«ჯვარი ვაზისა» – 2006 წლის №2


      ფერეიდნელთა გადმოცემით, მათ ცაზე დროგამოშვებით ჩნდება ფერადი ღრუბელი, რომელსაც ესფანანის ღრუბელს უწოდებენ. მიაჩნიათ, რომ ეს უცნაურად ლამაზი ღრუბელი მთელ ირანს ნელ-ნელა იმისთვის გადაუვლის, უცხოობაში დაღუპულ ქართველთა სულები რომ შეიერთოს და სამშობლოს მიჰგვაროს.
      ცოცხლად დარჩენილთა ნუგეში კი ცისარტყელაა. მისი გამოჩენისთანავე მთელი ქართველობა, თურმე, გარეთ გამოეფინება. ფერეიდნელებს სჯერათ, რომ ცისარტყელას ერთი ბოლო საქართველოს მიწაზეა დაშვებული და ქართველები იქიდან შემოსცქერიან სამშობლოდან მოწყვეტილ თნამოძმეებს – აბა, როგორ არიანო.
      ფერეიდნელი გოგო-ბიჭები კი ამ დროს ცისარტყელასკენ გარბიან. სჯერათ, ვინც მის ქვეშ გაძვრება, საქართველოში უთუოდ დაბრუნდება.

მოხუცი ფერეიდნელის ნათქვამი

* * *

      ფერეიდნელი ქართველი ქალი დღემდე სრულიად კარჩაკეტილია. არაქართველს აქამდე ცოლად იშვიათად მიყვებოდნენ. მაგრამ ეს წესი ამ ბოლო დროს ხშირად ირღვევა. ქალის ენა უფრო სიამით მოსასმენია, ვიდრე მამაკაცისა. ლაპარაკის დროს ზოგჯერ სრულიად გავიწყდებათ, რომ იქაურ ქართველს ელაპარაკები და არა შიდა ქართლელ, ან კახელ დედაკაცს.
      ... თვით ფერეიდნელი ქართველების სიტყვით, ოჯახში ქართველი ქალი შედარებით უფრო თავისუფალია, ვიდრე ირანელი. მას მეტი ნდობა აქვს, განსაკუთრებით გლეხის ქალს.
      ... ამ რამდენიმე წლის წინათ რამდენიმე ახუნდს ჩამოევლო ქართული სოფლები. ისინი ურჩევდნენ თურმე ხალხს, უსათუოდ შეესწავლათ სპარსული ენა, როგორც აუცილებელი საშუალება ყურანის გასაგებად და ლოცვების წარმოსათქმელად.
      ახუნდების რჩევა არ მოწონებოდათ მამაკაცებს, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაებედათ. და აი, აქ დედაკაცებს გამოედოთ თავი, გამოეტანათ ჯოხები, ქვები, გამოდგომოდნენ ყიჟინით, მუქარით და ახუნდები სოფლიდან დაუფრენიათ:
      – თქვენ წაგვართვით სამშობლო, რჯული, ყველაფერი, გარდა ენისა; ახლა ერთი ენა დაგვრჩენია, ამის წართმევასაც გვიპირებთო?!
      შეშინებული ახუნდები მაშინვე გაქცეულან და შემდეგ აღარც გამოჩენილან.
      მეორე ასეთი შემთხვევა მოხდა 1928 წელს. მთავრობამ ჯარში გაწვევის სავალდებულო წესი შემოიღო. ამ ნიადაგზე გაჯავრებულმა ქალებმა მთავრობის მოხელეები – ოფიცრები, რომლებსაც ძალით მიჰყავდათ წვევამდელები, შეითრიეს ეზოში და ჯოხებით სცემეს. ამ ამბავმა კინაღამ მთელი სოფლების საერთო აჯანყება გამოიწვია: ამის გამო სეიფოლა თეირანში გაიწვიეს, იქ დატუქსეს, ხოლო, ქალებისათვის პასუხი არ მოუთხოვიათ.

* * *

      ფერეიდნელი ქართველი ჯარისკაცები ერთიმეორეს არ შორდებოდნენ. ერთი მეორის გატანა და ქომაგი იციან. ერთმა მათგანმა, ცუდად მოპყრობისათვის თავის უფროს ოფიცერს ხელი ჰკრა და აუზში გადააყირავა. ამის გამო გაასამართლეს და სასჯელად ასი როზგის დარტყმა გადაუწყვიტეს. როცა სასჯელი სისრულეში უნდა მოეყვანათ, ჯარის უფროსები და თვით ჯარიც მოიყვანეს საყურებლად. უკანასკნელ წუთში ჯარიდან გამოვიდა მისი ამხანაგი, მარტყოფელი ჯარისკაცი მოსაჰებ დავითაშვილი და განაცხადა:სასჯელი გაყავით შუაზე, ასიდან ორმოცდაათი მე დამკარითო.
      – შენ რაღა დაგიშავებია? – ეკითხება უფროსი.
      – მე არაფერიც არ დამიშავებია, მაგრამ მაგას რომ ასი შალაღი დაჰკრათ, ვერ აიტანს, შეიძლება მოკვდეს კიდეც. მაშინ მე ცოცხალი თავი რაღაჲ მინდა?
      – ყოჩაღი ყოფილხარ, – ეთქვა უფროსს გაკვირვებით, გაროზგვა სხვა დროისთვის გადასდვეს და შემდეგ სრულიად მიატოვეს.

* * *

      მარტყოფში ქართველებს ორი მოლექსე-მოშაირე ჰყავთ. ერთმა სრულიად არ იცის წერა-კითხვა, როგორც ამბობენ, მას აქვს შაირობის ნიჭი, მაგრამ მისი ლექსები არ იწერება და იკარგება. მეორე მელექსე სასულიერო პირია, მაჰმედ ჰუსეინ ალაჰის ფსევდონიმით წერს. მან ირანული წერა-კითხვა საკმაოდ იცის. გვარიანად იცნობს ირანულ პოეზიას. ის წერს კლასიკოსების პირდაპირი გავლენით. მისი ლექსები ჯერ არ დაბეჭდილა. მან იცის ქართული წერა-კითხვაც, მაგრამ არ იცნობს ქართულ ლიტერატურას. გადმომცა თავისი რამდენიმე ლექსი, დაწერილი ირანულ ენაზე. ისინი საშუალო ხარისხისაა. მაჰმედ ჰუსეინ ალაჰი ერთადერთი მგოსანია, ქართველების წრიდან გამოსული. ის განიცდის ქართველების დაბეჩავებასა და ჩამორჩენას ეროვნული თვალსაზრისით. მას დაუწერია ერთი ლექსი, რომლის თარგმანი მომცეს სანიმუშოდ:

      მამულიშვილნო, ჩვენს მხარეში განათლებამ შემოაშუქა,
      უძვირფასესი განძი ქვეყნად სწავლა არის, ჩემო კეთილნო,
      სწავლა არის ცის ჰორიზონტზე რომ ანათებს ახლა მზესავით,
      მთის მწვერვალიდან მხიარულად რომ დასცქერის ირანის მიწას.
      მაგრამ ვწუხვარ მე ამას მეტად და არ ვიცი, თუ რატომ არის,
      რომ განათლება ისპაჰანისა ფერეიდანს არ ეკარება?
      სუყველას გული გატეხია, არც სული აქვთ, აღარც სიცოცხლე,
      არც არის ვინმე, ამ უვიც ხალხში შეგნება რომ შეიტანოს;
      სიბეჩავისგან ყველა მათგანს ამ ცხოვრების გზა დაბნევია.

      ქართველები გაბნეულები არიან მთელს ფერეიდანში, მაგრამ მხოლოდ ალაგ-ალაგ შეუნახავთ დედაენა. ფერეიდნელი ქართველების შესახებ ჯერ ბევრი რამ არ ვიცით. ამ საკითხის შესწავლა მომავლის საქმეა.

ამბაკო ჭელიძე
1926 – 1927 წწ.

* * *

      მაისის თვეში, გაზაფხულის ერთ, აღდგომის ბრწყინვალე ღამეს 6000 მორწმუნე ბერი მოსწყდა ერთბაშად გარეჯის უდაბნოს... მრავალთა შორის, ეს ღამეც მწუხარებით გაუთენდა საქართველოს...
      ეს ის ჟამი იყო, ოდეს (1616 წელი) მესამედ კვლავ შემოესია ჩვენს მიწას შაჰ-აბაზის ლაშქარი.
      ხოლო იმჟამად დავით-გარეჯის მამათა სავანე, ბრწყინავდა თავისი ტაძარ-სალოცავებით. მთელი ის უდაბნო მოფენილი იყო სოფლებითა და ბერთა უბნებით, მათი საცხოვრებლებით. აქ უღვაწნია და საქვეყნო საქმეთათვის ლოცვები აღუვლენია მრავალ დიდ მორწმუნეს, ბერს, მოძღვარს, საეროს... თითქმის მთელი ოცი ვერსის მანძილზე მნახველის თვალს აოცებდა უძვირფასესი ფრესკებით მოხატული ეკლესიები და კლდეში გამოჭრილი ბერთა სენაკები.
      ბერებს აქ ჩვეულებად ჰქონიათ დიდ შაბათ ღამეს ქრისტეს აღდგომის ეკლესიაში შეკრება და ერთად შეგებება უდიდესი დღესასწაულისა.


დავით გარეჯის მონასტერი. სავანე, ხედი ჩრდილოეთიდან
ხედი აღმოსავლეთიდან

      და იმ ღამესაც, ოდეს შაჰ-აბაზი თავისი ურიცხვი ჯარით ქართლ-კახეთის ასაკლებად იყო მოსული, ექვსი ათასი წმიდა მამა კელაპტრითა და გალობით, ღამის სიბნელეში ლიტანიას უვლიდა ტაძარს. კელაპტრების სინათლემ მტკვარსაც უწია, სწორედ იმ ადგილას, სადაც შაჰ-აბაზი იყო დაბანაკებული. იმ მოდამოებში მცხოვრებლები არ ეგულებოდა და გაოცდა ირანის მბრძანებელი. ფეხზე დადგა მთელი ლაშქარი და შეიტყვეს, რომ აქ, თურმე, ცხოვრობენ ბერები და ისინია, სანთლებით ხელში აღდგომის დღესასწაულს რომ ეგებებიან. შაჰ-აბაზმა მათი მონასტრის დარბევა და ბერების გაწყვეტა ბრძანა.
      მშვიდად შეეგებნენ ბერები მტრის განაჩენს. ოღონდაც, სთხოვეს, ჩვენ ყველანი აქა ვართ და არც არსად წასასვლელი გვაქვს. მოგვეცით დრო, რომ ლოცვა დავასრულოთ, ვეზიაროთ და მერე ჩვენი სიცოცხლე თქვენს ხელთ იქნებაო. მართლაც დააცადეს. შემდეგ კი, ამოხოცეს და წავიდნენ.
      ცას შეჰღაღადებს ლოცვა და სისხლი წმიდა მამათა... მათი მადლია, კვლავაც რომ იფარავს ტანჯულ ქვეყანას დღემდე.
      ერთ ღამით მომწყდარი იმ 6000 წმიდა ბერის ლოცვით და ვედრებით, კვლავ გაანათე შენი წილხვედრი ივერია, დედავ ღვთისაო. იყავნ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში უფალო.

* * *

      მეხსიერებაში ჩაგვრჩა ჩოღრუთში (ჩუღურეთში) ერთი უსინათლო კაცი ალი თავაზიანი (თავაზაშვილი), რომელიც ქართული ლექსების, გადმოცემებისა თუ სახუმარო ამბების სკივრი აღმოჩნდა. იგი სოფლის შესასვლელში, ალიზით ნაგები სახლის კედელთან იჯდა და მზეს მიფიცხებოდა. რომ გაიგო, საიდანაც ვიყავით, უსინათლო თვალები ცრემლით აუკიაფდა, წამიყვანეთ დიდ საქართველოში-ო, რამდენჯერმე გაგვიმეორა.
      ამ მდგომარეობაში ვნახეთ ვაშლოვანშიც ერთი მოხუცი, მასზე უფრო ხანდაზმული და საკმაოდ სმენადაქვეითებული, რომელსაც ძლივს გააგონეს, თუ საიდან ვიყავით. სიტყვა საქართველოს გაგონებაზე სიცოცხლის ნიშან-წყალი დაეტყო და ძლივს ამომარცვლა: ”სა-ქართ-ვე-ლო-დან? ჰო,ჰო, სა-ქართ-ვე-ლო-დან!” ასევე დამარცვლით უპასუხეს მას შინაურებმა. მოხუცმა კიდევ ერთხელ აცადა ამოემარცვლა მეხსიერების კუნჭულში სამარის კარამდე გადამალული სალოცავი სიტყვა – საქართველო, მაგრამ ძალა არ ეყო.
      ანდა, რა დაგვავიწყებს ხუნგაში ჰაჯი უსუფ ასლანთან (ონიკაშვილთან) ოჯახში სტუმრობას, რამდენიმე წუთში რომ აივსო იქაურობა ონიკაშვილებით, მოლიაშვილებით, ხუციშვილებით, ბათუაშვილებით, გუგუჩაშვილებით, ქარბალიშვილებით...
      როგორც მათ გვიამბეს, ნაჯაფაბადიდან ფერეიდანში 19 გვარის კაცი დასახლებულა; მათი ნაშიერნი არიან დღევანდელი ფერეიდნელები.
      ასევე დაუვიწყარი იქნება, ქარბალის სახლში ქართული გუთნის, ქართული კავ-უღლის ნახვა, ქართული ხალიჩის ფერებში ბორიალი... მუხთარ ზამუნაშვილის ეზო-კარში სამეურნეო ნაგებობათა ქართული სახე და თანამიმდევრობა – შიდა ქართლის რომელიმე სოფლის ეზოში რომ იგრძნობდი თავს.
      დაუვიწყარი იქნება, ფერეიდნიდან გამობრუნებისას, ნაჯაფაბადში, ადგილობრივი ქართული მოსახლეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელთაც ძალიან დაწყდათ გული, უდროობის გამო რომ მათთან ვერ დავრჩით.
      ნაჯაფაბადში, როგორც გვითხრეს, სამი ათასამდე ქართველი ცხოვრობს, ფერეიდანისგან განსხვავებით, ისინი მიმოფანტულნი არიან ქალაქში, თუმცა მაინც ინარჩუნებენ ქართველობას, განიცდიან ქართული ენის სახელმძღვანელოთა უქონლობას.

ნომადი ბართაია
წერილიდან: ”ოთხი საუკუნე, ოთხი
წამი”. ”ომეგა”. №2, 2003. გვ. 91

* * *

      2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განიხილა ირანში იძულებით გადასახლებულთა მოწამებრივი ღვაწლი და დაადგინა წმიდანთა დასში შეირაცხოს XVII – XVIII საუკუნეებში სპარსეთში ქრისტიანული სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან მოწყვეტილი ყოველი ქართველი და ეწოდოს მათ ”წმიდა მოწამენი ქართველნი სპარსეთში მოწყვეტილნი.” გადაწყდა, რომ მათ სახელზე დაიწეროს ხატი და შედგეს ტროპარ-კონდაკი ირანში ქრისტესთვის მოწყვეტილ ქართველთა ერთ-ერთი წამების ადგილის სახელწოდების მიხედვით. მათი ხსენების დღედ დადგინდა მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული.