«ფერეიდანში მოგზაურობისას შეგრძნება მქონდა, რომ საქართველოს
ისეთ კუთხეში ვიმყოფებოდი, სადაც ჯერ ნამყოფი არ ვიყავი»



      გამარჯობათ ბატონო გიორგი! მე გახლავართ გაზეთ ”The Georgian Times”-ის ჟურნალისტი. ძალიან დიდი ინტერესით ვეცნობი თქვენს საიტს ფერეიდანის შესახებ. დამეთანხმებით, ქართველი საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ ირანელი ქართველების, ფერეიდანის შესახებ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას ფლობდეს და ეს ცნობები იყოს მუდმივად განახლებადი.
      ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, თუ ამ საიტის, ასევე თქვენი საინტერესო შეხედულებების და მოსაზრებების შესახებ ქართველი საზოგადოება ჩვენი გაზეთიდანაც შეიტყობდა.
      დაინტერესებული ვარ, ჩავწერო თქვენთან ინტერვიუ ფერეიდანის თემაზე, თუ თქვენ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ და ძალიან არ შეგაწუხებთ. გისურვებთ წარმატებებს! პატივისცემით, ლელა კედელაშვილი.




* * *

      ფერეიდანის თემაზე ბევრი დაწერილა. ეს თემა საქართველოსთვის და ქართველებისთვის მარადიული და ამოუწურავია. თუმცა, როცა დღეს უამრავი ყოფითი თუ პროზაული პრობლემა გვაწუხებს, არც ისე ბევრია იმ ადამიანთა რიცხვი, ისტორიული სამშობლოსათვის თავისი თანაფესვების შენარჩუნებას რომ ცდილობენ. ინტერნეტ-საიტ www.fereidani.com ავტორი და შემქმნელი გიორგი ალავერდაშვილი ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისთაგანია. ”ჯორჯიან თაიმსმა” მას თავისი მოსაზრებების და შთაბეჭდილებების გაზიარება სთხოვა.

* * *

      – მოკლედ მოგვიყევით ფერეიდანში თქვენი მოგზაურობის შესახებ...

      – ფერეიდანში დეკემბრის თვეში გავემგზავრე. რადგან საკუთარი ხარჯით მივდიოდი, ამიტომ შემოვლითი გზა ვარჩიე. თბილისიდან ბაქომდე მატარებლით გავემგზავრე, ბაქოდან სასაზღვრო ქალაქ ასტარამდე – ტაქსით, ასტარიდან თეირანამდე და შემდეგ ისპაჰანამდე – ავტობუსით, ხოლო ისპაჰანიდან ფერეიდნამდე (ანუ მარტყოფამდე) კი ისევ ტაქსით.
      ფერეიდანში რომ შევედით, გზაზე ორი ახალგაზრდა შეგვხვდა. ტაქსის მძღოლი მანქანიდან გადავიდა და სპარსულად ჰკითხა, როგორ მივსულიყავით მარტყოფამდე. მცირე საუბრის შემდეგ ტაქსის მძღოლი გაღიმებული მობრუნდა და მანიშნა, ყველაფერი კარგად არისო, მეც მივბრუნდი ახალგაზრდებისაკენ და მექანიკურად ქართულად მადლობა გადავუხადე. ამ ახალგაზრდებს უცებ შეეცვალათ სახეები და მაშინვე ჩემთან მოცვივდნენ, თან მეკითხებოდნენ, თქვენ ეს სიტყვა საიდან იცითო. მეც სიხარულით ავუხსენი რომ საქართველოდან ვიყავი სპეციალურად მათთან ჩასული გასაცნობად და სამეგობროდ, რომ საქართველოში ყველამ იცის მათი ტკივილიანი ისტორია და ბევრს აქვს სურვილი მათთან ჩასვლის და გაცნობისა. ამ ახალგაზრდებმა საუბარში ამიხსნეს რომ ფერეიდანი ეს იგივე მარტყოფია (როგორც შემდეგში გაირკვა, იქ ყველაფერს ორი სახელი აქვს – ქართული და სპარსული). ეს იყო ჩემი პირველი გაცნობა ფერეიდნელ ანუ მარტყოფელ ქართველებთან.
      რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, რატომღაც სულიერი გაორება ვიგრძენი. ვიცოდი რომ ეს ჩემი ხალხი იყო, ჩემი სისხლი და ხორცი (მე წარმოშობით სიღნაღიდან ვარ), მესმოდა თავანკარა ძველ-ქართული ხმები, ვხედავდი ქართულ სახეებს, ჩადრიანი ქალბატონების ჩაცმულობა მაკვირვებდა ცოტა. ვკითხულობდი ქართულ აბრებს: "მობრძანდით", "ყვავილების მაღაზია", "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება". ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ საქართველოს ისეთ კუთხეში ვიმყოფებოდი, სადაც ჯერ ნამყოფი არ ვიყავი.

      – თავად ქვეყანაზე, ირანზე, რა წარმოდგენა დაგრჩათ?

      – ირანი საკმაოდ მოწესრიგებული ქვეყანაა, ხალხი კი – ძალიან თბილი. მთელი მოგზაურობის დროს ყოველთვის ვგრძნობდი ჩვეულებრივი, უბრალო სპარსი ხალხის ყურადღებას. როდესაც იგებდნენ ჩემი მოგზაურობის მიზანს, მოწონების ნიშნად მეპატიჟებოდნენ წვენებზე, ნამცხვარზე და თავიანთ მისამართებსაც კი მაძლევდნენ. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ფერეიდანში ყოფნის განმავლობაში გინება საერთოდ არ გამიგონია, არც ხელგაწვდილი მინახავს ვინმე, ამისათვის სპეციალური ურნებია ქუჩებში და მაგისტრალებზეც, ვისაც როდის უნდა, მაშინ შეჰმადლის ალაჰს და საჭირო შესაწირსაც გაიღებს, რასაც შემდგომ ქალაქის მუნიციპალიტეტი ანაწილებს საჭიროებისამებრ.

      – ფერეიდნელი ქართველები რამდენად არიან ინფორმირებულები საქართველოს შესახებ?

      – მათ ჩვენს შესახებ ბევრი რამ იციან, თითქმის ყველაფრის საქმის კურსში არიან, რაც ჩვენთან ხდება. მეკითხებოდნენ, დავით აღმაშენებლის ძეგლი სად წაიღეთო, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბედიც აინტერესებდათ და ზუგდიდში დადიანების სასახლეს მიურატები რომ გვედავებიან ისიც კი იცოდნენ. როდესაც მე ხუმრობით "გავამხილე", რომ ჩემი ნამდვილი მიზანი იყო ისპაჰანში ალავერდი-ხანის მიერ აშენებულ ხიდზე სურათების გადაღება და შემდეგ სასამართლო პროცესის დაწყება მემკვიდრის უფლების აღიარების მოთხოვნით. თვითონაც ამყვნენ ხუმრობაში და გამიმხილეს, რომ მდინარე ზაიანდე რუდი (ქართულად დედა მდინარეს ნიშნავს), რაზედაც არის აშენებული ხიდი, სათავეს სწორედ ფერეიდანში იღებს. გამოდიოდა, რომ მდინარეც ქართველებისა იყო და ხიდიც (ერთმა კი თავისი ბავშვობის დროინდელი ოცნება გამიმხილა – ისეთი ხიდის აშენება, რომელიც ფერეიდანს პირდაპირ საქართველოსთან დააკავშირებდა).

      – მოგეხსენებათ, 70-იანი წლების დასასრულს საქართველოში ჩამოსახლებულ ფერეიდნელებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ. თქვენი აზრით, დღეს წარსულისაგან განსხვავებით, რამდენად არის საქართველო მენტალურად მზად მათ მისაღებად და თავად რამდენად ადვილად შედიან დღევანდელ ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტში?

      – ეს ყოფითი პრობლემები იყო. მოგეხსენებათ, რომ ირანში მიღებულია იატაკზე ფეხმორთხმით ჯდომა (400 წელი ხუმრობა არ არის!), რის გამოც აქაური ქართველობა მათ ”თათრებს” ეძახდა, რაც ჩამოსახლებულ ფერეიდნელ ქართველებს ძალიან აღიზიანებდა და შეურაცხყოფდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთმა ვერ გაუძლო ამ ზეწოლას და საქართველოში ”თათრობას” ისევ ირანში ”გურჯობა” არჩია.
      რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, უკვე ბევრმა გაიგო მათი ტკივილიანი ისტორია და ყველაფერს სხვა თვალით უყურებენ. ახლა რომ შესაძლებელი იყოს მათი ჩამოსახლება, ძალიან ბევრი წამოვიდოდა. შეიძლება არც არაფერი უჭირთ, მაგრამ საშინელი ნოსტალგია აწუხებთ ჯერ არნახული ისტორიული სამშობლოს მიმართ. ადგილების მეტი კი რა გვაქვს? მხედველობაში მაქვს დაცარიელებული სოფლები. აბა გაიარეთ კახეთის სოფლებში... ხშირად შეხვდებით წარწერებს ”იყიდება ბინა”. ამასთან დაკავშირებით ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: შემოდგომაზე ორი ფერეიდნელი ახალგაზრდა წავიყვანე კახეთში, რთველში. გზაში ორივენი ხარბად ათვალიერებდნენ კახურ სოფლებს, მათ სახეებზე კი ნათლად ჩანდა, რომ ”მათი გული ზღვას ებრძოდა”, რომ არა ბედის უკუღმართობა, ისინი ნებისმიერი ქიზიყური ოჯახის შვილები შეიძლება ყოფილიყვნენ...

      – თქვენი აზრით, რა პოლიტიკა უნდა განახორციელოს საქართველოს ხელისუფლებამ მათთან მიმართებაში; რა პროგრამები უნდა შემუშავდეს ფერეიდნელების ჩვენთან დასაახლოებლად?

      – ჩემი აზრით სასურველია, რომ ჩვენი მთავრობა ფერეიდნელ ახალგაზრდებს სწავლების, დასაქმების და ყოფითი პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს. ძალიან ბევრი დაუბრუნდება ისტორიულ სამშობლოს. მათ არც სწავლა ეზარებათ და არც მუშაობა. საოცარი ხალხია – ალალი, პატიოსანი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულნი, რევაზ ინანიშვილის მოთხრობების პერსონაჟებს ჰგვანან...

      – როგორ შეადარებდით ერთმანეთს ქართველ საზოგადოებას და ფერეიდნელ ქართველებს, რამდენად განსხვავებული ღირებულებები გააჩნიათ?

      – პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ამ 400 წლის განმავლობაში ფერეიდანში ქართველს ქართველზე ხელი არასოდეს აღუმართავს! ძალიან შეხმატკბილებულად ცხოვრობენ და ყოველთვის ერთმანეთის მხარდამხარ დგანან. ჩვენს ყოფას კი რომ ვუყურებ, მინდა ეს საკუთარი დედ-მამის მაგინებელი ბიჭები და შიშველ-ტიტველი გოგონები როგორმე ჩავიყვანო ფერეიდანში, ერთმანეთისა და სხვისი პატივისცემა მაინც რომ ისწავლონ იქაური ქართველებისაგან!

      – თქვენ გაქვთ რამე ინფორმაცია, აქედან თუ ჩააქვთ ქართველებს აქაური ლიტერატურა?

      – მე პირადად წაღებული მქონდა რამდენიმე ”ვეფხისტყაოსანი” და ”დედა ენა”, რომლებიც საჩუქრებად დავარიგე. ერთ ოჯახში კი თაროებზე ორასამდე ქართული წიგნი ვნახე, სადაც ჩემი ”ჯიბით სატარებელი ლექსები” დავტოვე. ეს იყო ჩემს მიერ შეკრებილი ლექსების და სხვადასხვა წიგნებიდან ამონარიდებების კრებული, რომელსაც წამალივით სულ ჯიბით დავატარებ.

      – ირანელები როგორ ექცევიან ქართველებს, ჩვეულებრივ ყოფით დონეზე რა ურთიერთობები არსებობს. მოგეხსენებათ, აქ არის მოსაზრება, რომ ირანში გურჯებს დიდ პატივს სცემენ. რაიმე მაგალითს თუ გვეტყოდით ამის შესახებ?

      – ეს მართლაც ასეა. ჯერ კიდევ შაჰ-აბასის კარზე ქართველებს განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობოდნენ მათი ვაჟკაცობისა და გამჭრიახობის გამო. ალბათ ამიტომაცაა, რომ შემდეგ ქართველები უკაცრიელ და მოუსავლიან ადგილებში გადახვეწეს. ჯერ ერთი, თავს იცავდნენ მომხვდური მტრის შემოსევებისაგან, მეორე – მოუსავლიანი და უნაყოფო მიწები ააღორძინებინეს, და რაც მთავარია – თავიდან მოიშორეს, ქართველები მეტად რომ არ გათამამებულიყვნენ და ქვეყნის მართვის სადავეები თავიანთ ხელში რომ არ აეღოთ!
      ისე, მინდა გითხრათ, რომ ირანში აკრძალულია ძეგლების დადგმა, რადგან ეს კერპთაყვანისმცემლობის გადმონაშთად ითვლება. მთელს ქვეყანაში სულ რაღაც სამი-ოთხი ძეგლია და მათგან ერთი ქართველის – იმამყული-ხან უნდილაძისაა.

      – ფერეიდნელები საზოგადოებრივად რამდენად აქტიურები არიან?

      – ფერეიდანში ყველა თანამდებობა ქართველებს უკავიათ. გუბერნატორი და პოლიციის უფროსიც კი ქართველები არიან.

      – თუ ჰყავთ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ვინ?

      – პირველ რიგში ალავერდი-ხან უნდილაძეს გავიხსენებდი, რომელიც ირანის ჯარის პირველი ყულარაღასი (ყულის ჯარის – გვარდიის სარდალი), ფარსის პროვინციის ბეგლარ-ბეგი, შაჰ-აბასის სამხედრო რეფორმების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი იყო. მან, როგორც სარდალმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ოსმალეთთან ომში. ისპაჰანში ააშენა ხიდი მდინარე ზენდერუდზე, რასაც დღესაც მისი სახელი ჰქვია; შემდეგ კი მის შვილებს: იმამყული-ხანს, რომელმაც ფარსის ბეგლარ-ბეგობა მიიღო (მამის სიკვდილის შემდეგ), ხოლო დაუდ-ხანმა – ყარაბაღისა.
      რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი დონის ქართველი საზოგადო მოღვაწე დღევანდელ ირანში არ არსებობს.

      – როგორი პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებები აქვთ საქართველოს მიმართ და რას ამბობენ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე?

      – პრეზიდენტის ფერეიდანში სტუმრობის შემდეგ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების იმედი გაუჩნდათ. ადრე კი ამბობდნენ: ”ჩვენი ქალები წიწილასაც რომ დაკარგავენ, მთელი ღამე არ სძინავთ, საქართველომ სამასი ათასი ადამიანი დაკარგა და ნუთუ ჩვენზე აღარ ფიქრობსო. ქართველებს ჩვენ გადაშენებულები ხომ არ ვგონივართო?”

      – კონკრეტულად რა აქვთ შენარჩუნებული ქართული ტრადიციებიდან, კულტურიდან, ისეთი რამე, რომელიც დღევანდელ საქართველოში აღარ არსებობს?

      – პირველ რიგში, შენარჩუნებული აქვთ ქართული სახელები და გვარები: კახა, გიორგი, არიელი, არსენა, ნიკო, ტარიელი, თედო, სოსო, ვახტანგი. გვარები: მოოლინაუ, სეფიანი, ონიკაძე, იოსელიანი, მიქელანი, ბათვანი, ასლანი, გოგონანი, ფანიანი, ხოსიანი, აზიმანი, გალანი და ლაჩინანი.
      ისინი სახლში მუდამ ძველი ქართულით ლაპარაკობენ. მათ ქართულ ანბანში 36 ასოა. ამიტომ სიტყვების: ჩვენ, ხელი, ხიდი, ხორცი, ხმალი და სხვა პირველ ასოს ძველებურად ამბობენ, როგორც ადრე იყო საქართველოში და ახლა აღარ არის.
      მათი ადათ წესები ირანულ-ქართულ-ისლამურია. მათ ახლაც იციან დამზრახება. ახალ წელს იციან მენკლობა, ქორწინებაზე იღებენ ხმალს და ალბათ კიდევ ბევრი რამ, რაც აუცილებლად კვლევის საგანი უნდა გახდეს.
      ერთ-ერთმა ფერეიდნელმა ახალგაზრდამ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ მათთვის მეტად მტკივნეულია ვინმეს გარდაცვალება, განსაკუთრებით კი – მოხუცის... ეს მათთვის 400 წლიანი ისტორიის წიგნიდან ოქროს ფურცლების ამოხევის ტოლფასია...

      – და ბოლოს, თქვენი საქმიანობის და მიზნების შესახებ გვითხარით რამდენიმე სიტყვა.

      – დიდი სურვილი მაქვს კვლავ მოვინახულო ”ჩვენი თანაფესვი, თანაერი და თბილსისხლიანი ქართველები” (ეს ფერეიდნელი ქართველის, საიდ მულიანის სიტყვებია); აგრეთვე მინდა მოვინახულო ”ტკივილიანი ციხემთა”, სადაც წარმოებულმა ომმა დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა და ჩრდილივით სამუდამოდ თან სდევს ფერეიდნელ ქართველებს.
      მინდა ვნახო: ისპაჰანში შაჰ-აბასის ”ჩეჰელ-სეთუნის” სასახლის კედელზე არსებული ალავერდი-ხან უნდილაძის ერთადერთი და უნიკალური ნახატი; შირაზში – წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წამების სავარაუდო ადგილი; ფერეიდანში – 80 ფერეიდნელი ქართველის საფლავი იმ 200-მდე ქართველიდან, რომლებიც ერაყის ომში დაიღუპნენ.
      ბოლოს მინდა გაცნობოთ, რომ ფერეიდანში ჩემს მიერ გადაღებული სურათებისა და ჩანაწერების საფუძველზე ჩვენ შევქმენით მეტად ორიგინალური საიტი, სადაც ყველაფერი დაწვრილებით არის აღწერილი და რომლის მონახულებასაც ვთხოვ თქვენს მკითხველებს.
      ღმერთს ებარებოდეთ!

* * *

      მეგობრებო, ინტერვიუს დაბეჭდვის შემდეგ, ინტერნეტით იმავე საღამოს შემეხმიანა სულხან სალაძე ბათუმიდან, რომლის წერილსაც აქვე გთავაზობთ:
      ”გამარჯობა გუგუა! კარგი და საინტერესო იყო ის, რაც ახლა წავიკითხე, დიდი მადლობა! ხანდახან კი ისეთი განცდა მიჩნდება, რომ იქ შორეულ ფერეიდანში მცხოვრები ჩვენებურები უფრო მეტს ფიქრობენ საქართველოზე, ვიდრე აქ საქართველოში მცხოვრები ქართველები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფერეიდანზე მოწოდებული საინტერესო ამბებისათვის.
      P.S. ინტერვიუში ქართული გვარები იყო ნახსენები, თუ შეგიძლია, რომ ამ საკითხზე ცოტა მეტი ინფორმაცია მოგვაწოდო? წინასწარ გიხდი მადლობას! პატივისცემით, სულხან სალაძე. ბათუმი”.
      სიამოვნებით ვასრულებ ბატონ სულხანის თხოვნას და დამატებით გაცნობებთ ერთ ამონარიდს ზურაბ შარაშენიძის წიგნიდან ”ფერეიდნელი გურჯები”:
      ”ფერეიდნელ ქართველებს ხშირ შემთხვევაში შენარჩუნებული აქვთ ქართული გვარების ძირი სპარსული სახესხვაობით. მაგალითად ასლანი, ფერეიდნელთა თქმით, ასლანიშვილია; ყაფლანი – ყაფლანიშვილი; გუგუჩანი – გუგუშვილი. აქვთ ისეთი გვარებიც, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ქართულ ძირთან, მაგრამ თვითონ იციან თავიანთი ქართული გვარი. მაგალითად, ”მოყადასი”, მათივე თქმით, რუპიტაშვილი (ალბათ, რობიტაშვილი) ყოფილა; ”ქარიმი” – გოგიჩაშვილი (”თავაზოჰი” – თევზაძე; ”ხოსრავი” – ხოსროშვილი; ”რაჰიმი” – დავითაშვილი; გ.ა.).
      საერთოდ, ირანში მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე, ე.ი. რეზა შაჰის რეფორმებამდე, ოფიციალურად დადგენილი გვარი არ არსებობდა. ცალკეული პიროვნებების ერთმანეთისაგან გასარჩევად იხმარებოდა მამის სახელი, საცხოვრებელი ადგილის აღმნიშვნელი სახელი, პროფესია ან სამოხელეო ტიტული. მიუხედავად ამისა ფერეიდნელებს მაინც შემოუნახავთ თავიანთი გვარების ზოგიერთი ძირი, რომელთა შესაბამისი ქართული გვარები ახლაც გვხვდება ქართლსა და კახეთში.
      ლადო აღნიაშვილს საგანგებოდ შეუკრებია ფერეიდნელ ქართველთა ზოგიერთი გვარი: აღიაანი, ბათუაანი, ბასილაანი, ბურციაანი, გორგინაანი, გუგუნაანი, გულიანი, დარისპანანი, ელარზაანი, ვარდიაანი, ზეკოკიაანი, თამაზიანი, თარვერდაანი, ლაჩინაანი, ლობიტაანი, მათიაანი, მამუკაანი, მარტიაანი, ონიკაანი, სამადიკოიაანი, სეფიაანი, სულიკაანი, ფოცხვერაანი, ქევსიაანი, ქურდაანი, შიშიაანი, ხადიკოიაანი, ხატიკაანი, ხუციცაანი.
      ამბაკო ჭელიძემ მიაქცია ყურადღება იმ გარემოებას, რომ თუ ირანელი ქალები სახლებში იყვნენ ჩაკეტილნი და ახალგაზრდა ვაჟს არ ჰქონდა საშუალება ეხილა იგი, ფერეიდნელ ქართველებში ქალი და კაცი იმდენად დაახლოებული არიან ერთმანეთთან, რომ ადვილად შეუძლიათ ერთი მეორეს გაეცნონ, დაელაპარაკონ, სიტყვიერად ცოლ-ქმრობის პირობა შეკრანო.
      მართლაც, ფერეიდნელი ქალ-ვაჟი თავისუფალია არჩევანში, თუმცა ქორწინება მშობლების ჩაურევლად არ ხდება. ქორწილი უმთავრესად იმართება ზამთარში, როდესაც სამეურნეო სამუშაოები დასრულებულია.
      სიძე პატარძლის ოჯახს უხდის ე.წ. ”რძის საფასურს” (სპარსული ”შიჰრაბა”). საყურადღებოა, რომ სიძეს ”ნეფეს” უწოდებენ, ”მეჯვარეს – ნეჯიფს” (სპარს. ”ეჯიბი”).
      დღევანდლამდეა შემორჩენილი ფერეიდნელ ქართველებში ქორწინებასთან დაკავშირებული ტერმინები: ”სიდედრი”, ”ხელისმომკიდე”, ”დედამთილი”, ”ახანძალი” (”ახალი რძალი”, იგივე ”პატარძალი”) და სხვა”.

* * *

      მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომელიც ამბაკო ჭელიძისთვის ფერეიდნელ ქართველ ჯარისკაცს მუსტაფა პაპიაშვილს უამბნია, წინასწარ კი შეგახსენებთ, რომ ფერეიდანის ზოგიერთ ქართულ სოფელში ქართველების გარდა სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც ცხოვრობენ. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა ფერეიდანის სოფელი არ ითვლება ქართულ სოფლად, მაგრამ იქ რამდენიმე ოჯახი არის ქართული. ქართველები გაბნეულნი არიან ამ რაიონის ბახთიარების თუ ქურთების სოფლებშიც:
      ”წავედით ყაჩაღების დასაჭერად – შენიშნავს პაპიაშვილი – ქურთის ერთ სოფელში დავბინავდით. დაღლილები ვიყავით. წამოვწექით, მაგრამ გვშიოდა. ძილი არ მოგვეკიდა. ცოტა ხნის შემდეგ. ქალებმა ქართულად დაიწყეს ლაპარაკი ჩვენს შესახებ.
      – ახლა ამათ საჭმელი არ ჩავახეთქოთ?
      – თვალებიც დავსებიათ და სიმშილითაც ამოწყვეტილან. მაგათი დარდი მაქვს? უპასუხა მეორემ.
      ჩვენ ჯერ გავიტრუნეთ. მაგრამ შემდეგ ვიფიქრეთ, აქ კეტი არ დაგვცხონ თავში-თქო. გამოვეხმაურეთ ქართულად: რას იწყევლები, ჩვენ ხომ არასა გთხოვთ. ეს რომ გაიგეს, დაიწყეს თავში ცემა: – ვაი ჩვენს თვალებს, ეს ვინ ყოფილხართ, ჩვენ კი ბახთიარები გვეგონეთო. შემდეგ, სანამ არ წამოვედით, სულ იქ ვიყავით და დიდი პატივი გვცეს”.

* * *

      ”ეძიე (ადონაი უფალო) სისხლნი ივერიისა,
      დანთხეული მირიან მეფითგან ვიდრე აქამომდე,
      და გამოიყვანე ერი იგი (ქართველი) ფერიეთიდგან (ფერეიდანიდან).


      იოანე (იონა) ხელაშვილის ლოცვა (ცნობილი ისტორიული პიროვნება, XVIII საუკუნის დასასრული და XIX საუკუნის დასაწყისი).