საიდ მულიანი – «დედა ენა»


სახელითა ალაჰისა მოწყალისა მწყალობლისა

      და მისი სასწაულებიდანაა ისიც, რომ შექმნა ცანი და ქვეყანა და განასხვავა თქვენი ენები და ფერები. ამაში ჭეშმარიტად სასწაულებია სამყარო(ელ)თათვის.


აიეთულ ქურსი

      ალაჰი – არა არს ღმერთი, თვინიერი. ისია, მარად ცოცხალისა, მიწყივარსებულისა. არასოდეს წაართმევს მას თავს თვლემა, არცა ძილი. ისი ყოველი, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. და ვინ არის, ვინც მის წინაშე შუამდგომლობას გაბედავს, ისე, თუ მისი ნება არ იქნა, რომელმაც იცის ყველაფერი, რაც მათზე უწინ იყო და რაც იქნება მათ შემდგომ. ხოლო ისინი ვერაფერს მისწვდებიან მისი ცოდნისაგან იმის გარდა, რასაც თვით ინებებს. გაშლილია მისი ტახტი ცათა შენი და ქვეყანასა ზედა და არ უჭირს ამ ორის დაცვა. ჭეშმარიტად, იგი მაღალია, დიდებული.

(თარგმანი ყურანიდან გიორგი ლობჟანიძისა)


   

ვარდის ბედისწერა

      ზღაპრულად გარბის დღეები, ღამეები, საათში სეირნობს ჩქარად წამები.
      მივდივარ წყნარად ბევრი დარდებით, ვფიქრობ ბახჩაზე გამხმარ ვარდებით.
      ეს არის ჩვენი ბედისწერა – ენის დაკარგვა, ცივი სიმღერა.
      ვინ უჭვრეტს ჩემსა გატეხილ გულსა, არავინ ეძებს ჩემს დაკარგულსა,
      გულის სიღრმეში მაქვს ბევრი დარდი, იცით, რომ ხმების ეს ლამაზ ვარდი?
      ჩვენს ლამაზ ვარდსა უმღერეთ თქვენა, რომ არ დაკარგოს თვის დედაენა.
      ეს ვარდი არის ფერეიდანი – მრავალტანჯული და სევდიანი.
      მთების შუაში ჩავარდნილა, წყაროსგან შორს დავარდნილა.
      აბა მზრუნველი, მითხარ, სად არის, პატარა ვარდთან არავინ არ არის.
      არავინ არ არის, არავინ არ არის, მითხარ, სამშობლო – წყარო სად არის?

ჰასან ალი რაჰიმი



 

   

   

   



ანდაზები


სასაუბრო


ლექსიკონი



* * *


როგორ ვრცელდებოდა დედაენა ფერეიდნელ ქართველთა შორის


ჟურნალი ”გზა” N48; 27.11.2008


      ქართველმა თავის მშობლიურ ენას დედაენა უწოდა, ხოლო ფერეიდნელი ქართველი, რომელიც აგერ უკვე 4 საუკუნეა, ირანში – უცხო მიწაზე და გარემოში ცხოვრობს, თავის მიერ შემონახულ მშობლიურ ენას ”დედის ენას” ეძახის. 4 საუკუნე მცირე დრო არ არის და ფერეიდნელი ქართველის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან იქ, შორეულ მხარეში არა მარტო თავისი ეროვნება – ”გურჯობა” შეინარჩუნა, არამედ თავისი მშობლიური – ქართული ენაც, მაგრამ ვერ შემოინახა დამწერლობა...

* * *

      1965 წლის ზაფხულამდე, ჩემი გამოკითხვით, არც ერთმა ფერეიდნელმა ქართული წერა-კითხვა არ იცოდა, გარდა ერთისა, ეს იყო ამირ მირჯეზაი – იგივე ამირან პაპიაშვილი, რომელიც ამბაკო ჭელიძემ 1931 წელს, 7 წლისა თბილისში ჩამოიყვანა და 2 წელი სწავლობდა მუშთაიდში მდებარე, ეგნატე ნინოშვილის სახელობის სკოლაში. ამირანი ირანის მონარქიულმა მთავრობამ ბევრჯერ დააპატიმრა ქართველობის გამო და ამის შემდგომ, მას ფერეიდნელ ქართველებთან არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა.
      იმავე 1965 წელს თეირანში საბჭოთა კავშირმა მოაწყო სამრეწველო-სავაჭრო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო: თურქმენეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო. გამოფენას უამრავი მნახველი ჰყავდა, მათ შორის, თეირანში ფერეიდნიდან საშოვარზე ჩასული ქართველობა. შემდეგ, ფერეიდნიდან სპეციალურადაც ამ გამოფენაზე ჩადიოდნენ ”გურჯები”, რათა ენახათ ”დიდი საქართველო” და ხელი ჩამოერთმიათ ”ცოცხალი” ქართველებისთვის.
      ამ ქართველთა შორის, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: ძმები – მუხთარ, ჰაიდარ და მურთაზ ასლანები (დარჩიაშვილები), ჰოსეინ ყალანი, ეზათოლა ქარიმი (გუგუჩანი) და კიდევ 3-4 ფერეიდნელი, რომელნიც ყოველ საღამოს სტუმრობდნენ საქართველოს პავილიონს. თითოეულ მათგანს აწუხებდა ერთი საკითხი: მათი თქმით, ”ყველას – ფარსებს, არაბებს, სომხებს, ალბანებს თავისი წერა აქვთ, ჩონ – არა... და ერთ დღეს დავჯექთ ჩონ და გვინდოდა ჩონი ანა-ბანა გაგვეკეთებინა. ბევრი ვიღონეთ, ვერა ვქენთ სიკეთე”.
      ამ ჯგუფს საიდუმლოდ ვასწავლე ქართული დამწერლობა. ვწერდი ქართულ-სპარსულ ანბანს და ვურიგებდი. როდესაც მათ ანბანი შეისწავლეს, სიტყვა ჩამოვართვი, რომ თითოეული თავისიანსაც ასწავლიდა. მოცემული სიტყვა მათ პირნათლად შეასრულეს!
      გოგებაშვილისეული ”დედაენა” მხოლოდ 2 წლის შემდეგ ჩავუტანე, როდესაც თბილისის ”დინამოს” გავყევი ირანში თარჯიმნად. ჩავიტანე 20 წიგნი, რომლის საზღვარზე გადატანაც სირთულეს წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირში გამოცემულ ყველა ამ წიგნს მოვაშორე ლენინის სურათი, რადგანაც ამას კომუნისტური პროპაგანდის მცდელობად შეაფასებდნენ და იქაური კანონით, 5 წლით პატიმრობა შეიძლებოდა მოესაჯათ ჩემთვის... 20 ”დედაენა” ერთი წვეთი იყო, სურვილსა და მოთხოვნილების იმ დიდი ”ზღვისთვის”, რომელიც ფერეიდნელ ქართველობას მშობლიურ ენაზე გამოცემული წიგნის მიმართ ჰქონდა. და მათაც დაიწყეს ამ ”დედაენის” გადაწერა და ასე, ხელნაწერის სახით, გავრცელება. პირველ ხანებში მათთვის ეს, უბრალო გადაწერაც კი რთული იყო, რადგანაც სპარსული წიგნი ხომ საპირისპირო მხრიდან იშლება, სიტყვები კი მარჯვნიდან მარცხნივ იწერება. მაგრამ თანდათან ეს სიძნელეც დასძლიეს.


   

   

   


      რაც შეეხება ამ წერილის ეპიგრაფს, – იგი ეკუთვნის იქაურ კაცს, რომელსაც რამდენიმე შრომა აქვს დაწერილი ფერეიდნელი ქართველების ცხოვრებაზე და, რაც მთავარია, იქაურებს იაკობ გოგებაშვილის მიხედვით დაუწერა ”დედა ენა” და ”ქართული ენის თვითმასწავლებელი”.
      ამას კი წინ უძღოდა საზაფხულო სკოლები, რომლებიც ფერეიდნელმა ქართველებმა, ენის შესასწავლად, ქალაქებში – ნაჯოხაბადსა და ფერეიდუნშაჰრში გახსნეს. აქვე დავძენ, რომ XVII საუკუნის პირველ ნახევარში შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული ქართველობა, ფერეიდნის გარდა, ჩაასახლეს ხორასანში, გილანსა და მაზანდარანში. ამ სამ პროვინციაში მცხოვრებ ქართველებს დიდი ხანია, აქვთ სურვილი, დაიბრუნონ თავიანთი ”ძველების ენა”. საამისოდ კი აუცილებელი გახდა, სპეციალურად მათთვის შექმნილიყო ”ქართული ენის თვითმასწავლებელი”, რაც ბრწყინვალედ შეასრულა საიდ მულიანმა.

      მან ისპაჰანის უნივერსიტეტი დაამთავრა, იქვე გახდა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი და მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება ფერეიდნელ ქართველთათვის ისტორიის შესწავლასა და ”დედის ენის” არდავიწყების საქმეს მოახმარა. დაწერა და გამოაქვეყნა ფუნდამენტური ნაშრომი – ”ქართველთა ადგილი (როლი) ირანის კულტურაში, ისტორიასა და ცივილიზაციაში” და სხვ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბატონმა საიდმა ზემო მარტყოფში თავისი სახლის კარი ქართული წერა-კითხვის შესწავლის მსურველთ ყველა ადამიანს გაუღო. ხოლო უკვე ნახსენები, მის მიერ შედგენილი ”დედა ენა” და ”ქართული ენის თვითმასწავლებელი” ირანში გამოსცა და ადგილობრივ მოსახლეობაში გაავრცელა.
      თვითმასწავლებელი, ირანული წესისამებრ, იწყება ციტატით ყურანიდან – ”ალაჰის სახელით” – და ქართულ-სპარსული ანბანით. აღსანიშნავია, რომ სპარსულში ასობგერები – კ, პ, ტ, ღ, ც, ჟ, წ, ჭ – არ არსებობს, ამიტომ კარგად გასაგები რომ ყოფილიყო, ამ ასოებს იქვე მიწერილი აქვს სიტყვები, მაგალითად, წ-ს – ”წიწილა”, – როგორც სპარსულად, ასევე ქართულად. მოცემულია აგრეთვე განმარტებები – თუ როგორ უნდა წაიკითხო ეს ასო-ბგერები.
      საინტერესოა ამ წიგნში მოცემული თავები: ”რა ჰქვია ქართულად” (სადაც ნახატებია და ქართულად აქვს მიწერილი სახელები); ”რას აკეთებ?” – ასევე ნახატებით; ”დაწერეთ, რა არის აქ დახატული”; ცალკე თავებია: ”ნათესაობა”, ”მცირე გრამატიკა”, ”ანდაზები”, ”სასაუბრო”, ”მისალმება და გაცნობა”, ”წელიწადის დროები”, ”კვირის დღეები”, ”საათი”, ”მგზავრობა ავტობუსით, თვითმფრინავით”, ”ყიდვა”, ”თვლა”. იქვე დაბეჭდილია ჰასან ალი რაჰიმის (ონიკაშვილის) ქართული ლექსი – ”ვარდის ბედისწერა” და ”სპარსულ-ქართული ლექსიკონი”.


ნოდარ კოჭლაშვილი