... და ისევ ფერეიდანში


         ისტორიაში ყველაფერი მეორდებაო, გამიგია და მართალიც ყოფილა... მეორედ კიდევ მომიხდა გამგზავრება ჩემთვის ასე შორეულ და ასე ახლობელ ფერეიდანში... ყველაფერი კი ასე დაიწყო: 2007 წლის 6 მაისს შემეხმიანა მთამსვლელთა კლუბ ”აილამას” მენეჯერი ბატონი ზურაბ კაპანაძე, რომელმაც პირველ რიგში ”გიორგობა” მომილოცა, შემდეგ კი შემომთავაზა მთამსვლელთა ჯგუფთან ერთად ირანში გამგზავრება! ჩემი პირველი მოგზაურობაც ხომ ბატონ ზურაბთან იყო დაკავშირებული, სწორედ მან დამაკვალიანა და გამაბედვინა ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულება.
         მაშ ასე, 2007 წლის 13 მაისს კვლავ გავემგზავრე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ქართველ მთამსვლელთა ჯგუფთან ერთად: ზურაბ კაპანაძე − 49 წლის, მათემატიკოსი, გაზსერვისის დირექტორი, მთამსვლელთა კლუბ ”აილამას” მენეჯერი; აფი გიგანი − 51 წლის, საქართველოს ავია-ნავიგაციის ავია-დისპეტჩერი, სხვადასხვა წლებში დაპყრობილი აქვს კავკასიონის, პამირის და ტიან-შანის მწვერვალები, ჰიმალაებში ნამყოფია ევერესტზე და სხვა 8000 მ. სიმაღლის მწვერვალებზე, თურქეთში − არარატის მთაზე, ირანში − ციხემთაზე, დამავანდზე და ჰაშდაათზე, სამხრეთ ამერიკაში ორჯერ აქვს მიღებული საპატიო წოდება − ”თოვლის ჯიქი”; იდრის ხერგიანი − 45 წლის, ფილოლოგი, მოყვარული მთამსვლელი, ნამყოფია ციხემთაზე, ჰაშდაათზე (4000 მ.), დამავანდზე (5630 მ.), სულ ნამყოფია 20 მწვერვალზე; ივანე ჯაფარიძე − საქართველოს საზოგადოებრივი ტელერადიომაუწყებელი, რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების წამყვანი, რადიოსერიალ ”ირაო”-სა და პროგრამა ”ჩვენი საგანძურის” ავტორი, მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი, გ.-მ. მეცნ. დოქტორი.

         თბილისიდან ბაქომდე მატარებლით გავემგზავრეთ. ვაგზალზე ჩვენს გასაცილებლად მობრძანდნენ: აღმოსავლეთმცოდნე ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი, ბატონი გივი მეფურიშვილი, მიხეილ და დავით კუსიანები.


         ბაქოდან პირდაპირი რეისით თეირანში გადავფრინდით, სადაც დაგვხვდა ისპაჰანის კავშირგაბმულობის ცენტრის თანამშრომელი – ბატონი აღზანფარ გუგუნანი, რომელმაც ისპაჰანში ჩამოგვიყვანა. გზაში აღზანფარი ყოველნაირად ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა მიეღო ქართულ მეტყველებაში. როდესაც ვკითხე მისი სახელის ქართული შესატყვისი, მიპასუხა, ქართულად ჩემი სახელი როგორ არის არ ვიცი, მნიშვნელობით კი ”ლომს” ნიშნავსო. ავუხსენი რომ ”ლომო” სახელად მაინცდამაინც მისაღები არ იყო, სამაგიეროდ ”ვეფხვია” შევარქვი, რაც ძალიან მოეწონა. თან ახალი სიტყვები ”ნათლია” და ”ნათლული” ვასწავლე (სხვათაშორის მთელი ურთიერთობის განმავლობაში ყველანი ახალი სახელით მივმართავდით).

ზურაბ კაპანაძე და აღზანფარ გუგუნანი
თეირანის აეროპორტში

         ვეფხვიამ ისპაჰანში კავშირგაბმულობის ცენტრის კუთვნილ სასტუმროს ტიპის შენობაში დაგვაბინავა, სადაც მაგიდაზე წერილი დაგვხვდა:
         ”დიდი პატივით ვადიდებთ ჩემო ძმების საქართველოდან წამოსულებს, იმ კაი მთასვლელებს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ირანშია!
         ჩემო ძმებო ივან, ზურა, ანფი, იდრის და გიორგი! შეიძლება ოთხშაბათზე კლუბი ფაიაბში ისპანს თქვენთან შეხვედრა იყოს და პარასკევ დღეს ღმერთის იმედით მარტყოფში (ფერეიდუნშაჰრში) წერვალი შაჰუნი არის 4020 მეტრი და თოვლზე სიარული. კარგად იყავით ვნატრობ თქვენთი ბედნიერებას და ჯანმრთელობას. ნახვამდის!”
         წერილს ხელს აწერდა ალი ონიკაშვილი (რაჰიმი) 14 მაისი, 2007.



         ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კარგად დავისვენეთ. ცოტა ხანში ჩემი ძველი ნაცნობი, მთამსვლელთა კლუბ ”აილამას” წარმომადგენელი ირანის მხრიდან, კონდრათ თავაზოჰი (თავაძე) გვესტუმრა. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო კონდრათისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქრის – 21 ძირი რქაწითელის გადაცემა, რომელიც ივანე ჯაფარიძეს წამოუღია და მთელი გზა ვესათუთებოდით, რადგან კვირტი უკვე დაძრული იყო და ამ დროს მისი ტრანსპორტირება მეტად სარისკოა. კონდრათმა უზომოდ გაიხარა, როცა ნახა, რომ ყველა ძირი ჯანსაღი იყო და ფესვები ისევ ქართულ მიწაში ჰქონდა.
         ალბათ გახსოვთ, ჩემი პირველი მოგზაურობის დროს როგორ მოვხვდი კონდრათის სიმამრის, ალი რეზა რაჰიმის ოჯახში, სადაც მხოლოდ ”ჯიბით სატარებელი ლექსები” დავტოვე. თბილისში დაბრუნებისთანავე ქალბატონ თურანისთვის შევიძინე საკადრისი საჩუქარი, რომელსაც წელიწადნახევარი ვინახავდი და ახლა გადავეცი კონდრათს.
         სასიამოვნო საუბრის შემდეგ ყველანი გამოვედით ისპაჰანის დასათვალიერებლად. პირველ რიგში ალავერდი-ხან უნდილაძის აშენებული ხიდი ”სიოსეფოლი” მოვინახულეთ. ჩემდა სასიხარულოდ ხიდი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, ის წარწერაც მოშლილი იყო, ხიდის ორივე თავში მშვენიერი ყვავილნარი იყო გაშენებული და რაც მთავარია, ვნახეთ ხიდის მშენებლობის დროინდელი ფრაგმენტები, რომელიც მინაში იყო ჩასმული და ამრიგად ხელმისაწვდომი იყო ყველა ფეხით მოსიარულესათვის.
         გადავიღეთ უამრავი ფოტო, რომელთა ნაწილს აქვე გთავაზობთ:



         შემდეგ შაჰ-აბასის სასახლეც დავათვალიერეთ, რომელიც ყოველთვის უარყოფით ემოციებს აღძრავს ნებისმიერი ქართველის სულში. ხასიათი ცოტათი იმ ამბავმა გამოგვიკეთა, როცა შევამჩნიეთ ერთ-ერთ თაღზე მერცხლის ბუდე, სადაც ხუნდები (ბარტყები) ისხდნენ. კონდრათმა რესტორანში შეგვიპატიჟა და ნაციონალური კერძებით და ცნობილი სპარსული ტკბილეულით გაგვიმასპინძლდა.



         სასახლის ეზოშიც გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები და ფეხით დავბრუნდით სასტუმროში. აღსანიშნავია რომ სპარსეთში მეტად პოპულარობით სარგებლობს გადაადგილების საშუალებები – ველოსიპედები და მოტოციკლეტები, რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით. მგზავრობენ ორნი, სამნი, ხშირად – მთელი ოჯახი. მაღაზიაში შესვლისას შეგიძლიათ მშვიდად დატოვოთ შესასვლელთან მოტოციკლი და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენს მოსვლამდე მას ხელს არავინ ახლებს. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად შეხვდებით პოლიციელებს, უნდა ითქვას რომ ქურდობა ფაქტიურად არ ხდება. ქუჩები გადატვირთულია ტრანსპორტით, ხშირად შეხვდებით ქალს საჭესთან. ხალხი ქუჩებში ძალიან თავისუფლად დადის. შეგიძლიათ ქუჩა გადაკვეთო იქ, სადაც მოგეხასიათებათ. უნდა აღინიშნოს რომ მიმდინარეობს მეტროპოლიტენის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისაგან.


”საიდუმლო სერობა” გობელენების მაღაზიაში
ირანის ქუჩებში დადგმული შესაწირი ურნა

         საღამო ხანს კონდრათ თავაძე და ზურაბ კაპანაძე ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად ქალაქში აპირებდნენ წასვლას. ივანე, აფი და იდრისი ეზოში იყვნენ ჩასულები. მე და ბატონი ვანო შეთანხმებულნი ვიყავით რომ კიდევ წავსულიყავით ქალაქის დასათვალიერებლად. ეზოში რომ ჩავედი, აღარავინ აღარ დამხვდა, ყველანი ერთად წასულიყვნენ. მეც უკან აღარ დავბრუნდი და მარტო წავედი ”პაპას ხიდზე”.


 
1. ”სიოსეფოლი” (33-თაღიანი ხიდი);
2. მინაში ჩასმული ძველი მშენებლობის ფრაგმენტი;
   
3. ერთადერთი ”მოხეტიალე მუსიკოსი”;
4.5. ხიდის მეორე მხარე;
   
6. ხიდზე;
7.8. ხიდის თაღებიდან დანახული ისპაჰანი;
   
9.10. ”სიოსეფოლი” ღამით;
11. ისპაჰანელი ჰამიდ ალიმოჰამადი და გიორგი ალავერდაშვილი
ფოტოები გადაღებულია გიორგი ალავერდაშვილის მიერ 2007 წლის 17 მაისს,
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ 2003 წლის 18 აგვისტოს
წმინდანთა დასში შერაცხულ XVII-XVIII საუკუნეებში სპარსეთში ქრისტიანული სარწმუნოებისათვის
მუსლიმთაგან მოწყვეტილ ქართველთა ხსენების დღეს (მაცხოვრის ამაღლება).


         ღამის ისპაჰანი სულ სხვანაირად ანათებდა, უფრო იდუმალი იერი ჰქონდა ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდსაც. თითქოს ყოველი კუთხე-კუნჭული დავათვალიერე, შაჰ-აბასის სასახლესაც ვესტუმრე და სუვენირებიც შევიძინე, შემდეგ ისევ ”პაპას ხიდზე” დავბრუნდი. ერთი სიტყვით, იმდენი ვიარე, სანამ ფეხებზე ტკივილები არ ვიგრძენი... სასტუმრომდე გაჭირვებით მივაღწიე... არ ვიცი რისი ბრალი იყო: აუტანელი სიცხის, ჩემი ფეხსაცმელების თუ ხანგრძლივი მგზავრობის... ფაქტია, რომ ფიზიკურად სიარული აღარ შემეძლო...
         მეორე დილით გვესტუმრნენ კონდრათ თავაძე, ვეფხვია (აღზანფარ) გუგუნანი და მასუდა აზიმი – კავშირგაბმულობის ცენტრის თანამშრომელი. შემდეგ ერთად გავემგზავრეთ კავშირგაბმულობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე, სადაც დაგვხვდნენ: ალი ონიკაშვილი (რაჰიმი), ნიკოლოზ ბათვანი და ჩემი პირველი და შეუცვლელი მასპინძელი ფერეიდანიდან – რევაზ დავითაშვილი, რომლის ნახვაც განსაკუთრებით გამიხარდა.

მასუდა აზიმი, აღზანფარ გუგუნანი,
გიორგი ალავერდაშვილი და ივანე ჯაფარიძე
ზურაბ კაპანაძე, რევაზ დავითაშვილი,
გიორგი ალავერდაშვილი და იდრის ხერგიანი


         საზეიმო ცერემონია შესავალი სიტყვით გახსნა ისპაჰანის კავშირგაბმულობის ცენტრის დირექტორმა – ბატონმა ზამანიმ. ირანის მხრიდან გამომსვლელთა შორის დიდი მოწონება დაიმსახურა 85 წლის აჰმადე მარიფათმა, რომელმაც თითქმის 60 წელი მთაში გაატარა და 120-მდე გამოქვაბული აქვს აღმოჩენილი. ქართული დელეგაციის სახელით დამსწრე საზოგადოებას მიესალმა ბატონი ზურაბ კაპანაძე. როგორც შემდეგში გაირკვა, დარბაზში იმყოფებოდა ერთ-ერთი ხანშიშესული ქუჰნავარდი (მთამსვლელი), რომელმაც ველოსიპედით დალაშქრა ერთ-ერთი დაბალი მწვერვალი.



         საზეიმო ცერემონიის დამთავრების შემდეგ გაიმართა სადილი, რომელიც პირადად ჩემთვის ცოტა უჩვეულოდ ჩატარდა. საქმე იმაშია, რომ მოგვიწია სუფრასთან ფეხმორთხმით ჯდომამ, რაც სპარსელებისთვის სრულიად ჩვეულებრივი იყო, ჩემთვის კი – მეტად არაკომფორტული.


         სადილის შემდეგ ასე გადავნაწილდით: ზურაბ კაპანაძე, ივანე ჯაფარიძე, აფი გიგანი და იდრის ხერგიანი დაახლოებით 200 სხვა მთასვლელთან ერთად (მათ შორის 20-25 ქალბატონიც იყო) გაემგზავრნენ მწვერვალ ქარქასის (3864 მ.) დასალაშქრად.



         მე კი, რადგან წესიერად ქუჩაშიც არ შემეძლო სიარული, კონდრათ თავაძესთან და რევაზ დავითაშვილთან ერთად, პირდაპირ ფერეიდანში გავემგზავრე. გზად ისპაჰანის ერთ-ერთ ფეშენებელურ რაიონში შევიარეთ, სადაც ცხოვრობდა კონდრათი. სანამ ოჯახში შევიდოდით და ფეხსაცმელებს ვიხდიდი, ღია კარიდან შემომესმა სიხარულის შეძახილი და ჩემი სახელი და გვარი. უზომოდ გამიხარდა, როცა კარებთან ქალბატონი თურანი შემომეგება. შემდეგ გავიცანი კონდრათის მეუღლე – ქალბატონი ნაზი და მათი ათი წლის ვაჟი – გურამი. უფროსი ვაჟი – 19 წლის ფედრო კი სხვა ქალაქში იყო წასული სასწავლებლად.


გურამ თავაძე და გიორგი ალავერდაშვილი
რევაზ და ქალბატონი თურან დავითაშვილები;
გურამ, კონდრათ და ნაზი თავაძეები

         გურამი მეტად ნიჭიერი ბიჭი აღმოჩნდა. დამათვალიერებინა თავისი მშვენიერი ნახატები, შემდეგ კი კომპიუტერთან გადავინაცვლეთ და ჩემი საიტი – Fereidani.ge ვაჩვენე მთელ ოჯახს.
         ბოლოს გადავიღეთ სამახსოვრო სურათები და დამშვიდობების შემდეგ პირდაპირ ფერეიდანისკენ ავიღეთ გეზი. გზაში ძალიან ბევრი რამ შევიტყვე, კერძოდ ისპაჰანის ძველი სახელი სეფაჰანი ყოფილა, კონდრათი მიყვებოდა, რაც თავისი წინაპრებისაგან ახსოვდა გადასახლებული ქართველების შესახებ, მიყვებოდა თუ როგორ აწამებდნენ და ხოცავდნენ იმ ქართველებს, ვინც ქრისტიანობას არ უარყოფდა. როცა ჯალათები იღლებოდნენ ქართველების ხოცვით, ხალხს კალოზე უშვებდნენ, სადაც გადაზელილ ტალახში შუშის ნამტვრევები იყო შერეული... ჭეშმარიტი ქართველები სისხლისაგან იცლებოდნენ და ასე საშინელი წამებით იხოცებოდნენ...
         ფერეიდანის სახელი კი ადრე ფართიქანი ყოფილა, რომელიც არაბების შემოსევების დროს მთლიანად მიწასთან გასწორებულა, ისევე როგორც მთელი ირანის ტერიტორია. ნადერ-შაჰის პერიოდში კი ავღანელების შემოსევების დროს ირანი კვლავ დარბეულა, ფერეიდანის ანუ მარტყოფის გარდა, სადაც ქართველები სახლობდნენ. ნადერ-შაჰის ლაშქრის მარცხენა ნაწილი სულ ქართველებით ყოფილა დაკომპლექტებული, რომელიც ნადერს შემდეგ მთელ ჯარში გადაუნაწილებია და ამრიგად დაამარცხა და განდევნა ავღანელები. მადლიერმა ნადერ-შაჰმა პატივი მიაგო ქართველებს და ხარკის გადახდისაგან გაანთავისუფლა.
         ფერეიდუნშაჰრში კომპაქტურად დასახლებულმა ქართველებმა მთლიანად ააღორძინეს თავისი მხარე. ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას, მიწათმოქმედებას. ახლაც კი მთელ ირანში მოყვანილი კარტოფილის 60% ფერეიდანის მხარეზე მოდის. მოჰყავთ ყველაზე გავრცელებული კარტოფილის სახეობა – საექსპორტოდ, პირადი მოხმარებისთვის კი – ფაშანდი – წვრილი, სქელკანიანი და უგემრიელესი კარტოფილი. ამის გარდა მოჰყავთ ქოლზა, რისგანაც უმაღლესი ხარისხის საჭმელ ზეთს ხდიან. ფერეიდნელები აგრეთვე აკეთებენ მეტად სურნელოვან და სასარგებლო თაფლს, რომელიც მთელ ირანშია სახელგანთქმული, როგორც სპარსული ტკბილეულის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი და სხვა.
         ფერეიდანის მისადგომებთან სიჩუმე ჩამოვარდა... ალბათ ყველანი იმ ავბედით დროზე ვფიქრობდით, როცა 400 წლის წინათ ლტოლვილ ქართველებს ნახირივით აქეთ ერეკებოდნენ... თითქოს ნათლად ვხედავდი მათ ტანჯვისაგან სახეშეშლილ და ჩონჩხად ქცეულ სხეულებს... ცრემლებიც კი აღარ შერჩენოდათ, გზაში გარდაცვლილები რომ დაეტირათ, ცოცხალ-მკვდარი და სულთმობრძვავიც ბევრი დარჩენილა გზაში, ძირითადად მოხუცები და ბავშვები, რომლებთაც დამოუკიდებლად გადაადგილება უკვე აღარ შეეძლოთ... შაჰ-აბასს ხომ მათთვის მელიების თუ სხვა გარეული ნადირის საჯიჯგნი განაჩენი გამოეტანა... როგორც ამბობენ, ყოფილა შემთხვევები, როცა მშობელს თავისი საკუთარი შვილიც კი მოუგუდავს, მისთვის ტანჯვა რომ შეემსუბუქებინა... მაგრამ აი, წარმოსახვაში ვხედავ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ერთ ხელში ატატავებული ჩვილი უჭირავს, მეორე ხელი კი უფრო მოზრდილი ბავშვისთვის ჩაუვლია... ფეხზე კი მხრალით შეკრული პატარა ბოღჩა აქვს გამობმული და ისე მიათრევს... ბოღჩაში ჩვილის ტანსაცმელი აქვს შეკრული, ტანსაცმელში კი წმინდა გიორგის პატარა ხატი და ქმრის ჩოხის კალთის სისხლიანი ნაგლეჯი აქვს დამალული, რომელიც მაშინ შერჩა ხელთ, როცა სპარსელებმა გზაში ურჩობისთვის გაროზგილი ერთ ცხვარზე გადაცვალეს...



         ფერეიდანში შესვლისთანავე ჯერ კონდრათ თავაძის ახლად შეძენილ ნაკვეთს ვესტუმრეთ. შესასვლელიდან მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ჯერ კიდევ დაუმთავრებელი შენობაა, წინ კი ვეებერთელა ეზო, სადაც ტერასებად ვაზებია ჩაყრილი, ეს ჯიში სხვაა, სპარსულია, იგი პირდაპირ მიწაზეა განრთხმული, ცხელი ჰავის გამო ყურძენი არ ლპება და პირდაპირ მიწის ზედაპირზე მწიფდება. კონდრათი დაგვპირდა, რომ ივანე ჯაფარიძის მიერ ჩატანილ ოცდაერთი რქაწითელის ძირს ამოსაყენებლებს შეუდგამს და ისე მოაშენებს ვენახს, როგორც ეს კახურ რქაწითელს ეკადრება.



         წინ იყო დამუშავებული ადგილებიც, რომლებიც განკუთვნილი იყო კაკლის, თხილის, ატმის და სხვადასხვა ნერგების ჩასაყრელად. ნერგებიც უკვე შემოტანილი ჰქონდა და გამზადებული დასარგავად.
         ნაკვეთის მონახულების შემდეგ ფერეიდანში, ანუ მარტყოფში წავედით, კონდრათის საკუთარ ბინაში. ბინა საკმაოდ კომფორტულად არის მოწყობილი ცხელი და ცივი წყლით, მუდმივი გაზით და ყველა იმ პირობებით, რაც საჭიროა ნორმალური ცხოვრებისათვის.
         ვახშამზე კონდრათის ძმა, ჰუსეინი (სოსო) შემოგვესწრო, მალე საიდ მულიანიც მოვიდა. რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვებელი შეხვედრა იყო. საუბრისას საიდმა მითხრა, რომ სოსო ჩემს საიტში წითელკაბიანი გოგონას, თინიკოს მამაა, რომელსაც კაბაზე ქართული ასოებით თავისი სახელი ჰქონდა ამოქარგული. გახარებულმა იმით, რომ მის ქალიშვილს საქართველო და არა მარტო საქართველოში მცხოვრები ქართველები იცნობდნენ, მეორე დღისთვის თავისი ახლად აშენებული სახლის სანახავად ოჯახში მიგვიპატიჟა.
         მე და საიდმა კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, შემდეგ ტელეფონით თბილისში ბატონ ნოდარ კოჭლაშვილს ვესაუბრეთ. ჩაის შემდეგ კი საიდი თავის სახლში გავაცილეთ.
         მეორე დღეს რევაზ დავითაშვილის ოჯახს ვესტუმრე. რევაზის მეუღლეს, ქალბატონ თაჰერეს და მათ ქალიშვილებს: ელნაზის, მითრას და ანაიდას ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა. გემრიელი სადილის შემდეგ კი ფერეიდანის ქუჩებში გავისეირნეთ.



         პირველ რიგში მოვინახულეთ ჩემი ძველი მეგობრები: ეჰსანი და ალია, შემდეგ თორნიკე ფანიაშვილის მამა – ბატონი მუჰამედი (გიორგი) მოვინახულეთ. აღსანიშნავია რომ ბატონ გიორგის უამრავი ქართულენოვანი პლაკატი და კალენდრები ჰქონდა გაკრული, კარებზე კი ქართულად ეწერა გვარი – ფანიაშვილი. დამშვიდობებისას შევხვდით ბატონ ნურის, გიორგის მამას, შეგახსენებთ რომ თორნიკე და გიორგი ბიძაშვილები არიან და შარშან გიორგის საქართველოში ჩამოსვლიდან 2-3 საათის შემდეგ ორივენი კახეთში, რთველში წავიყვანე. ბატონ ნურის მოვუყევი, თუ როგორ მიმართა დედაჩემმა, ქალბატონმა მერიმ მის შვილს, გიორგის, ნაცნობი სახის გამო.


ბოლო ფოტოზე აღბეჭდილია აბას ალი რაჰიმი (ბექა ონიკაშვილი), რომელიც 24 წლის წინ
29 წლის ასაკში ირან-ერაყის ომში მოუკლავთ

         მე და რევაზიმ მარტყოფის მეტეოროლოგიური სადგურის უკან მდებარე ქართველის საფლავიც მოვინახულეთ, რომელზედაც ერთი პატარა მინდვრის ყვავილი დავდე. საფლავის ქვა 1966 წლით იყო დათარიღებული.



         შებინდებისას მე, რევაზი და კონდრათი განთქმული ფერეიდანის წყაროების სანახავად მთების ძირში ავედით. წყაროები საკმაოდ სუფთა და ცივი იყო. სათავეში პეშვით წყალიც კი დავლიე. მინდოდა შეუმჩნევლად სათავიდან ერთი პატარა ქვა ამომეღო, მაგრამ შემამჩნიეს... კონდრათმა სერიოზული სახით მითხრა, აიღე გიორგი, არ მოგერიდოს, საქართველოში პირველად რომ ვიყავი, მეც ქვები და ქართული მიწა ჩამოვიტანეო... მე მათ მოვუყევი, რომ როცა საიდ მულიანი იყო ჩამოსული საქართველოში და ვარძიაში ვიყავით, ერთი ქვა იქიდანაც მქონდა წაღებული, რომელიც წიგნების კარადაზე მქონდა შემოდებული...
         სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ. მინდა აღვნიშნო თუთის ხე, რომელაც ჯერ ფოთლებიც კი არ ჰქონდა გამოსული, სამაგიეროდ უკვე ნაყოფით იყო დახუნძლული.



         გვიან ღამით ჩვენი მთამსვლელებიც დაბრუნდნენ მწვერვალ ქარქასიდან ბედნიერები და დაღლილები, მაგრამ მომღიმარი სახეებით. საკმაოდ რთული და ძნელი გზა გაევლოთ. მაჩვენეს იქ გადაღებული სურათებიც, 200-მდე მთამსვლელი თუ როგორ მიიკვლევდა თოვლში და ყინულებში გზას მწვერვალისაკენ. ძალიან დამწყდა გული, მეც მათთან ერთად რომ ვერ წავედი, მაგრამ მეტი რა გზაა... ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ მწვერვალზე კი არა, ვაკე ადგილზეც ძლივს ვახერხებდი გადაადგილებას...
         მეორე დილით ჩვენი ქუჰნავარდები მწვერვალ შაჰანის (4050 მ.) დასაპყრობად წავიდნენ. მე, ივანე ჯაფარიძე და საიდ მულიანი კი ახლო-მახლო მდებარე ქართული სოფლების და იქ მცხოვრები ქართველების მოსანახულებლად გავემგზავრეთ.
         ჩემი მდგომარეობის გამო ციხემთაზეც კი ვერ მოვახერხე ასვლა, ასე რომ ჩემი დიდი ხნის სურვილი კვლავ განუხორციელებელი დარჩა, რომელიც მესამე ჩამოსვლისთვის გადავდე, სამახსოვროდ კი ციხემთის კალთებიდან პატარა ქვა წამოვიღე...
         პირველად ქართულ სოფელ დაშქესანს ვესტუმრეთ, სადაც ფერეიდანიდან საქართველოში ფეხით ჩამოსული ძმები: არია და შაჰინი ცხოვრობენ. სამწუხაროდ, ძმები სახლში არ დაგვიხვდნენ და ჩვენც გზა გავაგრძელეთ. მოვინახულეთ სოფელი ხონგი, რომელიც ადრე სომხებითაც ყოფილა დასახლებული. ამჟამად სომხები სხვადასხვა ადგილებზე არიან გადასახლებულნი და ხონგი უკვე სუფთა ქართულ სოფელს წარმოადგენს.
         მოვინახულეთ სოფელი ჩუღურეთიც, საიდ მულიანის მშობლიური სოფელი. აღსანიშნავია, რომ ჩუღურეთში ვესტუმრეთ ჰამიდ (დიმიტრი) ასლანიშვილის ოჯახს. ეზოში შესვლისთანავე დავინახეთ ავტო-მანქანა, რომელსაც უკანა მინაზე ეწერა ”ფერეიდნელი ქართველი ვარ!”. აღმოჩნდა რომ ბატონ დიმიტრის ამ მანქანით საქართველოში უმოგზაურნია ოჯახთან ერთად! სახლში შეგვიპატიჟეს და მაშინვე ტკბილეული და ხილი მოგვართვეს. ოჯახის უფროსი, დიმიტრის მამა დიდხანს გვიყვებოდა მათ ტრადიციებზე და წეს-ჩვეულებებზე. ივანე ჯაფარიძემ ფირზე ჩაიწერა ქორწილის რიტუალი, რომელსაც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიომსმენელები თვითონ მოუსმენენ და შემდეგ რადიოს ოქროს ფონდში დარჩება.



         საუბრისას გაირკვა, რომ ამ ოჯახში რამდენიმე ხნის წინ დედა პარასკევა ყოფილა სტუმრად. მე სიხარულით დავპირდი მათ, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე დედა პარასკევას მათ გულთბილ მოკითხვას გადავცემდი, რაც უკვე შევასრულე კიდეც.
         შემდეგ დავათვალიერეთ მთელი ეზო. ყველაფერს გამრჯე კაცის ხელი ემჩნეოდა. დამუშავებულ ნაკვეთებზე გასხლული ხეები სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა. უცებ საიდანღაც ვირის ხმა გავიგონეთ. მე უფრო მეტად მშობლიურ გარემოში ვიგრძენი თავი. გულღია მასპინძლებს ავუხსენი, რომ ამ უწყინარი და მშრომელი ცხოველის სამშობლოდ საქართველოში კახეთი ითვლება-თქო. გულისტკივილით დავცილდით ერთმანეთს...
         სოფელ ვაშლოვანში გავესაუბრეთ ახალგაზრდა მეჰდი ქარიმს (ლექსო გოგიჩაშვილს). ლექსო მომავალი ფსიქოლოგია, რომელმაც თავისი გეგმები გაგვიმხილა: უნივერსიტეტში სწავლის დამთავრების შემდეგ მოიხდის სავალდებულო სამხედრო სამსახურს და მერე აუცილებლად თავის ისტორიული სამშობლოს მოსანახულებლად ჩამოვა საქართველოში. ყველაზე ამაღელვებელი კი ის იყო, რომ ლექსომ ვეფხისტყაოსნიდან რამდენიმე სტროფი წაგვიკითხა...

         ფერეიდანში დაბრუნებისას საიდ მულიანს ოჯახშიც ვესტუმრეთ, სადაც მოვინახულეთ მისი მეუღლე, ქალბატონი ირანა და მათი ვაჟი – ტარიელი, პატარა ტარიელი ჯერ კი მორცხვობდა, მაგრამ მერე ისე გაგვიშინაურდა, რომ ხალიჩებზე ერთადაც კი ვიკოტრიალეთ. ქალბატონმა ირანამ გაგვაცნო თავისი ძმა – მეჰდი (იმიდა) იოსელიანი, რომელიც სტუმრად მოვიდა.



         სტუმართმოყვარე მასპინძლებთან გამომშვიდობებისას საიდმა გაგვიმხილა, რომ მალე ისევ შევხვდებოდით, ოღონდ უკვე საქართველოში. აღმოჩნდა, რომ საიდი მიწვეული იყო საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში, სადაც იგი ოჯახთან ერთად აპირებდა ჩამოსვლას.
         კონდრათის სახლში დაბრუნებისას შეგვეხმიანა კონდრათის ძმა, ბატონი სოსო, რომელმაც კვლავ თავისი ახლად აშენებული სახლის სანახავად და ოჯახის გასაცნობად მიგვიპატიჟა. ასე გავიცანით მისი მეუღლე და მათი შესანიშნავი ქალ-ვაჟი: ჩვენთვის უკვე ცნობილი თინიკო და არმანი (თორნიკე) თავაზოჰები (თავაძეები). მთელი ბინა სიწმინდისა და სისუფთავის განსახიერება იყო. სასტუმრო ოთახს დიასახლისის მიერ მოქარგული გობელენები ამშვენებდა. ინტერნეტით მთელმა ოჯახმა მოვინახულეთ ჩემი საიტი, რამაც ყველაზე ძალიან პატარა თინიკო გაახარა.


         გადავიღეთ სამახსოვრო სურათებიც. თორნიკე დამპირდა, რომ საიდ მულიანს ჩემთვის გადმოსაცემად ბევრ სხვა სურათებსაც გამოატანდა.

"უფალო ღმერთო" - ვიდეო

http://www.youtube.com/watch?v=WM4L27oETVU

         გათენდა 19 მაისი, ჩვენი ფერეიდანიდან გამომგზავრების დღეც. ფერეიდანიდან ჯერ 25 კმ-ით დაშორებულ პატარა ქალაქ დარანში ჩავედით, შემდეგ კი ავტობუსით პირდაპირ თეირანში გავემგზავრეთ.
         6 საათის მგზავრობის შემდეგ უკვე თეირანში ვიყავით. უნდა ითქვას, რომ თეირანი უზარმაზარი ქალაქია, მაგრამ რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს – "ფილტვების" ანუ ხეების და მდინარის გარეშე, ისიც უნდა ითქვას, რომ წყლის ნაკლებობა საერთოდ არ იგრძნობა!
         ავტო-სადგურიდან გავემგზავრეთ მუხტარ (ასლანი) დარჩიაშვილის ბინაში, სადაც უკვე დილიდანვე გველოდნენ. სამწუხაროდ, მასპინძლები სახლში არ დაგვიხვდნენ და ცოტა ხნით ქუჩაში მოგვიწია დგომამ. მეტად სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ როდესაც მეზობლებმა გაიგეს რომ ქართველი მუხტარ დარჩიაშვილის სტუმრები ვიყავით, მაშინვე ორმა ახალგაზრდამ, ბეჰნამმა და მუჰამედმა სურით ყინულოვანი ციტრუსის წვენები გამოგვიტანეს! ჩვენდა გასაოცრად, მალე ბინის კარები გაიღო და ერთმა ქალბატონმა გამოიხედა... აღმოჩნდა, რომ წინა დღით შესასვლელი კარის ზარი დაზიანებულა და მასპინძლები ყოველ ნახევარ საათში გარეთ იხედებოდნენ ჩვენს მოლოდინში!
         ბატონი მუხტარი დიდი სიხარულით შემოგვეგება. ის ქალბატონი კი მისი მეუღლე სედიყე (სედა) აღმოჩნდა. ბატონი მუხტარიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე ყოფილა მოწვეული და მისასალმებელ სიტყვას წერდა. ისეთი ამაღელვებელი სიტყვები ეწერა, რომ ბატონ მუხტარს ვთხოვე ნებართვა ტექსტის გადაღებისა და გადაწერისა, მით უმეტეს რომ სანამ თქვენ მას წაიკითხავთ, იქამდე უკვე წაკითხული იქნება კონფერენციაზე:
         ”საქართველო, ჩემო აკვანო და საფლავაო!
         უდედო, დედას კალთას რომ ვერ ნახავს, თვალისწინ ქვეყანას არ დაინახავს, დედის კალთა რომ ხურვალი არ იქნების – მაგის შვილი უწორთნელი იზრდება. შვილი რომ დედის კალთაში არ იზრდების, ჩირდილის ვარდსავით ყვითელი იქნების. შვილი რომ სამშობლოჩი არ იბადების, იმის გული სად გაიხარების? ვინც უსამშობლორი, უდედმამორი – და ვინც უდედმამორი უსამშობლორი. შობელს უსამშობლო ცხოვრება რათი ონდა, დედმამავ უსამშობლო შვილის გაჩენა რათ გინდა? ღმერთო, უბედო ბავშვს რისთვის ბადავ? და რომ იბადავ, მაგის ბედს როგორ ჰხედავ? ის რო ბადავს, მაგის ბედიც იცის და ის რომ იმან იცის, არ ვინ არ იცის!”
         ჩვენი ყურადღება მიიქცია კედლებზე გამოფენილმა ქართულმა სამშვენისებმა და სუვენირებმა. ტელევიზორში კი ”იმედის” არხით ქალბატონ ფიქრია ჩიხრაძის ინტერვიუ გადაიცემოდა. როდესაც ნებართვა ვითხოვე ამ ყველაფრის გადაღებისა ქალბატონმა სედამ მეორე სართულიდან ჩამოიტანა თავისი მოქსოვილი გობელენი, რომელზედაც ხმელი ხე იყო ამოქარგული, ხის ტოტებზე ფოთლების ნაცლად ქართული ანბანის ასოები იყო, რამდენიმეც დაბლა ჩამოვარდნილიყო... ბატონმა მუხტარმა ასე ამიხსნა: ”ქარი რომ დაუბერავს. ასოები ნელ-ნელა ჩამოცვივდება და თუ ქარი ძლიერია, ფესვებგამხმარ ხესაც წააქცევსო...”.






         ზურაბ კაპანაძე, აფი გიგანი და იდრის ხერგიანი ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად ქალაქში გავიდნენ. მე და ივანე ჯაფარიძე კი ისევ კეთილად მოსაუბრე მასპინძელს მივუბრუნდით: საქართველოს ხალხმა გვიან ადგომა იცისო... ბრძანებდა ბატონი მუხტარი, შუქის გამორთვა და წყლის შაკვრა არ იცითო (ჩემდა სამარცხვინოდ გამახსენდა, რომ მეც სახლში წყლის ონკანი მქონდა გაფუჭებული და ჩამოსვლისთანავე ხელოსანს გამოვაცვლევინე). საერთოდ, კი მის სიყვარულს საქართველოსადმი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ ”არც სიგანე აქვს და არც სიგრძე”. საქართველოს კი ”სამოთხეს” უწოდებს.
         ბატონი მუხტარი 78 წლისაა, უკვე 45 წელია, რაც თეირანში ცხოვრობს, მას მთელ ირანში ”ძია მუხტარის” სახელით იცნობენ. სამწუხაროდ, საკუთარი შვილები არ ჰყავთ, მაგრამ ყველას ქომაგი და გულშემატკივრები არიან! წიგნების კარადასთან კი გამოსაჩენ ადგილას, ბატონ ზურაბ კაპანაძის ქალიშვილის – პატარა მარიკუნას სურათი აქვთ და არც არის გასაკვირი, ზურაბი ხომ უკვე მეხუთედ სტუმრობს ამ ოჯახს. ქალბატონი სედა აღრფთოვანებით მოგვიყვა, თუ როგორ იცნო მარიკუნა გადაცემაში – "ბაბილინა”. ”მაშინვე ტელევიზორთან სურათი მივიტანე და შევადარე, როცა დავრწმუნდი რომ ნამდვილად ჩვენი ზურაბის მარიკუნა იყო, ეკრანზე ვეფერებოდიო”.
         ”დღე და ღამ იმას ვფიქრობ, აბა, სად ჩამოვა ქართველი, რო ვნახო!” – ბრძანებს ბატონი მუხტარი. მას ამბაკო და სარა ჭელიძეების ჩასვლაც ახსოვს, კარგად ახსოვს ნოდარ კოჭლაშვილიც, ბატონ მუხტარს და ბატონ ნოდარს მთელი თეირანი ფეხით ჰქონიათ შემოვლილი, ხშირად გათენებამდეც. ასე სიარულში და საუბარ-საუბარში უფრო კარგად უსწავლია ”დედის ენა - სოფლის ენა”. ნოდარ კოჭლაშვილის მიერ ჩატანილ ”დედა ენას” მერე ხერხითა და ქლიბით ხეში გამოყვანილი ქართული ანბანიც მოჰყოლია...
         ბატონი მუხტარი ძალიან ამაყობს, რომ მაინც ”სოფლეველი” ანუ ფერეიდნელი დარჩა. თვითონვე უკვირს, მაგრამ რატომღაც ვაშლოვანელები, ჯაყჯაყელები და სიბაქელები მარტყოფს სოფელს რომ უწოდებენ, ხოლო დაშქესანელები, ბოინელები და თელაველები კი ამბობენ – მარტყოფს მივდივართო: ”რასთი ამბობენ ასე, მეც არ ვიციო... მისგან გავიგე სოფლის სახელის – ჯაყჯაყის მნიშვნელობაც. ”ჯაყ-ჯაყი” სამ კბილიანი ხის კლიტე ყოფილა, რომლის გამკეთებელს ამავე სოფელში უცხოვრია. კლიტის დაყენების შემდეგ ოჯახის უფროსს ყოველთვის ასე მიმართავდა თურმე: ”ბიჭო, აბა ერთი კარგად დააჯაყჯაყეო”. თუმცა კლიტის დაყენების საჭიროება სულაც არ ყოფილა საჭირო - ”მამის სახლში ვინ გამქურდავდაო? თუ ადრე ვინმე რამეს მოიპარავდა, ან დედა ჰყავდა სპარსი, ან მამა ჰყავდა ქურთი. თორემ სუფთა ქართულ სოფლებში ზაფხულში სამუშაოდ რომ გადიოდნენ, შემოდგომამდე სახლს არ ”ჰკლიტავდნენო”.
         სანამ ქართველების ზნე-ჩვეულებებს გაიგებდნენ, მეზობლად მცხოვრებ სხვა ტომის ხალხს (ქურთები, ბახტიარები, ლორები) ქართველების ”დათანადება” (ქურდი ყველაფერს რო წაიღებს) სცოდნიათ. გახშირებული ქურდობების დროს ქართველი კაცები თურმე გომებზე (ბანებზე) დადიოდნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ: ”ბიჭო, არ დეგეძინოსო!”, წინასწარ კი სოფლის განაპირა ”სახლების კედლებს ხვრეტდნენ, შიგ ორ ალაგას ხეებს გაატარებდნენ, მომხდურთა ცხენები სიმაღლეზე ვეღარ ხტებოდნენ და ჩერდებოდნენ, სახურავებზე კი ქართველები ისხდნენ!”.
         ბატონმა მუხტარმა ორი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავიც მოგვითხრო მტრების წინააღმდეგ ქართველების გონება-გამჭრიახობის საილუსტრაციოდ: ერთ-ერთი შემოსევის დროს მტერს გაუგია, რომ ქართველთა ჯარი მცირერიცხოვანი ყოფილა, მათ სარდალს პირადად მოუწადინებია ამ ფაქტის შემოწმება და მოსალაპარაკებლად და უფრო სწორად, დასაზვერად ქართველთა ბანაკს ღამით სწვევია... სოფლის მთელი მოსახლეობა სანგრებში გაფანტულა, თვითოეულს კი თითო-თითო მეტრის დაშორებით ხუთ-ხუთი ”ჩირაღი” აუნთია და მიწაში დაუმაგრებია ოთხივე მხრიდან... მოლაპარაკებების დროს კი ერთი და იგივე ქართველთა რაზმი ხან ჩოხებში, ხან მომთაბარეების ან სხვა ტანსაცმელში გამოწყობილნი, ხელში ”ჩაფანტულათი” (საფანტიანი თოფი) ან სხვა იარაღით შედიოდნენ და მოახსენებდნენ საბრძოლო მზადყოფნას. მტრის სარდალს ქართველთა ეშმაკობა ვერ გაუგია, დარწმუნებულა მათ მრავალრიცხოვნობაში და გათენებისას უბრძოლველად გასცილებია! მაშინ უთქვამთ ქართველებს: ”სახტომში რა გინდა, მენადირე თუ არა ხარო!”.
         მეორე ამბავი კი თვით ბატონ მუხტარს გადახდენია. როდესაც თბილისის დინამოს ფეხბურთელები ირანში სათამაშოდ ჩასულან, ბატონ მუხტარს მოუგროვებია ქართველები მეუღლეებთან ერთად და სტადიონზე მისულან, მაგრამ ვერაფრით ვერ მოუხერხებიათ ქართველ ფეხბურთელებთან მიახლოებაც კი. შემდეგ უყიდიათ ძვირფასი სურათის ჩარჩოები ”შიგ მეფის სურათები ჩავდეთ, მივედით სასტუმროში, უნდა ვაჩუქოთ-ყე, შაჰის სურათზე ვერაფერი ვერ თქვეს. მივედით ქართველებთან და ჩავჩუნჩურე...” რაც ბატონმა მუხტარმა ქართველებს ყურში ”ჩასჩუნჩურა”, ეს თქვენს მიხვედრილობაზე იყოს... (”ჩარჩოები ძვირფასია, ირანს რომ გახვალთ, შაჰის სურათები ამოიღეთ, დახიეთ და თქვენები ჩადეთო!”).
         ამ საუბარში ზურაბ კაპანაძე, აფი გიგანი და იდრის ხერგიანიც დაბრუნდნენ. რომ იტყვიან, მათ ფეხდაფეხ მოჰყვათ მთასვლელთა კლუბ ”აილამას” წარმომადგენელი ირანის მხრიდან ბატონი აზიზ სეიედი, შემდეგ კი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოადგილე ბატონი ნიკო ნახუცრიშვილი მობრძანდა. ბატონმა ნიკომ ძია მუხტარს გიორგი ლობჟანიძის მიერ ნათარგმნი სპარსული ზღაპრების წიგნი მოართვა სახსოვრად. აღმოჩნდა, რომ ბატონი ნიკო, ისევე როგორც ბატონი ჯემშიდ გიუნაშვილი თეირანში საქართველოს საელჩოს აშენებამდე ბატონ მუხტარის და ქალბატონ სედას სტუმრები ყოფილან!


აფი გიგანი, ივანე ჯაფარიძე, აზიზ სეიედი, ნიკო ნახუცრიშვილი
და იდრის ხერგიანი
ტელეკომპანია ”იმედი” თეირანში

         ახლა კი მინდა რამდენიმე სიტყვით წარმოგიდგინოთ აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე, რომელმაც რთულ და საპასუხიმგებლო საქმეს მოჰკიდა ხელი – ყურანი თარგმნა ქართულ ენაზე. მთარგმნელობითი საქმიანობის გარდა ბატონი გიორგი წერს მეტად ორიგინალურ და შინაარსით საინტერესო ლექსებს, რომლის საილუსტრაციოდ მისი ”არაბულის მასწავლებელიც” სრულიად საკმარისია. მე ძალიან ვამაყობ, რომ ავტორისაგან პირადად მაქვს მოსმენილი აღნიშნული ლექსი და ბევრი სხვაც, როდესაც ქალბატონმა თეა შურღაიამ მის შემოქმედებით საღამოზე მიმიწვია და პირადად გამაცნო ბატონი გიორგი ლობჟანიძე.
         გამოსათხოვარი ვახშმის შემდეგ პირდაპირ გავემგზავრეთ თეირანის აეროპორტში, საიდანაც ბაქოში გადმოვფრინდით. ბაქოდან კი წითელი ხიდის გავლით თბილისისაკენ გამოვემგზავრეთ.


* * *


         2007 წლის 25 მაისს, საიდ მულიანი თავისი ოჯახით, ბატონი მუხტარ დარჩიაშვილი, ბატონი ნუგზარ ლაჩინანი და ”ჰოლანდიაში მცხოვრები ქართული ენისა და ერის მოყვარე, სემირომის რაიონის ქართველი” (ს. მულიანი) – ბაბაქ (ბექა) რეზვანი თბილისში ჩამოფრინდნენ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მათ აეროპორტში დახვდნენ ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი, კახა მულიანი და თორნიკე ფანიაშვილი.



         სტუმრებს გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო ”მარი”-ში დავხვდი, სადაც დაბინავდნენ კიდეც (www.g-housemari.ge; E-mail: ghousrmari@internet.ge). საღამოთი კი მე, ზურაბ კაპანაძე და ივანე ჯაფარიძე ჩვენს სტუმრებს ვეწვიეთ. ცოტა ხანში ბატონ მუხტარს მოაკითხა მისმა ძმისშვილმა ლექსო დარჩიაშვილმა, რომელიც არქიტექტორია და სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. ლექსოს თან ახლდა მეუღლე – მშვენიერი ქალბატონი ნათია, რომელიც კონდრათ თავაძის ძმისშვილი აღმოჩნდა! მალე შეხვედრამ გადაინაცვლა ნამდვილად ქართულ ეთნოგრაფიულ რესტორანში – ”თამადა”, სადაც გამოფენილია ეროვნული ყოფის ნივთები, ქვევრები, ბუხრები, ”ზაოდი” და თონე (ორბელიანის 37, ტელ.:92-32-80, exotour@gol.ge).
         სუფრაზე შევეხმიანეთ კონდრათ თავაძეს და კიდევ ერთხელ მოვეფერეთ. როდესაც კახური რქაწითელის ძირებით დავინტერესდი, კონდრათმა სიხარულით მიპასუხა, რომ ყველა ძირი უკვე დაურგავს და არც ერთი კვირტი არ გაფუჭებულა!
         ღმერთო ძლიერო, დაილოცა შენი სამართალი!


* * *


         დასასრულს კი ერთი ამბავიც მინდა დავამატო.
         ფერეიდანში გამგზავრების წინ ჩემმა ახლობელმა ქალბატონმა თამარ სინჯიკაშვილმა მომიტანა ჩემი სათაყვანებელი მწერლის, რევაზ ინანიშვილის მოთხრობების კრებული ”ჩიტების გამომზამთრებელი”. ფერეიდანში რომ ჩახვალ, ვინმეს აჩუქეო... როგორც კი წიგნი გადავშალე, მაშინვე თვალში მომხვდა ”თმაგათეთრებული ქალი რუსთაველის გამზირზე”. მოგეხსენებათ, რომ ჩემს მიერ შეკრებილ ”ჯიბით სატარებელ ლექსებში” რევაზ ინანიშვილის მოთხრობებიდან ბევრი ამონარიდია, მათ შორის ამ მოთხრობიდანაც, რომელსაც ახლა მთლიანად გთავაზობთ:


თმაგათეთრებული ქალი რუსთაველის გამზირზე

მაყვალა მრევლიშვილს

         – ლექსები არ მიყვარს, – თქვა კარგად ჩაცმულმა ლამაზმა ბანოვანმა და გამყიდველის მიერ შეთავაზებული პატარა წიგნი ცივად გასწია უკან.
         – მაშ როგორ ზრდით ბავშვებს? – მოუბრუნდა თმაგათეთრებული სახემშვიდი ქალი.
         – ძალიან კარგად.
         – ღმერთი შეგეწიოთ.
         თმაგათეთრებულმა ქალმა დახლზე დადებულ შავ ჩანთას პარკივით მოუკრა პირი, მკერდთან მიიხუტა, – მარცხენა მხარეს, – და წავიდა. მიდიოდა რუსთაველის გამზირზე, ფეხებდაღლილი, მაინც წელში გამართული, თითქოს ყველასა და ყველაფრისადმი გულგრილი, მხოლოდ ის მკერდზე მიხუტებული ჩანთა ეკავა მაგრად, უამრავ გამვლელთა ბორიალში გამორჩევით მესმოდა მისი ფეხსაცმლის დაბალი, მსხვილი ქუსლების პაკაპუკი, ოქტომბერი იყო, მინაზებული ფერების თვე, და მეჩვენებოდა, რომ იმ იაფფასიანი შავი ჩანთით ჩვენი ბავშვობის ლექსები მიჰქონდა იმ ქალს. არც დაბეჭდილი იყო ის ლექსები, არც ხელით გადაწერილი, პატარა თაგუნებივით თუ წიწილებივით ისხდნენ – ყუჩად, ერთმანეთს მიხუტებულნი, და მხოლოდ ხანდახან აფუთფუტდებოდნენ რაღაცით შეწუხებულნი.
         მე ვფიქრობდი:
         წამოჯდომას შესძლებდა თუ არა ბავშვი, ხელისგულზე წრიულად უღიტინებდნენ და ეუბნებოდნენ:

         ბოლია, ბოლია,
         ხბო წითელია,
         ამან დაკლა (მოიკეცავდნენ ნეკს),
         ამან გაატყავა (არათითს),
         ამან დაჭრა (შუა თითს),
         ამან მოხარშა (სალოკ თითს),
         ამან კიდევ შესანსლა (ცერს),
         ვცემოთ, ვცემოთ ბერიკაცსა!
         და სიცილით სცემდნენ ცერზე.

იმავე ხანებში სათქმელთ განეკუთვნებოდა კიდევ უფრო უცნაური ლექსი:

         ყვავო, ყვავო, ყვანჩალაო,
         დედაშენი დამხვრჩალაო,
         წასულა, უძებნიაო,
         მისულა, უნახიაო,
         უნახიაო, უცინიაო,
         ულხენიაო და ფრრრ!

ამას მოსდევდა მამის მუხლზე გადამჯდარისა:

         აჩუ, აჩუ ცხენო!
         შე კუდმოსაჭრელო,
         ჯერ ქერი არ გიჭამია,
         საით გაგაჭენო!
მერე:
         კიკლი, კიკლი, კიბესა,
         როსტომაანთ ციხესა,
         ზედ კურდღელი წამომჯდარა,
         აწკაპუნებს ყურებსა!

მერე გამოსაჯავრებლები: ბუტიასი, მტირალასი:
         მტირალა, მტირალა,
         ხბორებს ჩამოგილალავ,
         თუ ხბორები არ გინდა,
         ღორებს ჩამოგილალავ!

ყველა ამათ გვერდით მოჰყვებოდა შელოცვები:
         გამოვიდა შავი კაცი, –
         შავის ცხენითა, შავის იარაღითა,
         გამოვიდა თეთრი კაცი, –
         თეთრის ცხენითა, თეთრის იარაღითა,
         გამოვიდა წითელი კაცი, –
         წითელის ცხენითა, წითელის იარაღითა.
         . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
         . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
         შინაურისასა, გარეულისასა,
         შავგვრემანისასა, თეთრგვრემანისასა,
         მაღლისასა, დაბლისასა

ისწავლებოდა, რას ამბობს მერცხალი:
         ბერი ცხონდა, ბერი ცხონდა,
         ყმაწვილები – ჟლიტ!
         რადგან ბუდეს უშლით.
         აღარ დაუშალოთ – მიტომ.

რა არის ნათქვამი ტოროლაზე:
         ტოროლას მაინც არ მოვკლავ,
         ბევრიც რომ მქონდეს წამალი,
         საწყალი ღამის მეხრისა
         ის არის კარგი მამალი.

რა არის ნათქვამი კაჭკაჭზე და ყვავზე:
         კაჭკაჭმა უთხრა ყვავსაო,
         ჩავარდი გულისხმასაო,
         კაცი რომ დაიკუზება,
         შენთვის აიღებს ქვასაო.

რა უნდა უთხრა, კაჭკაჭი რომ დაგძახებს თავზე:
         შენს პირს – შაქარი, შენს პირს – შაქარი,
         კარგი ამბავი, კარგი ამბავი!

სამი-ოთხი წლის ბავშვი შედიოდა ლექსად მოთხრობილი ამბების სამყაროში:
         საწყალი მელა ჩიოდა,
         არ მომივიდა ძილია,
         ერთსა საქათმეს მივაგენ,
         გამოვუთხარე ძირია...

         კურდღელმა თქვა, ჩირგვში ვზივარ,
         ვერვინ მოვა ჩემზედაო,
         გავიხედე სერზედაო,
         ბატონი ზის ცხენზედაო...

ყველამ იცოდა სათუთი ლირიკის უშესანიშნავესი ნიმუში:
         ნეტამც არ დაგძინებოდა,
         ჩიტო, ნიბლიავ, ნარზედა,
         წამოგიქროლებს ალალი,
         წაგიღებს მაღალ მთაზედა.

ცალკე იყო გამოყოფილი ლექსები წელიწადის დროებზე და ბუნების მოვლენებზე:
         გაზაფხული დადგაო,
         ხეში წყალი ჩადგაო,
         ჩიტმა ჩიორამაო,
         საძირკველი გადგაო!

         მზეო ამოდი, ამოდი,
         ნუ ეფარები გორასა,
         სიცივეს კაცი მოუკლავს,
         აგერ, საწყალი გორავსა.

         ცისარტყელავ, დაგინახე,
         შენ ყვითელი, მე წითელი.

         ქუხი, ქუხი, მაგარა,
         ჩემი წელი მაგარა.

ლექსი გაფრენილ ვარსკვლავზე:
         შენ წადი, მე არ წამოვალ,
         ჩემი არავინ წამოვა.

უამრავი გამოცანა, ენის გასატეხი, გათვლები:
         იწილო, ბიწილო,
         შროშანა, გვრიტინო,
         ალხო, მალხო,
         ჩიტმა გნახოს...

         ესენი მიჰქონდა შავი, იაფასიანი ჩანთით რუსთაველის გამზირზე მიმავალ თმაგათეთრებულ სახემშვიდ ქალს. და ლექსები ცოცხალი არსებებივით კრთოდნენ ქალაქის ხმაურზე.

* * *

         – იერემოს ლექსი თუ იცით? – ვკითხე მე. – გოგი თურმანაულმა რომ გამოაქვეყნა.
         – აბა?
         – ერთი საბრალო კაცი ყოფილა ფშავში – იერემო. დადიოდა ჩამოხეულ-ჩამოგლეჯილი, სხვების ხელებში შემყურე. რომ მოკვდა, სოფელმა დამარხა. მივიდა ერთი მოხუცი ქალი, დაიჩოქა და დაატირა საფლავს:

         მაჰკვდია, ბეჩავო იერემო,
         დასდევა სიღარიბის ჯოხი,
         მიწანიმც დაილოცებიან,
         შიშველნი დაგიმალნეს ხორცნი.

         ტროტუარის პირას ქვის სკამები იყო.
         – დავსხდეთ ერთი წუთით.
         თითქოს სულის მოთქმას ვეღარ ახერხებდა.
         – გამიმეორეთ კიდევ!
         გავუმეორე.
         – კიდევ რა!
         კიდევ გავუმეორე.
         – აუუჰ! რა გიჟი უნდა იყო. რომ ეგა თქვა!
         და გაიცინა, გაიცინა თითქოს სიმწარით, გაგრძელებით.

         მისმა სიცილმა უცებ წალეკა ათასი ბანოვანი (ტალღებში ირეოდა მათი შიშველი მხარ-მკლავი), რომლებსაც ლექსები არ უყვარდათ...

* * *

         ამჟამად ”ჩიტების გამომზამთრებელი” საიდ მულიანის წიგნების კარადას ამშვენებს! თვით საიდ მულიანი და სხვა ფერეიდნელებიც ხომ ასე ძალიან ჰგვანან რევაზ ინანიშვილის პერსონაჟებს!

გიორგი ალავერდაშვილი



* * *
         გთავაზობთ საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს ინტერვიუს შემოკლებულ ჩანაწერს, რომელიც გადაიცა ღია ეთერით 2007 წლის 2 ივნისს, 14.00 საათიდან 15.00 საათამდე პროგრამაში ”ჩვენი საგანძური”.

         მოგესალმებით ძვირფასო რადიომსმენელებო! გეპატიჟებით ღია სტუდიაში და გთავაზობთ პროგრამას ”ჩვენი საგანძური”. გადაცემას ვუძღვებით პროგრამის ავტორი ივანე ჯაფარიძე, ხმის ოპერატორი ია ჭელიძე.
         ჩვენ 15 საათამდე ვიქნებით სტუდიაში და გადაცემის მსვლელობის დროს შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 40-91-92 ან 40-92-92. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ ნომრებზე დარეკვა უფასოა.
         დღევანდელ გადაცემას განმეორებით მოისმენთ ამაღამვე, ღამის პროგრამაში 2 საათსა და 50 წუთზე.

* * *

         ძვირფასო რადიომსმენელებო! დღეს პროგრამა ”ჩვენი საგანძური”-ს თემა ასეთია: ”ჩვენი სტუმრობა ირანში და ფერეიდნელი ქართველები”.
         ვიდრე ჩვენს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ და ნანახსა და განცდილზე ვისაუბრებთ, წარმოგიდგენთ ღია სტუდიის სტუმრებს: ჩვენი ერთ-ერთი მასპინძელი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, ჩვენს მიერ ფერეიდანის ილია ჭავჭავაძედ მონათლული საიდ მულიანი, მთამსვლელთა კლუბ ”აილამას” მენეჯერი, ”გაზსერვისის” დირექტორი ზურაბ კაპანაძე და ფერეიდანის დიდი გულშემატკივარი გიორგი ალავერდაშვილი, რომელმაც ფერეიდნელებსა და ფერეიდანზე ინტერნეტში საიტიც კი გახსნა.
         ძვირფასო რადიომსმენელებო! ვიდრე სტუმრებს გავესაუბრები, მოკლედ გეტყვით, რომ ფერეიდანის მთამსვლელთა კლუბისა და ირანის კავშირგაბმულობის ცენტრის მიწვევით, ა.წ. 13-დან 20 მაისამდე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სტუმრად ვიმყოფებოდით ქართველ მთამსვლელთა ჯგუფი ზურაბ კაპანაძის, აფი გიგანის, იდრის ხერგიანის, გიორგი ალავერდაშვილისა და ივანე ჯაფარიძის შემადგენლობით.
         ვიზიტი ეძღვნებოდა კავშირგაბმულობის საერთაშორისო დღესა და ირან-საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის 15 წლისთავს, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა ქართველ და ირანელ მთამსვლელთა ერთობლივი ასვლა მწვერვალებზე ქარქასზე და შაჰანზე.
         მასპინძელთა გულითადობა თეირანის აეროპორტშივე ვიგრძენით, სადაც 15 მაისს, დილის 4 საათზე, ყვავილების დიდი გვირგვინით ხელში შემოგვეგებნენ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზატორები და ორი მსუბუქი ავტომანქანით ისპაჰანში ჩაგვიყვანეს, სადაც მეორე დღეს ტარდებოდა დაგეგმილი ღონისძიება და ჩვენთან შეხვედრის გრანდიოზული ცერემონიალი.



         16 მაისს გავემართეთ მწვერვალ ქარქასისაკენ. ჩვენს ირანელ თანამგზავრებთან ერთად ღამე უნდა გაგვეთია მწვერვალის ძირში არსებულ თავშესაფარში და მეორე დღეს ავსულიყავით მწვერვალზე. თავშესაფარში მწვერვალზე ასვლის 200-ზე მეტმა მსურველმა მოიყარა თავი და ისეთი სიმჭიდროვე წარმოიქმნა, ნემსის ჩასაგდები ადგილიც აღარ დარჩა.
         გასვლა დილის 4 საათზე იყო დანიშნული, მაგრამ ღამით ამინდი გაფუჭდა, მოთოვა, ძლიერი და ცივი ქარი უბერავდა. ამიტომ გასვლა დილის 8 საათისათვის გადაიდო.


         მწვერვალზე ასვლა ურთულეს მეტეოროლოგიურ პირობებში - საშინელ თოვასა და ქარბუქში მოხდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მწვერვალ ქარქასზე ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშასთან ერთად, საქართველოს ხუთჯვრიანი დროშაც აფრიალდა.


         შუადღისას ბანაკი აიშალა და ქვემოთ, სოფლისაკენ დავეშვით, სადაც ავტობუსები გვიცდიდა, რათა ისპაჰანამდე ჩავეყვანეთ.
         მეორე დღეს დაგეგმილი იყო 4050 მ. სიმაღლის მწვერვალ შაჰანზე ასვლა. რომელზეც ჩვენი ჯგუფიდან მხოლოდ აფი გიგანი და იდრის ხერგიანი წავიდნენ. მე და გიორგიმ კი საიდის დახმარებით ფერეიდანის ქართული სოფლები შემოვიარეთ და რამდენიმე ქართულ ოჯახსაც ვესტუმრეთ.
         ირანში ყოფნისას მრავალი საინტერესო რამ ვნახეთ, მაგრამ სამაგალითო და აღმაფრთოვანებელია ფერეიდნელ ქართველთა დამოკიდებულება დედა ენის მიმართ. მართალია, ირანში ქართული სკოლები არსადაა, მაგრამ ქართველები ცდილობენ შვილებს თავიანთი წარმომავლობა არ დაავიწყონ და ყველას დედა ენა ასწავლონ. ამისათვის კი მათ სკოლის სახელმძღვანელოები და ქართული წიგნები სჭირდებათ.
         ბედნიერად ვთვლი თავს, რომ ფერეიდნელ ქართველებს საჩუქრად გადავეცი ჩვენი შესანიშნავი მწერლის მერაბ ელიოზიშვილისა და პოეტი ქალის, ჩვენი თანამშრომლის ლილი გოგებაშვილის გულთბილი ავტოგრაფებით დამშვენებული წიგნები. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს გენერალური პროდიუსერის, ქალბატონ თინათინ იზორიას მიერ გატანებული ქართული ხალხური ზღაპრებისა და ვაჟა ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლების აუდიოჩანაწერები.

საიდ მულიანის სახლთან ფერეიდანში
საიდის ოჯახში
ივანე ჯაფარიძე საჩუქრებს გადასცემს
პატარა თინიკო თავაძეს
ჰუსეინ (სოსო) თავაძე, გიორგი ალავერდაშვილი,
ივანე ჯაფარიძე და კონდრათ თავაძე
კონდრათ თავაძის ნაკვეთში
ძმები: ჰუსეინ (სოსო) და კონდრათ თავაძეები

         ჩვენი ჯგუფის სტუმრობა ფერეიდანში ჩვენი მეგობრობისა და ურთიერთსიყვარულის მორიგი გამოხატულება იყო, რაც დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება და გაძლიერდება.
         ამ ურთიერთობის გაგრძელების ერთ-ერთი გამოხატულება ისიც გახლავთ, რომ ყოველწლიურად საქართველოში ტარდება ქართული დიასპორის წარმომადგენელთა კონფერენცია. წელს ამ კონფერენციაზე ჩვენი დღევანდელი სტუმრებიც იყვნენ მოწვეულნი და უნდა აღვნიშნო, რომ კონფერენციაზე შესანიშნავი სიტყვით გამოვიდა საიდ მულიანი.
         შემდეგ სტუმრებმა პასუხები გასცეს ივანე ჯაფარიძის მიერ დასმულ შემდეგ შეკითხვებს:
         - ბატონო საიდ, თქვენ უკვე კარგად გიცნობთ ქართველი ხალხი, რადგან ქართულ ჩოხაში გამოწყობილი არაერთხელ გიხილათ ტელევიზიით. ასევე აღფრთოვანებულია დამსწრე საზოგადოება კონფერენციაზე თქვენი გამოსვლით. თქვენი განწყობილება როგორია, მითუმეტეს ამჟამად ცოლ-შვილით ხართ ჩამოსული?
         - ბატონო ზურაბ, საჯაროდ მსურს განვაცხადო, რომ თქვენ ბრძანდებით ის პიროვნება, ვინც საფუძველი ჩაუყარეთ დიდ მეგობრობას ჩვენსა და ფერეიდნელ ქართველებს შორის, ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო ჩვენი 5-კაციანი ჯგუფის მიწვევა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. რადიომსმენელთათვის საინტერესოა, როგორ ჩაეყარა საფუძველი ამ მეგობრობას?
         - ბატონო გიორგი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თქვენი სახით ფერეიდნელებს ჭეშმარიტი გულშემატკივარი და დიდი მოჭირნახულე გამოუჩნდა. ამის თქმის უფლებას ის საქმიანობა მაძლევს, რასაც თქვენ ეწევით საერთაშორისო მასშტაბით ფერეიდანისა და ფერეიდნელი ქართველების წარმოსაჩენად. საიდან ფერეიდანისადმი თქვენი ასეთი სიყვარული?
         პასუხების გაცემისას იყო უამრავი კითხვაც პირდაპირ ეთერში, რაც იმის დადასტურებაა, თუ რამდენად სტკივა ქართველ ხალხს ასე შორეული და ასე ახლობელი ფერეიდანი.

ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდთან ისპაჰანში
თეირანი - მუხტარ დარჩიაშვილის ოჯახში.
მარცხენა ფოტოზე - მარიკუნა კაპანაძის ფოტო წიგნების კარადაში
აფი გიგანი, ივანე ჯაფარიძე, მთამსვლელთა კლუბ ”აილამას” წარმომადგენელი ირანის მხრიდან ბატონი აზიზ სეიედი,
ზურაბ კაპანაძე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოადგილე ბატონი ნიკო ნახუცრიშვილი,
გიორგი ალავერდაშვილი, ბატონი მუხტარ დარჩიაშვილი და მისი მეუღლე ქალბატონი სედა.

* * *

         ახლა კი გთავაზობთ აღმოსავლეთმცოდნე ბატონ ნოდარ კოჭლაშვილის სტატიას, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკის” 2003 წლის 25 აგვისტოს N226-ში.

ფერეიდნელი ქართველები დამავანდზე

         ბუნებამ ქართველს საცხოვრებლად მთა-გორიანი ადგილი უწილადა, და, ბუნებრივია, მისთვის მთიანეთზე არსებობისათვის ყოველივე საჭირო, ჯიშსა და ჯილაგში ჩაუბეჭდა.
         საინტერესოა ისიც, რომ საქართველოს მთიანეთის საქონელიც კი თავისუფლად დანავარდობს კლდე-ღრეში. ის ტანითაც გამოირჩევა და ალღოთიც. მაგალითად ხევსურული ჯიშის ცხენი თუ ძროხა ფეხს არ გადასდგამს ისეთ ადგილზე, სადაც ფეხის მოკიდება შეუძლებელია.
         ისტორიულმა ბედუკუღმართობამ ქართველს არ მისცა საშუალება ღვთისგან ბოძებული ეს უნარი მსოფლიოსათვის ეჩვენებინა, მხოლოდ ბოლო საუკუნეში ჩვენმა მთასვლელებმა მშვენივრად წარმოაჩინეს თავისი თავი.
         სამაგალითოდ − მიხეილ ხერგიანი. მისი მსგავსი (ცხადია, არა მისი დონის) მთის ვეფხვები საქართველოში მრავალთმრავალი იყვნენ და ასე რომ არა, ქართველი თავის ჯიშს ვერ შემოინახავდა, რადგანაც სწორედ მთა იყო ის დედის უბე, სადაც დამპყრობთა შემოსევების დროს აფარებდა და ინახავდა თავის ჯილაგს. ცხოვრების უკუღმართობამ ქართველი კაცი უცხო მიწაზეც დაამკვიდრა...
         ოთხი საუკუნის წინათ შაჰ-აბას დიდმა საქართველოდან ”ნახირივით წაასხა”, როგორც ისინი უბნობენ, ტყვედქმნილი ქართველნი და ჩაასახლა ირანის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, ბახტიარიის მთებში, ფერეიდანში, იქ მომთაბარე ტომებს შორის.
         ქართველი არ შეუშინდა და არ დაემორჩილა ამ ტომებს. პირიქით აჩვენა თავისი ძალა და მეომრული სული. და ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რამაც მათ იქ შეანარჩუნებინა დედის ენა და ქართველობა.
         ქართველს იქაც არ გასჭირვებია მთის კალთებზე საკვები მოეპოვებინა, ხოლო კლდე-ღრეებში ჯიხვი და ტახი მოენადირებინა, დიახ ტახი, არ გაგიკვირდეთ!
         ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ფერეიდნის პროვინციამ სახე იცვალა. კარგი გზა, სკოლები, ბანკები, ფერეიდუნშაჰრში − უნივერსიტეტი, მსუბუქი მრეწველობა და სხვა...
         ამჟამად ფერეიდუნშაჰრში მისი ახლანდელი გამგებლის ბაღირ მოყადასის (ზუბიტაშვილი) და ალი რაჰიმის (ონიკაშვილი) მეშვეობით შექმნილია სპორტული საზოგადოება, სადაც ადგილობრივი სპორტსმენები წვრთნას გადიან სპორტის სხვადასხვა სახეობებში (ჭიდაობა, ფეხბურთი, ფრენბურთი). იქვე არსებობს მთასვლელთა კლუბი.
         ნიშანდობლივია, რომ ამ კლუბის წევრთა 80% ქართველები არიან. მათ უკვე დალაშქრეს ბახტიარიის მთების თითქმის ყველა მწვერვალი და მიზნად ჰქონდათ ”თავს მოქცეოდნენ”, როგორც ისინი ამბობენ, ირანში ყველაზე მაღალ მწვერვალ დამავანდს − 5671 მეტრი ზღვის დონიდან.
         ირანში ფართოდ აღინიშნება იმამ აიათოლა ჰომეინის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები − ეწყობა კონფერენციები და მრავალფეროვანი ღონისძიებები.
         და აი, წლეულს, ისპაჰანის ოსთანში (ეს ყველაზე დიდი გუბერნიაა ირანში, სადაც ფერეიდანიც შედის). მოეწყო ალპინიადა მწვერვალ დამავანდზე.
         190 კაცი აღმოჩნდა მსურველი და ისპაჰანის გუბერნიამ ყველანი საჭიროებისამებრ აღკაზმა.
         4 ივლისს მწვერვალს მხოლოდ 7 მოყვარულმა მთასვლელმა მიაღწია. ამ შვიდიდან ხუთი სწორედ ფერეიდნელი ქართველი იყო, ორი − ირანელი.

         ეს ფერეიდნელი ქართველები იყვნენ: ალი რაჰიმი (ონიკაშვილი), ყოდრათ თავაზოჰი (კონდრატე თავაზიანი), ალი ბათავანი (ბათუაშვილი), ნესირ იოსელიანი, ყოლან რაჰიმი (დავითაშვილი).
         ფერეიდუნშაჰრის მთასვლელთა კლუბის ერთ-ერთი წევრია ფატი ასლანი (ასლანიშვილი), რომელიც მართალია დამავანდის მწვერვალზე ჯერ არ ასულა, მაგრამ ეს პირველი ფერეიდნელი გოგონაა, რომელმაც დაიპყრო ბახტიარიის მთიანეთის ყველაზე მაღალი 3700-იანი მწვერვალი შაჰივი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, რომ იგი პირველი მუსულმანი ქალია არა მარტო ფერეიდანში, არამედ ირანში, რომელიც მთასვლელობას დაეუფლა.
         ფერეიდნელ ქართველ ქუჰნავარდთა (მთასვლელთა) დიდი სურვილი და ოცნებაა მყინვარწვერიდან გადმოხედონ საქართველოს. შეეჭიდონ უშბას, შხარას, თეთნულდს...
         კარგი იქნება, საქართველოს ალპინისტთა კლუბის წევრებმა გაითვალისწინონ შორეული ბახტიარიის მთებში მცხოვრები, ჩვენი სისხლი და ხორცის ეს დიდი ოცნება...
         თუ აღმოჩნდა ისეთი მთასვლელი, ან პიროვნება, ვინაც გულთან მიიტანს მათ სურვილს, მიმართონ ამ მისამართზე: − თავმჯდომარეს ალი რაჰიმს ”ფედერასიონ ქუჰნავარდი”, ფერეიდუნშაჰრი, ისპაჰანი, ირანი.
         ფერეიდუნშაჰრის სპორტულ ფედერაციას ხელმძღვანელობს ჯავად ხალიყი, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია მთასვლელთა ამ ჯგუფს.
         დიდი მადლობა მას.
         აქვე საჭიროდ ვთვლი აღვნიშნო ფერეიდნელი ქართველი ძმების არია და შაჰინ ხოსროშვილების დიდი სურვილი, უფრო სწორედ ”მიწის ყივილი” − ფეხით − ფერეიდანიდან საქართველოში უკან დაბრუნება! ამით მათ სურთ გაიხსენონ და პირადად აღიქვან მათი წინაპრების ის დიდი ტანჯვის გზა, რომელიც მათ ოთხი საუკუნის წინათ საქართველოდან ფერეიდნისაკენ განვლეს.
         ამ იდეის განსახორციელებლად ძმებმა ვარჯიში უკვე დაიწყეს, მათ ფეხით გაიარეს ფერეიდნიდან სპარსეთის ყურემდე. საქართველომდე თუმც უფრო გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ ამ სურვილის განხორციელებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ მატერიალური პირობების გამო.

* * *

         ერთი საინტერესო ამბავიც მინდა გაგაცნოთ, რომელიც ფერეიდანიდან დაბრუნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მივიღე ერთ-ერთი ჩემთვის უცნობი მეგობრისაგან: ”ძალიან მთავარი ამბავი გითხრათ, რაც გუშინ მოხდა ფერეიდანში. ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმედიმეჯადი გუშინ იყო ჩამოსული ფერეიდანში ქალაქ მარტყოფში და დაპირდა იქავრ ხალხს 60000000$ (სამოცი მილიონ დოლარი) რომ მოეშველოს ფერეიდანს ერთ დიდი ქარხნის აშენებას, რომელიც დაახლოებით 2000 ადამიანს დასაქმიანებს, 2 სპორტული ცენტრი და გზები და სხვა და სხვა... ღმერთს ებარებოდეთ!"


ფერეიდნელი სტუმრები საქართველოში

         2007 წლის 25 მაისს, საიდ მულიანი მეუღლით – ქალბატონი ირანა (ირინა), 4 წლის ვაჟიშვილით – ტარიელით (არმანი), ბატონი მუხტარ დარჩიაშვილი, ბატონი ნუგზარ ლაჩინანი და ბაბაქ (ბექა) რეზვანი თბილისში ჩამოფრინდნენ საერთაშორისო ფორუმში „საქართველო და დიასპორა” მონაწილეობის მისაღებად.
         საერთაშორისო ფორუმმა მუშაობა დაიწყო 27 მაისს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ორგანიზებით, რომელმაც საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე 40 ქვეყნის წარმომადგენელ 140 ქართველს უმასპინძლა.
         28 მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონცერტი და ფორუმის მონაწილეთა საზეიმო მიღება.



ფოტო-გალერეა 1


ფოტო-გალერეა 2


შეგახსენებთ, რომ ეს ფოტოები წარმოადგენს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის
გაზეთ ”თბილისის უნივერსიტეტის” რედაქციის კუთვნილებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რედაქციასთან
შეთანხმების გარეშე ფოტოების გამოყენება, რედაქტირება და რეპროდუქცია აკრძალულია!

         დაწვრილებითი ინფორმაცია საერთაშორისო ფორუმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობათა საქართველოს ცენტრის მიერ ქართული დიასპორისათვის სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ საიტში – www.diaspora.ge.
         საიდის და მისი ოჯახის, აგრეთვე ბატონ მუხტარ დარჩიაშვილის წარდგინება ალბათ აღარ არის საჭირო. ბატონ ნუგზარ ლაჩინანის დასახასიათებლად კი გთავაზობთ მის მიერ შედგენილ ქართულ-სპარსული ლექსიკონის ავტორისეულ წინასიტყვაობას და აღმოსავლეთმცოდნე ბატონ ნოდარ კოჭლაშვილის წინათქმას:


უფლის სახელით
ავტორის წინასიტყვაობა
”კულტურა ჰქმნის ჯანსაღ სულსა”


ლექსიკონი დაიბეჭდა საქველმოქმედო ფონდი ”ზარებისა” და
ბოლქვაძეთა საგვარეულოს მხარდაჭერით.

         წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ავტორის ხანგრძლივი და დაუღალავი შრომის ნაყოფს. წლების წინ, როდესაც პირველად ვესტუმრე საქართველოს, აშკარად ვიგრძენი ის ნაკლოვანებები, რომელიც საუკუნეობრივი განშორების შედეგად, ირანში მცხოვრებ ქართველთა მშობლიურმა ენამ განიცადა. ადგილისა და დროის ფაქტორის გამო, წლების მანძილზე, ჩვენს ენაში, ქართული სიტყვების მარაგი საგრძნობლად შემცირდა და მათი ადგილი ძალაუნებურად უცხო სიტყვებმა დაიკავა, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ამიტომაც დავიწყებას მიეცა დამწერლობა, ენა კი მხოლოდ ზეპირი სახით შემორჩა.
         სწორედ ამის გამო, თავდაპირველად პირადი სარგებლობისათვის დავიწყე პატარა ლექსიკონის შედგენა, მაგრამ დროთა განმავლობაში სამუშაოს მოცულობის ზრდამ და ასევე ჩემი ხალხისა და მშობლიური ენის მიმართ მოვალეობის გრძნობამ, დაწყებული საქმის სერიოზული და მეტი მონდომებით გაგრძელებისაკენ მიბიძგა. საქმის დასაწყისი იოლი აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგში ძალიან ბევრი სირთულის წინაშე აღმოვჩნდი, მითუმეტეს, რომ ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არ მქონდა და ეს წიგნი არის ჩემი პირველი ნამუშევარი, რომელშიც გამოყენებულია არაერთი ქართული, სპარსული, ინგლისური და რუსული წიგნი და ლექსიკონი; გათვალისწინებული მაქვს სპეციალისტთა რჩევებიც. ბუნებრივია, რომ წიგნში იქნება შეცდომები და ის უფრო მეტ და ზუსტ გამოკვლევას საჭიროებს. ამიტომ მე სიამოვნებით მივიღებ სპეციალისტთა და მკითხველთა შენიშვნებს და რჩევებს.
         აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეუღლეს, ამ საქმეში ჩემს ყველაზე დიდ წამხალისებელს, რომელმაც იდეური თანადგომის გარდა ტექსტის აკრეფა და დაბეჭდვა ითავა.
         ასევე მადლობას ვუხდი და წარმატებებს ვუსურვებ საქველმოქმედო ფონდ ”ზარებს”, რომელმაც, უანგაროდ ითავა წინამდებარე წიგნის დაბეჭდვა და გამოცემა.
         იმედია, რომ ეს წიგნი გახდება უკეთესი და სრულყოფილი შრომების საფუძველი სამომავლოდ და იქცევა ხიდად, რომელიც უფრო დააახლოვებს ორ უდიდეს ქართულ და ირანულ კულტურასა და ცივილიზაციას, რათა ორივე ენით დაინტერესებულ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მდიდარი ლიტერატურული რესურსების გამოყენების შესაძლებლობა. ასევე იმედია რომ ეს ნამუშევარი ოდნავ მაინც გადაჭრის ირანში მცხოვრებ ქართველთა პრობლემას.
         დასასრულს ამ წიგნს ვუძღვნი ჩემს ძვირფას მეუღლეს ქალბატონ სედიყე რაჰიმის და ძვირფას შვილებს: არმანს, ლიანას და არიანს.
         ასევე ვუძღვნი ყველა ქვეყნის იმ ღირსეულ შვილებს, რომლებიც იღწვიან საკუთარი ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად და არ ივიწყებენ მას”.

უღრმესი მადლობა
ნ. ლაჩინანი
1385 (2006) წლის ზამთარი

წინათქმა



         საქართველოს ისტორია სავსეა პოლიტიკური კატაკლიზმებით – სხვადასხვა ჯურის დამპყრობთა შემოსევებითა და მათ წინააღმდეგ, თითქმის დაუსრულებელი ბრძოლებით საკუთარი თვითმყოფადობის, ქართული სულისა და ეროვნების, ანუ სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად.
         მრავალ ჭირ-ვარამს გაუძლო ქართულმა გენმა, თუმცა ყველა ჭრილობა ვერ მოიშუშა, განსაკუთრებით ის, რაც მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში განიცადა. ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი სისხლი და ხორცი ფერეიდნელებად იქცნენ.
         ირანის მრისხანე შაჰ-აბას პირველმა, ქართველები საბოლოოდ რომ ვერ დაიმორჩილა, 200 ათასი სული კახეთიდან აჰყარა, ძალით ”წაასხა” ირანს და გილაანში, მაზანდარში, ხორასანსა და ფერეიდანში ჩაასახლა.
         გავიდა ოთხი საუკუნე და აი, საოცრება...
         ბახტიარიის მთიანეთში, ფერეიდანში ჩასახლებულმა ქართველობამ, უცხო მიწაზე, უცხო ცის ქვეშ და უცხო გარემოს შეხიზნულებმა, თავის მიწასა და თავის ”თანაფესვს” მოწყვეტილებმა მშვენივრად შემოინახეს საკუთარი ”დედის ენა” და რაც მთავარია ”გურჯობენ”.
         აი რას ნიშნავს რუსთველისეული ”არ დავიწყება მოყვრისა” – მათი სამობლოსაგან მოწყვეტა, და ამ სიშორით გამოწვეული ნოსტალგია და ტკივილი დღემდე მოუშუშებელია.
         მონარქიული ფორმაციის პირობებში მივიწყებული და ჩამორჩენილი ფერეიდანი დღეს სულ სხვაგვარი, ახლებური, განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრებით ცხოვრობს.
         ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1918 წელს, ანუ მისი დაარსებისთანავე დაიწყო აღმოსავლეთმცოდნეობის, კერძოდ ირანოლოგიის სწავლება. ამ ხნის მანძილზე ქართველმა ირანოლოგებმა უამრავი მეცნიერული შრომა მიუძღვნეს ამ დარგს, მაგრამ რატომღაც დღემდე არ იქნა შედგენილი ქართულ-ირანული და ირანულ-ქართული ლექსიკონი.
         და აი, ოთხი საუკუნის წინ, ირანში გადასახლებული ქართველის შთამომავალმა ნავრეზ (ნუგზარ) ლაჩინანმა, რომელსაც ქართული სკოლა და ქართველი მასწავლებელი თვალითაც არ უნახავს (გარდა საკუთარი ქართველი დედისა), წლების მანძილზე ”ეძიებდა და ჰპოვებდა”, ანუ მარგალიტებივით სათუთად აგროვებდა ქართულ სიტყვებს და იქ შორეულ ფერეიდანში მიზანს მიაღწია, ქართულ-სპარსული ლექსიკონი შეადგინა.
         შესაძლოა ამ ლექსიკონის მკითხველს უნებლიედ გაუჩნდეს შთაბეჭდილება, თითქოსდა ეს ლექსიკონი თანამედროვე სალექსიკონო ნორმებს არ აკმაყოფილებდეს, სწორედ მათ საყურადღებოდ განვმარტავ: ამ შემთხვევაში მთავარი ისაა, რომ ლექსიკონი განკუთვნილია მხოლოდ ფერეიდანში მცხოვრები გურჯებისათვის, რომელნიც დღეს ქართულ ენაზე ფერეიდნული დიალექტით საუბრობენ.
         ყოველივე ამის გათვალისწინებით ლექსიკონი დაიბეჭდა ზუსტად იმ სახით, რა სახითაც ნავროზ ლაჩინანმა დასაბეჭდად საქველმოქმედო ფონდი ”ზარები”-ს დირექტორს ბატონ მერაბ (მათე) ბოლქვაძეს მისი ფერეიდანში მოგზაურობის დროს გადასცა.
         მერაბ (მათე) ბოლქვაძემ ფერეიდანში 2006 წელს იმოგზაურა, სადაც იგი ახლოს გაეცნო თავის სისხლსა და ხორცს, თავის თანამემამულეთ და ეს მამულიშვილური სიყვარული და პატივისცემა მან იმით გამოხატა, რომ მათთვის ესოდენ საჭირო ლექსიკონი გამოსცა.

ნოდარ კოჭლაშვილი
აღმოსავლეთმცოდნე

* * *

         ბექა (ბაბაქ) რეზვანის გასაცნობად კი გთავაზობთ ამონარიდს ეკა ლომიძის საგაზეთო სტატიიდან ”შეკრება ყოველთა ქართველთა”, რომელიც დაიბეჭდა გაზეთში ”კვირის პალიტრა”, 28 მაისი - 3 ივნისი, 2007.
         ”მათ შორის, ვისაც წელს ფორუმის დელეგატობა ერგო წილად, ზოგი ხშირად სტუმრობს საქართველოს, ზოგიერთიც სამშობლოს პირველად ესტუმრა. ისევე, როგორც ირანელი ქართველი ბაბაქ რეზვანი. 33 წლის დოქტორი ჰოლანდიაში, ამსტერდამის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს. უძველესი ქართული ფესვების ძიება 15 წლისას დაუწყია. ”21 წლის ვიყავი, როცა ბებიების, ბაბუების, ნათესავების გადმოცემითა და ისტორიული კვლევა-ძიებით საბოლოოდ დავრწმუნდი ჩემს ქართულ წარმოშობაში. მას მერე მინდოდა მენახა ეს საინტერესო ქვეყანა, სამი დღის წინ დავქორწინდი, ამანაც კი ვერ მათქმევინა უარი საქართველოში ჩამოსვლაზე. საბედნიეროდ, ჩემს ცოლს შესანიშნავად ესმის ჩემი. ჯერ კიდევ 15 წლის წინ, როდესაც იგი გავიცანი, საქართველოში ჩამოსვლის ოცნება გავუმხილე. აუცილებლად წახვალო, მითხრა და როცა დავნიშნე, საქართველოდან მოწვევაც მივიღე, ცოლად შევირთე და სამ დღეში საქართველოში წამოსასვლელი გავხდი (ეცინება).
         ჩემს უცხოელ მეგობრებს ხშირად უკითხავთ, ასე რატომ გიზიდავს საქართველოო. ამაზე ფერეიდნელი საიდ მულიანი იძლევა შესანიშნავ პასუხს – ჩვენ გვეამაყება ქართველობა! რატომ? საიდს მოუსმინეთ: ”ისპაჰანის უნივერსიტეტში, როდესაც ერთ-ერთმა ეგვიპტელმა პროფესორმა ჩემი წარმომავლობა გაიგო, აღფრთოვანებულმა მითხრა, რა ხართ ეს ქართველები, ჩვენ, ეგვიპტელებს, ერთი გადაგვიარეს არაბებმა და ყველაფერი შეგვიცვალეს, – ენაც, სჯულიც, კულტურაც... და თქვენ კი რა გენი გაქვთ ასეთი, ყველაფერს უძლებთ, ვინ აღარ განადგურებდათ, დღესაც ყოველი მხრიდან გიტევენ და მაინც ქართველებად დარჩითო. ამიტომ ვამაყობ ქართველობით. მიხარია, რომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის ცენტრის ორგანიზებით შეიქმნა ვებგვერდი Diaspora.ge, სადაც განთავსებული უზარმაზარი ინფორმაცია კიდევ უფრო ბევრ ქართველს აპოვნინებს დაკარგულ სამშობლოს და ჩვენი უძველესი ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო მეტად იამაყებს ქართველობით”.



სახელმწიფო უნივერსიტეტში


ორი მშვენიერი საღამო ერთ საღამოს


აჭარა – ბათუმი


დამშვიდობება