რაც დრო გადის, მით უფრო მოკლდება გზა გურჯისტანსა და ფერეიდანს შორის. უფრო მეტად ვუახლოვდებით ერთმანეთს აქაური და იქაური ქართველები. ამ სიახლოვეში იგრძნობა, რომ ჩვენ უფრო დავშორებივართ ძველ, დაკოჟრილ და მადლიან ფესვს, ვიდრე უცხო მიწაში გადარგული ქართული ფესვის შვილები. ფერეიდანში ახლა 400 წლის წინ ტყვედ წაყვანილ ქართველთა მეთექვსმეტე თაობა ეფერება მშობლიურ ენას. ამას იუწყება ფერეიდუნშაჰრისა და ისპაჰანის ქუჩებში აფრიალებული სარეკლამო პლაკატებიც წარწერით, - «ვისწავლოთ ქართული ენა». თბილისში, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, ჩოხებში გამოწყობილი ფერეიდნელი ქართველები სამ ხმაში მღერიან ფერეიდნულ თუ ქართულ-ხალხურ სიმღერებს. შეუძლებელია, სევდა არ მოგერიოს მათი მოსმენისას, ყველანი იმედის სანთლებს ჰგვანან. იმედის, რომ ჩვენ გადაშენება და გადაგვარება არ გვიწერია. ფერეიდნელი ქართველის, საიდ მულიანის თქმით, «ქართული გენი ლამაზ ყვავილს ჰგავს, რომელსაც ყველგან შეუძლია გახარება, შეუძლია კლდეშიც კი გაიდგას ფესვები და პიტალოს ისე გადმოეკიდოს, როგორც სიცოცხლის სამკაული». ძნელია შეედავო იმ ხალხის შვილს, რომელმაც მართლა კლდესავით სიძნელეები დაამსხვრია და დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფადი სახე. იქნებ ამიტომაც გაუჩნდა თბილისელ გიორგი ალავერდაშვილს ფერეიდანში მოგზაურობის შემდეგ ასეთი სურვილი: «ჩვენს ყოფას რომ ვუყურებ, მინდა ეს საკუთარი დედ-მამის მაგინებელი ბიჭები და შიშველ-ტიტველი გოგონები როგორმე ჩავიყვანო ფერეიდანში, ერთმანეთისა და სხვისი პატივისცემა მაინც რომ ისწავლონ იქაური ქართველებისაგან. მე იქ მოწყენილი, ნასვამი ან სამოწყალოდ ხელგაწვდილი ადამიანი არ მინახავს, საოცარი ხალხია, ალალი, მართალი, უაღრესად პატიოსანი, სამშობლოზე შეყვარებული, რევაზ ინანიშვილის პერსონაჟებს ჰგვანან».
      ახლახან თბილისში გაიმართა ირანული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: «ისპაჰანის სკოლა», რომელშიც ირანელ მეცნიერებთან ერთად ფერეიდნელი ქართველი საიდ მულიანიც მონაწილეობდა.
      «გულისა და სულის ძირიდან მოგესალმებით, ჩემო თანანერგებო და თანაფესვებო, მიიღეთ გულთბილი სალამი შორეული ფერეიდანიდან», - ასე მიესალმა საქართველოს საიდი, რომელიც თავის თავს ქართული ენისა და ერის მორჩილს უწოდებს. რამდენიმე წელია, ფერეიდნის ქართულ საზაფხულო სკოლებში ქართულ ენას ასწავლის მშობლიურ ენაზე ლაპარაკის მსურველ ფერეიდნელებს. საგანგებოდ მათთვის იაკობ გოგებაშვილის «დედაენაზე» დაყრდნობით ქართული ენის თვითმასწავლებელიც დაუწერია. ის ქსეროასლებად ვრცელდება ირანელ ქართველებში. «ნეტავი დადგეს დრო, როდესაც საზღვარგარეთ მყოფ ყველა ქართველს მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა ეცოდინება», - ოცნებობს საიდი. იგი საშუალო სკოლასა და უნივერსიტეტში ირანის ისტორიასა და სამშობლოს სიყვარულს ასწავლის ირანელ მოსწავლეებს და სტუდენტებს. ქართული ენის თვითმასწავლებლის გარდა მას ორი შესანიშნავი ნაშრომიც გამოუცია ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ.
      საიდ მულიანი: - პირველ წიგნს ეწოდება «ქართველების როლი ირანის კულტურაში, ცივილიზაციასა და ლიტერატურაში». დაახლოებით ოთხასგვერდიანია, 6 წლის წინ გამოიცა ისპაჰანის უნივერსიტეტში, როგორც ჩემი სადისერტაციო ნამუშევარი. დღეს თავიდან რომ გამოვცე იგივე წიგნი, ალბათ, ორჯერ დიდი გამოვა, რადგან უამრავი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა შევაგროვე ქართული, სპარსული თუ სხვა წყაროებიდან. ირანის სამეცნიერო წრეებში ამბობდნენ, ასეთი საინტერესო დისერტაცია დღემდე არავის დაუწერიაო. ქართველებზე ზღვა ინფორმაცია მოიპოვებოდა ირანულ წყაროებში, მაგრამ ასე თავმოყრილი მასალები ჯერ არ დაბეჭდილა. მინდოდა, ყველას გაეგო, რა დიდი როლი ითამაშეს ქართველებმა ირანის ისტორიაში.
      წიგნი 2000 ეგზემპლიარად დაიბეჭდა და უმეტესად ირანის სამეცნიერო წრეებსა და ბიბლიოთეკებში გავრცელდა. სასურველია, კიდევ გამოიცეს, მაგრამ ამისთვის სპონსორია საჭირო.
      შარშანწინ კიდევ ერთი შრომა დავწერე თემაზე «ქართველთა ადგილი სეფიანთა სამეფოში და მათი შედარება კავკასიაში მცხოვრებ ერებთან». სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ზოგიერთი ავტორი ცნობილ ირანელ ქართველებს სომხებს უწოდებს. ამ ნაშრომში დოკუმენტურად დავასაბუთე, ვინ ვინ არის. მაგალითად, ალავერდი-ხან უნდილაისძეზე, შაჰ-აბას პირველის მარჯვენა ხელზე, პიეტრო დე ლა ვალე წერს, საქართველოდან ჩასული სომეხი იყოო, თანამედროვე ისტორიკოსებმა, მათ შორის რუსმა ივანოვმაც, დე ლა ვალესგან გადაიღეს ეს მცდარი ცნობა, ჩემი ნაშრომის სხვადასხვა ენაზე გადათარგმნა ბევრი მეცნიერისათვის და დაინტერესებული პირისთვის ნათელს გახდის, სინამდვილეში ვინ ვინ იყო.
      ქართველებს საუკუნეების განმავლობაში დიდი წვლილი შეჰქონდათ ირანის პოლიტიკასა და კულტურაში. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სეფიანთა დინასტიის ზეობისას. ირანში ქართველებს, ძირითადად ტყვედ ყიდდნენ. ბევრი მათგანი, ნიჭიერებითა და ვაჟკაცობით გამორჩეული, ირანის სამეფო კარზე გავლენიანი კაცი ხდებოდა, მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ერთ-ერთი პირველთაგანი ალავერდი-ხან უნდილაისძე აღზევდა. ტახტზე ასვლის შემდეგ შაჰ-აბასმა მისი წყალობით ბევრი ომი მოიგო და ამიტომაც უბოძა მთავარსარდლობა. უნდილაისძე იყო სეფიანთა დინასტიის პირველი მთავარსარდალი და ერთ-ერთი დიდი პროვინციის, ფარსის გუბერნატორიც. როგორც წესი, შაჰ-აბასი ყველა პროვინციის გუბერნატორს ამოწმებდა, მაგრამ არასდროს უფიქრია ფარსში ჩასვლა, - შაჰი უნდილაისძეს უსაზღვროდ ენდობოდა და ისე უყვარდა, მამას უწოდებდა. ხშირად იტყოდა, სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი უნდილაისძეს ვემორჩილებიო.
      სეფიანთა დროშის ქვეშ კიდევ ბევრი ქართველი იბრძოდა, სხვები კი ირანულ კულტურას ემსახურებოდნენ. საერთაშორისო კონფერენციაზე ჩემთან ერთად ჩამოვიდა პროფესორი აჰმად ხათემი. სწორედ მან გააკეთა მოხსენება თემაზე «ქართველი პოეტები ისპაჰანის სკოლაში». როგორც ბატონი აჰმადი წერს, ქართველები ირანელებსაც კი აოცებდნენ სპარსული ენის საუკეთესო ცოდნით, საუცხოო ლექსებს წერდნენ.

- საქართველოში თითქმის არაფერი ვიცით ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ირანში მოღვაწე ცნობილ ქართველთა და მათი ღვაწლის შესახებ, ალბათ, ამაზეც უნდა დაიწეროს.
- საუკუნეების განმავლობაში ირანის უზარმაზარ ტერიტორიას ყანდაყარიდან ბაღდადამდე და ყარაბაღიდან ორმუზამდე 40 გუბერნატორი განაგებდა. მათ შორის ბევრი ქართველი იყო. მაგალითად, იუსუფ-ხანი, რომელმაც დააარსა ქალაქი სულფანაბადი, ახლანდელი ყარაქი. შაჰის კარზე ცხოვრობდნენ ქართველი მხატვრები სიაუში და ფაროს ბეი-გურჯი. მათი ნახატები დღესაც დაცულია ირანის ცნობილ სასახლეებში. მათ ხელოვნებას ეთაყვანებიან ირანში, საქართველოში კი ფართო საზოგადოებრიობამ თითქმის არაფერი იცის მათზე.

      ქართველები დიდ როლს თამაშობდნენ ირანის ახალ ისტორიაშიც, მათ შორის კონსტიტუციური რესპუბლიკის შექმნაში. ირანელი ისტორიკოსი აჰმად ჩაჰრავი წერს, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ამ შესანიშნავ ქართველებზე, ამიტომ მათზე ცნობები უნდა მოვიძიოთო. აღა-მაჰმად-ხანისგან დატყვევებული ქართველებიც ცნობილი ირანელი მოღვაწეები იყვნენ. მათ შორის იყო ყაჯართა სამეფოს დიდვეზირი, მირზა-ალი-ასტარ-ხანი. ირან-ერაყის ომში ფერეიდნელი ქართველები უშიშარი მეომრები, შაჰიდები იყვნენ. შაჰიდი მას ეწოდება, ვინც ომში თავს დებს სამშობლოსათვის. რახან ერაყელებმა ქართული ენა არ იცოდნენ, ჩვენი მებრძოლები ქართულ ენას სადაზვერვო ენად იყენებდნენ, საიდუმლო დავალებების შესრულებისას ირანის პრეზიდენტმა რაფსანჯანიმ ფერეიდანში სტუმრობისას გვითხრა, ქართველები ომში ძალიან გვეხმარებოდნენ ბრძოლითაც და ენითაცო.
      ირანისა და საქართველოს ურთიერთობა არ შეიძლება მხოლოდ ომებს დავუკავშიროთ. დიდი კულტურული კავშირი ჰქონდა ამ ორი ქვეყნის ხალხს, რამაც მსოფლიო კულტურას დიდი საგანძური შესძინა. უნდა მოვძებნოთ გაწყვეტილი ჟაჭვის რგოლები და ასე ავაწყოთ ურთიერთობა. წარსული კარგად უნდა ვიცოდეთ, მაგრამ იქიდან მხოლოდ კარგი უნდა ავირჩიოთ. ფერეიდნელებმა უნდა შევუწყოთ ამას ხელი. ამასთან, ისე, რომ ირანის ინტერესებსაც ვითვალისწინებდეთ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, და ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველები ვართ. ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ოქროს შუალედის გამონახვის საშუალებას მოგვცემს.

- დღეს რა როლს თამაშობენ ქართველები ირანის ცხოვრებაში?
- ირანი დიდი ქვეყანაა, აქ სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს. ჩვენ ყველაზე ცოტანი ვართ, მაგრამ მაინც ბევრი ქართველია დაწინაურებული.
- ეტყობა, დღეს აღარავინ უშლის ფერეიდნელ ქართველებს ქართველობას.
- ირანში სხვადასხვა ხალხის უფლებები კანონით არის დაცული. ირანის კონსტიტუციაში წერია, რომ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ხალხს შეუძლია ისწავლოს მშობლიური ენა. ასე რომ, ჩვენც შეგვიძლია გავხსნათ სკოლები. მე და რამდენიმე ფერეიდნელმა მთავრობის დახმარებით რამდენიმე წელია ქართული სკოლა გავხსენით.
- ქართული ენის სწავლის მსურველი ბევრია?
- ძალიან ბევრი და სხვადასხვა ასაკის. რეკლამებს ვაკეთებთ, მოვუწოდებთ ყველას, ისწავლონ ქართულად წერა-კითხვა უფასოდ.

      P.S. საიდ მულიანმა ამაყად მომასმენინა აუდიოჩანაწერი, სადაც მისი სამი წლის ვაჟი, პატარა არმანი, საქართველოს ჰიმნს მღერის. «მას ისევე ვასწავლი საქართველოს სიყვარულს, როგორც თავის დროზე ჩვენ და ჩვენს წინაპრებს ასწავლიდნენ მშობლები. ერთი ეს არის, ის ლამაზი ზღაპარი, ალბათ, მალე დავიწყებას მიეცემა, - ფერეიდნელმა ბავშვებმა უკვე იციან, რომ საქართველოში ჩამოსასვლელად ცისარტყელაში გაძრომა აღარ დასჭირდებათ. საბედნიეროდ, კარი გახსნილია, მშვიდობა იყოს», - ამბობს საიდი.
      როგორც საიდის ქართველი მეგობარი გიორგი ალავერდაშვილი ამბობს, კარგი იქნებოდა, თუ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის, ეთნოგრაფისა და ფოლკლორისტის ლადო აღნიაშვილის სახელი მიენიჭებოდა. აღნიაშვილი პირველი ქართველი მოგზაური იყო, ვინც საუკუნის წინ ფეხი დაადგა ფერეიდნის მიწას და იქაურ ქართველებს აქაურებისაგან გატანებული სიყვარული ჩაუტანა. სხვათა შორის, ბატონი ლადო საქართველოში არ ახსოვთ ისე კარგად, როგორც ფერეიდანში. კუკიის სასაფლაოზე განსვენებულის საფლავს მხოლოდ ფერეიდნელები და თითო-ოროლა აქაური თუ მოინახულებს ხოლმე.