|
რობერტ მესხი დაიბადა 1973 წლის 29 მარტს ქალაქ სოხუმში. 1990 წელს დაამთავრა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლა, ხოლო 1996 წელს – თსუ სოხუმის ფილიალის (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის) ფილოლოგიის ფაკულტეტი.
2001 წელს გამოიცა მისი პირველი პოეტური კრებული „აპრილი უშენოდ“ (რედაქტორი – ოთარ მიქაძე); 2004 წელს – „წაშლილი ბაიათი“ (რედაქტორი – ვახტანგ ღლონტი); 2008 წელს – „ნიჟარები“ (რედაქტორი – მარინე ტურავა).
ლიტერატურულ პრესაში იბეჭდება 1989 წლიდან.
1997-2000 წლებში მუშაობდა გაზეთ „აფხაზეთის ხმაში“, 2000 წლიდან დღემდე მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც ამჟამად თბილისში ფუნქციონირებს. არის სსუ-ს დოქტორანტი. მისი ლექსები შესულია სხვადასხვა კრებულებში. მონაწილეა და ნომინანტია ლიტერატურული კონკურსებისა „შოთაობა“, „წერო“ და სხვა. მაგრამ პოეტის ბიოგრაფია ასეთ მშრალ ფაქტებს ვერ გუობს. ეს პოეტი უახლესი (და, არა მხოლოდ უახლესი) ისტორიის ყველაზე საკრალურ სიტყვას – აფხაზეთს, ვერასოდეს განეშორება და ამ ბედისწერითაც უკვე გამორჩეულია, მაინც ვეცდები, უფრო ბევრი რამ ვთქვა მასზე ამ პატარა წინასიტყვაობაში. მისი შემოქმედება პირველად 2000 წელს გავიცანი იმ დროს გამომავალი ლიტერატურული გაზეთის „შარავანდის“ (რედ.-ები – რ. გიორგაძე, გ. ჩიღვინაძე) ფურცლებზე და მას მერე დამრჩა მეხსიერებაში. ვეძებდი კიდეც, ვინ იყო რობერტ მესხი? ეს ლექსი სწორედ იმ საგაზეთო პუბლიკაციიდანაა:
ქვაში ჩაწნული და სხივებჩანაკვეთი,
ვენახს შეხედავ და: – ჩემი აფხაზეთი;
მზე და ათინათი წყლიდან ანასხლეტი,
ზღვისკენ გაუტევ და: – ჩემი აფხაზეთი;
უფლის ბიჭები და ჯვარცმის ლაზარეთი,
სანთელს დაანთებ და: – ჩემი აფხაზეთი;
აღარც ცხადია და აღარც ათას ერთი
ღამის ზღაპარია ჩემი აფხაზეთი.
საკრალური-მეთქი, ვთქვი და იმასაც ვგულისხმობდი, რომ ჩვენ ამ ტკივილმა, ფიქრმა, დამარცხებამ გამოგვცადა, გაგვამჟღავნა, ჩაგვითრია, შეგვცვალა, გამოგვაწრთო და ღმერთზეც უფრო მინდობილი გაგვხადა, რადგან სხვა ძალა, გარდა ღვთისა, უბრალოდ, არ გაგვაჩნია. ჩვენ ვისწავლეთ სამშობლოში უსამშობლოდ ცხოვრება. ჩვენ ტანჯვა ვისწავლეთ. ჰოდა, სოხუმელი პოეტი რობერტ მესხიც ვერაფრით იქნება „უფრო ლამაზი იმ ადგილზე, სადაც დაიბადა“ (ბესიკ ხარანაული). პოეტიც ესაა: ტკივილი და სიყვარული, განსაცდელი და სულის ძალა, დამარცხება და აღდგომა, ეჭვი და იმედი, სევდიანი სიხარული ორთავე სოფლის გზა-სავალზე, განწირულობისა და ღვთის წყალობის ერთად შეგრძნება და ასე სიარული სინათლისაკენ. და მაინც, სულ სიხარული, სულ აღფრთოვანება ყველა გათენებით, ყველა გაზაფხულით, და სულ გულით, გულით, გულით…
პოეტის სამშობლო სიყვარულია, სახლი – ენა, საზრდელი – სევდა, ღვინო – მარტოობა, მიწა – ფიქრი... მზე – მარადისობაა, წვიმა – შთაგონება. პოეტმა ერთგულება იცის ამ ყველაფრის და ყველაფერი ადამიანსა და ღმერთს შორის ნათლის ანგელოზ ციცინათელასავით მიმოაქვს. პოეტი მუშაკია, გულის მუშა და ბედნიერიც გულითაა და უბედურიც – ამავე გულით. საკუთარ თავს „მთვარის ქურუმს“ უწოდებს. ან კი ვის ამოუკითხავს ბოლომდე პოეტის აღმსარებლობის ანი და ჰოე? იქნებ მისთვის, ყოველდღე რომ გადადის ვერეზე ხიდს სტუდქალაქიდან სოხუმის უნივერსიტეტამდე, ესაა აზრის საკურთხეველი და ლექსის გზა?!. არავინ იცის, სად და რითი იწყება და მთავრდება პოეზია, მაგრამ ის რომ უსიყვარულოდ არ არსებობს, ამაში ეჭვი არავის ეპარება.
ოთხივე მხარეს გაგექეცი ერთ დღეს
და მივხვდი,
სუყველგან შენ ხარ, – აი, ასე მიმართავს პოეტი სიყვარულს თუ სიყვარულის ღმერთს და ახლა ერთ ძველ და უსაყვარლეს ლექსსაც გავიხსენებ მისი ადრინდელი კრებულიდან:
განვედ, ჟამიერო, ტრამალები
ისეც უღმერთობით დაოსილან,
ზეცას გამოკვრია ფრთამალივით
ღრუბლის ნაცრისფერი სამოსელი.
მარტმა ამინდები აურია,
გულზე დამაბნია კამეები,
როგორ უხმაუროდ ხმაურობენ
შენი ნაჩუქარი რამეები.
ღმერთო, რა კარგია შენ რომ მყავხარ,
ღმერთო, რა კარგია შენ რომ მყავხარ,
ღმერთო, რა კარგია შენ რომ მყავხარ,
ღმერთო!...
ლამის ათი წელი გავიდა, სანამ რობერტ მესხი პირადად გავიცანი. „ბორიო“ – ეს მისი ლიტერატურული სახელია (ნიკი) ინტერნეტსალიტერატურო სივრცეში. ლიტერატურულმა პორტალებმა თავისი საქმე გააკეთეს, თავისი სახელმწიფო ააგეს, თავიანთი კონსტიტუციები და კოდექსები შექმნეს; ჰყავთ თავიანთი გმირები და ფავორიტები. ხულიგნებიც კი თავიანთი ჰყავთ ამ სივრცეებს, თავიანი მასხარებით, მეფეებით და სეფე-ქალებით, რობერტ მესხი აქაც რაინდი და აქაც გამორჩეული პოეტია.
ვირტუალურ სივრცეს ახასიათებს ადამიანთა „ცნობის“ თავისებური კანონზომიერებები. და მიხარია, რომ აქაც, მასის წეს-კანონთა და აქაური „განსაცდელების“ გავლა მან ნიჭიერებითა და უზადო გემოვნებით, შეუბღალავად შეძლო. აქ წარმოჩნდა იგი არაჩვეულებრივ მთარგმნელადაც.
მე ვიპოვე ჩემი რობერტ მესხი და დღეს მიხარია, რომ მას ვიცნობ, როგორც ერთ-ერთ გამორჩეულ პოეტს, თავისი ფაქიზი სულიერებით, თავისი ლექსებით, ლირიკით, რომელიც ხშირად შეიძლება გაკვირვებდეთ არა უხეში მამრული იმპულსებით, არამედ უნატიფესი სულიერი მიმოქროლვით... დახვეწილია მისი ენა, მისი ფრაზა, მისი მელოდიკა; ორიგინალურია სახეებით, მდიდარია მეტაფორებით, უზუსტესია ემოციური ზემოქმედებით და გასაოცარი არტისტიზმით. ამ ლექსებს აქვთ არსებობის ყველა უნარი (უფლებებზე რომ კრინტიც არ დავძრა) უმდიდრესი პოეტური ტრადიციების გვერდით და უაღრესად მრავალფეროვან თანამედროვე პოეტურ ქმნილებათა შორის. რობერტ მესხის შემოქმედება ინდივიდუალური ხელწერით, პოეტიკით, ენობრივი ქსოვილით, სიტყვის ფლობით, დრამატიზმით, ფსიქოლოგიზმით და უამრავი სხვა თვისებით იმსახურებს ყურადღებასა და სიყვარულს, ინტერესსა და გულისხმიერებას. პოეტი კონვენციურ და არაკონვენციურ ლექსში ერთნაირად ახერხებს მრავალფეროვანი პროსოდიული ხმიანობის საკუთარი ინტონაციით გამდიდრებას; ახერხებს ისეთი ფორმების შექმნას, რომელიც ძალიან თანამედროვე და, ამავდროულად, ძალიან კლასიკურია. მაგრამ ამ საკითხებზე, ვთვლი, რომ ლიტერატურათმცოდნენი ისაუბრებენ. აკი გურამ ასათიანი წერდა, „პოეტი მარადისობაზე მიძიძავებული ბავშვიაო“ და ასეთ ბავშვებზე ბევრ ადამიანს უწევს ხოლმე ზრუნვა (წესით ასეც უნდა იყოს!) და იმედს ვიტოვებ, რომ უყურადღებოდ არ დარჩება რობერტ მესხის შემოქმედება.
პოეზიაზე საუბარი მშვენიერია, მაგრამ თვით პოეზიის კითხვასთან ვერ მოვა, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე სტროფს მოვიშველიებ სხვადასხვა ლექსიდან და პატარა პოეტურ მოზაიკას შემოგთავაზებთ, როგორც ჭაშნიკს ამ ახალი ლექსების წიგნის მკითხველთათვის, წიგნისა, რომლის რედაქტორობაც პატივად მერგო (თუმც აქვე ვაღიარებ, რომ ასეთი წიგნის რედაქტორს მაინცდამაინც ბევრი საქმე არა აქვს ხოლმე...):
მიყვარს, როდესაც საკუთარი ჩრდილი დამყვება,
როცა მზე ჩადის,
ანდა ტყუის მაჯის საათი...
ახლა ჩემს ქოხში
დგას ყვითელი ფურცლების სუნი,
გამომწვარი კრამიტის სუნი
და ნიჟარების...
არ ვიცი დღემდე შევეხიზნო რომელ სალოცავს,
სად დავსვა მძიმე, ან სად დავსვა მრავალწერტილი...
გავყურებ ზეცას, თითქოს ვხედავ სიზმარს საოცარს,
მე – ჩემს თავში და ამ ქალაქში გამოკეტილი.
და ვფურცლავ ახლა საკუთარ თავს ფანჯრის რაფასთან...
მაისის თქეშის გვირაბში შეძვრა მატარებელი.
რა ქნას პოეტმა, თუ დაკარგა თავი სრულებით? –
მგელდაცემული ბატკანივით მითრთის სხეული...
მე მთვარის ბადით უნაზესი ღამე გავცერი,
რათა შენს ფერხთით დამებნია ყველა ვარსკვლავი...
ცა იყო ნედლი,
როგორც სიმინდი მკათათვეში,
როგორც ქვირითი,
მდინარის თავში რომ დაყრიან ორაგულები...
სად მეგულები, არც ეგ ვიცი ახლა და მაინც
ნიჟარის ნატეხს წავაწერე შენი სახელი.
თითქოს ამ ტალღას მიგაბარე,
დაინდობს-მეთქი, – გავიფიქრე,
უშველის-მეთქი...
მაგრამ არა! – წაგლეკა მაინც...
ჩემთვის სამშობლო სიზმარია თეთრი გემების,
ზღვა კი მაჯებზე გადამტყდარი საფირონია.
ასე უამრავი სტრიქონი შეგიძლიათ მოინიშნოთ თქვენთვის ამ წიგნში, რომელშიც პოეტი მხოლოდ ახალ ლექსებს გვთავაზობს. და ამ უამრავ სტრიქონს მაინც ერთი ტკივილი აერთიანებს, ტკივილი იმ ადამიანისა, რომელსაც უხდება რეალობისა და ოცნების უჯრედშორისით არსებობა, იმით, რასაც სისხლი არა აქვს, მაგრამ რაც ჩვენი სიცოცხლისათვის უთვალავ უჯრედს აერთიანებს და ამთლიანებს.
ვერც ფსოუს წყალი დავლიე და ვერც კაპოეტის,
ჯანდაბას ყველა საზღვარი და... მათემატიკა,
ისე ვუხდები ახლა თბილისს მთვრალი პოეტი,
ვით წმინდა პეტრეს სამლოცველო შუა ვატიკანს!..
რა უნდა ვქნათ? მართლაც რომ, ჯანდაბას! ადამიანები თავიანთი უძლურებითაც მარადიულები და დაუმარცხებლები არიან. ეს ყველაზე უკეთ პოეტებს და პოეტური სულის ადამიანებს მოეხსენებათ. ტანჯვა, რომელიც სულს სამკაულად და ძალად ექცევა, არის კიდეც ის გზა, რომელზეც მარადიულად ვიდოდა და ივლის ადამიანი.
ყვავილს ვინ ჩიოდა,
იმ წუთას
ერთი ღილი მაინც მქონოდა _
სულის შესაკრავი
შიგნიდან...
პოეტები, მართლაც, ღია, გახსნილი სამყაროები არიან, ხშირად ტაძრებივით ღიაც, ხშირად უდაბნოსავით, თოვლივით, ზღვასავით, გათენებასავით ღიანი და მათი ძალაც ამ სულგახსნილობაშია.
ეს წიგნიც სულგახსნილი პოეტის პორტრეტია, რომლის გულიდანაც სიყვარულის, სამშობლოს, მოყვასის, ბუნების ათასი სიხარული შემოგვჭყივის ბარტყებივით. განა შეიძლება გულგრილი დარჩე, ადამიანო?
|