ფერეიდანში


      მაგონდება ერთი შემთხვევა. კვირა დღე იყო, შესანიშნავი დილა გათენდა, დილა შემოდგომისა. მსუყე სურნელი, შეფერადებული ფოთლების შრიალი ხალისს ჰმატებდა ადამიანს.
      ამბაკო და ალექსანდრე (ჩემი მეუღლის ბიძაშვილი) სანადიროდ გამგზავრებას აპირებდნენ. მშვენიერი დილით გახალისებულმა მეც გადავწყვიტე მათთან ერთად წასვლა.
      მოვამზადეთ სანოვაგე და გზას გავუდექით.
      ქალაქს ორმოცდათხუთმეტი კილომეტრით დავშორდით. ავტომანქანა გზაში დავაყენეთ და მახლობელ ბაღში შევედით. მე იქ დამტოვეს, თვითონ კი გორას შეჰყვნენ, სადაც გარეულ ფრინველებზე უნდა ენადირათ. მე ვიდექი და გავცქეროდი მიმავალთ. როცა თვალს მიეფარნენ, მიდამოს თვალიერება დავიწყე.
      აღტაცებაში მოვედი. ხეხილის მშვენიერმა ბაღმა მომაჯადოვა. შემოდგომის ბარაქიანობა იგრძნობოდა. სიმწიფისაგან ბროწეული დამსკდარიყო, ყურძნის მტევნები მზის შუქზე მარგალიტის მძივებივით ელავდა, დიდრონი კომშები მადას აღვიძებდნენ. ნაყოფით დახუნძლული ხეები თითქოს მეპატიჟებოდნენ: მოდი რაღას უყურებო! ვერც კი შევნიშნე, როგორ აღმოვჩნდი ბაღის შუაგულში.
      ხეზე ლამაზად ასული ვაზი საქანელასავით ძირს ეშვებოდა. ზედ ჩამოვჯექი, ოდნავ გავაქანე და თვალები მივლულე, უცებ ხმაური მომესმა. თვალი გავახილე და შევკრთი: ჩემს წინ ბრგე ირანელი ვაჟკაცი აღმართულიყო, რაღაცას მეუბნებოდა, ხან მე მიყურებდა და ხან ჩვენს ავტომანქანას.
      ძალიან შევშინდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. ავდექი, მშვიდად გავუარე წინ და დავიწყე ძახილი: ”ამბაკო, ალექსანდრე!” კარგად ვიცოდი, ხმას ვერ მივაწვდენდი, მაგრამ მინდოდა იმ კაცს ცოდნოდა, რომ მარტო არ ვიყავი.
      უცებ ჩქარი ფეხის ხმა მომესმა, გული სიხარულით ამევსო, რადგან ჩვენები მეგონენ. მაგრამ სასტიკად მოვტყუვდი, ჩვენების ნაცვლად სამი ირანელი ჯარისკაცი მოიჭრა ჩემთან აქლოშინებული.
      შიშმა და გაკვირვებამ კიდევ უფრო შემიპყრო. ჩემმა გაოცებამ იმატა, როცა ერთი მათგანი აღელვებული მომვარდა და მომაძახა ქართულად:
      – ვინ ხარ, საიდან ხარ, საიდან იცი ჩვენებური? (ე.ი. ქართული).
      იმედი მომეცა და სხაპასხუპით ვუპასუხე:
      – ჩამოსული ქართველი ვარ, ჩემი ქმარი თეირანის ბანკში მსახურობს. ამჟამად იგი აქვეა, ახლავე მოვა.
      გაოცებული მიცქეროდნენ, თითქო რაღაც წარმოუდგენელი ამბის მოწმენი გამხდარიყვნენ.
      მეც გავთამამდი და ვკითხე:
      – თქვენ ვინ ხართ?
      ჯარისკაცმა მიპასუხა:
      – ფერეიდნელი ქართველი ვარ, სოფელ ვაშლოვანიდან, სახელად ალია მქვია.
      ეს ჯარისკაცები მახლობელ სოფელში მიდიოდნენ. ჩემი ძახილი რომ გაუგონიათ, ფერეიდნელი ქართველი ქალი ვგონებივარ; უფიქრიათ, რაღაც უჭირსო, და მოსაშველებლად გამოქცეულან.
      ამ მოულოდნელი შეხვედრით აღტაცებულნი, ლაპარაკით ისე გავერთეთ, რომ ამბაკოს და ალექსანდრეს მოსვლა ვეღარც კი შევნიშნეთ.
      კაცის ფერი აღარ ჰქონდათ. დურბინდით მამაკაცებს შორის რომ დავუნახივართ და შეშინებულები ჩემსკენ გამოქცეულან. ბოლოს მანქანისკენ გავეშურეთ.
      პურის ჭამისას სიცილით შევეკითხე ჩემს ირანელ მასპინძელს: ბაღში რა მითხარით-მეთქი. თურმე მეუბნებოდა, ბაღი ჩემიაო.

ფერეიდნელი ქართველები. ფოტო ამბაკო ჭელიძისა.
* * *

      უჩვეულო ამბავი იყო აქ. თორმეტი სოფელი მოსულიყო მაჰარამის დღეების სადღესასწაულოდ. არაჩვეულებრივი ხმაური იყო სოფელში.
      დაგვაბინავეს სეიფოლა იოსელიანის სახლში, რომელიც სამი დიდი დარბაზისაგან შედგებოდა. ჩვენმა დანახვამ ხალხში ინტერესი გამოიწვია. განსაკუთრებით ქალები ვერ ფარავდნენ ცნობისმოყვარეობას. სახლი აივსო ქალებით, რომელთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. მთხოვეს გავსულიყავით მინდორში, რათა უკეთ დავენახეთ.
      მინდორში ვიდექი. ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ქალებს ყოველ სურვილს ვუსრულებდი. ერთი ახალგაზრდა ქალი მომიახლოვდა, აუწერელი სინაზით შემომხედა, მის ლამაზ თვალებში ცრემლი აკიაფდა, მერე მიბრუნდა და სასოებით თქვა დიდი საქართველოდან დიდი ქალი გამოგვიგზავნესო (დიდი ტანის ქალი გახლავართ). სიცილი ვეღარ შევიკავე. ჩემმა სიცილმა ისინი უფრო გაათამამა. მომიახლოვდნენ, ხელით მეხებოდნენ, მკოცნიდნენ ხელზე, თუმცა მე არ ვანებებდი. შეკითხვებიც დამიწყეს: თუ იციან ჩვენზე დიდ საქართველოში? მე ვუპასუხე: ქართველ ხალხს არასოდეს არ ავიწყდება, რომ მისი მოძმენი აქ, ფერეიდანში ცხოვრობენ-მეთქი. ბევრ მათგანს თვალზე ცრემლი მოადგა, სიხარულის შეძახილები გაისმა. მეკითხებოდნენ: რას იტყვი ჩემზე, როცა დიდ საქართველოში დაბრუნდებიო, ან კიდევ: დიდ საქართველოში ისეთი კარგი წყალია, როგორც აქ? თუ გაქვთ მეჩეთი, სკოლა? ერთი მოხუცი ქალი მომიახლოვდა, თვალებზე ცრემლი მოიწმინდა, მითხრა:
      – შვილო, იქ არ ვახსოვართ?
      მე აღელვებისგან სუნთქვა შემეკრა, ცრემლები ვეღარ დავფარე და გულში ჩავეხუტე. მალე თავი შევიკავე, გავიცინე კიდეც, ცრემლები მოვიწმინდე, მშვიდი იერი მივიღე.
      ჩემი ყურადღება მიიქცია 13-14 წლის გოგონამ. გინახავთ ბუდიდან ონავარი ბიჭის მიერ ამოყვანილი ლამაზი ბარტყი, რომელიც უთქმელი მწუხარებით შემოგყურებთ, ან დიდი წვიმის დროს თავშეფარებული ბეღურა, ანდა ნუკრი, რომელიც ეს-ეს არის დედას მოაშორეს და უზომო სევდით გასცქერის სივრცეს? ასეთი ფიქრები აღმიძრა ამ გოგონას წყნარმა, მშვენიერმა თვალებმა. მივუახლოვდი, ხელი მოვხვიე, თვალებში ჩავხედე და რაღაც მინდოდა მეკითხა, მაგრამ ქალებმა არ მაცალეს. სხაპასხუპით მითხრეს, გონჯია და არ მიეკაროო. მე გაკვირვებულმა ვკითხე: რატომ არის გონჯი მეთქი. თურმე ამ ობოლ გოგონას სოფელი ზრდიდა, და მას უარი უთქვამს, როცა სოფელს მისი ხნიერ, უხეირო კაცზე გათხოვება მოუსურვებია. ეს იყო მისი ”სიგონჯე”, გული მეტკინა. მივიხედე გოგონასაკენ. საბრალო პირქვე დამხობილიყო. ჩადრი გადახდოდა და მშვენიერი ტანი მოუჩანდა. მივედი მასთან, წამოვაყენე, გულში ჩავიკარი და გავიფიქრე: ”ღმერთო ჩემო, რა ბედნიერი იქნებოდა ეს, საქართველოში რომ დაბადებულიყო”. გოგონა გაახარა ჩემმა ალერსმა, ღვთაებრივი თვალები მომაპყრო და ქვითინით მითხრა:
      – ოჰ, რა კარგი ხართ! წამიყვანეთ იქ, დიდ საქართველოში, რომ იმ კაცს ცოლად არ მიმცენ, რომ მეც ვიცოდე წერა-კითხვა...
      გოგონები ისე გამითამამდნენ, რომ მხურავდნენ თავიანთ ჩადრებს და მამოწმებდნენ, რომელი ჩადრი მიხდებოდა. ერთმა გოგონამ როდესაც თავის ჩადრს მახურავდა, უნებლიედ ხელი მკრა თვალში; სულ დავსილო ჩემო თაოო – ტირილით იძახდა. შემდეგ მომიტანეს შავი აბრეშუმის ჩადრი, დამახურეს და სიცილ-კისკისით მთელი სოფელი შემომატარეს.
      მე თითქმის სულ ქალებში ვიყავი. მათთან ვსეირნობდი. ისინი გატაცებით მისმენდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ”დიდ საქართველოზე” ვუამბობდი.


ფერეიდნელები სახალხო დღესასწაულზე
ფერეიდნელთა დიდი ტრადიციული ოჯახი

      ერთმა მარტყოფელმა ხანში შესულმა ქალმა, სახელად ზებეიდამ, ერთხელ ასე მომმართა:
      – კი ვიცოდით, რომ ის ჩვენი სამშობლო იყო, კი გვინდოდა იქ ცხოვრება, მაგრამ ახლა, შენი ლაპარაკის შემდეგ, ყველას უფრო გვინდა იქ წასვლა.
      მე ძალიან ამაღელვა ამ სიტყვებმა, თანაგრძნობით გავუღიმე, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი. უცებ მომიბრუნდა, გადაიკისკისა და მითხრა:
      – წამაგორეთ თქვენი საგორებლით (ე.ი. ავტომანქანით) დიდ საქართველოში და, რაც იყოს და იყოს, ერთ ბებერ კაცს იქაც ვიშოვი.
      ყველას გაგვეცინა, მაგრამ ადვილად მისახვედრი იყო, თუ რა დიდი მწუხარება და ბედის სამდურავი იმალებოდა მის სიცილში. ხელი მოვხვიე და მივუალერსე. იგი შეშინებული იდგა. გამაჩერა, რაღაც ლოცვა წარმოსთქვა და გადამეხვია.
      მე ამან დამაინტერესა და ვკითხე, რატომ ილოცე კოცნის წინ-მეთქი. ზებეიდამ, თურმე, იმიტომ ილოცა, რომ ღმერთს მისთვის ქრისტიანის კოცნა ეპატიებინა...
      უძლურია ჩემი კალამი აღწეროს ფერეიდნელი ქალების სიხარული: სანამ იქ ვიყავი, არც თვითონ ისვენებდნენ და არც მე მაძლევდნენ მოსვენებას, ყველას ჩემთან ყოფნა სურდა, ყველა მეხვეოდა.
      ახალგაზრდა გოგონებმა მიმიპატიჟეს თავიანთ ბაღებში, სოფლიდან მოშორებით. მე ცხენით მოვინდომე იქ წასვლა. ამის შესაფერი ტანისამოსიც ჩავიცვი. ეზოში დამხვდა ორი ერთმანეთზე უკეთესი ცხენი, რომელიც მოეყვანა იადულას, სეიფოლა იოსელიანის მსახურს, ანუ ნოქარს, როგორც იქ უწოდებენ.
      ფერეიდანში ქალს პირველად ხედავდნენ ცხენზე. გაკვირვებულები შემომცქეროდნენ.
      აღნიშნულ ადგილს მივუახლოვდით. კარგი სანახავი იყო იქაურობა: ლამაზად ტანაყრილი ხეები, პატარა ბუჩქები, მათ ქვეშ ნაირ-ნაირი ყვავილები მორცხვად გამოგვყურებდნენ. მწვანე მდელოს შუაგულში ნაკადული მოწანწკარებდა. ამ ლამაზ ფონზე მხიარულად დახტოდნენ გოგონები, რომლებიც საგანგებოდ გამოწყობილიყვნენ ხშირნაოჭიან წითელ-ყვითელ კაბებში. აღტაცებული ყიჟინით შემოგვხვდნენ ისინი.
      მთხოვეს მეჩვენებინა მათთვის, როგორ ცეკვავდნენ დიდი საქართველოს ქალები. მე უმუსიკობა მოვიმიზეზე, მაგრამ არ გამოვიდა და იძულებული გავხდი, მათი სურვილი დამეკმაყოფილებინა. დავუარე დავლური. უნდა გენახათ, რა აღტაცება გამოიწვია ჩემმა ცეკვამ! ზოგი მათგანი ფეხდაფეხ დამდევდა, ჩემთან ერთად უვლიდა წრეს. ხან მაღლა შეხტებოდნენ, ხელებს ასწევდნენ თავს ზევით და, რაც ძალი და ღონე ჰქონდათ, ტაშს უკრავდნენ. შემომეხვეოდნენ და რამდენიმე წამს გაშეშდებოდნენ, მერე გამეცლებოდნენ და კვლავ მეხვეწებოდნენ, განაგრძე ცეკვაო.
      დაღლილი დავჯექი. თვალებით ძებნა დავუწყე სეიფოლას ქალიშვილს, სულთანას – ეს მხიარული გოგონა ახლა ჩემთან ერთად არ ცეკვავდა. თვალი მოვკარი: იქვე ხის ძირში მიმჯდარიყო. მისი ლამაზი თვალები სევდას დაენისლა. მივუახლოვდი და მოწყენილობის მიზეზი ვკითხე. სულთანა ადგილიდან წამოიჭრა, მომეხვია და ხმამაღლა აქვითინდა. მე სახტად დავრჩი, თავი ავუწიე, რატომ სტირი-მეთქი? მან ცრემლიანი თვალები გამისწორა და ასე მითხრა:
      – ჩვენო თვალის ჩინო, ჩვენო ყველავ, დღეს ჩვენთან ხარ, ჩვენთან შუშპრობ (ცეკვავ). ორი დღის შემდეგ წახვალ და ვეღარ გნახავთ...
      ისე ირტყამდა ლოყებზე ხელს, გეგონებოდათ, საყვარელ ადამიანს გლოვობსო... გოგონებმაც მოიწყინეს. ბევრი ცხარე და უმანკო ცრემლი დაღვარეს. მეც ძლივს შევიკავე ცრემლი და ვუთხარი:
      – ჩემო კარგებო, დიახ, მე აქ ვერ დავრჩები, მაგრამ იქ თქვენზე ვიფიქრებ, არ დაგივიწყებთ და გინახულებთ კიდევ.
      ახლაც არ მავიწყდება მათი სახეები. მაგონდება: მე და ჩემი მეუღლე ვუმღეროდით ქართულ სიმღერებს. როცა ჩვენ დავიწყებდით – ”ქართველო, ხელი ხმალს იკარ”, თვალები აენთებოდათ, ტუჩები აუთრთოლდებოდათ, ნესტოები დაებერებოდათ და ერხელ კიდევ გვაგრძნობინებდნენ, რომ ისინი ქართველები არიან, რომ მათ ვერ გასტეხს სულიერად ვერავითარი გაჭირვება; როცა ვმღეროდით – ”ახ, ნეტავი ჩიტი ვიყო”, ყველანი დიდ სიხარულს გრძნობდნენ, თვალები გაუბრწყინდებოდათ. ჩვენ ვხვდებოდით მათს უსიტყვო ნატვრას: გადაქცეულიყვნენ ჩიტად, გაფრენილიყვნენ და ენახათ მშობლიური საქართველო. მებრალებოდნენ, რომ ნატვრა მათთვის მიუწვდომელი იყო. მაჟრჟოლებდა, როცა გავიფიქრებდი: რა მეშველებოდა, რომ მეც მათი ბედი მწვევოდა-მეთქი.


ფერეიდანი. სოფ. ზემო მარტყოფი.
გლეხის ქალები და სარა ჭელიძე.
ასეთი ჯანსაღები და ლამაზები იყვნენ გურჯი ბავშვები,
როცა ამბაკო ჭელიძემ გაიცნო ისინი.

      ერთხელ ჩვენთან იყო ქარიმა, სეიფოლა იოსელიანის ნოქარი. მან ამოიოხრა. მივუბრუნდი და ვკითხე:
      – ქარიმ, რატომ ხარ დაღონებული, რატომ არაფერს იტყვი?
      ის მორჩილად შემომყურებდა. უცებ ვკითხე:
      – რატომ არაფერს ამბობ იმაზე, გინდა თუ არა დიდ საქართველოში წამოსვლა?
      ქარიმს თვალები გაუბრწყინდა და უცებ მიპასუხა:
      – მე საქართველოს ნახვა ისე მინდა, როგორც მოწყურებულ კაცს, მაგრამ ვიცი, რომ ეს ჩემთვის არ იქნების.
      ვაჟკაცს თვალები ცრემლით აევსო.
      მეტად ამაყი, ჭკვიანი ვაჟკაცი იყო ქარიმა.
      ერთ დღეს სეიფოლას ვაჟმა ფათულამ შემოირბინა და ტირილით მითხრა: ჩქარა, ქარიმა კვდებაო. ელვის სისწრაფით წამოვვარდი და სახლისკენ გავიქეცი... შევვარდი იქ, სადაც ქარიმას უამრავი ხალხი ეხვია თავს. საცოდავს შავი სისხლი გადმოსდიოდა პირიდან.
      მარცხი ასე მომხდარიყო: სეიფოლას ცხენები წაჩხუბებულიყვნენ, სულ წიხლები დაეშინათ ერთმანეთისათვის. ქარიმას გაშველება მოენდომებია, მაგრამ ერთ მათგანს წიხლი მუცელში ჩაერტყა.
      ქარიმა ქალებს უწყრებოდა: ნუ სტირითო.
      მე რომ დამინახა, თვალები გაუბრწყინდა, ოდნავ წამოიწია, მაგრამ ვერ შესძლო, ისევ დავარდა ლოგინზე. მივედი, თავთან დავუჯექი და პირიდან წამოსული სისხლი მოვწმინდე. მან ჯერ დიდხანს უყურა ღია კარს, შემდეგ მე მომხედა, უძლური ღიმილი მოსწყდა ტუჩებზე და მითხრა:
      – სარა, ჩემო დავ, ხო გითხარი, საქართველოს ნახვა ჩემთვის არ შეიქნების-თქო, სწორი ვარ თუ არა?
      ცრემლები ვეღარ შევიკავე, ნუგეშისთვის ძალა აღარ მეყო. ქალების მოთქმა გულს მიკლავდა. დასტიროდნენ საბრალონი ჯერ კიდევ ცოცხალს:
      – შე საწყალო და დავსილო ქარიმა, რაისთი დაუყენე თოლები (თვალები) შენს ბატატა შვილებს. ვიღა შეიქნების მათი პატრონი, რაღაი ქნან იმ დავსილებმა. თვითონ შენც ბერი არა ხარ, ოცდაშვიდი წლის ძლივს იქნები. შენც თოლი ამ დუნიაზე გრჩების. ჯერ სიხარული არ გინახავს.
      ზოგი მათგანი თავზე მიწას იყრიდა მეტის მწუხარების გამოსახატავად.
      მეორე დღეს მე და ჩემმა მეუღლემ ვინახულეთ საწყალი ქარიმა, რომელიც უმკურნალობით კვდებოდა. მას მხოლოდ მლოცველი ქალები დასტიროდნენ და რიგ-რიგობით რაღაცეებს ბუტბუტებდნენ.
      მე და ამბაკო გამოვემშვიდობეთ ქარიმას. მას ძალიან გაეხარდა ჩვენი მისვლა. ჩვენი ხელი დიდხანს ეჭირა ხელში. ბოლოს თავი ოდნავ მოაბრუნა ჩემსკენ და ნაწყვეტ-ნაწყვეტად გვითხრა:
      – გმადლობთ, გმადლობთ, რომ ნახეთ საცოდავი თქვენი ძმები და დები. კარგად იყავით, დიდხანს იცოცხლეთ. დიდ საქართველოჩი რო ჩახვალთ, სალამი უთხარით ჩვენს დებსა და ძმებს, დიდი საქართველოჩი ნამაზია, აქ კი გონჯი, – და ისე მწარედ ამოიოხრა, რომ ის ოხვრა, როგორც ოხვრა მთელი ფერეიდნელი ქართველებისა, დღესაც მესმის.

* * *

      ზემო მარტყოფში მცხოვრებ თავადს, მატკული ხან ონიკაშვილს შეძლებული ოჯახი ჰქონდა. ერთხელ მოვიდა ჩვენთან და გვითხრა:
      – თქვენი პატივისცემა მინდა, მობრძანდით ჩვენთან, ინახულეთ ჩემი ოჯახი. გამახარებთ მე და გაახარებთ ჩემს ოჯახსაც.
      მე და ჩემი მეუღლე სიამოვნებით დავთანხმდით.
      წავედით. ძვირფასი ხალიჩებით ჰქონდა მოწყობილი ოთახები. სიხარულით შეგვხვდა ყველა. თვით მატკული ხანს უჩვეულოდ უბრწყინავდა თვალები. მაგიდასთან მიგვიწვიეს. უხვი სუფრა, მასპინძლის სტუმართმოყვარეობა ხალისს გვმატებდა.
      მახსოვს გვადღეგრძელა მატკული ხანმა:
      – ძვირფასო ადამიანებო! სულით და გულით გვინდა პატივი გცეთ. ამით ცოტათი მაინც ვიკმაყოფილებთ ჩვენს დიდ სიყვარულს, მონატრებას სამშობლო საქართველოსადმი. იცოცხლეთ, გვიმრავლოს ღმერთმა თქვენისთანა სტუმრები ჩვენი ძვირფასი საქართველოდან!
      წუთით არ გვაშორებდნენ სიყვარულით სავსე თვალებს ჩვენი მოძმე ქართველები. ვგრძნობდით – ეს შედეგი იყო იმ განუზომელი სუყვარულისა, რომელიც მათ აკვნიდანვე აჰყვათ, სიყვარული დედისადმი, რომლის მკერდსაც ისინი მოჰგლიჯეს!
      თავიდანვე შევნიშნე, რომ ქალები, გარდა მსახურებისა, არ ჩანდნენ. ვეღარ მოვითმინე და მატკული ხანს ვუთხარი:
      – თავადო, რაშია საქმე, სად არიან დიასახლისები?
      გაეცინა და მითხრა:
      – ასეთია წესი, მათ სტუმარი ვერ ნახავს.
      გული მეტკინა, რომ ირანის ცის ქვეშ ცხოვრებამ თავისი გაიტანა და გადაავიწყა ქართველებს, რომ ქართულ სუფრაზე დიასახლისი სამკაულია, ურომლისოდაც ლაზათი ეკარგება სუფრას.
      ვთხოვე თავადს ჩემთვის მაინც ეჩვენებინა ქალები. დამთანხმდა.
      დიდ დარბაზში შემიყვანეს. ისიც ძვირფასი ხალიჩებით იყო მორთული. იატაკიც ხალიჩებით მოეფინათ. თვით ოთახი თითქმის ცარიელი იყო, მხოლოდ რამდენიმე ბალიში და მუთაქა ელაგა. დარბაზში დამხვდა ხუთი ქალი – ერთი მოხუცი, ოთხი კი ახალგაზრდა. ახალგაზრდა ქალების ნახვა მიამა, ქართველი ქალის მომხიბვლელი ეშხი ჰყვაოდა მათში. ერთი მათგანი ბავშვს ძუძუს აწოვებდა; დამინახა თუ არა, ძუძუ ჩადრით დაიფარა.
      მასპინძლები ფეხზე წამოდგნენ. უბრად, თავის დაკვრით მივესალმეთ ერთმანეთს. ყველა გაჩუმდა, არც მე ამომიღია ხმა. უხერხული სიჩუმე მოხუცმა ქალმა დაარღვია. მან გამაცნო თავისი თავი: იგი მატკული ხანის მეუღლეა, ხოლო დანარჩენი – მათი მონაგარია. მთხოვა დავმჯდარიყავი. დაბალ სკამზე მიმითითა. აქაც გამიწყეს სუფრა: ხმელი ხილი, შავი ქლიავი, ჭერამი, ლამბაქებზე ტკბილი ნამცხვარი, ფაიფურის ხელიანი სურებით დუღი და შერბეთი. ყველა დაკვირვებით მათვალიერებდა. მეც ღიმილით შევჩერებოდი. სიჩუმე კვლავ მოხუცმა ქალმა დაარღვია:
      – კარგი გიქნია, დიდი საქართველოდან მოსულხარ ფერეიდნის სანახავად, აქ ძალიან კარგი წყალი გვაქვს, დუნიაზე არ მოიპოვება ასეთი. – მერე გადახედა დანარჩენ ქალებს და მითხრა, – კი ვიცი იქ, თქვენს საქართველოშიც, ასეთი კარგი წყალი ყოფილა! (სეიფოლა ხანს, რომელიც საქართველოში იყო ნამყოფი, ეამბნა მათთვის საქართველოს შესახებ) ვიცი, – განაგრძობდა მოხუცი, – იქ ჯამპურია (მეჯლისი). იმდენი სწავლული ჰყოლია საქართველოს, რომ იქ ახალგაზრდა არავინ კვდება! – ხელები აღმართა ზევით და სასოებით წარმოთქვა: – ღმერთი შეეწიოს საქართველოს! – მერე თითქოს საყვედურით დაუმატა: – თუ ასეა, რატომ ადრე არ გაიგეს, რომ მათი ნაგლეჯი აქ ვართ და არ მოგვეშველენ?


დიდ საქართველოშიც ასეთი ლამაზი მთებია?
ზემო მარტყოფის სკოლა. ამბაკო ჭელიძის ფოტო.

      აცრემლდა მოხუცი მანდილოსანი, მის ნაოჭიან ლოყაზე ცრემლმა ღრმა მწუხარების კვალი დასტოვა, ცრემლები მოიწმინდა, კვლავ ქალებს გადახედა და თრთოლვით თქვა:
      – ჩემი შაქრულა ინახულებს დიდ საქართველოს ისე, როგორც სეიფოლა ხანმა ინახულა...
      ვუსმენდი მას და არაფერს ვამბობდი. მოხუცი ქალი კვლავ განაგრძობდა:
      – რატომ ადრე არ მოდი? მაშინ, როცა შენსავით ახალგაზრდა ვიყავი და თავი მიყვარდა? ეხლა მე ბერი ვარ და მალე უნდა მოვკვდე.
      გამაკვირვა იმ გარემოებამ, რომ ამ საუბრის დროს არც ერთ ახალგაზრდა ქალს ხმა არ ამოუღია. ისინი უხმოდ, ღიმილით გვისმენდნენ. შემდეგ გავიგე, რომ ამით მოხუცისადმი ღრმა პატივისცემას გამოხატავდნენ.
      მე და ჩემი მეუღლე ძალიან კმაყოფილები დავბრუნდით თავად ონიკაშვილების ოჯახიდან. იქ ისე წმინდად ლაპარაკობდნენ ქართულს, როგორც საქართველოში. ბევრი ვისაუბრეთ მათზე... ამბაკო დიდხანს იყო ჩაფიქრებული და მერე მითხრა:
      – იცი, სარა, ჩვენი საცოდავი მოძმეები ძალიან მებრალებია, გული მტკივა... ისინი ამაყად აცხადებენ: ქართველები ვართო, და ირანულ წესს კი ემორჩილებიან. ნიჭიერნი არიან. სწავლა-განათლება თუ უშველით მათ. სკოლა უნდა გავუხსნათ.
      მე გავიზიარე მისი აზრი და საჩქაროდ შევუდექით ზემო მარტყოფში სკოლის გახსნის საქმის მოგვარებას.
      ოთხმა ძმამ, თავად ონიკაშვილებმა ფიცხელი უარი განაცხადეს სკოლის გახსნაზე. ისინი ამბობდნენ, სკოლა გარყვნილებას შემოიტანსო, და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ სეიფოლა იოსელიანს და ჩვენ ამ საქმეზე ხელი აგვეღო: არც ერთი ქართველი ბავშვი სკოლაში სასწავლად არ ივლისო. ეწყინა სეიფოლა იოსელიანს, გვეწყინა ჩვენც. სეიფოლა იოსელიანმა თავადებს პირში მიახალა: კარგი ბატონებო, თუ ქართველი ბავშვები არ ივლიან ამ სკოლაში, ნუ ივლიან, ქურთი ბავშვები ისწავლიანო. სკოლის დაარსების შესახებ ლაპარაკს ვაჭარი აჯა აიდარაც დაესწრო. რომ მოისმინა სეიფოლა იოსელიანის დაჟინებული მოთხოვნა სკოლის დაარსების შესახებ, 12 წლის ფათულა ხანს, სეიფოლა იოსელიანის ვაჟს, უთხრა: ბიჭო, უყურე შენს აღას (მამაშენს), ბევრი ფული ჰქონია, ასეთი რამისათვის თავს იტკივებსო? ფათულას ბავშვური რისხვით აენთო თვალები და მიაძახა:
      – მამაჩემს ფული საიდან ექნება, ის ხომ ვაჭარი არ არის, რომ შენსავით ყველა დაატყუოს და დააღონოს! ცოტა მოიცა, ნახე რა მოგივათ შენ და შენს ფულებს!
      ამბაკო აღტაცებაში მოიყვანა ბავშვის განრისხებამ და მისმა სიტყვებმა. ფათულა მხურვალედ გადაჰკოცნა და გულში ჩაიხუტა: ქართველია ჩვენი ბიჭი, ქართველის სისხლი უჩქეფსო.
      ბოლოს ჩვენ ჩვენი გავიტანეთ, მაინც არ შევეპუეთ არავითარ საშიშროებას, რომელიც ადგილობრივი ორგანიზაციებიდან იყო მოსალოდნელი და 1927 წელს ზემო მარტყოფში გავხსენით სკოლა.
      ბევრი ვეძებეთ ქართული ენის მასწავლებელი, მაგრამ ადგილობრივ ვერავინ აღმოვაჩინეთ და გადავწყვიტეთ სწავლება დროებით ირანულ ენაზე ყოფილიყო.
      ახლოვდებოდა დრო ჩვენი ზემო მარტყოფიდან გამომგზავრებისა. გული გვიკვდებოდა, რომ ვხედავდით, რა იმედი ვიყავით ჩვენი საცოდავი მოძმეებისათვის.


ლექცია თეირანის უნივერსიტეტში.
ზემო მარტყოფის სკოლა. ამბაკო ჭელიძის ფოტო.

      გადავწყვიტეთ ბავშვი წაგვეყვანა იქიდან, იადულას ოთხი-ხუთი წლის ძმა ჰყავდა, ზედმეტ სახელად კინკილას ეძახდნენ. როცა კინკილამ გაიგო, რომ იქიდან ბავშვის წამოყვანა გვინდოდა, გვეხვეწებოდა, მე წამიყვანეთო. ახლაც თვალწინ მიდგას მისი მუდამ მომცინარე სახე, ჭკვიანი, ბავშვური გულწრფელობით სავსე თვალები, ერთხელ კაბაში ხელი ჩამავლო, ხუჭუჭა თავი უკან გადახარა, რომ ჩემთვის თვალებში კარგად შემოეხედა და მითხრა:
      – წამიყვანე თქვენ-ყე, წყალს მოგიტან, ცხორს მოგიმწყეს!
      ამ სიტყვების მოგონება დღესაც მოქმედებს ჩემზე და ცრემლსა მგვრის...
      არ დამავიწყდება ქალაჯი მაჰმუდა თავაზიშვილი. მეტად საყვარელი ადამიანი იყო. მის ოთახში მოისმენდით წმინდა ქართულ ლაპარაკს. აღტაცება ვეღარ დავფარეთ, როცა მან მთელი რიგი ადგილები ”ვეფხისტყაოსნიდან” ზეპირად გვითხრა. მაჰმუდამ სადილად მიგვიწვია სეიფოლა ხანი და ჩვენ. ტკბილად ვისაუბრეთ დილიდან დაღამებამდე. გვართობდა მისი მშვენიერი სამი წლის ბიჭი, რომელიც ჩემს მეუღლეს მუხლებზე დაესვა და საალერსო სიტყვებს ეუბნებოდა. ქალაჯი მაჰმუდამ, დამტკბარმა მით, რომ მის შვილს ასე ვეალერსებოდით, გვითხრა:
      – ამ ერთი ბიჭის მეტი არა მყავს, სიამოვნებით გაგატანდით, ოღონდ ვიცოდე, რომ ჩემსავით უბედური არ იქნება!
      ქალაჯი მაჰმუდას ოჯახში ამბაკომ ლექსი დაწერა და ნასადილევს წაგვიკითხა. ქალაჯი მაჰმუდას ნელი ქვითინი აღმოხდა გულიდან, როცა ლექსი მოისმინა. ხოლო სეიფოლა ხანმა მცირე დუმილის შემდეგ თვალცრემლიანმა თქვა:
      – კაი იქნებოდა ამ ლექსში ასეთი რამაც ჩაგვერთო: მოწყურებულს ისე არ უნდა წყლის დალევა, როგორც დავსილ ფერეიდნელ ქართველებს დიდი საქართველოს ნახვაო.
      ამბაკომ უპასუხა, ამ ლექსზე კიდევ ვიმუშავებ და შენს თხოვნას შევასრულებო.
      როცა ჩვენი გამომგზავრების დრო მოვიდა, გადავწყვიტეთ ღამით წამოვსულიყავით. არ დამავიწყდება ის ღამე: მოკრიალებულ ცაზე ვარსკვლავები კიაფობდნენ. ნელი სიო ჰქროდა. ნამგალა მთვარე თითქოს ღიმილით გვაჯილდოვებდა. ეზო და ქუჩები სავსე იყო ხალხით, ყველას მწუხარება ეტყობოდა, თითქოს თან გვატანდნენ საქართველოში თავიანთ გულებს... განსაკუთრებით ნაღვლობდა იადულა, რომელმაც დიდხანს გვდია ფეხდაფეხ...დაუვიწყარია მისი უკანასკნელი სიტყვები:
      – ისფაჰანში თუ იქნებით, მალ-მალე მოგინახულებთ. როცა დიდ საქართველოჩი წახვალთ თუ მე იქ ერთი წლის განმავლობაში თქვენს სანახავად არ მოვედი, თქვით: იადულა, ის დავსილი, ამ დუნიაზე ცოცხალი აღარ არის-თქო...
      ცხარე ცრემლებით ვტიროდი მთელი გზა. სულ თვალწინ მედგა მოძმე ქართველების ნაღვლიანი, ცრემლით დანამული თვალები. თითქმის ეხლაც მესმის მათი სიტყვები: ”გვინდა დიდ საქართველოჩი!”.
      ქვემო მარტყოფში იცოდნენ ჩვენი უკან დაბრუნების დღე. ჰასან ხანის კაცები დაგვხვდნენ გზაში. იგი მეორედ გვეპატიჟებოდა თავის სახლში. უარი ვეღარ ვუთხარით. დიდად გახარებული დაგვხვდა ჰასან ხანი თავისი შვილებით... აქაც კვლავ ისეთივე შეხვედრები და სიხარული იყო, როგორც ყველგან, ფერეიდანში.

* * *

      ისფაჰანში თან ჩამოვიყვანეთ პატარა ბიჭი, რომელიც სოფელ ბოინიდან იყო. სახელად ემირი ერქვა, გვარად პაპიაშვილი. ჩვენ მას დავარქვით ამირანი – ქართული სახელით დავამშვენეთ. უდიდესი მშობლიური სითბო ვაგრძნობინეთ პატარას მე და ჩემმა მეუღლემ. იგი მოუთმენლად მოელოდა საქართველოში გამომგზავრებას და მოსვენებას არ გვაძლევდა ბავშვური ცნობისმოყვარეობით, შეკითხვებით.
      ერთ საღამოს სახლის ბანზე ვისხედით. გრილმა ნიავმა ღამის მოახლოება გვამცნო. პატარა სკამზე დამჯდარი ამირანი ჩემს კალთაში თვლემდა. უცებ დავინახე ჩვენსკენ მომავალი ჯარისკაცები. ამბაკოსაც დავანახე, პირდაპირ ჩვენსკენ მოაშურეს, შეჩერდნენ ჩვენს წინ და თავაზიანი ღიმილით დაგვიწყეს ყურება. ერთი მათგანი გამოეყო სხვებს, უფრო მოგვიახლოვდა და გვითხრა:
      – ჩვენ ქართველები ვართ, ფერეიდნელი ქართველები. აქ ჯარში ვართ. თქვენ დიდი საქართველოდან ხართ, ჩვენი სამშობლოდან. გაგვიხარდება თქვენთან საუბარი.
      მაშინვე ეზოში ჩამოვედით და ხელი მხიარულად ჩამოვართვით ერთმანეთს. ამირანიც გამოფხიზლდა. აღარ ეძინებოდა. მისმა ტიტინმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ჩვენ და ფერეიდნელი ჯარისკაცები.
      იმ დღიდან, სამი წლის განმავლობაში, დღე არ გაივლიდა, რომ რომელიმე მათგანს ჩვენთან არ შემოევლო თუნდ ერთი წუთით, და არ ვეკითხეთ. პარასკეობით კი ყველანი ერთად მოვიდოდნენ დილით და საღამომდე ჩვენთან რჩებოდნენ. ჩვენ ვუმასპინძლდებოდით და ვუყვებოდით საქართველოს ამბებს, ვეთამაშებოდით ნარდს, ბანქოს, ვასწავლიდით ქართულ წერა-კითხვას და სხვა. ისინი შენატროდნენ ამირანს, რომელიც მალე ნახავდა საქართველოს. ამირანიც ბავშვური, მაგრამ ჯერ გაურკვეველი აღტაცებით იღიმებოდა და ამაყად იტყოდა: – მე მივდივარ იქ.
      მეტად ამაყნი და თავმოყვარენი იყვნენ ჩვენი მეგობრები. ერთხელ მივდივართ ისფაჰანის მთავარ ქუჩაზე – ლალიზარზე, თან გვახლდა სამი ჯარისკაცი. უცებ შემოგვხვდა ორი ირანელი სამხედრო პირი. ერთმა მათგანმა ხელით ანიშნა ჯარისკაცებს, რომ მასთან მისულიყვნენ. შეგვეშინდა, ჩვენი გულისთვის რაიმე უსიამოვნება არ შეხვდეთო. ამიტომ გაფაციცებით ვადევნებდით თვალყურს მათ საუბარს. საუბარი თანდათან მწვავე ხასიათს იღებდა. ამბაკომ გადაწყვიტა ჩარეულიყო საუბარში. მეც წავყევი.
      მისვლისთანავე ამბაკომ მშვიდად იკითხა, რა მოხდაო. ოფიცერმა მედიდურად უპასუხა: ჩვენი ჯარისკაცები საშინლად დაისჯებიან მათთვის შეუფერებელი საქციელისთვისო. ამბაკოს რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ერთმა ფერეიდნელმა ჯარისკაცმა დაასწრო. იგი ამაყად გასწორდა წელში და ოფიცერს უთხრა:
      – ჩვენ ქართველები ვართ! ესენიც ქართველები არიან, მშობლიურ ქართულ ენაზე გვესაუბრებიან. მათთან ყოფნა დუნიას გვირჩევნია.
      ოფიცრებმა დაკვირვებით შეგვათვალიერეს. არ ვიცი, ჩვენი პატივისცემისა თუ სხვა მიზეზის გამო თავი შეიკავეს, ერთმანეთს რაღაც ჩაულაპარაკეს, ბოდიში მოგვიხადეს და გაგვშორდნენ. ჩვენ გზა განვაგრძეთ. ამბაკომ უთხრა მათ: ხომ ხედავთ, თქვენი ჩვენთან სიარული სახიფათოა, ამით დისციპლინას არღვევთ, ცოტა რომ მოგვერიდოთ, სჯობიაო. ერთმა ჯარისკაცმა, სახელდობრ, ნოურუზამ ამაზე აღშფოთებით გვითხრა: რას ამბობთ, თქვენ ჩვენი ნუგეში ხართ – ჩვენი საქართველოს ადამიანები. უთქვენობა თქვენი წასვლის შემდეგაც გვეყოფაო...
      1926 წელს ქალაქ ისფაჰანში რომ ჩავედით, ფერეიდანში ჩვენი წასვლა უკვე აღარ შეიძლებოდა, რადგან მოსალოდნელი იყო თოვლით გზების შეკვრა.
      სამაგიეროდ თვით სეიფოლა იოსელიანი წამოვიდა იქიდან ჩვენს სანახავად. მას თოვლმა მოუსწრო გზაში და ვეღაც ჩვენსკენ წამოვიდა და ვეღარც შინ დაბრუნდა.
      სეიფოლა ხანს ორი ნოქარი ახლდა თან. ერთ-ერთი ნოქარის პირით შეგვატყობინა თავისი ამბავი. ჩვენ თოვლის მკვალავები და ეტლი გავუგზავნეთ. სეიფოლა ხანი ისფაჰანში ჩამოვიყვანეთ, მაგრამ გზაში გაცივდა, მთელი ზამთარი ჩვენთან იავადმყოფა. ფეხზე ძლივს დავაყენეთ.

* * *

      ექვსი წელიწადი გავიდა, რაც საქართველო არ გვენახა, ვისაც არ განუცდია სამშობლოდან დაშორება, მგონი ის ვერც კი წარმოიდგენს იმ მღელვარებას, რასაც განიცდის ადამიანი სამშობლოში გამომგზავრების წინ.
      განსაკუთრებით ამირანი ამჟღავნებდა მალე გამომგზავრების სურვილს. ახლა ის უკვე ქართულად წერდა და კითხულობდა. დიდი, ბავშვური ასოებით გამოჰყავდა: ”ამირან პაპიაშვილი, ქართველი ბიჭი”. უნდა გენახათ ჩვენი სიხარული, როცა გადაწყდა ირანიდან ჩვენი გამომგზავრება. დღეც დაინიშნა. გული უჩვეულოდ გვიცემდა. საქართველო... ასე გვეგონა, ათეული წლები გვაშორებდა მას.
      ამირანმა რომ გაიგო, მივემგზავრებოდით, მერცხალივით აჭიკჭიკდა, ფაციფუცით რაღაცას ძებნა დაუწყო. ყურადღება მაშინ მივაქციე, როცა მისი ხმა აღარ მესმოდა. იგი კუთხეში მიმჯდარიყო და დიდი ამბით რაღაცას წერდა. მივედი და ვკითხე, რას წერ-მეთქი. ამირანმა დიდი ადამიანის სერიოზულობით შემომხედა და მითხრა:
      – წერილს ვწერ ბოინში.
      მე გამეცინა. ფურცელი ავიღე და ხმამაღლა წავიკითხე:
      – ”მე უკვე მივდივარ საქართველოში, პატარა საქართველოში კი არა, დიდ საქართველოში. მერე მოვალ და თქვენ წაგიყვანთ”.
      გამოუთქმელი იყო საქართველოში ჩამოსული პატარა ამირანის ბედნიერება.
      მისთვის ყველაფერი უცხო და ახალი იყო. ვცდილობდით შესჩვეოდა ახალ ცხოვრებას, დაგვყავდა კინო-თეატრებში, საიდანაც ყოველთვის აღტაცებული ბრუნდებოდა ხოლმე.
      ამირანი ეგ. ნინოშვილის სახელობის სასწავლებელში შევიყვანეთ. ბავშვმა აქაც ნიჭი და უნარი გამოიჩინა. ყოველთვის ვახსენებდით, რომ მან უნდა ისწავლოს ფრიადზე და ფერეიდანს ნასწავლი უნდა დაუბრუნდეს.
      ხანდახან სევდიანი დიდხანს იჯდა ხოლმე ჩუმად. ჩვენც ვეკითხებოდით, ვიცოდით, რომ ფერეიდანზე და თავის მოძმეებზე ფიქრობდა.
      გადიოდა დრო. ამირანი უკვე მეექვსე კლასში გადავიდა. ზაფხულის არდადეგებზე ფერეიდანში გაშვება გადავწყვიტეთ. მას ძალიან გაეხარდა...
      მივიღეთ წერილი, სადაც გვწერდა: ”საყვარელო ადამიანებო, მე უბედური ვარ, რომ ვეღარ ვაღწევ თქვენამდე, რამდენჯერ ვცადე, მაგრამ ბედმა მიმუხთლა”...

საქართველოს და ირანის მარტოფელების ამაღელვებელი შეხვედრა.

      ... მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ მე მაინც თვალწინ მიდგას მოძმე ფერეიდნელების ნაღვლიანი სახეები, მათი ჩამქრალი თვალები, რომლებიც მხოლოდ ერთი ნატვრით აინთებიან ცეცხლივით: ნეტავი ჩვენც დიდ საქართველოში ვიყოთო.
      ვინ იცის, ბევრი მათგანი უკვე ცოცხალი აღარ არის, საქართველოს ნახვის ნატვრა თან ჩაიტანეს საფლავში. მრავლის ნატვრა დარჩა აუსრულებელი.


სარა ჭელიძე
1958 წელი