეიდანი


ფერეიდნელები


ფერეიდანი ღამით


ფლორა და ფაუნა


ფერეიდნის წყაროები


გამოქვაბულები


მთები და გზები


ისევ მთები


მზე ციხემთაზე