ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი


      აღნიაშვილი ვლადიმერ (ლადო) დიმიტრის ძე (7. II. 1860‚ ს. შილდა‚ ახლანდელი ყვარლის რაიონი‚ − 23. IV. 1904‚ თბილისი). ქართველი საზოგადო მოღვაწე‚ პედაგოგი‚ ეთნოგრაფი‚ ფოლკლორისტი‚ დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი‚ შემდეგ − გორის საოსტატო სემინარია (1881). ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელსა და თბილისის ქართველ კათოლიკეთა სამრევლო სკოლაში. 1883 გამოსცა სახელმძღვანელო «პირველი ნაბიჯი (რუსული) ენის შესასწავლად დაწყებითი ქართული სკოლებისათვის».


 


      აღნიაშვილმა ჩამოაყალიბა ქართველ მომღერალთა გუნდი («ქართული ხორო»‚ ი. რატილის ლოტბარობით‚ 1885−86)‚ რამაც დიდი ისტორიული როლი ითამაშა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში − მკვიდრი საფუძველი ჩაუყარა ქართული ეროვნული სასიმღერო შემოქმედების აღორძინებას‚ მის პროპაგანდასა და შემდგომ განვითარებას. აღნიაშვილის აქტიური მონაწილეობით 1887 დაარსდა «ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობა»‚ რამაც განაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაში. ამავე წელს აღნიაშვილმა გამოსცა რუსულ-ქართული «უბის ლექსიკონი»‚ მანვე შეადგინა და გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული (1890)‚ რომელიც საფუძვლად დაედო მარჯორი უირდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილ ქართულ ხალხურ ზღაპრებს (1894). 1892−93 წლებში აღნიაშვილმა სკოლის გარეშე საკითხავად გამოსცა «ახალი ანბანის» რვა წიგნაკი. 1894 წელს გაემგზავრა სპარსეთში შაჰ-აბასის დროს გადასახლებული ქართველების ცხოვრების შესასწავლად. 1896 წელს ჟურნალ «მოამბეში» (N 2−8) დაიბეჭდა აღნიაშვილის ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული ნაშრომი «სპარსეთი და იქაური ქართველები»‚ რომელშიც გადმოცემულია იმდროინდელი სპარსეთის ყოფა-ცხოვრება‚ აღწერილია ფერეიდნელი ქართველების ზნე-ჩვეულებანი‚ ეკონომიკურ-კულტურული მდგომარეობა (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია‚ II ტომი).


* * *


      2006 წლის 8 ნოემბერს‚ ლადო აღნიაშვილზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების მიზნით‚ გავემგზავრე ყვარლის რაიონში‚ კერძოდ სოფელ შილდაში‚ სადაც მისი მამაპაპისეული სახლი მეგულებოდა. როგორც თქვენთვისაც ცნობილია‚ 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე‚ საგურამოში და ყვარელში აღინიშნებოდა დიდი მამულიშვილის დაბადებიდან 169-ე წლისთავი «ილიაობა»‚ რის გამოც ძმებ აღნიაშვილების სახელობის შილდის საშუალო და სამუსიკო სკოლები დაკეტილი დამხვდა. ამიტომ პირდაპირ აღნიაშვილების საგვარეულო სახლს ვესტუმრე‚ სადაც ამჟამად ცხოვრობს ლადო აღნიაშვილის ძმის შვილი − ღირსების ორდენოსანი‚ აგრონომი‚ ბატონი არჩილი (კოხტა) აღნიაშვილი ოჯახით: ყავს მეუღლე − ქალბატონი ლალი და ორი ვაჟიშვილი − კახა და ბესიკი.




      აღნიაშვილების სახლ-კარი პირველი ქვიტკირის ნაგებობა ყოფილა შილდაში‚ რომელიც ლეკიანობის დროს ერთგვარ თავშესაფრის როლსაც ასრულებდა თურმე. ახლაც არსებობს ქვევრები‚ რომელთაგანაც ერთ-ერთი წყლისთვის ყოფილა გამოყოფილი!!! ცოტა უცნაური მოსასმენია‚ შილდაში რომ გეტყვიან‚ ეს ქვევრი ყოველთვის წყლით იყო სავსეო‚ მაგრამ თუ გავითვალისწინებთ‚ რომ დაღესტანი სულ რაღაც 14 კილომეტრშია აქედან‚ მაშინ ყველაფერი გასაგები იქნება...


   


      გულღია მასპინძლებთან საუბარში გაირკვა‚ რომ ძალიან ბევრი ოჯახური რელიკვია: ძირითადად წიგნები‚ სურათები და სხვა დოკუმენტაცია მათთან სხვადასხვა დროს ჩასულ სტუმრებში ყოფილა გაბნეული‚ ერთ დროს ჰქონიათ ლადო აღნიაშვილის ნაქონი ჩოხაც...


      
ქვედა რიგში‚ შუაში
ლადო აღნიაშვილი
ლადო აღნიაშვილი‚ დედას ლევანა
და მერი შილდელი

      აღნიაშვილების ოჯახი განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს რუსთავის მე−4 საშუალო სკოლის პედაგოგს‚ ქალბატონ ციური ბერიძეს‚ რომელმაც არქივებიდან მოიძია ისეთი ინფორმაციები‚ რომლებიც თვით ოჯახის წევრებსაც კი არ სცოდნიათ.
      საუბარში აღვნიშნე‚ რომ თბილისის მერიაში გაგზავნილი მქონდა წერილი თბილისის ერთ−ერთი ქუჩისათვის ლადო აღნიაშვილის სახელის მიკუთვნების თაობაზე‚ ამაზე ბატონმა არჩილმა მითხრა‚ რომ 1960 წელს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარებულ ლადო აღნიაშვილის 100 წლის იუბილეზეც მიუღიათ დადგენილება‚ მაგრამ ამ მხრივ არაფერი არ გაკეთებულაო...



      დასასრულს‚ უღრმეს მადლობას მოვახსენებ საქართველოს კინო ფოტო ფონო დოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივის დოკუმენტების გამოყენების და პუბლიკაციის განყოფილების გამგეს‚ ქალბატონ ლია სოხაძეს‚ ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილის უნიკალური ფოტომასალის მოწოდებისათვის:





პირველი ქართული ეთნოგრაფიული გუნდის
ხელმძღვანელი − ლადო აღნიაშვილი
რეპროდუქცია შ. ფურცხვანიძისა



პირველი ქართული გუნდი‚ დაარსებული ლადო აღნიაშვილის
ხელმძღვანელობით (ცენტრში ლადო აღნიაშვილი) 1885 წელს‚
რეპროდუქცია ა. ალიევისა