გურამ ასათიანი – უნდილაძე


      ბასრად, უჩვეულოდ იკვეთება გვიანფეოდალური საქართველოს მუქ-მეწამულ ფონზე ”გათათრებული” ქართველი კაცის, იმამყული-ხან უნდილაძის სილუეტი.
      მისი თავგადასავალი და ხასიათიც კიდევ ერთი ”გადახრაა” ქართველთა ცხოვრების ჩვეული კალაპოტიდან, მაგრამ ეს გადახრაც თავისებურად ტიპიურია: რამდენი ჩვენი თანამემამულე აღზევებულა ასეთი თავბრუდამხვევი სისწრაფით და ბრწყინვალებით სამაჰმადიანოს კარზე და რამდენს გაუნაწილებია მისი ტრაგიკული ხვედრი!
      ”შირაზის ხანის” მთელი ცხოვრება უმძაფრესი დრამაა, შექსპირის სისხლიანი ”ქრონიკების” მსგავსი, ოღონდ აღმოსავლურ ყაიდაზე შეფერადებული.
      თუ როგორი ობიექტური შინაარსი ჰქონდა მის პოლიტიკურ საქმიანობას, ამის დასადგენად ერთი გარემოებაა საკმარისი: უნდილაძე ირანის უსასტიკესი მბრძანებლის შაჰ-აბაზის მარჯვენა ხელი იყო. იმ შაჰ-აბაზისა, რომელიც თეიმურაზ პირველს ასე ჰყავს დახასიათებული: ”მძლავრი და უწყალო მეფე, ქრისტიანთა მტანჯველი, უბრალოს სისხლის მჩქეფელი, ეროდიას წილ მჯდომელი”.
      მოხდა ისე, რომ სწორედ უნდილაძის, შირაზის ბეგლარბეგის სასახლეში აწამეს შაჰ-აბაზის ბრძანებით თეიმურაზის დედა, ქეთევან დედოფალი.
      მაგრამ, აი, რას წერს თავის პოემაში იგივე თეიმურაზი ამ კაცის შესახებ:
                  შირაზის ხანის ქებასა ვერ იტყვის ბრძენთა ენანი,
                  მდაბალი, ტკბილი, მოწყალე, აქებენ სულად ქვენანი,
                  ღირსეულია ღვთისაგან, მითა სცავს ძალთა ზენანი.
      იმამყული-ხან უნდილაძე უცხოეთში მყოფი, მტრულ გარემოცვაში დაწინაურებული, მოსისხლის სამსახურში აღზევებული ქართველი კაცის ტიპიური სახეა.
      მისი ცხოვრება გარკვეულ მომენტამდე განუხრელი წინსვლის გზით წარიმართება და არც მის იერს ატყვია რაიმე კრიზისული ნიშანი.


      პიეტრო დე ლა ვალეს მოწმობით XVII-ს 20-იანი წლებისათვის უნდილაძე ყველაზე დიდი პიროვნებაა მთელს ირანში შაჰ-აბაზის შემდეგ. მას ძლიერ უყვარს ქრისტიანები და მეგობრობს ევროპელებთან.
      კათოლიკე მისიონერები განსაკუთრებით აღნიშნავენ ამ კაცის უსაზღვრო გულუხვობას, გარკვეულ ესთეტიზმს (”იცოდა ლამაზი ნივთების ყადრი”) და მეცენატურ მიდრეკილებებს.
      ყველაფერი თითქოს რიგზე იყო 1624 წლამდე, როდესაც განგებამ ის უმძიმესი, თავისებურად კანონზომიერი ზნეობრივი განსაცდელის წინაშე დააყენა.
      სწორედ ამ წელს მიიღო შირაზის ხანმა შაჰ-აბაზის წერილი:
      ”ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ, და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალო”.
      ასეთი განსასჯელის წინაშე ადრე თუ გვიან უსათუოდ უნდა აღმოჩენილიყო მის მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო მოღვაწე, რათა ერთხელ მაინც თვალნათლივ, მთელი სისავსით წარმოსდგომოდა საკუთარი არსებობის შემზარავი ორაზროვნება.
      ბევრს ეცადა უნდილაძე თავისი მბრძანებლის გადაწყვეტილების შეცვლას. ამაოდ, მერე სამი თვე მალავდა მის ბრძანებას (რა სამი თვე იყო მისთვის ეს სამი თვე?!). ბოლოს დადგა გამხელის ჟამი.
      შირაზის ხანისა და ქეთევან დედოფლის დიალოგი ორი ფსიქიკის შეჯახების, სიტყვიერი ორთაბრძოლის ბრწყინვალე ნიმუშია.
      შინაგანი დრამატიზმი აქ გამძაფრებულია იმითაც, რომ მოწინააღმდეგენი გულწრფელად პატივს სცემენ და ღრმად თანაუგრძნობენ კიდეც ერთმანეთს, ისიც ძნელი სათქმელია, რომელს უფრო ებრალებოდა მეორე – უნდილაძეს საწამებლად განწირული ქეთევანი, თუ ქეთევანს ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩავარდნილი უნდილაძე.
      გამაჰმადიანებულ (უფრო სწორად, მაჰმადიანად დაბადებულ) იმამყული-ხანს, ცხადია, დედოფლისგან ქრისტეს რჯულის უარყოფა თავისთავად არაფრად უჩანს, მაგრამ მან კარგად იცის თანამემამულე ბანოვანის უტეხი ბუნება და სხვადასხვა მხრიდან უვლის მის გულს, რათა შესაღწევი ხვრელი აღმოუჩინოს. ხან დედის გრძნობას შეაშფოთებს იმის ხაზგასმით, რომ ”თეიმურაზის ბედ-იღბალი მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”, ხან პატრიოტულ შეგნებას მიეტანება (მცირე დათმობით, მშობელი ქვეყნის უბედურებისგან ხსნა შეუძლია დედოფალს!), ხან დიდგვაროვნულ ღირსებას შეახსენებს მოწიწებით (”სატანჯველს ნურას იკადრებ, არ არის შენი წესია”).
      ერთი სიტყვით, აქ ნიჭიერი აღმოსავლელი კარისკაცის მთელი დიპლომატიური გამოცდილებაა მოხმობილი, მაგრამ ”კეთილი” ზრახვით შთაგონებულ, ტკბილმოუბარ შირაზის ხანს ერთი მომნუსხავი აზრი უხვრიტავს ტვინს – მან კარგად იცის, რომ ყველა მისი ხერხი და ცდა ამაოა, ვინაიდან დედოფალი ”არ გათათრდების”.
      ალბათ, სწორედ ამას, უნდილაძის ამ სასოწარმკვეთ უმწეობას გრძნობს ქეთევანიც, როდესაც მას თითქმის დაყვავებით, მშვიდად მიუგებს: ”ფრიად მადლიერ ვარ და მაქებელ კაცობრიობითს ლმობასა მაგას შენსა ზედა გულმტკივნეულებასა ჩემთვის, მაგრამ შეუძლებელ არს ჩემს მიერ უარის ყოფა ქრისტე მეუფისა ჩემისა”.
      ასე მთავრდება ეს დაძაბული ორთაბრძოლა, რომელიც გადაუმუშავებლად შეიძლებოდა შესულიყო აღორძინების ხანის ნებისმიერ ტრაგედიაში, ან თუნდაც ჩვენი დროის ფსიქოლოგიურ დრამაში.
      შირაზის ხანისათვის ეს პირველი წაგებული ბრძოლაა და ის იძულებულია საბოლოოდ პილატეს ჟესტით დაკმაყოფილდეს...
      ვიდრე ქართველი ხალხი ქეთევან წამებულის წმინდა აჩრდილს ეთაყვანება, იმამყული-ხანის სახელს ვეღარავინ ჩამორეცხავს ამ საზარელ ლაქას.
      საქმეს ვერც იმის წარმოდგენა უშველის, თუ რა ღამეებს ატარებდა თავის მოსასვენებელში ეს ბედით განებივრებული, ხოლო ღვთისაგან მიტოვებული კაცი, როდესაც მისივე სასახლის ერთ დარბაზში უსათნოეს ქართველ ქალს ტანჯვით ხდიდნენ სულს; როგორ ბორგავდა, როგორ იკვნეტდა ტუჩებს, რა სახით დგებოდა გათენებისას, რათა კვლავ სახელმწიფო საზრუნავში ჩაეკლა გულის ვარამი, ვერც იმის გახსენება, თუ რაგვარი აღსასრული ელოდა წინ მას და მის ოჯახს.
      საოცარია მხოლოდ ერთი რამ. იმამყული-ხანს ერთსულოვანი კეთილგანწყობით ახსენებენ არა მხოლოდ სპარსეთში მყოფი ღვთისმოსავი იტალიელი მისიონერები, არამედ იმდროინდელი ქართველებიც და მათ შორის ქეთევან წამებულის ვაჟი, თეიმურაზ პირველი:
      ”მდაბალი, ტკბილი, მოწყალე...”
      თეიმურაზის ეს სიტყვები თავის მხრივ დიდსულოვანი მიუკერძოებლობის იშვიათი ნიმუშია.
      აბა, წარმოვიდგინოთ ვინ და ვის შესახებ წერს ამას.
      როგორც ჩანს, ჩვენმა ძველებმა კარგად იცოდნენ არა მხოლოდ ავკარგიანობის რეალური ფასი, ისინი ასევე კარგად ერკვეოდნენ ზნეობრივ ფასეულობათა შეფარდებით ღირებულებაშიც.
      რასაკვირველია, ეს მათ ცხოვრებამ ასწავლა, იმ სასტიკმა და უადამიანო სინამდვილემ, რომლის წიაღში მისხლობით თუღა მოიპოვებოდა ჭეშმარიტი ადამიანურობის მცირედი მარცვლები.
      მაგრამ ამის სწავლებას შეგნების გარკვეული თვისება და დონე ჭირდებოდა.
      ქეთევანის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ შირაზის ხანის აღმავალი გზა შესამჩნევი მრუდით იხრება ქვევითკენ. ყოველ შემთხვევაში, შაჰ-აბაზის მემკვიდრესთან კონფლიქტის მომენტში ის უკვე სულიერად მოტეხილი ჩანს. მართალია, თავიდან ქედმაღლობს კიდეც სიუზერენის წინაშე, მაგრამ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას მაინც ვერ ბედავს. ძველებურად აღარ ერჩის გული.
      უნდილაძე 1633 წელს მოკლეს ყაზვინში შაჰ-სეფის ბრძანებით.
      რა არის ამ სახეში მთავარი?
      ჯოჯოხეთის, ულმობლობის, სივერაგის, თვალთმაქცობის, ძალმომრეობის გეენაში ჩაფლული, სიყრმითვე ამ რჯულზე გაზრდილი, თავად აქტიური მონაწილე მთელი ამ ავბედითი წარმოდგენისა, ”სვებედნიერი”, ძალმოსილებით გაგულისებული კაცი მაინც ინარჩუნებს სიკეთისა და სიმართლისადმი სწრაფვას, ხელებს იწვდის იქითკენ, სადაც სინათლე და ჰარმონია ეგულება, მაგრამ უკვე ვეღარ წვდება საწადელს. მღვრიე მორევი ფსკერისკენ ეზიდება მის სულს და სხეულს და ისღა დარჩენია, თავისი არსებობა გრაციოზული ფრაზით დაასრულოს.
      მოვუსმინოთ თამაზ ნატროშვილს, შესანიშნავი, მართლაც ხელიხელსაგოგმანებელი წიგნის (”მაშრიყით მაღრიბამდე”) ავტორს:
      ”იმავე დღეს დაადგნენ თავზე იმამყული-ხანს. იგი თავის ჰარამხანაში იყო. აცნობეს შაჰის განაჩენი. შირაზის ხანმა მშვიდად მოისმინა ეს საბედისწერო ცნობა, მხნეობა არ დაუკარგავს და წარბშეუხრელად მიმართა ჯალათებს: ”აი, მზად ვარ დავემორჩილო შაჰის ბრძანებას, მხოლოდ ერთსა გთხოვთ – ნუ მომკლავთ ამ საბრალო ქალების თვალწინ, თავზარი არ დაეცეთ”.
      შირაზის ხანის უკანასკნელი სურვილი დააკმაყოფილეს.
      წუთისოფელს გამოასალმეს მისი შვილებიც.
      დასჯილთა გვამები სამი დღე-ღამე ეყარა მოედანზე. იქვე ფეხმოუცვლელად იჯდა მოხუცი ქართველი ქალი, დედა იმამყული-ხანისა და მწარედ მოთქვამდა. ალბათ, ქართულად დასტიროდა თავის ”სპარსელ” შვილსა და შვილიშვილებს”.


      გურამ ასათიანი